ინტერვიუ

ინტერვიუ ლაშა ბუღაძესთან – „ყველა ამ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს“

ესაუბრა თაკო წულაია

ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „საქართველოს სახელით“ ქვეყნისა და მთხრობლის ავტობიოგრაფიაა. აქ ერთმანეთს ენაცვლება საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები და პატარა ბიჭის ყოველდღიური ცხოვრების სურათები. მკითხველი კი მალევე ხვდება, რომ მათ შორის არც ისე მკაფიო ზღვარია. რომანი გაქცევის, გადარჩენის, გამარჯვების, სწორი გადაწყვეტილების მიღების მცდელობების შესახებაცაა. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ დილემების ეპოქაში მხოლოდ მცდელობებიღა დარჩენიათ ადამიანებს, წარმატების მიღწევა, რაიმეს საბოლოოდ გადაწყვეტა კი შეუძლებელია. ამ წიგნში ცნობილ სახელებსაც ამოიკითხავთ და იმ უსახელო პერსონაჟებსაც შეხვდებით, კრებით სახეებად რომ იქცნენ; რაც მთავარია, იმ პრობლემებზე წაიკითხავთ, რომლებიც კვლავ აქტუალურია და შეცდომებზე, რომლებიც, როგორც თავად ავტორი ამბობს, აუცილებლად უნდა იქცეს გამოცდილებად.

ავტორს სწორედ ამ ვრცელი, მრავალშრიანი რომანის შესახებ ვესაუბრეთ – როგორი იყო სამეტყველო ენა საბჭოთა კავშირში, როგორ გაუქმდა ტრაგედია, რა ურთიერთობა ჰქონდათ მამებსა და შვილებს… გარდა ამისა, ინტერვიუში ლაშა ბუღაძე გვიყვება არკვდომის ფენომენის, საბჭოთა ადამიანის ბუნებისა და წიგნის დაწერის ზოგიერთი მიზეზის შესახებაც.

თქვენი წიგნის ნარატივი მოიცავს ლიდერების, „ზემოდან“ დანახულ და ხალხის, ანუ „ქვემოდან მოთხრობილ“ ისტორიასაც. როგორ დაიბადა წიგნის ფორმა, ანუ როგორ (და რატომ) შეერწყა ერთმანეთს პატარა ბიჭისა და პატარა ქვეყნის ამბები?

მე მგონი, ეს ცხადია წიგნიდანაც: რთული ხდება იმის გარჩევა, სად იწყება შენი ბიოგრაფია და სად – ქვეყნის. მთხრობელს, ნარატორს, საკუთარ თავზე ბევრი არც არაფერი აქვს მოსაყოლი და ის ჰყვება თავისი ქვეყნის ამბებს.

ამ წიგნის ბოლო ნაწილში, როდესაც მთავარი გმირი უკვე ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს, მას სთხოვენ, რომ მოჰყვეს საკუთარი თავის შესახებ, ის ამ დროს 17 წლისაა და ჰყვება უახლეს ქართულ ამბებს, ჰყვება 90-იანი წლების, 9 აპრილის, პუტჩის, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ და მას ეუბნებიან, რომ – არა, შენზე მოჰყევი. მაგრამ მისი ბიოგრაფია ჯერ არ შექმნილა, ის გაჯერებულია მისი მშობლების, მშობლების თაობისა და ქვეყნის ბიოგრაფიით. წიგნიც ამ პრინციპით არის აწყობილი: რაც უფრო მცირე ასაკის არის მთხრობელი – მოდი, გამოვიყენებ აქ პირველ პირს – რაც უფრო პატარა ვარ, მით უფრო მეტი დრო და სივრცე ეთმობა ქვეყნის ისტორიას. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო იკლებს ისტორიული ამბები, მაგრამ არსად არ მიდის, იმიტომ, რომ ცხოვრება, ბიოგრაფია და ბიოგრაფიები, მათ შორის, ჩემი მშობლებისა თუ მათი მშობლების, ბუნებრივია, გაჯერებულია ქვეყნის ისტორიით.

