ვერგილიუსი – ენეიდა

vergil-111832

ლათინურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა

პირველი სიმღერა

იარაღსა და კაცს ვუმღერი, რომელიც, ბედისგან დევნილი, ტროის ნაპირებიდან პირველი ჩავიდა იტალიაში[1] და მიადგა ლავინიუმის სანაპიროს[2]; უამრავჯერ მიახეთქა იგი აქეთ-იქით ზღვასა და ხმელეთს უზენაესმა ძალამ, სასტიკი იუნოს მრისხანებამ; ათასი ჭირი და უამრავი ომი გადაიტანა, სანამ დააარსებდა ქალაქს და ღმერთებს შეიყვანდა ლატიუმში[3], ლატინთა მოდგმის, ალბის მამებისა[4] და რომის მაღალი გალავნის სამშობლოში.

მუზავ, შემახსენე მიზეზი, რით შეურაცხყო, ასეთი რა ატკინა ღმერთების დედოფალს[5], რომ ამ დღეში ჩააგდო [10] სათნოებით სავსე ვაჟკაცი და ამდენი განსაცდელი მოუვლინა? ნუთუ ღმერთის სულს ამოდენა მრისხანება შეუძლია?

ძველი ქალაქი იყო[6], ტიროსელ ახალმოშენეებს ეკავათ, – კართაგენი, იტალიის მოპირდაპირე მხარეს. მდინარე ტიბრის შესართავიდან შორს, ყველაფრით მდიდარი და ომებში გამობრძმედილი; ამბობდნენ, იუნო მას ყველა მიწაზე მეტად პატრონობდა, სამოსზეც[7] კი ნაკლებად ზრუნავდაო; აქ იყო მისი იარაღი, აქ იყო მისი ეტლი; ქალღმერთი იმედოვნებდა და ზრუნავდა, რომ, თუ ბედიც ისურვებდა, იგი ხალხთა სამეფოდ ექცია; ოღონდ გაგონილი ჰქონდა, ტროული სისხლისგან მომდინარე მოდგმა [20] ოდესმე ტიროსელების სიმაგრეებს დააქცევსო[8]; აქედან მსოფლიოს მმართველი და ომით ამაყი ხალხი მოვა ლიბიის დასაღუპავად, ასე დაადგინეს პარკებმაო. ამის ეშინოდა და ახსოვდა ძველი ომი სატურნიას[9], როდესაც ტროასთან იბრძოდა ძვირფასი არგოსელებისთვის[10] – ჯერაც არ გასულიყო მისი სულიდან რისხვის მიზეზი და სასტიკი ტკივილები ღრმად იყო ჩამარხული მის გონებაში: პარისის[11] არჩევანი და დედოფლის სილამაზის შურაცხმყოფელი უარყოფა, აუტანელი მოდგმა[12] და მოტაცებული განიმედესის პატივი. ამ ამბების გამო აგზნებული, მთელ ოკეანეში ათრევდა [30] ტროელებს, რომლებიც გადაურჩნენ დანაელებსა[13] და დაუნდობელ აქილევსს; შორს აკავებდა ლატიუმიდან და მრავალ წელს ახეტიალებდა, წერას ატანილებს, მთელ ოკეანეში. ასე მძიმე იყო რომაელი ხალხის დაფუძნების ტვირთი.

როგორც კი თვალს მიეფარა სიცილიის მიწა, სიხარულით გაშალეს იალქანი და სპილენძით ააქაფეს[14] ზღვა, მკერდში სამარადისოდ დაჭრილმა იუნომ მაშინვე საკუთარ თავს მიმართა: „ნუთუ უნდა შევწყვიტო დაწყებული საქმე, უნდა დავმარცხდე, ვერ უნდა შევძლო, ავაცილო იტალიას ტევკრების[15] მეფობა? თუნდაც ბედისწერა მიშლიდეს? ვერ შეძლო პალასმა, გადაებუგა არგოსელთა ფლოტი [40] და თავად ისინი დაეხრჩო ზღვაში, ერთი კაცის, აიას ოილევსის ძის, დანაშაულისა და უგუნურების გამო[16]? თავად ესროლა ღრუბლებიდან იუპიტერის სწრაფი ცეცხლი[17], მიმოფანტა ხომალდები და ქარებით აღძრა ტალღები, დაჭრილ აიასს მკერდიდან ცეცხლი ამოასუნთქა, გრიგალით შეიპყრო და სალ კლდეს მიაჯაჭვა; ხოლო მე, ღმერთების დედოფალი, იუპიტერის დაც და მეუღლეც, ერთ ხალხთან ომში ვარ ამდენი წელია! ვინღა სცემს პატივს იუნოს სიდიადეს ამის შემდეგ, ან რომელი მავედრებელი მიაგებს პატივს მის საკურთხეველს?

[50] გულანთებული ასეთ რამეებს ეუბნებოდა საკუთარ თავს, როცა წვიმის ღრუბლების სამშობლოში, სამხრეთის მძვინვარე ქარებით ფეხმძიმე ადგილას, ეოლიაში ჩავიდა. იქ მეფე ეოლუსი ვრცელ გამოქვაბულში თავისი ძალაუფლებით ხმაურიან ქარებსა და გრიგალებს ჯაჭვითა და ციხით აოკებს[18]. ქარები მრისხანებენ და დიდი ჩურჩულით ირგვლივ ხმაურობენ მთის ფერდობები; მაღალ სიმაგრეში ზის ეოლუსი, უპყრია კვერთხი, არბილებს სულებს და აცხრობს რისხვას. ამას რომ არ შვრებოდეს, ზღვას, მიწასა და ღრმა ზეცას წალეკავდნენ და ჰაერში გააქრობდნენ ქარები. [60] სწორედ ამის შიშით ყოვლისშემძლე მამამ[19] გადამალა ისინი ბნელ ქვაბულებში, კლდე და მაღალი მთები დაადგა ზემოდან, მეფე დაუსვა, რომელსაც მყარი ხელშეკრულებით დაუდგინა, როდის უნდა შეეკავებინა ან ებრძანებინა და გამოეშვა წვიმა. სწორედ მას მიმართა იუნომ ვედრებით ასეთი სიტყვებით:

„ეოლუს, შენ ღმერთების მამამ და ადამიანთა მეფემ მოგანიჭა ძალა, დააცხრო ტალღები ან აღძრა ისინი ქარით; ჩემთვის საძულველი მოდგმა მიცურავს ტირენიის ზღვაში[20], იტალიაში ჩააქვს ილიონი[21] და დამარცხებული პენატები. დალეწე ქარის ძალით და მოუსპე გემებს კიჩოები [70] ან დაუშალე გემები და ზღვაში მიმოფანტე მათი გვამები. ბრწყინვალე აღნაგობის თოთხმეტი ნიმფა მყავს, რომელთაგან უმშვენიერესია დეიოპეა, ურღვევი საქორწინო კავშირით შეგაერთებთ სამუდამოდ და იგი ლამაზი შვილების მამად გაქცევს.“

მას უპასუხა ეოლუსმა: „დედოფალო, შენი ნებაა, იცოდე, რა გსურს, ჩემი მოვალეობაა შენი ბრძანების ასრულება. შენ მომანიჭე მე ეს სამეფო, ეს კვერთხი და იუპიტერის წყალობა, შენ დამრთე ნება, რომ ღმერთების დღესასწაულებზე ვიწვე, [80] როცა მაქციე წვიმის ღრუბლებისა და ქარიშხლის მბრძანებლად.“

ეს თქვა და შუბისტარი ცარიელ მთას გვერდიდან დაარტყა და ქარებს გასასვლელი მიეცათ და თითქმის საბრძოლო წყობით გამოიჭრნენ და მიწას გრიგალად დაატყდნენ თავს; დააცხრნენ ზღვას და მთლიანად, სიღრმეებამდე ააფორიაქეს იგი; ევრუსმა[22], ნოტუსმა[23] და ხშირქარიშხლიანმა აფრიკუსმა[24] ერთად მიახეთქეს ნაპირს უზარმაზარი ტალღები.

ერთმანეთის მიყოლებით გაისმა ხალხის ყვირილი და ბაგირების წივილი. უეცრად ღრუბლებმა ტევკრებს თვალებიდან მოსტაცეს ზეცა და დღის სინათლე; ზღვაზე ბნელი ღამე ჩამოწვა. ცის თაღმა დაიქუხა, ცეცხლმა გაიელვა ეთერში და ეს ყველაფერი ტროელებს უტყუარი სიკვდილით დაემუქრა.

იმავწამს შიშის სიცივე გაუჯდა ენეასს სხეულში, ამოიოხრა, ორივე ხელი ვარსკვლავებისკენ გაიშვირა და მთელი ხმით შესძახა: „ო, სამგზის, ოთხგზის უფრო ბედნიერია, ვინც მამების თვალწინ ტროის მაღალ გალავანთან ბრძოლაში დაეცა! ო, ტიდევსის ძეო[25], დანაელთა შორის უმძლავრესო! არ შეიძლებოდა, ილიონის ველზე დავცემულიყავი, შენი მარჯვენით ამომხდომოდა სული, სადაც მძვინვარე ჰექტორი წევს აიაკიდის შუბით განგმირული[26], სადაც უზარმაზარი [100] სარპედონია[27], სადაც სიმოეისის[28] ტალღებს ამდენი ფარი, მუზარადი და ვაჟკაცის ცხედარი მიაქვს?“

ეს რომ ამოიძახა, აკვილონმა[29] ქარიშხალი დაატეხა იალქანს, ხოლო ტალღები ვარსკვლავებამდე ასწია. დაიმსხვრა ნიჩბები; მაშინ გემმა ცხვირი შემოაბრუნა, ტალღებს მიუშვირა გვერდი; აზვირთებული წყლის მთელი მთა დაასკდა ხომალდს. აქ გემები ტალღის თავს ჩამოეკიდა, იქ ტალღამ პირი დააღო და ზვირთებს შორის მიწა გამოჩნდა, მძვინვარებდა ქვიშის დინება. ნოტუსმა სამი ხომალდი ფარული კლდეებისკენ მიმართა – ზღვის ტალღებში მოქცეულ ამ კლდეებს იტალიელები საკურთხევლებს უწოდებენ[30],  [110] – უზარმაზარი ქედია ზღვის ზედაპირზე; სამი გემი ევრუსმა სიღრმიდან მეჩეჩსა და რიფებს მიალეწა (საცოდავი სანახავია!) და ზემოდან ქვიშა დააყარა. ერთ გემს, რომელსაც ლიკიელები[31] და ერთგული ორონტესი მიჰყავდა, მის თვალწინ უზარმაზარი მორევით ზღვა კიჩოზე დააცხრა და იმავწამს თავით გადაუშვა მესაჭე ზღვაში; იქვე ერთ-ერთი ხომალდი სამგზის დაატრიალა ტალღამ და მორევის ძაბრმა სწრაფად შთანთქა იგი. ზღვის ვრცელ უფსკრულში აქა-იქ მოცურავეები ჩნდებოდნენ, ხალხის იარაღი, ფიცრები და ტროის საგანძური მიჰქონდა ტალღებს.

[120] ილიონევსის[32] მტკიცე ხომალდი, შემდეგ მძლავრი აქატესისა, ბოლოს აბასისა და ბერიკაცი ალეტესისაც, დაამარცხა ზამთრის ავდარმა; ყველა შეერთება მოშალა, მტრულმა წყალმა შეაღწია გაჩენილ ნაპრალებში.

