ესე,  პროზა

ზაზა ფირალიშვილი – ნაგვიანები რექვიემი

zaza piralishvili-44

ხანდისხან მგონია, რომ მეხსიერება (ან, ეგებ, ვიღაც ჩვენი მეხსიერების მეშვეობით) თვალთმაქცურ თამაშებს გვეთამაშება. მხოლოდ გვიანღა ვხვდებით, ტყეში გზააბნეულებივით როგორ დავუტრიალებივართ წრეზე და ის, რაც აქ და ახლა გვეგონა, სინამდვილეში კიდევ ერთი მოხილვა ყოფილა იმისა, რაც სადღაც მიგვიტოვებია და თითქოს აღარც არის და აღარც მნიშვნელობს. ჰოდა, ეს, ერთი შეხედვით, მიკარგული და მივიწყებული რამ მოულოდნელად გამოძებნის ხოლმე რაღაც ხვრელს და ცდილობს, ახლა უკვე აწმყოს პრიზმაში გაირბინოს და ამით გვითხრას, რომ მისი მიკარგვა მხოლოდ ილუზია ყოფილა და რომ ის არც არსად დაკარგულა. უფრო მეტიც, თუკი რაიმე განსაზღვრავს ჩემს ყოფნას აქ და ახლა, პირველ რიგში ის საშენი მასალაა, რომელიც სადღაც მიტოვებული მეგონა – თანაც არა იმ ბანალური აზრით, რომ აწმყო წარსულზე შენდება, არამედ იმ ჭირვეული ვნების გამო, რომელიც მაიძულებს, დროის სარდაფში უდარდელად მიგდებული მოვლენები კიდევ ერთხელ მოვაბრუნო და კიდევ ერთხელ გავესაუბრო ჩემს თავს „იქ და მაშინ“. იმ დროს, როდესაც ის მოვლენა „აქ და ახლა“ იყო, მისით გამოთქმულმა სადღაც ჩემს გვერდით ჩაიარა, თუმცა კი მაუწყა თავისი არსებობის შესახებ და აბეზარი მწერივით შემოჩენილი ეს უწყება მაიძულებს, რომ დავყვე მეხსიერების თვალთმაქცურ თამაშებს და დროით წრფეზე მავალი წრიულად მივუბრუნდე წარსულის რომელიღაც მონაკვეთს და კიდევ ერთხელ ვეცადო იმის გაგებას, რაც მაშინ მეუწყა.

ნოსტალგია მეხსიერების ამ თამაშების დიდი იარაღია. ის მიგვანიშნებს, რომ ჩვენი არსებობის მთლიანობისა და სამყაროსთან თანხმიერების განცდა ოდესღაც, თურმე, გვახლდა, თუმცა ვერც შეგვიმჩნევია. გვიანღა ვამჩნევთ. ამიტომაც ის უფრო მონატრებაა იმისა, რაც, თურმე, სადღაც და ოდესღაც რომ მოგვცემია, მაგრამ ხელიდან გაგვისხლტა.

„ის ვიღაც“ მეხსიერებისა და მისი იარაღის – ნოსტალგიის – მეშვეობით თითქოს გვახსენებს, რომ მონატრების ვნება და რაღაც ძალზე მნიშვნელოვანის ხელიდან გასხლტომის გამო წუხილი მუდმივად უნდა დაგვდევდეს, რათა ერთხელ – წამიერად მაინც – სამყაროსთან შერიგების ბედნიერებად იქცეს: მონატრებამ წარსულიდან აწმყოში, „აქ და ახლა“ გადმოინაცვლოს და აღსრულებული იმედივით დამეუფლოს ნაცნობი განცდა: მე შენ გიცანი, როგორც დეკარტე იტყოდა, გიცანი იმავე ნიჭიერების წყალობით, რომლითაც ვცნობ საკუთარ თავს.

მანამ კი მეხსიერება (თუ ის ჰიპოთეტური ვიღაც ჩემი მეხსიერების მეშვეობით) განაგრძობს თავის თამაშებს და კვლავ და კვლავ გვაბრუნებს წრეზე, უფრო სწორი იქნებოდა, მეთქვა, ერთმანეთში გარდამავალ და ერთმანეთის გადამკვეთი ლამის ქაოტური წრეებისა და სპირალების წყებაზე, რომელსაც გარკვეულობას მხოლოდ ორი გარდუვალობა – დაბადება და სიკვდილი, წერტილიდა წერტილი ანიჭებს. ამ ურთიერთგადახლართული და დაუთვლელი წირებით თითქოს უნდა აიგოს ფიბონაჩის ის სპირალი, რომლადაც მავანს ჩემი არსებობის დახატვა სურდა. ამას დავუმატოთ ჩვენი მარად დაუმთავრებელი ფიქრები და განცდები, თავბრუდამხვევ თავგადასავლებში რომ გადაშვებულან დასრულებისა და მშვიდობაში დავანების იმედით.

ცხადია, ყველაფერი ამის წრფივ თანამიმდევრობად დალაგება და მოთხრობილ ამბად წარმოდგენა შეუძლებელია, თუმცა კი გარდუვალია დალაგების მცდელობა. ეს შანსს გვაძლევს, თავი დავაღწიოთ მოვლენათა თანამიმდევრული განვითარებისა და მათში გარკვეულობის არსებობის ილუზიით „იმ ვიღაცის“ მიერ მართულ ქაოსს. მაგრამ ისიცაა, რომ თუ ხანდისხან მაინც ჩვენი ნებით არ ვიტყვით უარს ამგვარ ნარკოტიკულ თრობაზე, „ის ვიღაც“ ახალ წრეს წამოიწყებს და თავდაყირა დაგვიყენებს სამყაროსთან თუ საკუთარ თავთან შერიგების ყალბ სიტკბოებას. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ „ის ვიღაც,“ ის ჩვენი მარადი ოპონენტი ულმობელია. პირიქით, შესაძლებლობას გვაძლევს, უმეტესი დრო ჩვენი არსებობის წრფივი აღწერის მდგომარეობაში ვიყოთ და მხოლოდ ხანგამოშვებით თუ შეგვყრის ხოლმე შფოთს, რათა თვითმკმარ ილუზიებში ზედმეტად არ ჩავიძიროთ. მხოლოდ ხანგამოშვებით თუ გააღვიძებს ახალ წრეებს, უწესრიგო წირებს თუ სპირალებს და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ დროის საიდუმლოს, თურმე, მხოლოდ ის ფლობს, უფრო მეტიც, თავად არის დრო, რომელიც გარდუვალობით იმკის იმას, რისი მომკაც აქვს გამიზნული და ჩვენს მცდელობაზე, დრო დავიმორჩილოთ და ჩვენთვის გასაგები სწორხაზოვნების ფარგლებში ჩავკეტოთ, მხოლოდ კეთილად თუ ეღიმება და თვალს ადევნებს, თუ როგორ ვართ იძულებულები, მეხსიერების ბრუნთა ნებას დავყვეთ და კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენი არსებობის მოუხელთებელ ელფერად ქცეულა; კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ჯერაც არ დამდგარა დრო, ან უფრო სწორად, ვერასოდეს დადგება დრო, ჩვენი წარსული გამოუსადეგარი ნარჩენივით მოვიშოროთ თავიდან. მეტიც, თუ არ მივუბრუნდით მას, აუცილებლად იძიებს შურს და კვლავ და კვლავ გვაიძულებს, ამოვწუროთ ის, რაც, თურმე, უნდა ამოგვეწურა.

 

ჰოდა, აქა ამბავი მეხსიერების ერთი ბრუნისა – თუკი საერთოდაც შესაძლებელია წირთა ქაოსიდან ერთი წირის გამოყოფა. მაინც შევეცდები, ამ წირის ერთ ბოლოს ხელი ჩავავლო და ფრთხილად გამოვქაჩო, მითუმეტეს, რომ ჯიუტად მახსენებს თავს.

 

1972 წელი იყო. ჯერაც სკოლაში ვსწავლობდი. გარკვეული მიზეზების გამო საავადმყოფოში აღმოვჩნდი და იქ ლამის ერთი თვის გატარება მომიწია. ექიმები სიარულს მიკრძალავდნენ, მაგრამ 15-16 წლის ბიჭისათვის ეს აკრძალვა მხოლოდ ნაშუადღევამდე მოქმედებდა. როგორც კი ექიმები სახლებისკენ გასწევდნენ, წამოვხტებოდი და ახალ ნაცნობებს შემოვივლიდი ხოლმე.

ამქვეყნად არ არსებობს 15 წლის ბიჭზე უფრო ხალისიანი და ახალი ნაცნობობის მოსურნე, არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით რომ იძენს მეგობრებს, დარწმუნებულია, რომ ცხოვრების ბოლომდე მათთან ერთად იქნება და რომ სწორედ ახლა ხდება მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბები. ჰოდა, მეც ლამის ყოველდღიურად ვიძენდი ახალ მეგობრებს და მთელ საღამოებს საავადმყოფოს ეზოში ვატარებდი. ჩემს ექიმს ისიც რომ გაეგო, თუ საავადმყოფოს ბაღში შეღამების შემდეგ თბილისის ოპერის ერთ გალოთებულ მევიოლინესთან და მის ახალგაზრდა მეგობართან ერთად როგორ მივირთმევდი არაყს, ალბათ, საავადმყოფოდან გამომაგდებდნენ კიდეც. არადა, ეს საიდუმლო ნადიმი ჩემთვის ჩემი კაცობის დასტური იყო და მთელი სერიოზულობით წარმოვთქვამდი პათეტიკურ სადღეგრძელოებს, რითაც, ალბათ, შევაწუხე კიდეც ისინი. კიდევ ერთი გასართობი მქონდა. საერთო სააბაზანოში ვიკეტებოდი და საათობით ვნებივრობდი ცხელ წყალში, თან უფროსი ძმის მიერ მალულად მოტანილ სიგარეტს ვეწეოდი. სიგარეტის მარაგი ყოველთვის მქონდა ლეიბის ქვეშ გადამალული.

სწორედ მაშინ გავიცანი ის მოხუცი – ჩია, გამხდარი კაცი. მისი სახელი აღარ მახსოვს. სახის ნაკვთებსაც ძლივს ვიხსენებ. მახსოვს, რომ სიბერით მოხრილ ტანზეც კი ეტყობოდა, რომ ოდესღაც ლარივით გაჭიმულს სჩვეოდა სიარული. მიუხედავად ასაკისა, თავი ყოჩაღად ეჭირა. დერეფანში ისე მიდიოდა, თითქოს იქ მის მეტი სხვა არავინ იყო და გზასაც უნებურად უთმობდნენ.

