თეა თოფურია – შატალო

tea-topuria-3892

იმ დღეს ირაკლი კუპრავა სკოლაში არ მოსულა. არავის გაკვირვებია, სოხუმში უკვე ისროდნენ და ბავშვების ნახევარი ისედაც აღარ დადიოდა. მასწავლებელმა მისი გვარის გასწვრივ „არ“ დაწერა, ჟურნალი დახურა და გაკვეთილის ახსნა დაიწყო.

დიდ დასვენებაზე მეათეკლასელი რაული მომიახლოვდა.

- შენ მერვე კლასი ხარ, ჰო?

- კი, მერვე.

- კუპრავასი რა ისმის?

- რა უნდა ისმოდეს? დღეს საერთოდ არ მოსულა.

- ა, კარგი. არაფერი.

სასწრაფოდ გამშორდა. მე ყურადღება არ მიმიქცევია და ეზოში სირბილი განვაგრძე. ზარი რომ დაირეკა, ქართულის გაკვეთილზე შევლაგდით.

- კუპრავა, – ამოიკითხა მასწავლებელმა და კლასისთვის არც გადაუხედავს ისე დაწერა „არ“, – ქურთუკი გაიხადე და ჩამოკიდე, – მითხრა, სანამ დაფასთან დადგებოდა.

ქურთუკის გახდა არ მინდოდა, შიგ ოთხად გაკეცილი წერილი მედო, გუშინ ცხაასჯერ გადაწერილი. სულ რამდენიმე სტრიქონი იყო: „ნინო, მიყვარხარ. მინდა, რომ იცოდე. გიგა“. პირველი გაკვეთილი ისე გავიდა, ვერაფრით გადავწყვიტე ნინოსთვის ეს წერილი ჩანთაში ჩამედო თუ რომელიმე წიგნში.

ზოზინით ავდექი. ერთი პირობა ვიფიქრე, წერილი შარვლის ჯიბეში გადამეტანა, მაგრამ შეამჩნევდნენ და სადაც იყო ისევ იქ დავტოვე. ქურთუკი ჩამოვკიდე და სკამზე დაბრუნებულმა რამდენჯერმე გავხედე. მეშინოდა, ვინმე არ ეცეს და მთელი კლასის გასაგონად არ წაიკითხოს-მეთქი.

დაფაზე დაწერილის გადაწერით ვიყავი გართული, რომ კლასს მსუბუქმა ჩოჩქოლმა გადაუარა. უკანა მერხიდან ჟვანია გადმოიხარა და ყურში მითხრა: „კუპრავა ძალიან ცუდადაა“. გაოგნებული მოვუტრიალდი. ვითომც აქ არაფერი, გვერდზე იყურებოდა.

როგორც იქნა, ზარი დაირეკა. არავინ განძრეულა. მივხვდი, ყველა ჩემსავით მასწავლებლის გასვლას ელოდა. მასწავლებელმა თავი ასწია და შემოგვხედა. მე თვალი ავარიდე, ალბათ, სხვებმაც.

- ზარი დაირეკა, ბავშვებო!

ჩვენ ისევ სხვადასხვა მხარეს გავიხედეთ.

მასწავლებელმა ჩანთა აიღო, ერთხელ კიდევ შეგვათვალიერა და კლასიდან გავიდა. ცოტა ხანს ისევ გაუნძრევლად ვისხედით. შემდეგ ცაავა, კართან ყველაზე ახლოს მჯდომი, ფრთხილად ადგა და დერეფანში გაიხედა.

- მართლა წავიდა, – თქვა შემობრუნებულმა.

ყველანი წამოვცვივდით და ზაზას დავადექით თავზე. ზაზა კუპრავას მეზობელი და ძმაკაცი იყო. თუ ვინმეს შეეძლო რამე სცოდნობდა – მას!

- გუშინ ნაზი ბებია გადმოვიდა ჩვენთან მოთქმით. დედაჩემი წაიყვანა, ექიმია დედაჩემი. რომ მობრუნდა, მითხრა, ნუ გეშინია, კარგად არისო, მაგრამ…

- რა მაგრამ?