ამასობაში ნეპტუნუსმა იგრძნო, რომ დიდი ხმაურით იყო აღძრული ზღვა, ავდარი იყო მოვლენილი და სიღრმიდან ფეთქავდა ძლიერ აღძრული წყალი; ამოიხედა, ტალღებს ზემოთ ამოყო მშვიდობიანი თავი. დაინახა, რომ ენეასის ფლოტი მთელ ოკეანეში იყო მიმოფანტული, ტალღებისგან შევიწროებული და ზეცისგან დამსხვრეული; [130] არ დაემალა ძმას იუნოს ცბიერება და მრისხანება. ევრუსსა და ზეფირუსს მოუხმო და შემდეგ ასეთი რამ უთხრა:

„საკუთარი მოდგმის ამოდენა რწმენა გაქვთ?! ჩემი თანხმობის გარეშე, ქარებო, ცა და მიწა აღგიძრავთ და ამოდენა ტალღების გამოწვევა გაგიბედავთ? მოგივლით! მაგრამ ჯერ აღძრულ ტალღებს დავაცხრობ. ამის შემდეგ სხვანაირი სასჯელით დაისჯებით. გაქრით აქედან და თქვენს მეფეს ეს უთხარით: მისთვის არავის მიუცა ზღვაზე მბრძანებლობის უფლება და მძვინვარე სამკბილა, ეს ყველაფერი მე მარგუნა ბედმა. მისი მხოლოდ დიდი კლდე და [140] თქვენი სახლებია, ევრუს; იქ ბრძანდებოდეს სასახლეში ეოლუსი და იმეფოს ქარების დახურულ ციხეზე.“

ასე ბრძანა და ნაქვამზე სწრაფად დააცხრო მღელვარე ზღვა, ერთად თავმოყრილი ღრუბლები გაყარა და მზე დააბრუნა. იმავწამს კიმოთოემ და ტრიტონმა[33] კლდის მწვერვალიდან ჩამოუშვეს გემები; ღმერთმა ასწია სამკბილა, ვრცელი მეჩეჩი გამოაჩინა, ზღვა დააწყნარა, თავად კი მსუბუქი ბორბლებით გასრიალდა ტალღების თავზე.

ასე მრავალრიცხოვან ხალხში ხშირად აღიძვრება აჯანყება[34] და სულით მძვინვარებს უბირი ბრბო [150] და უკვე მიქრიან ჩირაღდნები და ქვები – მრისხანება იარაღს იძლევა; მაგრამ, როგორც კი დაინახავენ სათნოებით შემოსილ და ღირსებით ძლიერ ვაჟკაცს, დუმდებიან და დგებიან დაცქვეტილი ყურებით; იგი ნათქვამით მართავს სულებს და გულებს უწყნარებს, – ასე მთელ ზღვაზე ჩაცხრა ხმაური, მშობელმა დახედა, ცა გახსნა, მოაბრუნა ცხენები, გაფრინდა და სადავეები მორჩილ ეტლს მიანდო.

ენეასის დაქანცულმა თანამგზავრებმა თავისი გზა უახლოესი ნაპირისაკენ მიმართეს და ლიბიის მხარეს მიბრუნდნენ. არის ცალკე განმარტოებული ადგილი, აქ კუნძულმა ბუნებრივი ნავსაყუდელი [160] შექმნა, რადგან სანაპიროს გადაეფარა; მასზე იმსხვრევა მაღალი ზღვიდან მოსული ტალღები და მცირე ღელვაღა რჩება. მარჯვნივ და მარცხნივ ორი ვრცელი კლდეა, ორივეს ცისთვის აქვს მწვერვალი მუქარით მიბჯენილი, მათი ციცაბოს ქვეშ ზღვა სრულიად წყნარია; იქ, მოცახცახე ფოთლებში, ჩამალულია ბნელი ჭალა საშიში ჩრდილით. დაკიდული კლდეების მოპირდაპირე მხარეს გამოქვაბულია, მასში მტკნარი წყალია და კლდის სავარძლები, ნიმფების სავანე. აქ ბაგირების დამაგრების გარეშე დგას ხომალდები, მოხრილ ღუზას არც კი უშვებს, რომ ფსკერს ჩაებღაუჭოს. [170] მთელი ფლოტისაგან დარჩენილ შვიდ ხომალდს მოუყარა თავი და აქ შეიყვანა ენეასმა; მიწის დიდი სიყვარულით ჩამოვიდნენ ხომალდიდან ტროელები, გაიხარეს სანუკვარი ქვიშით და ზღვის წყლით დასველებული ფეხები ნაპირს დაადგეს. აქატესმა კაჟით ნაპერწკალი გააჩინა და ცეცხლი მოუკიდა ფოთლებს, შემდეგ ირგვლივ შემოუწყო მშრალი ფიჩხი, შეშა შეუკეთა და კოცონი გააჩაღა. შემდეგ ტალღებით დასველებული ხორბალი და კერესისეული იარაღი[35] გამოიტანეს განსაცდელით დაქანცულებმა, მარცვალი გამოარჩიეს, ცეცხლზე მოხალეს და ქვებს შორის დაფქვეს.

ამასობაში ენეასი მწვერვალზე ავიდა და, რაც შეიძლება შორს, მოავლო ზღვას თვალი, რომ დაენახა ქარისგან დევნილი ანთევსი და ფრიგიული ბირემისები[36] ან კაპისი ან კაიკუსის იარაღი შემაღლებულ კიჩოზე[37]. გემები ვერ დაინახა, მაგრამ თვალი მოჰკრა სამ ირემს, რომლებიც სანაპიროზე მიდიოდნენ, მათ უკან მიჰყვებოდა მთელი ჯოგი; გრძელი რიგი ხეობის გავლით საძოვარზე მიემართებოდა. გაირინდა იქ, ხელი ჩაავლო მშვილდსა და სწრაფ ისრებს, – იარაღი მას ერთგულმა აქატესმა მოუტანა; ჯერ თავად მეთაურები დახოცა, მაღლა რომ ეჭირათ დატოტვილი რქებით შებურული თავები [190], შემდეგ დაერია მთელ ირმების ჯოგს, რომელიც შეფოთლილ ტყეში დაიფანტა. მანამდე არ მოეშვა, სანამ გამარჯვებულმა შვიდი უზარმაზარი სხეული არ დასცა მიწაზე და ირმების რიცხვი ხომალდების რიცხვს არ გაუთანაბრა.

აქედან ნავსადგურს მიადგა და ნანადირევი ყველა თანამგზავრს გაუნაწილა. ღვინო, რომელიც კეთილშობილმა აკესტესმა[38] აჩუქა მიმავალ გმირებს და ქვევრები გაუვსო ტრინაკრიის[39] ნაპირზე, ყველას ჩამოუსხა ენეასმა და სიტყვით მოულბო დამწუხრებული გულები:

„მეგობრებო, არც ადრე გვაკლდა უბედურება, ამაზე უარესიც გადაგიტანიათ; ღმერთი მოგასწრებთ ამ გასაჭირის დასასრულსაც. [200] გამოვლილი გაქვთ სკილას მძვინვარებაც და მათ შორის მოღრიალე კლდეებიც, გამოცდილი გაქვთ კიკლოფსის კლდეები[40]; ახლაც მოუხმეთ სიმამაცეს, დაძლიეთ სევდიანი შიში: შესაძლოა, ეს განსაცდელიც ოდესმე ტკბილად გავიხსენოთ. მრავალი თავგადასავლის გავლით, ამდენი განსხვავებული ამბის შემდეგ მივესწრაფვით ლატიუმს; იქ ბედისწერა გვიმზადებს წყნარ საცხოვრისს; ნაბრძანებია, რომ იქ აღდგება ტროის სამეფო. გამაგრდით და თავი შეინახეთ ბედნიერი მომავლისთვის.“

ეს სიტყვები კი უთხრა მეგობრებს, მაგრამ მაინც დიდი საზრუნავი აწუხებდა, სახეზე იმედს იხატავდა, გულით კი ღრმა ტკივილს ითმენდა. [210] ტროელებმა ნადავლისთვის და მომავალი ნადიმისთვის ქამრები შემოირტყეს; ფერდებიდან გაატყავეს და ხორცი გაუშიშვლეს; ნაწილი ნაჭრებად დაჭრეს და მოცახცახე ხორცი ხის შამფურებზე წამოაცვეს; სხვებმა ნაპირზე სპილენძის ქვაბები გამოიტანეს და ცეცხლი გააჩაღეს. შემდეგ საკვებით დაიბრუნეს ძალა, ბალახზე წამოწვნენ, დანაყრდნენ ძველი ღვინითა და ცხიმიანი ნანადირევით.

როდესაც შიმშილი დაძლიეს და მაგიდები მოიშორეს, დაკარგულ მეგობრებზე წამოიწყეს გრძელი საუბარი, ირხეოდნენ იმედსა და შიშს შორის, ხან ცოცხლებად მიიჩნევდნენ, ხან უკანასკნელ დღეში ჩავარდნილებად; ეძახდნენ და პასუხი არ ესმოდათ. [220] ღვთისმოსავი ენეასი ახლა განსაკუთრებით დარდობდა გამჭრიახ ორონტესზე, ამიკუსზე და დასტიროდა ლიკუსის სასტიკ ბედს, ვაჟკაც გიასსა და მამაც კლოანთუსს.

როდესაც ნადიმი დასრულდა, იუპიტერმა მაღალი ეთერიდან გადმოხედა იალქნებით მოფენილ ზღვას, გაჭიმულ მიწას, ნაპირებსა და ვრცელ ქვეყნებს, ზეცის მწვერვალზე დადგა და ლიბიის სამეფოს მიაპყრო მზერა. მაშინ მას, ამგვარი საზრუნავით გართულს, მწუხარე და ელვარე თვალებზე ცრემლმომდგარმა ვენუსმა მიმართა: „შენ, რომელიც ადამიანთა და ღმერთთა საქმეებს [230] განაგებ მარადიული ძალმოსილებით და ელვით აშინებ, ასეთი რა დაგიშავა ჩემმა ენეასმა, რა დაგიშავეს ტროელებმა, რომლებისთვისაც, ამდენი უბედურების გადატანის შემდეგაც მთელი მსოფლიო დახურულია იტალიის მიწების გარდა? შენ მყარად დაგვპირდი, რომ ოდესმე რომაელები, ტევკროსის სისხლიდან წარმოშობილნი, წლების შემდეგ, გახდებიან მეთაურები, ზღვასა და ხმელეთს სრულად დაეპატრონებიან, რამ შეგიცვალა აზრი, მამაჩემო?! როდესაც ტროის დაცემასა და სავალალო ნანგრევებს ვხედავდი, თავს ვინუგეშებდი, რომ სხვა ბედი გადაწონიდა ამ ბედს; [240] მაგრამ იგივე ბედი ამდენ ჭირვარამნახულ ხალხს ისევ მისდევს. რა დასასრულს მისცემ, დიდო მეფეო, მათს ტანჯვას? ანტენორმა[41] შეძლო, ხელიდან დაუძვრა აქაველებს, გადარჩა და შეაღწია ილირიის უბეში, ლიბურნიის შიდა სამეფოში[42], გადალახა ტიმავუსის წყარო[43], საიდანაც მთის ცხრა პირიდან ჩხრიალით მიედინება მრავალხმიანი ზღვის მსგავსად ველებზე და ჩაედინება მძვინვარე ზღვაში. მაშინ იქ დააარსა ქალაქი პატავიუმი ტევკრების სამკვიდროდ, ხალხს სახელი მისცა, ტროული იარაღი ჩამოჰკიდა და ახლა წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს მშვიდობაში. [250] ჩვენ კი, შენს მოდგმას, ზეციურ სამკვიდროს გვპირდებოდი, ახლა კი გემები წაგვართვი, (როგორი სათქმელია!) ერთი ქალღმერთის მრისხანების გამო გაგვწირე და დაგვაშორე იტალიის ნაპირებს. ესაა ღვთისმოსაობისთვის პატივი? ასე აღადგენ ჩვენს მბრძანებლობას?!“