ეს იყო მაშინ ჯერაც შემორჩენილი თაობის წარმომადგენელი, ზრდასრულობაში მეფის რუსეთსაც რომ მოესწრო და შემდეგ მთელი ცხოვრება საბჭოეთში გაატარა. აზნაურიშვილი იყო, მაგრამ ეს ისე საიდუმლოდ გამანდო, თითქოს ამის გამო კიდევ ელოდა რამე საფრთხე. ოფიცერი ყოფილა. მენშევიკების დროს, ბოლშევიკების შემოსვლამდე რაღაც მიზეზით მიუტოვებია ჯარი და რეპრესიებს ამან გადაარჩინა. უფრო მეტიც, 20-იან წლებში მისი ოფიცრობა გაიხსენეს და ამჯერად უკვე წითელ ჯარში გაიწვიეს. დიდი სამხედრო კარიერა არ გაუკეთებია. თუ არ ვცდები, კაპიტნის თუ მაიორის წოდებით დაასრულა სამხედრო სამსახური.

მოხუცი ხალისით მიყვებოდა ახალგაზრდობის ამბებს. ოთხმოცს იყო მიტანებული. ამ ხნის ადამიანებს უხარიათ მსმენელის გამოჩენა. მე კიდევ იმ ასაკში ვიყავი, როდესაც ყმაწვილს უფროსების მონაყოლის მოსმენა ურჩევნია ლაპარაკს და მთელი საღამოების განმავლობაში ვისმენდი მის საომარ თუ საყაზარმო თავგადასავლებს. ძალიან არ მოსწონდა, სიგარეტს რომ ვეწეოდი და მომიყვა, თავად როგორ დაანება თავი. ბავშვი მეყოლა თუ არა, ექვსი კოლოფი პაპიროზი (სწორედ ასე თქვა: პაპიროზი) ღუმელში შევყარეო. ცოლმა შეიცხადა, ხელახლა გექნება საყიდელიო, მაგრამ იმის შემდეგ აღარ გავკარებივარო.

თავისი დაავადების შესახებ გარკვეულს ვერაფერს ამბობდა. მიკვლევენო. ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს და შვილიშვილმა გამოსაკვლევად დამაწვინაო. აქაური ექიმი მისი მეგობარია და მპატრონობსო. შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა და შვილიშვილთან ცხოვრობდა, თურმე.

მალე მე საავადმყოფოდან გამწერეს. პირველ ხანებში ახალი მეგობრების სანახავად შევივლიდი ხოლმე. თანდათან მათი რიცხვი მცირდებოდა. გაეწერებოდნენ და თვალსაწიერიდან ქრებოდნენ. რამდენიმეჯერ ეს მოხუციც ვნახე, თუმცა გაგვიჭირდა ძველი ურთიერთობის აღდგენა. გაუცხოვებულად მეჩვენა. მესამედ რომ მივაკითხე, თვალი ამარიდა. არ მომესალმა. შევწუხდი. მისი პალატის მეზობელს ვკითხე და მეხსიერება დაკარგაო, მიპასუხა. ვეღარ ხვდება, სად არისო. მერე საიდუმლოდ ისიც გამანდო, შვილიშვილმა აქ გამოსაკვლევად კი არ დააწვინა, თავიდან მოიშორაო. სახლში ფეხებში ებლანდებოდა ყველას, მოერიდათ, მოხუცთა თავშესაფარში ჩაებარებინათ და აქ განამწესეს თავის ნაცნობ ექიმთანო. საავადმყოფო მაშინ უფასო იყო და მოხუცის თავიდან მოშრების ფაქტი უკეთ შეინიღბებოდა. უკვე მთელი თვეა, აღარ აკითხავსო. ესეც მიხვდა და უცებ მოტყდაო. თავად არასოდეს დაუჩივლია შვილიშვილზე, ისევ ისეთი ოდნავ დამცინავი და ყინჩიაო. მეხსიერება უცებ დაუკარგავს. ან, იქნებ, უბრალოდ, ნაცნობობაზე უთხრა უარი იმ ქვეყანას, რომელმაც ასე ულმობლად მოიშორა თავიდან. მეც ხომ ამ ქვეყნის ნაწილი ვიყავი და სხვებივით გამდევნა. სადღაც სხვაგან გადასახლდა და მთელი დღეების განმავლობაში დერეფანში დაჰქონდა თავისი უსასრულოდ წვრილი, დასუსტებული ფეხები. მინავლებული მზერით უცქერდა რაღაც განურჩეველ წერტილს სივრცეში და თითქოს მისკენ მიიწევდა, თანაც, წონასწორობის შესანარჩუნებლად, ბებრულად დაძარღვული ხელით ეყრდნობოდა კედელს.

ერთხელაც მივედი და გარდაიცვალაო, მითხრეს. თითქოს მიაგნო იმ წერტილს, რომლისკენაც თავისი უსიცოცხლო მზერით და ლასლასით მთელი ბოლო დღეების განმავლობაში მიდიოდა. წამიერად რაღაც მსგავსმა გამიელვა, უფრო კი თითქოს დავინახე, თუ როგორ მიაგნო რაღაც უხილავ მეტაფიზიკურ ბზარს, მიიმალა მასში და ეს ბზარიც დაიხურა.

მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. არც ის ვიცი, შვილიშვილმა დაკრძალა, თუ – სახელმწიფომ თავისი ხარჯით. ალბათ, შვილიშვილი დაკრძალავდა, როგორც საავადმყოფოში გარდაცვლილ ნათესავს. ამას ჩემთვის არც მაშინ არა ჰქონდა მნიშვნელობა და არც ახლა აქვს. ჩემთვის ამბავი მაშინ დასრულდა, როდესაც მან თავისი მეხსიერებიდან მთელი ის სამყარო განდევნა, სადაც ცხოვრება გაატარა, სადაც ჯარისკაცებთან ერთად ცხოვრობდა და იბრძოდა, სადაც უყვარდა, ეშინოდა, ტკიოდა და უხაროდა, სადაც სიმწრით ნაშოვნი ექვსი კოლოფი სიგარეტი შვილის გამო ცეცხლში შეყარა და ერთხელ აღქმულ პირობას არ გადასულა, სადაც შეიძინა 15 -16 წლის მეგობარი, გატაცებით რომ უსმენდა მის ტრაბახა თავგადასავლებს და ვისი წყალობითაც ჯერაც გრძნობდა თავის მნიშვნელობას. განდევნა და მიადგა იმ ბზარს, გარიდების შანსს რომ აძლევდა და ჩაიკარგა მასში, ჩაიკარგა და მთელი ჩვენი სამყარო უსარგებლო ნაშთივით მოგვიგდო. თუმცა კი, ამ დროსაც იგი კვლავ სამხედრო და კვლავოფიცერი იყო, დაუდევრად რომ შეუძლია სიცოცხლის დათმობა, მითუმეტეს, თუ ეს დათმობა თავისი ღირსების შენარჩუნების შანსს აძლევს. ჰოდა, დაგვტოვა ჩვენ – უღირსები, კომფორტს გამოკიდებულები, თვალთმაქცი კეთილშობილებით ბოროტების ჩამდენნი, მოკლედ, ჭკვიანები და ანგარიშიანები, დაგვტოვა და სხვისი არ ვიცი და მე კი საფიქრალად დამიტოვა ის ბზარი, რომელსაც წაადგა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ჩვენს ხსოვნაზე და გაიხსენა ის, რასაც, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გულმოდგინედ ივიწყებდა და მთელი ჩვენი ანგარიშებითა და ოცნებებით ნაგები სამყარო განაბნია მის წინაშე. შური იძია იმ ერთადერთი სინამდვილეთი, ყველაფერ სხვას რომ თავის თავში ჩანთქავს. ამიტომაც იყო კეთილშობილი აზნაურიშვილი, რომ შეეძლო ამის გაკეთება.

ცხადია, მე ისევ 15 წლის ბიჭად ვრჩებოდი და ყველაფერი ის, რაც მასთან დაკავშირებით ვახსენე, კვლავ თან დამყვებოდა, თუმცა კი, ასევე, ხან ფარულად, ხან კიდევ აშკარად დამყვებოდა ხსოვნა იმ ბზარისა, რომელიც ამ მოხუცის წყალობით წამიერად ვიხილე და რომელიც მას შემდეგ ულმობლად მახსენებდა თავს. სამურაი ხომ თავის ყოველდღიურ მედიტაციებში საკუთარ თავს ხმლით დაკუწულს წარმოიგენდა ხოლმე და ასე ეგუებოდა არსებობის ამ ზღვრულ მდგომარეობას. ალბათ, მხოლოდ ორი რამ ძალგვიძს: ამ ძრწოლის დავიწყება, მისი შენიღბვა და დაურვება ამის, ვინ იცის, რამდენი ფორმა არსებობს – გულუბრყვილოდან დაწყებული და ურთულესი რიტუალებით დამთავრებული. ან ძრწოლის შენიღბვა, ან მისი მიღება, იმ კარიბჭის ხილვა, რომლის მიღმაც შეიძლება არც არაფერი იყოს – უბრალოდ, კარიბჭეა და მორჩა. სამურაი თავისი ნებით იღებს გარდუვალობას იმ ბზარისა, რომელიც ჩემმა მოხუცმაც მონიშნა და თავის ბებრულად ცრემლიან თვალებში ჩაბუდებული ჩამქრალი მზერით მიჰყვა მას. პირიქით, ეს ბზარი თან ულმობლად ითრევდა, თან თავსდამტყდარი მარტოობისა და განწირულობისაგან თავის დაღწევას პირდებოდა.

 

ის, ვინც მეხსიერების თამაშებში გვითრევს, მუდმივად გვახსენებენ, რომ, მართალია, დრო თითქოს მოძრაობს და წრფივად მიიმართება, მაგრამ სინამდვილეში არც არსად მიდის და რომ ის ამოცანა, ოდესღაც ძენონმა რომ დასვა აპორიაში „ისარი“ დღესაც გადაუჭრელია. უფრო მეტიც, სწორედ ეს გადაუჭრელობის ვითარებაა ჩვენი დროში არსებობა და რომ ცოცხლები გვქვია მანამ, სანამ გადაუჭრელი ვითარებები არსებობს. ისარი მოძრაობს „ა“ წერტილიდან „ბ“წერტილამდე, ამბობს ძენონი და ჩვენც ვხედავთ, როგორ გადაადგილდება ის. მაგრამ როდესაც ისარს რომელიღაც შუალედურ წერტილში განვიხილავთ, ის იქ არის და არა სხვაგან. მაშასადამე, ის გაჩერებულია. იგივე ითქმის ნებისმიერ შუალედურ წერტილზე. მაშასადამე, ჩვენ მოძრაობად აღვიქვამთ იმას, რაც გაჩერებათა ჯამია. მაშასადამე, მოძრაობა არ არსებობს. კვანტურ ფიზიკაშიც ხომ რაღაც მსგავსია ნათქვამი. თუ ვიცით, სად არის ნაწილაკი, აღარ გვეცოდინება, თუ საით მიდის ის. ხოლო თუ ის ვიცით, თუ საით მიდის, არ გვეცოდინება, თუ სად არის ის ახლა. წერტილი შავი ხვრელივითაა, რომელიც თითქოს თავისთავში ცდილობს მთელი სინამდვილის შთანთქმას. თან ვმოძრაობთ, თან წერტილისა თუ წერტილთა ჰიპნოზურ ხიბლში ვართ მუდმივად დავუბრუნდებით მათ. ასე მოგვდევენ ადამიანები, საგნები და გარემოებები და ხანგამოშვებით გვაიძულებენ, შავი ხვრელის მიზიდულობა ვიგრძნოთ.

