ვერნერ თილე ქართველ გამომცემლებს თამაშის წესებზე ესაუბრა

მისი პროგნოზით, საქართველოში საგამომცემლო საქმიანობას კარგი პერსპექტივა აქვს
ნანა კობაიძე

აპრილის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტში ქართველ გამომცემელთა წინაშე მათი გერმანელი კოლეგა წარდგა. ვერნერ თილე იქაურ წრეებში საკმაოდ ცნობილი და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, “წონიანი” ფიგურაა. საქართველოში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით უკვე მესამედ ჩამოვიდა. ამჯერად მასპინძლებს ქართულად თარგმნილი “ნოუ-ჰაუ გამომცემლებისთვის” წარუდგინა.
ეს არის არატრადიციული ფორმის სამაგიდო წიგნი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და მხოლოდ გამომცემელთათვის არის გათვალისწინებული.
რამდენიმე სიტყვით თავად ვერნერ თილეს შესახებ. მისი CV (როგორც ამას დღეს უწოდებენ) საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: დაიბადა 1945 წელს გერმანიაში. პროფესიული გამოცდილება ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობაში მიიღო. მუშაობდა “კორნელსენის” (გერმანიის სასწავლო და პედაგოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი მოწინავე გამომცემლობა) ხელმძღვანელად და დირექტორად. იყო გერმანიის საზოგადოებრივ-სამართლებრივი რადიომაუწყებლობის ARD ბრანდებურგის განყოფილების ადმინისტრატორი და საწარმოო დირექტორი. 1998 წლიდან მის მიერვე შექმნილ ლიტერატურულ და ინტერნეტ სააგენტო Copyright International Agency – CorinA GmbH მფლობელი და ხელმძღვანელია. სააგენტო წარმოადგენდა რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ავტორებსა და გამომცემლებს. 2000 წელს მინსკში დააარსა ორგანიზაცია “ვასსამედია,” რომლის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება და ნოუ-ჰაუს შეთავაზება წიგნის გამომცემლობისა და მასმედიის სფეროში. 90-იანი წლების დასაწყისიდან გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა საბირჟო კავშირის რეფერენტია ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში. ხელმძღვანელობდა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ მრავალ ღონისძიებას გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთათვის. დამეთანხმებით, ქართველი გამომცემლები მათთვის ასე საჭირო გამოცდილების გასაზიარებლად უკეთესს ვერ ინატრებდნენ (თუმცა, მჯობნის მჯობნს რა გამოლევს) და აგერ უკვე მესამე წელია სწორედ მისგან იღებენ რჩევებს. სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან თითმერიამ აღნიშნა, თილე თითქოს ახალს არაფერს ამბობს, მოჰყავს სრულიად მარტივი მაგალითები და ციფრები, რომლებიც იმიტომ გვეჩვენება მარტივად, რომ მათ დასადგენად ათწლეულების გამოცდილება დაიხარჯაო.
პირველი სემინარი ბატონმა თილემ ქართველი გამომცემლებისთვის სამი წლის წინათ გამართა – მაშინ იგი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიწვევით ჩამოვიდა, წელს მესამედ გვესტუმრა და ისევე, როგორც ყველა უცხოელი (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ) საქართველოთი მოიხიბლა. სიამოვნებით ჩამოვიდოდი ყოველ წელს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული – უპირველეს ყოვლისა, ინტერესი უნდა არსებობდეს იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც მე ვმუშაობო. ინტერესი კი უდავოდ არსებობს, რადგან საქართველოში საგამომცემლო საქმემ ნელ-ნელა დაიწყო ფეხის ადგმა.
ვერნერ თილეს ამჟამინდელი ვიზიტის თემა ქართველი გამომცემლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – გამომცემელთა ასოციაციის ფუნქცია და ის წესები, რომელთაც გამომცემლები უნდა ემორჩილებოდნენ. ეს ყველაფერი გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის მაგალითზე განიხილებოდა.
