ლორენს ფერლინგეტი – პოეზიამ უნდა დაგვიცვას აპოკალიფსისგან, თუნდაც – აპოკალიფსური ლექსების მეშვეობით.

ferlingetti 3233

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

სახელმოხვეჭილი მწერლები, როგორც წესი, მაღაზიების მეპატრონენი არ გახლავან. მათ შორის  გამონაკლისია ლორენს ფერლინგეტი. ის ყოველთვის მაგონებდა ჯორჯ ვაშინგტონს – ისეთს, როგორიც ასახულია ემანუელ გოტლიბ ლეიცეს ცნობილ ფერწერულ ტილოზე: “ჯორჯ ვაშინგტონის მიერ  მდინარე დელავერის გადალახვა”; ოღონდ, დელავერის ნაცვლად ფერლინგეტი სან-ფრანცისკოს ყურეში წარმომიდგებოდა ხოლმე, ხოლო რევოლუციური არმიის ჯარისკაცთა  ნაცვლად, მის გვერდით ვხედავდი  რევოლუციური სულისკვეთებით გამსჭვალულ მწერლებსა და პოეტებს – ალენ გინზბერგს, ჯეკ კერუაკს და ფრენკ ო’ჰარას, რომელთაც ფერლინგეტიმ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მის მიერ დაარსებული სტამბისა და წიგნის მაღაზიის (სან-ფრანცისკოში) –  ”დიდი ქალაქის ჩირაღდნების” მეშვეობით.

   “დიდი ქალაქის ჩირაღდნები” 1953 წელს გაიხსნა. ის ახლაც “ნორთ ბიჩის” კუთხის შენობაშია განლაგებული და “ოთხი კუთხის მონუმენტის” (ტერიტორიის, რომელიც, ერთდროულად, კოლორადოს, ნიუ-მექსიკოს, არიზონისა და იუტის შტატებს მიეკუთვნება) ერთგვარ ლიტერატურულ ეკვივალენტს წარმოადგენს. სწორედ “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში” დაიწყო  ფერლინგეტიმ “ჯიბის პოეტების” სერიის გამოცემა,  რომელიც გინზბერგის “ყმუილსაც” მოიცავდა; შემდგომში, 1957 წელს, მან გაბედულად უარყო ბრალდებები  უხამსობაში (სასამართლო პროცესზე ფერლინგეტი დამნაშავედ არ ცნეს და ეს განაჩენი იმ პრეცედენტად იქცა, რომლის საფუძველზე ხელოვნების მოღვაწეები თავს იცავენ ხოლმე კონსტიტუციის პირველი შესწორების მეშვეობით).

      ფერლინგეტი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში), მხარს უჭერდა ფიდელ კასტროს, ეროვნული განთავისუფლების სანდინისტურ ფრონტს, შემდეგ – საპატისტურ ფრონტს; ის გახლდათ პაციფისტური მოძრაობის აქტივისტი, ეკოლოგი, მთარგმნელი და ექსპრესიონისტი მხატვარი (გატაცება, რომელსაც თავისი დროის უმეტეს ნაწილს უთმობს). მაგრამ 93 წლის ასაკში სან-ფრანცისკოს ეს ჭარმაგი მკვიდრი, უპირველეს ყოვლისა, პოეტია. 1958 წლის კრებული “აზროვნების კონი-აილენდი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოეტური კრებულია ამერიკაში (მხოლოდ პოეზიაში ხდება, რომ ბესტსელერი ესთეტიკური თვალსაზრისითაც შედევრს წარმოადგენს), ხოლო “ორი მენაგვე სატვირთო მანქანაში და  ორი ლამაზი მამაკაცი მერსედესში” (1979), ჩემი აზრით, კლასობრივი ბრძოლის თემაზე დაწერილი საუკეთესო ლექსია ამერიკულ ლიტერატურაში. ამერიკელთა ყველა ოცნება და იმედგაცრუება აისახა ამ ლექსის გულწრფელ სტრიქონებში: “და ქედმაღალ წყვილს მისჩერებიან მონუსხული  მენაგვეები ისე, / როგორც უყურებენ ხოლმე ტელერეკლამას, / რომელშიც შეიძლება იხილონ ყოველგვარი საოცრებები”. ლექსის ბოლოს ლირიკული გმირი “დემოკრატიის შუა ზღვაში” იმყოფება. უნდა ითქვას, რომ თვით ფერლინგეტი ყოველთვის შეუპოვრად მიაპობდა ამ ბობოქარი ზღვის ტალღებს. მისი უკანასკნელი კრებული, “აქტიური ცნობიერების დრო” (ახალი მიმართულებები), რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა, წინამორბედი წიგნის, “ამერიკუსის” (2004) გაგრძელება გახლავთ. ფერლინგეტის აზრით, გინზბერგი “თანამედროვე უიტმენია”, მაგრამ “აქტიური ცნობიერების დროში” თვითონაც  ეპიკური კილოთი, დინჯად აღწერს ამერიკელ პიონერთა თავგანწირულ მცდელობებს ოქროს, თავისუფლების, ხელოვნების, მიწების მოსაპოვებლად – და, აგრეთვე, ყოველივე ამორალურს, რასაც ისინი ამ მისწრაფებათა კარნახით სჩადიოდნენ. ფერლინგეტი, ასევე, ახსენებს ბიტნიკური მოძრაობის მრავალ წარმომადგენელს, მაგრამ ამ წიგნში იგრძნობა ელეგიური განწყობილება, შეგრძნება იმისა, რომ ჩაიფერფლა მგზნებარე ამერიკული სულისკვეთება, და რომ  მანიაკალური, ეგოისტური ახალი თაობა ძველი გმირების ოდენ უღირსი მემკვიდრეა.

