ესე (თარგმანი),  პორტრეტი

ინიციაციური მოგზაურობის შესახებ ღამის დასალიერში

ჟოელ ბასტენერი

ლუი ფერდინანდ სელინი, “მოგზაურობა ღამის დასალიერში”. ფრაგულიდან თარგმნა სიბილა გელაძემ. რედაქტორი დალი გერმანიშვილი. თბ. 2008.

“ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ტყუილებით გაბერილი ბოდვა.”

(სელინი)

ლუი ფერდინან სელინი? რატომ ვსაუბრობთ ისევ ამ მწერალზე? განა არ იკმარებდა წაგვეკითხა თავად სელინი, რომ მისი სათქმელი გაგვეგო? სხვათაშორის, გზავნილი ძალიან მარტივია და არცთუ ისე ახალი, ერთი შეხედვით: მისი აზრით, სამყარო გვთავაზობს მხოლოდ გულგრილობას, ან სიძულვილს და სიკვდილის სურვილს. ნებისმიერი საზოგადოება საყოველთაო დაცინვის განმახორციელებელ სისტემას წარმოადგენს. დროთა განმავლობაში ეს სისტემა უფრო და უფრო იხვეწება. ცხოვრება უაზრობაა: “ყველა ადამიანი იმ დიდ გალერაზე ზის, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და რიგრიგობით უსვამს ნიჩბებს.” მესიჯი არ არის რთული და არც შეფუთული, რადგან ის პრუსტის საწინააღმდეგო მიკერძოებას გამოხატავს: სელინი უარყოფს ფრთხილ მიდგომას, აქრობს ზრდილობისა თუ ეჭვის ბზრიალ-ტრიალს, შლის წინადადებებს შორის კავშირებს. ლიტერატურა ყველაზე მარტივი გამოხატულების საშუალებებამდე დაჰყავს, ესენია: მიმართვა, შორისდებული, სალანძღავი სიტყვა; ეს არის ის, რასაც სელინი თავის მცირე მუსიკას უწოდებს, ეს ის აღჭურვილობაა, რითაც საბოლოოდ ძლიერ დარტყმებს გვაყენებს: “ამ ქვეყნის ჭეშმარიტება სიკვდილია, უნდა აირჩიო სიკვდილსა და ტყუილს შორის…”.
ზოგიერთებმა დაასკვნეს, რომ სელინში არ არის არანაირი ხელოვნება, არანაირი მწერლობა, არანაირი ახალი იდეები. მათი აზრით, იგი არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისათვის დამახასიათებელი სკეპტიციზმის უბრალო სახეცვლილება; ის არის ზოლას, ვალესის და მირბოს ცუდი წამკითხავი, ოღონდ ორ ომს შუა მოქცეული ევროპის პოლიტიკური და სოციალური კრიზისის კარგი წარმომჩენი. ამდროინდელ საფრანგეთს არ აქვს მაღალი თვითშეფასება, სელინი თანამედროვეა იმ ფრანგული კინოსი, რომელიც მხოლოდ ხელმოცარულებს, მსხვერპლებს და ნამდვილ ზნედაცემულებს სწყალობს, ფრანგულ კინოს არ აქვს ილუზიები, ის წინამორბედია 1940 წლის დიდი სამხედრო დამარცხებისა. სელინი ხმის ჩახრენწამდე ღრიალებს, რომ აპოკალიპსი მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც დამთავრდა დადა, მას შემდეგ, რაც გაიცნეს ფროიდი და კირკეგორი, რომლებიც დაგვიანებით თარგმნეს, ცოტათი ადრე ესპანეთის ომამდე და ისე ყვირის, რომ ლევ ტროცკიც კი ვერ უარყოფს, რომ “საუკუნეს შუაღამე დაუდგა.” სხვათაშორის, “მოგზაურობის” გამოსვლას სტალინის ეს უიღბლო მეტოქე ისევე მიესალმა, როგორც ფაშისტი ბრაზიაკი, ულტრაკონსერვატორი ლეონ დოდე და თუ დავუჯერებთ ლიტვინოვს, ცნობილ დიპლომატს, “მოგზაურობა” ერთხანს სტალინის სამაგიდო წიგნიც ყოფილა. მოგვიანებით ჰენრი მილერი იტყვის: “არცერთ სხვა მწერალს არ მოუგვრია ჩემთვის ასეთი შოკი”.