- მამას ელაპარაკებოდა ღამე. რას ელაპარაკებოდა არ გამიგია, მაგრამ ტიროდა.

კლასში დუმილი ჩამოწვა. ცაავა ისევ „ატასზე“ იდგა კარებთან.

- რას ჩურჩულებთ მანდ?

თორდინავა მისკენ წავიდა და ამბავი მოკლედ მოუყვა. ცაავას სახე ნელ-ნელა შეეცვალა, კარის სახელურს უფრო და უფრო მაგრად უჭერდა ხელს.

- რა ვქნათ?

- უნდა ვინახულოთ, – გადაწყვიტა ჟვანიამ.

- ვინ გაგვიშვებს?!

- არ ვუთხრათ არავის.

- ეგ როგორ?

- შატალოზე წავიდეთ.

- გადაირევიან ყველა ერთად რომ ავვორთქლდეთ, ომია გარეთ.

- გადაირიონ მერე! ხვალ ყველამ მანეთი წამოიღეთ, შოკოლადები და პეპსი-კოლა ვუყიდოთ.

- ზეგ ჯობს.

- ზეგ რატომ?

- ზეგ მეორე გაკვეთილი ფიზკულტურაა და არ მოგვიკითხავენ.

- მაშინ ზეგ, მაგრამ ფული ხვალ მოიტანეთ და ნადარეიშვილს ჩააბარეთ.

მეორე დღეს ნადარეიშვილმა შეგროვებული ფული დათვალა, უფროსკლასელ გოგოს მსხვილ კუპიურაში გადაუცვალა და ამაყად ჩაიდო ჯიბეში.

- ათი ბოთლი პეპსი-კოლა მოგვივა და შოკოლადებიც.

- სად ვიყიდით მაგას?

- მაღაზიაში. რა, არ არის?

- არის, მაგრამ გამყიდველს არ სცალია, პურზე ისეთი რიგები დგას.

- დღესვე უნდა ვიყიდოთ.

მაღაზიაში მე და ნინო გაგვიშვეს. ჩანთები დავყარეთ და გავიქეცით. ფული ნინოს ეჭირა, მე გვერდით ვედექი. ჭყლეტვაში ორივე ერთმანეთს ვიყავით მიკრულები და უცებ მომინდა კუპრავა კიდევ დიდხანს ყოფილიყო ავად, ჩვენ კი ყოველდღე ასე ვმდგარიყავით რიგში. გამახსენდა, რომ წერილი თან მქონდა, თავისუფლად შემეძლო ჩუმად გადამეცურებინა მის ჯიბეში, მაგრამ იმ წუთას იმდენად ბედნიერი ვიყავი, ეს აღარ მადარდებდა.

დაახლოებით ნახევარის საათის შემდეგ ნინომ დახლზე ფული დადო და გამყიდველს პარკი მიაწოდა.

- ათი პეპსი-კოლა და რაც დარჩება…

- პეპსი-კოლა?

- ჰო.

- მაგაზე მაცდენთ ბავშვებო?! ამ ხალხს ვერ ხედავთ?

- გთხოვთ, დალი დეიდა.

- ათი?

- ათი და რაც დარჩება შოკოლადი.

მაღაზიიდან გამოსვლისას ხალხმა უკმაყოფილო ზუზუნი გამოგვაყოლა. მე ბოთლები მომქონდა, ნინოს – შოკოლადებიანი პარკი.

- ნინო, რას ამბობენ, რა ჭირს კუპრავას?

გადასარევად ვიცოდი, რაც ჭირდა, მაგრამ ნინოსთან ლაპარაკი მინდოდა. ნინო შედგა. სახელოთი ოფლიანი შუბლი მოიწმინდა. პარკი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და ისევ დაიძრა.

- არ ვიცი მაგ დაავადებას რა ჰქვია, სისხლის კიბოო თუ რაღაცა.

- სისხლის გათეთრება?