ჰოდა, ასე: თურმე, ორმოცი წელზე მეტია, ბერიკაცი მომყვება და მეც მივყვები მას. ამ წლების განმავლობაში დავკაცდი, ადამიანებთან გადაყრაც უკვე დიდი ხანია, უმალ, სიფრთხილესა და ეჭვს აღმიძრავს, ვიდრე ენთუზიაზმს; ამ ხნის განმავლობაში წამოვიწყე და ლამის ჩავამთავრე კიდეც ჩემს სოციალურ სტატუსზე ზრუნვა, ვლოთობდი – ჯერ ყარაჩოხლური ენთუზიაზმითა და თეატრალობით, შემდეგ უკვე სულის მანამდე უცნობი სანახების ხილვით შემკრთალი; ვიძენდი და ვკარგავდი ადამიანებს, ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ გარემოებები და ნივთები, ჩემი ბედის გზას რომ აგებდნენ – ხან ჩემი ნებით, ხან კიდევ ჩემი ნების გარეშე და ყველაფერი ეს, ვინ იცის, თავის დროს ელოდება, როდის მიმაბრუნებს თითოეულ მათგანთან მეხსიერების თამაშები; ვხარჯავდი იმედებისა და მიზნების ამოუწურავ მარაგს, მართლაც ამოუწურავს, რადგან თუკი რაიმე გმტრობს და საშუალებას არ გაძლევს, რომ აქ და ახლა გაიაზრო ყოფიერების მთელი სისავსე, სწორედ იმედები და ყალბი მიზანდასახულებებია; ამ წლების განმავლობაში, ვინ იცის, რამდენჯერ ვყოფილვარ რაღაც იდეებითა და განწყობებით პყრობილი და ჭეშმარიტებაც სადღაც აქვე, ხელის გასაწვდომ მანძილზე მქონდა დაგულებული; ამ წლების განმავლობაში ყველაფერი მიკეთებია საიმისოდ, რომ თავი ამერიდებინა იმ სასაზღვრო კითხვებისათვის, რომელთა გამო პასუხის ძიების გარეშეც ცხოვრება მებიუსის სიბრტყეზე სვლაა და მეტი არაფერი, თუმცა კი მრავალჯერ დამდგარა ისეთი წამიც, როდესაც იმის ნაცვლად, რაც მეგონა რომ ვიცოდი, დამცინავი და მოზიმზიმე სიცარიელე დამხვედრია. ამ წლების განმავლობაში ვინ იცის, რამდენჯერ მიგრძვნია უკვე არაერთხელ ნახსენები მეტაფიზიკური ბზარი, თავისი წამიერი გაელვებით რომ მაიძულებდა, გამოვთავისუფლებულიყავი აზრებისა და განწყობების თვითმწარმოებლობისაგან და ისე წარვმდგარიყავი არსებობის წინაშე, როგორც ის პირველი მავანი, ვინც გაბედა წარდგომა და თუკი ამგვარი ბედნიერი წამები ყოფილა, შორეულად მაინც მომიკრავს თვალი იმისთვის, თუ რისი თქმა უნდოდა ჩემით უფალს, როდესაც ჩემს წინაშე ჩემი ცხოვრების ჰორიზონტს შლიდა; ამ წლების განმავლობაში თან დამყვებოდა შვიდი ავსული შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისა, ყველაფერს რომ აკეთებდნენ საიმისოდ, რომ ჩემი არსებობა პყრობილობად და ჩაკეტილ წირზე უსასრულო, თვითმწარმოებელ სვლად ექციათ და ასე ვექციე მოსიარულე მიცვალებულად; თან დამყვებოდნენ და, ვინ იცის, რა ხერხებით არ მამყოფებდნენ ჰიპნოტურ გახევებაში; თვალს ვადევნებდი ჩემს სხეულს, რომელიც ჯერ თავად განმსაზღვრავდა მე, ჩემს ურთიერთობებს, ფიქრებსა და განწყობებს, მერე კი ისეთი წამიც დადგა, როდესაც წრე ჩაიკეტა და ჩემმა ფიქრებმა და განწყობებმა იწყეს მისი განსაზღვრა. ამ წლების მანძილზე, ვინ იცის, რამდენი კოლექტიური დემონის მონა ვყოფილვარ და სხვებთან ერთად რამდენ ამგვარ დემონს მოვუქცევივარ განწყობათა გამოუვალ მორევში, სხვებთან ერთად თავაწყვეტით მიტრიალია იქ, სანამ, ისევ და ისევ, ერთ წამსაც, საზრისით სავსე იდეებისა და განწყობების ადგილას  დამცინავი სიცარიელე არ დამხვედრია და კიდევ – ისევ და ისევ ის თავისი მდუმარებით შემაძრწუნებელი მეტაფიზიკური ბზარი; მსურდა და მახსოვდა თუ არა, მთელი ეს წლები მისკენ სვლა იყო და ჩემი სხეულის რომელიღაც მოუხელთებელ ადგილას გაჩენილი რაღაც ნელნელა იკრებდა ძალას და უჩინრად მიბიძგებდა მისკენ; ცხოვრება ხომ, რაღაც აზრით, სწორედ ასე შეიძლება აღიწეროს: ამ რაღაცის გამოთავისუფლებად ყალბი იმედებისა და მიზნების ტყვეობისაგან, ხილის ნაყოფში დაბადებული ჭიასავით რომ ეუფლება თავისი დაბადების ადგილს, სანამ ბოლომდე არ ამოჭამს მას. და თუკი ულმობელი ხელით რაიმე ფანტავდა ყველაფერ იმას, რაც მებიუსის სიბრტყეზე მაკავებდა, სწორედ ეს იყო, მეტაფიზიკური ბზარის ეს ხსოვნა, ამ შავ ხვრელთან მეზობლობის ეს ულმობელი განცდა, პირველად სულ შვიდიოდე წლისამ რომ ვიგრძენი, როდესაც ღამით ვარსკვლავებს შევცქეროდი და წამიერად გამიელვა, რომ სულ რაღაც სამოცდაათი წლის შემდეგ მე აღარ ვიქნებოდი, ეს ვარსკვლავები კვლავ იქნებოდნენ ცაზე, ხოლო შემდეგში მოხუცის სიკვდილმა ის  დროში გაჭიმული ჩემი ფუგირებული არსებობის ერთ-ერთ უმთავრეს და განმეორებად თემად აქცია. ასეთი გულუბრყვილო და უშუალო ბავშვური ფიქრით მოძებნა ამ ჭიამ ჩემში ადგილი და გამომყვა გზაზე, რათა ზოგჯერ მაინც დამეღწია თავი დიდი სიცრუისაგან, ხოლო როგორც კი იგრძნობდა, რომ ზედმეტი მომივიდა და ამ გამოთავისუფლებასაც უკვე დათრგუნვის მეტი აღარაფერი მოჰქონდა ჩემთვის, დაოსტატებული მასწავლებელივით უკან იხევდა და თვალთმაქცურად კვლავ ადგილს უთმობდა იმედებსა და მიზნებს, კოლექტიურ თუ პიროვნულ დემონებს, ადამიანებსა და გარემოებებს, თორემ, სხვაგვარად, სხვა გზა არ დამრჩებოდა და ძენონის ისარივით უნდა გავხევებულიყავი და ვეღარ გამოითქმოდა ის, რისი გამოთქმაც ჩემით უფალს სურდა. ამ სათქმელის დასრულებამდე კი მეთოდურად და თანამიმდევრულად იმკვიდრებდა ადგილს ჩემს სულსა და სხეულში. ჰოდა, ესე: მოხუციც, თურმე, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემთან იყო, ხელკავგაყრილი მომყვებოდა და მეც მივყვებოდი მას მის იდუმალ გზებზე; კვლავ და კვლავ წინ და უკან დავუყვებოდით წამლის სუნით გაჟღენთილ დერეფანს – ის თავისი სუსტი და გამხდარი ფეხების ფლატუნით, მე მოუსვენარი ცმუკვით, რადგან ახლაგაზრდა კაცს მიჭირდა მისი ბებრული ნაბიჯისათვის ფეხი ამეწყო. მივუყვებოდით და ხან ვამჩნევდით გარემომცველებს, ხან კიდევ – ვერა. უბრალოდ, ჩავუვლიდით ხოლმე გვერდით და უკმაყოფილოებიც ვიყავით, როცა რომელიმე მათგანი გამოგველაპარაკებოდა და ჩვენს სვლას შეაბრკოლებდა. ისიც მთელი ამ წლების განმავლობაში კვლავ და კვლავ მიყვებოდა თავის გულუბრყვილოდ ტრაბახა თავგადასავლებს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდა კაცი დაუჯერებდა და მეც ვცდილობდი დაჯერებას, უფრო მეტიც, თავგაგამოდებით ვცდილობდი მისი მონაყოლის დაცვას, თუკი ვინმე რაიმე ეჭვს გამოთქვამდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, თურმე, ვგრძნობდი მის წელში მოხრილ სხეულს და მკლავს, რომელზეც ქონის ნატამალიც აღარ იყო და კანი სიგამხდრითა და სიბერით დანაოჭებოდა. თუკი ოდნავ მაინც მოვუმატებდი ნაბიჯს, ვგრძნობდი მის სუსტ, მაგრამ ხმაურიან სუნთქვასა და ქოშინს; მთელი ამ წლების განმავლობაში ვატარებდი უნებურად გაჩენილ სევდას იმის გამო, რომ ეს კაცი მალე აღარ იქნებოდა, თუმცა კი საკუთარ ახალგაზრდობასაც ერთგვარი ნიშნისმოგებით უპირატესობად აღვიქვამდი. ის კი თავის წლებსა და გამოცდილებას აღიქვამდა თავის უპირატესობად და, თავის მხრივ, გამოცდილი კაცის ნიშნისმოგებით ცდილობდა ცხოვრებაში გავერკვიე. ჰოდა, მთავაზობდა და მთავაზობდა ცხოვრებისეულ წესებსა და იმპერატივებს, რომლებიც აქამდე ვერავისთვის ეთქვა, რადგან ოჯახში ფეხებში ებლანდებოდა ყველას და მის ყურისგდებას ნაკლებად თუ იფიქრებდა ვინმე. აქაც დაუფარავი აგდებით უცქერდნენ ამ ახლობლებისაგან მიტოვებულ და, მაშასადამე, დამარცხებულ ადამიანს, რომელსაც ამ მარცხისგან თავის დაღწევის საშუალება აღარ ჰქონდა და თუკი რაიმეს უნდა შეგუებოდა, იყო ის, რაც ამ ჩვენი სვლის რომელიღაც წერტილში უნდა დახვედროდა. ჰოდა, სანამ ეს მოხდებოდა, ბებრული თავდავიწყებით მიყვებოდა და მიყვებოდა ათას რამეს, რათა მოეხერხებინა და ახლა თავად გამოეთქვა ის, რისი გამოთქმაც მისით უფალს ენება და ამით, უმალ, საკუთარ თავს აბარებდა განვლილი ცხოვრების გამო ანგარიშს.