   გასულ აგვისტოს ფერლინგეტის “ნორთ ბიჩის” პატარა კაფეში შევხვდი. ამჯერად ჯორჯ ვაშინგტონს არ წააგავდა და არც 93 წლის ასაკი ეტყობოდა (იქნებ, პოეზია ადამიანებს მარადიულ ახალგაზრდობას უნარჩუნებს?). ძალზე საქმიანი გახლდათ  (ინტერვიუს შემდეგ შევიტყვე, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით “ფერლინგეტი: სასწაულის აღორძინება” თებერვალში უნდა გამოეშვათ). ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პოეტი (მისი უკანასკნელი ნაწარმოების ერთ-ერთი ფრაზა რომ მოვიშველიოთ), “იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ამკვიდრებს დიად ტრადიციებს და ანგრევს კიდეც მათ”.

კრისტოფერ ბოლენი: თქვენი ახალი პოეტური კრებულის სათაური ავიაციის სფეროს განეკუთვნება, ხომ ასეა? ტერმინი “აქტიური ცნობიერების დრო” აღნიშნავს პერიოდს, როდესაც პილოტი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ საღად აზროვნება ჯერ კიდევ შეუძლია, რის შემდეგაც გონება ებინდება. ჩემი აზრით, თანამედროვე ამერიკამ ეს სათაური უნდა აღიქვას, როგორც  ერთგვარი გაფრთხილება.

ლორენს ფერლინგეტი: დიახ, ესაა მდგომარეობა, როდესაც ჯერ კიდევ საღად ვაზროვნებთ და თავის გადარჩენაც შეგვიძლია. ყველამ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს, მაგრამ არაფერს აკეთებს. ესაა გაფრთხილება მთელი მსოფლიოსთვის…

ბოლენი: რატომ არაფერს აკეთებენ? განა არაფერი ადარდებთ?

ფერლინგეტი: არაფერი ადარდებთ, რადგან მათი საარსებო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია. ეგოცენტრიკოსები გახლავან. საზოგადოებრივი ხელშეკრულება დავიწყებულია და ახალგაზრდა თაობამ არც კი იცის, რას ნიშნავს ეს ტერმინი.

ბოლენი: ჩვენი საარჩევნო ციკლის ხარვეზი ისაა, რომ თითოეული მათგანი ოთხწლიან პერიოდზეა გათვლილი. და ყოველი ახალარჩეული პრეზიდენტისთვის უმჯობესია აქტიური ქმედებებისგან თავის შეკავება, რადგან ამგვარი ქცევა უზრუნველყოფს მის ხელახალ არჩევას ამ პოსტზე.

ფერლინგეტი: ყველა იმედოვნებს, რომ ობამა, მეორედ არჩევის შემთხვევაში, ისეთსავე პოლიტიკას გაატარებს,  როგორც – ფრანკლინ რუზველტი მეორე ვადით არჩევის შემდეგ. მაგრამ ფრანკლინ რუზველტი ზრუნავდა იმაზე, რომ მესამედაც აერჩიათ. იმხანად შეზღუდვა არ არსებობდა. ყოველივე ამან განსაზღვრა რუზველტის პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად  მეორე ვადით აირჩიეს.

ბოლენი: ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ 67 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს თქვენ ნაგასაკიში ატომური ბომბის აფეთქებისთანავე ჩახვედით.

ფერლინგეტი: შვიდი კვირის თავზე ჩავედი. თავზარდამცემი სანახაობა დამხვდა. ის ადგილი გაასუფთავეს – სხვა შემთხევაში იქ არ შეგვიშვებდნენ. გემი სამხრეთ კიუსიუს მიადგა და მატარებლით გავემგზავრეთ ნაგასაკიში. საშინელება იყო. მაგრამ ეს ბომბი არაფერია იმათთან შედარებით, რომლებსაც ამჟამად ამზადებენ.

ბოლენი: ნანახმა ხომ არ გიბიძგათ, ლექსები დაგეწერათ?

ფერლინგეტი: არა, ლექსებს დიდი ხნით ადრე ვწერდი. მაგრამ მანამდე პოლიტიკა არ მაინტერესებდა. ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ყმაწვილი ვიყავი, გარეუბნელი ბოისკაუტი – ალალი, თავაზიანი, ზრდილი, ხალისიანი და თამამი.

ბოლენი: ეს თვისებები შეინარჩუნეთ?