მას გაუღიმა ადამიანთა და ღმერთთა მამამ, რომელიც იოლად აწყნარებდა ზეცასა და გრიგალს, ამბორით შეეხო ასულს და ასეთი სიტყვები ბრძანა:

„ნუ გეშინია, კითერეა[44], შენების ბედი ხელუხლებელი დაგრჩება; დაინახავ ქალაქსა და ლავინიუმის დაპირებულ გალავანს, ცაში ვარსკვლავებამდე აიყვან [260] დიდსულოვან ენეასს; ჩემი აზრი არ შეცვლილა. რაკი ვხედავ, რომ ეს საზრუნავი გულს გიკლავს, ახლავე უფრო ვრცლად და გასაგებად გადაგიშლი ბედისწერის საიდუმლოს: დიდ ომს შეიტანს იტალიაში, მრავალ მამაც ტომს დაამარცხებს, კაცთათვის ჩვეულებებს დააწესებს და გალავნებს ააგებს, სანამ ლატიუმზე მბრძანებლობის მესამე წელი არ დადგება – სამი ზამთარი გაივლის და რუტულები[45] დაოკდებიან; შემდეგ მისი ვაჟი, ასკანიუსი[46], რომელსაც იულუსი დაერქმევა, რადგან ილუსი იყო, სანამ ილიონის სამეფო ფეხზე იდგა, ამ მმართველობას დაასრულებს, როცა ოცდაათჯერ მობრუნდება თვეებით მიწა, [270] სამეფოს გადაიტანს ლავინიუმის სავანიდან და სიმძლავრით აღაზევებს ალბა ლონგას. შემდეგ აქ სამას წელს იმეფებს ჰექტორის მოდგმა, სანამ მარსისგან დაორსულებული დედოფალი და ქურუმი ქალი ილია ტყუპებს არ შობს[47]. შემდეგ აღმზრდელი მგლის მოყვითალო ტყავით ამაყი[48] რომულუსი ჩაიბარებს მოდგმას და მარსის გალავანს[49] დააარსებს, ხოლო რომაელებს თავის სახელს დაარქმევს. მათ მე საზღვრებს არ დავუდგენ არც საქმეებსა და არც დროში; უსასრულო ძალმოსილებას მივანიჭებ. თავად ჯიუტი იუნოც, [280] რომელიც ახლა ზღვასა და ხმელეთზე შიშით ღლის ზეცას, უკეთესად განეწყობა და ჩემთან ერთად მოიწონებს რომაელთა საქმეებს და ტოგით[50] შემოსილ მბრძანებელთა მოდგმას. ასე მნებავს მე. წლები გაირბენს და დადგება დრო, როდესაც ასარაკუსის სახლი ფთიასა და სახელოვან მიკენს დაიმონებს და დამარცხებულ არგოსელებზე გაბატონდება[51]. დაიბადება ბრწყინვალე მოდგმის ტროელი კეისარი, რომელიც იმპერიას ოკეანემდე, დიდებას კი ვარსკვლავებამდე მიაწვდენს, – იულიუსი; დიდი იულუსისგან აიღებს სახელს. იცოდე, მას ერთხელაც ზეცაში, აღმოსავლური ნადავლით დამძიმებულს[52] [290] მიიღებ და მასზე ილოცებენ. შემდეგ მძიმე დროება დარბილდება და ომების ხანა დასრულდება; ჭაღარა ფიდესი და ვესტა[53], ძმა რემუსთან და კვირინუსთან ერთად კანონებს გამოსცემენ; ომის წყეული კარიბჭე[54] რკინითა და მჭიდრო საკეტით ჩაირაზება; უღირსი მძვინვარება შიგნით დააჯდება ველურ იარაღს, ბრინჯაოს ასი კვანძით შეკრული სისხლიანი პირით დაიწყებს ბუზღუნს.“

ეს თქვა და მაიას ვაჟი[55] ზეციდან მიწას აფრინა, რომ კართაგენის ქვეყანასა და ახალ ციხესიმაგრეს სამასპინძლოდ გაეღო კარი ტევკრებისთვის, რომ ბედისწერის არმცოდნე დიდოს [300] სტუმრებისთვის საზღვრები არ ჩაეკეტა. მერკურიუსი მიფრინავს ფრთების ქნევით და მალე მიადგება ლიბიის ნაპირს. იქ ბრძანებას შეასრულებს, უფლის ნება დააცხრობს პუნების სიშმაგეს, უპირველესად დედოფალი დამშვიდდება და ტევკრებს მშვიდი სულითა და წყნარი გონებით მიიღებს.

ღვთისმოსავმა ენეასმა ღამის განმავლობაში ბევრი იფიქრა და, როგორც კი პირველი სხივი გამოჩნდა, გადაწყვიტა, გასულიყო და ახალი ადგილები შეესწავლა, რომ გაეგო, თუ რომელ ნაპირს მიაყენა ქარმა, ვინ ცხოვრობს აქ, რა ხალხია, რა ცხოველებია აქ, სადაც ასე დაუმუშავებელია ყველაფერი, რათა თანამგზავრებისთვის ამბავი ზუსტად მოეტანა. [310] ხომალდები დამალა ბუნებრივი თაღის ქვეშ, კლდოვან ქვაბულში, ხეების შიშისმომგვრელ ჩრდილში; მარტო წავიდა, მხოლოდ აქატესი იახლა, ხელში დაიჭირა რკინისბუნიკიანი ორი შუბი. დედა მოევლინა მას შუა ტყეში, ქალწულის სახე მიეღო, სპარტელი ქალწულის ან ცხენების დამღლელი თრაკიელი ჰარპალიკესის[56] იარაღი აესხა, თითქოს ფრთოსან ჰებრუსს მისდევდა დასაწევად. მონადირე ქალს მხრებზე მოხდენილად გადაეკიდა მსუბუქი მშვილდი, კულულები მიენდო ქარისთვის გასაშლელად, [320] მუხლამდე შიშველს ქამრით შეეკრა მოშვებული კაბა.

პირველმა მან ამოიღო ხმა: „ჰეი, ყმაწვილებო, შემთხვევით თვალი ხომ არ მოგიკრავთ ჩემი რომელიმე დისთვის, რომლებიც დადიან კაპარჭმოსხმული, კოპლებიანი ფოცხვერის ტყავით და ყიჟინით კუდში მისდევენ აქაფებულ ტახს?“

ეს იკითხა ვენუსმა; მას კი უპასუხა ვენუსის ძემ და ასე დაიწყო: „არც გამიგონია და არც მინახავს შენი და, როგორ უნდა დაგიძახო, ქალწულო? რადგან არ გაქვს მოკვდავის სახე არც შენი ხმა ჟღერს ადამიანის ხმასავით: აშკარად ქალღმერთი ხარ, ფებუსის და ხომ არა? ნიმფების სისხლისა ხომ არ ხარ? [330] ბედნიერი იყავ, ვინც უნდა იყო, ჩვენ კი შეგვიმსუბუქე საქმე, სად ვართ, რომელი ცის ქვეშ, რა მიწასა და ნაპირზე ვართ, გაგვაგებინე. არ ვიცნობთ არც ხალხს, არც ადგილს, დავხეტიალობთ, სადაც მოგვიყვანა ქარმა და დინებამ; გაგვაგებინე და შენს საკურთხეველს უამრავ მსხვერპლს შევწირავთ საკუთარი ხელით.“

ბრძანა ვენუსმა: „სინამდვილეში თავი ამოდენა პატივის ღირსად არ მიმაჩნია; ტიროსელ ქალიშვილებს ჩვევად აქვთ კაპარჭის ტარება და მაღალ ფეხებზე მეწამული კოთურნებით სიარული. პუნების სამეფოს ხედავ, ტიროსელებსა და აგენორის[57] ქალაქს; მანამდე ლიბიელებისა იყო, ომში დაუმარცხებელი მოდგმისა. [340] სამეფოს მართავს დიდო, ტიროსის ქალაქიდან თავდაღწეული და ძმას გამოქცეული. დიდი იყო უსამართლობა და მითქმა-მოთქმა; მე მხოლოდ საქმის არსს მივყვები; მისი მეუღლე იყო სიქევსი, ფინიკიელთა მიწაზე უმდიდრესი; საბრალოს დიდი სიყვარულით უყვარდა კაცი, რომელსაც მამამ ქალწული ჩააბარა, და პირველად  გათხოვდა. ტიროსის სამეფო ებარა ძმას, პიგმალიონს, რომელიც დანაშაულით ყველას აღემატებოდა. სიძე-ცოლისძმას შორის შუღლი ჩამოვარდა. მან, საძაგელმა, სიქევსი საკურთხევლის წინ, ოქროს სიყვარულით დაბრმავებულმა, [350] საიდუმლოდ, მუხანათურად მოკლა ხმლით, დის სიყვარული არაფრად ჩააგდო; მომხდარს დიდხანს მალავდა და საბრალო შეყვარებულს უამრავი ცრუ ნუგეშითა და იმედით ავსებდა; მაგრამ დაუკრძალავი მეუღლის ხატება ეწვია სიზმარში, აჩვენა თავისი საოცრად გაფითრებული სახე და შებღალული საკურთხეველი, რკინით განგმირული მკერდი გაუშიშვლა და გამოააშკარავა სახლის მთელი დანაშაული. დაარწმუნა, დაეჩქარებინა სამშობლოდან გაქცევა, გზაში დასახმარებლად მიუთითა ძველ საგანძურზე, საიდუმლო სამალავში მოთავსებულ ოქროსა და ვერცხლზე. [360] ამ ამბებით გაოგნებულმა დიდომ გაქცევა გადაწყვიტა და თანამგზავრები მოამზადა: თავი მოიყარეს, ვისაც საძულველი ტირანი სძულდა ან მისი მძაფრი შიში ჰქონდა; გასასვლელად გამზადებული ხომალდები შეიპყრეს და ოქროთი დატვირთეს: გაიტანეს ზღვით ძუნწი პიგმალიონის სიმდიდრე; ქალი ხელმძღვანელობდა ყველაფერს. ამ ადგილებში მოვიდნენ, სადაც ახლა უზარმაზარ გალავანს ხედავ და სადაც აღიმართება ახალი კართაგენის ციხესიმაგრე. აქ იყიდეს მიწა, სახელად ბირსა; იმოდენა, რასაც დაფარავდა ერთი ხარის ტყავი[58]. თქვენ კი ვინ ხართ, რა ნაპირებიდან მოდიხართ, [370] საით გიჭირავთ გზა?“

მთელი გულით მძიმედ ამოიოხრა და კითხვის დამსმელს ასე უპასუხა ენეასმა: „ო, ქალღმერთო, რომ დამეწყო დასაწყისიდან ჩემი ამბის თხრობა და გადმომეცა ყველაფერი, რაც თავს შეგვემთხვა, ვესპერი[59] დაასრულებდა დღეს და ოლიმპოსის კარიბჭე დაიხურებოდა. ჩვენ ვართ ძველი ტროიდან, თუკი შემთხვევით სმენია თქვენს ყურებს ტროის სახელი; ქარიშხალმა ინება, სხვადასხვა ზღვაზე გვატარა და ლიბიის ნაპირებთან მოგვრეკა. მე ვარ ღვთისმოსავი ენეასი, ზეცამდე ცნობილი, მტერს გამოვექეცი და ჩემი ხომალდებით მომაქვს საკუთარი პენატები. [380] იტალიაში სამშობლოს ვეძებ, ჩემი მოდგმა მაღალი იუპიტერისგან მოდის. ოცი ხომალდი გავიყვანე ფრიგიის ზღვაში, დედა ქალღმერთი გზას მაჩვენებდა, ჩემთვის მოცემულ ბედისწერას მივყვებოდი. შვიდი ძლივს გადაურჩა ტალღებსა და ევრუსს. მე, ყველასთვის უცნობი და უქონელი, ლიბიის უდაბნოში დავდივარ, ევროპიდან და აზიიდან გაძევებული.“