 

ჰოდა, ასე თან თითქოს ვმოძრაობთ ჩვენი ცხოვრების საწყისი „ა“წერტილიდან „ბ“ საბოლოო წერტილამდე, თან კიდევ ამ წრფის ადგილები, რომლებისთვისაც სრულიად შეუფერებელი სიტყვა „წერტილი“ მიწოდებია, თავად იქცევა შავ ხვრელად და, ამასთანავე, უცნაური წესით, ოქროს კვეთის პროპორციათა პრინციპით ამოზრდილ ფიბონაჩის უთვალავ სპირალსაც გავდივართ. ყველა მათგანი უკან ჩალაგდება. ყველა მათგანი კვლავ დაუბრუნდება თავის საწყის წერტილს. ეს შავი ხვრელი-საწყისი წერტილიც კვლავ იქცევა იმ ერთ-ერთ ადგილად, სადაც ცხოვრების ისარმა ოდესღაც გაიარა. საბოლოოდ კი ეს წრფეც იქცევა ფიბონაჩის იმ სპირალად, რომელსაც, თურმე, ცელიანი ჯეელი ქსოვდა მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი „ა“ წერტილში აღმოვაჩინეთ. ქსოვდა რუდუნებით, ცივი გარდუვალობით, ძრწოლისმომგვრელი გულმოდგინებით და საბოლოო წერტილის დასმით იმაზე, რისი თქმაც უფალს ნებავდა, როდესაც გვიშვებდა ამქვეყნად. ასე იქცევა „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილამდე ჩემი მოგზაურობა რაღაც უცნაური, გეომეტრიისა თუ მექანიკისათვის უცნობი, მაგრამ ბედისწერის კანონებისათვის სრულიად ნათელი წესით ფიბონაჩის უთვალავ სპირალზე სვლად და პირუკუ. ის, რაც ცოცხალია და, მითუმეტეს, სულიერი, არასოდეს მოგზაურობს მხოლოდ წრფეზე. ის, ამავდროულად, ამ წრფის ყოველ წერტილში ამოზრდილ სპირალზეც მოძრაობს და ისე ქმნის თავისი ცხოვრების პანორამას.

ამიტომაც არის ყოველგვარი ბიოგრაფია თუ ცხოვრებისეული ამბავი ფიქცია. ამიტომაც არის დიდი ტყუილი ყოველგვარი მცდელობა იმისა, რომ ვინმეს არსებობის აღწერა ბედისწერის კანონთა მიერ თუ მისივე თავისუფალი ნებით განხორციელებულ თანამიმდევრულ მოვლენათა რიგად იქნას აღწერილი. ამგვარ აღწერებს არაფერი აქვთ საერთო კოსმოსისა თუ თითოეული ადამიანური სულის იმ ტიტანურ ძალისხმევასთან, რომლითაც ოდესღაც და სადღაც ჩაფიქრებული პორტრეტის ერთი მკრთალი შტრიხი ჩნდება და თითქმის მაშინვე იკარგება სხვა შტრიხებში, თუმცა კი მათი წიაღიდან კვლავ განაგრძობს ხმიანებას. თხრობაში ასეთი გაქცევა გარდუვალიც არის და დიდი ტყუილიც. გარდუვალია იმიტომ, რომ მისი მეშვეობით „ა“წერტილიდან „ბ“ საბოლოო წერტილამდე სვლას გვინდა ჩავავლოთ ხელი, რათა ამით რაღაც გარკვეულობა მაინც შევიტანოთ ჩვენს არსებობაში. დიდი ტყუილია იმიტომ, რომ როგორც კი მას წამოვიწყებთ, უარი უნდა ვთქვათ ფიბონაჩის სპირალთა მთელს კასკადზე, იმთავითვე რომ კლავენ თხრობის ყოველგვარ შესაძლებლობას. და ეს ასე იქნება მანამ, სანამ ცელიანი ჯეელი არ დაასრულებს თავის საქმეს, ბედით მოვლენილი ორიოდე ადამიანი ხელკავს არ გაგვიყრის და ისე მიგვაცილებს იმ მეტაფიზიკურ ბზარამდე, რომელიც მხოლოდ ჩვენია და სხვა არავისი.

 

მკითხავების არ მწამსო, ერთხელ მითხრა. არც არასოდეს მწამდაო. ეგენი ყველანი იტყუებიანო. ჩემი ცოლი დაძვრებოდა ვიღაცეებთან და მერე გულს მიწყალებდა სისულელეებითო. ერთხელაც ერთ მკითხავს უთქვამს, შენი ქმრის ასაკზე რვიანი არ დაიწერებაო. აგერ, სულ სამ თვეში რვიანიც დაიწერება და მერე, თუ ღმერთი ინებებს, ცხრიანიცო. ვინ რა იცის, რა დაიწერებაო. ნაბიჯი შეანელა და თავისი დაწითლებული თვალებით შემომხედა. ათასგვარი ზერელე ოკულტური თეორიებით ვიყავი გატაცებული და, ალბათ, უმწიფარის კარიკატურული სერიოზულობით ვუთხარი: რატომ? ზოგმა რაღაცეები მაინც იცის მეთქი. მერე დავიწყე მავანთა ექსტრასენსორულ უნარებზე ყურმოკრული თუ სადღაც წაკითხული ამბების მოყოლა. გამოუცდელობით თუ, თუნდაც, ყმაწვილკაცური ულმობლობით ვყვებოდი და ვყვებოდი სხვადასხვა შემთხვევებს, თითქოს საქმე სასწაულის შესაძლებლობას შეეხებოდა და არა მის ბედს. თითქოს საგანგებოდ ვუღიზიანებდი ჭრილობას, რომელიც, თურმე, ჰქონია და რომლის დავიწყებაც ვერ მოეხერხებინა. კმაყოფილიც კი ვიყავი იმით, რომ ჩემს მონაყოლსა და არგუმენტებს ამ უფროსმა კაცმა ვერაფერი დაუპირისპირა, გარდა უკმაყოფილო შენიშვნისა: კარგი ერთი, სისულელეა ეგ ყველაფერიო. მე კიდევ პირველაღმომჩენის შემართებით ჯიუტად ვუმეორებდი სადღაც მოსმენილ თუ წაკითხულ აზრს: ვერ გამოვრიცხავთ არსებობას ადამიანებისა, რომლებიც რაღაც ფარული ნიშნებით გრძნობენ, თუ როგორ განვითარდება ამა თუ იმ ადამიანის ბედი. ზოგი სამყაროს ბედსაც გრძნობს-მეთქი. ჩემს სიჯიუტეში მაშინვე ვიგრძენი უხერხულობა და ისიც დავამატე: თუმცა, ყველაფერი ეს იმ მკითხავს შეიძლება სულაც არ ეხებოდეს და, მართლაც, თაღლითი იყოს-მეთქი. მაშინვე გამიელვა გუნებაში, აი, ახლა მე ნამდვილად ვიცი, რომ იმ მკითხავმა ამის ცოლს სიმართლე უთხრა-მეთქი. არ ვიცი, ბავშვური პატივმოყვარეობის ბრალი იყო თუ სხვა რამისა, მაგრამ როდესაც მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე, სადღაც გულის სიღრმეში ეს ჩემი უნარის დასტურად მივიჩნიე. ეს მე ვიცოდი-მეთქი, სადღაც გულის კუნჭულში კმაყოფილმა გავიფიქრე. უცნაურია ის ენთუზიაზმი, რომლითაც სხვისი ცხოვრების წრის შეკვრას ვხვდებით ხოლმე. ეგებ, სწორედ ამ ენთუზიაზმმა განსაზღვრა ის, რომ მის შვილიშვილთან ერთად მეც მიმეცილებინა მოხუცი თავისი ბედის წირთა თავმოყრის წერტილამდე, რომ მეც მისი გამცილებელი ერთ-ერთი ჭინკათაგანი ვიყავი და თავადაც არ ვუწყოდი, როგორ აღმოვჩნდი სათამაშო თუ იარაღი ბედისწერის ძალებისხელში – თანაც სწორედ იმ უცნაური და დასამალი ენთუზიაზმის წყალობით. ჰო, იმ ჩემი ყმაწვილკაცური გაცხარებით და დაჟინებით, მკითხავთა ღირსების დაცვას რომ მივუძღვენი, ალბათ, სხვა არაფერი გამიკეთებია, თუ არა ის, რომ მეც ხელმკლავი გავუყარე და ვუბიძგე ევლო იქეთ, საითკენაც უნდა ევლო. ახლა ჩემთვის ეს სრულიად ცხადია. ჰო, ჩემთან და მოხუცის შვილიშვილთან ერთად იყო ერთი ჭინკაც – ექიმი, რომელიც ასევე მიაცილებდა მას და უკან მოხედვის საშუალებას არ აძლევდა, ჯერაც ვერ ხარ ჯანმრთელად და აქ უნდა იყო, წამლებისა და ოფლის სუნით გაჟღენთილ საავადმყოფოშიო. იყო ექთანიც, რომელიც, როგორც კი ამის შესაძლებლობა ეძლეოდა, დაჰყვიროდა მოხუცს, შეშინებული და დაბნეული საბანს რომ აფარებდა თავს, იყვნენ მისი მეზობელი ავადმყოფებიც, ვისაც ერთმანეთში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ამ კაცის არსებობას აზრი არა ჰქონდა და ტყუილად თავსაც იწვალებდა, სხვებსაც აწვალებდა და მათი ეს გადაწყვეტილება მათი პალატის ჰაერშიც იგრძნობოდა წამლისა და ავადმყოფი სხეულების სუნთან ერთად. თითქოს ყველამ ერთად ვიზრუნეთ, რომ, მოხუცი ძენონის ისრის მსგავსად, თავისი სიცოცხლის წირის ერთ წერტილზე გაგუვებულიყო და მასში ჩაკარგულიყო. მთელი ატმოსფერო თითქოს ამ გადაწყვეტილებით იყო გაჟღენთილი და იგიც დაგვთანხმდა, არა, კი არ დაგვთანხმდა, თავისი ნებით წავიდა იმ წერტილისაკენ და ამით შანსი მოგვცა, რომ, ოდესმე, თუკი ძალა გვეყოფოდა, საკუთარი ავკაცობისთვის წამიერად მაინც თვალი გაგვესწორებინა. ჩვენი ხელით იქნა აღსრულებული ის განაჩენი, რომელიც მკითხავის პირით ეუწყა ოდესღაც და ათწლეულების განმავლობაში ელოდა მის აღსრულებას. ერთ დღესაც ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი: მისმა შვილიშვილმაც, მეც – მისმა უკანასკნელმა მეგობარმა, ექიმმაც, ექთანმაც, მისმა ავადმყოფმა მეზობლებმაც, დამლაგებლებმაც და ა.შ., რათა აღგვესრულებინა ეს განაჩენი. მას შემდეგ კიდევ ბევრი ვინმე მივაცილე წყვეტის წერტილამდე ხელკავითა და დაყვავებით და ერთხელაც იქნება, მეც მიმაცილებენ, მეც აღმოვაჩენ, რომ უკვე დადგა სადღაც და ოდესღაც გამოტანილი განაჩენის აღსრულების დრო.

