პოეზია

ვახტანგ ჯავახაძე – ლექსები

რუსთაველის ჭადრები

მშვიდობით, ჭადრის ჩრდილებო: ჩვენ უცებ გამოგვასახლეს
და აღარავინ გვაღირსებს თქვენი სამოთხის გასაღებს:
დააყაჩაღეს ხერხებმა თქვენი გამზირის კარკასი,
ჩაახშეს გამეტებული მოლაღურების განგაში.
გაიმეტეს და თქვენსავით გაწირეს თქვენი ჭადრებიც,
გარეთ დარჩენილ პოეტებს სახლივით მოენატრებით.
თქვენსავით გაფერმკრთალდება თქვენი ბრალი და ბრალდება
და თქვენი მთვარე ამაღამ ამაოდ ამობრძანდება.

ისევ “სამება”

გადაფასდა სახლები, შეიცვალა ბალანსი,
მაკლერები გაებნენ ათას ხათაბალაში.
ზედა – ქვედა სართულებს ალმაცერად დაჰყურებს:
მეცამეტე ტრაბახობს, მეთექვსმეტე ახურებს.
უცებ გადანაწილდა თითქოს უფლის უფლება:
გათამამდნენ, წამოჰყვეს თავი გარეუბნებმა.
გაჯიუტდა მაზანდა, ვეღარც შეევაჭრები,
აღმოსავლეთისაკენ შემობრუნდნენ ფანჯრები
და დაჭყიტეს თვალები: იისფერი ნისლიდან
ჩუმად ამოოქროვდა, ჩუმად ამოიზიდა, –
და ნუ მეპატიჟები: მოსვლა დამეზარება,
შენი აივნებიდან თუ არ მოჩანს “სამება”.

ერთხელ მაინც

ვისაც მოუსმენია ერთხელ მაინც თოვლისთვის,
მეც მომისმენს, გამიგებს, დამიცდის და მომიცდის.
ვისაც თერგის ტირადა და ალაზნის არია
გაუხმოვანებია, ჩემი მეგობარია.
ვის გზაზედაც – მთები და მთებზე – მონასტრებია,
ვისაც ერთხელ ბიჭვინთის ღამე მონატრებია.
ვისაც შუაღამისას უცებ გაღვიძებია
და ქვიშხეთის ცაცხვები მოუსაკლისებია;
ვისაც ახსოვს სუსხები მოწეული სიმინდის,
ვინც შეუწუხებია არაერთხელ სინიდისს;
ვინც გაურბის სერობას, როცა სხვები რჩებიან,
ვისაც სასიყვარულო დაუმესიჯებია;
ვისაც ანგელოზისთვის თვალი, ყურიც მოუკრავს,
ვისაც თავი ერთხელ მაინც მოუკლავს.

* * *

მიცავს წელიწადების აბჯარი და სამოსი:
ქუთაისის – ცხრამეტი და თბილისის – სამოცი.
არვინ წამომიყენოს სარჩელი და ბრალდება:
ქუთაისის ცხრამეტი – სამოცს აღემატება.
მაქებს ლუკა ჩვენი და მაქებს მათე მათი და
უმაღლესი არ გახლავთ ჩემი მათემატიკა,
მაგრამ ფარდობითობის თეორიის თანახმად –
სიჭაბუკე-სიბერის ყველა ხიდი განაღმა.
ადრე, როცა მართობდნენ შაირი და კაფია,
გადიოდნენ დღეები, ახლა წლები გარბიან,
და მე იმ წლებს ჩამითვლის, მხოლოდ იმ წლებს ცხოვრება,
მხოლოდ იმ წლებს, რომლებიც კარგად მემახსოვრება.