ფერლინგეტი:  რა თქმა უნდა [იცინის].  მაგრამ ნაგასაკიში მიღებული გამოცდილება მთავარი როდი გახლდათ; გადამწყვეტი როლი შეასრულა სან-ფრანცისკოში ჩასვლამ, იმ პერიოდში, როდესაც იბადებოდა ახალი სან-ფრანცისკო. იქ სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოვხვდი, 1951 წლის იანვარში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსახლეობა ძალზე შემცირებული იყო. მაგრამ შემდეგ უეცრად კონტინენტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დასავლეთში გადაინაცვლა. ამერიკას ათი წელი დასჭირდა, რათა ახალი კულტურა შეექმნა და მას საფუძველი ჩაეყარა სან-ფრანცისკოში და არა ნიუ-იორკში.

ბოლენი: ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ იზიდავდა ახალგაზრდებს დასავლეთი და არა ნიუ-იორკი.

ფერლინგეტი: ნიუ-იორკელი გახლავართ და ომის დასრულების შემდეგ ვცადე, იქვე მომეძებნა  სამუშაო – რომელიმე გამომცემლობასა ან გაზეთში, მაგრამ არსად მიმიღეს. სან-ფრანცისკოში კი არავითარი დაბრკოლება არ შემხვედრია. 40-იან წლებში ეს იყო ქვეყნის პერიფერია. სწორედ აქ დაიწყო და შემდეგ აღმოსავლეთში გავრცელდა ახალი კულტურა – ისევე, როგორც ელექტრონული რევოლუცია, რომელიც დაიწყო ეგრეთ წოდებულ  ”სილიკონის ველზე”.

ბოლენი: “აქტიური ცნობიერების დრო”,  ძირითადად, დასავლეთს შეეხება.

ფერლინგეტი: დასავლეთს  ორტომეულის მეორე ტომი ეძღვნება. პირველ ტომში საუბარია ევროპის, შემდეგ – ნიუ-იორკის და, ბოლოს, კენედის მკვლელობის შესახებ. მეორე  ტომი ამ მომენტიდან იწყება და შემდეგ საუბარია დასავლეთის შესახებ.

ბოლენი: ამ ლექსებში სპორადულად გვხვდება ბიტნიკთა სახეები. მითხარით, როგორ აფასებთ პოეტ-ბიტნიკთა მემკვიდრეობას.

ფერლინგეტი: მათ მეტი ღირებულება როდი აქვთ, ვიდრე – სხვა პოეტებს. როდესაც სან-ფრანცისკოში ჩავედი, ჩემი ფრანგული ბერეტი ჯერ კიდევ მეხურა! ბიტნიკი პოეტები, მაგალითად, გინზბერგი და კერუაკი ჩემზე რამდენიმე წლით ახალგაზრდანი იყვნენ. იმ ასაკისანი არ გახლდნენ, რომ ჯარში გაეწვიათ. სწორედ ეს განგვასხვავებდა ერთმანეთისგან. ჩემი პოეტიკა არსებითად განირჩეოდა ალენ გინზბერგის პოეტიკისგან. გინზბერგი გახლდათ რუსეთიდან ემიგრირებულ ებრაელთა შთამომავალი, რადიკალი, კომუნისტი. ტიპური ნიუ-იორკელი რადიკალი, რომელმაც ე.წ. “კარტოფილის სალათის ფილოსოფია” პოეზიის ენად აქცია. მე კი გავიზარდე ძალზე ტრადიციულ ვესტჩესტერში, სრულიად განსხვავებულ გარემოში. მხოლოდ სან-ფრანცისკოში შევძელი მომესმინა თავისუფალი რადიოს გადაცემები, რომლებიც  ფართო კულტურულ პროგრამას მოიცავდა. საინტერესო რადიოგადაცემები მიჰყავდათ ალან უოტსს და კენეტ რექსროთს, ყველაზე მნიშვნელოვან პოეტსა და კრიტიკოსს სან-ფრანცისკოში. მის ნაწარმოებებს აქვეყნებდა გამომცემლობა “ახალი მიმართულებები” და  ჟურნალი “ერი”. რექსროთის გადაცემები ძალზე ფართო პროგრამას მოიცავდა, რადგან ის, უბრალოდ, წიგნებს კი არ მიმოიხილავდა, არამედ გვაწვდიდა ღრმა ცოდნას გეოლოგიის, ასტრონომიის, ფილოსოფიის, ლოგიკის, ანტიკური ლიტერატურის სფეროდან. ყოველ პარასკევს ვსტუმრობდი ხოლმე მის წვეულებებს, სადაც  უამრავი პოეტი იყრიდა თავს.  ფილმორის ოლქში ცხოვრობდა, სკოტ  სტრიტზე. მასთან მოხუცებიც მიდიოდნენ და ახალგაზრდებიც, მაგრამ – მხოლოდ პოეტები. სწორედ იქ გავიცანი კერუაკი, ნილ კესიდი და გრეგორი კორსო…

ბოლენი: თქვენ მათზე უფროსი იყავით, ომშიც მიიღეთ მონაწილეობა… ალბათ, იგრძნობოდა, რომ სხვადასხვა მასშტაბის ცხოვრებისეული გამოცდილება გქონდათ.