ამდენი საჩივრის ტკივილს ვერ გაუძლო ვენუსმა და შეაწყვეტინა: „ვინც უნდა იყო, მჯერა, რომ ღმერთებს არ სძულხარ და ისე სუნთქავ სასიცოცხლო ჰაერს, რაკი ტიროსელთა ქალაქში მოსულხარ. ახლა დაიძარი და წარდექი დედოფლის ზღრუბლზე[60]. [390] იმასაც გეტყვი, რომ დაგიბრუნდებიან თანამგზავრები ხომალდებიანად, ჩრდილოეთის ქარი საიმედო ნავსაყუდელში შემოიყვანს, თუ მშობლებმა ფუჭად არ მომანიჭეს წინასწარმეტყველების უნარი. შეხედე, თორმეტი გედი მიფრინავს მწკრივად, სუფთა ზეციდან თავს დაეცა იუპიტერის ფრინველი[61] და გაფანტა ცაში; ახლა ისინი მწყობრად ან მიწისკენ მიფრინავენ ან მიწაზე არიან უკვე. თავი მოიყარეს ერთად და ფრთებს აფარფატებენ ხმაურით; ისევ აფრინდა მთელი გუნდი და ზეცაში აიჭრა სიმღერით, სწორედ ასევე შენი გემები და შენი ვაჟკაცები [400] ან უკვე ნავსადგურში არიან ან გაშლილი იალქნებით მას უახლოვდებიან. პირდაპირ იარე, რომელ გზასაც მიუყვები, იმას მიენდე.“

ეს თქვა, მობრუნდა, გაიბრწყინა ვარდისფერი ყელით და თმამ ღვთაებრივი ამბროზიის სურნელი დაღვარა, კაბა ფეხებთან ჩამოეშალა და ნაბიჯმა ამხილა ჭეშმარიტი ქალღმერთი. როგორც კი დედა იცნო, გაქცეულს ეს სიტყვა მიადევნა ენეასმა: „უკვე მერამდენედ ატყუებ შვილს ყალბი თამაშით, დაუნდობელო? რატომ მარჯვენას არ ჩამომართმევ, ან ნამდვილ ხმას არ გამაგონებ და მიპასუხებ?“ [410] ასეთი სიტყვებით დასდო ბრალი და გალავნისკენ გაეშურა; ხოლო ვენუსმა შემოავლო მიმავალთ ბნელი ნისლი, მჭიდრო ღრუბელი დაღვარა ირგვლივ ქალღმერთმა, რომ ვერავის დაენახა ისინი, რომ ვერავინ ვერ შეხებოდა, ვერ დაეყოვნებინა და მოსვლის მიზეზი ვერ ეკითხა. თავად კი პაფოსში წავიდა საჰაერო გზით, თავის საყვარელ სავანეს მიადგა, სადაც მისი ტაძარი იყო, სადაც ას საკურთხეველზე საბასეული საკმეველი[62] ბოლავდა და ცოცხალ გვირგვინებს სურნელი ასდიოდათ. ისინი კი გზას გაუდგნენ, რომელსაც ბილიკი აჩვენებდათ. მალე შეუდგნენ ბორცვს, რომელიც ქალაქს [420] ზემოდან ადგა და დაჰყურებდა მოპირდაპირე ციხესიმაგრეს. შენობათა სიდიდემ გააკვირვა ენეასი, კარვები ვერ ნახა; გააოცა კარიბჭეებმა, ხმაურმა და ფართო ქუჩებმა.

შრომობენ მგზნებარე ტიროსელები: ნაწილს კედლები ამოჰყავს, ციხესიმაგრეს აგებს და ხელით მოაგორებს ლოდებს, ნაწილი შენობისთვის არჩევს ადგილს და კვალი გაჰყავს. ირჩევენ მოსამართლეებს, მაგისტრატებსა და წმინდა სენატს[63]; აქ სხვები ნავსადგურს აღრმავებენ; იქ თეატრს ღრმა საძირკველს უყრიან სხვები, უზარმაზარ სვეტებს კვეთენ კლდეში, მომავალი სცენის მაღალ მორთულობას. [430] ასე ფუტკრები აყვავებულ მინდვრებში ადრეულ ზაფხულში შრომობენ მზის ქვეშ, გამოჰყავთ ახალი ფუტკრების პირველი მოდგმა; ან თხევად თაფლს აგროვებენ და ტკბილ ნექტარს ასხამენ ფიჭებში, ან ტვირთს ჩამოართმევენ ახალმოსულებს, ან შეჯგუფებულები სკებიდან იგერიებენ უსაქმურ მამალ ფუტკრებს. დუღს შრომა, ბეგქონდარას სუნი აუდის სურნელოვან თაფლს.

„ბედნიერები არიან, ვისთვისაც ჯერ კიდევ აღიმართება გალავანი!“ ­- შესძახა ენეასმა და ქალაქის სახურავებს გადახედა. შედის ღრუბლით დაფარული (საოცარია სათქმელად!) [440] შედის შუაში, შეერევა ხალხს და ვერავინ ვერ ხედავს.

ჭალა იყო შუა ქალაქში, მშვენიერი ჩრდილით; პირველად სწორედ აქ მიაგდო პუნები ტალღებმა და ქარიშხალმა; აქ იპოვეს დედოფალ იუნოს მიერ მოვლენილი ნიშანი – სწრაფი ცხენის თავი[64]; იგი მოასწავებდა, რომ საუკუნეთა მანძილზე მათი მოდგმა ომში დაუმარცხებელი იქნებოდა. აქ უზარმაზარ ტაძარს უშენებდა იუნოს სიდონელი დიდო, საჩუქრებით მდიდარსა და ქალღმერთისგან მძლავრს, მის სპილენძის ზღურბლთან ადიოდა სპილენძისავე საფეხურები, ჭრიალებდა კარების სპილენძის ანჯამებიც. [450] როგორც კი ჭალაში ახალი საგანი დაინახა, შიში დაუცხრა და აქ პირველად გაბედა, გადარჩენის იმედი გასჩენოდა და მძიმე გარემოებებში უკეთესი მომავალი განეჭვრიტა. სანამ ელის დედოფალს, მანამ თვალს შეავლებს უზარმაზარ ტაძარს, აკვირვებს ქალაქის ბედი, აოცებს ოსტატთა ნახელავი და მათი შრომის ნაყოფი, ხედავს ილიონის ბრძოლებსა და ომებს ერთმანეთის მიყოლებით, რომელთა დიდებამ მთელ მსოფლიოს მიაღწია, ატრევსის ძეს, პრიამოსსა და ორივესთვის საშინელ აქილევსს[65]. შედგა და ცრემლიანმა თქვა: „სადღაა ადგილი, აქატეს, [460] მთელ დედამიწაზე, რომელიც ჩვენი უბედურებით ჯერაც არ იქნებოდა სავსე? აი, პრიამოსი! აქაც არ აკლია ქება საკადრისი; აქ საგანთა ცრემლები და სასიკვდილო ამბები ეხება გონებას. ნუ გეშინია, ამ დიდებამ იქნებ ხსნა მოგვიტანოს.“

ასე თქვა და უსხეულო ნახატით სული გამოკვება, ბევრი იკვნესა, სახე დაასველა ცრემლების  მდინარით. ნახატზე ხედავს, რომ პერგამუმის[66] ირგვლივ ბრძოლებია; აგერ გარბიან ბერძნები, ტროელი ახალგაზრდებისგან შევიწროებული, აქ კი ფრიგიელებს ეტლით ეცემა თავს ჯიღიან-მუზარადიანი აქილევსი. შორს არ არის რესოსის[67] თოვლივით თეთრი აფრის კარვები; [470] შეიცნო თვალცრემლიანმა პირველ მოღალატე ძილს მიცემულები, ტიდევსის სისხლიანმა ძემ რომ ერთიანად ამოხოცა, ხოლო ცხენები ბანაკში გააქანა, სანამ ტროის მიწაზე ბალახს მოძოვდნენ და ქსანთოსის წყალს დაეწაფებოდნენ. მეორე მხარესაა გაქცეული, იარაღდაყრილი ტროილოსი[68], უბედური ბავშვი, რომელსაც ბევრად ძლიერი აქილევსი ეცემა თავს, ცხენები მიაქანებენ გულაღმა დაცემულს, ცარიელ ეტლს მიბმულს და ამასობაში სადავეებს ხელჩაჭიდებულს. კისერსა და თმებს მიწაზე მიათრევს და შუბისპირი მტვერში კვალს ტოვებს. ამასობაში ულმობელი ათენა პალასის ტაძარში [480] მიდიან გაშლილი თმებით ილიონელი ქალები და მიაქვთ პეპლოსი, გლოვით ევედრებიან და გულში ხელს იცემენ; ქალღმერთს კი თავი მოუბრუნებია და თვალებით მიწას მისჩერებია. სამგზის შემოუტარებია ილიონის გალავნისთვის ჰექტორი და უსულო ცხედარი ოქროზე გაუყიდია აქილევსს. მაშინ მართლაც უზარმაზარი ოხვრა აღმოხდა გულის სიღრმიდან, როდესაც აბჯარი, ეტლი და თავად მეგობრის ცხედარი დაინახა, რომლისკენაც უიარაღო ხელი გაეწვდინა პრიამოსს. საკუთარი თავიც იცნო აქაველ მეთაურებთან ბრძოლაში, მეომართა აღმოსავლური წყობაც და შავი მემნონის[69] იარაღიც. [490] მოუძღვის ამორძალების მთვარისებურფარიან რაზმებს მძვინვარე პენთესილეა[70], ათას მეომარს შორის ცეცხლი გამოარჩევს, ოქროს ღვედით დაუფარავს ცალი ძუძუ მეომარ ქალს, რომელიც ბედავს კაცებთან შებმას.

სანამ ამ საოცარ სანახაობას უმზერდა დარდანელი ენეასი, სანამ გაქვავებული იდგა და თვალს ვერ აშორებდა ნახატს, ულამაზესი გარეგნობის დედოფალი დიდო ტაძარში შევიდა ყმაწვილების უზარმაზარი ამალის თანხლებით.

როგორც დიანა, რომელიც ევროტასის[71] ნაპირებთან ან კინთოსის ქედზე მოუძღვის ჯგუფებს და რომელსაც აქეთ-იქით მისდევს გუნდად შეკრებილი ათასი [500] მთის ნიმფა, ხოლო მას ზურგზე აქვს გადაკიდებული კაპარჭი, მიდის და სიმაღლით ყველა სხვა ქალღმერთს აღემატება – ლატონას იდუმალი გული სიხარულით ევსება, – ასეთი იყო დიდო, ასე სიხარულით მოდიოდა მათ შორის, ფიქრობდა მომავალი სამეფოს საქმეებზე. შემდეგ ქალღმერთის კარიბჭეში, ტაძრის თაღის შუაგულში იარაღით დაცული, მაღალ ტახტზე მტკიცედ დაბრძანდა.

კანონებსა და ბრძანებებს აძლევს ხალხს, დავალებებს თანაბრად ანაწილებს ან ბრძანებით, ან წილისყრით. უეცრად ხედავს ენეასი უამრავ ხალხში [510] ანთევსს, სერგესტუსსა და მძლავრ კლოანთუსს, სხვა ტევკრებსაც, რომლებიც ბნელმა ქარიშხალმა ზღვაში გაფანტა და შორს, სხვა სანაპიროს მიაყენა. გახევდა თავად და ამავე დროს შეირხა აქატესიც სიხარულითა და შიშით; ერთი სული ჰქონდა, ხელი ჩამოერთვა, მაგრამ მათი გაურკვეველი ბედი სულს უმღვრევდა.