დასაწყისშივე ამგვარი ერთსულოვნება გამოიწვია იმან, რომ სელინი არ არის მხოლოდ ლიტერატურა, ვერბალური ქარიშხალი, წყევლისმიერი წარღვნა, შხამიანი სიძულვილი, დაუსრულებელი ტკივილიანი ყვირილი. ის არის ერთი მთლიანი პროგრამა, დიდი კატაკლიზმური წამოწყება, საშინელი ზიზღის მანქანა, კომპრესორი, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს უტოპიას ადამიანის სრულყოფის შესაძლებლობაზე. ის ანგარიშს უსწორებს ჩვენს გაუცნობიერებელ ჰუმანიზმს, მიმართულია არა მარტო რუსოს და ზოლას წინააღმდეგ, არამედ ყველანაირი იმედის წინააღმდეგ – აზრი მიეცეს საგნებს და გაუმჯობესდეს ადამიანის მდგომარეობა. მაშასადამე, სელინი უფრო მეტია, ვიდრე მწერალი, ის ფრანგული პრობლემაა, თუ არის, რადგან მისი ნაწარმოები საომრად არის მიმართული იმის წინააღმდეგ, რასაც საფრანგეთის იდენტობა წარმოადგენს. და განა საფრანგეთის წინააღმდეგ ხმის ამაღლება და ამასთან ერთად მთელი თანამედროვეობის წინააღმდეგ გალაშქრება ზედმიწევნით ფრანგული აზროვნების გამოხატულება არ არის? მართლაც დროული იყო, სელინი საქართველოში გაეცნოთ.
გასაკვირი არ არის, რომ “მოგზაურობის” გამოქვეყნებიდან 76 წლის შემდეგ სელინი ისევ დებატებს იწვევს. ეს მისი ყველაზე საკვირველი წიგნია, რომელიც მდიდარია შესაძლებლობათა კალეიდოსკოპით, რომლებიც შემდეგ ავტორმა სათითაოდ გამოიყენა. წიგნში ცხადადაა წარმოჩენილი სელინის მიერ დახვეწილი მთელი სისტემა, რამაც ზოგიერთს ათქმევინა კიდეც, რომ “მოგზაურობის” ავტორიAუნდა განიხილებოდეს როგორც ერთი მთლიანი ბლოკი, რომლის ნაწარმოებიც რომანი კი არა ქრონიკაა კატასტროფისა, მთელი სამყარო რომ თან მიაქვს. მართალია, მის შემოქმედებაში არსებობს სტილისა და თემების განგრძობადობა, მაგრამ ვერავინ წაშლის იმ მთავარ ცეზურას, რომელიც სელინის ცხოვრებაში 1936 წელს შემოიჭრა, საბჭოთა კავშირიდან დაბრუნების შემდეგ. ეს მოგზაურობა აისახა ქრონიკაში, რომელიც დიდი ტირაჟით არ გავრცელებულა, რადგან მიჩუმათებული იყო 1980 წლამდე და რომელსაც ეწოდება “Mea culpa”. რელიგიური მომნუსხველობის მქონე ნათქვამი, რაც ლათინურად ნიშნავს “ჩემი ბრალია”. ამ უსაზღვროდ შხამიან პატარა სატირაში, იგი თავს იდანაშაულებს, რომ დასთანხმდა სოციალისტურ სამოთხეში მოგზაურობას და მისდაუნებურად ბოლშევიკური ტყუილის ხელშემწყობი გახდა. ცხადია, სელინი არ არის ჟიდი; ჟიდისგან განსხვავებით მას არასოდეს უცნობებია ვინმესთვის “პროგრესული” გრძნობების შესახებ და ამიტომ, არც დასჭირვებია, რომ ხანგრძლივად ემართლებინა თავი, როგორც ეს ჟიდმა გააკეთა თავის ცნობილ “სსრკ-დან დაბრუნებაში”.Gლუი ფერდინანის თვალს არც საბჭოთა ხალხის სიღატაკე გამოჰპარვია და არც ნკვდ-ს მორგი, წარმოუდგენელი სიცრუის გამოსააშკარავებლად სულ რამდენიმე გვერდი დასჭირდა და ამავე დროს გაამასხარავა ბედნიერების მინიჭების საბჭოური პრეტენზია. ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩემის აზრით, მოსკოვში და ლენინგრადში განცდილმა ტკივილმა შეარყია მასში სხვათა გადარჩენის მაძიებელი სოციალური მორალისტი, ღარიბებისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული ექიმი. ამ ფაქტმა იგი რადიკალ პესიმისტად და სასტიკი სასჯელის მომხრე ცინიკოს ჩემპიონად აქცია. იქამდეც კი მივიდა, რომ იმედი გაუჩნდა, ნაციზმი ევროპაში გაიმარჯვებსო; გამოაქვეყნა სამი შურისმაძიებლური ნაშრომი, სადაც პარანოიკული ზიზღით აღსავსე რიტორიკის სამიზნედ უკვე ებრაელები, მემარცხენეები და მაძღარი ბურჟუები იქცნენ. მაგრამ, სელინმა საფრანგეთში არსებული ფაშისტური რეჟიმის არცერთი შემოთავაზება არ მიიღო, მას არცერთი წინააღმდეგობის მებრძოლი არ დაუბეზღებია, რომლებიც მისსავე საცხოვრებელ სახლში საქმიანობდნენ. სიცოცხლის ბოლოს სელინმა უარყო ყველანაირი ანგაჟირება, მაგრამ ძალიან დარწმუნებით არაფერი უთქვამს, სრულიად უმნიშვნელო ინფორმაციის გახმაურებაზეც კი უარი თქვა.
დავუბრუნდეთ 1932 წლის 20 ოქტომბერს, “მოგზაურობის” გამოსვლის დღეს. ეს იყო ფენომენალური სკანდალი: როგორ უნდა გაბედო ასე ცუდად წერა? შეიძლება ასე აწვალო სინტაქსი? როგორ შეიძლება გამოაქვეყნო ის, რაც ითქმის, მაგრამ რისი ქაღალდზე გადატანაც არ შეიძლება? “მოგზაურობის” გამოქვეყნებამ წარმოაჩინა მწერალი, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა ლიტერატურაში. კენომ ეს წიგნი შეაფასა, როგორც “პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, სადაც სალაპარაკო ფრანგული ენა მხოლოდ დიალოგებში არ იყო გამოყენებული”. “ზაზის” ავტორის აზრით აქ გვხვდება “ის თანამედროვე ფრანგული ენა, რომელიც არსებობს”. ნამდვილი ხელოვანები, მწერლები და გემოვნებიანი ადამიანები არ ტყუვდებიან. ელი ფორი ლაპარაკობს ” წმინდა კაცის წმინდა წიგნზე… ყველაზე ძლიერზე რაც კი დაწერილა პრუსტის შემდეგ”. მართლაც, ამ წიგნში შეკუმშული სახით ჩნდება ერთი დიდი ერის ემოციური და ინტელექტუალური გამოცდილებები მთელი თავისი სიმდიდრით და დახვეწილი ნიუანსებით. სელინის ახსნა შეუძლებელია მისი წინამორბედი გიგანტების გარეშე, რემბოს, ჟარის, რაბლეს გარეშე. სელინი, ეს არის რაბლე, რომელმაც ნახა თანამედროვე ომების საშინელება, წაიკითხა სვიფტი, ფროიდი, რემარკი, ბარბიუსი და დოსტოევსკი.
