ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ვალერი ოთხოზორია – გარყვნილი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „გარყვნილება“ ახსნილია, როგორც აღვირახსნილი სქესობრივი ქცევა და, ზოგადად, უზნეობა.

გარყვნილი სიტყვის ქვეშ, დიდწილად, ბილწსიტყვაობა გვესმის, თუმცა ეს არ არის მთლად სწორი.

„ბილწი“ განმარტებულია, როგორც – „უწმინდური, საძაგელი. […] ურჯულო.“

ბილწსიტყვაობა, ალბათ, იმ დროიდან არსებობს, როცა ადამიანი ამეტყველდა. ჩვენ ვიყენებთ ე. წ. უცენზურო სიტყვებს, „ყველანი ვიგინებით“ – როგორც იტყვიან. მაგრამ ერთია მეტყველება და მეორეა წერა. მესამე კი ლიტერატურაა, რომელიც ამ ორის სპეციფიკური გადაკვეთის წერტილზე იბადება.

გარყვნილ სიტყვას აქვს თავისი ურყევი ფუნქცია და როლი ზეპირმეტყველებაში. მაგრამ წერილის ავანსცენაზე ის იშვიათად გამოჰყავდათ და, თუ გამოჰყავდათ, სპეციფიკურ როლს ათამაშებდნენ. მხოლოდ ახალ დროს უნდა უმადლოდეს გარყვნილი სიტყვა იმგვარი წერის არენის დაფუძნებას, სადაც მას ზოგ შემთხვევაში მთავარი როლი მიენიჭა.

ახალ დრომდე წერა გარყვნილ სიტყვას თავისი სცენიდან სცენის ჯურღმულებში განდევნიდა, ვინაიდან ლიტერატურა ქრისტიანული ეთოსით იწერებოდა. „სუფთა წერა“ ცრიდა სიტყვებს თავის საცერში, გარყვნილთ კი დაუწერელში მოისვრიდა. ახალი დრო გარყვნილი სიტყვის რევანშით გამოირჩა. რევოლუციას ის თან მოჰყვა, როგორც მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი. მან დაიწყო ბრძოლა წერილში თავისი ადგილისთვის და მოიპოვა კიდეც.  

ლიტერატურა შეიძლება დავყოთ ქრისტიანობამდელ, ქრისტიანული ეთოსის (ახალ დრომდე: XVIII ს.-ის ბოლო და XIX ს.-ის დას.) და ახალი დროის შემდგომ ნაკადებად. ამ უკანასკნელს სულ სხვა ფერი, პათოსი და დინამიკა აქვს. მასში რევოლუციურობა იღვიძებს და შფოთავს. სწორედ ახალ ნაკადში ჩნდება გარყვნილი სიტყვა, როგორც ლეგიტიმური სიამოვნების მექანიზმი, სუვერენული და ავტონომიური სუბიექტი, რომელიც აწყობს დებოშს, რევანშს და რევოლუციას. მან მოიპოვა საღვთო წერილის ალტერნატიული ველი, სადაც იმპერატორის გვირგვინი დაიდგა. დაიწყო ჯერ მსახურებით, როგორც ქრისტიანული მორალის ინსტრუმენტმა, შემდეგ დაიგემოვნა თავი და გამოამზეურა; აღზევდა, როგორც ავტონომიური, საკუთარ სარკეში, და თავის ზენიტში ჩაიქცა. გარყვნილმა სიტყვამ ნამდვილად დრამატული გზა განვლო.

ეს დრამა შექმნა ლიტერატურამ, როგორც წარსულიდან მომავლისაკენ წრფეზე წერამ. ამდენად, არსებობს დასავლური ლიტერატურის სწორი, წრფივი დრო, რომელზეც გარყვნილი სიტყვის განვითარების ისტორიის ამოკითხვა შეიძლება. მაგრამ, მეორე მხრივ, მითოსისა და ზეპირსიტყვიერების წრიულ დროში გარყვნილი სიტყვის წისქვილი და მისი ფქვილი ფოლკლორული მემკვიდრეობის სახით ლიტერატურის ნაწილს წარმოადგენს. და ამ ორის ურთიერთშეხების წერტილებში, ცალკე, ჩნდება ერთგვარი დისონანსი, გაურკვეველი ვიბრაცია, ლიტერატურული ქარბორბალა, ორი, ბუნებით ურთიერთსაპირისპირო დროის, წერისა და სტილის დატევას რომ ცდილობს და ახლებურ დონ კიხოტობას გვთავაზობს.

  1. წრფივი დრამა

პირველი, გამორჩეულად მძლავრი გარყვნილი სიტყვა გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“ (XII ს.). „ბოზო, შენ, ბოზო, რად მომკალ? […] როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე…“ – განრისხებული მამიდა ნესტან-დარეჯნისა – დავარი ამ სიტყვებით მოიხსენიებს თავის ძმისწულს. არსად, არც მანამდე და არც შემდეგ, ეს სიტყვა ნახსენები არ არის, რაც მას გამორჩეულ ძალას აძლევს. თავს, რომელშიც ეს სიტყვა რამდენჯერმე ჟღერს, „ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯნის დაკარგვისა“ ჰქვია. მახსოვს, როგორ დავარბენინებდით ბავშვები (V/VI-კლასელები) სწორედ ამ ადგილზე გადაშლილ „ვეფხისტყაოსანს“ და დაუსრულებლად ვკითხულობდით შთამბეჭდავ ფრაზებს. გაოგნებულნი ვიყავით, რომ წმინდა პოემაში ნამდვილად ეწერა სიტყვა „ბოზი“. მასზე გარყვნილი ვერაფერი წარმოგვედგინა.

ცხადია, ეს სიტყვა აქ გარყვნილებას არ ემსახურება. პირიქით, ის გმობს მას. გავიხსენოთ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ერთობ „პურიტანული“ ტექსტია (უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა – „ორთოდოქსული“), შესაბამისი მიზნებით. ნაწარმოების მიზანია, გვასწავლოს წმინდა სიყვარული, დაცლილი ყოველგვარი გარყვნილებისგან. ნაწარმოებს წითელ ხაზად გასდევს გამიჯვნა სიყვარულსა და სიძვას შორის. „მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაში-მტლუში“, ამბობს პოეტი. „ხვევნა-კოცნა“ და „მტლაში-მტლუში“ ჩვენი დროის სლენგზე ითარგმნება, როგორც „თომარი“ და „ზასაობა“.

„სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ.“ „ვეფხისტყაოსანი“, სიმართლე ითქვას, ამგვარ ეჟვანთა ჟღერაა. მაშასადამე, არსებობს ყველაზე ამაღლებული და ყველაზე მდაბალი, ორი პოლუსი: სიყვარული და ბოზობა. ნაწარმოები გვაჩვენებს, როგორ არ დავემორჩილოთ მდაბალს და ავიდეთ უმაღლესამდე. ნაწარმოები, როგორც ფროიდი იტყოდა, სრულყოფილ, უდანაკარგო სუბლიმაციას ეძღვნება. მდაბალი ვნებანი, ანუ სასიცოცხლო ენერგია, კრეატიულობას ხმარდება და სიყვარულის ამაღლებულ სურათს ქმნის, დახუნძლულს შთამბეჭდავი გმირობებით. თუმცა, ეს შეუძლებელია ღმერთის გარეშე და ის, ვისაც ღმერთის არ სჯერა, უფრო იტანჯება. ტარიელის ტანჯვა ამის დასტურია. ავთანდილი კი ამბობს: „[…] სოფელო, […] ღმერთი არ გაწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.“  

„ვეფხისტყაოსანში“ სიტყვა „ბოზი“ ჟღერს განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებულ ადგილას, განსაკუთრებული პერსონაჟისგან. ის ჟღერს, როგორც მორალის ბინძური იარაღი ბინძურთა დასაგმობად. და მაინც, ამ სიტყვის გაჟღერებას ახლავს უცნაური რეზონანსი, რომლის გამოც მას ბავშვები ბევრჯერ დაძებნიან. 

სულხან-საბასთან გარყვნილების ქებას ნამდვილად ვერ ვიპოვით, მაგრამ მის „ლექსიკონში“, ბუნებრივია, შეგვიძლია, ვიპოვოთ მრავალი უხამსი სიტყვა შესატყვისი განმარტებებით.

ყლე – მამაკაცის სარცხვინელი.

მუტელი – დიაცთ ასო სარცხვინელი.