ან, იქნებ, ჩემთვის ეს იყო კასიაკუს როლი? რიტუალური თვითმკვლელობის, სეპუკუს შემსრულებელი სამურაი დამხმარედ მოიხმობდა ხოლმე ვინმე მეგობარს, რომელიც რიტუალის შესრულებისას ბოლომდე მასთან რჩებოდა და თავისი ხმლით შველოდა მას. უცნაურია და თითქოს დასაბამიდან ადამიანური ცხოვრების ერთი და იგივე ფორმები მეორდება. ცხადია, თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ბიჭი ვერც ვიფიქრებდი, რომ ის, რასაც მე ვაკეთებდი დერეფნებში დაუსრულებელი ხეტიალისას, სხვა არაფერი იყო, თუ არა კაისიაკუს მოვალეობა და კულმინაციაც მაშინ დადგა, როდესაც მკითხავებთან დაკავშირებით წარმოვთქვი ტირადა. იაპონელებს ესმოდათ, რომ ადამიანის გაცილება ფიბონაჩის სპირალთა უკანა სვლის გზაზე ყველაზე რთული რამ არის, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო კაცმა. ძალზე ძნელია, აქ წონასწორობა დაიცვა და არ მიეცე ან ძრწოლისა და გოდების, ან კიდევ ვიღაცის მოკვდინების მყისიერად გამჟღავნებულ ჟინს. თითქმის შეუძლებელია, ისე გაიარო ამ ბეწვის ხიდზე, რომ ათასჯერ არ ჩაიჩეხო უფსკრულში და ისევ არ ამოძვრე ზევით. ამიტომაც არის ნათქვამი სამურაის ღირსების წიგნში, ხაგაკურე-ში, რომ უძველეს ხანაში სამურაისათვის უბედურებად ითვლებოდა, ვინმეს თვითმკვლელობისას დამხმარედ მიეწვია, რადგან მოვალეობის კარგად შესრულება პატივს არ მატებდა. ან კი რა პატივი უნდა შეემატოს კაცს იმ საქმის აღსრულებისას, ჯალათის საქმიანობას რომ წააგავს? ხოლო თუ რაიმე შეცდომას დაუშვებდა, ეს იქნებოდა მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე შეცდომა. მე ის მშველოდა, რომ უნებურად დამეკისრა კასიაკუს მოვალეობა – ისე, რომ არც ვიცოდი ამის შესახებ და შეიძლებოდა, ვერც ვერასოდეს გამეგო, თუკი ძალიან მოვინდომებდი.

ეთნოგრაფიული კულტურები უფრო გულახდილებია და რიტუალიზებულიც კი აქვთ ის, რასაც სხვები ფარულად აკეთებენ და ზნეობისა თუ გონების კანონთა ნიღბებით მოსავენ. თუმცა კი თავისი არსით რაღაც ერთია, რაღაც წმინდა ადამიანური მოვალეობის გამჟღავნებაა, რომლის აღსრულების დროსაც საბედისწერო შეცდომაც შეიძლება დავუშვათ. უფრო ხშირად კი ბეწვის ხიდზე უამრავჯერ მოგვისხლტება ფეხი და, ასევე, უამრავჯერ გამოგვიწვდიან ხელს ამ უფსკრულიდან ამოსასვლელად.

მაგრამ მაინც: როგორი გაწაფული კასიაკუც არ უნდა ვყოფილიყავი, არასოდეს მეცოდინებოდა, სად მივაცილებდი მას, თუმცა კი ამ ამოცნობის ვნება არასოდეს მომცემდა მოსვენებას. ვივარაუდებდი, რომ, ალბათ, ეს იყო მდგომარეობა, როდესაც სხეული იმდენად გაუცხოვებულა, რომ აღარც კი ცდილობ მის მართვას და ამის გამო ხან სასოწარკვეთა, ხან კი სიმშვიდე გეუფლება; რომ, ალბათ, ესაა მდგომარეობა, როდესაც უმართავი სხეული თანდათან თავადაც ერთ მთლიან ტკივილად იქცევა, ტკივილის უსასრულო ტყვეობაში გაქცევს; როდესაც უკვე გავლილი გაქვს სრული ეგოიზმის მდგომარეობა, როდესაც საკუთარ თავსაც და სხვებსაც წყევლიდი იმის გამო, რომ ისინი რჩებოდნენ, შენ კი უცნაური გულგრილობით სადღაც ამოუცნობსა და ძრწოლისმომგვრელში გაცილებენ, თითქოს მოუთმენლადაც და მათი თანაგრძნობის მთელს თვალთმაქცობას ყოველი უჯრედით აღიქვამ. როდესაც ტკივილსა და ძრწოლაში მყისიერად თუ გაიციალებს ხოლმე შვება, როდესაც ყოვლისმომცველ ტკივილს უკვე ტანჯვის ნაცვლად გულგრილობის აღძვრა შეუძლია, ხოლო შენ მთელი შენი ცხოვრება ერთიან პანორამად დაგიდგება წინ – როგორც ფაქტი, რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი ფაქტია შენთვის, დაგიდგება ულმობელი გულახდილობით, ულმობელი სიშიშვლით შენი ფიქრებისა, წადილებისა, ვნებებისა თუ მისწრაფებებისა, დაგიდგება და ისევ უსასრულო ტკივილთან დაგაბრუნებს მანამ, სანამ წამიერად მაინც არ იგრძნობ, რომ ყველაფერ ამასთან ერთად არსებობს კიდევ უფრო ნამდვილი და გარდუვალი რამ, წერტილად რომ ციალებს ამ ტკივილის წიაღში და ცდილობ მას მოეჭიდო, რადგან თავისკენ მიგიხმობს და შვებას გპირდება – ტკივილად და დაუძლეველ სიმძიმედ ქცეული სხეულისაგან თავის დაღწევას, საკუთარი განვლილი ცხოვრების მოულოდნელად (ან, ეგებ, გულის სიღრმეში სწორედ მას ელოდი) გულახდილი ხედისაგან თავის დაღწევას, გპირდება იმას, რომ, თურმე არსებობს რაღაც მდგომარეობა, როდესაც ყველაფერ ამას გარედან და შვებით შეიძლება შეხედო, თუმცა კი იმასაც გრძნობ, რომ გზად ახალი ძრწოლა გელის – ძრწოლა იმის გამო, თუ რამდენად შეძლებ ამ წერტილში დავანებას და ამ სევდისმომგვრელი პანორამისგან გათავისუფლებას, შენთვის ოდესღაც მთლიანობა რომ იყო და სინამდვილეში ფიქრებისა და ვნებების ფრაგმენტებით ყოფილა ახორხლილი.

მსურდა თუ არა, ფიქრებში მაინც გამეპარებოდა შემაშფოთებელი ცნობისწადილი იმისა, თუ როგორ იხილავდა თავის უსასრულოდ ნაცნობ და ასევე უსასრულოდ გაუცხოვებულ სხეულს – სხეულს, რომლითაც მუდამ რაღაც კარიბჭესთან ტრიალებდა, ხოლო როდესაც ეს კარიბჭე გაიღო, მის მიღმა არაფერი აღმოჩნდა. იმედები გაიფანტა და სხეული ძევს ასე უსიცოცხლო საგანივით თავის თავში მიბრუნებული. მას ვეღარავინ ეტყვის „შენ“. მის თვალებში აღარ ციალებს ის სხივი, რომელიც მთელს სამყაროსთან აკავშირებდა და რომლის მიღმაც ადამიანური ყოფნის მთელი სისავსე იგრძნობოდა. დადუმებულა და უსაშველოდ მიბრუნებია თავს, საკუთარ თავს შეხვედრია და ამ შეხვედრით გახევებული მისთვის უკვე ერთდროულად უსასრულოდ ახლობელი იყო და შორეულიც. იგი და მისი სხეული ორ განსხვავებულ ბილიკზე აღმოჩნდნენ გასულები. ერთმანეთს დაშორებოდნენ, ვინც ერთ დროს ერთი იყო და ამ ერთობით არსებობის გარდა სხვა არსებობა არც იცოდნენ. მისი ნებითა და ფიქრებით დაქანცული და გაცვეთილი სხეული, რომელსაც ახლაღა მიეცა შანსი, თავისი არსებობით იარსებოს, ხოლო მას იმის განმეორებაღა ძალუძს, რაც წამიერად გაუელვებდა ხოლმე სარკეში ჩახედვისას: მე შენ გიცანი.

მე შენ გიცანი, როგორც ის, რაშიც სადღაც და ოდესღაც განათავსეს ჩემს მიერ გასავლელი ბილიკების კონტურები, როგორც მეფსალმუნე იტყოდა, ჩემი გამოხურვების გზა; როგორც უფლის ჩანაფიქრის ბეჭედი. მე კიდევ ვძიძგნე და ვაწვალე, ათასგვარ უვალ გზებზე ვატარე, ჭირკვანებსა და გვერდალებზე ხეტიალით დავქანცე და ჩემგან გაუცხოვებულს ახლაღა მიეცა საშუალება, კვლავ იმ სტიქიებს მიუბრუნდეს, საიდანაც სადღაც და ოდესღაც გამოიტყუეს ჩემს მსახურად და ჩემს განსახიერებად, ჩემს ფიქრებსა და ვნებებს მოძრაობების, სუნის, ოფლისა და სხვათა ენაზე თარგმნიდა და ისე მაშორებდა.