რომანში რამდენიმე უჩვეულო სინტაგმა გვხვდება. მაგალითად, „დასაშვებად თვალშისაცემი“, „დაშვებული აკრძალულობა“, „ზომიერი შეშლილობა“. ეს პარადოქსული შესიტყვებები, ცხადია, სისტემის პროდუქტებია. ამაზე ჰერტა მიულერიც წერდა –  ტოტალიტარული სისტემები ენის გავლით მოქმედებენ ადამიანების ცნობიერებაზე და წინააღმდეგობაც ენიდან უნდა დაიწყოსო. ქართულ რეალობაში რა გავლენა ჰქონდა სამეტყველო ენაზე საბჭოთა კავშირს? ენაში სად შეინიშნებოდა სისტემის კვალი?

საბჭოთა სემიოტიკა ცალკე საუბრის საგანია. პრინციპში, ეს არის სამყარო, ეს არის ქვეყანა და სისტემა, სადაც სიტყვები არ გამოხატავენ თავიანთ შინაარსს, ცნებები არ ატარებენ თავიანთ შინაარს. ერთ-ერთ ცნობილ, დიდ ფილოსოფოსს (სხვათა შორის, გარკვეულწილად, ამ ფილოსოფოსის ხასიათის შტრიხები ერთ-ერთ პერსონაჟშიც მოხვდა, შეიძლება ითქვას, რომ იგი მოდელიც კია ერთ-ერთი პერსონაჟის) მოჰყავს მაგალითი საბჭოთა ენის ლოგიკის შესახებ: მთავარი და ყველაზე ცნობილი საბჭოთა გაზეთი „პრავდა“ (სიმართლე, სინამდვილე, ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ), რომელიც მილიონით ტირაჟით გამოდიოდა და რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი კითხულობდა, ავრცელებდა ტოტალურ სიცრუეს, ანუ სიმართლე გამოხატავდა აბსოლუტურ სიცრუეს. ამ სათაურშივე ძალიან ბანალურად ჩანს სისტემის სიყალბე. ცხადია, ეს არის ორუელის სამყარო, სადაც სიტყვები საპირისპირო შინაარსს გამოხატავენ. ამ შემთხვევაში, ჩემთვის, როცა ამ რომანს ვწერდი, მნიშვნელოვანი იყო, აღმედგინა სასაუბრო ენა, მეტ-ნაკლებად მაინც, მსუბუქი სტილიზაციითა და ამა თუ იმ პერსონაჟის მაგალითით. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის და როგორც მკითხველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მესმოდეს გმირის ინტონაცია, მისი ხმა, სინტაქსი… ასე მიადვილდება, დავინახო ესა თუ ის პერსონაჟი, ადამიანი. თუმცა ჩემი ამოცანა არ ყოფილა, რომ დამეწერა წიგნი ისტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი არის ცალსახად რეფლექსია ისტორიული ამბების, ეს ის ამბებია, რომელთა კვანძი ჯერ არ შეკრულა. ჩემი პრეტენზიაც და სურვილიც ამ წიგნის დაწერის დროს ის იყო, რომ წარსულზე მესაუბრა, ოღონდ იმგვარ წარსულზე, რომელიც დღესაც აქტუალურია. წარსულზე, რომელიც ჯერ არ გადაწყვეტილა. ამიტომ ყველა ის პრობლემა, რომლებსაც შევეცადე შევხებოდი, მე მეჩვენება, რომ აქტუალურია და იმაზე მეტად აქტუალურიც კი, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს წარმოედგინა 30 ან 35 წლის წინ, ჩემს ბავშვობაში.