ტყუნა – კაცისაგან ქალის დამდაბლება.

ბოზი – მეძავი. ესე ბოზობა განიყოფიან ორად: სიძვად და მრუშობად. სიძვა უკუე არს უქორწინებელთა მიერ ქმნული, რომელსა არა ესვა მეუღლე, ხოლო მრუშება არს, რომელსა ესვას და სხვასთან ისიძვოს.

როგორც ვხედავთ, საბას ლექსიკონი ქრისტიანული ლექსიკონია. მისი ნეიტრალობა განმანათლებლური ხანის ქრისტიანული ეთოსითაა გამსჭვალული. განმანათლებლობის მთავარი განსხვავება მანამდელი დროისგან ლექსიკონია: ადგილი, სადაც სხვადასხვა სიტყვა, წმინდა თუ გარყვნილი, თანაბრად იწერება და განიმარტება; სცენა, სადაც ყველა სიტყვა თანაბარ ადგილს იჭერს. ლექსიკონი, როგორც თანაბარი და ნეიტრალური ადგილი ყველასთვის, სადაც ნებისმიერი სიტყვა „სიტყვის“ უფლებას იძენს, წარმოადგენს იმ ჩუმ რევოლუციას, რომელიც ცოტა ხანში ლექსიკონს გარეთ თავის მძვინვარებას შეიძენს.

„სიბრძნე სიცრუისაც“ ნეიტრალობის მცდელობითაა დაწერილი, მაგრამ აღმოსავლური ეგზოტიკა გარკვეულ უწმაწურობასა და უხერხულობას შეირევს.

უპირველეს ყოვლისა, პერსონაჟებს შორის ფიგურირებს მეფის მრჩეველი რუქა – კაცი საჭურისი, რომელსაც ალალად აბულინგებენ და „ასაჭურისებენ“ დაცინვით სხვა პერსონაჟები. ცხადია, დისკრიმინაციის გაგება იმ დროში არ არსებობს და საბას ვერ დავწამებთ, დისკრიმინაციას ჩადისო, მაგრამ დიდწილად სქესობრივ ასპექტზეა აგებული ეს ნაწარმოები (რომელსაც კამათის ფორმა აქვს), და ამით, ცხადია, ის გარკვეულ უხერხულობას აჩენს. წმინდად უხამსი სიტყვები ნაწარმოებში ნახსენები არ არის. სასქესო ორგანო მოხსენიებულია, როგორც „ასო“: „შემიცთა ხელი, საპარსვლითა ასონი წარვიკვეთენ“, ნათქვამია ერთგან. ერთ-ერთ არაკში ვხვდებით ბევრ ფუნას, სხვა არაკში კი სექსუალური სურვილია ნახსენები: „ყადს დიდად ეამა, დედაკაცი აღარ ჰყვანდა. მასთან დაწოლა ენება.“ აქვეა გაშიშვლებაც: „მოტყუვდა ყადი, გაშიშვლდა.“ ეს არ არის სიშიშვლე, რომელმაც მკითხველს ეროტიკული ტკბობა უნდა მოჰგვაროს. ყადის სიშიშვლე მისსავე სიბრიყვეს აშიშვლებს.

„სიბრძნე სიცრუისა“ გონების სავარჯიშოა და გონების საწვრთნელადაა დაწერილი. „მთავარის“ (ნიკოლო მაკიაველი) ერთგვარი ქართული ვარიანტია. საბა აჩვენებს მეფეს, როგორი სრულყოფილი უნდა იყოს სხეულით და როგორი გამჭრიახობა მართებს გონებით. ეროტიკასთან ჩვენ აქ საქმე არ გვაქვს და არც გარყვნილებასთან. ეროტიკა გაცილებით გვიანი მოვლენაა და სრულყოფილად რომანის ხანაში იფურჩქნება.

თუმცა, გვიანდელ რომანში ძნელად აღმოვაჩენთ იმ ეროტიკულ სიმძაფრეს, რომელიც მას უფრო ადრინდელ დროში აქვს. და კიდევ უფრო მძაფრი და უკომპრომისოა ვნება, მბრდღვინავი, გარდატეხის ერაში, როცა ვნებას ქრისტიანული დოგმა საჯარო ველზე ებრძვის და რწმენის/ეკლესიის ლეგიტიმური დიქტატურით ზღუდავს. ამ დროს ეკუთვნის სწორედ დავით გურამიშვილის „დავითიანი“. ქრისტიანული მორალი ძლიერია და, საბოლოოდ, ვნებაზე იმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ ინტენსიური ბრძოლების შედეგად. მცნებისა და ვნების ორთაბრძოლა ამ დროის ცხელი თემაა.

„დავითიანის“ ბოლო, „დ წიგნში“, შეიძლება ითქვას, ზომაზე მეტად ბობოქრობს ვნების ქარიშხალი. ეს არის ძალიან დინამიკური ტექსტი, რომელიც ვნების აფექტს ღირსეულად ეთამაშება: რიტმიკა და ტემპორიტმი ამძაფრებს ვნებას, რომელიც მკითხველსაც გადაედება და თითქმის აღაგზნებს… აქაა შთამბეჭდავი ეროტიკული სცენები, რელიგიური სადიზმის ელემენტებით. ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ეროტიკა პოეტურია და მას პოეზია უფრო შესატყვისად გამოხატავს ან აღძრავს, ვიდრე პროზა. აი, მტკიცებულებაც: დავით გურამიშვილის „დავითიანი“, „წიგნი დ“.

„დავითიანში“ ბევრი გარყვნილებაა, მაგრამ იმისთვის, რომ სათანადოდ დაიგმოს ცოდვის სახელით, ღვთის შიშით, კრძალვითა და მორიდებით უფლისადმი. გარკვეულწილად, „დავითიანის“ „წიგნი დ“, ბოლო ნაწილი, მოლიერის „დონ ჟუანს“ ჰგავს. ყველას ახსოვს მისი სიუჟეტი: დონ ჟუანი შეაცდენს ელვირს, ის კი რწმენაში ვარდება და მოდის მასთან, რათა გარყვნილი კაცი ჯოჯოხეთში ჩავარდნისაგან იხსნას. დაახლოებით იმავე ფუნქციის მატარებელია ხსენებული წიგნიც: ის ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ავლაგმოთ ვნება და დავუმორჩილოთ ეკლესიის კანონს. მაგრამ ლექსი თავისთავად, თავად ქმნის ვნებას, რადგან თვითონაა ვნება, როგორც ვნების ნაყოფი და ვნების აღმძვრელი.

ერთს ქალს რუსული „ვესელა ვესნა“

ჩემთვის სახმილად ჩამოეკვესნა.

იმით ჩემი გული

იქმნა დადაგული,

მედების ალი!

მკითხველი ძნელად შეძლებს ამ ფრაზების გულგრილად წაკითხვას. შემდგომი სტროფი მას უფრო აღაგზნებს:

ვიწვი, ვიდაგვი მწარედ საწყალი;

არავინა მყავს, დამასხას წყალი.

ღმერთო, გეაჯები

წყლით სავსე გეჯები

შენ მომაშველე!

სადი როცა წერდა თავის ნაწარმოებებს, აღიგზნებოდა და ორგაზმს განიცდიდა.[1] როგორ წერდა დავით გურამიშვილი ამ სტრიქონებს? იშვიათია ქართული ტექსტი, რომელსაც ასე ძლიერ გადმოეცეს ვნების ხურვება. სექსუალური ბრძოლის სახით ზაფხული დგება! სტიქიების სექსუალური ორთაბრძოლა კიდევ უფრო დიდ რესურსს ქმნის მკითხველის აღგზნებისთვის…

ზაფხულს ამირად ყვანდა კეკია,

სად ევროს იდგა ნაცარქექია,

შემდეგ არგესტი,

აპილი, ერღასტი,

თრასკე ლივინოს.

კოსმოსურ პორნოში გაბმული მკითხველი თავის აღგზნებას კიდევ უფრო სამყაროულად განიცდის, რასაც, რა თქმა უნდა, წმინდა სადიანური ქიშპობა და ტკივილი მოსდევს.

ლიფსსა და არგეტს შაექნათ ჩხუბი,

არგესტ საჯდომთა ლიფსს შასცა შუბი, –

დაიჭრა რა ლიფსი,

იხმო მან ფვინიქსი,

მიუთხრა მასა:

არგეცს შავები, ნაცზე დავიჭერ.

