ირმა შიოლაშვილი – პათეტიკა და სხვ. ლექსები

irma-4739

პათეტიკა

არ მომწონს შენი სიყვარული – პათეტიურია -
მეუბნება მეგობარი,
რომელიც არის და არც არის მეგობარი,
რომელიც ორპირია, მაგრამ გული საგულეს უდგას.
მე მისი ორპირობის ცეცხლზე დავდივარ.
ძალიან ძნელია, მყავდეს მეგობარი,
რომელსაც ხელში უჭირავს დანა,
რომლის ერთი ბასრი პირით ჩემს დაცვას ცდილობს,
ხოლო მეორე პირით ალბათ ძარღვს გადამიჭრის,
თუ გავბედე და ორი სიტყვით მეტი წამომცდა.

ძნელია მქონდეს ორი სიტყვით მეტი ძარღვებში,
ძნელია სიტყვა დამდიოდეს სისხლის მაგივრად,
თანაც უფრო მწარე სიტყვა, – ვიდრე მჭირდება!

ხოლო ჩემი მეგობარი ლესავდეს დანას
და მზად იყოს, საჭიროების შემთხვევაში
დაუნდობლად გამოფხიკოს პათეტიკა
ჩემი ძარღვიდან.

 

დეპრესია

მაია სარიშვილის ლექსების მერე

ისეთია პოეტი ქალის დეპრესია,- როგორც მთის ნამი -

ყოველი ლექსის მერე დნება და შეუძლია ისე დატკბეს

ჩაიშიც კი მოიხდინოს შაქრად ჩარევა.

ტკბილია ლექსში ფრთებგაშლილი დეპრესია

მეტასტაზივით  შეუძლია  ფურცელს მოედოს,

წერტილ-მძიმე ამოჭამოს, დაამტკიცოს

რომ საზღვრები არა სჭირდება.

 

გაგიმარჯოს-მეთქი – ვეუბნები – როცა მეწვევა,

შენი იყოს მეთქი მთელი სამფლობელო:

მთელი ჩემი საფურცლეთის სამფლობელო,

მთელი ჩემი სასიზმრეთის  სამფლობელო,

მთელი ჩემი მთა და ბარის  სამფლობელო

მთელი ჩემი  გადაშლილი წიგნის მინდვრები.

 

ის კი ისეთი თავხედია,

გადაუვლის ჯერ მთაგორებს,

მერე მინდვრებს

და მერე ცისკენ იხედება -

ლექსებიდან გარეთ მიიწევს.

 

ღალატის წრე

განა რაიმე დაშავდებოდა

ჩემთვის ზურგის შექცევა რომ ესწავლებინათ,

ან მე თავად აღმომეჩინა

შექცეულ ზურგზე მობრიალე ღალატის თვალი;

ეს მანამდე, სანამ ცაცხვის სიმაღლემდე გაიზრდებოდა

ჩემი საბრალო, დაჩაგრული ერთგულება,

ეს მანამდე, სანამ თავად გავიზრდებოდი.

 

ვინც თავის დროზე მოიძია უარყოფის ძალა, გადარჩა!

ვინც ტვირთივით აიკიდა ერთგულება, უხმოდ აგროვებს

ნამტვრევებს, მტვრის სუნს, წარსულის ხმას და ავიწყდება

რომ ხანდახან გულმაც იცის დიდი ღალატი!

მეც დღეს ისე შეცვლილი ვარ, ისე ახალი

ნამტვრევებით და წარსულით და ცხოვრებით სავსე

რომ სადღაც თითქოს მსიამოვნებს, როგორ მიბრუნებს

შექცეული ზურგის დიდი, მარადი თვალი

უკან ძველი სიბრძნესავით, ძველი ბედივით

ყველა ნაგროვებ ერთგულებას, ყველა სინათლეს…

მერე რა რომ უარყოფის გარეთ ვიცხოვრე,

მერე რა რომ უარყოფა თითის ფრჩხილის ფასად მიღირდა.

 

ცოლი

შენი თვალებიდან ვიხედები:

აი, ეს სახლი ნამდვილია -

ათი წლის წინ ააშენეს ჩვენთვის ღმერთებმა

და ორი შვილი შეგვისახლეს – დაგვაჯილდოვეს.

 

ეს მე ვარ – ასე დაბნეული ცოლი და დედა,

უცხო ენაზე გიმტკიცებ, რომ ბრმაა სამყარო,

მომწონს და თანაც აღარ მომწონს ნაქარგი ბედი

და სახლის ცივი საძირკველი – ჩვენც რომ გვამყარებს.

ხედავ? – დავჯექი, შემოგყურებ, – მგონი ვიცვლები

მგონი ვსწავლობ რომ მორჩილება დიდი ნიჭია

ბაგიდან მცვივა სიცოცხლის და ნდობის მარცვლები

და ხელებს გიწვდი – ასე თბილს და ასე ხიჭვიანს.

 

შენი თვალებიდან ვიხედები.

ასეთი ვჩანვარ?

 

სამი სიტყვა

დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს,_
ყოველდღე შეუძლია ახლიდან დამინახოს
და ახსოვდეს, რომ როცა ვდუმვარ

ერთდროულად სამ სიტყვაში ვნაწილდები:

პირველი სიტყვა მის თვალებში იკარგება,
მის ჯერ დაუღვრელ ცრემლებს ჰყვარობს,
მისი ცრემლის ხილვებს ჰყვარობს, -
ანუ გარბის რეალობიდან.

მეორე სიტყვა ძლიერია. კლდესავით არის.
დიდი ხნის წინ გადახარშა ძველი ტკივილი,
დიდი ხნის წინ ამოტუმბა ძველი ტკივილი
გულის ყველა ვარდისფერი კაპილარიდან
და ახლა კლდეზე სისხლით მუხის დახატვას ცდილობს.

მესამე სიტყვა ერთგულია. გულუბრყვილოა,
იმახსოვრებს გაწბილებებს, ცრემლებს, სახეებს,
გზებს, მოსახვევებს, სახლის ჭიშკარს, ჭიშკართან კიბეს
და კიბის თავში სინათლის ჭავლს-მზიდან ჩამოღვრილს.

 

დიდი თვალები აქვს ჩემს სიყვარულს.
ჩემში აღწევს.
დუმილს კითხულობს.

 

© არილი