პოეზია

თაკო მღებრიშვილი – “დედას” და სხვა ლექსები

დედას

ჩამოვიდა დედაჩემი

სიხარულთან ერთად ჩამოიტანა

სხვა მიწის სუნი

სხვა ცის სილურჯე

ხმელთაშუა ზღვის

მარილიანი დარდი

და ოცი წელი.

ჩამოვიდა დედაჩემი

ერთი ჩემოდნით

ათასი ბარგით

თმაში ჭაღარით

და დაღლილი ხელებით

გააღო კარი.

ჩამოვიდა დედაჩემი

ფიქრარეულ და დალაგებულ

სახლში,

გააღო ფანჯრები,

გაანიავა ყველა ოთახი

მონატრებისა და დარდის

მტვრისაგან.

ჩამოვიდა დედაჩემი

დიდი ხნის შემდეგ.

ჩამოვიდა და

მომიტანა ის ოცი წელი

უცხო მზის ქვეშ

რომ აჩნდა იარად.

***

თითქოს ყველაფერი გავიარე

ყველა განედი და გრძედი

სიტყვებს ვერ ვპოულობ თუმცა

მაინც ჩემს ტკივილზე ვმღერი.

შენი თვალებია ჩემი ღამე

სადაც ვერ ვიძინებ მშვიდად

სიზმრის ფირებზე ვართ ჩაწერილი

კადრად, რაც არასდროს მოხდა.

ცრემლის ბადეში ვარ გახვეული

მარილს ჭრილობებზე ვიყრი

შენი მოგონების ნაპირებსაც

მკვდარი თევზივითღა შევრჩი.

ვინღამ დამაპუროს დამშეული

ვინღამ მომაწოდოს წყალი

ჩემგან არაფერი არ დარჩება

გარდა მწუხარების ნავლის.

***

ეს სიყვარული რა ხანია ნაობლარია.

მეც ნაელვარი და ნაობლარი

შენ დაგეძებდი დიდი ხანია.

თუ ბავშვობაში სულერთიას აკვანი გარწევს

სულს გაუჩნდება ნაჩრდილარი სხვისი მხრებისა.

ნაელვარი ვარ, ნალამპარი

და რა ხანია არ მიძინია.

შენი ხმა მესმის, ნაცნობია,

ჯერ არც მიმწყდარა

დღესაც რომ ვფიქრობ მონატრების ავლი მინავლდა

კვლავ უფრთოობის აკვანში ვწევარ

და უშენობის მეათასე დღე დამიღამდა.

***

რა საუცხოო შესიტყვებაა „ნუღარ იდარდებ“,

ნუღარ აჰყვები ემოციებს, ნუ შემოიხვევ ყელზე გრძნობის მავთულებს,

რომლებმაც გინდა სწრაფად დაგახრჩოს.

რომელი წმინდანი შენ მყავხარ და რომელი ღმერთი

გრძნობებს არ აჰყვე, დაითმინო, რაც ასე გტკივა

რაც ყოველ ღამით გაწრიალებს საწოლში პირქვე,

ანდაც რომელი უცოდველი შენ გამოხვედი,

რომ არ ესროლო პირველივე ქვა საკუთარ სხეულს.

„ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია“,

ორი კი არა, ათასი გეტყვის როგორც ვიტანჯე

რომ ყოველ დილით სათითაოდ ეკლებს ვიცლი ჩემი სულიდან.

და მაინც როგორ საუცხოოდ ჟღერს „ნუღარ იდარდებ“

***

ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც

ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.

თამაზ ბაძაღუა

ორი ფანჯარა, დასავლეთით და აღმოსავლეთით

ხის მყიფე კარი, მაღალი ჭერი, ერთი ოთახი

ფარდაგი ძველი, ნახატ-ნაქარგი წითლით და შავით

სევდის ქოთნები უწყლოობით მიწადამშრალი.

კარადაც ერთი, ძველისძველი, სხვისგან ნათხოვი

და მისი კარი მრავალ ამბის მთხზველი, დამტევი,

რომელსაც მხოლოდ შენ ხურავ და შენვე გააღებ.

არაფერია, არაფერი საბადებელი ან

შესანახი შვილებისთვის, თუნდაც სტუმრისთვის

აქ მხოლოდ შენი კაბა სუნთქავს თეთრი სხეულით

და ყელსახვევი შენი სულის მარადი მცველი.

