ლევან კალანდარიშვილი – იტალიელი არქიტექტორების თავგადასავალი თბილისში

kalndarishv

თბილისის ევროპული ყაიდის ქალაქად ჩამოყალიბების ისტორიაში, რომელიც პირობითად ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს – 1801-1921 წლები და 1921 წლიდან დღემდე – იტალიელი არქიტექტორებისა და მშენებლების ღვაწლი ჯერ კიდევ არაა სათანადოდ შესწავლილი. ეს სტატიაც ამ ნაკლის შევსების ერთგვარი მცდელობაა.

პირველი ასეთი არქიტექტორი, რომლის მოღვაწეობის კვალი დღესაც ხილულია თბილისში, იტალიური წარმომავლობის არქიტექტორი და ტოპოგრაფი ჯუზეპე ბერნარდაცია (1788-1840). თავის ძმასთან, ქვისმთლელ და არქიტექტორ ჯოვანისთან (1782-1842) ერთად, ის 1820 წელს ჩამოდის რუსეთის იმპერიაში. მათ მთელი თავისი ენერგია და ნიჭი კავკასიის მინერალური წყლების სარეკრეაციო აღმშენებლობას შეალიეს პიატიგორსკსა და კისლოვოდსკში. თბილისში სწორედ ბერნარდაცის პროექტით აშენდა მსხვილი მეწარმისა და ქველმოქმედის (რწმენით კათოლიკეს), იაკობ ზუბალაშვილის სასტუმრო „პალასი“, რომელშიც მოგვიანებით სასულიერო სემინარია, ხოლო დღეს ხელოვნების მუზეუმია განთავსებული (აშენების წლებად მე-19 საუკუნის ოცი-ოცდაათიანი წლები უნდა მივიჩნიოთ). შენობა კლასიცისტური („ამპირის“) არქიტექტურის კარგი ნიმუშია და დღემდე ამშვენებს პუშკინისა და გუდიაშვილის ქუჩების გზასაყარს.

1844 წელს საქართველოში მთავარმართებლად მიხეილ ვორონცოვი ინიშნება, რომელსაც უკვე დიდი ურბანულ-არქიტექტურული გამოცდილება აქვს მიღებული ნოვოროსიაში, კერძოდ, ქალაქ ოდესის და ყირიმის არისტოკრატიული მამულების მართვა-განვითარებაში და რომელიც დახვეწილი არქიტექტურული გემოვნებით გამოირჩევა. მას თბილისში ჩამოჰყავს ორი იტალიელი არქიტექტორი – ჯოვანი სკუდიერი და ლოდოვიკო კამბიაჯო. საქართველოს ისტორიულ არქივში არსებული კამბიაჯოს ტიტულიარული ნუსხა 80 გვერდს მოიცავს, საიდანაც ჩანს, რომ მას უფრო თანამდებობრივი წინსვლა აინტერესებდა, ვიდრე პრაქტიკული საქმიანობა, თუმცა მისი შვილის, დიმიტრის დამსახურება (ის ერმაკოვის გვარითაა ჩვენში ცნობილი) საქართველოს ფოტოდასურათებაში განუზომელია.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო არქიტექტორი სკუდიერია, რომლის მიერ პალადიანურ სტილში დაპროექტებულმა მსხვილი თბილისელი სოვდაგრის, გაბრიელ თამამშევის ქარვასლამ და მასში განთავსებულმა ოპერამ დაასრულა გარეთუბნის მთავარი მოედნის სივრცითი ორგანიზების საკითხი (მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და 1851 წელს დასრულდა). ამ მოედანს მე-19 საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს ცნობილი მხედართმთავრის, ივანე თევდორეს ძე პასკევიჩის, და მისი ხელმძღვანელობით რუსეთის ჯარების მიერ ერევნის აღების საპატივცემულოდ ეწოდა „პასკევიჩ-ერივანსკის მოედანი“. სწორედ ამ ორი იტალიელი არქიტექტორის, ბერნარდაცის და სკუდიერის, შენობებმა მისცა გარეთუბნის ცენტრალურ ადგილს ევროპული იერი, და ის ორი პატარა მოედანი თამამშევის ქარვასლა/ოპერის შენობის სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძზე ნამდვილად ქმნიდა იტალიური პიაცებისათვის ასე დამახასიათებელ ცოცხალ და ამავე დროს მყუდრო გარემოს.

XIX საუკუნის ყველა არქიტექტორი, ვისაც მიეცა საშუალება ამ ადგილის შემდგომ განაშენიანებაში მიეღო მონაწილეობა, იქნებოდა ეს ალბერტ ზალცმანი, პაულ შტერნი, ალექსანდრე ოზეროვი თუ სხვა, ითვალისწინებდა ბერნარდაცის და სკუდიერის მიერ მოედნისთვის პირობით დადგენილ სასიმაღლო თუ მოცულობით რეგულაციებს და არ არღვევდა მის მთლიანობას.