ფერლინგეტი: ნამდვილად იგრძნობოდა. მე უკვე დაოჯახებული გახლდით. მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობდი. და მაღაზია მქონდა (იცინის). ბიტნიკებს თავი მაშინ მივაკუთვნე, როდესაც მათი ნაწერების გამოქვეყნება დავიწყე.

ბოლენი: სანამ ბიტნიკთა  ნაწარმოებებს გამოსცემდით, გრძნობდით თუ არა მათი შემოქმედების ღირებულებას? განსაკუთრებულ მოვლენად ითვლებოდა თუ არა ის იმხანად?

ფერლინგეტი: რა თქმა უნდა, ითვლებოდა. მაღაზიის გახსნიდან ორი წლის თავზე დავიწყე “ჯიბის პოეტთა” სერიის გამოცემა. მაღაზია გაიხსნა 1953 წლის ივნისში და ჩემი პირველი პარტნიორი მაღაზიაში იყო პიტერ მარტინი, კარლო ტრესკას ვაჟი. იცით, ვინ იყო კარლო ტრესკა? ის იყო იტალიელი ანარქისტი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩაში მოკლეს. ამდენად, თავდაპირველად “დიდი ქალაქის ჩირაღდნების” სპეციფიკურ მიმართულებას განსაზღვრავდა პიტერის იდეები და  კენეტ რექსროთის რადიოგადაცემები.

ბოლენი: მაშასადამე, თქვენ, ფაქტობრივად, ერთგვარი პოეტური რევოლუცია მოახდინეთ. თვით “ჯიბის პოეტების” გამოცემაც ხომ თავისებური  მანიფესტი გახლდათ.

ფერლინგეტი: მანამდე პოეზია ძალზე აკადემიური იყო. პოეზიის მეფედ აღიარებული კარლ შაპირო ჟურნალ “პოეზიას” რედაქტორობდა (ჩიკაგოში) და  აკადემიურ ჯგუფს ედგა სათავეში. მაგრამ “ყმუილის” გამოქვეყნების შემდეგ კარლ შაპიროს აღარავინ არაფრად აგდებდა. (იცინის). ეს “როკ-რევოლუციის” მსგავსი მოვლენა იყო. მანამდე, 1959-იან წლებში, ჯაზი გაბატონებული იყო. ჯაზ-კლუბში ნახავდით უამრავ ახალგაზრდას, რომელთაც მუქმინიანი სათვალეები ეკეთათ, მუსიკას უსმენდნენ და  თითებს ატკაცუნებდნენ – კარგი რამ იყო! როკ-რევოლუციის შემდეგ, 1960-იანი წლების დასაწყისში, ჯაზს აღარავინ უსმენდა. იგივე მოხდა გინზბერგის “ყმუილის” გამოქვეყნების შემდეგ. აღარავინ აღიქვამდა პოეზიას ისე, როგორც უწინ. ისიც საინტერესოა, რომ აშშ-ის ბევრი ომამდელი ლიტერატურული ფიგურა – ჰემინგუეის მსგავსი სახელგანთქმული მწერლები – ალკოჰოლიკები იყვნენ. თანაც, ჰეტეროსექსუალები, მაჩოები გახლდნენ – ყველა მაჩო არ იყო, მაგრამ ჰეტეროსექსუალები კი იყვნენ. ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს საჯაროდ არ ამჟღავნებდნენ. შემდეგ მოვიდნენ ბიტნიკები, რომლებიც ალკოჰოლსაც ეტანებოდნენ და ნარკოტიკებსაც. მარიხუანას ყველა ეწეოდა.

ბოლენი: როგორ მოხდა, რომ ნარკომანი არ გამხდარხართ?

ფერლინგეტი: რამდენჯერმე მოვწიე, მაგრამ მალევე მივატოვე – იმხანად უკვე დაცოლშვილებული ვიყავი. ორი შვილი მყავდა. ბავშვები გვიან გვეყოლა.

ბოლენი: მარიხუანას მოწევა თვითგანადგურებისკენ სწრაფვით არ აიხსნება, თუმცა, ზოგადად, თვითგანადგურებისკენ ლტოლვა დამახასიათებელია ბიტნიკებისთვის.

ფერლინგეტი: იმხანად არ ვფიქრობდი თვითგანადგურების შესახებ. უბრალოდ, მარიხუანას ზეგავლენით უდიდეს თავისუფლებას განვიცდიდი. და მაინც, რა მოუტანა 60-იანმა წლებმა ქვეყანას? ახლა არავინ იგონებს იმდროინდელ მოვლენებს. ახალგაზრდები კომპიუტერებს უსხედან ინტერნეტ-კაფეებში. ტოტალური მატერიალიზმი გამეფდა. დღევანდელობა ისეთია, როგორც გინზბერგი წინასწარმეტყველებდა. მოლოქი დაეუფლა ქვეყნიერებას.

ბოლენი: განა უცნაური არაა, ბიტნიკები – მათ შორის, თქვენც – კულტურულ სიმბოლოებად იქცნენ, მაგრამ მათი ნაწარმოებები არავის აინტერესებს? ალბათ, სადღაც, წმინდა მარკოზის მოედანზე, მაისურს გინზბერგის ან კერუაკის გამოსახულებით უპირატესობას ანიჭებენ მათ წიგნებთან შედარებით.