* * *

უცებ შედედდა საცობი, მოულოდნელი საცობი,
ყოველთვის მოულოდნელი და ძნელად გამოსაცნობი.
ამაოდ უტევს ფერადებს შენი „ოპელის“ გიშერი,
ახლა სიგნალი კი არა, სირენაც ვეღარ გიშველის.
სად დაიკარგა პატრული? წამალი მაინც გეყიდა?!
რა ძალით შემოეტენე, შეიძლებოდა ფეხითაც.
მიზეზს ამაოდ დაეძებ – უჩინოსა და უჩინარს,
შეიძლებოდა ხვალაც და შეიძლებოდა გუშინაც.
ალბათ, ცხოვრებაც ესაა, თუკი არ შეიცვლებოდა,
ასედაც შეიძლება და ისედაც შეიძლებოდა.
ალბათ საცობიც გვამზადებს ყინულზე გასაცურებლად,
გამწყრალი მამაკაცები მონათლა ვაჟკაცუნებად.
რა სამიტინგე მასალა ცდება?! – მიდი და გარისკე!
ვეღარ ვეტევით, ბატონო, თუ არ მოვკურცხლეთ
მთვარისკენ.
მე მინდა, გავესაუბრო კანონის მოდარაჯეს და
ვუსაყვედურო: ვინ დასვა მატრიარქატი საჭესთან?
ამბობენ: ვერვინ დაიხსნის ავტომობილის მონასო,
შეხედე: როგორ უხდება ჯიპი ერკეთის მონაზონს!

* * *

სამოთხის ლამაზმანებო, უადამებო დამებო,
თქვენ გამახსენეთ ედემის დედიშობილა სამეფო.
ცას ევასავით შესცინით, მზეს ეუბნებით: ჩადიო!
ლამის საჩემო სამზეო ღამის ჩარჩოში ჩატიოთ.
ლოველასებმა გაკურთხეს: ღმერთმა დაგწეროთ ჯვარიო!
როგორმე უნდა მოვქრთამო მეც თქვენი იმპრესარიო.
თქვენი ფერი და ფერვალი საზღვრებსაც აღარ განარჩევს:
მინიმალური სამოსიც ეზედმეტება დანარჩენს:
რაღა დარჩა და თითქმის და ცოტაც და რაღა აკლია:
არც ურეკია საჭირო, არც გაგრა, არც ანაკლია,
არც პოდიუმი: გეწვევით და აღარც მოგეხათრებით,
მოწყალე მენატურენო, სად დაგეკარგათ მხატვრები?!
ყოველდღე თქვენი ზეიმი და თქვენი ბენეფისია,
მაგრამ, სამოთხის ჩიტებო, ვინაა თქვენი “ბიძია”!!!

ქება სიბერკაცისა

შევიფერე სათვალე და ჭაღარასაც ვიფერებ,
ვახოც მყავს და მარიამიც, რას მიქვია სიბერე?!
მიადვილებს მტკივნეული წლების დაბალზამებას –
ღვთიშობლის და ორი მეფის სახელების სამება.
სხვამ შეირგოს საკუთარი სახელი და სახრავი,
მე კი ჩემი მირჩევნია სათესი და სახნავი.
შევეჩვიე: ძველებურად თვალებს აღარ ვაფეთებ,
თუ დამჭირდა, შემიძლია მეორედაც დავბერდე.
მესამედაც… თუკი სიტყვას ბაჟი არ დაედება,
თუკი გამეტების დროშებს დახევს გადამეტება.
ჯერჯერობით ბადიშივით მელოდება არგანი,
ერთადერთი – ბორკილიღა დამრჩა დასაკარგავი.
დღეები და ღამეები, როგორც ვიანგარიშე,
გაწონასწორებულია უკვდავების გარეშეც.
და ასაკის იმუნიტეტს ვერვინ გამიბათილებს,
რადგან არცერთს არ ვანსხვავებ: მცნებას ვიცავ ათივეს.
სტრიქონებში ვარდებს შორის მებლანდება ასკილი,
დამდევს მეფისტოფელივით ლექსი უკანასკნელი.
მემუქრება სიმარტოვე – ბეწვზე გადარჩენილი –
და კარებთან ყავარჯენი მელის განაჩენივით.

გალაკტიონის მოტივებზე (I)

გომბორის მთვარე და კოდორის მთიები,
ლაჰილის დალი და ყაზბეგის ფერია, –
გინახავთ თქვენ ჩემი სამშობლოს მთები? –
იგი დაბინდული ქლიავის ფერია.
მეძახის ქვიტირის სურო და ხვიარა
და ვეღარ მაკავებს ჩიხები ბალახვნის, –
თუ ფეხშიშველა არ გავიარე,
რაა ბალახი?!
დაღალდა, ყოველდღე ნანიებს მაგია,
ყოველდღე მაღვიძებს ხმა მეეზოვესი,
დამიცა, ბარემის მეც გვერდით აგიარ,
როდესაც ზეცაზე გადიარს ზევესი.
გაძვირდა ტატუ და გაძვირდა სვირინგი
და მინდა ხარჯები გავინახევრო:
გულდენი! შილინგი, შილინგი, შილინგი!
გროშები! გროშები! გროშები! ევრო!