თვითონ ენისა და შინაარსის საკითხს რაც შეეხება, წიგნში არის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელიც კითხულობს ლექციებს. სანამ დაიწყებოდა გარდაქმნა, ე. წ. პერესტროიკა და დემოკრატიზაციის ფორმალური პროცესი, ვიდრე ის ამბები გათავისუფლდებოდა, რომლებსაც ტაბუ ედოთ, ის მანამდეც კითხულობდა ლექციებს და მაშინ ბევრმა არ იცოდა ის, რაც იცოდა მან. ინტელიგენტებმა, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ, სხვისთვის უცნობი რაღაცები იცოდნენ, ხელში ერთი ღამით მოხვედრილი ამობეჭდილი, საქაღალდეში ჩადებული ტექსტებიდან თუ სხვა წყაროებიდან… და შემდეგ, როცა ყველამ ყველაფერი გაიგო, ეს ადამიანები თითქოს არააქტუალურები გახდნენ. აქ, წიგნშიც ვწერ, რომ მეც კი მახსოვს ეს პერიოდი. უაღრესად პოლიტიზებული ვიყავით მაშინ – მიუხედავად ჩემი ასაკისა, ბებიაჩემი მიკითხავდა, მაგალითად, ლენინის დაავადებების შესახებ ან, ვთქვათ, იმას, რომ სტალინის ცოლმა თავი მოიკლა (და როგორ მოიკლა თავი). ეს იყო უცნობი და რატომღაც საყოველთაოდ ძალიან მნიშვნელოვანი ამბები… კიდევ რამდენი და რომელი ერთი… რამდენ რაღაცას აეხსნა ბოქლომი… პრინციპში, ენის გათავისუფლება მოხდა იმის წყალობით, რომ ბევრ ამბავს აეხადა ფარდა. გათავისუფლდა შინაარსი. შესაბამისად, ენაც.

არის ასეთი სცენა – პროფესორი ერთდროულად ოთხ სპექტაკლს უყურებს, მათგან სცენაზე მხოლოდ ორი თამაშდება, მაგრამ ამ ამბავში ტრაგიკული ისაა, რომ იგი მხოლოდ უყურებს. იყო კი შესაძლებელი, საბჭოთა კავშირში ვინმე „მაყურებლად“ დარჩენილიყო? იყვნენ ადამიანები, ვისმა ბიოგრაფიამაც გვერდი აუარა ისტორიულ მოვლენებს?

ეს არის ეპიზოდი, როცა რიჩარდ მესამეს დადგმას ესწრება პროფესორი და დარბაზში ზის სტალინის ქალიშვილი სვეტლანა, რომელიც 80-იან წლებში ცოტა ხნით თბილისში დასახლდა. პროფესორისთვის ძალიან საინტერესოა ამდენი კონტექსტი ერთ დარბაზში. კონტექსტი გულისხმობდა იმასაც, რომ მეფე ედუარდი მაყურებელს მოაგონებდა ლეონიდ ბრეჟნევს და ამ დროს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანსაც ედუარდი ერქვა; თითქმის აკრძალული იყო სტალინი (პარადოქსია, მაგრამ საბჭოთა კავშირში სტალინს რამდენჯერმე დაედო და აეხსნა ტაბუ) და მისი ქალიშვილი სვეტლანა დარბაზში იჯდა. ისტორიის პირას ყოფნა უკვე მოასწავებდა რაღაცებს, განსაკუთრებით პროფესორისათვის. ის თავისი მოწაფეებისთვის მეტწილად თავის სახლში კითხულობდა ლექციებს და მისთვის ეს უკვე მასალა იყო.

ცხადია, მილიონები ცხოვრობდნენ ისტორიის აღუქმელობით. ისტორია აიკრძალა, ჩვენს შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. 26 მაისი და პირველი რესპუბლიკა საერთოდ მეხსიერებიდან გაქრა; 25 თებერვალი, ტრაგედიის დღე, ორუელისეული მოდელის მიხედვით იქცა გასაბჭოების დღესასწაულად; ისევ აირია ცნებები და შემდეგ ეს ყველაფერი გაქრა. 80-იანი წლების დასაწყისში ცნობილი მიტინგი იყო იპოდრომთან, სადაც პირველად გამოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი და სამფეროვანი დროშა და ბევრმა არ იცოდა, ეს რა დროშა იყო, რა ისტორიის მატარებელი. საბჭოთა მოქალაქე იყო დაჩაგრული და გულუბრყვილო, მიამიტი.

საბჭოთა მოქალაქე იდიოტია – ამ სიტყვის ბერძნული გაგებით, ანუ გულგრილია პოლიტიკის მიმართ. მე აქ ვგულისხმობ არა ადამიანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, არამედ აპოლიტიკურობას. პოლიტიკა არ არის საბჭოთა კავშირში. სოციოლოგიური თვალით რომ შევხედოთ, 60-70-იანი წლების კარგ ლიტერატურასა და კინოში ეს ჩანს. ეს რაღაცა ზღაპრის ამბებია, გულუბრყვილო ამბები გულუბრყვილო და მოფილოსოფოსო-მოდარდიმანდო-მოპოეტურო ადამიანებზე, რომელთაც დიდად არაფერი ეხებათ; იმიტომ, რომ ისტორია არ არსებობს.