მთელი კოსმოსი ქმნიდა მას და მთელი კოსმოსი მონაწილეონდა ჩემი სულის გამოხურვებაში: თანავარსკვლავედები, ვარსკვლავები, პლანეტები. თურმე, თავსა და ცხვირს ვერძის ასტროლოგიური ნიშანი და პლანეტა მარსი შეესაბამებოდა, კისერსა და ყელს – კურო და ვენერა, ხელებს, ლავიწის ძვლებს, ბრონქებსა და ფილტვებს – მარჩვიბი და მერკურიუსი, კუჭს – კიბო და მთვარე, ნაწლავებს – ქალწული და პროზერპინა, თირკმელებსა და წელს – სასწორი და ქირონი, ზურგსა და ხერხემალს – ლომი და მზე, გენიტალიებს – მორიელი და პლუტონი, ღვიძლსა და ბარძაყებს – მშვილდოსანი და იუპიტერი, მუხლებს – თხის რქა და სატურნი, წვივებს – მერწყული და ურანი, ტერფებს – თევზები და ნეპტუნი. თურმე, მთელი სამყარო გადმოხრილიყო ჩემზე, რათა ჩემი ბედისწერა, ჩემი გამომხურვებელი გზა, ჩემი სავალი ბილიკები შეექმნა ჩემი სხეულის სახით. თურმე, ასე ვატარებდი ჩემი სხეულით ცარგვალს და მასთან იდუმალ კავშირში ვიყავი. თურმე, ყველაფერი, რაც ჩემში და ჩემს ირგვლივ ხდებოდა, უსასრულოდ მნიშვნელოვანი იყო – მთელი ცარგვალისათვის, მთელი კოსმოსისათვის და არ იყო ჩაკეტილი ერთი სხეულისა თუ ნების ფარგლებში. თურმე, ჩემშიც და ჩემი მეშვეობითაც წყდებოდა კოსმოსის ბედი და ჩემი სხეული ატარებდა ამ ბედს. კოსმოსი ჩემი ბედითაც მეტყველებდა თურმე, და ამას ჩემი „მე“ ერქვა.

 

და თუ მაშინ მეც გავუყარე ხელმკლავი და სხვებთან ერთად მივაცილებდი სივრცისა და დროის წყვეტის ამ წერტილამდე, თუკი მეც ვმონაწილეობდი ამ საზეიმო სვლაში და მეც, სხვების მსგავსად თან ვფარავდი განზრახვას, თან ვცდილობდი, მიმეხვედრებინა, თუ რისკენ მიდიოდა ეს ყველაფერი, ამით თითქოს ჩემთვისაც მოვისინჯე ის ბილიკები, რომელთა გავლაც ერთხელაც მომიწევდა. ეგებ, მისი ახლანდელი გაღვიძება ჩემს მეხსიერებაში სხვა არაფერია, თუ არა პირველი შეგრძნება ხელმკლავისა, პირველი მოსინჯვა იმ საბოლოო სცენისა, როდესაც იგიც სხვებთან ერთად ახლა უკვე მე მიმაცილებს საზეიმოდ ჩემს მეტაფიზიკურ ბზარამდე. უბრალოდ, მოსინჯა ეს ხელმკლავი, მოსინჯა ჩემი სხეულის სიმკვრივე და დამყოლობა, ისე, ლამის შეუმჩნევლად მიბიძგა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ასე გააგრძელებს მანამ, სანამ მეც არ მივხვდები, თუ რა ხდება, და რომ ათასგვარი ცრუ ახსნების ბუფონადის მიღმა ეს სინამდვილეა – სივრცე-დროის წყვეტისაკენ სვლა. ფრთხილად, ღიმილით შემეხო მკლავზე, თავი გამახსენა, გამახსენა ის, რომ ერთადერთი სინამდვილე ამქვეყნად ეს სვლაა, რომ ნებისმიერი სხვა სვლა სიცრუეა და რომ „ა“ წერტილიდან ნასროლი ისარი ვერასოდეს მიაღწევს „ბ“ წერტილს, უფრო კი ეს „ბ“ წერილი ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ამ თავდაუზოგავი ქროლვის გზაზე. მიზნად ნაოცნებარი „ბ“ კი სხვა არაფერი აღმოჩნდება, თუ არა ერთ-ერთი თავის მოტყუება სხვა მრავალ თავის მოტყუებათა უსასრულო რიგში. ერთადერთი ნამდვილზე უნამდვილესი სინამდვილე ეს მოუხელთებელი, თითქოს არსად და არასდროს არსებული წერტილია, თავისი ნამდვილობის მთელი გარდუვალობით ერთ დღესაც რომ მეწვევა; შავი ხვრელივით შთანთქავს ყველაფერს: დასაწყისსაც და დასასრულსაც, იმედებსაც და უიმედობასაც, სიხარულსაც და მწუხარებასაც, შთანთქავს და მთელს ამ ქროლვას „ა“ წერტილიდან „ბ“წერტილამდე ერთიან, ერთად თავმოყრილ და მკვრივზე უმკვრივეს „აქ და ახლად“ აქცევს. ჰოდა, ეგებ, მოხუციც ჩემი მეხსიერების წიაღში ამოძრავებულა და ცდილობს, მიმახვედროს ყველაფერი ეს, რათა ერთ დღესაც ვაღიარო ამ ნამდვილზე უნამდვილესი სინამდვილის გარდუვალობა და ჩემი ნებით მივყვე მის მკლავს, ჩემი ნებით მივნებდე მის მინიშნებას. ორმოციოდე წლის წინ მე მივაცილე იგი – მარტოხელა და უმწეო. ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ჩემი ხელკავგაყრილის მესულთანეობა, როდესაც ბერიკაცი ჩემით გამოთქვამს რაღაცას და, ვინძლო, ის დღეც დადგეს, როდესაც თუში მესულთანესავით მისი კარნახით წინასწარმეტყველებაც დავიწყო და სამუდამოდ აღვიკვეთო მატყუარა, მაგრამ მაინც ნუგეშისმომგვრელ „ბ“წერტილზე ფიქრი.

 

თუკი ვინმე მკითხავს, თუ რა მოხდა იმ ორიოდე კვირის განმავლობაში, მხოლოდ იმის თქმას თუ მოვახერხებ, რომ ძენონის ისარივით მეტაფიზიკური ბზარი დავლანდე მეთქი – წამიერად, ვერც კი ვიტყვი, თუ სად და როდის მოხდა ეს, თუ, უბრალოდ, გვიანღა აღმოვაჩინე, რომ ეს მომხდარა, თანაც მოხდა ისეთი რამ, რისი მეტასტაზებიც მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა. ორმოცი წლის განმავლობაში ფიბონაჩის სპირალის ტრაექტორიით ვშორდებოდი და ვუახლოვდებოდი ბერიკაცს, როგორც ერთ-ერთ თემას ჩემი ფუგირებული ცხოვრებისა. ვშორდებოდი და ვუახლოვდებოდი -ცხადია, არა ბახისებრი მათემატიკური სიზუსტით. ცხადია, ჩემი წლები არ ყოფილა ასე მკაცრად განლაგებული კლასიცისტურ წესრიგში, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები კაცი, ფიბონაჩის პროპორციებსაც შეამჩნევ და ოქროს კვეთასაც. იმასაც აღმოაჩენ, რომ ყოველ მომენტს არსებობისა, როგორც მთელს, თავისი ოქროს კვეთა შეესაბამება განვლილი წლების რომელიღაც წამს, თუნდ სულაც არ გახსოვდეს ეს უკანასკნელი და ისე, შეუმჩნევლად ჩაევლოს. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ შეიძლება ითქვას, მთელი დანარჩენი გზის განმსაზღვრელი მოვლენები ხომ ხშირად სრულიად შეუმჩნევლად ჩაივლის ხოლმე, თუმცა კი ლამის მთლიანად განსაზღვრავს მთელს შემდგომ ტრაექტორიასაც და იმ წერტილსაც, საიდანაც ფიბონაჩის სპირალი უკან დაიწყებს სვლას. ზღაპრის გმირების ბედსაც ხომ ხშირად ისეთი შეუმჩნეველი ნივთები და მოვლენები განაპირობებენ, როგორიც ვაშლის ხეა, გზის პირას ეულად მიგდებული ქვა ან ფეხქვეშ მოქცეული გამხმარი ტოტი. ყველაფერი ეს ძალზე შორს წაგვიყვანს და დაგვაშორებს იმ აზრს, რომელიც ახლა იბადება: სპირალის ტრაექტორიით ვუახლოვდებოდი და ვშორდებოდი ბერიკაცს, გარშემო ვუვლიდი, რათა როგორმე მომეხელა სადღაც და ოდესღაც გაჩენილი განცდა იმ წამიერი მინიშნებისა, რასაც მისით უფალი მეუბნებოდა საავადმყოფოს დერეფანში დაუსრულებელი ხეტიალისას. ვუვლიდი გარშემო, რათა ერთ დღესაც გამეაზრებინა, რომ მთელი ეს სვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩვენი შეხვედრის ლიტურგია, რომლის წიაღაც ჩვენ მისი თანაყოფნით ერთმანეთს უნდა შევხვედროდით – მე და ეს დაჩამიჩებული და ჩანჩურა, მაგრამ მაინც ყინჩი ბერიკაცი. ჰოდა, იხსნება და თავის თავს უბრუნდება ფიბონაჩის სპირალად გაშლილი შეხვედრის წერტილი წლებში, რომელთა გავლაც თითქმის ვერ შევამჩნიე – მითუმეტეს ახლა ვერ ვამჩნევ, მაშინ, როდესაც ვცდილობ, გავიხსენო, გვიანი გაზაფხულის ცხელ დღეებში დერეფანში ხეტიალის გარდა კიდევ რა ხდებოდა.