რადგან ეს ნაწარმოები, რომელიც საყოველთაო საშინელებას უბრალოდ ადასტურებს, სატირა, რომელსაც არ ეშინია ღრმად ჩაწვდეს ადამიანებს და არ აჩუმათებს სიკვდილის თემას, წიგნი მომნუსხავი ძალის ფორმულებით, რომლებიც თითქოს იმ მუქარის მოშორებას ემსახურება, რასაც მოჭარბებული სისულელე და სიბოროტე იწვევს, სვიფტისა და რაბლესი არ იყოს, სიცილისათვის არის დაწერილი, ჰომერული სიცილისათვის, რაც აგრეთვე საშინელებაა, მაგრამ დაცინვას გვთავაზობს იმ ერთადერთ საშუალებად, რომლითაც უნდა დაიძლიოს ჩვენი არსებობის ტრაგიკული მხარე: “სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბევრი გვიცინია თვით გამოუვალ მდგომარეობაზეც კი, მაგრამ მუდამ თან გვსდევდა შფოთი, რომ სისულელეები თავიდან არ დაწყებულიყო” (Guignol’s Band, გამოქვეყნდა 1948 წელს). ასეთი გაცოფება და სიცილი მხოლოდ გატანჯული ადამიანისაგან შეიძლება გადმოდინდეს. როგორც ყველა ნამდვილი ამბავი “მოგზაურობის” ისტორიაც სავსეა უზუსტობებით და უმნიშვნელო ტყუილებით. როგორც ყველა გახმაურებულ ამბავს, სელინის მონათხრობსაც საკუთარ ცხოვრებაზე ოდნავ სიცრუის ელფერი დაჰკრავს, მოგვიანებით ავტორი თავადვე აღიარებს ამას და დასძენს, რომ “მწერალს სჭირდება გამოიგონოს საკუთარი ბიოგრაფია”. ზოგმა ძალიან გააქილიკა სელინის მიერ ხანგრძლივად მოთხრობილი აფრიკაში ყოფნის პერიოდი და ამერიკული გამოცდილების გაზვიადებულად წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ცოტა ხნით იმყოფებოდა ამერიკაში. ზოგს ღლის ჩამოძონძილებისა და სიფილისიანების მიმართ მეტისმეტი შემწყნარებლობით აღწერილი სასაცილო პერსონაჟები, რომლებიც ჯიუტად მტრულ სამყაროში დაბოდიალობენ.
მიუხედავად იმისა, რომ სელინს ადვილად თქმის მიდრეკილებას საყვედურობენ, ამ რომანში ისეთი დოზითაა მოცემული სიმართლე, რომ ყველაზე წინდახედულად ფრთხილი თანამედროვეც კი ვერ დაუძვრება მას. მწერალი, რომელიც მიიჩნევს, რომ “თორმეტი ხელობა გამოიცვალა და ცამეტგზის სიღატაკე გამოსცადა”, ამ რომანში მოგვითხრობს საკუთარ ცხოვრებაზე, რომელიც მიესადაგება იმდროინდელი ნებისმიერი საშუალო ფრანგის ცხოვრებას: 13 წლის ასაკამდე სწავლობდა, მუშაობდა გამყიდველად, მოხალისედ წავიდა სამი წლით 1912 წლის ომში, იყო კავალერისტი და გამოირჩეოდა სიმამაცით, ომში დაიჭრა და ჯილდოც მიიღო, მერე, სამხედრო სამსახურისათვის უკვე გამოუსადეგარმა შეიცვალა მდგომარეობა და მუშაობდა ლონდონში საფრანგეთის საკონსულოს სამდივნოში, ომის შემდეგ მიიღო ბაკალავრის ხარისხი და 1923 წელს დაწერა ბრწყინვალე დისერტაცია მედიცინის დარგში, შემდეგ მუშაობდა ღარიბების ექიმად ერთ უსიხარულო გარეუბანში… მისი ბიოგრაფიის სხვა გამორჩეული ეპიზოდები ფიგურირებენ “მოგზაურობაში”, ხოლო რაც შეეხება სხვა წიგნებს, მაგალითად “სიკვდილი ნისიად”, აქ იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრების აღწერა ნაკლებ სკანდალურია. სელინი თავისი დროის შვილია, უბრალო ხალხის წიაღიდან გამოსულმა მიიღო ბურჟუაზიული აღზრდა, ოღონდ, არისტოკრატული პრინციპების დაცვით პროლეტარული შესაძლებლობების პირობებში. სინამდვილეში, სელინის ნაწარმოები წარმოგვიდგენს ერთი საბრალო კაცის კონტრ-ეპოპეას, რომელსაც არაფერი გამოსდის ამ სიდამპლის სუნით აქოთებულ ქვეყანაზე. მაშასადამე, უელბეკს არაფერი გამოუგონია.
ის, რაც სელინისგან რჩება და რითაც ყველაზე მეტად არის ცნობილი მისი “მოგზაურობა ღამის დასალიერში”, ეს არის, უპირველესად, ომისა და ომის თანმდევი პატრიოტული მითების საშინელება, ამასთანავე, ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ემოციის შემოტანა, სალაპარაკო ენის ნაწერში შემოჭრა, ნარატიული კოდის დანგრევა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box