გალაკტიონის მოტივებზე (II)

დაბინდული ქლიავების
ფერს რო ველოლიავები,
იარების ზიარების
ნაკვალევზე ვიარები.
სათავიან-სადავიან
მდინარეს რო გადავიარ,
იმისთანა ღადავია,
მხატვრის დასახატავია.
ისე გვათრობს მზერა შენი,
რაშებს თმობენ მერაშენი
და ხუნდება შენი შურით
მზის და მთვარის შერაშენი.

ნეტავ?

– ნეტავ შოთას ანდა ვაჟას
ვინ ასწავლა წერა-კითხვა?
– დაანებეთ თავი ნაჯახს:
ვერ ამოშლით წერაქვითაც!

კაცია-ადამიანი!!!

არ დაელია ლუარსაბების
ქვეყანას პურის ჭამის საბაბი.
უცხოვრია თუ უარსებია –
ყველა ქართველი ლუარსაბია.
მოხსნეს თამამი ანუ თავნება
ბანკების ბანკი რესტორანებმა.
ფიროსმანიან-წერეთელიან
კედლებში ხმები ვერ ეტევიან:
აკორდს დაეძებს გამა ამაოს:
– საქართველოო, გაამოს!

პაატა ცაავა

ააწყო პაატა ცაავამ ებანი:
“საათაბაგოთა გაბაასებანი”.
ადიდა მაარი, ადიდა საადი,
დახარჯა ცხრაასი კილოვატ-საათი.
რეესტრში ჩარიცხა უდროო დროები:
ქანაანელები, ვატერლოოები.
სააკაშვილები, სააკაძეები,
ლაოკოონივით დათვლილი დღეები.
ჯეელი მეეტლე, საამო საარი,
ზაალიშვილების მეექვსე ზაალი.
მირზაანელების თიბათვის სათიბი,
მეეზოვეების ჯარ-ჯამაათები.
ისააკ ნიუტონს მიჰგვარა ჭკვიანი
ნათლული – ავეტიქ ისააკიანი.
შიიტებს უბოძა ზღვა პრივილეგია,
თუმცაღა ჰააგა წინააღმდეგია.
ვერ შველის, შორსაა კუნძული ტაიტი,
ამშვიდებს ვეება ვეერის ტაატი.
უარყოფაა და უარყობაა და
ლოცავენ: გაამოს, გაამოს, პაატა!
პაატა ცაავა –
ცააში წაავა!

იყიდება საქართველო

საქართველო, დებო და
ძმებო, მალავს ხვაშიადს,
წინათ – იყიდებოდა,
ახლა – გაყიდვაშია!

1917

იყო ბელი, იყო ბლოკი,
იყო პოეტების ბლოკი,
ადიდებდნენ, სამშობლო კი
წითლდებოდა, ვით ბოლოკი.

* * *
საახალწლოდ ნაძვის ულამაზეს ხეს –
დეკემბერი საიანვროდ მასესხებს.
იაიებს – მარტის ულამაზესებს –
ნასესხები აპრილივით მასესხებს.
დამტოვებენ მისანი და მასონი,
გალამაზდებიან ულამაზონი.
ხოლო იგი, ვინც შეიცვლის მიმიკას,
ღარიბების კაზინოში მიმიყვანს,
რათა ბოლოს იქ არა და სხვაგან კი –
ერთხელ მაინც დავიძახო “ვა-ბანკი”!