როგორც სემინარის შემდეგ ბატონმა მერაბ ქათამაძემ მითხრა, ვერნერ თილე მათ გამომცემელთა შორის თამაშის წესებზე ესაუბრა. გერმანიაში ეს წესები საყოველთაოა – ვინც მათ არ იცავს, განზე რჩება, უფრო სწორად, ასოციაციიდან რიცხავენ. ეს ძალზე მძიმე სასჯელია და, ფაქტობრივად, უსაქმოდ დარჩენას ნიშნავს, ამიტომ აქამდე მისვლას ორივე მხარე ერიდება – გამომცემელიც და ასოციაციაც. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ამ სემინარის საფუძველზე პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადებას აპირებს, რომელსაც ჯერ ასოციაციის წევრები, შემდეგ კი სხვა გამომცემლობებიც დაემორჩილებიან. “ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა იოლად არსად განხორციელებულა. თავის დროზე გერმანული ასოციაციაც იმისთვის შეიქმნა, რომ გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა შორის ურთიერთობა მოეწესრიგებინა,” – თქვა ბატონმა მერაბმა.
ცოტა დაწვრილებით მინდა შევეხო იმ სახელმძღვანელოს, რომელიც ვერნერ თილემ ქართველ გამომცემლებს წარმოუდგინა. როგორც აღვნიშნე, ეს არ არის წიგნი მისი კლასიკური გაგებით. არატრადიციული ფორმა მას “მომხმარებლისთვის” ძალზე პრაქტიკულს ხდის. როგორც ბატონმა ვერნერმა ბრძანა, გერმანიაში მას ფურცლების კრებულს ეძახიან და მართლაც ასეა – წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ საქაღალდეში ჩადებული ფურცლები, რომლებიც დანომრილიც კი არ არის, ამიტომ, ძალიან მარტივია მასში ახალი ინფორმაციის ჩამატება. შესაძლებელია ცალკეულმა გამომცემელმა იგი ინდივიდუალურ წიგნადაც აქციოს – ანუ შეიტანოს საკუთარი მონაცემები. წიგნი 12 თავისგან შედგება და მასში თავმოყრილია გამომცემლისთვის საინტერესო ყველანაირი ინფორმაცია – საკანონმდებლო ბაზიდან მასმედიასთან ურთიერთობამდე (რომ აღარაფერი ვთქვათ მენეჯმენტსა და საავტორო უფლებებზე). წიგნი იმითაც არის საინტერესო, რომ მისი წაკითხვა თანამშრომლებთან ერთადაც შეიძლება – იგი მოიცავს საკმაოდ ბევრ ინფორმაციას განსჯისათვის, რაც მათ დისკუსიის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლებისთვის ეს გამოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მასში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა თავმოყრილი. იგი ბატონი ვერნერის 20-წლიან მოღვაწეობას აჯამებს. სხვათა შორის, მისი რუსული ვერსია რამდენიმე წლის წინათ გამოიცა, ქართულ ენაზე კი პირველად ვიხილეთ. არსებობს მისი ინტერნეტ-ვერსიებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსულად. სემინარზე განიხილებოდა საიტზე ქართული ვერსიის განთავსების შესაძლებლობაც, რაზეც, ალბათ, მხარეები შეთანხმდებიან.