- ჰო.

- მაგ დროს სისხლი მართლა თეთრდება?

- არა მგონია, სისხლი ყოველთვის წითელია.

- აბა, გათეთრებაო და…

- არ ვიცი.

- მორჩება?

- ალბათ მორჩება. მე მგონია, – ნინომ ამოისუნთქა, – მე მგონია, ძალიან ავადაც არ არის. ახლა ბევრს ეშინია ბავშვების სკოლაში გამოშვება და რაღაცეებს იგონებენ. გაბეჩავაზეც ამბობდა, დედამისი, ავადააო. მაგრამ გუშინ ვნახე, ხეზე იჯდა.

- მერე შოკოლადებით რომ მივადგეთ და ირაკლიც ხეზე დაგვხვდეს, რა ვქნათ?

ნინო ახითხითდა:

- სანამ ჩამოვა, ჩვენ შევუჭამოთ.

სიმწრით ნაყიდი ტკბილეული საკლასო ოთახის კარადაში საკონტროლო რვეულების გვერდით დავმალეთ. მეორე დღეს ჩანთებში გადავინაწილეთ და სკოლიდან ცალ-ცალკე გავედით. ერთმანეთს ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით. ავტობუსი არ გვჭირდებოდა, მაგრამ სადღაც ხომ უნდა მოგვეყარა თავი. ზაზა წინ მიგვიძღოდა, ჩვენ ყიჟინით მივსდევდით უკან.

უკვე თითქმის ადგილზე ვიყავით მისულები, რომ უცებ მოსახვევიდან „ბეტეერი“ გამოვიდა და ზედ ჩვენ წინ გაჩერდა. „ბეტეერზე“ მჯდომი სამხედრო აშკარად გაოცებული იყო.

- სკოლაში რატომ არ ხართ?

ჩვენ ვდუმდით.

- ან სახლში?

ჩვენ ისევ ვდუმდით.

- ახლავე უკან გაბრუნდით სუყველანი. პატრონი არ გყავთ, აქ რომ დაბორიალობთ პატარა ბავშვები?

ყველანი შემოვბრუნდით ზაზას გარდა.

- შენ არ გესმის?

- მე მანდ ვცხოვრობ, – ზაზა მაზუთის გუბეში ჩაგდებულ კენჭს დაჰყურებდა.

- კარგი, შენ წადი. დანარჩენები გაბრუნდით!

ჩვენ ისევ შევტრიალდით. მაგრამ ნინომ დაიჩურჩულა.

- საჩუქრები მაინც გავატანოთ.

- მოიცა, ხვალაც აქ ხომ არ იდგება ეს „ბეტეერი“?! მერე ხელცარიელები ხომ არ მივალთ?! ამდენ მანეთიანს აღარ გამომატანენ სახლიდან.

ნინო ყოყმანობდა.

- მაშინ ბოთლები გავატანოთ, მაინც მძიმეა. შოკოლადები ხვალ მივცეთ.

ყველამ ჩანთები გავხსენით და პეპსი-კოლას ბოთლების ამოლაგებას შევუდექით. ზაზამ წიგნები ამოიღო თავის ჩანთიდან, ჩვენსაში გადმოაწყო, სანაცვლოდ პეპსი-კოლა ჩაალაგა.

- ჯერ ირაკლისთან მივალ და მერე – სახლში, – თქვა და მძიმე ჩანთა მკერდზე მიიხუტა.

იმ დღეს ნინოსთვის მიწერილი წერილი კიდევ ერთხელ გადავწერე: „ნინო, მიყვარხარ, შენ გულიანი და ჭკვიანი გოგო ხარ. გიგა“.

და ისევ ქურთუკის ჯიბეში ჩავიდევი.

* * *

- ძალიან ცუდადაა, – თქვა მეორე დღეს ზაზამ და მთელი ხუთი გაკვეთილი ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა.