მზე – უცები

წვიმა ქუჩის კიპარისებს
ამრუდებს და აზიგზაგებს,
თავშესაფრებს გვიხარისხებს
და გვაჩქარებს ტაქსისაკენ.
თითქოს გული ეზიდება,
არ იბრალებს ქოლგიანებს,
მიწისაკენ ეზიდება
ცათაშუა ოკეანეს.
ირიბი და ალმაცერი
აღარ ცხრება, აღარ იღებს…
მაგრამ ვიდრე ალმასებით
დედაქალაქს აღარიბებს,
ვიდრე ღრუბლებს აფეხმძიმებს
და ერთმანეთს არ აშორებს, –
მზე – უცები – დაბრეცილებს
უმალ გაათარაზოებს.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს

რას მიქვია მეცხრამეტე ლუდოვიკო! –
მირჩევნია მუდოსავით მუდო ვიყო,
ანდა ვიყო ვახტანგ მერომელიღაცა,
ვინც ფრანგების მეფესავით ვერ იღვაწა
და რომელსაც შეაჩეჩეს მესტამბეთა
სიგელი და ფარანი და ესტაფეტა,
რათა გაჰყვეს სადიპლომატიო გემებს
და სინოპში ჩაუტანოს დიოგენეს
(კმარა! შენ ხარ ვახტანგ ათასმეექვსე და
რიგი აღარ დაარღვიო მელექსეთა!).

* * *
ვარდები არ ჰქონდა – დარდები კი ჰქონდა,
ვილები არ ჰქონდა – ვალები კი ჰქონდა,
შინდისი არ ჰქონდა – სინდისი კი ჰქონდა,
“ნისანი” არ ჰქონდა – მიზანი კი ჰქონდა, –
ამიტომ მწუხარე რაინდი იყო და
ოცნებამ თანდათან გაა-დონ-კიხოტა.

ჰა და ჰა!

აქა-იქ და ხე-და-ხე
ილანდება ცა და ცა,
ასულს ჰგვანან ძე და ძე,
ძმას ნატრობენ და და და.
სადაც იყო ჭა და ჭა,
სადაც არის რუ და რუ, –
სადაცაა, ჰა და ჰა,
მიაღწევენ კუ და კუ.
გააწუწკა მადამა
მექალთანე, მედამე,
წიწკვი გაამადამა,
ამიტომაც ვედავე.
რა მაკლია, რა და რა:
დასტური და ჰო და ჰო,
ბალანჩინის პა და პა
მომწონს, როგორც პო და პო.
მახსოვს სესხის დატა და
მახსოვს მესტამბეთა ბე,
ეჭვმა გამაქადაგა:
გაგვაორა მე და მე.
არ დაიდო ყადაღა
რითმამ, პური მაჭამა,
დავასრულე, ჰა და ჰა,
ჩემი ანტიმაჯამა.

* * *
ვეძებ ორიგინალებს,
მომაჩეჩეს ასლები,
ვინც მაცთუნა, ინანებს,
მსაჯულს დავემსგავსები.
ჩანჩქერების ხმაურში
მზემ მუხები გარუჯა,
მევაჭრება ალუჩის
ბუში, როგორც ალუჩა,
და მაეჭვებს ფასადი
ტაძრის მეცამეტესი,
ისე, როგორც ფაშატის
და სახედრის მეტისი.
მიყვარს მთვარის დაირა –
მზეზე უსპეტაკესი,
ოღონდ ცაზე – და არა
ჭაში ანდა სარკეში.
ჰქვია სამაგიერო,
როცა საწინდარი ჩანს,
ტარიელის კი არა –
ლუარსაბის დარეჯანს.
დაიწმინდა ქაოსი,
დაცხრა ყველა დეტალი,
წუხელ “ვეფხისტყაოსნის”
დამესიზმრა დედანი.

* * *

მე ჩემს დამაყაჩაღებელს ვეაჯები: მაპატიე,
ორიოდე რითმის მეტი – არაფერი მაბადია.
ნუ მაგინებ, რაკი თვითონ შეგეშალა მისამართი,
შემეშვი და დამეკარგე, წაშავდი და მისამარდი.
გაიხედე: ეს ქალაქი თითქმის ერთი ბანკია და
ადრესები დააზუსტე ფულის სარკოფაგიანთა.
ოღონდ კარგად გაზომე და შეყოვნდი და შეიცადე:
თუ წაგასწრეს, დღეებივით დაგითვლიან წელიწადებს.
ისიც გაიანგარიშე, ვიდრე წლები გამიზრდია:
მაცხოვარი არასოდეს არ აცხადებს ამნისტიას.

(c) “ჩვენი მწერლობა“

Facebook Comments Box