ლია სტურუა – რა სიღრმეებს მითბობს! და სხვ. ლექსები

lia sturua-893

რა სიღრმეებს მითბობს!

ერთმანეთი როგორ უყვართ ხეებს,

არ ვიცი, ან გაზაფხულს როგორ ნებდებიან,

არც ტკივილის შესახებ ვიცი,

უყოყმანოდ კი მშობიარობენ მწვანეზე,

რომელიც მე ყვითელის და ლურჯის

შერევით გამომდის: რაღაც ხომ უნდა გავართულო,

ვიყოყმანო, ეჭვის თვალით შევხედო

თუნდაც იმას, რომ საკუთარ ტანზე ძლიერი ვარ,

რომ ამ აზრისგან მოგვრილ სევდას

ღვინოშიც ვერ ჩავახრჩობ,

რომლის ფსკერი ქართული თიხაა

და ირეალურს არ შეირევს,

ჩაისკენ რომ გადავიხარო,

ჩინეთის ნარინჯისფერი დინასტიებისკენ?

სამსტრიქონიანი დუმილი სიმაღლეში გაიზრდება,

ჩემსას მთები უკეთებენ ხასიათს,

განსაკუთრებით, თუ უფსკრულთან ვდგავარ

და ფეხქვეშ ქვეყნის ბოლო მაქვს,

როცა დედაჩემის ლურჯკიდეებიანი ჭიქა

ისეთი ნამდვილია, დაინახავ, ხელი გაგითბება…

ხეები ეძლევიან ქარს, გაზაფხულს, უყოყმანოდ,

ჩიტების პრონონსი სუფთა ქალაქურია,

მიწა – დიალექტებისკენ მიდრეკილი,

მეგონა, უფრო კარგად ვიცნობ,

სულ გვერდით არ მეწვა, დაბადებიდან,

თუ ვინმე მიყვარდა – შუაში,

შვილები როცა მეყოლა, ყაყაჩოები ამოუშვა

დასამტკიცებლად არანაკლებ დედობის?

რა სიღრმეებს მითბობს, ვიცი, თუნდაც,

ლურჯკიდეებიან თიხასთან შედარებით,

მაგრამ ჭიქა ყვირის!

ამას რა ვუყო,

ჭიქა რომ თბილია და ყვირის?

 

წონასწორობა 1

შიში მატულობს:

დადებითი ხარისხი, შედარებითი, აღმატებითი,

უაღრესი, თუ არქაულობა არ გეჩოთირება.

რა შეგიძლია?

იპოვო როდინი

და დაიწყო წყლის ნაყვა?

სანამ რაღაცას ფერადს ნაყავდი,

პირიდან ცეცხლი მარტო პოპულარული

ფოკუსი კი არ იყო,

მდუღარე ყელის გამოცანა,

შინაგანი ზაფრანა, არა მარტო ყვავილი,

ყველაზე მიგნებული სიტყვა,

ყველაზე ქმედითი, თუნდაც, იგივე

შიშის წინააღმდეგ…

ამოიღე ტანიდან შენი ბიოლოგიური საათი

და წინ დაუდე! ორი სრულფასოვანი სიდიდე!

ორივეზე დამოკიდებული ხარ,

მაგრამ სანამ ზაფრანა გენაყება, -

შინაგანი ნარინჯი, უყვარხარ კაცებს,

ბავშვებს, ძაღლებს,

პირიდან ცეცხლის ფრქვევაც ფოკუსი კია,

მაგრამ მოედნები მოყავს შენთან,

ასეთ განაპირებულ ადამიანთან,

უხდება კიდეც ეს დემოკრატიული ჟესტი

შენს კამერულობას, სანამ სულ მარტო

არ დარჩები შიშის პირისპირ,

როდინს იპოვი და წყალს დანაყავ,

თორემ როდის იყო

თავს იტკიებდი წონასწორობისთვის?

 

წონასწორობა 2

წონასწორობა დალაგებული ადამიანების საქმეა.

აქედან ფრთა არ ჩანს,

არც თეთრი, არც დალილავებული ამდენი ვარდნისგან…

შვილებზე გადაფარებული არ გამოგივიდა

კრუხები მშვიდი, კარგად მოზელილი ცომიდან,

ამოყავთ, შენისთანები – ლიტერატურული ხარვეზებიდან:

ინცესტი, ქუსლის სისუსტე, მოკლული შვილები?

საზღვარს იქით, აქეთ – მათი მდინარე

მერე რა, რომ წითელი?

კათარზისის ფერი ვინ დაადგინა?

ან ტრაგედიის მისამართი?

გინდა ეროვნული მარშრუტით

პირდაპირ ევრიპიდეზე?

ანტრაქტები მაყურებლისაა

შიგ რომ მკვდარი ბავშვები ჩაწერო?

მელნით გადარჩენილებსაც თავისი ცა აქვთ,

ტექსტის კვანძებზე შემდგარი!

იქიდან მორიგ ჩამოვარდნამდე,

წითელი მელნით გასწორებული მშობლები

კიდევ, წითელპერანგა ბიჭის იდეას მოგაწვდიან,

სკაბრეზი ამოაცალეს,

რომ იპოვო, შეგიყვარდება!

გახურებული თონიდანაც შეიძლება

მისი ამოყვანა, იცი?

მაგრამ ძალიან მტკივნეულია…

 

* * *

რემონტი გაიტანეს გარეთ.