უკაცრაოდ ვარ, შარდს ვეღარ ვიჭერ!

[და ა.შ.]

„ნაცი“ იგივე „ნაწყლია“, სწორი ნაწლავი, ტრაკი, პროჭი. თოვლ-ჭყაპი, ქარ-ჭყაპი, წვიმა და ტალახი, „ქარები დაუნდობელნი“ და „არზაქარები“, სინოტივე, სითბო და სისველე, ეს ყოველივე სეზონთა ცვლასა და კოსმოსურ პორნოს ერთდროულად ქმნის. მკითხველს ერთბაშად ამაღლებული და გარყვნილი განცდები აღეძვრის.

აწ უკვე თქმა არ უნდა, როგორი იქნება ზამთრის დამარცხება და ზაფხულის გამარჯვება – „დ წიგნის“ შემდეგი თავი: ნამდვილი ორგია!

ყვავილთ გაჰქონდა გაშლილს ბიბინი;

დაგლიჯეს, დაწნეს მისი გვირგვინი.

რაც ქალი იქ იყო,

ყველამ თვითო იწყო

თავისათვისა.

შევხედოთ ტყეში გზააბნეული ქალიშვილისა და პირმშვენიერი მწყემსის ვნებიან სცენას:

ქალმან რა ნახა იმ მწყემსის პირი,

სულ დაავიწყდა, რაც სჭირდა ჭირი;

მწყემსი შეუყვარდა,

ფერხთ ქვეშ შეუვარდა

შესცინა პირსა.

ქალს იმდენად თავბრუ ეხვევა მწველი ვნებისგან, მწყემსს ეუბნება:

ეს კონა წნული იყოს შენია,

მე ვარდი შემქენ, იყავ შენ ია;

გაშინჯე, შენც ნახე

ჩემი პირის სახე,

თუ გთნდეს, მითნიე!

სხვა ქართველი პოეტი, ვნების უფსკრულში ასე გადამხტარი, არ მეგულება! თუ გთნდეს, მითნიე… თუ შენც გინდა, შეგიძლია, ქვეშ გამიფინოო, გოგო ეუბნება.

შემდეგ კულმინაციისკენ მივდივართ. კვანძის შეკვრა სწორედ ამ ფრაზაზე მოდის: „თუ გთნდეს, მითნიე!“ , მაგრამ მწყემსი ბიჭი არ ითნევს გოგოს, თავს იკავებს, რადგან საზოგადოების ეშინია:

ჩვენ დაგვარქმევენ ბოზთ, მეძავს, მრუშებს,

და ჩვენს შვილებსა ნაბიჭვრებს, ბუშებს;

სახელი გატყდების,

ქვეყანა ასტყდების

ჩვენს საძრახავათ.

ბიჭის კომპლექსი მისი მშობლების ისტორიიდან მოდის. მათი ისტორია კი საკმაოდ გარყვნილი, ცხელი რამ არის. აქ არის ჰიჩკოკი, სადი და მოლიერი ერთად, იხილეთ „დ წიგნის“ „დ თავი“: „ლოცვა გოგოსი და თხოვნისაებრ საქმის მოსვლა“. მრავალფეროვნად ისიამოვნებთ, გპირდებით!

მე კი დაგინდობთ და დეტალებს აღარ მოგახსენებთ, ვინძლო წინ კიდევ გაქვთ სტატია წასაკითხი და მირჩევნია, ის დაასრულოთ!.. დასკვნის სახით კი დავით გურამიშვილზე ვიტყვი იმას, რომ ამ კაცის შემოქმედებაში უკვე გარყვნილი სიტყვებისა და სცენების მთელი კასკადი მოიპოვება, საოცარი სიმძლავრით, საოცარი ვნებით დაწერილი, მაგრამ მაინც, ეს არ არის გარყვნილი ლიტერატურა, ამაში ნუ შევცდებით! გარყვნილება აქ არასგზით არ არის თვითმიზანი; მართალია, შესაძლოა, მკითხველი აღიგზნოს (და მწერალმაც გაათავოს წერისას), მაგრამ ამ ყოველივეს მოსდევს გაკიცხვა და შეჩვენება და რელიგიური თავშეკავების გამარჯვება ყოველგვარ სექსუალურ ექსტრავაგანტურობაზე. თუმცა, ვერ უარვყოფთ: უკვე ჩანს წყალდიდობა, მომდგარი ზნეობრივი ლიტერატურის ნაპირებთან, და ეს წყალდიდობა სწორედ გარყვნილების ზღვიდანაა.

დავით გურამიშვილი ეპოქალურად სწორედ იქა დგას, როცა გარყვნილება მთელი სიშმაგითა და სისავსით იფეთქებს, რადგან მას რელიგიური აკრძალვის უკანასკნელი რაზმები ანეიტრალებენ, ღვთის მახვილი და ასოს მახვილი ერთდროულად იბრძვის ლიტერატურის პოლიგონზე. გურამიშვილი, როგორც უკვე ვთქვით, მოლიერის დარი მწერალია. ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისი სადია, მაგრამ ევროპაში და არა საქართველოში. საქართველოს მსგავსი მწერალი დღემდე არა ჰყავს (ამაში ქვევით დავრწმუნდებით).

ქართული კლასიციზმისა და რომანტიზმის გზაჯვარედინზე ხორცის ვნება განეიტრალდა და ტრფობა უზენაეს სიმაღლეს ეზიარა, დაიწმინდა, ნატიფი გახდა. ეს ეხება პოეზიას, რომელიც უმაღლეს სინაზეს აღწევს. თუმცა კლასიციზმში ჯერ კიდევ იგრძნობა გვემა ვნებისგან, წმინდა სინაზეს მხოლოდ რომანტიზმში ვეზიარებით…

ვისმინოთ ბესიკი:

ტანო, ტატანო, გულწრამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო,

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო,

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო.

ბაროკო ლექსად! რას მოისმენ ამაზე ლამაზს! სიტყვაკაზმულობით, პოეტური რიკულებით, ქარაგმებით და ჩუქურთმებით ბესიკი, უდავოდ, რუსთველს ემეტოქება. ბესიკის ეპოსი „ვეფხისტყაოსნის“ დარი იქნებოდა. მაგრამ როგორ გაუწევს ერთი ლექსი კონკურენციას უზადო ეპოსს?! ბესიკი რუსთველის ღირსეული შვილთაშვილია. 

მასთან, ცხადია, მწველი ვნება წერს, მაგრამ გონების ძალით! გონება თოკავს მას ზნეობრივი აღვირით, ხორცამდე არ უშვებს! შედეგად, ბესიკის ლექსი ვნების გადამუშავებას წარმოადგენს უმძლავრეს და ურთულეს რიტორიკაში, სუბლიმაციის ბრწყინვალე ნიმუშია. ცხადია, გარყვნილი მას არაფერი ცხია! ესაა შეხება ვერშეხებით, დაუფლება ლექსის დაუფლებით, განაყოფიერება ლექსის ნაყოფის მოსხმით.

მით უფრო შორსაა გარყვნილება ნიკოლოზ ბარათაშვილისგან.

ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე

უცხო საყურე

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

მისსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

აქ უკვე საუბარიც არაა არც ხორცზე, არც შეხებაზე და არც კოცნაზე… მაქსიმუმი ნეტარებისა ჩრდილში სულის მობრუნებაა… სატრფოს საყურეს ჩრდილში… სულის მობრუნება, სულის მოთქმა, იგივე ამოსუნთქვა… ეს სინაზე გარყვნილებას იმდენად იშორებს, რომ მისი ჰორიზონტიც კი იკარგება.

ესაა სათნოების, კრძალვის, რიდის, მარტოსული თრთოლის ზენიტი… და ამ ყველაფერს, ბუნებრივია, მელანქოლიის კვალი ატყვია. სხვანაირად როგორ იქნება?! ამხელა ლტოლვა, ამხელა ვნება და ამოდენა სიშორე… რა თქმა უნდა, მელანქოლია იმარჯვებს! რომანტიკული ნოსტალგია ღრმად მელანქოლიურია. აქედან მოდის რომანტიკოსის დაფიქრება ამაოებაზე და ცისფერის ტრფიალი… ამაზე წმინდა სინაზე ლიტერატურას ისტორიის მანძილზე არ განუცდია. შედეგად, ბუნებრივია, რომანტიზმის შემდგომ თაობებს გარყვნილებაში ჩავარდნის განცდა რომ ეუფლებათ და ამის გამო იტანჯებიან. სამწუხაროდ, რომანტიზმი გაქრა და ის, ალბათ, აღარ დაბრუნდება.

