თომა ამირანაშვილი – ლეო ქიაჩელი, “ჰაკი აძბა”

kiacheli leo.+

ბრძოლა ჰაკისთვის

ლეო ქიაჩელი, “ჰაკი აძბა”. (ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2007.

ალბათ, გამომცემლობას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აფხაზი გლეხის თავგადასავალი პოლიტიკურადაც აქტუალური გაეხადა, ამიტომ წინასიტყვაობაში ქართულ-აფხაზურმა ურთიერთობამ იჩინა თავი. ტექსტს ამ კონფლიქტში დიპლომატიური მისიის შესრულება დაევალა.

ჰაკიც ხომ ცდილობდა გული მოელბო მრისხანე კუზმასთვის. არწმუნებდა, ძმასავით ვიტირე შენი მეზღვაურიო. თუმცა კაპიტანი ეშმაკობას მიუხვდა და ჰაკის თავგანწირვაზე მეტად ეს “სასტიკად დაფარული პირფერობა” აშფოთებდა.

წელს აბიტურიენტებს ეს ნაწყვეტი შესთავაზეს საანალიზოდ. გამომცდელთა ვარაუდი ალბათ არ გამართლდა, როდესაც ზოგიერთმა ამ ეპიზოდში კუზმა უფრო მართალ ადამიანად ჩათვალა, ხოლო ჰაკი ფარისევლობაში ამხილა.

ახალგაზრდებმა ვერც ის გაიგეს, რა აიძულებდა გლეხს თავადისთვის თავი გაეწირა, დამხმარე ლიტერატურას მიმართეს და უფრო დააბნიაგანმარტებამ, რომ თურმე, ძიძიშვილობა “რაღაც მაგიური ძალით აკავშირებდა ადამიანებს.”

ალბათ, უკეთესად ვერც კუზმას აუხსნეს მორდუობის წესი, ამიტომ მისთვის გაუგებარი დარჩა ჰაკის თავგანწირვის მიზეზი, კაპიტანმა მისი ერთგულება კლასობრივ შეუგნებლობად ჩათვალა.

კრიტიკოსების აზრით, ნაწარმოებში ორი ერის ფსიქიკა უპირისპირდება ერთმანეთს. ვერც ამ შეხედულებამ გაუძლო დროის გამოცდას, ტექსტში მოცემული დრო და გარემო განზოგადდა, პერსონაჟებმა (უჯუში, ჰაკი), ზოგადადამიანური ხასიათი შეიძინეს, ხოლო კუზმა ყოველთვის განზოგადებულ ტიპად ითვლებოდა ქართულ ლიტერატურაში.

ღირებულებათა ამგვარი გადაფასების შემდეგ ტექსტის ხელახალი გამოცემის და წაკითხვის აუცილებლობა დადგა.

ყველა შეთანხმებულია, რომ კრეისერ “შმიდტის” გამოჩენამ ქალაქს თავზარი დასცა, ხალხი პანიკამ მოიცვა, მოქალაქეთა შორის თავი იჩინა შიშმა, სიმხდალემ და გაუტანლობამ.

ყოველთვის ასე ხდება, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებულ მომხვდურთან უწევს ურთიერთობის გარკვევა.

ამ ფონზე ვითარდება ღია კონფლიქტი რუსეთის ორ,ძველი და ახალი არმიის წარმომადგენელს შორის, სადაც ძლიერი იმარჯვებს.

ავტორის სიკეთეა, რომ თითოეულ მხარეს თავისი სიმართლე შეუნარჩუნა. ამ მხრივ უჯუში და კუზმა ტოლი მეტოქენი არიან.

ანალიზისთვის იმ ადგილებს ამოვკრეფ, რომელიც ამ საკამათო მოსაზრებას დაადასტურებს:

ამხანაგი კუზმა კილგა, მრისხანედ წოდებული. კრეისერ “შმიდტის” წითელი კაპიტანი, რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, 1905 წლის მეამბოხე, მისჯილი ჰქონდა კატორღა.

კუზმა საკმაოდ კორექტული და სამართლიანია ქალაქის დეპუტატებთან შეხვედრის დროს. არ ამცირებს უჯუშს, ისე როგორც ვასკა-პირატი. მან იხსნა თეთრი ოფიცერი, როდესაც ლინჩის წესით გასამართლებას უპირებდნენ. კუზმამ გაათავისუფლა ჰაკი, რადგან მის უდანაშაულობაში დარწმუნდა. შეასრულა პირობა, როდესაც უჯუშ ემხა გადასცეს და მძევალი გაათავისუფლა. კუზმამ კრეისერი დაატოვებინა მეზღვაურს, რომელმაც ამხანაგები გასაჭირში მიატოვა.