ფერლინგეტი:  კერუაკს ჯერ კიდევ აფასებენ, გინზბერგს კი – არა. კერუაკის უამრავ წიგნს ვხედავ ხოლმე, მაგრამ გინზბერგს აღარავინ ახსენებს.

ბოლენი:კრისტოფერ ბრემის საინტერესო წიგნში – “გამოჩენილი მეამბოხეები” – საუბარია “ყმუილის” გამოქვეყნების შემდეგ გამართული სასამართლო პროცესის შესახებ, როდესაც უხამსობაში დაგადანაშაულეს თქვენ და არა –  გინზბერგი. ბრემის აზრით, სასამართლო პროცესი რომ ჩატარებულიყო ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით და არა მხოლოდ მოსამართლისა, შეიძლებოდა სხვაგვარი განაჩენი გამოეტანათ.

ფერლინგეტი: შესაძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენი მოსამართლე ძალზე კონსერვატიულად განწყობილი პიროვნება გახლდათ.

ბოლენი: საკვირაო სკოლის მასწავლებელი იყო, ხომ ასეა?

ფერლინგეტი: ჰო, მოსამართლე კლეიტონ ჰორნი. მაგრამ მან იცოდა, რა გადაწყვეტილება გამოიტანა აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯეიმს ჯოისის “ულისესთან” დაკავშირებით და მისი განაჩენი ამ პრეცედენტს ემყარებოდა. კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელსაც ჰორნი ემყარებოდა, იმაში მდგომარეობდა, რომ წიგნს უხამსს ვერ უწოდებ, თუკი მას მცირეოდენი სოციალური ღირებულება მაინც აქვს. ასეთი იყო ვითარება მაშინ და შემდგომშიც. და ამან საშუალება მისცა, მაგალითად, გროუვის გამომცემლობას, გამოექვეყნებინა ჰენრი მილერისა და დ. ჰ.ლოურენსის ნაწარმოებები. თუმცა მათ სასამართლო ბატალიებში მონაწილეობა და თავის დაცვა მოუხდათ.

ბოლენი: გახსოვთ თუ არა, რას ფიქრობდით, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ? შიშობდით, რომ პატიმრობას მოგისჯიდნენ?

ფერლინგეტი: მეგონა, პატიმრობას მომისჯიდნენ, მაგრამ ახალგაზრდა და ქარაფშუტა ვიყავი, ამიტომ ვფიქრობდი,  რომ საპყრობილეში მხოლოდ რამდენიმე თვეს გავატარებდი და იქ ბევრი წიგნის წაკითხვის საშუალება მექნებოდა. ასე რომ, შიშს არ განვიცდიდი. ვფიქრობდი, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, დამნაშავედ მივეჩნიეთ, იმდროინდელი მორალური კოდექსის შესაბამისად.

ბოლენი: იმ მოსამართლეს შემდგომში ხომ არ შეხვედრიხართ? მისთვის საჩუქარი და მადლობა ხომ არ გაგიმეტებიათ?

ფერლინგეტი: [იცინის] არა, მაგრამ ყავას ვსვამდი ხოლმე ნორთ-ბიჩელ მოსამართლესთან ერთად და სწორედ მან გააუქმა ახლახან კალიფორნიაში არსებული კანონი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ.

ბოლენი: წუხელ გადავიკითხე “ბიგ სური”, რომელშიც თქვენი ქოხი ფიგურირებს.  ის ქოხი კიდევ არსებობს?

ფერლინგეტი: დიახ. ჩემი ვაჟი ხვალ აპირებს იქ წასვლას.

ბოლენი: ჩემი აზრით, არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კერუაკი აფასებდა პატივისცემას, რომლითაც მას ამერიკელი მოზარდები ეკიდებოდნენ. მაგრამ “ბიგ სურის” პირველ ნაწილში მისი ალტერ ეგო ოცნებობს ექვსი ფუტის სიმაღლის ღობის შესახებ, რათა იქ მოზარდებს არ შემოეღწიათ.

ფერლინგეტი: იმ დროს ალკოჰოლით იყო გაბრუებული.

ბოლენი: მაინტერესებს, მოახდინა თუ არა უარყოფითი ზეგავლენა სახელის მოხვეჭამ ბევრი მწერლის კარიერაზე. იმდენად სახელოვანი იყო თუ არა ბიტ-თაობა, რომ ამის გამო მათი ლიტერატურული შემოქმედება დაკნინებულიყო?

ფერლინგეტი: სახელის მოხვეჭამ თითოეულ მათგანზე საგანგებო ზეგავლენა მოახდინა.  მას შემდეგ, რაც კერუაკმა გამოაქვეყნა “გზაზე” და საყოველთაო აღიარება მოიპოვა, ის ჩამოშორდა თავის ყოფილ თანამოაზრეებს. აღარ მოინდომა მათთან ერთად გზებზე ხეტიალი, შინ გაემგზავრა და დედამისზე ზრუნვა ითავა. ხან ფლორიდაში ცხოვრობდა, ხან კი – ლოუელში (მასაჩუსეტსი). კერუაკის კარიერაზე დამღუპველი ზემოქმედება მოახდინა ალკოჰოლმა, მაგრამ, ლოთობის მიუხედავად, მან  უამრავი ნაწარმოები  გამოაქვეყნა. ამიტომ არა მგონია, რომ მასზე უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინა სახელის მოხვეჭას. კერუაკი ალკოჰოლმა დაღუპა. რაც შეეხება გინზბერგს, მისი კარიერა წარმატებული იყო. ალენი დამოკიდებული არ გახლდათ ნარკოტიკებზე. სურდა, სახელი გაეთქვა და მეორე უოლტ უიტმენად ქცეულიყო. და ეს, მნიშვნელოვანწილად, შეძლო კიდეც. მისი სახით მართლაც შევიძინეთ ახალი უოლტ უიტმენი.

