ირაკლი კაკაბაძე – პასუხად დათო ბარბაქაძის თავდასხმას ახალგაზრდა პოეტებზე

რუტინა, ჯანყი და პოეზია

ჩემო ძვირფასო დათო,

წავიკითხე შენი წერილი ნეტგაზეთში, სადაც მეტად გააფთრებული უტევ ალექს ჩიღვინაძეს ‘ჭეშმარიტი პოეტის’ პოზიციებიდან და ყველანაირად ცდილობ ამ უნიჭიერეს ახალგაზრდა კაცს შენი ‘დამრიგებლური’ ტონით ‘სწორი ცხოვრების გზა” ასწავლო, რომელიც ‘ნამდვილ პოეტს’ შეფეერება. უკვე დიდი ხანია რაც გიცნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა ნამდვილად გამაკვირვა ამ შენმა ტონმა. არ გიცნობდი როგორც ‘პოეზიის მაღალ მღვდელს’ რომელსაც ჭეშმარიტებების დადგენა შეძლებია და ამხელა პედესტალიდან საუბარი ახალგაზრდებთან. ეს დამრიგებლური ტონი მეგონა წარსულს ჩაბარდა, როდესაც ჩვენ თითქოსდა წარსულს გავატანეთ ეს ეიჯისტური დამოკიდებულება და ვაღიარეთ რომ ჭკუის დამრიგებლობა თავისთავად საბჭოთა წარსულისათვის ჩაგვებარებინა და იმ ავტორიტარული აზროვნებისათვის, რომელიც მაგ დროს ახასიათებდა. რა აძლევს 40 წელს გადაცილებულ ავტორს იმის უფლებას რომ ასეთი ‘რჩევა-დარიგებები’ მისცეს 24 წლის, უკვე ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა პოეტებს და მოაზროვნეებს? და თანაც ‘მოღალატეებად’ გამოაცხადოს ისინი. თუნდაც პოეზიის მოღალატეებად. ვინ ადგენს იმ წესს თუ რა არის პოეზიის ღალატი და რა არის მისი ერთგულება?
არ ვიცი, შენი დიდი ხნის კარიერის მანძილზე თუ გიფიქრია ამაზე და რამდენად სერიოზულად გიფიქრია. თუმცა ამ ტონის გარდა ბევრი რამეა კატეგორიულად მიუღებელი შენს წერილში და მეც კონრეტულად ამ პუნქტებზე გავჩერდები.
პირველივე აბზაცებში ისეთი მწარე ეპითეტებით ლანძღავ ახალგაზრდებს და მათთან ერთად მეც, და კულტურულ ‘უმწიფრობაზე’ მიგვითითებ და ამბობ რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ამ საკითხის დაყენება როგორ შეიძლებაო? როგორ გეკადრებათ საქართველოში ზოგადსაკაცობრიო სატკივარზე საუბარი, აქ ისევ სჯობია ჩვენს პატარა, პროვინციალ პოლიტიკურ თუ სხვა საკანცელარიო სატკივარზე ვილაპარაკოთო. ეს თავისთავად ისეთი საკითხის დაყენებაა, რომ გამორიცხავს ნებისმიერ ჯანმრთელ პროცესს მსოფლიოს კლტურულ პროცესებში ჩაბმულობისას. მსოფლიო პოეზიის ბევრი გრანდი სწორედ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ფიქრობდა და სცდებოდა პატარა ‘პატრიოტულ’ ჩარჩოებს. სწორედ ამან აქცია ვაჟა ფშაველა დიდ მოაზროვნედ, ალენ გინზბერგი დიდ პოეტად. ჯეიმზ ჯოისმა რომ ‘დუბლინელები’ დაწერა ირლანდიელ ნაციონალისტებში მასაც გამოუჩნდა შენსავით ‘ჭკუის მასწავლებლები’, რომლებიც მის ‘რენეგადულ’ ლიტერატურას ღალატს უწოდებდნენ. თანამდროვე და ძველი ლიტერატურიდანაც ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, კარგად მოგეხსენება. იგივე ჰაინრიჰ ბიოლი, რომელიც თავისი მემარცხენე შეხედულებებით ვერაფრით ჩაჯდა ბიურგერული ისტაბლიშმენტის ‘დალაგებულ წესრიგში’ და ამას საკუთარი გზით სიარული ამჯობინა. გამოჩენილ რუს ბარდს ვლადიმირ ვისოცკის ამ თემაზე სიმღერაც კი აქვს. საკუთარი გზით სიარული პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა.