ბესიკისა და ბარათაშვილის შემდეგ მოდერნიზმზე გადასვლა, შესაძლოა, არ გვესიამოვნოს, მაგრამ რას ვიზამთ, ლიტერატურა გრძელდება.

მოდერნი რომანის ეპოქაა, თუმცა არც პოეზია კარგავს თავის ძალას. გარყვნილი სცენები აქ, უპირატესად, რომანებში გვხვდება პასაჟების სახით. ევროპაში ყველაზე ცნობილია ზოლა, ნატურალიზმის შემომტანი. ჩვენთან შიშველი სცენები გვხვდება ნიკო ლორთქიფანიძესთან (იხ. „შელოცვა რადიოთი“), კონსტანტინე გამსახურდიასთან, მიხეილ ჯავახიშვილთან და სხვებთან.

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებიდან მაგალითისთვის ვახსენოთ „ვაზის ყვავილობის“ ეროტიკული სცენები ვენახში და „დიდოსტატის მარჯვენადან“ ძუძუზე კბენის სცენა, სკოლის მოსწავლეებში „ვეფხისტყაოსნის“ „ბოზის“ მსგავს შოკს რომ იწვევდა.

ნამდვილ, ხანგრძლივ ეროტიკულ სიამოვნებას იწვევს მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებიდან“ მარგოსა და ჯაყოს ჯაყჯაყის სცენები, მარგოს ტკბობა და ტანჯვა, ჯაყოს ტესტოსტერონი და თეიმურაზ ხევისთავის თავის მოკატუნებანი. პირველი გარყვნილების ღუმელი სრულფასოვნად სწორედ ამ რომანში ჩაღდება და ამის მიზეზად მისი ფსიქოანალიტიკური ბუნება უნდა დასახელდეს: გადაჯეგავს ველური ძალა დაღლილ ცნობიერებას და მისთვის აკრძალულს დაეწაფება. რომანის გამორჩეულ გარყვნილებას განაპირობებს მისი შენელებული, გაწელილი თხრობა. „ჯაყოს ხიზნები“ ტარკოვსკის ფილმებს მაგონებს, სადაც მოქმედება ნელდება და ღრმავდება კამერით.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, წმინდა კონცეპტუალური თვალსაზრისით, მიხეილ ჯავახიშვილისვე მოთხრობა „ყბაჩამ დაიგვიანა“. რითაა საყურადღებო ეს მოთხრობა? მას ასეთი სიუჟეტი აქვს: უსინათლო თინას, გარდატეხის ასაკში მყოფ, სქესობრივად მომწიფებულ გოგონას, მთელი ძალით უტევს ლტოლვა. მამა ატყობს ამას (თინას დედიკო არ ჰყავს), მაგრამ არ იმჩნევს, უფლებას აძლევს, იყოს სექსუალურად აღგზნებული. მეტიც: მამა იმაზე წუხს, რომ თინას არავინ შეირთავს ცოლად და ვერ შეიტყობს ცხოვრების უდიდესი ტკბობა რა ყოფილა…

მოთხრობა 1925 წელსაა დაწერილი. სიუჟეტი ასე ვითარდება: ტბაში ბანაობისას შიშველ თინას შეამჩნევს რკინიგზის მახინჯი მუშა, თინას მამისტოლა. კაცი თინას სახლში მიჰყვება და აუპატიურებს, „ცოლად მოჰყავს“. თინა ჯერ უძალიანდება, მაგრამ როცა კაცის მახინჯი ფეხი თინას ფეხებს შუა ააღწევს და მისი მახინჯი პირი თინას ფაიფურის ტუჩებს დაეკონება, გოგონა ნებდება. ნებდება, რადგან ეუფლება სიამოვნება და ხვდება, რომ კარგია. სწორედ ეს მომენტია საკვანძო: უსინათლო, რომელიც მხოლოდ სხეულის „თვალით“ იყურება, ვნებით და გრძნობით. ჯავახიშვილმა გვაჩვენა სხეული-სუბიექტი, უსინათლო ვნება, თვალთა წინააღმდეგობისგან, მაშასადამე, ცენზურისაგან, კრიტიკული შეფასებისგან დაცლილი.

ვფიქრობ, გარყვნილების პირველი, ონტოლოგიური მოვლინება ამ მოთხრობის სახით ხდება ქართულ ლიტერატურაში. აქამდე გარყვნილება ან სექსუალური ლტოლვა კონტექსტის ნაწილი იყო. აქ კი, ამ მოთხრობაში, სექსი იშორებს კონტექსტს, ის განიძარცვება ყველაფერ დამატებითისგან, მე-ს ჩათვლით, და ხდება სუვერენული, უფალი თავისი თავის, როგორც ობიექტის; ვნება ანაცვლებს სუბიექტს თავისი ტოტალობით და სუბიექტად იქცევა თავად სხეული. 1925 წელს მოთხრობაში „ყბაჩამ დაიგვიანა“ ქართულ ლიტერატურას პერსონაჟად თავად სხეული მოევლინა.

ეს არ არის უბრალო მოვლენა, რადგან დაკავშირებულია ქართული ლიტერატურის სათავეებთან, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებთან, რომლებშიც ასევე ფიგურირებს სხეული ძალიან მძაფრად: შუშანიკის სხეული, აბოს სხეული, და ა. შ. „ყბაჩამ დაიგვიანა“ ამგვარ წამებათა ანტიპოდია, კონტრაპუნქტია. რადგან შუშანიკის სხეული არის მორწმუნე ციკლოპის ტანი, დიდი თვალით, რომელიც მიშტერებულია ღმერთს, რწმენას; და აბოს სხეულიც ასეთივე მორწმუნე ციკლოპის ტანია, დიდი თვალით. თინას სხეულს სწორედ ეს თვალი აკლია, მორწმუნე თვალი, თვალი ღმერთისკენ. აქ თვალი და სხეული ერთმანეთს ემთხვევა და სხეულის თვალები აღარ უშლის ხელს ვნებას. სხეული ბრმაა, მხოლოდ საკუთარ თავს „ხედავს“ და გრძნობს. სხეული თვალია, რომელიც მხოლოდ სიამოვნებას (და ტკივილს) აშტერდება. სწორედ ასეთი სხეულია თინა და ის, როგორც კონცეპტი, ანტიპოდია შუშანიკისა და აბოს ფიგურებისა. ამდენად, თუკი გარყვნილებაზე ვსაუბრობთ და ლიტერატურის წრფივ განვითარებას მივყვებით, წერტილი, სადაც ლიტერატურის ზოლი ამოყირავდება მებიუსის წრის მსგავსად და წმინდა თვალი თავის საპირისპიროს – წმინდა სხეულს (სხეულს თავისთავად, თვალის გარეშე, სხეულს, როგორც თვალს) შეეჯახება, სწორედ „ყბაჩამ დაიგვიანაა“. აქ პირველად მწერალი უკუღმა დაწერს ქართული ლიტერატურის დასაწყისს და მას თავის საპირისპიროს შეაჯახებს ჭეშმარიტების, ანუ წერის შუქსა თუ ჩრდილში.   

ძუძუები, კოცნები და წოლები მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე ჩვენს ლიტერატურაში მრავლად ფიგურირებს, მათ შორის პოეზიაშიც. „ძუძუები ოქროს კალმახებია“ – ტაეპი გოგლა ლეონიძის ლექსიდან. თუმცა გარყვნილების პირველი დიდი ამბოხი და ბომბის აფეთქება ქართულ ლიტერატურაში დათო ბარბაქაძის „ტრფობა წამებულთას“ უკავშირდება.

მთელი ნაწარმოები, რომელიც სულ რამდენიმე ათეულ გვერდს ითვლის, ტყნაურთა სერიაა, გამეორება და განსხვავება, ნამდვილი განსხვავების გარეშე. მელანქოლია გასდევს უფერულ ორგიას. ტექსტი არ აღაგზნებს. ტექსტის სათქმელიც და საჩვენებელიც, ალბათ, ესაა: ტყნაურის ტოტალობა, მისი უსასრულობა უსასრულოს გარეშე.