დამალული დარჩნენ და ღრმა ნისლის საფარქვეშ აკვირდებოდნენ, რა მოუვიდოდათ მათს მეგობრებს, რისთვის მოსულან, რომელ ნაპირზე დაუტოვებიათ გემები; რჩეულები მოდიოდნენ ხომალდებიდან, წყალობას ითხოვდნენ და ტაძარს ხმაურით ავსებდნენ. [520] როდესაც შევიდნენ და დედოფალთან ლაპარაკის ნება მიეცათ, უხუცესმა ილიონევსმა მშვიდი გულით დაიწყო:

„ო, დედოფალო, რომელსაც იუპიტერმა ნება დაგრთო, ახალი ქალაქი დააფუძნო და სამართლიანობით დაიმორჩილო ამაყი ტომები, საბრალო ტროელები, ქარებისგან ყველა ზღვაზე ნათრევი, გევედრებით, მოარიდე გაუგონარი ცეცხლი ხომალდებს, დაინდე ღვთისმოსავი ხალხი და ჩვენს ბედს მოწყალედ შეხედე. ჩვენ არ მოვსულვართ ლიბიის პენატების ასაოხრებლად, ან გასაძარცვად  და გასაქცევად; ეს ფიქრადაც არ გვაქვს, ამოდენა თავხედობა აღარ გვაქვს დამარცხებულებს. [530] არის ადგილი, რომელსაც ბერძნები სახელად ჰესპერიას[72] უხმობენ, უძველესი მიწა, მძლავრი იარაღითა და ნაყოფიერი ნიადაგით; ოინოტრები ცხოვრობენ იქ; ახლა კი ხმა დადის, რომ შთამომავლები მას იტალიას უხმობენ წინამძღოლის სახელის[73] მიხედვით. ჩვენ იქით გვეჭირა გზა[74]. მოულოდნელად ღრუბლიანმა ორიონმა[75] აღძრა ტალღა და უხილავ მეჩეჩებზე მიგვაგდო, საშინელმა ქარიშხალმა მთლიანად დაგვფანტა, ზოგი ტალღამ გაიტაცა, ზოგი კლდეს მიენარცხა; მხოლოდ ცოტამ თუ მოვახერხეთ და მოვადექით აქ თქვენს ნაპირებს. რა მოდგმის ხალხში ვართ? ბარბაროსული მიწაა, ასეთი [540] წესები რომ გაქვთ? ქვიშაზე გადმოსვლას არ გვანებებენ, ომით გვემუქრებიან და ხმელეთზე ფეხის დადგმის ნებას არ გვრთავენ. თუკი ადამიანთა მოდგმა და მოკვდავთა იარაღი გძულთ, ღმერთებს მაინც მოერიდეთ, რომლებიც ცუდსაც და კარგსაც იმახსოვრებენ. ჩვენი მეფე იყო ენეასი, მას ვერც სამართლიანობით, ვერც ღვთისმოსაობით, ვერც ომითა და იარაღით ვერავინ აღემატებოდა. ის თუ გადაარჩინა ბედისწერამ, თუ სუნთქავს ეთერის ჰაერს და ჯერ არ გადასულა სასტიკ აჩრდილებში, შიში არ გვაქვს; თუკი სამსახურს გაგვიწევ, არ ინანებ. სიცილიის მხარეში არის ქალაქები და [550] ყანები და ტროული სისხლის სახელგანთქმული აკესტესი. ქარებით დალეწილი გემები ამოგვატანინონ ხმელეთზე, ხეები მოგვაჭრევინონ და ნიჩბები გამოგვათლევინონ. თუ ვიპოვით თანამგზავრებსა და მეფეს, იტალიასა და ლატიუმში სიხარულით გავფრინდებით; ხოლო თუ დაიღუპე შენ, ტევკრების საუკეთესო მამავ და ლიბიის ზღვამ შთანგთქა და არც იულუსის იმედი დარჩა, სიცილიის სრუტეებისკენ გავცურავთ, საიდანაც მოვსულვართ და მზად ვიქნებით, მოვძებნოთ ნავსაყუდელი აკესტესის სამეფოში.“ – ეს თქვა ილიონევსმა; ყველა დარდანელმა ერთად [560] ამოიოხრა.

მაშინ თვალები დახარა და მოკლედ ბრძანა დიდომ: „გულიდან დაიხსენით შიში, დაივიწყეთ საზრუნავი. მძიმე ამბები და სამეფოს სიახლე მაიძულებს, ასე დავიცვა თავი და ყველა მხრიდან გავუფრთხილდე საზღვრებს. ვინ არ იცნობს ენეასის მოდგმას, ვინ არ იცის ქალაქი ტროა, მისი ვაჟკაცების სიმამაცე და ამოდენა ომის ხანძარი? ასე არ გაჰქვავებიათ გულები პუნებს და მზე ასე შორს არ მიაგელვებს თავის ცხენებს ტიროსელთა ქალაქიდან. თუკი დიდი ჰესპერიისკენ ან სატურნუსის ყანებისკენ გაგიწევიათ, [570] ან ერიქსისა[76] და აკესტესის სამეფოსკენ მიდიხართ, ყველანაირ დახმარებას გაგიწევთ, სიმდიდრეს მოგახმართ და უვნებლად გაგიშვებთ. თუკი ისურვებთ, ჩემთან ერთად დააფუძნოთ სამეფო, ეს ქალაქი, რომელსაც ვაშენებ – თქვენია, მოიყვანეთ გემები; ტროელებსა და ტიროსელებს არ გავარჩევ ერთმანეთისგან. ნეტავ, თქვენი მეფე, ენეასი, ნოტუსის გრიგალმა აქ მოიყვანოს! მართლაც, ყველა სანაპიროზე ხალხს გავგზავნი და ვბრძანებ, მთელი ლიბია შეისწავლონ, სადმე ტყეებსა და სოფლებში ხომ არ ხეტიალობს.“

ამ ნათქვამით გული მოეცათ მძლავრ აქატესსა და [580] მამა ენეასს, იმავწამს მოუნდათ ნისლიდან გამოსვლა. პირველმა აქატესმა მიმართა ენეასს: „ქალღმერთის შობილო, რა აზრი გაქვს გულში? ყველას უვნებელს ხედავ, ფლოტსაც და გადარჩენილ თანამგზავრებსაც. ერთი არ არის მხოლოდ, ჩვენ თავად ვნახეთ ტალღებში ჩაძირული; დანარჩენში ახდა დედაშენის ნათქვამი.“

როგორც კი ეს თქვა, ღრუბლები გაქრა, ნისლი გაიფანტა და ეთერი გაიწმინდა. იდგა ენეასი და ბრწყინავდა დღის სინათლეზე, სახით და მხრებით ღმერთს მიმსგავსებული, რადგან თავად მშობელმა მიანიჭა შვილს [590] მშვენიერი თმა, სიყმაწვილის მეწამული ელვარება და სიხარულის ამაყი ნათება თვალებში, როგორც ხელოვნებას შეუძლია დიდება მისცეს სპილოს ძვალს, როგორც ყვითელი ოქრო ავარაყებს ვერცხლსა და პაროსულ მარმარილოს.

მაშინ მიმართა დედოფალს, ყველა გააკვირვა თავისი გამოჩენით და ბრძანა: „ვისაც ეძებთ, აქ გახლავართ პირადად: ტროელი ენეასი, ლიბიის ტალღებში გადარჩენილი. ო, ტროის გამოუთქმელი უბედურებებით შეწუხებულო, ერთადერთო, ვინც ჩვენ, დანაელებისგან გადარჩენილებს, ზღვიდან და ხმელეთიდან ყველას მიერ გარიყულებს, ყველაფრის დამკარგავებს, ამდენი უბედურების გადამტანებს [600] ქალაქს, სახლსა და მეგობრობას გვთავაზობ, ძალა აღარ შეგვწევს, დიდო, თუ სადმეა კიდევ დარჩენილი მთელ დედამიწაზე დარდანელი ხალხი, რომ ყველამ ერთად ამ სიკეთისთვის სამაგიერო გადაგიხადოთ. თუკი ზეციერნი ღვთისმოსაობას პატივს სცემენ, ამ სამართლიანობისა და ამ სწორი საქციელისთვის დაე, ღმერთებმა  ღირსეული საჩუქარი მოგცენ. რომელმა ბედნიერმა საუკუნემ გშვა შენ? რომელმა მშობლებმა დაბადეს ასეთი შვილი? სანამ ზღვაში ჩაედინებიან მდინარეები, სანამ მთებს ნისლი ადგას თაღად, სანამ ცაზე ვარსკვლავები კიაფობს, მანამ მარადიული იქნება შენი დიდება და შენი სახელი ქებით მოიხსენიება, [610] რა მიწამაც უნდა მომიხმოს ამის შემდეგ მე.“ – ეს თქვა, მარჯვენით ილიონევსს ჩაეხუტა და მარცხენით სერგესტუსს, შემდეგ სხვებს, მამაც გიუსსა და ვაჟკაც კლოანთუსს.

პირველი შეხედვისას გაოგნდა სიდონელი დიდო, საშინელმა ბედისწერამ შეძრა და ხმამაღლა ეს თქვა: „ქალღმერთის ძეო, ამდენ განსაცდელში რა ბედს ჩაუგდიხარ? რა ძალამ მოგაყენა ამ ველურ ნაპირებს? შენ ის ენეასი არ ხარ, რომელიც დარდანელ ანქისესს მკვებავმა ვენუსმა უშვა ფრიგიაში, სიმოეისის ტალღებთან? მახსოვს, როდესაც ტევკროსი[77] ჩამოვიდა სიდონში, [620] სამშობლოს საზღვრებიდან განდევნილი, ახალ სამეფოს მიესწრაფოდა ბელუსის[78] დახმარებით; ჩემ მშობელ ბელუსს მაშინ კვიპროსი ჰქონდა განადგურებული და გამარჯვებული ფლობდა ძალაუფლებას. ამ დროიდან ცნობილია ჩემთვის ტროის ქალაქიც, შენი და პელასგი მეფეების[79] სახელებიც. მტერი იყო, მაგრამ ტევკრებს[80] ქებით მოიხსენიებდა, თავის თავს ძველი ტროული მოდგმის შთამომავლად მიიჩნევდა. ასე რომ, მოდით, ყმაწვილებო, შემოდით ჩვენს სასახლეში. მე თავადაც ბევრად მსგავსი ბედი გადამხდა, ჩვენც დევნილები ვართ და ბედმა ისურვა, ამ მიწაზე დაგვედო ბინა. [630] სიმწარე მინახავს და მან მასწავლა, უბედურებს დავეხმარო.“

ეს ბრძანა და იმავწამს ენეასს შეუძღვა სამეფო სასახლეში, თანაც ტაძარში ღმერთს პატივი მიაგო. სანაპიროზე ენეასის თანამგზავრებს გაუგზავნა არანაკლებ ოცი ხარისა, ზურგზე მაგარჯაგრიანი ღორების ასეული, ასი მსუქანი კრავი დედასთან ერთად და მხიარული ღმერთის საჩუქარიც[81] მიაყოლა.

სასახლე შიგნიდან მოაწესრიგეს და დაალაგეს სამეფო ფუფუნებით. სასახლის შუაგულში ამზადებენ ნადიმს, მეწამული სუფრები მაღალი ოსტატობითაა ნაქსოვი, [640] მაგიდა გაწყობილია ვერცხლეულით, ოქროს თასებზე გამოხატულია მამათა საგმირო საქმეები, ამოტვიფრულია მათი მოდგმის უძველესი გმირების გრძელი რიგი.