ასეც მოხდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. საქართველო ისტორიიდან ამოვარდა. საქართველოს ისტორია რუსეთის ისტორიის ნაწილი გახდა – სხვა ერის, სხვა ქვეყნის. როცა არ არსებობს ერი-სახელმწიფო, არ არსებობს მოქალაქე, თავისი ხმით, თავისი გავლენით, ამბიციითა და დინამიკით, ბუნებრივია, იქ არც ისტორია არსებობს. მილიონები იყვნენ ისტორიის გარეშე. ეს წიგნიც ამაზეა, როგორ შემოიჭრა მოულოდნელად ისტორია, საშინელი სიმძაფრით, სიშიშვლით, პრობლემურობით, რადგან თავისუფლება პრობლემაა. თურმე შეიძლება, არ გინდოდეს და გაწუხებდეს კიდეც თავისუფლება. ბევრს თავისუფლება რაღაცნაირი ეთნოგრაფიული სფერო ეგონა –  სუბლიმაციათა სივრცე. აღმოჩნდა, რომ თავისუფლება არ არის გზის დასასრული, პიკი, ეს თურმე დასაწყისია და რთულია, ძალიან კონკრეტულია და უმეტესად დამღლელი.  

მთხრობელი გვეუბნება, სტალინმა ცუდი ამბები გააუქმა და ტრაგედიები აკრძალაო. რა ბედი ეწია კომედიას? საბჭოთა კავშირი როგორ რეაგირებდა პაროდიაზე, დაცინვაზე, სიცილზე ზოგადად?

აქ პესიმიზმის პრობლემაა. საბჭოთა კავშირში სტალინური კონცეფცია გულისხმობს მუდმივ გამარჯვებებს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც სტალინისტური პროპაგანდა ძალიან გონივრულად არ აქცენტირებს გაჭირვებაზე, ომის უბედურებებზე; რასაკვირველია, ჩანს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა, დიდი მსხვერპლი გაიღო საბჭოთა ხალხმა, მაგრამ ძირითადი აქცენტი არის გამარჯვებაზე, ჰეროიზმზე, სიამაყეზე, გმირულ რომანტიზმზე და ა. შ. თვითმკვლელობები გაზეთებში არ აღიწერებოდა, არ იყო თქმული. აგერ ცნობილ თვითმკვლელებზე წერდნენ – დაიღუპა ხანგრძლივი ავადმყოფობის ან რაიმე სნეულების შედეგად. ყალბი ბედნიერება – სტალინის მიერ თქმული 30-იან წლებში, რომ ცხოვრება გახდა უკეთესი, უფრო მხიარული – ერთგვარი კონცეპტი იყო.

ამ დროს არსებობს კომედია, რომელიც გულისხმობს გართობას, საცირკო ელემენტებს და შემდეგ, უკვე გვიანი პერიოდის საბჭოთა კავშირში, მკვეთრ სოციალურ სატირასაც. ესაა სისტემის მიერ დაშვებული სატირა. იღებდნენ კომედიებს, სადაც აბედვინებდნენ ავტორებს, რომ საზოგადოებრივი პოზიციიდან, დაშვებულობის ფარგლებში, ეკრიტიკებინათ და დაეცინათ კიდეც სისტემისათვის. ცენტრალური კომიტეტის, პოლიტბიუროსა თუ სხვა უწყებების მაღალჩინოსნებიც იცინოდნენ ამაზე.

სტალინიზმის პირობებში სატირა იყო უმეტესად მტრებისკენ მიმართული. მათ შეუბრალებლად, ამაზრზენად დასცინოდნენ. სატირის მძაფრი ასპექტებიც გამოჩნდა, მაგალითად, მიხელ ჯავახიშვილის, ზოშჩენკოს ან ბულგაკოვის პროზაში, რაც, ცხადია, არცერთს არ ეპატია.  

თქვენს რომანში მნიშვნელოვანია ენა, რომლითაც ისტორიული სინამდვილის შესახებ მხატვრულად წერა გადაწყვიტეთ. რატომ შეარჩიეთ თხრობის ასეთი ინტონაცია?