ბოლენი: ჩემი აზრით, “აქტიური ცნობიერების დრო” ძალზე წააგავს უიტმენის ნაწარმოებებს. ტ.ს.ელიოტის ზეგავლენაც შევნიშნე.

ფერლინგეტი: ტ.ს. ელიოტმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩემს თაობაზე. გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე – ეზრა პაუნდმა. ტ.ს.ელიოტის წიგნები შინიდან გავიტანე, რადგან მის გავლენას თავს ვერ ვაღწევდი. ყველაფერი, რაც კი დამიწერია, ელიოტს წააგავს. [იცინის]. და, არ შემცდარხართ, ელიოტის ზეგავლენაც განვიცადე.

ბოლენი: შევნიშნე, რომ ამ წიგნში ჩართულია თქვენი ადრეული ლექსები. მაგალითად, ვიპოვე სტრიქონები თქვენი შესანიშნავი ლექსიდან “ორი მენაგვე”. ამ ფაქტმა დამაინტერესა.

ფერლინგეტი: შეიძლება გამოაქვეყნოთ ლექსი, რომელიც მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიგაჩნიათ და ამის გამო სიტყვასაც არავინ არ დაძრავს. არავინ მელაპარაკება ამის შესახებ. არავინ მწერს ამის შესახებ, და წიგნის ათასობით ეგზემპლარი იბეჭდება. პოეტური კრებულის გამოქვეყნება იგივეა, რაც წიგნის ჩაგდება უფსკრულში – ველოდები ხოლმე, გავიგონებ თუ არა  ექოს.  ძალიან ხშირად არაფერი მესმის.  ძველი ნაწარმოების ახალ  კონტექსტში მოთავსებისას მკითხველი იძულებული ხდება, გაიაზროს მისი მნიშვნელობა – თუკი ეს მნიშვნელობა არსებობს. ყველაფერი საჭიროებს კონტექსტს. გინზბერგს  საკუთარი კონტექსტი ჰქონდა, ისევე, როგორც – კერუაკს. კონტექსტი სხვა არაფერია, თუ არა ნაწარმოებში გამოყენებული პერსპექტივა ან თვალსაზრისი. საბედნიეროდ, წიგნის მაღაზია მქონდა.

ბოლენი: მიამბეთ ფრენკ ო’ჰარას შესახებ. თქვენ გამოაქვეყნეთ მისი “სადილის დროს დაწერილი ლექსები”. როგორ მუშაობდით მასთან?

ფერლინგეტი: ერთმანეთს ბარათებს ვუგზავნიდით. პირისპირ არასოდეს გვისაუბრია.  არ ვიცი, რამ მიბიძგა, რომ მისთვის მიმეწერა. მგონი, წავიკითხე მისი ერთი ლექსი, რომელიც სადილის დროს დაწერა (იმხანად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მუშაობდა). მივწერე, რას იტყოდით, “სადილის დროს დაწერილი ლექსების” კრებული რომ გამოვცე-მეთქი. მან გამომიგზავნა ბარათი, რომელზეც ერთადერთი სიტყვა ეწერა: “კარგი”. ერთი წელი  დავიცადე და მივწერე: “როგორაა სადილის საქმე?” მან მომწერა: “იხარშება”. და მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამომიგზავნა  თავისი ლექსები.

ბოლენი: წიგნის მაღაზიის გახსნის შემდეგ იგრძენით თუ არა რეალური განსხვავება თქვენს საქმიანობასა და ძველ ტრადიციებს შორის?

ფერლინგეტი: რა თქმა უნდა. ერთი მხრივ, წიგნის მაღაზიები მთელს ქვეყანაში ყოველ შაბათ-კვირას იკეტებოდა და საღამოობითაც არ მუშაობდა. ჩვენი მაღაზია კი დილის ათი საათიდან ღამის ორ საათამდე ღია იყო. ეს გაუგონარი რამ გახლდათ. ჩვენ გვინდოდა გვქონოდა მემარცხენე და მემარჯვენე მიმართულების ყველაზე რადიკალური წიგნები. იმხანად ნორთ-ბიჩი ჯერ კიდევ იტალიური და ბოჰემური უბანი გახლდათ. “დიდი ქალაქის ჩირაღდნების” ადგილას იტალიური წიგნის მაღაზია იყო. ჩრდილოეთ სანაპიროს იტალიური მოსახლეობა იყოფოდა იტალიელ ანარქისტებად და მუსოლინის მომხრეებად.