ადამიანების ნაფცქვენები გახვეტეს

რაღა დარჩა?

ხაზგასმული იგივე:

ცეცხლი, წყალი და სპილენძის დაფდაფები!

კლოფელინის აბები ღვინოში,

წითელი ძაღლები, იკბინებიან,

ცეცხლის გაჩაღებას მოითხოვენ

არა ევროპული თავშეკავებით,

შანელის ფლაკონებში, არამედ ხანძარს,

ნარინჯისფერი კაპელების თავზე დამხობას!

ჭამონ ლოჟები, – იარუსები,

სვაროვსკები პარტერის მკერდიდან!

რენესანსული მადით,

ატონალური ნერვების შეჩხერით

სფეროების მუსიკაში!

რასაც გინდა დახატავ,

საგნების სულზეც კი მიანიშნებ,

შუქზე, რომელიც იხედება

ჩრდილის რეტუშიდან,

მოძრაობის გადმოცემა ჭირს.

ფერი ილევა, მოცულობა ვიწროვდება,

ხაზები ნერვების პარალელურ

პანიკაში ვარდებიან

აი, ასეთი სპექტაკლი!

უფრო სწორედ, პოეზია…

 

შორიდან არ ჩანს

ისევ ბევრ წყალს ვსვამ,

-       ხე ამოგივა მუცელშიო – მაგონდება

სრულიად არაპოეტური მშობლებისგან…

რომელი? ლეღვის? ისეთი ტკბილი,

რამდენი შაქარიც დამაკლდა მშიერ ბავშვობაში?

მისტიკა? დიაგნოზი?

უფრო ეს უკანასკნელი, როცა

მწითური თმის ძაფებით მატარებს მზე

და პეპელასავით არა, მაგრამ გადამწვარი ნათურასავით

ხანმოკლე დღე მაქვს,

სულ ადვილად შესაცვლელი ნორმალური ნათურით,

რომელსაც მუცელში ჯერ ბავშვები ეზრდება,

მერე სიმსივნე, მერე ვერ ამართლებს

ოჯახური ქიმია, განსხვავებით

მენდელეევის დალაგებული და უიტმენის გარეკილისგან…

მეტასტაზები რომ ხეს მიამგვანო,

უნდა გქონდეს მოცემულობა – შიზოფრენია,

ხე ამოიყვანო, სადმე კი არა, მუცელში,

მწვანე კი არა, ლურჯი,

მიწასაც ხომ აქვს თავისი ხეები,

ზომიერად ფერადი და არა ისეთი,

„რაც ლურჯია ამ ქვეყანაზე!“ – შენი ხელწერა.

გინდა უყურო, როგორ კვდება?

ბოლო ლექსამდე?

 

***

ჯერ კაცი მიდის, მერე

მისამართი გიკვდება,

თავისი ტკბილი დოგმებიანად,

მეხსიერებაში ჩაიტოვე,

აარიდე დაშტამპულ ფრენას!

როცა სიტყვად გამოიყენებ – ნუმერაციას:

ხმა ორია: ცივი და თბილი,

როგორც ფერი. ელფერები

ერთმანეთს თხზავენ

ჰარმონიის აქეთ-იქიდან…

მაცივრის წყალი ჭინჭრით იყურება,

მდუღარე – ნევროზით,

მოკლული ბავშვები – შემთანხმებლური ხავერდით

რა სიმწარეა!

მზერების ომში სისხლი არ იღვრება

მაგრამ როცა ლექსში ორკესტრი გიზის,

ძნელია მისი ხელმძღვანელობა,

თუ რომელიმე ვიოლინოს არ უყვარხარ…

 

ასიზი ქარიან დღეში

წვიმს.

ერთადერთი ჟანგისფერი ხე დგას თვალებში,

ჰორიზონტის ცივ ლითონზე – ეკლესია,

კედლებზე – წმინდანები, სრულყოფილება სიმშვიდეა,

შიგ ჟრუანტელმა თუ გაიარა,

ჯოტო…

ფერი გაუთხელდა და მინანქრის სახედარი

გასრისა ხელისგულებში?

ღმერთს, აბრეშუმისაც რომ იყოს,

ამ სიმყიფეზე ვერ შესვამ,

ჯერ უნდა ოქროს ტიხრები  მოიგონო,

შარავანდედი, თავს ზევით რომ ძალა არაა,

იქ ინასკვება, ფერსაც იქ უსვამენ,

ლაჟვარდი საიდან?

უკვე მშობიარობადაწყებული თვალებიდან:

ლურჯ წმინდანებზე, მეწამულ კაცებზე?

უნაბისფერი მოსასხამიც იქვეა…

არც ამ სიტყვებში ყვავის ეკლესია

და ხალხმაც რა ქნას?

თვისი პატარ-პატარა ცეცხლები:

თოვლში ჩამპალი მანდარინისფერი (მეტაფორული),

სინჯარაში წვალებით გამოყვანილი (უხეშად საერო),

ჩააქრობინოს ამხელა ლაჟვარდს?

მეწამულ ჯოტოს?

ასეთივე მეწამული ტრამვაები, ზარების რეკვით,

ჩემს თვალებში გაივლიან

და შეერევიან ქარიან ქალაქს…

წვიმს…

ერთადერთი ჟანგისფერი ხე დგას თვალსაწიერზე…

© არილი