ორი ადამიანის შეხვედრის, როგორც ასეთის ლიტურგიულობა კი იმას ნიშნავს, რომ „ა“-დან „ბ“-მდე ყოველი წერტილი შეიძლება იქცეს არა მხოლოდ შავ ხვრელად, არამედ აბსოლუტურ საწყისად, სამყაროს თავდაპირველ მდგომარეობად, რომლიდანაც სპირალებად და წირებად გადმოდინდება ყოველივე არსებულის ფორმაც და შინაარსიც. ამ აზრითარ არსებობს „ა“-დან „ბ“-მდე არავითარი მანძილი, რომელსაც გრძეობა აქვს და რომლის გავლასაც რაიმე ხანიერობა უნდა. ესაა ტოტალობა პირველერთისა, საიდანაც ოქროს კვეთის პროპორციით იწყებენ არსებობას ფიქრები, სხეულები, სიტუაციები, ეგაა, იძულებულები ვართ, ხანიერობასა და გრძეობაში გადავიტანოთ ყოველივე ეს და ისეთ რამედ ვაქციოთ, სადაც პირველსაწყისი უკვე ძნელი აღმოსაჩენია. ჰოდა, სწორედ მაშინ, როდესაც ეს დამახინჯება უკვე შეუქცევადი შეიძლება გახდეს, უკანვე შეგვაბრუნებენ პირველერთის ტოტალობაში და კვლავ მიგვაბრუნებენ იქ, სადაც ყოველივე შობის სიხარულითაა მოსილი და სადაც ჯერაც არ შეურყვნია არაფერი „ა“-დან „ბ“-მდე სწრაფვას. სპირალები და წირები უკანა სვლით იწყებენ თავისი საწყისისაკენ მიბრუნებას. ფიბონაჩის სპირალი, რომელიც წერტილიდან იწყებდა გაშლას, როგორც პირველადი სიტყვისა და ენერგიების გამოხატულება, უცებ, წყვეტს გაშლას და კვლავ უკან ბრუნდება თავის ერთადერთობასა და ყოვლადსავსე მარტოობაში. ჰოდა, ახლა ვიხსენებ მოხუცს და თითქოს თვალნათლივ ვხედავ, თავის ტრაბახა მონაყოლების მიღმა როგორ მიადგა იმ უხილავ ზღვარს, რომლის შემდეგაც მისი ფიქრების, განცდებისა თუ სხეულების უთვალავმა, ფერადოვანმა და და ხატოვანმა სპირალმა უკან დაიწყო სვლა, ხოლო ყველაფერი ის, რაც მესმოდა მისი ტრაბახა მონაყოლების სახით, სხვა არაფერი იყო, თუ არა ნაშთები, ერთგვარი ექოები „ა“-დან „ბ“-მდე სვლისა. მიყვებოდა თავისი ცხოვრების შელამაზებულ თუ სულაც გამოგონილ ისტორიებს, ცდილობდა შეექმნა თავისი სვლის დიდებული და ამაღელვებელი ამბავი, თუმცა კი უკვე მზერაში უკრთოდა, რომ სპირალთა უკუსვლას მოუხელავს და მეტაფიზიკური ბზარი და პირველერთი შიშნარევადაც მოუსინჯავს. ყველაფერი ეს ახლა ვიცი მე, თორემ მეც ხომ მის პარალელურ წრფეზე დავდიოდი მაშინ ჩემს სვლაში „ა“-დან „ბ“-მდე და მისი მონათხრობების მეშვეობით ამ სვლის დიდებული ნარატივის წინათგრძნობა მავსებდა სიცოცხლის სიყვარულითა და ხალისით.

 

მთავარი, რაც მაშინ მოხდა, იმ ბერიკაცთან ერთად მეტაფიზიკური ბზარის მოხილვაა. ყველა დრამა ბზარის პარმაღზე თამაშდება. ყველა მცდელობა, როგორც, ისევ და ისევ, ფილიპ არიესი იტყვის, სიკვდილის მოთვინიერებისა და ტოტალური ნგრევის მოლოდინის გამო ძრწოლისაგან გაქცევისა აქ ჰკარგავს თავის ჰიპნოზურობას და რაღაც სხვა იბადება – სიცოცხლის იმ მოულოდნელ წამებში, როდესაც რაღაც გვახევებს და ვგრძნობთ, თუ როგორ გვითრევს ეს შავი ხვრელი და რომ მისი დავიწყების ყველა მცდელობა მხოლოდ ჩვენი სულმოკლეობის თავგადასავალს აღწერს. ესაა ერთდროულად აღწერა და დავიწყება. აღვწერთ, რათა დავივიწყოთ ის მოლოდინი, რომელიც იმთავითვე დაგვდევს და ვინ იცის, რა ხერხისათვის არ მოგვიმართავს, რათა ეს მოლოდინი რაღაც სხვად გარდაგვექმნა და სიკვდილი მოგვეთვინიერებინა. ამას რომ გაიხსენებ, მხოლოდ თუ შეგშურდება მოხუცისა, ასე ლაღად რომ მოგვიყარა ყველაფერი – მთელი ჩვენი იმედები, სურვილები და მიზნები და სუსტი ფეხების თრევით თავისი ნებით გაემართა ბზარისაკენ. ეს არ იყო არ თვითმკვლელობა და არც ჯანყი მთელი დანარჩენი სამყროს წინააღმდეგ. ეს, ალბათ, უფრო ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევა გახლდათ და კიდევ, მიღება იმ მოლოდინისა, რომელსაც, ალბათ, თავადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სულმოკლედ ებრძოდა: სხვებთან ერთად აშენებდა მიწიერ სამოთხეს და თან ყველა ხერხით გაურბოდა რეპრესიების მანქანას, სხვებთან ერთად ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც ექიმები სიკვდილს დაამარცხებდნენ, ხოლო მეცნიერება ადამიანს მარადიული ახალგაზრდობით უზრუნველყოფდა, სხვებთან ერთად თავდავიწყებით ეძლეოდა სიამოვნებასა თუ სიხარულს, ავადდებოდა კაცობრიობის მხსნელი იდეებით და ამ იდეათა განხორციელებისას სხვა თავისნაირებთან ერთად ცალკეული ადამიანებისათვის უბედურება მოჰქონდა. ეს ხომ ის წლები იყო, როდესაც ან მსხვერპლი იყავი, ან – ჯალათი. მაგრამ რაც მეტი იყო მსხვერპლი და სისხლი მიწიერი სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე, მით უფრო მყარი იყო რწმენა, რომ შეუძლებელია, ეს ცოდვის კალო უსაზრისო ყოფილიყო და, ის უმაღლესი საზრისი, რომელსაც ყველაფერ ამას უძღვნიდნენ, ამით უმალ დასტურდებოდა, ვიდრე უარიყოფოდა. ჩვენს დროში რომ დაბადებულიყო, ისევე გატაცებით მიეცემოდა რომელიმე პრესტიჟულ და ვირულენტურად გავრცელებულ იდეას, როგორც, თავის დროზე, მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეას მისცა თავი იგიც, სხვების მსგავსად, ყოვლადმნიშვნელოვანი იდეოლოგიური თუ რელიგიური ბუტაფორიებით ახერხებდა მოერჯულებინა ბზარის მოლოდინი და სიმშვიდე მოეპოვებინა. სუსტი ფეხებით მოჩაქჩაქე მოხუცისათვის ყველაფერმა ამან თავისი ფასი დაიბრუნა და თითქოს გახევებულიყო ცხადზე ცხადი და ბანალურზე ბანალური გარემოებების აღმოჩენის გამო, უკვე არაერთგზის ნახსენები ბზარის ხილვით გახევებულიყო და მშვიდად მიდიოდა მისკენ. შვილიშვილის ბარბაროსული ანგარება და სხვების, მათ შორის, ჩემს მიერ ნაკისრი კასიაკუს როლი კი თითქოს ინსტრუმენტი აღმოჩნდა მისი ცხოვრების მფარველი ძალების ხელში საიმისოდ, რომ ასე მშვიდად მიეღო ეს ბზარი და, როგორც მისტიკოსები იტყვიან, სიკვდილამდე გარდაცვლილიყო. ბზარის ხილვის გამოკრთომა მხოლოდ წამიერი რომ არის ჩვეულებრივ, მისთვის ერთადერთ შესაძლო მდგომარეობადღა დარჩენილიყო. ამით, მანაც მოიპოვა თავისი სოკრატული წერტილი, მდგომარეობა, როდესაც ყოველგვარი თავმოწონების გარეშე შეეძლო ეთქვა: მე, მართლაც, მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო და ამ აღმოჩენით მოგვრილი უცნაური, ტკივილითა და ძრწოლით გაჯერებული სიხარულით ცოდვისგან გაეთავისუფლებინა თავისი შვილიშვილი, მშვიდი ღიმილით ფიქრებში შეეთვალა მისთვის: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ იარაღი იყავი საიმისოდ, რომ ჩემთვის იმ ბზართან წარდგომა გაგეადვილებინა და მეტი არაფერიო. შენ თუ არა, ჩემი ცხოვრების განმრიგე ძალები ვინმე სხვას მოძებნიდნენ. მთავარია, იცოდე, რომ შენ არ იცოდი, რას სჩადიოდი და მთავარია, გწამდეს, რომ მართლა სიკეთე გინდოდა ჩემთვის, როდესაც აქ მომიყვანე და იმ შენს მეგობარ ექიმს ჩააბარე ჩემი თავიო. მე მჯერა ამის და თუკი რაიმე მცირე ეჭვი მაქვს, რას იზამ?! ნებისმიერი ადამიანური საქციელი ხომ ასეთია: კეთილი და ავი ზრახვები ისე აღრეულა მასში, რომ კაცი ვერ დაადგენს, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორეო. ჰოდა,ჩვენც დავივიწყოთ ავი შენს ზრახვებში და გავიხსენოთ, რომ, მართლაც ვერ ვიყავი კარგად, როცა ჩემი აქ მოყვანა გადაწყვიტე. ისიც გავიხსენოთ, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში ექიმები მსინჯავდნენ კიდეც და წამლებსაც მასმევდნენ. ყოველდღიურად შემოვლაზე მეკითხებოდნენ, როგორ ვგრძნობდი თავს. და თუ ბოლო ხანებში რომელიმე მათგანი მიყვირებს, რას იზამ, ვის უხარია, როცა ჩემისთანა ბებერი ყოველ წამს ფეხებში ებლანდებაო?