ჰაგიოგრაფია აქაც აქტუალურია, რადგან „ტრფობა წამებულთა“ სწორედ ჰაგიოგრაფიის ენამომარჯვებული სარკაზმითა და მძიმე ირონიით იწერება. მიუხედავად ტყნაურთა ჯაჭვისა (უამირანოდ), სამწუხაროდ, მისი ავტორი არ არის გარყვნილი. ის „რეალობას“ წერს კრიტიკული თვალით, კრიტიკოსია.

ეს იდიოტების ტყნაურია, არაკრეატიული არსებების უაზრო „წამება“, ამაზრზენი, მდაბალი და უინტერესო. „ტრფობა წამებულთა“ ღრმად მელანქოლიური, სევდით აღსავსე ტექსტია. ამ ტექსტით პირველად ქართულ ლიტერატურაში ტყნაური შემოდის, როგორც დამპყრობელი, როგორც იმპერატორი, მთელი თავისი აღმატებულობითა და დიქტატურით. ის ემსახურება არა სხვას, არამედ თავის თავს; უსასრულო არეკვლას თავისი თავის. აქ იწყებს პირველად ტექსტი საკუთარი თავის ტყვნას. ის არა მხოლოდ პერსონაჟების, არამედ თავად ტექსტის ორგიაა.

„ტრფობა წამებულთა“ ირიბად ირეკლავს XX საუკუნის დასასრულის სხეულის დიქტატურის ხანას: ადამიანი, როგორც სხეული, დარჩენილი საკუთარი თავის ამარა, საკუთარ სიშიშვლესა და ვნებაში, ტრანსცენდენტურის (იმედისა და რწმენის) გარეშე.

„ვეფხისტყაოსნიდან“ „ტრფობა წამებულთამდე“ ან „შუშანიკის წამებიდან“ „ტრფობა წამებულთამდე“ წერამ წინდასავით ამოატრიალა საკუთარი თავი, შეიცნო თავისი ანი და ჰოე და, ლოგიკურად, წრფივი განვითარების პირველი ციკლი დაასრულა. მაგრამ დრამა ამით არ დასრულებულა. დრამის ფინალი დასაწყისის ნამდვილ უარყოფას უნდა დაეფუძნოს, როცა გარყვნილი წერა თავისი გარყვნილებით ტკბობას მიეცემა. იქამდე ჩვენ სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

შუალედური ნაბიჯი, მწამებელი ტყნაურიდან გარყვნილ თვითტკბობამდე, ქართულ ლიტერატურაში მწერალ ლაშა ბუღაძის შემოქმედებაზე გადის.

„პირველი რუსი“ – მისი ყველაზე სკანდალური მოთხრობა, ალბათ, ყველას ახსოვს, სადაც პირთეთრი და გრძელფეხება იური ერთმანეთის მიყოლებით ტყნავს – კატას, ქათამს, და ინტერესდება, რომელს უფრო ფართო ხვრელი ექნება – ხბოსა თუ გოჭს. ამ ყველაფრიდან მართლაც შეიძლება გარყვნილების დაგემოვნება. მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაპყრობ პატარა მოთხრობას – „ბებო“, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი მეჩვენება კონცეპტუალური თვალსაზრისით.

„პირველ რუსში“ კომიკურად და აგდებულადაა წარმოდგენილი თამარ მეფის სახე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამასხარავებულია თანამედროვე ქართული საზოგადოება, რომელიც აშკარად იმსახურებს ამას მთელი თავისი იდიოტიზმითა და ცრურწმენებით. ბუღაძის მოთხრობები, წმინდა ლიტერატურულ ტკბობასთან ერთად, იწვევს თანაგრძნობას ავტორის მიმართ, რადგან ავტორი მართალია, ის არსად სცოდავს. თუმცა „ბებოში“ ობიექტურად ხდება იმგვარი გარდატეხა, რომელიც აჩვენებს ნაპრალს ამ ტექსტსა და კლასიკურ ლიტერატურას შორის.

ბებია უყვირის ძაღლს, ბენჯის: „გააჯვი აქედან!“ შვილიშვილ ბიჭუნას – „მაცალე, შე შობელძაღლო!“ ძილ-ბურანში მყოფი შვილიშვილ გოგონას ლუღლუღზე – „რაა?“ მიუგებს: „… ტრაკში ქვა, შვილო.“

ქართულ ლიტერატურას აქამდე ახსოვდა ბებია, რომელიც იწყევლება, თუმცა კეთილი და სათნოა: ზურიკელას ბებია „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“. ლაშა ბუღაძესთან ჩნდება ბებია, რომელიც იგინება. მისი გინება, სიმბოლური ტრანსგრესია (მამაკაცური – გინება, ქალში), არ არის შემთხვევითი. ჩვენ ამაში გვარწმუნებს მოთხრობის სიუჟეტი, რომელიც ეხმიანება დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ბოლო წიგნს და როგორც მიხეილ ჯავახიშვილის „ყბაჩამ დაიგვიანა“ და დათო ბარბაქაძის „ტრფობა წამებულთა“ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ენასა და წამებულთა სხეულებს უკუღმა გადაწერს, ბუღაძის „ბებოც“ „დავითიანის“ „დ წიგნის“ ყირამალა ვერსიად იქცევა.

ამჯერად მოგვიწევს, მოვყვეთ იმ მწყემსი ბიჭის მშობლების ისტორია, რომელმაც გზადაკარგული გოგონა არ ითნია. ამბავი ასეთია: ბიჭის მშობლებს ყმაწვილობაში ერთმანეთი იმდენად მოუნდებათ, ჯვრისწერას აღარ დაუცდიან და ტყეში შევარდებიან სათნევად. ამბავს ერთობ სადიანური გაგრძელება აქვს. ბიჭი სწრაფად ხდის გოგოს და მიწაზე წამოაგორებს, მაგრამ ქვევით ეკლები აღმოჩნდება, რის გამოც გოგოს პროჭი დაეფლითება. ბიჭი ფარ-ხმალს მაინც არ დაყრის, ამჯერად ის ვარდება ძირს, რათა გოგო ზევიდან დაიწვინოს, მაგრამ აქაც ეკლები აღმოჩნდება და ამჯერად ბიჭს დაეგლიჯება უკანალი. სანამ ასეთი უბედურება ეწევათ, ჰიჩკოკისებურად, მათ ზაფრას იწვევს ხმები ტყეში: ტოტების მტვრევის, შაშვის, ყვავის… ორივენი ვნებით იწვიან, მაგრამ დაზაფრულნი არიან, ვინმემ არ წაასწროს. მაგრამ ჰოი, საოცრებავ, თავზე მეზობელი წამოადგებათ… ამბავი უფრო იხლართება, დეტალებით არ გადაგღლით. ბოლოს საქმე ჯვრისწერამდე მიდის, ჯვრისწერის შემდეგ კი ისინი ტყნაურობენ. აი, ამას უყვება მწყემსი გოგონას და ეუბნება, თუკი ჩვენც ჯვრისწერამდე ავტყნაურდებით, უარესი დაგვემართებაო…

დავუბრუნდეთ ბუღაძის ბებოს და დავუკავშიროთ ზემოაღწერილ ამბავს ბებიას ზღაპარი. ბებო უყვება თავის შვილიშვილებს ზღაპრად მათი მშობლების ამბავს (ბავშვების დედა ბებოს ქალიშვილად ეკუთვნის). ამბავი ასეთია: ამ ბავშვების მამიკო ჯერ კიდევ სულია ზეცაში. მას უშვებენ დედამიწაზე. მას უყვარდება ბავშვების დედა და ირთავს ცოლად. ჩნდებიან ბავშვები. კაცი ღალატობს ცოლს, პერმანენტულად. მათ მოუვათ კონფლიქტი, შეეჯახებიან ხეს და იღუპებიან. ბავშვებს ზრდის ბებია.

ამბავი იგივეა, რაც გურამიშვილთან: როგორ შეუყვარდათ ბიჭსა და გოგოს ერთმანეთი, როგორ შეუღლდნენ და იტყნაურეს, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპიროა ამ ამბის მიმართ მწერლის პოზიცია. გურამიშვილი, როგორც მორწმუნე ქრისტიანი, გმობს ცოდვას და ვნებას უქვემდებარებს ღვთის მცნებას, ეკლესიის კანონს, ჯვრისწერის საიდუმლოს. ჯერ ჯვრისწერა, შემდეგ ტყნაური, ასეთია მისი პოზიცია. გურამიშვილთან ჯვარდაწერილნი აგრძელებენ ეკლესიურად სწორ საქციელს, მეუღლეები არ ღალატობენ ერთმანეთს და მათი ვაჟიც ქრისტიანული ჯვრისწერის წესს იცავს თავის შეყვარებულთან დაწოლამდე.