სემინარის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ბატონ ვერნერს გავსაუბრებოდი და მისი აზრი შემეტყო დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე საგამომცემლო პროცესების შესახებ. შევეცდები პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზოთ მისი პოზიცია, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ:
“გასული წლებისგან განსხვავებით იგრძნობა, რომ მეტი ყურადღება ექცევა საბაზრო ეკონომიკას. ისიც შეიმჩნევა, იმის გამო, რომ წიგნის მაღაზიები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, გამომცემლები იძულებულნი არიან, თავიანთი შესაძლებლობებით გაუკეთონ საკუთარ პროდუქციას რეკლამა. სასიხარულოა, რომ წიგნის ბაზრობები, რომლებიც გაცილებით პროფესიონალურად ტარდება, მომრავლდა და მისით უფრო მეტი ხალხი ინტერესდება. ჩემი აზრით, წიგნისადმი ინტერესიც შესამჩნევად გაიზარდა. კარგი იქნებოდა წიგნის მაღაზიების ახლებურად მოწყობა, რათა წიგნი დახლის უკან კი არ იდოს, მკითხველმა მისი ხელში აღება შეძლოს. ვისურვებდი მომრავლდეს ისეთი მაღაზიები, სადაც მკითხველი თავს სტუმრად ჩათვლის, სტუმრად, რომელსაც ელიან. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი გაიზარდა, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ რომ რუსულის მიმართ მოთხოვნილებამ იკლო. ეს, ალბათ, მკითხველის გაახალგაზრდავებით აიხსნება. დღეს ახალგაზრდებს გაცილებით ნაკლები საერთო აქვთ ყველაფერ რუსულთან, ვიდრე წინა თაობას. იმ ადამიანთა მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომელთაც ვესაუბრე, მივიჩნევ, რომ მათში გაიზარდა ინტერესი დასავლური ლიტერატურის მიმართ. ვისურვებდი, ეს შესაძლებლობა ქართველებს არ მოკლებოდეთ. თუმცა, არც ის არის დასამალი, რომ თარგმანი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა – ანუ ძვირია ლიცენზია, რომელსაც უცხოურ გამომცემლობა ყიდის. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლობებისთვის ისინი შეღავათიან ფასებში უნდა გაიცეს,” – ამბობს ბატონი თილე, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის მასთან საუბრის დასასრული. ვფიქრობ, არც ის იქნება უინტერესო, როგორ შეაფასებს იგი ახალ ქართულ გამოცემებს. “ამ ეტაპზე წიგნების დიზაინი საკმაოდ გაუმჯობესებულია, რასაც ვერ ვიტყვი გამოცემათა ტექნიკურ მომზადებაზე. ის ჯერ კიდევ ჩამოუვარდება თანამედროვე სტანდარტებს, მაგალითად იმას მოვიყვან, რომ წიგნს ფურცლები არ უნდა ძვრებოდეს. გარდა ამისა, დღესდღეობით აქტუალურია ციფრული გამოცემები, კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ გამოცდილებასაც გაიზიარებთ” – თქვა ბატონმა თილემ. მისი მოსაზრებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა წიგნების აკინძვასთან დაკავშირებული შენიშვნა, რაც მეც და, ალბათ, სხვებსაც საკუთარ თავზე, უფრო სწორად, საკუთარ წიგნებზე გამოუცდიათ. ძალიან ხშირად – იყიდი საინტერესო გამოცემას, გადაფურცლავ და ხელში ვერნერ თილეს “ნოუ-ჰაუს” მსგავსი ფურცელთა კრებული შეგრჩება, რაც ამ შემთხვევაში, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
გასაგებია, რომ ქართველებისთვის ვერნერ თილესთან შეხვედრა ინტერესს მოკლებული არ ყოფილა, რამდენად იყო საინტერესო თავად ბატონი ვერნერისთვის მასპინძელ კოლეგებთან ურთიერთობა? როგორც ბრძანა, აღფრთოვანებულია მათით, ადამიანებით, რომელნიც ასეთ მძიმე პირობებშიც კი ახერხებენ საქმის კეთებას. უცხოეთში კოლეგების ურთიერთობა მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს ეფუძნება, ქართველ გამომცემლებს კი, საქმის გარდა, პირისპირ, ადამიანურადაც შეიძლება დაელაპარაკოო, – დასძინა მან. საუბრის ბოლოს ჩვენს სტუმარს ვთხოვე, გაეკეთებინა პროგნოზი – როგორ განვითარდება საქართველოში საგამოცემლო საქმიანობა და აი, რა მიპასუხა: “ცვლილებები, რაც ძველი სტრუქტურის ნგრევამ გამოიწვია, ბოლომდე არ დასრულებულა. ვფიქრობ, პერსპექტივა ცუდი არ იქნება, ოღონდ ამისათვის საჭიროა გამომცემელთა ასოციაციამ უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს – ანუ გაიმართოს უფრო მეტი ღონისძიება საგამომცემლო სფეროს უკეთ წარმოსაჩენად და გასაუმჯობესებლად. თუმცა, მხოლოდ ასოციაცია ვერაფერს გახდება, თუ სახელმწიფოც არ დაეხმარა. ეს დახმარება კი ამ ეტაპზე წიგნის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებაში გამოიხატება.”

2002

© “წიგნები – 24 საათი”