 

ასეა თუ ისე, მოხუცმა დაივიწყა სიკვდილის მოთვინიერების მცდელობები. ზოგჯერ მგონია, რომ ბებრულ დიმენციას სხვა განზომილებაც აქვს. უბრალოდ, სიცოცხლის ბოლოს, როდესაც მეტაფიზიკური ბზარი მუდმივად გახსენებს თავს და მომავლის იმედები, როგორც მისგან გაქცევის საშუალება, თანდათან ფერმკრთალდება, ცხადი ხდება, რომ დრო არსადაც არ მიდის, რომ „უფრო ადრე“ და „უფრო გვიან“ მხოლოდ დამხმარე, მხოლოდ გამოცდილებათა მრავალგვარობის დალაგების ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. მომავლის გაფერმკრთალებასთან ერთად წარსულიც ჰკარგავს წრფივობას და ყველაფერი გამოცდილებათა ერთ ერთგვაროვან სივრცეზე ლაგდება. ჰოდა. ამ დროს მხოლოდ უფალმა უწყის, თუ როდის რა გამოცდილება თუ შთაბეჭდილება იღვიძებს და ამოდის ცნობიერების ზედაპირზე. მეტაფიზიკური ბზარის ცნობიერებას მთელი ყურადღება ამ მოულოდნელი და უწესრიგო ამოფრქვევებისაკენ გადააქვს. დროის წრფივობის გარეშე დარჩენილი გამოცდილებების ველში აზრს ეს ცალკეული და მყისიერი გამოცდილებები და შთაბეჭდილებები ინარჩუნებენ. ამ აზრით, დიმენცია სხვა არაფერია, თუ არა მეტაფიზიკური ბზარის პარმაღზე ყოფნა და ამით გამოწვეული დროის ტოტალობის გამოცდილება, რაც ასე გვაღიზიანებს ჩვენ, ჯერ კიდევ წრფივ და თანამიმდევრულ დროში მყოფებს. მოხუცი ერთდროულად ჩვენთანაც შეიძლება იყოს და, ამავდროულად, თავისი ბავშვობის რომელიმე გამოცდილებაშიც და თავს სულ ათიოდე წლისად გრძნობდეს. მან, თუნდაც უკიდურესად დასუსტებული გონებისამ, იცის ის, რისი გაგებაც ჩვენ ჯერაც წინ გვაქვს: არც არაფერი მომხდარა და არც არაფერი მოხდება. ყველაფერი უკვე „აქ და ახლაა“ და ამ „აქ და ახლას“გარეშე არც არაფერი არსებობს. ფრაგმენტული მოგონებები და საკუთარი თავის გაიგივება იმასთან, რაც, ჩვენი აზრით, უკვე ოდესღაც იყო და აღარ განმეორდება, მისთვის სხვა არაფერია, თუ არა დროის ტოტალობის, ყველა გამოცდილების ერთდროულობის შედეგი.

ცხადია, ჯიუტად გაიმეორებენ, რომ ეს იყო ასაკობრივი დემენცია, ან ალცჰაიმერის დაავადებაც კი, რომელიც გენეტიკურად ერგო და ხელსაყრელ ვითარებას ელოდა გამოსავლენად. მაგრამ არსებობს კი რაიმე ზუსტი საზომი ამგვარი გენეტიკური თუ პიროვნული მიდრეკილების გასაზომად? შეუძლია კი ვინმეს, წინასწარ დაადგინოს ამგვარი მიდრეკილების ხარისხი, თუ მხოლოდ post factum შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამგვარი მიდრეკილების შესახებ და წინასწარ განსაზღვრის მცდელობები, ეგებ, სხვა არაფერია თუ არა სციენტისტურად შეფერილი მკითხავის საქმიანობა? და თუ კონკრეტული ადამიანის არსებობა რაღაც ხარისხით მაინც აიგება მის ფარულ თუ აშკარა ნებელობაზე, ხომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ მეხსიერებაზე უარის თქმის ნებაზეც, რომელიც სტრესსა თუ ტრავმას ახლავს თან და ეს ნებელობა გამოცდილებათა თუ განცდათა რაღაც კრიტიკული ზღვრის დაგროვებასთან ერთად იღვიძებს, როგორც ყოველივეზე უარის თქმისა და განდგომის ნება? ან, იქნებ, როდესაც რაღაც მომენტიდან უკან სვლას ვიწყებთ დროის ღერძის უთვალავი წერტილიდან ამოზრდილ სპირალებზე, ფარულად თუ აშკარად ვიცით, რომ უკვე დადგა ჟამი, როდესაც მთელი განვლილი დროითი ღერძი უნდა მიმოიხილოს, უნდა მოიცვას, როგორც ერთიანი და ეს მეხსიერების ცალკეულ უჯრედთა უწესრიგო გაღვიძებით მჟღავნდება? ჯერ არ დამდგარ ჟამი, როდესაც მის მიერ გავლილი გზის მთელი ტოტალობა მის წინაშე „აქ და ახლა“ წარსდგება. იგი ჯერაც სხეულშია, რომელიც, თუ სოკრატეს გავიხსენებთ, აბრმავებს და აყრუებს სულს. ასკეტისა და მისტიკოსის გამოცდილება კი მისთვის ხელმიუწვდომია და მხოლოდ ასე თუ ახერხებს თავისი მიწიერი არსებობის შეჯამებას. ამიტომაც არევია მას დროითი მიმართებები. ამიტომაც ვერ გაურკვევია, რა არის „ახლა“ და რა იყო „უწინ“.

 

კაცმა რომ თქვას, რა ჩადინა მან? ალბათ იგივე, რაც ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებმა ინდიელმა, თავისი გადაწყვეტილებით რომ კვდება. რაიმე უიღბლობა შეემთხვევა, ფეხს მოიტეხს, მძიმედ დაიჭრება ან, უბრალოდ, თავს ცუდად იგრძნობს, დაწვება და სიკვდილს დაელოდება. სიკვდილის სიახლოვით გაგუვებული თავის არსებობას ნელ-ნელა ავიწროვებს მანამ, სანამ უიმედოდ დასნეულებულ სხეულს არ გაუსხლტება. კაცმა არ იცის, რამ მოკლა – სენმა, თუ წასვლის ნებამ. ეს არ არის სოკრატული „მზადება სიკვდილისათვის“. ეს, უმალ, სიკვდილის, როგორც თანაარსის დაშვებაა, რომელიც ზიარჭურჭლის კანონით მოითხოვს, რომ მასაც აზიარო შენი არსებობის რაღაც ნაწილი, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელში ჩაიგდებს მას, ნელ-ნელა, ულმობელი ნებით გადაჰყავხარ თავისკენ, თანაც ისე, რომ თავადაც, ერთი შეხვედრით, საღი აზრისათვის მიუღებელი რამ – სიკვდილის ვნება გიპყრობს. მერე კი რაღაც წამიდან შენი არსებობის ერთადერთ შესაძლო ჰორიზონტად იქცევა.

თუ ასეა, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მას დაშვება დასჭირდა ამ ფიქრისა, ინდიელისათვის კი მიღმური არსებობა ნამდვილობაა და აზრადაც არ მოსდის, გაექცეს მას. პირიქით, მისთვის ეს სინამდვილე გამოსავალია მას შემდეგ, რაც უიმედოდ დაზიანებული სხეული სამსახურზე უარს ეუბნება.

ჰოდა, მოხუცმაც იგივე გააკეთა, რასაც ჩვენი შორეული, ათასობით წლის წინ მცხოვრები წინაპარი აკეთებდა. იგივე არქეტიპული გზა გაიარა, რასაც ის გადიოდა თავისი რიტუალებით. არქაული ცხოვრების წესი მისთვის არქეტიპულ პირველნიმუშად იქცა. მისი არსებობის დინამიკაც ხომ იგივე აღმოჩნდა, რაც იმ შორეული წინაპრისა, იმ განსხვავებით, რომ ეს დინამიკა ათასგვარი შინაარსებით გაგვივსია, რათა გავქცეოდით ამ ულმობლად გარდუვალ სვლას, ჩვენი არსებობის ამ ერთადერთ შესაძლო დასასრულს, უფრო კი იმ წესს, რომლითაც ამ დასასრულს ვხვდებით. აი, აქ ვარ ახლა მე: ჩემს შორეულ წინაპართან თანაობაში და ამითვე ვადასტურებ, რომ მეც იგივე არსება ვარ, იმის შთამომავალი და იმის ბედის მონაწილე, ოდესღაც და სადღაც, დროთა სისრულის ჟამს რომ შეიქმა და ცნობადის ხის ნაყოფის დაგემოვნებით მოხაზა თავისი არსებობის ეს რკალი დაბადებიდან სიკვდილამდე.

 

მოხუცმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამით გაიარა ის გზა, რომელიც ოდესღაც მისმა რომელიღაცა შორეულმა წინაპარმა მოხაზა, ხოლო ინდიელმა რიტუალურად გააფორმა. ეს არ არის სასოწარკვეთით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მისი დაუსრულებელი ტრაბახი ხომ იმის ნიშანი იყო, თავადაც კარგად მოეხსენებოდა თავისი ცხოვრების, თუ შეიძლება ითქვას, სოციალური ფასი. ეჭვიც იმისა, რომ მისი თავიდან მოშორების სურვილი მძიმედ ტრიალებდა მისი ბინის ატმოსფეროში, მოსვენებას არ მისცემდა. და თუ ეს ასეა, მოხუცის გადაწყვეტილება იყო არა გაქცევა და თვითმკვლელობა, არამედ დროში გაჭიმული სეპუკუ, რომლის დროსაც მე, ნებსით თუ უნებლიეთ, კაისიაკუს როლი მომენიჭა.

 

კიდევ რას გამახსენებს მოხუცი მას შემდეგ, რაც მისი ბოლო ნახვიდან ორმოც წელზე მეტი გავიდა? ეს ხომ რაღაცით სიზმრის გახსენებას ჰგავს. დილით გგონია, რომ არაფერი გინახავს. მერე, მოულოდნელად, რაღაც გახსენებს რაღაც ფრაგმენტს, ხელს ჩაავლებდა მეხსიერების უკუნიდან ამოზიდავ.

ჰოდა, ახლაც სიზმარივით ვიხსენებ იმ მოხუცს და ვცდილობ, მეხსიერებაში წამოტივტივებული ფრაგმენტები როგორმე ავამეტყველო და როგორმე შევაღწიო იმ სათქმელში, რომელსაც, თურმე, მაშინ, ეს ჩვენი შეხვედრა მეუბნებოდა. წლების მანძილზე თან მომყვებოდა ამ სათქმელის ფარული ცოდნა და ნოსტალგიაც კიდევ და კიდევ მაბრუნებდა მასთან.

ასე გავიხსენე ის ათიოდე წამი, როდესაც საავადმყოფოში მის მოსანახულებლად მისულს გამხდარი ფეხების ფლატუნით ჩამიარა გვერდით ისე, რომ მისი ბებრულად ცრემლიანი და დაწითლებული თვალების ჩამქრალი მზერისათვის არც მე და არც ვინმე სხვა არ ვარსებობდით. ამ ჩამქრალ მზერაში იყრიდა თავს მისი ცხოვრების ყველა ძაფი, მისი ბედის ყველა ხლართი, იმედები და ფიქრები. თუკი რაიმეზე მიმანიშნა მაშინ, მხოლოდ იმაზე, რომ მასთან ერთად შემეგრძნო მიტოვებული ადამიანის გაუცხოვების მთელი ულმობელი სიმკაცრე, მასთან ერთად მეცადა, ხისტ მარტოობაში, თუ შევძლებდი, გამეზიარებინა მისი სიხარული იმის გამო, რომ ყველაფერი ამის მიღმა, ჩვენი, ადამიანური სიავისა და ანგარების, ერთმანეთის მიღმა უცხოობისა და ულმობელობის, ჩვენს გულებში ჩაბუდებული ავსულების მიღმა, ის შეიძლება გვეგულებოდეს, რომელიც მუდამ იქაა, სადაც მისი სახელით ორნი გინა სამნი მოიყრიან თავს.

© არილი

Facebook Comments Box