საგაზეთო ენა, ოფიციალური ენა შეიცვალა. მე მყავს პერსონაჟები, რომლებიც საბჭოთა სამოხელეო ენით საუბრობენ, მაგრამ თავისთავად ჩემი სურვილი ის იყო, რომ წარსულზე რეფლექსიის მიუხედავად და გათვალისწინებით მესაუბრა დღევანდელობაზე; იმ პრობლემებზე, რომლებიც მეც მაქვს, როგორც ადამიანს ან აქვს ჩემს თაობას. დღეს უნდა ყოფილიყო აქტუალური, იმიტომ, რომ ეს ტექსტი დღეს დაიწერა, დღევანდელობისაა. ამბები, წარსულში არსებობის მიუხედავად, ჯერაც პრობლემურად გვახსენებს თავს.

„ჩაურევლობის ჩვევას“ საგანგებოდ უსვამთ ხაზს და „ჩაურევლობის“ ბრალდება დღესაც ხშირად ისმის ხოლმე პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში. ისე ჩანს, თითქოს კონკრეტული სოციალური ჯგუფის ან, შესაძლოა, თაობის საიდენტიფიკაციო ნიშნად იქცა. რას გულისხმობს ეს ჩაურევლობა და რამდენად „უწყინრები“ არიან/იყვნენ „ჩაურევლები“?

ეს ძალიან საინტერესო თემაა… საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა სურვილი, რომ მიემართა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებისთვის, სახელდობრ, მაშინდელი გენერალური მდივნისთვის, ჩერნენკოსთვის, რათა თვითმფრინავის გამტაცებლები შეეწყალებინათ, ანუ დახვრეტა შეეცვალათ სამუდამო პატიმრობით. შემდეგ, როგორც ამბობენ, ბევრს მოუხდა ამ თხოვნის უკან წაღება. ეს ძალიან პრობლემური იყო ყველასთვის.

ეს არ არის თავისუფალი ქვეყანა, მოსკოვი ბრაზობს, ითხოვს სასჯელს, ადგილობრივ ხელმძღვანელებს ეშინიათ მოსკოვის განრისხების და აბსოლუტურად არ არის აქ საინტერესო მაშინდელი მოხელეებისთვის მორალური საკითხი. მაგრამ მთელი ჩემი ეს ტექსტი, პრინციპში, დილემებზეა – დილემაზე კონფორმიზმსა და მცდელობას შორის, რომ ადამიანმა რაღაც გააკეთოს ისეთი, რომ თავის სინდისთან მეტ-ნაკლებად მაინც იყოს მართალი. ძალიან რთულია, რადგან ადამიანი ყოველთვის დილემების წინაშე დგას: აყვეს ამ საერთო კონიუნქტურას თუ გამოიჩინოს პრინციპულობა, რომელიც შეიძლება რაღაცის ფასად დაუჯდეს. თუმცა, თუნდაც ამ ხელმოწერების მაგალითით, მწერალთა კავშირიდან კოლეგების გარიცხვის თუ სხვა ცნობილი ამბებით, გამოჩნდა, რომ ძალიანაც ბევრს არ კარგავდნენ ის ადამიანები, რომლებიც კომპრომისულ ნაბიჯებს არ დგამდნენ.

საბჭოთა კავშირი უაღრესად იერარქიული, უაღრესად სუბორდინირებული, კორუმპირებული, ელიტიზმზე ორიენტირებული ქვეყანაა, სადაც სპეცმაღაზიებია, სპეციალური აგარაკები, მუდმივად ისმის სიტყვა „ჩაწყობა“ და არ არის არანაირი სოციალური სამართლიანობა. ამ შემთხვევაში, ტრაგედიაც ისაა, რომ ადამიანები ბევრსაც არ კარგავდნენ სინამდვილეში, თუ სულ მცირე, ძალიან მცირე პრინციპულობას მაინც გამოიჩენდნენ. მაგრამ ბევრი არ იყო პრინციპული და ძალიან დიდ რაღაცას სწირავდა, ძალიან დიდს თმობდა ძალიან პატარა რაღაცის გამო.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მამები ცდილობენ, საქართველოს ბიოგრაფიას შეერწყან; თითქოს საკუთარ, ინდივიდუალურ არსებობას ისტორიის ნაწილად ყოფნას ამჯობინებენ. შვილებთან კი, განსაკუთრებით მთავარ გმირთან, საპირისპირო ტენდენციას ვხედავ: მისი ძალისხმევა უნივერსალურისგან კონკრეტულის, საკუთარი ავტობიოგრაფიის (თუნდაც იმხანად უმნიშვნელო, მაგრამ მაინც საკუთარი) გამოცალკევებისკენაა მიმართული. ეს მისი ასაკის გამო ხდება თუ თქვენი თაობა წარმოგიდგენიათ ასეთად?