დიდ დასვენებაზე გადავწყვიტეთ ახლა სხვა გზით გვეცადა მისვლა, მაგრამ ალგებრის გაკვეთილზე დაახლოებით ორ კილომეტრში სროლა ატყდა და შეშინებული მშობლები სკოლაში მოცვივდნენ ჩვენს წასაყვანად. ნინომ მათემატიკის რვეულის შუა ორი ფურცელი ამოხია და კალამი მოიმარჯვა.

- თქვენი ტელეფონები მითხარით, ჩქარა! ხვალ შეიძლება აღარ გამოგვიშვან სკოლაში.

მეორე დღეს დილით ადგომა რომ დავაპირე, დედამ დაბნეულმა გამომხედა.

- იწექი, არსად არ მიდიხარ!

- ეგენი შორს ისვრიან, დე. თან დღეს საკონტროლო გვაქვს.

- იწექი-მეთქი! ეზოშიც არ გახვიდე!

შუადღისას ნინომ დარეკა.

- ირაკლი მოკვდა.

* * *

შემდეგი სამი დღე მე ოთახებში დავდიოდი და სკამებზე მიფენილი სველი ტანსაცმელი აქეთ-იქით დამქონდა. მას შემდეგ, რაც ბრმა ტყვიებმა გარეთ გაფენილი სარეცხი ერთიანად დაცხრილა, დედა ყველაფერს სახლში აშრობდა. პერიოდულად ჩემი თანაკლასელები რეკავდნენ. რამდენჯერმე ვცადეთ სახლებიდან გავპარულიყავით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. მშობლები კარგად გვდარაჯობდნენ.

- ვერ ხედავთ, რა ხდება? – მიყვირა მამაჩემმა, – უთქვენოდაც დამარხავენ მაგ ბიჭს.

კუპრავას სიკვდილიდან მეოთხე დღეს დედამ შუაღამისას გამაღვიძა.

- ჩქარა ჩაიცვი, ჩქარა!

ღამე იყო, მაგრამ მაინც ვხედავდი, დედას ფერი არ ედო.

რომ ჩავიცვი, გარეთ გავიხედე. ფანჯრისგან მოშორებით ვიდექი და ისე ვიყურებოდი. როცა ასე დგახარ, გარედან ვერ გხედავენ და ვერც გესვრიან. ეს ფიზიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა გვასწავლა. გარეთ თითქოს არაფერი იყო სახიფათო, მაგრამ დედამ ხელი მომკიდა და სადღაც გავიქეცით. ჩვენს გვერდით სხვებიც მორბოდნენ. აქა-იქ წამოსროლი ფრაზებით მივხვდი, რომ დაბომბვის ეშინოდათ. ცას ავხედე, თვითმფრინავები არ ჩანდა ან იქნებ, ღრუბლები ეფარებოდა?

ქარხნის სარდაფში ჩავედით. იქ უკვე მთელი ქუჩა იყო შეკრებილი. დიდები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, ბავშვები ტიროდნენ, ზოგი პირიქით, ხმაგაკმედილი იჯდა. პერიოდულად სარდაფში შუქი ქრებოდა და ხუთი- შვიდი წუთი სიბნელეში ვისხედით.

სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ხელზე ვიღაც შემეხო. მოვიხედე, ნინო იყო.

- შენც აქა ხარ?

- სხვებიც აქ არიან.

- ვინ?

- ჟვანია, ცაავა, შველიძე…

მე ახლაღა მოვავლე თვალი სარდაფს და აქა-იქ ჩემი თანაკლასელები ვიცანი. პირველად ვხედავდი სკოლის ფორმების გარეშე. ზოგი პიჟამოზე მოხვეული პლედით იყო გამოვარდნილი, ზოგი – სახლის ჩუსტებით. ნელ-ნელა ერთმანეთისკენ მივიწიეთ და კუთხეში განვმარტოვდით.

- ახლა შეგვიძლია გავიპაროთ, – თქვა შველიძემ.

- გადაირიე?

- მერე უკვე დამარხავენ, ვეღარ მივუსწრებთ.

- როგორ გავიპარებით?

