ვლადიმირ ნაბოკოვი – ლოლიტა

ლევან ბრეგაძე
როცა თარგმნა მართლა შემოქმედებაა

ვლადიმირ ნაბოკოვი, «ლოლიტა» (რომანი). ავტორისეული რუსული გამოცემიდან თარგმნა თამარ ლომიძემ. რედაქტორ-გამომცემელი ლაშა ბერაია (მასვე ეკუთვნის რუსული გამოცემის პოსტსკრიპტუმის თარგმანი). თბილისი, «ლოგოს პრესი», 2002.

ვლადიმირ ნაბოკოვის «ლოლიტასავით» ძნელად სათარგმნელი პროზა ცოტა თუ მოიძებნება. აქაოდა ბულვარული პორნოგრაფიული საკითხავი არ გამომივიდესო, ავტორი რიტორიკული ფიგურებით და ათასი უცნაურობით ნაჯერ ტექსტს გვთავაზობს: მოულოდნელი ეპითეტები და შედარებები, აღმოსავლური ყაიდის მეტაფორულობა, მხატვრული აბსურდის ტექნიკით შესრულებული პასაჟები, ალუზიათა და ციტირების ნაირ-ნაირ სახეობათა სიუხვე, ორიგინალური სიტყვათწარმოება, უამრავი სიტყვის თამაში თუ ზმა… მოკლედ, ჩვენ წინაშეა ინტელექტუალური და ამავდროულად ეროტიკული პროზის გემოვნებით შესრულებული პაროდია ფარსის ელემენტებით… ჰოდა, ეს ყოველივე ნამდვილად დაგაფრთხობს, როცა «ლოლიტას» სხვა ენაზე გარდათქმას დააპირებ, თუკი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, რაც მთარგმნელს მოეთხოვება, რთულ მხატვრულ-ლინგვისტურ ამოცანათა დაძლევის ჟინითაც არა ხარ შეპყრობილი.
თამარ ლომიძე – ამ თარგმანისთვის საჭირო ორივე ენის ჩინებული მცოდნე, ფართო პროფილის მეცნიერ-ფილოლოგი, ანალიტიკოსი, ორიგინალურ და ღრმა ლიტერატურულ დაკვირვებათა ავტორი და თარგმანის დარგშიც საკმაოდ გამოცდილი შემოქმედი – ქართული «ლოლიტას» სახით უაღრესად მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენას გვთავაზობს.
მთარგმნელთა უმრავლესობის მთავარი უბედურება ის არის, რომ ტექსტის ანალიზური წაკითხვა უჭირთ; არ ითვალისწინებენ, რომ მხატვრულ ნაწარმოებში ინფორმაცია მარტო სიტყვებით კი არა, სიტყვათა ორგანიზებითაც გადაიცემა. განსაკუთრებით ემტერებიან ლექსიკურ და სინტაქსურ გამეორებებს, რაც უფუნქციო ტავტოლოგია ჰგონიათ.
საჭადრაკო ორთაბრძოლის ეპიზოდში ვ. ნაბოკოვს ერთი ფრაზა აქვს, სადაც ოთხჯერ, თითქოსდა მომაბეზრებლად, მეორდება კავშირი «и». დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ სტილისტიკურ ფიგურას, რომელსაც დაბნეული და აფორიაქებული პერსონაჟის ცოცხალი პორტრეტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, თამარ ლომიძე ზუსტად გადაიტანს თარგმანში:
«ამიტომ დიდხანს ვერაფერს ბედავდა, და ქშინავდა, და კრუსუნებდა, და ლაშებს აცმაცუნებდა, და მალულად მაკვირდებოდა კიდეც».
კარგი, ვთქვათ, ეს იმდენიც არაფერი ტექნიკური თვალსაზრისით. ახლა ასეთი ადგილი ვნახოთ: ჰუმბერტ ჰუმბერტი უსაყვედურებს ლოლიტას: «გაგიჟებით გიყვარდა ძიგძიგისა და სლუკსლუკის უპირველესი სპეციალისტის ფირფიტები, იმისა, შენი ჯუფთი ყმაწვილები რომ აღმერთებენ (ლოლიტა: «ჩემი ვინ? – ადამიანურად ილაპარაკე»)».
ლოლიტას ჩვენს მიერ ხაზგასმული მოძველებული, მწიგნობრული «ჯუფთი» ეტოშა, რაც ტოლს ნიშნავს. ეს გახლავთ მარჯვედ და, უთუოდ, არცთუ ადვილად მოძებნილი სიტყვა, რომლითაც იმის მსგავსი ეფექტი მიიღწევა, რასაც დედანში «соотроковица» ქმნის. (отроковица ასევე ძველებური, მწიგნობრული სიტყვაა და ყმაწვილ ქალს ნიშნავს). აქ ასაკით და ინტერესებით დიდად განსხვავებულ პერსონაჟთა პორტრეტები სტილისტიკური ხერხით იხატება. ასეთი ადგილების თარგმნისას გამოიცდება ნამდვილი შემოქმედი მთარგმნელი.
