ლაშა ბუღაძე, ”ოქროს ხანა”

lasha bugadze 232

დავით პაიჭაძე

მწარე და სასაცილო

ლაშა ბუღაძე, ოქროს ხანა (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. VI კორპუსი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არა, მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ, ესაა ერთ-ერთი იმმრავალ ადგილთაგან, სადაც ამ რომანის მოქმედება მიმდინარეობს. უახლეს ქართულ მწერლობაში ღირს, დააკვირდეთ მწერლებს, რომელთაც თავისი პერსონაჟები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაჰყავთ. უფრო ზუსტად, ღირს, დააკვირდეთ ამ პერსონაჟებს, ძვრებს მათ სულში,და შეადაროთ მათი ცხოვრების წესი ”აქაურ” პერსონაჟთა ქცევებს. ლაშა ბუღაძე იშვიათად აცილებს ხოლმე საქართველოს თავის გმირებს. და მათ უცხოეთშიც ისევე ეკიდება, როგორც აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.

რა მინდა ვთქვა: ლაშა ბუღაძეს შეუძლია გაურთიერთოთ მოსაწყენ იდიოტებთან ისე, რომ ერთი წუთითაც არ მოგეწყინოთ. შეუძლია დაგასწროთ საფრთხეს ისე, რომ ყველანაირი სასპენსისა და დაძაბულობის განცდას თქვენში კომიკური ეფექტი ჭარბობდეს. შეუძლია იცინოს თქვენზე ისე, რომ თქვენ კიდევ მეტად გაიცინებთ.

ჟურნალისტიკაში (ა, კიდო!) ერთი ასეთი ხერხია: დაიწყო წერა ან ლაპარაკი იმგვარად, რომ მკითხველი ან მსმენელი მეყსეულად მოჩანგო და მოანდომო შენთან დარჩენა. შეამოწმეთ თავი, დარჩებით თუ არა ლაშა ბუღაძის ”ოქროს ხანაში”. ორი მოკლე აღწერა რომანის საექსპოზიციო ნაწილიდან: მსუბუქი კრიმინალით დამძიმებული ქართველი სტუდენტი თავს აფარებს შოტლანდიის ჩრდილოეთს, სადაც ორი ქართველი ჰომოსექსუალისტის ოჯახს შეკედლებია. ამ ოჯახს ჰყავს ვაჟი, რომელიც ინ-ვიტრო ჩაისახა და გაჩნდა მეორე ჰომოსექსუალური წყვილის, ამჯერად ქართველი და გერმანელი ლესბოსელების მეშვეობით. და ეს ოთხეული ყველაზე სათნო და წესიერი ხალხია მთელ რომანში. მეორე ეპიზოდი: დოლიძის ქუჩის კრიმინალური შპანა საუნაში მიდის არა მხოლოდ დასაბანად და საყვარელი სალონიდან ჰყრის პირსახოცშემოხვეულ მეძავებთან ერთად მოკალათებულ ჩოხოსანთა პარტიის ჭარმაგ წევრებს.

ლაშა ბუღაძე ხანდახან ძალიან დაუნდობელია თავისი პერსონაჟებისადმი. მაგალითად, დაუნანებლად ხოცავს ნარკომან პერსონაჟებს. ამასაც არ იკმარებს და ერთ პერსონაჟს, ყოფილ ნარკომანს, კაიფში გაპარულთა ძმათა სასაფლაოს გაშენებას მოასურვებს. ნარკომანები მასთან ტანჯვით კი არ კვდებიან, არამედ კაიფში იპარებიან განუხრელად. რამდენადაც შეუძლია, ლაშა ბუღაძე ასუფთავებს საქართველოს მათგან.