ბოლენი: [იცინის] შესანიშნავ ადგილას მოხვედრილხართ.

ფერლინგეტი: რამდენიმე იტალიურ ანარქისტულ გაზეთს უშუალოდ იტალიიდან ვიღებდით. და იტალიელები მათ სიამოვნებით იძენდნენ. და კიდევ ერთი რამ გვსურდა – მაღაზია საზოგადოებრივ ცენტრად უნდა ქცეულიყო. ელექტრონული რევოლუციის გათვალისწინებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ  წიგნის მაღაზიები იქცნენ საზოგადოებრივ ცენტრებად, სადაც ადამიანები შეძლებენ პირისპირ ესაუბრონ ერთმანეთს.

ბოლენი: 80-იან წლებში სანდინისტთა მომხრე იყავით. ნიკარაგუაში გაემგზავრეთ და დანიელ ორტეგას შეხვდით. ხომ არ ფიქრობთ, რომ პოეზია და პოლიტიკა ერთმანეთს ენათესავება?

ფერლინგეტი: არა, ისინი სხვადასხვა რამაა. ნეტავ იმის საშუალება გვქონდეს, რომ  მხოლოდ  ლირიკული ლექსები ვწეროთ. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ადამიანს სჭირდება თავისი პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სიყვარული, ფული და ა.შ.  ხშირად ხდება, რომ ესა თუ ის  ფაშისტი ნაძირალა შეეცდება ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ, ის სულ უფრო მეტად გაძლიერდება. ამიტომ საჭიროა ამგვარ ნაძირალებთან ბრძოლა.

ბოლენი: უწინ მრავალ რადიკალურ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობდით. სხვა მწერალთა მსგავსად, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, უარი ხომ არ განაცხადეთ გადასახადების გადახდაზე?

ფერლინგეტი: თაყვანს ვცემ  ჯოან ბაეზს, რომელმაც ეს მოიმოქმედა. მართლაც, გადასახადებს სრულად არ ვიხდიდი. მრავალი წლის განმავლობაში ჩემი სიმბოლური პროტესტი იმაში მდგომარეობდა, რომ საგადასახადო დეკლარაციაში ჩემი შემოსავლის რაოდენობას ერთ დოლარს ვაკლებდი. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ  სიმბოლური პროტესტი იყო – მთავრობას საომარი ხარჯებისთვის ერთი დოლარით ნაკლებს ვურიცხავდი.

ბოლენი კასტროსაც ხომ  უჭერდით მხარს? ცივი ომის პერიოდში კომუნიზმის მხარდაჭერა არც ისე უსაფრთხო იყო.

ფერლინგეტი: როდესაც კუბაზე გავემგზავრე, კომუნიზმზე არ ვფიქრობდი. თავდაპირველად  ფიდელისტები – სტუდენტები და ასპირანტები – კომუნისტები არ გახლდნენ. შემდეგ მათ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და შეეცადნენ მოეპოვებინათ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობისა, რომელმაც მათი თხოვნა უგულებელყო. ფიდელისტები სავალალო პოლიტიკურ და ეკონომიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ამიტომ დათანხმდნენ საბჭოთა კავშირის შეთავაზებებზე. კომუნიზმისადმი მათი მიმხრობა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. მახსოვს, ერთხელ ნიკარაგუის გაზეთში ამოვიკითხე კასტროს აღიარება: “მოსკოვის თანამოაზრე არა ვარ. მისი მსხვერპლი გახლავართ”. ამგვარ განცხადებებს ამერიკული პრესა არ აქვეყნებს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ჩემი გადასახადებიდან ერთი დოლარის დაკლება  არც ისე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ  50-იან და 60-იან წლებში ფიდელისტი ვიყავი. მოგვიანებით ვიქეცი სანდინისტად, მოგვიანებით კი – ზაპატისტად. ჯერ კიდევ ფიდელისტი ვარ, და ჯერ კიდევ დადებითად ვაფასებ სანდინისტურ რევოლუციას, რომელიც, სამწუხაროდ, დიდი ხნის წინ დასრულდა. ამჟამად სოციალიზმი სალანძღავ სიტყვად იქცა, მაგრამ იქნებ ჰუმანური სოციალიზმი უკეთესია, ვიდრე კაპიტალიზმი და მასთან დაკავშირებული კეთილდღეობა?

ბოლენი: “აქტიური ცნობიერების დროში” იგრძნობა მძაფრი განსხვავება დღევანდელ ამერიკასა და გასული საუკუნის პიონერებს შორის, რომლებსაც თქვენ ელეგიურად აღწერთ. თქვენი აზრით, ამერიკელთა ეს თაობა –  რომელსაც უმღერის ბობ დილანი – განსხვავებოდა დღევანდელი ამერიკელებისგან?

ფერლინგეტი: დღეს საზოგადოებრივ ადგილებში ნახავთ მოხდენილად ჩაცმულ, მოკლედ თმაშეკრეჭილ ამერიკელებს, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ სიცოცხლე კომპიუტერების გარეშე. ყოველი მათგანი იმ ძველ ამერიკელთა შთამომავალია. რა კავშირია მათ შორის? ამ ახალგაზრდებმა არაფერი უწყიან საკუთარი ფესვების შესახებ და წარმოდგენაც არა აქვთ, რა გადაიტანეს მათმა პაპებმა არსებობისათვის ბრძოლის პროცესში.