უოლტ უიტმენის ქუჩის აქცია ნამვდვილად ვერ იქნებოდა პოპულისტური ერთი უბრალო ფაქტის გამო – ქართული პოლიტიკური და ბიზნეს ისტაბლიშმენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სულ არ აინტერესებს უიტმენის პოეზია. ბევრმა მათგანმა არც კი იცის ეს ადამიანი ვინ არის. ამ თემაზე გამოკითხვების ჩატარების სურვილი რომ გაგიჩნდა კარგია და შეგიძლია ჩაატარო და ნახავ რომ ეს მართლაც ასეა. თავისთავად განათლების დაბალი დონე რომ ჩვენი საერთო პრობლემაა ესეც ფაქტია. მაგრამ ის, რომ უიტმენის აქცია თითქოს ალექს ჩიღვინაძის და მისი მეგობრების მიერ ჩაფიქრებულ იქნა როგორც პოპულისტური ჟესტი, რომელიც მათს ‘რუტინისგან გაქცევას’ ემსახურებოდა, აბსოლუტურად გაუგებარია სენტენციაა. პირიქით, ამ აქციით ახალგაზრდებმა ჩვენს პროვინციალ ‘მიშა-გრიშას’ დისკურსში რაღაც ზოგადსაკაცობრიო შემოიტანეს.
ნუთუ გაუთავებლად იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი საქართველოში ვინ სჯობია: მიშა თუ გრიშა? ვინ იქნება შემდეგი კულტურის მინისტრი? გაუქმდება ქალიშვილობის ინსტიტუტი თუ არა? როგორ უპირისპირდება ადამიანების გარკვეული ჯგუფი ნაციონალურ მთავრობას თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას?
ნუთუ არ შეიძლება რომ საუბარი ბევრად უფრო ზოგადსაკაცობრიო თემაზე იყოს. მაგალითად რამდენად მისაღებია ადამიანების წამება მთელს მსოფლიოში? რამდენად მისაღებია ბუნების ასეთი მდგომარეობა? რა არის საერთოდ ადამიანის ბუნება?
ჩემო ძვირფასო დათო, ამ საკითხებზე ლაპარაკი რიგ შემთხვევებში უფრო საინტერესოა, და უიტმენის, გინზბერგისა თუ სხვების პასუხებიც უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენს პატარა თუნდაც ‘ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოში’ არსებულ ხელოვნურ დიქოტომიურ დაპირისპირებებზე გაითავებელი წყლის ნაყვა. უიტმენს ადამიანის სწამდა. ასევე ალენ გინზბერგს, რომლის საყვარელი პოეტიც იყო უიტმენი. ასევე საქართველოში დაბადებულ მაიაკოვსკის. რამდენად შეიძლება ადამიანის გწამდეს? აი, ეს არის საუკუნის კითხვა და არა ის ვინ სჯობია: მიშა თუ გრიშა. ანუ საქართველოშიაც და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიაც უიტმენის თემაზე დისკუსია დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ნასზე ლაპარაკობენ პოსტ-მოდერნისტებიც და სიტუაციონისტებიც და ნებისმიერი სხვა ჯანრის წარმომადგენლებიც. ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იქნება და ვერც ერთი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ მოხსნის მის მნიშვნელობას.
გერტრუდა სტაინი გამოჩენილი ამერიკელი პოეტი და 20-იანი წლების ერთ-ერთი აზროვნების ცენტრი იყო. სწორედ მან დაწერა ერთი შეხედვით აბსურდული სტროფები:

I land.
One.
I land.
Two.
I land.
As a so.
They cannot.
A note.
A float.
They cannot.
They dote.
They cannot.
ამ ლექსში გერტრუდა სტაინი ძალიან კარგად ამბობს რომ ზოგს შეუძლია და ზოგსაც არა. მე ვფიქრობ რომ ის შემოქმედებითი გამბედაობა რომელიც შოთა გაგარინმა და ალექს ჩიღვინაძემ გამოიჩინეს იშვიათია და ყველას ის არ მოეთხოვება. თვით გერტრუდა სტაინი თავის ლესბოელ პარტნიორ ალის ტოკლასთან ერთად ებრაელი იყო და მიუხედავად ამისა ის ნაცისტური ოკუპაციის პირობებში ნაცისტების ოკუპირებულ საფრანგეთში დარჩა საცხოვრებლად, მაშინ როდესაც მისი ახლაგაზრდა მეგობრები ჰემინგიუეის და პაბლო პიკასოს თამადობით ყველანაირად ებრძოდნენ ფაშიზმს. Aასევე შეცდომები მოუვიდათ ეზრა პაუნდს და მარტინ ჰაიდეგერს. ასე რომ მართალი იყო გერტრუდა სტაინი – ყველას ვერ მოსთხოვ გამბედაობას – ზოგს ეშინია, ზოგიც ცდება – ყველანი ადამიანები ვართ. Aარც შენ მოგეთხოვება ჩემო დავით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ გამბედაობის გამო მათ დავაბრალოთ როგორც პატარა ბავშვებს რომ მათ ‘რუტინას’ უღალატეს თურმე. სიმართლე გითხრა ეჭვი მეპარება რომ შენ ალექსს მუდმივად თავზე ადგახარ და ის გაგირბის ‘სათამაშოდ’. Aასე რომც იყოს, ისიც უნდა ვისწავლოთ რომ ეს ადამიანები ბავშვები არ არიან და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვთ. ვის როგორ შეუძლია რუტინაში ჯდომა, ამას მკითხველი განსჯის, ჩემო დათო.
ალენ გინზბერგს არასდროს უღალატია ‘რუტინისათვის’ და მიუხედავად ამისა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ლექსები. იგი თანამედროვე სემიოლოგიას მუდმივად ეთამაშებოდა და ცვლიდა, გარდა იმისა რომ მეტად პატრიოტულად უპრისპირდებოდა არსებულ მომხმარებლურ რეალობას. სწორედ ამიტომაც უთხრა მან მის სამშობლოს ასეთი ღრმად პატრიოტული სიტყვები:

America I’ve given you all and now I’m nothing.
America two dollars and twenty-seven cents January 17, 1956.
I can’t stand my own mind.
America when will we end the human war?
Go fuck yourself with your atom bomb
I don’t feel good don’t bother me.

ამას წინათ მომეცა საშუალება წამეკითხა შენი და დათო ჩიხლაძის დიალოგების წიგნი, სადაც ლაპარაკი იყო ხელოვანების მიერ მოწყობილ ომის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც 2003 წლის მარტში გავმართეთ ბასა ჯანიკაშვილმა, ვახო ბაბუნაშვილმა, ზურა რთველიაშვილმა, შოთა იათაშვილმა და კიდევ რამოდენიმე ადამიანმა. სხვათა შორის, ისევე როგორც ახლა უიტმენის აქციაზე მაშინ პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა ჩირგვებში ჩაძვრა, რადგანაც ეს თემა მათთვის ‘არამომგებიანი’ იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა შენი და დათო ჩიხლაძის აზრები, თუმცა ერთი რამე რაც მე იქ დავინახე, იყო ის პოეტისთვის ცოტა უჩვეულო პრაგმატიზმი. ისევე როგორც ამ შენს მიმართვაში, როდესაც ალექსს სთავაზობ გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი (რასაც სხვათაშორის ბევრი ორგანიზაცია აკეთებს საქართველოში) და ეს გამოკითხვა ჩაატაროს. პირადად ჩემთვის პოეტურ სემიოლგიაში ასეთი ‘პედაგოგიური’ ჩარევა სწორედაც პიროვნული და შემოქმედებითი უმწიფრობის გამოვლინებად მიმაჩნია. პოეტი ზოგადად თავისუფალია აირჩიოს საკუთარი სემიოლოგია და გამოხატვის ფორმები. ალექსისა და შოთას მიერ დაგეგმილი და ჩატარებული ეს 10 წუთიანი პოლოფონიური აქცია (მოგეხსენება მეტი არ გვაცალეს) სწორედაც რომ სემოილოგიური გადატრიალება იყო ჩვენს დისკურსში. აქ იყო ორი ფაქტორი: 1) ჩვეული ჰომოფონიის მაგივრად აქ პოლიფონიური ფორმა იქნა გამოყენებული, სადაც ერთის მაგივრად სამი პოეტი კითხულობს განსხვავებულ ტექსტებს განსხვავებულ ენებზე და დომინანტის პოზიცია არც ერთს არ უჭირავს ანუ ეს არის მრავალხმოვანი დისკურსი და 2) დისკურსის ძირითადი ფოკუსი ‘მიშა-გრიშა” “ქალიშვილობის ინსტიტუტიდან’ გადატანილია თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო ჭრილში – ანუ უიტმენი-ბუშის წინააღმდეგ. დიახაც საკითხის ასე დაყენება მეტად უჩვეულოა და სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ აქციამ ასეთი არაორდინარული რეაქცია. უიტმენის აქ წარმოადგენს ადამიანის სიმბოლოს, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ზეიმობს, ბუში კი ანტი-ჰუმანიმიზს სიმბოლოს, რომელიც ომს ზეიმობს. დიახაც ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა დღევანდელი სამყაროს ჰუმანიმიზმისათვის, სადაც მომხმარებლური სამყარო აშკარად შლის ჰუმანიზმის ტრადიციებს და მის მაგივრად ცდილობს ფუნდამენტალისტური ნაციონალიზმებისა თუ კონსუმერული ცინიზმის დამკვიდრებას. უიტმენი ამის ანტიპოდია. უიტმენი დღევანდელი პოლიტიკის ანტიპოდია, ისევე როგორც ვოლი სოინკა, ბენ ოქრი, ბილი ქოლინსი, ბობ დილანი, ტომ ვეითსი და ბევრი სხვა.
დღევანდელ დღეს მთავარი გამოწვევა მსოფლიო ლიტერატურაში გახლავთ სწორედაც რომ დამკვიდრებული დოგმატური, აწ უკვე პოსტ-მოდერნული დისკურსის შეცვლა, სადაც ყველაფერი იდენტობის პოლიტიკას ემორჩილება. მაგრამ თუკი არჩევანს გააკეთებ ჰუმანიზმსა და ანტი-ჰუმანიზმს, მაშინვე მარგინალურ ადგილას მიგითითებენ. დღეს, როდესაც უანგარო და არა-მომხმარებლური სოლიდარობა თითქმის ნონსენსად არის მიჩნეული თანამედროვე სემიოტიკის ჩარჩოებში, სწორედაც რომ რევოლუციურია კონტექსტის ასეთი ცვლა. პოლიფონიური დისკურსი დღეს მართლაც უცნაურია, როდესაც ყველა მხოლოდ ანტი-ჰუმანისტურ დომინაციის პრინციპზე ლაპარაკობს, როდესაც ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს წამყვანი ხმა და ყველა სხვას უნდა ემორჩილებოდეს. სწორედ, ამიტომაც არის რომ ჩვენი დისკურსი მსოფლიოში ვერ გადის, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენთ და მხოლოდ ის გვაინტერესებს ვინ არის ან მიშას მომხრე ან გრიშასი და ვინ გამოდის ქალიშვილობის ინსტიტუტის დამცველად ან მოწინააღმდეგედ. დღევანდელ მსოფლიოში კი არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებზეც ადამიანები ფიქრობენ და არსებობს სხვა ესთეტიური ღირებულებებიც. სამყარო ბრეხტის თეატრია, სადაც ჩვენ არ გვაქვს მუდმივად მოსჯილი თეთრ თუ შავ სცენარს დავემორჩილოთ.
ალექს ჩიღვინაძემ, შოთა გაგარინმა ზურა რთველიაშვილთან ერთად გარკვეული სემოიტიკური გადატრიალება მოახდინეს უკვე. ამის მაგალითია ის მწვავე თავდასხმები, რომლებსაც ამ დისკურსის და ‘რუტინის’ დამცველების მხრიდან.
არსებული დოგმატური დისკურსის გახლეჩვა არც ისე მარტივი საქმეა. ეს მშვენივრად მოახერხეს ახალგაზრდა პოეტებმა. ცხადია, რომ მათ ამისათვის ლიტერატურული ქურუმების ‘დევნა’ დაიმსახურეს და ეს მეტად ჯანმრთელი პროცესია ლიტერატურაში. ნამდვილად ახალ ნაბიჯს პოეზიასა და პერფორმანსის ხელოვნებაში ყოველთვის მოჰყვება ასე ‘გმობა’. ღოგორც ცნობილი თანამედროვე ამერიკელი პოეტი მუმია აბუ ჯამალი წერს თავის ლექსში To Those:

nameless ones who came before
and are no more,
to those who leapt
to dark, salty depths,
to those battled
against all odds,
to those who would give birth
to gods,
to those who would not yield –
To those who came before,
To those who are to come,
I dedicate this shield.