თავადი უჯუშ ემხა. მეფის ოფიცერი. ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულის შტაბს-როტმისტრი. წმიდა გიორგის ორდენის კავალერი.

უჯუშმა ვაჟკაცურად დაიცვა საკუთარი ღირსება, ასე ადვილად ხელწამოსაკრავი რომ აღმოჩნდა ვასკა-პირატისთვის. ჩაბარდა მტერს და ბექირბი ჩაჩბა გადაარჩინა. უჯუშმა არ დაუშვა, რომ ჰაკის საკუთარ თავზე აეღო მისი დანაშაული და ამით ძიძიშვილისადმი სიყვარული დაამტკიცა. უჯუში ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს, როგორც ამას პიროვნული ღირსება და კეთილშობილება ავალებდა.

ვფიქრობ, გარემოებას რომ ხელი შეეწყო და როლები შეცვლილიყო, თეთრი ოფიცერიც დახვრეტდა წითელ კაპიტანს.

ტექსტის მოცემულობას არ დავარღვევ, თუ ჰაკის დღევანდელი შეხედულებების შესაბამისად პირად მცველად მოვიხსენიებ.

ჰაკი უჯუშის პირადი მცველია. მის საკონტრაქტო პირობებს მორდუობის წესი განსაზღვრავს. ამას ახსენებს მამის ანდერძი: “უჯუში შენი მზე არის, სიცოცხლე იმისთვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო.” ამოწმებს ხალხი: “ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გაწიროს.” ამ ვალდებულებას იზიარებს ჰაკის ბიძა კაც და მთელი მისი სახლეული: “ჩვენი გაზრდილი ხარ უჯუშ, ვალდებულნი ვართ, შენს მაგიერ ჩვენ მოვკვდეთ ყველა.”

ჩვენ ვთქვით, რომ კუზმას ვერ აუხსნეს ძიძიშვილობის ნამდვილი არსი, სამსონ დავანაძეს სიტყვები არ ეყო იმ გრძნობის გამოსახატავად, რომელიც თვითონ არ გააჩნდა. Aარადა, საკმარისი იყო ეთქვათ, რომ ჰაკი უჯუშის პირადი მცველია და კილგა ყველაფერს მიხვდებოდა. პირადმა მცველმა დიახაც თავი უნდა გაწიროს პატრონისთვის, მთავარია, როგორ გადაიხდის ამისთვის პატრონი. ჩვენ კი არ ვიცით თუ რა ვალდებულება ეკისრებოდა თავადს გლეხის თავგანწირვის სანაცვლოდ, ისე კი “ბატონ-ყმობას შორის რომ სიყვარულის ხიდი არ გაიდება” (ილია ჭავჭავაძე) ეს კუზმამაც იცოდა.

ნოველის ფარული კონფლიქტი უჯუშსა და კუზმას შორის პირადი მცველის, ჰაკის დასაკუთრებისთვის გაჩაღდა. უჯუში პასიურია ამ ბრძოლაში, მის პოზიციას საუკუნეებით განმტკიცებული ცხოვრების წესი ამაგრებს.Kკუზმა ცდილობს ჰაკის “დამუშავებას” რევოლუციური იდეის შესათვისებლად. კარგად იცის, რომ ჰაკისნაირი ერთგულები (ერთგულება მისი ადამიანური თვისებაა) ყველა ხელისუფლებას სჭირდება.Aამიტომ მოეფერა, დაიახლოვა და ჰაკიც თითქოს თანახმა იყო ებრძოლა რევოლუციისთვის, ოღონდ უჯუშთან ერთად ან მის გადასარჩენად.

კუზმამ ვერ შეძლო ჰაკის ნდობის მოპოვება, რადგან ის, მამის ანდერძით, როგორც ფიცით, იყო შეკრული, რაც ყოფნა-არყოფნის არჩევანს არ უტოვებდა.

ჰაკი უჯუშთან ერთად დაიღუპა. საკუთარი ნებით გაყვა ძიძიშვილს, როგორც ეგვიპტელი მონები მიყვებოდნენ ფარაონებს აკლდამებში, რათა იმქვეყნადაც გაეწიათ სამსახური პატრონისათვის.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“