ბოლენი: ისტორიის უგულებელყოფა, ერთი მხრივ,  წარსულის ტვირთისგან გვათავისუფლებს, მაგრამ საკუთარი ფესვების დავიწყება სასიკეთო შედეგებს არ მოგვიტანს.

ფერლინგეტი: გორ ვიდალის წიგნი – “ამნეზიის შეერთებული შტატები” –  გამახსენდა, ახლა არავის აღარაფერი ახსოვს. ეს მართლაც საოცარი რამაა.

ბოლენი: თქვენს ბოლოდროინდელ ლექსებში კვლავ შეიმჩნევა  ბიტნიკური (მაგალითად, გზებზე ხეტიალის და ა.შ.) მოტივები. ბოლო დროს ბევრს მოგზაურობდით ჩვენს ქვეყანაში?

ფერლინგეტი: დიდი ხანია – 70-იანი წლების შემდეგ – მატარებლით არ მიმოგზაურია.

ბოლენი: დღევანდელ გაზეთში წავიკითხე, რომ ეკოლოგებმა დონერ სამიტი გადაარჩინეს. მას, ალბათ, პარკად აქცევენ. ასე რომ, მისი სახით, შეიძლება შევინარჩუნოთ ისტორია და დავიცვათ ბუნება.

ფერლინგეტი: ჰო, გუბერნატორი ბრაუნი ამისთვის ყოველ ღონეს ხმარობს. იცით, პირველი ვადით არჩევის დროს მას “მუნბიმის” გუბერნატორს ეძახდნენ. მუნბიმისა!

ბოლენი: როდესაც “ჯიბის პოეტთა სერიას” აქვეყნებდით, აქტიურად ერეოდით ლექსების რედაქტირებაში? თუ ტექსტების  ხელშეუხებლობის  მომხრე იყავით?

ფერლინგეტი: ოჰ, არა. ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი პოეტებთან. გინზბერგის გამომცემელი გახლდით, თუ არ ჩავთვლით  მისი სიცოცხლის ბოლო ათ წელს, სანამ მას ნიუ-იორკელი გამომცემელი გადაიბირებდა. ბევრს ვმუშაობდი მისი ლექსების ფორმის დასახვეწად. “ყმუილის” ერთი ნაწილი, ჩემი რჩევით, მან წიგნში არ შეიტანა. ეს საჯაროდ არასოდეს უღიარებია, იმ წიგნშიც კი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ ქმნიდა “ყმუილს”. შევცვალე ამ წიგნის სათაურიც. თავდაპირველად მას ეწოდებოდა “ყმუილი კარლ სოლომონზე”, რაც  პოემის თემას ზედმეტად აკონკრეტებდა.  ვაიძულე გინზბერგი, რომ სიტყვები “კარლ სოლომონი” მეორე გვერდზე გადაეტანა. ამდენად, პოემის სათაურად იქცა “ყმუილი”, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პირვანდელი ვარიანტისგან.

ბოლენი: პოეტურ საღამოებს კვლავ ატარებთ ხოლმე?

ფერლინგეტი: უკვე არა. დროდადრო ვატარებ, მაგრამ, ძირითადად, ვცდილობ თავი შევიკავო. მირჩევნია, მხატვრობას დავუთმო დრო.

ბოლენი: რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ვნახე, როგორ კითხულობდით ლექსებს მუსიკის თანხლებით.

ფერლინგეტი: არფაზე ვუკრავდი?

ბოლენი: არა. ფონად დელფინების თუ თოლიების ხმები გასდევდა.

ფერლინგეტი: “უკანასკნელ ვალსში” [1978] მივიღე მონაწილეობა. ნახეთ? “მამაო ჩვენოს” ვარიაცია წავიკითხე. იქ უამრავი პოეტი იყო. არც ერთმა მათგანმა არ შეიწუხა თავი, რომ მიკროფონში ელაპარაკა. ერთადერთი გახლდით, ვინც მართლაც მიკროფონში ლაპარაკობდა. კულისებს მიღმა საშინელება ტრიალებდა.

ბოლენი: თქვენ ერთხელ თქვით, რომ ბევრი პოეტი საუკეთესო ნაწარმოებებს ახალგაზრდობისას წერს, რასაც რემბოს ეფექტი შეიძლება ვუწოდოთ. ახლა, 93 წლის ასაკში, ლექსებს წერთ. არსებობს თუ არა საუკეთესო ასაკი პოეტური შემოქმედებისთვის?

ფერლინგეტი: 16 წლის ასაკში ყველა ჭაბუკი პოეტია, მაგრამ რამდენი მამაკაცი წერს ლექსებს 50 წლის ასაკში? ჩვეულებრივ, ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო კონსერვატულები ხდებიან, თუმცა, მგონი, მე სულ უფრო რადიკალური ვხდები. პოეზიამ უნდა დაგვიცვას აპოკალიფსისგან, თუნდაც – აპოკალიფსური ლექსების მეშვეობით.

© არილი