ენეასი (შვილის სიყვარული ხომ მამის გული არ მოასვენებს) გემებთან სწრაფ აქატესს აგზავნის, რომ ეს ამბები ამცნოს ასკანიუსს და იგი გალავანში შემოიყვანოს; მამისეული მთელი ზრუნვა გადატანილი აქვს ასკანიუსზე. ბრძანა, მოეტანათ საჩუქრები, რაც ილიონის ნანგრევებში გადაარჩინა, ოქროს ფიგურებით გაწყობილი კაბა, ირგვლივ ნაქსოვი მოსასხამი ზაფრანისფერი აკანთოსით, [650] ჰელენე არგოსელის ნაქონი, წამოღებული, როდესაც იგი მიკენიდან პერგამოსში გაეშურა უკანონო ქორწინებით, – დედამისის, ლედას გასაოცარი საჩუქარი; შემდეგ კვერთხი, რომელსაც ოდესღაც ილიონე ატარებდა, პრიამოსის უფროსი ქალიშვილი, მარგალიტის ყელსაბამი და თვლებითა და ოქროთი გაწყობილი ორმაგი გვირგვინი. ეს უბრძანა აქატესს და ისიც გაეშურა ხომალდებისკენ.

ამასობაში კითერეამ ახალი სურვილი და ახალი ჩანაფიქრი გაიჩინა გულში, რომ სახე და იერი იცვალოს კუპიდონმა და ტკბილი ასკანიუსის ნაცვლად გამოცხადდეს, საჩუქრებით აღელვებული [660] სიყვარულით აღაგზნოს დედოფალი და ძვლებში ცეცხლი დაუნთოს, რადგან აშინებს ვენუსს სასახლის მზაკვრობა და ტიროსელთა ორპირობა[82], აშფოთებს და მთელი ღამე არ ასვენებს სასტიკი იუნო.

ასეთი სიტყვით მიმართა ფრთოსან ამორს: „შვილო, ჩემო ძალავ, ჩემო ერთადერთო ძალაუფლებავ, შვილო, რომელსაც ტიფონის მკვლელი, უზენაესი მამის ისრებისა არ გეშინია, შენ გთხოვ დახმარებას, მჭირდება შენი ღვთაებრივი ძალა. შენი ძმა, ენეასი, ზღვის უამრავ ნაპირს მიახეთქა გადამტერებული იუნოს სიძულვილმა, იცი ეს შენ, ხშირად გტკენია ჩვენი ტკივილი. [670] ახლა ის აქ ჰყავს დაკავებული ფინიკიელ დიდოს ნაზი სიტყვებით და მეშინია, რომ იუნოს სტუმართმოყვარეობამ არ დამიღუპოს; ის ხომ ხელიდან არ გაუშვებს ასეთ შესაძლებლობას. ამის გამო ჩავიფიქრე, რომ ცბიერებით ავუნთო ცეცხლი დედოფალს გულში, რომ ვერც ერთმა ღმერთმა ვერ შეაცვლევინოს აზრი და ჩემსავით დიდი სიყვარულით შეუყვარდეს ენეასი. ახლა კი მომისმინე, როგორ უნდა განახორციელო ჩემი ჩანაფიქრი. უფლისწული, ჩემი უდიდესი საზრუნავი, მამის ბრძანებით აპირებს სიდონურ ქალაქში წასვლას, საჩუქრების წაღებას, რაც ზღვასა და ტროის ხანძარს გადაურჩა; [680] მე მას დავაძინებ და დავმალავ საიდუმლო სავანეში მაღალ კითერონზე ან იდალიუმში, რომ არ იცოდეს ჩემი ხრიკი და შუა გზაში ხელი არ შემიშალოს. შენ მხოლოდ ერთი ღამით მიიღებ მის სახეს ცბიერებით, თავადაც ბიჭმა ბიჭის მიიღე სახე და როცა კალთაში ჩაგისვამს გახარებული დიდო, სამეფო სუფრაზე და ლიევსის[83] ჩამოსხმისას, როგორც კი ჩაგიხუტებს და ნაზად გაკოცებს, იდუმალი ცეცხლი შთაბერე და საიდუმლოდ მოწამლე.“

ამორი ემორჩილება ძვირფასი მშობლის სიტყვას, ფრთებს [690] იხსნის და იულუსის ნაბიჯით გაუდგება გზას. ამასობაში ვენუსი ასკანიუსს ჩაუღვრის სხეულში ტკბილ სიმშვიდეს, აიყვანს, გულში ჩაიკრავს და მიიყვანს იდალიუმის მაღალ ჭალაში[84], სადაც თავშავას ყვავილების სურნელსა და ჩრდილში სძინავს მას მშვიდი ძილით. ამასობაში კი, მშობლის ბრძანებას დამორჩილებული, ტიროსელებისთვის სამეფო საჩუქრებით ხელდამშვენებული ამორი მხიარულად მიჰყვება აქატესს.

როდესაც მივიდა, ძვირფას ფარდაგგადაფარებულ ტახტზე შუაგულში იწვა დედოფალი. ჩვენს მამამთავარ ენეასსა და ტროელ ახალგაზრდობას [700] თავი მოეყარათ და წამოწოლილიყვნენ მეწამულ ფარდაგზე. მსახურებმა მიაწოდეს ხელის დასაბანი წყალი და პური კალათებით და მოაყოლეს ნაზი ნაჭრის ხელსახოცები. ორმოცდაათ მხევალს გრძელ რიგად მოჰქონდა საკვები სტუმრებისთვის და საკმეველს უკმევდა პენატებს. სხვა ასი მხევალი და ამდენივე მათი ასაკის მსახური სუფრაზე დგამდა ჭურჭელს და მოჰქონდათ ღრმა თასები. ტიროსელებიც ბლომად შეიკრიბნენ ბედნიერ დარბაზებში და წამოწვნენ მოხატულ ფარდაგებზე. აოცებდათ ენეასის საჩუქრები, აოცებდათ იულუსი [710] ღვთისმაგვარი სახითა და ასეთივე სიტყვით და ყველას აოცებდა კაბა და ყვითელ ანკანთოსიანი მოსასხამი. მომავალი ტანჯვისთვის განწირული, ყველაზე უფრო უბედური ფინიკიელი ქალი უყურებს, თვალს ვერ აშორებს, გული შეუძრეს საჩუქრებმა და მშვენიერმა ბიჭმა. ის კი ჯერ ენეასს ჩაეხუტა და კისერზე ჩამოეკიდა, დიდი სიყვარულით აავსო ვითომ მამამისი, შემდეგ დედოფალი; ისიც თვალს ვერ აცილებს, გულში იკრავს, კალთაში ისვამს და არ იცის საბრალო დიდომ, რამოდენა ღმერთი უზის მუხლებზე. მას კი ახსოვს [720] აკიდალიელი[85] დედის დავალება, ნელ-ნელა ავიწყებს სიქევსზე ფიქრს და ცოცხალი ტრფობით აცდუნებს მის გონებას, რომელსაც დიდი ხანია, სიყვარული არ წვევია და მიუჩვეველია.

მეინახეებმა შეისვენეს ნადიმზე, მხევლებმა სუფრა აალაგეს, დიდი კრატერი მოიტანეს და ღვინით შეავსეს თასები. ხმაურმა აავსო სასახლე, მოქეიფეებმა ხმას აუწიეს ვრცელ დარბაზებში, ჭაღები ჩამოუშვეს ოქროს ჭერიდან და ცეცხლით დაამარცხეს ღამის სიბნელე. აქ დედოფალმა მოითხოვა ოქროთი და თვლებით გაწყობილი მძიმე თასი, შეავსო ღვინით, ამ თასით ბელუსი და მისი ნაგრამი სვამდა. [730] მაშინ დუმილი ჩამოვარდა სასახლეში.

„იუპიტერო, შენზე ამბობენ, რომ სტუმარ-მასპინძლობის კანონი დააწესე, დაე ეს დღე ბედნიერი იყოს ტიროსელებისთვის და ასევე ტროელებისთვის, მისი ხსოვნა შეინახონ ჩვენმა შთამომავლებმაც! დაგვესწარით, სიხარულის მომტანო ბახუსო და კეთილო იუნო და თქვენაც, ტიროსელებო, იზეიმეთ ეს ერთიანობა!“  – ასე ბრძანა და სუფრას აპკურა საპატიო ზედაშე, პირველმა შეახო ბაგე წმინდა თასს, შემდეგ ბიტიასს გადასცა დასალევად, მან ბოლომდე დასცალა აქაფებული ოქროს თასი [740] შემდეგ კი სხვები მიჰყვნენ. გრძელთმიანმა იოპასმა ოქროს კითარა ააჟღერა, ატლასმა ასწავლა დაკვრა[86].

მღეროდა მთვარის ხეტიალსა და მზის განსაცდელზე; საიდან გაჩნდნენ ადამიანები და ცხოველები, წვიმა და მნათობნი, არქტურუსი, ჰიადების[87] წვიმიანი თანავარსკვლავედი და ორმაგი ტრიონები; ზამთრის მზე რატომ მიიჩქარის ოკეანეში ჩაძირვას და რატომ აგვიანებს ზაფხულობით საღამო დადგომას. ტიროსელებმა ტაში დაუკრეს და ტროელებიც მათ აყვნენ.

ასე მთელ ღამეს სხვადასხვა საუბარში ატარებდა უბედური დიდო, სვამდა და სვამდა სიყვარულს, [750] უამრავ კითხვას სვამდა პრიამოსზე, უამრავს – ჰექტორზე, განთიადის ვაჟი როგორი იარაღით გამოცხადდა, როგორი იყო დიომედესის ცხენები და რამოდენა იყო სიდიდით აქილევსი.

„მოდი, ჯერ მითხარი, სტუმარო, სულ თავიდან როგორ დაიწყო დანაელთა ცბიერება, გვითხარი საკუთარი ბედის შესახებ, შენი უთავბოლო სიარულის შესახებ; ახლა ხომ უკვე მეშვიდე წელია, რაც მიწასა და ზღვაზე დახეტიალობ.“



[1]სტრ. 1. პირველიჩამოვიდა იტალიაში — პირველი წიგნის 242-ე სტრიქონში ნათქვამია, რომ იტალიის მიწაზე პირველი ანტენორი ჩამოვიდა; თუმცა ვერგილიუსისთვის აქ არ არის წინააღმდეგობა: ანტენორი იტალიის იმ ნაწილში ჩავიდა, რომელიც, სერვიუსის განმარტებით, მაშინ იტალიად არც ითვლებოდა. უახლესი კომენტატორები, როგორც წესი, უთითებენ, რომ ენეასი პირველი იყო იმათგან, ვისაც რომი უნდა დაეარსებინა.

[2] სტრ. 2. ლავინიუმის სანაპიროს – იგულისხმება იტალიის დასავლეთი სანაპირო. ვერგილიუსი მას ქალაქ ლავინიუმის სახელით მოიხსენიებს, რომელიც, გადმოცემით, ენეასს დაუფუძნებია თავისი მეუღლის, ლავინიას საპატივცემულოდ.

[3] სტრ. 6. ღმერთებს შეიყვანდა ლატიუმში – იგულისხმება პენატები და ლარები, ოჯახის, საშინაო ყოფის, ადამიანისა და მისი შრომის მფარველი ღმერთები. თითოეულ სახელმწიფოს, ქალაქს, სოფელს, ოჯახს თავისი პენატები ჰყავდა. მათი ხის გამოსახულებები კერაზე იდგა და წარმოადგენდა სახლის, ოჯახის, მოდგმის სიმბოლოებს. ტროული პენატების ცენტრალურ იტალიაში, ლატიუმში გადაყვანა აღნიშნავს, რომ ტროა აქ პოულობს თავის ახალ სამშობლოს, სახლს.