თუ ”ოქროს ხანას” რეალობის ამსახველ რომანად მივიჩნევთ, სადაც გამონაგონი მინიმალურია, მაშინ, უნდა ითქვას, რომ ის ძალიან მწარე რეალობას ასახავს. ლაშა ბუღაძეს, რა თქმა უნდა, ბევრი უკლია საიმისოდ, რომ პროზაში შავი იუმორის სკოლას მიაკუთვნო, მაგრამ შავი იუმორის ელემენტები მასთან ნამდვილად არის. იგნორირება რეალობისა, რომელიც მისი ლიტერატურის ძირითადი მასალაა, ლაშა ბუღაძეს არ შეუძლია და პასუხად ერთგვარი ხალისითაც აგებებს ლამის მიზანთროპულ კომიზმს. და ეს არის გულწრფელი ადამიანური რეაქცია ყოფიერებაზე. ”ოქროს ხანა” დახუნძლულია ტიპაჟებითა და პერსონაჟებით, რომელთაც აკლიათ ფსიქოლოგიური მრავალგანზომილება. ხასიათების ნაცვლად ლაშა ბუღაძე ძერწავს კომედიურ ნიღბებს. ისინი, საკუთარი სულიერი განვითარების შედეგად, თან ქმნიან და თან ეტყვევინებიან ზომიერად სასტიკ და უაზრო რეალობას.

ჩვენს თაობას არ ჰყოლია თავისი ლაშა ბუღაძე იმ აზრით, რომ მას აღეწერა, ვთქვათ, 15-20 წლის წინანდელი ახალგაზრდების, სტუდენტების ყოფა, ემოციები, მიმართებები, სულის მიმოხრანი. დღევანდელ ”ლამაზებს, 20 წლისებს” ჰყავთ თავიანთი ჟამთააღმწერელი და ისიც ისევე კრიტიკულია, როგორც ექვსი საუკუნის წინანდელი მეჰისტორიე. ოღონდ მისგან ლაშას ის განასხვავებს, რომ სასოწარკვეთილი ხმით კი არ ლაპარაკობს, არამედ მხიარულად, სასაცილოდ. ძლივს, როგორც იქნა, ლაშა ბუღაძესთან ჩნდება ეროტიკა. ძალიან ძუნწად, თითო-ოროლა მოძრაობის, ჟესტის დონეზე. აქამდე ეროტიკულ თემას იმდენად აზავებდა კომიკურით, რომ მნიშვნელობას არ მიანიჭებდით. ახლა ეს ირონიული მინარევი, ერთ ეპიზოდში მაინც, მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ კონცენტრირებულია ერთადერთ სიტყვაში ისე, რომ მთელ ეპიზოდს აფეთქებს. ეს სიტყვაა ”მენტალიტეტი”. როცა წაიკითხავთ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

ძალიან საგულისხმოა, რომ ნამდვილი ეროტიკის თუნდაც ერთი ელემენტის შემოტანა საკმარისია მისი პერსონაჟის გასახსნელად. მიუხედავად მთელი იმ თავისუფლებისა, რითაც დღევანდელი 25 წლამდე ახალგაზრდების თაობა განსხვავდება წინა თაობებისაგან, მესახება, რომ ლაშას აზრით, ეს თავისუფლება თაობას ძირითადად მოუხმარებელი აქვს. ეს არის ემანსიპირებადი, მაგრამ ჯერ ვერემანსიპირებული თაობა. და ეს გარდამავალი ვითარება პირდაპირ მადანია ლაშა ბუღაძის კომიზმისათვის.

”ოქროს ხანის” საქართველო თან თანადროულია, თან, გეჩვენებათ, რომ ზედროული. იმიტომ, რომ კარგა ხანია, სხვანაირი საქართველო და ქართველები ჩვენ არ გვინახავს. სულიერი გამოცდილება, რომელსაც პერსონაჟები ლაშასთან იძენენ, კაცმა არ იცის, რაში გამოადგებათ, რადგან მათი ინტელექტი და განათლება მეტისმეტად მწირია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად. შეიძლება ითქვას, რომ რომანის ბოლოს ეს ორი მოტივი ხვდება ერთმანეთს: ცვლილების, დადუღების, ზრდის, უმჯობესობის მოლოდინი და გაუნელებელი ინფანტილიზმი, ფატალური გაუზრდელობა (ორივე გაგებით). რომანის უკანასკნელი ფრაზა არის კიდეც მისი ლაიტმოტივი. ეს არის ერთი ყველაზე ტიპური ფრაზა ლაშა ბუღაძისთვის – დააკვირდით, ვინ წარმოთქვამს და რა ვითარებაში. ტიპური კი უწინარესად იმიტომ არის, რომ თან მწარეა და თან სასაცილო.

© “ცხელი შოკოლადი”