ხის იატაკი, ნაშიშვლები შენი ნაბიჯით

ორიოდ სკამი, მხოლოდ ჩვენთვის ნაჭედ-ნაკეთი

კუთხე ემბაზის, ერთადერთი რამ საყვარელი

სადაც გინათლე სიყვარული, ვით ჩვილი ბავშვი.

ამ მაგიდაზე მხოლოდ ერთი სასანთლე მიდგას

აქაც სინათლე ისე ბჟუტავს, ვით ჩემი სული

და ეს ლამბაქი მღვრიე სასმლით

პირთამდე სავსე კვლავ გამოვცალე

და მოწამლული ფიქრთა უჯრიდან

ყველა წერილი ამოვალაგე.

მწერ:

“მე სახლი ვარო, შენ ბინადარი

ვალპობ შენს ლექსებს ჩემი ცრემლებით

მწერ, სახლი ვარო, შენ ბინადარი

და ნავსადგური შენი სულისთვის.”

ორი ფანჯარა, დასავლეთით და აღმოსავლეთით

ხის მყიფე კარი, მაღალი ჭერი, ერთი ოთახი

და შენი კაბა, შავ-წითელში ნახატ-ნაქარგი

და ყელსახვევიც ერთადერთი რამ შესანახი.

***

ნუთუ ისევე უნდა დაგმალო

როგორც მალავდა სამშობლოს ესთერ

არსად აღარ გთქვა

არ გამოგთქვა უცნაურ ამბად

თავს გადახდენილ სასწაულად,

შეძენილ ჩვევად

არსად აღარ გთქვა

დავივიწყო ყველა სიზმარი

და დავრჩე ცხადში

შევაგუო სულსაც ისარი

ღია ჭრილობად დაგიტოვო

დაე, ამტკივდე

ჩუმად, მალულად,

ღამღამობით

და თუ ეს არის

გზა გადარჩენის

ერთადერთი

როგორც ამბობენ-

ნუ გადავრჩები!

რადგან არ ვიცი

გულს როგორ უნდა

დავუკარგო მეხსიერება

გულიდან როგორ ამოვშალო

შენი სახელი.

დედას

სანამ ეს ცხოვრება მიილევა

მითხრეს არ მოკვდე და იცხოვრე

ღამით ძილ-ბურანში მესიზმრება

დედა სიმარტოვის საზღვარზე.

ზღვარი დაუდია ბედისწერას

მზერა შეგვეცვალა ორივეს

ნეტა როგორ უნდა ვიღიმოდე

თუკი ღიმილი არ მასწავლეს.

დროის სითეთრეში დაკარგულებს

გზების გაგნებაც კი გვიჭირდა

უერთმანეთობის სიჭრელეში

წლები თავის ხელზე გვითვლიდა.

სანამ ეს ცხოვრება მიილევა

სანამ სიჭრელეში ვიცხოვრებ

იქნებ გავიხსენო რას მეძახდი

ღამით ლიკავიტოს მთებიდან.

***

აღარ მიჩუმდა ღამეულ სულთა

სჯა და ბაასი,

ბჭობენ, არჩევენ ერთმანეთში

ცრუსა და მართალს

ჩვენ შორის ნეტავ რომელია

მაინც მართალი

ანდაც რომელმა დააღწია თავი სამარეს.

გადაგლეჯილი მუხლის თავებით

სახლში დაბრუნდა

და მუხის ძირას მიესვენა

მკვდარი სხეულით

სახადმოხდილი სული

თოკზე ისე გაფინა

ლეღვის ჩირივით გამოაშრო

მცხუნვარე მზისქვეშ.

ვერც ერთი სახლი ვერ გაუძლებს

ამდენ მიწისძვრას,

ვერ გაექცევა ასეთ წვიმას

ამ სახლის ჭერი

მაინც ჩამოლპა,

ჩამოიქცა,

ჩამოცამტვერდა

ამ სჯა-ბაასში

ჩვენი სახლიც

და სიყვარულიც.

***

დედა, დაივიწყე ყველაფერი

ატმის სურნელი, ნუშის რტო და

დახრილი ეზო,

სასხლავი ვაზი, თხილი და თაფლი,

ლეღვის ჩირი, ძველი ჭურჭელი.