[4] სტრ. 7. ალბის მამები - უძველესი იტალიური ქალაქის, ალბა ლონგის (Alba Longa, გრძელი ალბა) დაფუძნება მიეწერებოდა ასკანიუსს, ენეასის ძეს. რომის ლეგენდარული დამაარსებელი რომულუსი ალბა ლონგის მეფის, ნუმიტორის შვილიშვილი იყო; სწორედ ალბის მეფეები ითვლებიან რომაელებისთვის დამფუძნებელ „მამებად“.

[5] სტრ. 9. ღმერთების დედოფალი – იუნო.

[6] სტრ. 12. ძველი ქალაქი იყო – კართაგენი; ეს ქალაქი ძვ.წ. 814 წ. დააარსეს ფინიკიელებმა, რომლებსაც ვერგილიუსი პუნებს ან, ფინიკიის მთავარი ქალაქების სახელების მიხედვით, ტიროსელებსა და სიდონიელებს უწოდებს.

[7] სტრ. 16. სამოსზეც კი ნაკლებად ზრუნავდა – კუნძული სამოსი ეგევსის ზღვაში ჰერას (იუნოს) კულტის ცენტრი იყო; ამ ქალღმერთისადმი მიძღვნილი ტაძარი კი, ჰეროდოტოსის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო მთელ საბერძნეთში.

[8] სტრ. 19-20. ტროული სისხლისგან მომდინარე მოდგმა ოდესმე ტიროსელების სიმაგრეებს დააქცევსო- იგულისხმებიან რომაელები, რომელთაც კართაგენი სამ პუნიკურ ომში დაამარცხეს და საბოლოოდ გაანადგურეს ქალაქი ძვ.წ. 146 წელს; თუმცა, კომენტატორთა ნაწილი (მათ შორის სერვიუსიც) თვლის, რომ ვერგილიუსი აქ პირდაპირ მიუთითებს სკიპიონ ემილიანუს აფრიკელ უმცროსზე, კართაგენის გამანადგურებელზე, რადგან ითვლებოდა, რომ ემილიანუსები ასკანიუსის ვაჟის, ემილიუსის, შთამომავლები იყვნენ.

[9] სტრ. 23. სატურნია – იუნო, სატურნუსის ასული.

[10]სტრ. 24. ტროასთან იბრძოდა ძვირფასი არგოსელებისთვის – ტროის ომში იუნო ბერძნების მხარეს იბრძოდა, რომლებიც აქ, ქალაქ არგოსის სახელის მიხედვით, არგოსელებად არიან მოხსენიებული; არგოსი იუნოს კულტის ერთ-ერთი ცენტრი იყო.

[11] სტრ. 27. პარისი – ტროის უფლისწული, მეფე პრიამოსის ძე; ზევსმა მას მიანდო, გადაეწყვიტა, თუ რომელი ქალღმერთი იყო ყველაზე მშვენიერი იუნოს, მინერვასა და ვენუსს შორის. პარისმა უპირატესობა სიყვარულის ქალღმერთს, ვენუსს, მიანიჭა.

[12] სტრ. 28. აუტანელი მოდგმა – ტროის მეფეთა მოდგმა, რომელიც დარდანოსისგან მომდინარეობს. ამ მოდგმას ეკუთვნიან ენეასიც და პარისიც. დარდანოსი ნიმფა ელექტრამ უშვა იუპიტერს. იუპიტერის მიწიერი შვილებისადმი და მათი შთამომავლებისადმი იუნოს სიძულვილი ბერძნულ-რომაული მითოლოგიის ტრადიციული მოტივია. განიმედესის პატივი – ულამაზესი ტროელი ყმაწვილი განიმედესი იუპიტერმა მოიტაცა და ოლიმპოსზე ღმერთების მერიქიფედ დასვა; მანამდე ეს პატივი იუპიტერისა და იუნოს ასულ იუვენტუსს (ბერძნული მითოლოგიის ჰებეს) ერგებოდა.

[13] სტრ. 30. დანაელები – ბერძნები; ეს სახელი ეწოდათ ეგვიპტიდან საბერძნეთში გადასული დანაეს სახელის მიხედვით.

[14] სტრ. 35. სპილენძით ააქაფეს… – გემის ჭვინტი ანუ ცხვირი (წინა ნაწილი) სპილენძით იყო შემოჭედილი.

[15] სტრ. 38. ტევკრები – ტროელების ერთ-ერთი დასახელება, ტროის პირველი მეფის, ტევკროსის, სახელის მიხედვით. ტევკროსის ასული გახდა დარდანოსის მეუღლე; მათი შთამომავალი იყო ტროსი, რომელმაც ტროას მისცა სახელი.

[16] სტრ. 39-41. აიას ოილევსის ძის, დანაშაულისა და უგუნურების გამო – ბერძენმა გმირმა აიას ოილევსის ძემ (მცირე აიასმა), ლოკრების მეფემ, შეურაცხჰყო კასანდრა, პრიამოსის ასული, მინერვას (ათენა პალასის) ტაძარში თავად ქალღმერთის თვალწინ.

[17] სტრ. 42. სწრაფი ცეცხლი - იუპიტერის ელვა.

[18] სტრ. 55. ჯაჭვითა და ციხით აოკებს – ეოლია ერთ-ერთია ლიპარის კუნძულებიდან; იგი სიცილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ეოლუსი – ქარების ღმერთი; ქარები ტიტანების შთამომავალი ღვთაებები არიან, ოლიმპოსელები მათ მტრობენ.

[19] სტრ. 60. ყოვლისშემძლე მამა – იუპიტერი.

[20] სტრ. 67. ტირენიის ზღვა – ხმელთაშუა ზღვის ნაწილი, რომელიც განლაგებულია იტალიის დასავლეთ სანაპიროს, ლიგურიასა და სიცილიას შორის.

[21] სტრ. 68. ილიონი - ტროა. ჩააქვს ილიონი – ჩაჰყავს ტროელები.

[22] სტრ. 85. ევრუსი – აღმოსავლეთის ქარი.

[23] სტრ. 85. ნოტუსი – სამხრეთის ქარი.

[24] სტრ. 86. აფრიკუსი – სამხრეთ-დასავლეთის ქარი.

[25] სტრ. 96. ტიდევსის ძე – დიომედესი, ტიდევსის ძე, არგოსის მეფე. ენეასი მისი ხელისგან სიკვდილს დედამ, ვენუსმა გადაარჩინა.

[26] სტრ. 99. ჰექტორი წევს აიაკიდის შუბით განგმირული - ჰექტორი მოკლა აქილევსმა, აიაკოსის შვილიშვილმა (აიაკიდმა).

[27] სტრ. 100. სარპედონი – ლიკიელების წინამძღოლი, ტროელთა მოკავშირე; მოკლა პატროკლოსმა, აქილევსის მეგობარმა.

[28] სტრ. 100. სიმოეისი – ტროადის მდინარე, სათავეს იღებს იდის მთიდან.

[29] სტრ. 102. აკვილონი – ჩრდილოეთის ქარი.

[30] სტრ. 109. …საკურთხევლე უწოდებენ - იგულისხმება კართაგენის მოპირდაპირე კლდოვანი კუნძულები.

[31] სტრ. 113. ლიკიელები — ლიკიის, ტროის მოკავშირე მხარის მცხოვრებლები ჩრდილო-დასავლეთ მცირე აზიაში.

[32] სტრ. 120-121. ილიონევსი, აბასი – ჰომეროსისეული სახელებია, მაგრამ ვერგილიუსის პერსონაჟები არიან, რადგან „ილიადაში“ ისინი უკვე დაიღუპნენ (XIV, 489 და XV, 148).

[33] სტრ. 144. კიმოთოე და ტრიტონი – ზღვის ღვთაებები.

[34] სტრ. 149. ხალხში აღიძვრება აჯანყება – ვერგილიუსი ჰომეროსულ შედარებას მიმართავს, ოღონდ მის წევრებს ადგილს უნაცვლებს: „ილიადაში“ (II, 144-146) ამბოხებული ხალხია შედარებული მღელვარე ზღვასთან. ამ კომპონენტში ვერგილიუსს სულიერად ენათესავება გალაკტიონი: „ტყე ტაძარივით იყო მაღალი.“

[35] სტრ. 177. კერესისეული იარაღი – საკვების განაწილების ინსტრუმენტები. კერესის, ნაყოფიერების ქალღმერთის სახელი აქ ნახმარია თავად საკვების – პურის, ფქვილის, მარცვლეულის – მნიშვნელობით.

[36] სტრ. 182. ფრიგიული ბირემისები – გალერები ნიჩბების ორი რიგით. ფრიგია – მცირე აზიის მხარე, რომელშიც შედიოდა ტროადა; ამიტომაც ვერგილიუსთან ტროელები ხშირად ფრიგიელებად მოიხსენიებენ.

[37] სტრ. 183. კაიკუსის იარაღი შემაღლებულ კიჩოზე – კიჩოზე მიმაგრებული იარაღი ითვლებოდა ხომალდის გამომარჩეველ ნიშნად.

[38] სტრ. 195. აკესტესი – მდინარის ღმერთის, კრიმისისა და ტროელი ქალის, სეგესტას ვაჟი; მან სიცილიაში დააარსა ქალაქი სეგესტა.

[39] სტრ. 196. ტრინაკრია – სიცილიის ძველი დასახელება.

[40] სტრ. 201. კიკლოფსის კლდეები – სიცილიის ნაპირი, რომელზეც, ლეგენდის მიხედვით, კიკლოპები, ცალთვალა გოლიათები ცხოვრობდნენ და იუპიტერის ელვას გამოჭედდნენ.

[41] სტრ. 242. ანტენორი – ტროის მეფის, პრიამოსის, ნათესავი; ილიონის დაცემის შემდეგ ადრიატიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიადგა და იქ ქალაქი პატავიუმი (დღევანდელი პადუა) დააარსა.

[42] სტრ. 244. ილირიის უბეში, ლიბურნიის შიდა სამეფოში – ლიბურნია, ილირია, მხარე ადრიატიკის სანაპიროს ჩრდილოეთ სანაპიროზე, დღევანდელი დალმაცია.

[43] სტრ. 244. ტიმავუსის წყარო – იგივეა, რაც ტიმავი, მდინარე ტრიესტის პროვინციაში.

[44] სტრ. 257. კითერეა – ვენუსის მეტსახელი, კუნძულ კითერის სახელის მიხედვით, სადაც იგი ზღვის ქაფიდან დაბადებული ამოვიდა.

[45] სტრ. 266. რუტულები – ლატიუმში მცხოვრები ლეგენდარული იტალიკური ტომი. მათი დედაქალაქი იყო არდეა, რომელიც რომიდან 35 კილომეტრში მდებარეობდა. ტომის სახელი მომდინარეობს ძვ. იტალიკური Rudhuli-დან, „წითლები“ (იგულისხმება „ქერათმიანები“).

[46] სტრ. 267. ასკანიუსი – ენეასისა და კრეუსას ვაჟი; მისი მეორე სახელი იყო იულუსი. გადმოცემის მიხედვით, ის იყო მამამთავარი იულიუსების გვარისა, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ იულიუს კეისარი და ოქტავიანუს ავგუსტუსი.

[47] სტრ. 273-274. სანამ მარსისგან დაორსულებული დედოფალი და ქურუმი ქალი ილია ტყუპებს არ შობს - ლეგენდის მიხედვით, ილიამ (რეა სილვამ), ალბა ლონგის მეფე ნუმიტორის ასულმა, ქალღმერთ ვესტას ქურუმმა, ღმერთ მარსისგან შვა რომის დამფუძნებლები, რომულუსი და რემუსი.

[48] სტრ. 275. აღმზრდელი მგლის მოყვითალო ტყავით ამაყი – ლეგენდის მიხედვით, რომულუსი და რემუსი ძუ მგელმა აღზარდა.

[49] სტრ. 277. მარსის გალავანი – რომის კედელს „მარსის გალავანი“ ეწოდება, რადგან იგი მარსის ძემ, რომულუსმა აღმართა.