ამერიკელი პოეტის ესთეტიური გაბედულება სწორედ ეს არის რომ ფარს აძლევს და უძღვნის მათ, ვინც ამ ბიურგერულ ორომტრიალში არ ჩაებმება და გაბედავს მისი განსხვავებული პოზიციით გამოსვლას. ვინმეს თუ ჰგონია რომ აბუ ჯამალის რუტინა რომელიმე კონფორმისტი მწერლის რუტინაზე ნაკლებ შრომას მოიცავს, ის ღრმა გაუგებრობაშია მოხვედრილი. უბრალოდ ნეო-კოლონიალურ საზოგადოებებში კონფორმიზმი და უსამართლობისადმი შემგუებლობა რატომღაც გაიგივებულია რუტინასთან და შრომასთანაც. ეს ის პრინციპია, რომელსაც პლანტატორები მონებისათვის ამკვიდრებდნენ და მათს შორის პოეტებსაც არჩევდნენ.
დიახაც მწერლის მიზანია გააღიზიანოს საზოგადოების კომფორტულად მოკალათებული ნაწილი. მისი მთავარი დანიშნულებაა რომ ამის გაკეთება შეძლოს, როდესაც ლიტერატურის ‘მაღალი მღვდლები’ ესთეტიკისა და ნიჭიერების შესახებ ლექციების კითხვას იწყებენ.
დიახაც, პოეტს არ სჯერა “მაღალი მღვდლების’ – ის შეგნებულად არღვევს კანონებს, იმისათვის რომ უფრო კეთილშობილი კანონები გამოიგონოს. ზოგ შემთხვევაში მას ეს გამოსდის და ზოგ შემთხვევაში არა. ჩვენი ნეოკოლონიური აზროვნებიდან გამოყვანას ალექს ჩიღვინაძის მაგვარი ახალგაზრდები სჭირდება, რომლებიც უფრო გაბედულად დაარღვევენ ყველანაირ დოგმატურ კანონებს და რაც მთავარია იმ კანონს, რომ ძალა აღმართს ხნავს. არა, ბატონებო, ძალა აღმართს არ ხნავს.
კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი პოეტის რობერტ ფროსტის სიტყვებით მინდა დავასრულო:

I shall be telling this with a sigh
Somewhere ages and ages hence:
Two roads diverged in a wood, and I–
I took the one less traveled by,
And that has made all the difference.

ცხადია, პოეტისთვის იმ გზის არჩევა ბევრად უფრო რთულია, რომელიც რისკს მოიცავს. ჩემთვის რობერტ ფროსტის ესთეტიკა ბევრად უფრო ახლობელია, ვიდრე საბჭოთა მასწავლებლების. რისკზე წასვლა ადვილი არ არის და ყველას არ მოეთხოვება, როგორც გერტრუდა სტაინი ამბობდა. მაგრამ, ვისაც ამ რისკზე წასვლა შეუძლია, ნუ ჩავქოლავთ, ჩემო დავით. ეს მხოლოდ საბჭოთა ‘მასწავლებლური’ ტონის რემინისცენციაა და არანაირად არ არის რელევანტური დღევანდელ ესთეტიურ სამყაროში.
ასეთი ‘პედაგოგიკით’ შორს ვერ წავალთ. ჩემი რჩევაა, იქნებ ამ შემთხვევაში შენ დაესწრო ალექს ჩიღვინაძის ერთი-ორ ლექციას. ჭკუის დარიგებად არ მიიღო – მეგობრული რჩევაა. ვფიქრობ ბევრს ისწავლი ნონ-კონფორმიზმის ახლებური გაგების შესახებ. ამისათვის შენი ლექსის ენით რომ ვთქვათ: არც დაგჭირდება ‘ავსტრიის დედაქალაქ კოპენჰაგენში’ წასვლა – ეს ხომ მშვენიერი და პატრიოტული ბანაკებით სავსე “საქართველოს დედაქალაქ სოფიაშია”.

© netgazeti.ge