- კიდევ რომ ჩაქრება სინათლე, ამ კარიდან გავალთ და გავიქცევით. ვიცი, საითაც უნდა წავიდეთ. აქ მამაჩემი მუშაობს, ბევრჯერ ვარ ნამყოფი.

ყველამ კარს გავხედეთ, შველიძეს რომ არ დაენახვებინა, ვერც შევამჩნევდით.

- მე მეშინია, – ჩურჩულით თქვა პატარაიამ.

- შენ დარჩი.

შვიდიოდე ბავშვი კიდევ უფრო მჭიდროდ მივიწიეთ ერთმანეთისკენ და შუქის ჩაქრობას დაველოდეთ. მეც ძალიან მეშინოდა და ვფიქრობდი, ხომ არ დავრჩე-მეთქი, „ბომბი რომ დაგვეცეს“, „რომ გვესროლონ“, „სიბნელეში გზა რომ აგვებნეს“, „დედას გული გაუსკდება“…

- ნინო, შენ მოდიხარ? – ერთი სული მქონდა ეთქვა, არაო, მაგრამ ნინომ მშვიდად მიპასუხა.

- ჰო.

შუქი ჩაქრა. როდესაც ისევ აინთო, იქ აღარ ვიყავით.

 

* * *

ირაკლი ისევ საწოლზე იწვა. თავიდან ყველამ ვიფიქრეთ, რაღაც შეგვეშალა და ცოცხალიაო, მაგრამ მერე მივხვდით, რომ პანაშვიდებზე სიარულის თავი არავის ჰქონდა და არც მიცვალებული დაასვენეს შუა ოთახში. თხელი, თეთრი ზეწარი ეფარა. ბებიამისი მეორე ოთახში იჯდა, ცარიელი კუბოს წინ.

- დღეს ვმარხავთ, – თქვა.

ვისხედით. ჩვენი ნაყიდი პეპსი-კოლას ბოთლები გაუხსნელი ეწყო მაგიდაზე. გათენებისას ორიოდე მეზობელი შემოვიდა.

- ამ ბიჭის საცოდაობით აღარ ვარ, – თქვა ერთმა, – იქნებ, თქვენ უთხრათ რამე, თქვენი თანაკლასელი არაა?

- ა, ირაკლი?

- ზაზა.

- რა ჭირს ზაზას?

- ირაკლის ტანსაცმელი მოხვეტა და გადამალა, რომ არ დაგვემარხა. მესამე დღეა მეზობლის სახლის სახურავზე ზის, – თავი ფანჯრისკენ გააქნია.

ფანჯრიდან ორსართულიანი სახლი ჩანდა, უკვე მიტოვებული. ზაზა ვერ დავინახეთ, ალბათ მეორე მხარეს იყო.

- ცოდოა ბიჭი, თან სახურავზე ამ დროს, ხალხი ბომბებს სარდაფებში ემალება და…

- მე ვნახავ, – ვთქვი ენის ბორძიკით.

ეზოში შევედი. ძაღლს არ დაუყეფავს, ალბათ უკვე მიჩვეული იყო, უცხო ხალხის წინ და უკან სიარულს. ქვევიდან არც ზაზა ჩანდა, არც – კიბე. „რაღაცით ხომ ავიდა ამ სახურავზე“, ვფიქრობდი ჩემთვის, „ვითომ, „ჟალუზებს“ აყვა?“

- ზაზა!

- მოხვედით?

მოგუდული ხმა ჰქონდა, ალბათ ტირილისგან. სახურავის კიდეზე ისე დაუდევრად ჩამოჯდა, გული გადამიქანდა.

- ვიცოდი, რომ მოხვიდოდით.

- არ ჩამოხვალ?

- რას უპირებენ?

- ვის?

- ირაკლის.

- მოკვდა და.

- ჰოდა, არ ჩამოვალ, – ფეხები აიკეცა და ისევ გაუჩინარდა.

- ზაზა, ტანსაცმელი სად დამალე? გვითხარი რა, უნდა ჩააცვან.

სახურავიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.