ბუღაძესთან საპირისპირო სურათია. საზოგადოებას რელიგიაზე პრიმიტიული და აბსურდული წარმოდგენა აქვს, რომელსაც „რწმენას“ ეძახის. ადამიანები, სინამდვილეში, ცხოვრობენ ბრმა იმპულსებით, რომლებიც არასწორი აღზრდის შედეგად მახინჯ ქცევებში რეალიზდება. მათი განსჯის უნარი დაბალია და სწორედ მათ გონებრივ და მორალურ სიჩლუნგეს მიჰყავს ისინი უაზრო დაღუპვამდე. ბუღაძის მეუღლეები პრიმიტიულად, სრულიად უცერემონიოდ შეასკდებიან წყნეთის გზაზე მდგარ ნაძვს, რომელიც ვიღაცამ დარგო, 30 ცალი. ბებო აბსოლუტურად უცერემონიოდ და გულგრილად ზრდის თავის შვილიშვილებს, რომლებიც, ალბათ, მათი მშობლების გზას დაადგებიან. ერთი სიტყვით, ბუღაძის „ბებოში“ ამოყირავებულია „დავითიანის“ „დ წიგნის“ მორალი და აქაც წერა ეჯახება თავის საპირისპიროს, სინამდვილის გარყვნილ მხარეს, რომელსაც რელიგიის სადავეები ვეღარ აკავებს. პირიქით, „რელიგიურობა“ გარყვნილების გამორჩეული სახეა.  

ცალკე საკითხია ბუღაძის ტექსტი, როგორც სიამოვნების მანქანა. ის იწერება უკიდურესი სარკაზმით, დაცინვით, რაც სიცილის ჩანჩქერში აგდებს მკითხველს. ბუღაძე ტექნიკურად მაღალი დონის მწერალია, იგრძნობა, რომ ტექსტს მაღალი ინტელექტისა და კულტურის მწერალი წერს. ის წერს გარყვნილად იმის გამო, რომ გარყვნილებაზე წეროს და არა იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია. ამდენად, მისი ტექსტი ჯერ კიდევ გარყვნილების უკიდურეს ზღვარს არ ეხება. რეფლექსია, მახვილგონივრულობა მის ტექსტს ინტელექტუალურ დაჭიმულობას სძენს, კრიტიკულობის გამოისობით კი – სოციალურად აქტუალურია.  

გარყვნილება თვითმიზანი ხდება ზაზა ბურჭულაძესთან. მასთან გარყვნილება წერს თავის თავს, რადგან არა ჰყავს რეფერენტი. ასო წერს ასოთი და ასოსა და ასოს შორის სხვაობა მხოლოდ სიმბოლურ-წარმოსახვითია.

თუკი დათო ბარბაქაძესთან ტყნაური ადის პიედესტალზე, ლაშა ბუღაძესთან კი გარყვნილება გარყვნილების კრიტიკის ფუნქციას იძენს, ესე იგი, გარყვნილება საკუთარ თავს გარყვნის, ზაზა ბურჭულაძესთან გარყვნილება ხდება თავად ჟანრის აპოთეოზი, ჟანრის თვითკმარობა, ჟანრის ერთადერთი და განუმეორებელი ფუძე, მისია, ჭეშმარიტება. მოთხრობაში „წერილი დედას“ ვისმენთ სწორედ ამ მანიფესტის გამოცხადებას. მწერალი გარყვნილების უკვე იმ სტადიაშია, იმ შუაგულშია, სადაც შეუძლია, გააცნობიეროს: თუ არ გარყვნი, რეალობას ვერ მოიხელთებ, მაგრამ რომც გარყვნა, ვერასოდეს გარყვნი იმდენად, რომ მოიხელთო… სწორედ აქაა სასოწარკვეთის, მე ვიტყოდი სადიანური, წერტილი, სადაც მწერალი ხდება მწერალი, ესე იგი, თავგანწირული წერა, თუმცა იცის, რომ თავის ტრიუმფში (წერაში) დამარცხებულია (წაშლილია). მოვუსმინოთ ამ ბრწყინვალე პასაჟს წერილიდან: „[…] გამხატვრულების გარეშე მარტო მშრალი რეალიზმი დიდი ვერაფერია. ხანდახან სინამდვილე თუ არ გადასხვაფერდა, სხვანაირად არ წარმოჩნდა (გინდაც დამახინჯდა და შეირყვნა), მშრალი ქრონიკის შემყურე ადამიანი გაბოროტდება. ერთი კია, სინამდვილეს იმაზე მეტად ვერ დაამახინჯებ და შერყვნი, ვიდრე არის.“ სწორედ ესაა გარყვნილების ცნობიერება და ის ჭეშმარიტად სადიანურია (იხ. ქართული გამოცემის – „ფილოსოფია ბუდუარში“ – 69-ე გვერდი). ამ ცნობიერების სასოწარკვეთა, განსხვავებით სადისგან, ზაზა ბურჭულაძის შემთხვევაში მეგალომანიურ ნარცისიზმზე დგას: „მე ხომ გენია ვარ, დე. საიდან მოვიტანე? სხვისი დასტური რაში მჭირდება, ისედაც ვიცი, რომ ვარ. […] ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ანარეკლზე ვხვდები. […] სარკეში ჩახედვა და ქვეშ ჩაჯმა გამოწერილი მაქვს; საკუთარი სიდიადე თავად მაშინებს ხოლმე.“  ესაა ადამიანი, რომელსაც უკიდურესად ეზიზღება საკუთარი თავი, ეზიზღება სამყარო, ღმერთი და დედა. დედა, აი, ის ბოლო წერტილი, სადაც თავისი სასოწარკვეთილი ამბიციის ზენიტს ამთავრებს; დამარცხებული და, ამავე დროს, მოგებული, რადგან მან წერის ამოცანას მიაგნო, წერის ფუნქცია იპოვა.

აქაც, როგორც სადთან, წერილი მთავრდება დედის მიმართ შურისძიებით, დედის დესტრუქციით. ზაზასთან მას, განსხვავებით სადისგან, სიმბოლური სახე აქვს, სიმბოლური, რომელიც სძაგს ბურჭულაძის გმირს, რადგან ის მის უძლურებას, სისუსტეს გამოხატავს. „ისე, მე რომ მკითხო, სიმბოლიზმი და ონანიზმი ერთი ნაგავია.“ არადა, მასთან წერ(ილ)ის დესტრუქცია მხოლოდ სიმბოლური დესტრუქციაა… წერილის დასასრული: „წყეულიმც იყავ, დე, სადაც არ უნდა იმყოფებოდე… […] წყეულიმც იყავ, დე, შენი სხეულის ყველა უნარში! […]“

სადის რევოლუციური გარყვნილებისგან, რომელიც რეალური რევოლუციის მოხდენას ესწრაფვის, ბურჭულაძის გარყვნილება ონანისტური წერის ტყვეა. წერი(ლი)ს ბოლოში „ძღნერის ორმოსავით დიდი და სქელი წერტილი“ ჩნდება და ეს „ძღნერი“ არის თავად ამ გარყვნილების გადაულახავი ბარიერი, მისი საფლავი.

საქართველოში გარყვნილ ლიტერატურას დააკლდა მთავარი, რაც სადთან ჰქონდა: რევოლუციური მუხტი, სინამდვილე, სიმართლე, ძალა. აქ გარყვნილება თავის თავს შეეჯახა, როგორც სინამდვილეს და თავის ზენიტში დამარცხდა, თავის წერაში წაიშალა. გარყვნილება გახდა ნარცისული, რაც გახდა მისი მთავარი ნაკლი. მან ვეღარ ნახა თავისზე მთავარი, მან ვეღარ ნახა ჰორიზონტი, ის საკუთარ აკვანში გათავდა, თავის ტახტზე სული განუტევა ისე, რომ სხვად არ გარდაქმნილა, ესე იგი, უბრალოდ მოკვდა და თავის შემდეგ მხოლოდ სასოწარკვეთა დატოვა, როგორც საკუთარი ანარეკლი. სარკე, როგორც ტოტალობა, ის, რაც შერჩა გარყვნილ ლიტერატურას თავის თავთან. ამდენად, გარყვნილება გარყვნილებადვე დარჩა და შეშლილობის ველზე გაჭრაც ვერ მოახერხა. რამდენადაც მან გაიმარჯვა, იმდენადვე ბრძოლის ველზე დაეცა და იდეურად დასამარდა. ზაზა ბურჭულაძის შემოქმედება ამის დასტურია, ისევე როგორც ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“. მათ ჩვენ აღარ ჩავუღრმავდებით, რადგან გარყვნილება, როგორც ჟანრი, მოითელა და მოიცელა, გარდასულია.