XX საუკუნის ოცდაათიან წლებში, როდესაც მოედანს ჯერ „ზაკფედერაციის“, ხოლო შემდგომ ლავრენტი ბერიას სახელი ეწოდა, თამამშევის ქარვასლის შენობა (ოპერის ნაწილი ადრევე დაიწვა) დაანგრიეს მოედნის საბჭოური პარადებისთვის უფრო ტრიუმფალური სახის მიცემის მიზნით. 1934 წლის გენგეგმაც არაფერ კარგს არ უქადდიდა მოედანს, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა ეს „ქალაქგეგმარებითი ქირურგია“ დროებით შეაჩერა, 1956 წელს მოედანზე დიდი ზარ-ზეიმით ლენინის ძეგლიც დადგეს, რომელიც ასევე ზარ-ზეიმით დაანგრიეს 1990 წელს. ამ პერიოდში განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა მოედანს საბოლოოდ დაუკარგა ხიბლი; თანამედროვე არქიტექტორებმა და მონუმენტალისტმა მოქანდაკეებმა ვერ შეძლეს მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი, გაწონასწორებული და გარემოში ჩაწერილი სივრცის ისეთივე ორგანული მოწყობა, როგორც ეს მათმა წინამორბედებმა მოახერხეს. თუმცა აქ მარტო არქიტექტორების დადანაშაულება არ იქნებოდა სამართლიანი, ვინაიდან ამ პროცესების მართვა ყოველთვის ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ხდებოდა, სადაც მუდმივად იგრძნობა თანამედროვე ქალაქის ურბანული ისტორიის და მისი დღევანდელი განვითარებისთვის საჭირო ხერხების თუ ინსტრუმენტების მცოდნე ადამიანების ნაკლებობა.

სკუდიერისვე დაპროექტებულია იმ დროის მნიშვნელოვანი არტერია – ე.წ. „მშრალი ხიდი“, რომელმაც კუკია-ჩუღურეთი ქალაქის გარეთუბანს უმოკლესი გზით დააკავშირა. საბედნიეროდ, ეს ხიდი გადაურჩა როგორც 1934, ასევე 1954 და 1971 წლის გენგეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას.

ამ პერიოდის იტალიელი არქიტექტორების ღვაწლთან ერთად არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს ქვისა და მარმარილოს სახელოსნოების, ანჯელო ანდრეოლეტისა და ძმების, ბერნარდ ვილლას და ანტონიო რიცის როლი თბილისის შენობებისა თუ სადარბაზოების გაკეთილშობილებაში. მათი დახვეწილი მოპირკეთების მიმქრალი კვალი დღემდე ამოიცნობა ბევრ თბილისურ სახლში. ლეონარდო ლორენცინი, ანჯელო ნიკოლინი, ენრიკო კომოლი და ბიაჯიო მორეტი – აი არასრული ნუსხა იმ იტალიელი ოსტატებისა, რომლებიც იმ დროს თბილისში მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი ქვისმთლელების ნეოფიტე, ნიკო და ლავრენტი აგლაძეების შრომითი ბიოგრაფია სწორედ ანდრეოლეტის ფირმაში დაიწყო.