ეს წიგნი მამათა და შვილთა დიალოგზეა აწყობილი და არა იმდენად კონფლიქტსა და დაპირისპირებაზე, რადგან მამებიც და შვილებიც ჩვენს რეალობაში ერთი პრობლემის წინაშე დადგნენ – მათ არა აქვთ თავისუფლება… აქ არის ეპიზოდი, როცა პროფესორის შვილი უკვე ჩართულია დისიდენტურ მოძრაობაში (მასაც ჰყავს კონკრეტული მოდელები, კრებითი სახეა, თავისთავად ცხადია) და პროფესორი ფიქრობს, რომ შეიძლება ყველაფერი ძალიან რბილად შეიცვალოს და არაა საჭირო თავგანწირვა, რომელიც მას უგემოვნოდ და ვულგარულადაც კი მიაჩნია 80-იანი წლების ბოლოს. ესაა ეროვნულობის ესთეტიკა და ტრაგიკულობით შეპყრობილობა. მისი ქალიშვილი კი მის დამოკიდებულებას კონფორმიზმად მიიჩნევს და იმის სათანადოდ ვერ გააზრებად, თუ რა პრობლემასთან აქვს სინამდვილეში საქმე საბჭოთა რუსეთის სახით.

მის ქალიშვილს აღარ უნდა ისე ცხოვრება, როგორც მამამისი და დედამისი ცხოვრობდნენ. არ მოსწონს ეს ქვეყანა, სხვა თაობაა. მამა ღელავს, მაგრამ, საბოლოოდ, 9 აპრილის ღამეს თვითონ აღმოჩნდება მიტინგზე და არა შვილი, რომელიც თითქოს ელოდებოდა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტს სწორედ იქ იქნებოდა, სადაც მისი მეგობრები იყვნენ.

პროფესორი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ადგილი იპოვოს ამ დროში. მის მდგომარეობას საბჭოთა პერიოდში დისიდენტურსაც კი ვერ ვუწოდებთ, პრინციპში, კონფორმისტულიც კია, რადგან ოფიციოზი მას არ დევნიდა და ჰქონდა გარკვეული პოპულარობა ელიტურ წრეებში, სადაც რაღაც ჭკვიანურის მოსმენა უნდოდათ მისგან. ის უეცრად კარგავს ამ როლს. ძალიან ეშინია, როდესაც იცვლება სამყარო, საქართველო დამოუკიდებელი ხდება და უკვე რაღაც სხვა არის აქტუალური. აშინებს ამდენი ემოცია, ტემპერამენტი, იწყებს პირველი პრეზიდენტისა და საერთოდ ხელისუფლების კრიტიკას, ზვიადისტების კრიტიკას (იმ ტერმინს გამოვიყენებ, რომელიც მაშინ ლამისაა სამკვდრო-სასიცოცხლოდ აქტუალური იყო), პირდაპირ ვერბალურ მტრობასაც. მაგრამ როცა რუსთაველის გამზირზე დაინახავს ჯავშანტრანსპორტიორებს, უცებ გაიფიქრებს, სხვების ინსტრუმენტი ხომ არ აღმოჩნდა თავისი კრიტიკულობით. ეს ყველაფერი მივა გადატრიალებასთან, თბილისის ომთან და უეცრად შეეშინდება, რამე ისეთი ხომ არ გააკეთა, რითაც უნებლიეთ იქცა კატასტროფის მონაწილედ. ამიტომაც არის მის შემთხვევაში ის ფინალი, რა ფინალიც არის.

თქვენსა და მთავარ გმირს შორის სად გადის ზღვარი?

აქ, ვფიქრობ, ძალიან პირობითია ზღვარი. იქ, სადაც ჩემი გმირი არის პატარა და ჰყვება თავის შეფასებებს, ცხადია, რომ 6-7 წლის ბავშვი ასე ვერ ილაპარაკებდა და მე ვყვები მის მაგივრად.