მაშ, რა გზა გამოიარა გარყვნილმა სიტყვამ ქართულ ლიტერატურაში, „ვეფხისტყაოსნიდან“ დღემდე?

ლიტერატურის წრფივ გზაზე, ჩემი აზრით, გარყვნილი სიტყვის კვლავწარმოება შვიდ საფეხურს, ეტაპს გაივლის:

  1. გარყვნილი სიტყვა, როგორც მორალის ინსტრუმენტი, იარაღი:

 „ვეფხისტყაოსანში“ გარყვნილ სიტყვას სწორედ ეს ფუნქცია აქვს. დავარის ყვირილი, ერთი მხრივ, ბოზობას გმობს, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი მრისხანება იმ ბზარებსაც აჩვენებს, საიდანაც „ბოზი“ გამოტყვრება.

  • გარყვნილი სიტყვა ხდება „სიტყვა“ სხვა სიტყვებს შორის: ლექსიკონის დაბადება:

ლექსიკონი ენის რევოლუციური ადგილია. მეტყველებისგან განსხვავებით, რომელსაც ეტიკეტი მართავს, ლექსიკონის სიჩუმე გასაქანს აძლევს ნეიტრალობას, ყოველ სიტყვას თანაბარი ადგილი დაუთმოს, თანაბრად აღიაროს. პირველად ლექსიკონი ხდება ის მყარი წერტილი, საიდანაც გარყვნილი სიტყვა ლიტერატურის სამყაროს შერყვნის.

  • ინტენსიური ბრძოლა გარყვნილებასა და რელიგიურობას შორის:

აღვირახსნილი ვნების შეზღუდვა, ალაგმვა სულაც არ ნიშნავს მასზე გამარჯვებას. გამარჯვება საეჭვო და დროებითია. რაც უფრო მეტად დეკლამირებს შემზღუდველი ძალა თავის ლეგიტიმურობას, მით უფრო იზრდება ინტერესი აღვირახსნილი ვნების მიმართ. რაც უფრო მეტად მეფობს ცხადში ხატი და კანონი, მით უფრო მეტად იპყრობს სიზმარს ავხორცობა და დანაშაული.

  • გარყვნილებამ უფლება მოიპოვა სხეულში. მან აიფარა სხეული, როგორც ფარი. ვნება გახდა სხეულის ადვოკატი:

„ყბაჩამ დაიგვიანა“ გვიჩვენებს სხეულის თვითშემეცნებას ვნებაში. ვნების სინამდვილე სხეულის მღვრიე ჭეშმარიტებაშია. სიტყვა სხეულის მანიფესტი ხდება, რადგან სიტყვას თავად სხეული წერს.

  • გარყვნილებამ იმარჯვა, როგორც წერამ, როგორც სიმართლემ: ტყნაურის აღზევება:

ბარბაქაძესთან ტყნაური არა მხოლოდ სამზეოზე გამოდის, არამედ ძალაუფლების ტახტზე ადის და მეფის გვირგვინს იდგამს. „ტრფობა წამებულთა“ ტყნაურის დიქტატურაა, პერმანენტული, როგორც წისქვილის დოლაბის ტრიალი, ცარიელი და უაზრო, მაგრამ მარტოსული, უკონკურენტო. „ტრფობა წამებულთა“ გარკვეულწილად ტყნაურის ტერორია.

  • გარყვნილება შეიცნობს თავის თავს, ანუ გარყვნის:

ლაშა ბუღაძის შემოქმედება გარყვნილების კრიტიკულ სკოლას ეკუთვნის, გარყვნილება ასახავს რეალობას, როგორც თავის თავს და, ამ აზრით, მას კრიტიკული რეპროდუქციის, წმინდა პედაგოგიკის როლი ენიჭება.

  • გარყვნილება საკუთარ თავთან იმარჯვებს, ანუ მარცხდება:

ბურჭულაძის შემოქმედება გარყვნილების ზენიტი და მისი თვითგვემაა. წერა, როგორც უკიდურესი გარყვნილება, მაგრამ, სამწუხაროდ, სიმბოლური და აბსტრაქტული; ერთდროულად სავსე და ცარიელი (აბსოლუტურად სავსე, როგორც აბსოლუტურად ცარიელი); სასოწარკვეთის მომენტი, რომელსაც რევოლუციის იმედი აკლია. ასო წერს ასოს. ასოსა და ასოს შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს.

ქართული ლიტერატურის გარყვნილი სკოლა გვიან შობილი გარყვნილებაა, როცა დასავლურმა გარყვნილებამ საკუთარი თავი მოჭამა, აქ კი გვიან წერამ გარყვნა თავისი თავი (და აღმოჩნდა საკუთარ გარყვნილ ანარეკლთან).

ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“ ზაზა ბურჭულაძის შემდეგ ახალს ვერაფერს ამბობს, სამწუხაროდ, ვერ ხდება რევოლუციური. რევოლუციის შანსი გარყვნილმა სიტყვამ, როგორც ჩანს, მთელს მსოფლიოში დაკარგა. მაგრამ დაკარგა? ვინ იცის? – მომავალი დაწერს.

  1. ციკლური დრამა

გარყვნილი სიტყვის თავგადასავალს დასაწყისი, შუა და ბოლო აქვს მხოლოდ ლიტერატურის წრფივ ტრადიციაში. ლიტერატურის წრფეზე ვხედავთ აკრძალვასთან მისი ურთიერთობის დინამიკას, დასაწყისიდან დღემდე, მაგრამ ციკლურ დროში ის თავისუფალია, აკრძალვა არ ზღუდავს, ამდენად, გარყვნილი სიტყვის ნიმუშებს ჭირნახულივით აგროვებენ და ახვავებენ, როგორც მემკვიდრეობას თარიღის გარეშე. ასეთი გარყვნილება დროის მარადიულ ბრუნვას ეკუთვნის. ის მიმობნეულია თესლებივით ზეპირსიტყვიერების ხნულებში.

მისი ლოგიკა ბრტყელია. სიტყვა-პასუხი (შაირი) ტალიონის პრინციპს ექვემდებარება. მისი ისტორია უსასრულო გამეორებაა, პროგრესის გარეშე. ციკლურ დროში გარყვნილი სიტყვა მარადიულ აწმყოში ცხოვრობს. ის უბრალო და პრიმიტიულია, როგორც გლეხი, მასავით პირდაპირი და ბრუტალურია. ზოგჯერ ის გენიალურია, როგორც ვარსკვლავი; ზოგჯერ დასახსრულია, როგორც თანავარსკვლავედი.

ერთი სიტყვით, ხალხური სკაბრეზი არ ექვემდებარება იმ ეტაპებს, ზევით რომ აღვწერეთ. მას მხოლოდ ერთი უცვლელი ეტაპი აქვს: მარადიული აწმყო, უშუალობა, თავისუფლება. რუსთველის დროსაც, გურამიშვილის დროსაც და ბუღაძის დროსაც შაირი ერთნაირად დაიბადება და ჟანრულად მსგავსი იქნება. შაირს არა აქვს მისია საკუთარი თავის მიღმა. ის არ არღვევს რაიმე აკრძალვას, არ ებრძვის რაიმე კანონს და არ ცდილობს რომელიმე ტახტზე ასვლას. მისი ტახტი და სამყარო მხოლოდ ცოცხალი ენის სპონტანურობაა.

სკაბრეზის საგანია ვინ ვინ/რა როგორ/რომ მოტყნა ან ვერ მოტყნა; ვინ ვის/რას როგორ/რომ ტყნავს ან ვერ ტყნავს; ვინ ვის/რას როგორ/რომ მოტყნავს ან ვერ მოტყნავს… და ა. შ.

ეს შეიძლება იყოს გარყვნილება სიბრძნის მოდუსში: „ვირის ყლეს ვირი მუტელი არ დაელევაო,“ „ნაბოზარ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო“ და სხვ.