დედა, დაივიწყე ყველაფერი

კაკლის ხეები, დამშრალი მიწა,

შენახული ძველი სკივრები

სავსე ნაჭრებით, ნაქარგებით,

ძველი კაბებით.

დედა, დაივიწყე ყველაფერი

ნაკირი სახლი,

ნამტკივანი ჩემი მუხლები,

თეთრი უძალო ხელები და

უძილობით დაღლილი ბავშვი.

დედა, დაივიწყე ყველაფერი

ტკივილისგან ნაგლეჯი გული

და ძილში მთვლემი ჩვენი სამყარო,

სადაც მე და შენ ცალ-ცალკე ვართ

და ერთმანეთთან ყოფნას ვდარაჯობთ.

***

წამოვაყენე ჩემი თავი დილაადრიან

გახამებული თეთრეული

გადავხადე

და დამთქნარებაც არ ვაცალე

მივურბენინე ჭიქით ყავა,

გადავუწიე ბნელ ოთახში

მუქი ფარდები,

მზე შემოვუშვი.

ხელში კალამი მივაჩეჩე,

ფურცლის ნაგლეჯიც

და შევუძახე

ჰა, მეთქი ახლა

მიდი დაწერე

ოღონდ კი თავი

არ მიაბრუნო კუთხის სარკისკენ

არ დაინახო შენი თავი,

შენს თავს თვალებში აღარ ჩახედო,

თორემ მიხვდები, რომ არაფერი

აღარ დაგრჩა მისთვის სათქმელი.

***

რა ადრე მოკვდი, ჩემო თავო

რა ახალგაზრდა…

მიწა შავი და მიწა ცხელი, მიწა ურყევი

ფეხქვეშ ფეთქავს და ფეხისგულებს ისე გისრესს,

ისე გისერავს, სისხლიც არ მოგდის.

ათასში ერთხელ და მრავალში ათჯერ

შემოგესმინა, მოაპყარი ყური გულკედელს

რომ ამოგეცნო, რომ გაგეგო ნაყეფარი სიყვარულის ხმა,

რომელიც ზუსტად ისე ყეფდა, ვით ძაღლი ქუჩის

უბინაობით განწირული და შეწირული სხვების ცხოვრებას,

სხვების ლაქუცს, ხელის გადასმას.

რა ადრე მოკვდი, ჩემო თავო,

რა ახალგაზრდა…

ჯერ სულ რამდენი გაზაფხული გადაიარე

ჯერ სულ რამდენჯერ აგიყვავდა ვნებებით სული

ჯერ სულ რამდენჯერ გაილოკე მჟავე ჯემით და

ტკბილი სისხლით დათხუპნილი შენი თითები.

აბა, მითხარი რად გინდაო,

რა თავში იხლი

ჩემს მზერასა და ჩემს მყოფობას

შენს გვერდითა და სიახლოვეში,

მეუბნებოდი,

რომ შენ ჰგავდი იმ თავის ტკივილს,

რაც არ ყუჩდება, არ გიამდება

არც წამლითა და არც სხვის ღიმილით.

რა ადრე მოგკლეს, ჩემო თავო

რა ახალგაზრდა…

და მაინც კიდევ არ გამქრალა ჩუმი იმედი

ათასში ერთხელ, მრავალში ათჯერ

რომ მოვლენ და გულკედელზე

ყურს მოგაპყრობენ,

გაიგონებენ ნაყეფარ ხმას სიყვარულისას,

რომელსაც ხრინწად ამოჰყვება მისი სახელი.

***

უსუსური იყო ყველაზე ძლიერი დედაჩემი

ითვლიდა თმაში ჭაღარას და სახეზე დარდებს

ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობენ დედები მაშინ,

როცა მიდიან და დაბრუნების ვერ ცნობენ თარიღს.

უსუსური იყო ყველაზე ძლიერი დედაჩემი

და მაშინაც კი, თუ ქვიშის ცხელი

ქარიშხალი ფარავდა ათენს

ის იდგა ქარში,

უცხო ქარში, უცხო ნიავში

და ვერ თბებოდა.

რით იმხნევებენ საკუთარ თავს

დედები ნეტავ,

როცა მიდიან და დაბრუნების ვერ ცნობენ თარიღს?

© არილი

Facebook Comments Box