«ო, ჩემო ლოლიტა, ახლა მხოლოდ სიტყვებით თამაში თუ შემიძლია» – ასეთ კომენტარს ურთავს მთხრობელი მის მიერ შეთხზულ ამ სამსიტყვიან მინი-ლექსს: «Убил ты Куилты». (აქ მან რითმის გულისთვის ოდნავ დაამახინჯა მისი საძულველი მეტოქისა და მსხვერპლის გვარი Куильти). ამ სიტყვის თამაშის თამარ ლომიძისეული ვერსია ასეთია: «ბილწი-კუილწი». და კიდევ რამდენი რთული მთარგმნელობითი პრობლემის ასეთივე მახვილგონივრული გადაწყვეტა უპოვია მას!
ვნახოთ თარგმანში კარგად გადმოტანილი «მხატვრული» სიტყვათწარმოების ნიმუშები:
«ავტომობილიდან გადმოვედი და «დაბორბვლას» შევუდექი. განსვენებული შარლოტა ასე უწოდებდა ამ ოპერაციას» (იგულისხმება ავტომობილის ბორბლის გამოცვლის პროცესი. ლ.ბ.). «დაბორბვლის» ადგილას დედანში არის «колесование».
«როდესაც დავბრუნდი, სახლი ჯერ კიდევ ულოლიტო იყო». (შეადარეთ ამას შესაძლო «პროზაული» (უფერული) ვარიანტი: «როდესაც დავბრუნდი, ლოლიტა ჯერ კიდევ არ იყო შინ»).
დედანშია: «Когда вернулся, дом был еще безлолитен».
ზემოთ რომ აღმოსავლური მეტაფორულობა ვახსენე, ამ ყაიდის მხატვრულ სახეებს ვგულისხმობდი: «ჩემი კლერის ბიძა მაგიდაზე იჯდა, სახეზე ჯერ კიდევ მეოცნებე გამომეტყველება ეფინა, მაგრამ ფეხი აღარ არწევდა ვარდისფერი იმედების აკვანს».
(დედანშია: «…нога перестала толкать люльку розового упования»).
სამაგალითო სიზუსტითა და ოსტატობით გადმოაქვს მთარგმნელს ქართულად ამის მსგავსი რთული მხატვრული სახეები. კიდევ ერთი მაგალითი:
«ჩრჩილმა ადგილ-ადგილ ამოჭამა ცოლქმრული სიმყუდროვის პლუში».
რუსულ ტექსტშია: «Молевые проедники появились в плюше супружеского уюта «.
დედანში ერთი ასეთი შედარებაა: «Солнце уже горело, как мужественный мученик». დააკვირდით, რა მარჯვედ არის შერჩეული სიტყვები მის გადმოსაქართულებლად:
«მზე უდრეკი მარტვილივით იწვოდა». фтвф
შევამჩნიე რამდენიმე, ძირითადად, ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული ნაკლულება:
დასაზუსტებელია ის ადგილი, სადაც მთხრობელი გოეთეს «ტყის მეფეს» იხსენებს. ფრჩხილებში ჩასმული შენიშვნა – «но на сей раз любитель не мальчиков, а девочек», ტყის მეფეს მიემართება და არა მთხრობელს, როგორც ეს თარგმანშია (გვ. 281).
338-ე გვერდზე, ფრაზაში – «დოლის ისევე ხომ არ მოვექეცი, ორმოცდაათი წლის ფრანკ ლასალი (უნდა იყოს ლასელი. ლ.ბ.) რომ მოექცა სალი ჰორნერს 1948 წელს?» – გამორჩენილია ფრანკ ლასელის პროფესია (მექანიკოსი) და, რაც მთავარია, სალი ჰორნერის ასაკიც («თერთმეტი წლის»), რასაც აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს.
არის რამდენიმე კორექტურული შეცდომა, რის შედეგადაც აზრი იცვლება:
«მეორე წერილი, რომელიც ლიფტში გავხსენი და სასწრაფოდ გავხსენი, ჯონ ფარლოსგან იყო» (გვ. 309). მეორე «გავხსენის» ნაცვლად უნდა იყოს «გადავათვალიერე».
«ახალშექმნილ სხვა თეატრალურ ჩვევებთან ერთად» (გვ. 245). «ახალშექმნილ»-ის ნაცვლად უნდა იყოს «ახალშეძენილ».
მაგრამ ეს წვრილმანია.
ამ თარგმანს ბევრი ღირსება აქვს, ხოლო უმთავრესი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მთარგმნელს არ მოსდის ინტონაციური ხასიათის შეცდომები. ჩინებულად არის გადმოტანილი წინასიტყვაობის ფსევდოავთენტიკური, პირველ ცოლთან გაყრის ამსახველ ეპიზოდთა ფსევდოდრამატული და მრავალი პასაჟის ფსევდოპათეტიკური ინტონაციები. და ესეც ანალიზურ კითხვაში გაწაფულობის შედეგია.

© “წიგნები – 24 საათი”