შესაძლოა, იყოს მწარე შეპასუხება გარყვნილად: კითხვა – „შენ ხარა დაბალგიგაი, აკი იუბნეს მოკვდაო?!“ პასუხი – „საიქიოდან მოვდივარ, მატირალ უნდა მოვსტყნაო.“

შესაძლოა, იყოს მაღალი პოეზია, თუმცა გარყვნილად:

ნეტავ ისეთი ყლე მამცა,

რო მზეს შიგ გულში გავთხარო.

გადავტყნა მთელი ქვეყანა,

შავქმნა ახალი სამყარო.[2]

სკაბრეზი ყოველდღიურობის ნაწილია და, მიუხედავად უხამსობისა, მას მორალური, პრაქტიკული ფუნქცია აქვს. ის ამუნათებს, კიცხავს, დასცინის, ერთი სიტყვით, სჯის ან აჯილდოებს, მაგრამ სიამოვნების პრინციპთან ერთად, იმანენტურად, რეალობის პრინციპსაც ითვალისწინებს. ამიტომაც არის საინტერესო და სახალისო, და მისაღები.

  1. დისონანსური დრამა

დისონანსური დრამა ვუწოდოთ იმგვარ ლიტერატურულ მცდელობას, რომელიც ერთდროულად სამ ფრონტზე ვითარდება: კლასიკურ ჩარჩოში, როგორც ლირიკა; წრფივ ჰორიზონტზე, როგორც ლტოლვა საკუთარ ეპოქასთან ბრძოლისა და მისი დაძლევის მცდელობანი; ციკლურ დროში, როგორც თავისუფალი შაირი. და ეს ყოველივე ერთის სამი ფუნდამენტური შტოა, სამი შეურიგებელი ტოტია. 

ამგვარ ავტორად ტარიელ ჭანტურია წარმომიდგება: ლირიკოსი, სატირიკოსი და გარყვნილი (მოშაირე). მისი ხიბლი სწორედ ამგვარი სამი ერთშია, ეკლექტიკა, რომელიც არ დაიყვანება რომელიმე ერთზე.

ეს დისონანსი ინფორმაციულობამწარმოშვა და თანამედროვეობის ენას ირეკლავს. მე მივყვები 2016 წლიდან გამოცემულ ლექსების კრებულებს, რომლებშიც ავტორი იმეორებს ერთსა და იმავეს: რაც კარგია, ჩემია, რაც არა – ჩემი ალტერ-ეგოსია, „ვთხოვ ძვირფას მკითხველს, ნათქვამი არც თავის მართლებად ჩამითვალოს და არც ხუმრობად.“  

ენის თვალსაზრისით, მისი ლირიკა ზოგ შემთხვევაში ვულგარულია, რადგან ვულგარულია მისი ენა. მისი ლირიკა სევდიანია, რადგან ვნებიანია და, ამავე დროს, სიკვდილის მელანქოლიითაა გაჟღენთილი. მისი ლირიკა მახვილგონივრული და მხიარულია, როგორც სოკრატეს დიალექტიკა. მისი ლირიკა ცოცხალი და თანამედროვეა, რადგან თანამედროვე, ყოველდღიური ენით იწერება. მისი ლირიკა, ამავე დროს, ძალიან ქართულია, რადგან ძალიან ჰარი-ჰარალეა, თავზეხელაღებით დარდიანი, თავქარიანი და აზრიანი. მისი ლირიკა ხომ პოეზიის ბოლოს იბადება, გალაკტიონის შემდეგ, მუხრანის და მურმანის შემდეგ იკვირტება და იკოკრება, შესაბამისად კლასიკურ ენას ვეღარ ჰგუობს, ქუჩის ენაზე იქსოვება და შაირ-კაფიული დუღილით მსჯელობს სიყვარულზე, სიკვდილზე, დროზე და ყოველდღიური თვითრეპრეზენტაციის ასპექტებზე. მისი ლექსებიდან ბევრი ავტობიოგრაფიულია და ეხება ასაკს, შვილიშვილებს, მეგობრებს, ასახავს დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებთან, ტრანსფორმაციებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და სხვ.

არც ჩაპლინზე ფიქრობ ახლა

და არც რენე კლერზე!

კაი გოგო კი ხარ, მარა

ფიქრობ მხოლოდ ლუდზე!

[…]

არც კრწანისზე ფიქრობ ახლა

და არც ერეკლეზე!

კაი გოგო კი ხარ, მარა

ფიქრობ მხოლოდ ლუდზე!

ტარიელ ჭანტურიას თავისუფლად შეეძლო „ლუდის“ ნაცვლად „ყლე“ დაეწერა, მაგრამ მაშინ მისი ლექსი ხალხური, მდაბალი ჟანრის გარყვნილების ნიმუში იქნებოდა და დაკარგავდა იმ მახვილგონივრულობის სიხარულს, მკითხველს რომ უნდა მოჰგვაროს; დაკარგავდა სუბიექტურობას, მკითხველმა ტექსტის მიღმა პოეტი რომ უნდა განიცადოს, ინდივიდი და არა მასა-ცნობიერება.

პრობლემები და წესი სექსის

ახლა თანდათან იხვეწება!

საქმე იქამდე მივიდა, რომ

პირიქით – ქალი იხვეწება!

ეს უკვე აღარ არის ისეთივე საინტერესო სტროფი, როგორც მანამდელი. მსგავსი ხუმრობა შეიძლება შეგვხვდეს სოციალურ ქსელში ან ქუჩაში.

შემდეგი სტროფიც საკმაოდ სუსტია:

ვერ გეტყვით, რატომ – ნიცშემ

ბრძანა, რომ ღმერთი მოკვდა!

ეს რომ გაიგო ღმერთმა,

სიცილისაგან მოკვდა!

თითქოს ნიცშეა აბუჩად აგდებული: ღმერთის სიკვდილის კონცეპტი. ღმერთი ცოცხალია, მაგრამ სიცილისაგან კვდება. კლასიკური დისონანსია: არ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ კვდება. ვერ ახდენს ძლიერ ეფექტს. „მოკვდა სიცილით“ – გასაგებია, ლამაზი იდიომია, თითქოს მოსწრებულადაა გამოყენებული, მაგრამ ვერ ახდენს ძლიერ შთაბეჭდილებას.

გეკითხებიან უფალო, სოსო,

რად გინდა ცოლი უფალოსოსო!

ეს მთლიანად ემთხვევა ხალხურს. ბევრ ფშაველს ან ხევსურს შეუძლია იშაიროს ასე ან უკეთ. ასევე ითქმის ამ „ლექსპრომტზე“:

სულმუდამ ასე ეყვარები

(სანამ გივარგა ე ყვერები!).

სკაბრეზული მიმართულება, რომელიც, ჩემი აზრით, ტარიელ ჭანტურიას პოეზიის საუკეთესო ნაწილი ნამდვილად არ არის, მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, ვინაიდან პოეტის ტემპერამენტს, მის გემოვნებას, სტილს, განწყობას და სათქმელს გადმოსცემს. ამ მიმართულების გარეშე ტარიელ ჭანტურია ვერ იქნებოდა ბოლომდე ტარიელ ჭანტურია.

რადგან ჩვენი იდეა ამ სტატიის ფარგლებში მხოლოდ გარყვნილი სიტყვით შემოიფარგლება, არ შევეხებით პოეტის შესანიშნავ ლირიკას, რომელიც ისეთივე ცოცხალია დღეს, როგორც აიფონი.

ბოლოს, შეიძლება ითქვას, პოეზიის დისონანსური დრამა აჩვენებს პოეტის დაუოკებელ ლტოლვას გადარჩენისკენ, მის ძალაუფლების ნებას, რომ მას სურს, ენის ნაკადებში იცუროს, როგორც თევზმა.

პოეტი უნიკალური სპერმატოზოიდია.   


[1] სადის შესახებ ფუკოს შესანიშნავი მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ „არილის“ 2022 წლის მე-6 ნომერში.

[2] ეს გენიალური ლექსი და ტარიელ ჭანტურიას პოეზია აღმომაჩენინა ლექსო დორეულმა, რის გამოც მას უღრმესი მადლობა. სკაბრეზული ნიმუშები ციტირებულია ვახუშტი კოტეტიშვილის გამოცემული „ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშებიდან“ („მოუკრეფავნი“), რომელიც თედო სახოკიას შეგროვებულ მასალასაც შეიცავს.

© არილი

Facebook Comments Box