უკან ბინაში რომ ავბრუნდი, ირაკლი უკვე კუბოში დამხვდა ჩასვენებული. საზაფხულო მაისური და ლურჯი ძველი შარვალი ეცვა. ალბათ ესღა იყო, რასაც ზაზამ ვერ მიაგნო. ნინომ ჯიბიდან რამდენიმე შოკოლადის კანფეტი ამოიღო და კუბოში ჩააწყო.

- მასთან მოგვქონდა, – თქვა ჩუმად.

- ჯვარი არ უკეთია, – თორდინავამ ჯვარი მოიხსნა და გულზე დაადო.

მე ჩემი ქურთუკი დავაფარე, ზუსტად ისე, სავარძელში ჩაძინებულ ბავშვებს რომ აფარებენ.

- შესცივდება, – ჩავიდუდღუნე ჩემთვის. ასე ვფიქრობდი, რადგან ქურთუკი რომ გავიხადე, მეც შემცივდა და მაისურის სახელოები ჩამოვიქაჩე. მაისურს მიკი მაუსი ეხატა. ცალი თვალის ნაცვლად ნახვრეტიღა ჰქონდა, ალბათ ბრმა ტყვია მოხვდა თოკზე გაფენილს, – ზაზა არ ჩამოვიდა.

- თქვენ ჩადით, ბავშვებო! ქვევით დაგველოდეთ!

უკვე სადღაც შუადღე იქნებოდა, ირაკლი რომ დამარხეს. ბებიამისი კარგა ხანს იდგა საფლავთან. მერე მოგვიტრიალდა და ახლოს მიგვიყვანა.

- ქვას არ დავადებ. არ წავაწერ არაფერს. ქართველების საფლავები ააოხრესო გალში და მეშინია. თქვენ დაიმახსოვრეთ, ბავშვებო, სად მარხია. მე, ალბათ, ვეღარ მოვუსწრებ მშვიდობას და თქვენ დაიმახსოვრეთ.

მე დაბნეული ვიდექი და თვალებს ვაცეცებდი. ჩემს უკან ნინომ მშვიდად თქვა.

- მე დავიმახსოვრე.

- მეც, – ცაავა იყო.

- მეც, – ჟვანია.

გამოვბრუნდით. სახლში რომ მივედი, მეგონა, დედა ერთ ამბავს დამაწევდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მეძინებოდა და საწოლზე დავჯექი. ფეხსაცმლის ზონრების გახსნისას გამახსენდა, რომ ქურთუკში ნინოსთვის მიწერილი წერილი ჩამრჩა. „ახლა რომ დავიძინო, ირაკლი დამესიზმრება და აუცილებლად დამცინებს“ გამიელვა თავში. დავაპირე, ავმდგარიყავი და თუ შუქი იყო, ტელევიზორისთვის მეყურებინა, მაგრამ მთელი ღამის დაღლილობამ თავისი ქნა – მაინც ჩამეძინა.

* * *

იმ დღეს მართლა ვნახე ირაკლი სიზმარში. შემდეგ, წლების მერეც, ხშირად მესიზმრებოდა, მაგრამ ნინოსთვის მიწერილი წერილი არასდროს უხსენებია. ალბათ, თვითონაც უყვარდა ვინმე და ჩვენ არ ვიცოდით.

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დედამ დილის ცხრის ნახევარზე გამაღვიძა. მაშინვე წამოვხტი, მეგონა, სკოლაში მიშვებდნენ, მაგრამ მანქანაში ჩავსხედით, წავედით და აღარ დავბრუნებულვართ. გზად ზღვის ხმაურს შორიდან მოტანილი აფეთქებების ექო ერეოდა, ქალაქის გასასვლელში კი რამდენიმე ცეცხლმოკიდებული პალმა ვნახეთ.

პალმებს მანქანის უკანა შუშიდან გავაყოლე თვალი და მივხვდი, რომ ირაკლი ბოლო იყო, ვინც სოხუმში თავისი სიკვდილით მოკვდა.

© არილი