არსებითად, შევეცადე, რომ მთელი რომანი ვყოფილიყავი იმ მიმზიდველი იდეის ერთგული, რომელიც გულისხმობს დაბადებამდე შენი ცხოვრების და შენი მშობლების არჩევის შესაძლებლობას და ვისაც წაკითხული აქვს, ახსოვს, რომ მთხრობელი, ანუ მე ვირჩევ დაბადებამდე ამ დედას და ამ მამას და ამ ქვეყანას. მთელი წიგნის განმავლობაშიც ისმის შეკითხვა, მართებული არჩევანი გავაკეთე თუ არა.

მართებული არჩევანი გავაკეთეთ თუ არა, აქ რომ დავიბადეთ?

პროფესორს საყვედურობს ქალიშვილი, რომ საქართველოს სახელით ლაპარაკობს და „საქართველოს სახელით ლაპარაკი“ მხოლოდ პროფესორის მახასიათებელი არაა. რაკი კონკრეტულ ადამიანებს არ აქვთ ასე მოქცევის უფლება, მაშინ როგორ უნდა მოჰყვეს ქვეყანამ თავისი ავტობიოგრაფია?

ყველა ცდილობს, ისე დაინახოს ეს ქვეყანა, როგორც მას ესმის და ყველა ამ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს თავისი სიმართლიდან გამომდინარე. ამავდროულად, ყველა ცდილობს, გაექცეს ამ ქვეყანას. წიგნის ოთხივე ნაწილი, არსებითად, ესკაპიზმზეა. ყველა ამ ნაწილში გარბიან. გაქცევაა თავიდან, პროფესორიც ხან საიდან გარბის, ხან – საიდან (ლოკალურ სივრცეებს ვგულისხმობ, მოსკოვსა და თბილისს შორის არის გამოკიდებული); თვითმფრინავის გატაცების მცდელობაც გაქცევაა; ხელმოწერებიც და მათი უარყოფაც გაქცევის მცდელობაა;

სად გაექცევი პრობლემას, მაგრამ უნდა გაექცე, თუ არ გინდა, მოგკლას ჯალათმა, რომელიც ნიჩბით მოგდევს. გაქცევაა, თავისთავად ცხადია, პუტჩის პირობებშიც, როცა ადამიანს სამყარო ენგრევა თბილისის ცენტრივით… საერთოდ ღირს კი სიცოცხლე ამ ნგრევის პირობებში ან შემდეგ?!

ბოლო ნაწილში ახალგაზრდა გმირი ფიქრობს, გეოგრაფიულად ხომ არ გასცდეს თავის ქვეყანას, ხომ არ გაიქცეს.

ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ეს რომანი დღევანდელობაზეა ჩემთვის, სხვანაირად ხომ არ დავწერდი მას. დღესაც ბევრი ფიქრობს, გაექცეს ამ კონტექსტს, პრობლემებს, საფრთხისა და დაუცველობის მუდმივობას. მაგრამ ესეც ხომ ვიცით, რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, ასევე ვერ გაექცევი ქვეყანასაც. ქვეყანა ხომ ჩვენი იდენტობის ნაწილია. რაც არ გვიყვარს და არ მოგვწონს ჩვენში, იგივე არ გვიყვარს და არ მოგვწონს ჩვენს ქვეყანაშიც.

რა კონფლიქტებია პროზაულ აწმყოსა და მითოლოგიურ წარსულს შორის? როგორ შეიძლება ამ კონფლიქტების მოგვარება?

ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დავწერე ეს წიგნი, იყო ის, რომ ცნობილ ამბებთან დაკავშირებულ მითებთან მინდოდა შეხება. თუმცა ბევრჯერ გამომიცდია ისიც, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს ურჩევნია, მითებით იკვებოს და მათთვის სიმართლე ძალიან პრობლემურია. აქ არის პერსონაჟი (ესეც ნასესხებია სინამდვილიდან), თვითმფრინავის ერთ-ერთი გამტაცებლის მამა, რომელიც დაწვავს საქაღალდეს, სადაც თავმოყრილია გარკვეული ცნობები, რომლებიც შეგროვდა სპეციალური კომისიის მუშაობის დროს (ეს კომისია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დროს შეიქმნა და მისი შექმნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო). ეს მოხუცი, ხანდაზმული მამა, რომელიც ჩემთან და ჩემს მშობლებთანაცაა დაკავშირებული, საქაღალდეს დაწვავს, რათა დაივიწყოს ეს ისტორია. ის, რაც ამ საქაღალდეში ნახა, შეიძლება ვიღაცის სახელი ან რაღაც სხვა, არ უნდა რომ დარჩეს. შეიძლება ვთქვათ, რომ აპატია ან, შეიძლება ვთქვათ, რომ უნდა ამ ფურცლის გადაშლა, მისი არააქტუალურად ქცევა. ის ჩადის დანაშაულს ისტორიის წინაშე, პერსონალურად კი შეიძლება ჰუმანისტურადაც კი იქცევა. თუმცა იქნებ აქაც არის რაღაცნაირი ტიპის კონფორმიზმი – რომ იქნებ არც სხვისი შეწუხება ღირს მორალური პასუხისმგებლობის შეხსენებით და არც საკუთარი თავის. იმიტომ, რომ ის, ვინც ამხელს, შემდეგ თვითონაც ვეღარ ცხოვრობს მშვიდად.

 „მას არ შეეძლო მოკვდავი ყოფილიყო, მაგრამ არც უკვდავება გამოსდიოდა, რადგან აქ კვდომა იყო დაშვებული და არა სიკვდილი“ და იყო არა უკვდავი, არამედ „არამკვდომი“. რას მოიაზრებს ეს „არკვდომის“ ფენომენი?

„არკვდომაზე“ ძალიან მართებული აქცენტია. ამ შემთხვევაში, მე ვწერ სტალინზე, ბრეჟნევზე, გენერალურ მდივნებზე… ეს იყო ცოცხალ-მკვდარი ხალხი, რომელსაც თითქმის ყველა ორგანო მკვდარი ჰქონდა, მაგრამ მათში ცოცხლობდა ძალაუფლების ინსტინქტი. მავზოლეუმის ტრიბუნებზე ჩამომდგარი ეს ბებერი, ძალიან ხანდაზმული საბჭოთა პატრიარქები, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნები, ზოგჯერ რამდენიმე თვესაც ვერ ძლებდნენ თანამდებობებზე, მაგრამ მათ ჰქონდათ ეს რეფლექსი, ძალაუფლების ობსესია. ყველაფერი კვდებოდა მათში, გარდა ამ სურვილისა – ყოფილიყვნენ თანამდებობაზე. ეს ჩანდა. არის ლეგენდები, რომ ვიღაც გადადგომას ითხოვდა, ერთი ასეთი ეპიზოდიც კი მაქვს აღწერილი – თითქოსდა ბრეჟნევი ტირის ერთ-ერთ სხდომაზე, რადგან წასვლა უნდა. ეს სტალინსაც აქვს რამდენჯერმე ნათქვამი. რიჩარდ მესამის პარადიგმაა – მე არ მინდოდა, თქვენ დამაძალეთ – მეფობას რომ სთხოვდნენ.

საბჭოთა კავშირი ვერ აღდგება ვერცერთი ნიშნით, რადგან ის იდეოლოგიური ქვეყანა იყო, მაგრამ დღევანდელი რუსეთის ბანდიტური, მაფიოზური იმპერია, რომელიც საზრდოობს საბჭოთა ელემენტებით, სწორედ ამ არკვდომის მაგალითია.

ხანგრძლივი კვდომის ბოლო ეტაპის მომსწრეები ვართ და ეს ძალიან რთულია. შეიძლება, ისტორიისათვის რამდენიმე წელი ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ ჩვენი ბიოგრაფიებისათვის უთუოდ ბევრია.

ამ შემთხვევაში, ეს წიგნიც არგადაწყვეტილი ამბების გადაწყვეტის მცდელობაა საკუთარ თავთან. მე ვფიქრობ, ამ ამბებს უნდა დავუბრუნდეთ და გამოცდილებად ვაქციოთ, რათა ისევ არ დაბრუნდნენ გაუაზრებელი შეცდომების სახით… შეცდომა, რომელიც გამოცდილებად არ იქცევა, უარეს შეცდომად დაბრუნდება ციკლურობის ლოგიკით.

© არილი

Facebook Comments Box