კიდევ ერთი იტალიელი, ამჯერად მშენებელი, რომელმაც ასევე ღრმა კვალი დატოვა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, და რაც მთავარია, ყველაფერი ეს არაჩვეულებრივად აღწერა თავის წიგნში „50 წელიწადი საქართველოს მშენებლობებზე“, კარლო მორეტია (1899-1977). აღმოჩნდა, რომ ის ჩემი სახლიდან სულ რაღაც სამი ნომრის გამოტოვებით, კირჰის (დღევანდელი მარჯანიშვილის #35) და ელისაბედის (დღევანდელი წინამძღვრიშვილის) ქუჩების კუთხეში, დღემდე შემორჩენილ სახლში დაბადებულა, შემდეგ ცოტა ხნით ახალციხის ქუჩაზე უცხოვრია, ხოლო ბოლოს რუსთაველზე, „ლაღიძის წყლების“ შენობაზე დაუშენებია ერთი სართული და იქ დაუდია ბინა. კარლო მორეტის ოჯახი ანდრეოლეტების ოჯახთან მეგობრობდა, თუმცა მისი პროფესიონალად ჩამოყალიბება უკვე საბჭოთა დროს მოხდა და ამიტომაც ის მრწამსით მაინც ამ ეპოქის შვილი იყო. იმ შენობების ნუსხა, რომელთა მშენებლობის ხელმძღვანელობასა თუ მოპირკეთებაში მორეტის მიუღია მონაწილეობა, კინოთეატრ „აპოლოდან“ იწყება 1914 წელს და გასული საუკუნის 70-იან წლებამდე გრძელდება. ესენია: „ოფიცერთა სახლი“, „იმელი“ და რაც მთავარია, კურორტი წყალტუბო, რომლის მშენებლობის დროსაც კარლო მორეტი ტრესტ „საქკურორტმშენის“ მმართველის თანამდებობაზე მუშაობდა. გარკვეული პერიოდი კარლო მორეტი სამშენებლობლო ტრესტს – „თბილმშენი“ ხელმძღვანელობდა. საინტერესოა კარლო მორეტის სტატია „ქალაქის არქიტექტურა: მხატვრულობა, ხარისხი, გამძლეობა“, რომელიც 1972 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოქვეყნდა თბილისის რუსულენოვან გაზეთ „ვეჩერნი ტბილისში“ და რომელშიც დიდი არქიტექტურული დისკუსია იყო გაჩაღებული თბილისის მომავალი განვითარების საკითხებზე. კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ამ სტატიაშია მოყვანილი, დღესაც აქტუალურია და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სწორედ იმ შენობებთან მიმართებაში, რომლებსაც მორეტი ასახელებს (იმელი – სადაც ამ დროს ცვლიან ვენტილიაციის სისტემას, საცხოვრებელი სახლი სანაპიროზე, რომლის ფასადსაც არასწორად ღებავენ, ოფიცერთა სახლის ფრიზის დასრულება). საინტერესოა მისი სამოგზაურო დაკვირვებები ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის, ახალი უბნების ქალაქგეგმარებითი ღირსებების შესახებ და ჰელსინკის მთავარი არქიტექტორის, მე-20 საუკუნის გამოჩენილი ხუროთმოძღვრის, ალვარ აალტოს, როლის შესახებ. ერთი კვირის წინ იმ ეზოში შევიარე, სადაც კარლო მორეტი ბოლოს ცხოვრობდა, იქვე უფროსი თაობის ქალბატონს გამოველაპარაკე და ვკითხე, თუ ახსოვდა მისი ცნობილი მეზობელი, რაზედაც დადებითი პასუხი მივიღე, ამავე დროს მეორე ქალბატონმაც გადმოიხედა მოპირდაპირე ფანჯრიდან და ამ გადაძახილში და საინტერესო დეტალების გახსენებაში ბევრი ისეთი რამე გავიგე, მომავალ კვლევაში რომ აუცილებლად დამეხმარება.

ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეული ქართულ-იტალიური არქიტექტურული ურთიერთობების განახლების პერიოდია. სწორედ ამ დროს მნიშვნელოვანი საჯარო დანიშნულების ობიექტების დასაპროექტებლად (პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა) ყოველგვარი კონკურსების გამართვის გარეშე მთავრობა იწვევს მსოფლიოში ცნობილ იტალიელ არქიტექტორებს მასიმილიანო და დორიანა ფუქსასებს და მიკელე დი ლუკის. მათი შერჩევა, მოწვევა, დამხდურთა კვალიფიკაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის სტანდარტი, მშენებლობის მიმდინარეობა კარგი მასალაა ერთი დოკუმენტური ფილმისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრში. კამათი ამ შენობების გარშემო დღემდე არ წყდება. მოწინააღმდეგეებიდან ზოგი უცხოელი არქიტექტორების მოწვევის მიზანშეწონილობას იწუნებს, ზოგი სახელმწიფო სახსრების უყაირათო ხარჯვაზე მიუთითებს, ბევრი თანხმდება, რომ მშენებლობისთვის უკეთესი ადგილები უნდა შერჩეულიყო, ზოგი რიგი შენობების დემონტაჟს და პერიფერიებში გადატანას მოითხოვს, ზოგს ავიწყდება, რომ ამ ტერიტორიების არასწორ ათვისება-განვითარებაში თვითონაც მიუძღვის დიდი ღვაწლი.

მოკლედ, დღევანდელი თბილისის ურბანულ განვითარებაში ზუსტად ისეთივე მოვლენები ვითარდება, როგორიც 1963 წლის ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი რეჟისორის, ფრანჩესკო როზის გახმაურებულ ფილმში „ხელები ქალაქის თავზე“ (Le mani sulla città). განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მშენებლობის „იტალიელ კაპიტალისტ ზვიგენებს“ იქ იტალიის კომპარტიის წევრი უპირისპირდება, ხოლო ჩვენს მშენებლობის „ზვიგენებს“ – უმეტეს შემთხვევაში კომპარტიიდან თუ კომკავშირიდან ორთოდოქს დოგმატიკოსებად გარდასახულ პირებს – სამოქალაქო ურბან-აქტივისტები, რომელთა რაოდენობაც დღეს თითზე ჩამოსათვლელია.

ნათქვამია, იმედი ბოლოს კვდებაო და მეც გულს გავიმაგრებ და საკუთარ თავსაც და მკითხველსაც ვუსურვებ, რომ ამ ფილმის ფინალი, რომელშიც დეველოპერი ნოტოლა და ქალაქის მერი დე ანჯელისი მინისტრთან და კარდინალთან ერთად სხედან ქალაქის განვითარების ახალი პროექტის პრეზენტაციაზე, ჩვენს სინამდვილეში უფრო ოპტიმისტური სიუჟეტით შეიცვლება.

© არილი