[50] სტრ. 282. ტოგა – რომაელის განმასხვავებელი სამოსი; ამავე დროს, ტოგის ტარება მშვიდობის ნიშანი იყო.

[51] სტრ. 284-285. ასარაკუსის სახლი ფთიასა და სახელოვან მიკენს დაიმონებს და დამარცხებულ არგოსელებზე გაბატონდება – წინასწარმეტყველება გვაუწყებს, რომ ასარაკუსის შვილთაშვილის, ენეასის, სახლი, რომელიც რომაულ მოდგმად იქცევა, დაეუფლება ბერძენი გმირების, აქილევისის (ფთია), აგამემნონისა (მიკენი) და დიომედესის (არგოსი) სამშობლოს.

[52] სტრ. 289. …აღმოსავლური ნადავლით დამძიმებული - მინიშნება ეგვიპტის დაპყრობასა და პართიის მეფე ფრაატთან შეტაკებაზე.

[53] სტრ. 292. ფიდესი და ვესტა – ძველი რომაული ღვთაებები. რომში იდგა ერთგულების ღმერთის, ფიდესის, ტაძარი. ვესტა, კერისა და ცეცხლის ძველი ღვთაება, ითვლებოდა ტროელთა მფარველად; მისი კულტი ენეასმა იტალიაში გადაიტანა.

[54] სტრ. 294. …ომის წყეული კარიბჭე – რომში არსებობდა ძველი ჩვეულება, ომიანობის დროს გაეღოთ იანუსის ტაძრის კარიბჭე, ხოლო მშვიდობის დროს დაეხურათ იგი. ავგუსტუსმა ეს მივიწყებული ჩვეულება აღადგინა და საზეიმოდ ჩარაზა „ომის კარიბჭე“ ძვ.წ. 30 წელს აქტიუმში გამარჯვების შემდეგ.

[55] სტრ. 297. მაიას ვაჟი – მერკურიუსი (ბერძნული მითოლოგიის ჰერმესი), ოლიმპოსური ღმერთი, ზევსისა და პლეიად ქალღმერთ მაიას ძე, ღმერთების შიკრიკი.

[56] სტრ. 317. ჰარპალიკესი – თრაკიელი გმირი ქალი, მეომარი და მონადირე; მისი სახის ბევრი ნიშანი და მისი ისტორიის დეტალები ვერგილიუსმა გამოიყენა კამილას სახისა და ისტორიის შესაქმნელად (XI სიმღერა).

[57] სტრ. 338. აგენორი -ფინიკიის მითოსური მეფე.

[58] სტრ. 367-368. აქ იყიდეს მიწა, სახელად ბირსა; იმოდენა, რასაც დაფარავდა ერთი ხარის ტყავი ­- ფინიკური Borsa (გამაგრებული ადგილი) იქცა ბერძნულ Byrsa-დ (ხარის ტყავად). ლეგენდის მიხედვით, ფინიკიელებმა იმოდენა მიწა იყიდეს, „რასაც ერთი ხარის ტყავი გასწვდებოდა“; ხარის ტყავი ქამრებად დაჭრეს და მოზრდილი მონაკვეთი შეიძინეს.

[59] სტრ. 274. ვესპერი – საღამო.

[60] სტრ. 389. ახლა დაიძარი და წარდექი დედოფლის ზღურბლზე – ეს სტრიქონი ბევრ გამოცემაში შემდგომი დროის ჩანართად ითვლება.

[61] სტრ. 394. …ზეციდან თავს დაეცა იუპიტერის ფრინველი – არწივი; მინერვას ფრინველი იყო ჭოტი, ხოლო ვენუსისა – მტრედი.

[62] სტრ. 416-417. …საბასეული საკმეველი – არაბული ქალაქი საბა და მთელი საბეას მხარე (თანამედროვე იემენი) სახელგანთქმული იყო თავისი სურნელოვანი ფისით, რომელსაც საკმევლად იყენებდნენ.

[63] სტრ. 426. ირჩევენ მოსამართლეებს, მაგისტრატებსა და წმინდა სენატს – გამომცემელთა უმეტესობას ეს სტრიქონი შემდგომი ხანის ჩანართად მიაჩნია.

[64] სტრ. 444. …სწრაფი ცხენის თავი – გადმოცემის მიხედვით, ცხენი ღმერთისგან დაპირებული სამხედრო გამარჯვების ნიშნად ითვლებოდა. ცხენის გამოსახულებები იყო კართაგენულ მონეტებზე.

[65] სტრ. 458. ატრევსის ძეს, პრიამოსს და ორივესთვის საშინელ აქილევსს – აქილევსი საშინელი იყო ატრევსის ძისთვისაც, ბერძენთა მთავარსარდალი აგამემნონისთვის, რომელსაც განურისხდა, როდესაც მან აქილევსს მონაქალი ბრისეისი წაართვა და პრიამოსისთვისაც, ტროის მეფისთვის, რომელსაც ჰექტორი და სხვა ვაჟები მოუკლა.

[66] სტრ. 466. პერგამუმი (ბერძნ. პერგამონი ან პერგამოსი) ­- ტროის ცენტრი, მისი აკროპოლისი; ციხესიმაგრე, რომელზეც იმყოფებოდა სამეფო სასახლე.

[67] სტრ. 469. რესოსი – თრაკიელი მეფე, რომელიც ტროის მხარეს ომობდა. არსებობდა წინასწარმეტყველება, თუკი რესოსის ცხენები ალყაშემორტყმულ ქალაქში ბალახს მოძოვდნენ და წყალს იგემებდნენ, ქალაქი გადარჩებოდა. ტიდევსის ძე, დიომედესი და ოდისევსი ღამით შეიპარნენ რესოსის კარავში, მეფე და მისი მცველები ამოხოცეს და ცხენები ბერძენთა ბანაკში გარეკეს.

[68] სტრ. 474. ტროილოსი – პრიამოსის ვაჟი, რომელიც აპოლონის საკურთხეველთან მოკლა აქილევსმა; ამავე ადგილას დაეცა შემდგომში თავად აქილევსიც.

[69] სტრ. 489. მემნონი – ეთიოპიის მეფე, რომელიც ტროელთა დასახმარებლად ჩავიდა ილიონში, განთიადის ქალღმერთ ავრორას (ბერძნული მითოლოგიის ეოსის) შვილად ითვლებოდა.

[70] სტრ. 491. პენთესილეა – ბერძნულ მითოლოგიაში მეომარი ქალების, ამორძალების, დედოფალი, რომელიც ტროელთა მხარეს იბრძოდა. პენთესილეა მოკლა აქილევსმა.

[71] სტრ. 498. ევროტასი – ლაკონიის მთავარი მდინარე პელოპონესის ნახევარკუნძულზე.

[72] სტრ. 530. ჰესპერია – იტალიის ბერძნული დასახელება, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ავგუსტუსის ეპოქის პოეტები.

[73] სტრ. 533. წინამძღოლის სახელი – საბერძნეთის არკადიიდან იტალიაში გაქცეული ლეგენდარული ოინოტროსის შთამომავლების, ოინოტრების მეფის, იტალუსის სახელი.

[74] სტრ. 534. ჩვენ იქით გვეჭირა გზა ­- ერთ-ერთი დაუსრულებელი სტრიქონია, რომლებიც „ენეიდაში“ საკმაოდ ხშირად გვხვდება. ვერგილიუსის ბიოგრაფოსი, დონატუსი, ამბობს: „გამოცემა განახორციელა ვარიუსმა და მასში მხოლოდ უმნიშვნელო შესწორებები შეიტანა, ასე რომ, დაუსრულებელი სტრიქონებიც დატოვა ისე, როგორც იყო. ბევრმა სცადა შემდგომში დაესრულებინა ისინი, მაგრამ წარუმატებლად. სირთულეს ის ქმნიდა, რომ თითქმის ყველა ნახევარსტრიქონი ვერგილიუსთან დასრულებულ აზრს გამოხატავდა, ერთის გარდა: „ტროაში ის იყო შენთვის…“ (III, 340).

[75] სტრ. 535. ორიონი – თანავარსკვლავედი, რომლის ამოსვლასა და ჩასვლასთან  ზღვის ღელვას უკავშირებდნენ.

[76] სტრ. 570. ერიქსი – მთა ჩრდილო-დასავლეთ სიცილიაში; მის სახელს უკავშირებდნენ ლეგენდას ერიქსზე, ვენუსის ძეზე.

[77] სტრ. 619. ტევკროსი – კუნძულ სალამინის მეფის, ტელამონის, ძე, აიას ტელამონის ძის (აიას დიდის) ნახევარძმა; ტროიდან დაბრუნების შემდეგ მამამ გააძევა, რადგან ულისეზე (ოდისევსზე) შური არ იძია ძმის სიკვდილის გამო. ქალაქი სალამინი, რომელიც მან კვიპროსზე დააარსა, მისი მშობლიური კუნძულის სახელს ატარებდა.

[78] სტრ. 621. ბელუსი – ამ სახელით მოიხსენიებს ვერგილიუსი დიდოს მამას; მან ეს გამოგონილი სახელი შექმნა სემიტური სიტყვის, „ბაალის“ („მბრძანებელი“), საფუძველზე. სხვა წყაროების მიხედვით, დიდოს მამას მუტონი ერქვა.

[79] სტრ. 624. პელასგი მეფეები – ბერძენი მეფეები.

[80] სტრ. 626. ტევკრებს ქებით მოიხსენიებდა – ტევკროსის დედა იყო ჰესიონე, ტროის მეფე ლაომედონის ასული, პრიამოსის და.

[81] სტრ. 636. მხიარული ღმერთის საჩუქარი – ღვინო.

[82] სტრ. 661. ტიროსელთა ორპირობა – ტიროსელები ანუ ფინიკიელები რომში მზაკვრობისა და ორგულობის განხორციელებად ითვლებოდნენ; ირონიული გამოთქმაც არსებობდა – „პუნების ერთგულება“.

[83] სტრ. 686. ლიევსი – ბაკხუსის ბერძნული დასახელება, რომელიც უკავშირდება მის ფუნქციას, ზრუნვისაგან გაათავისუფლოს და მწუხარება დაავიწყოს ღვინის მსმელს (ბერძნული ზმნიდან „ლჲუო“ – „ვათავისუფლებ, ავხსნი“). იმავე მნიშვნელობას ატარებს ბაკხუსის ლათინური მეტსახელიც, ლიბერი.

[84] სტრ. 693. იდალიუმის ჭალა – იდალიუმი იყო მთა და ქალაქი კვიპროსზე; აქ იდგა ვენუსის ტაძარი.

[85] სტრ. 720. აკიდალია – ბეოტიური წყარო, რომელშიც ვენუსის ქალიშვილები, გრატიები (გრაციები) ბანაობდნენ. „აკიდალიელი“ ვენუსის ეპითეტი იყო.

[86] სტრ. 741. …ატლასმა ასწავლა დაკვრა - ტიტანი ატლასი, რომელსაც მხრებით ეჭირა ზეცის ცარგვალი, ხშირად იყო გაიგივებული ატლასის მთასთან. შემდგომ თქმულებებში მას ზეცის გლობუსის გამოგონება, ვარსკვლავცვენაზე მინიშნება და ამინდის ცვლილება მიეწერებოდა; ამიტომაცაა იგი ვერგილიუსთან ასტრონომიულ საიდუმლოთა ამომხსნელი იოპასის მასწავლებლად წარმოდგენილი.

[87] სტრ. 744. ჰიადები — ატლასის ასულების, წვიმის მომტანი ნიმფების გუნდი, შემდგომში თანავარსკლავედი; ტრიონები — დიდი და მცირე დათვის თანავარსკვლავედები.

© არილი