პროზა

ლუკა ბაქანიძე – ბოგილა

bogila-8879

– აჰაა… აბა თქვენ გაწყობთ ბოგილა. – ტიპი ამბობს.

– რაის ბოგილა? – ლეონი ეკითხება.

– პატარა მდინარეა, – უხსნის ტიპი, – ხეობით ახვალთ წამში.

არადა, გარკვევით გვითხრა კატრინამ: ჩამოხვალთ ოზურგეთში, დააჯდებით ტაქსის, ან სამარშუტოს, ან ბოლოს და ბოლოს, ისტოპერებთ, მაგის დედაც. მე კიდე ზღვაზე მინდა. კატრინაც მკიდია და ის ტიპიც. მინდა, რო არსად გაჩერდეს მატარებელი ურეკამდე, მაგრამ, კატრინა ლეონის შეყვარებულია, რომელიც სადღაც მიკარგულ სოფელში ისვენებს და ნახვა მოეპრიანა ლეონას. მივალთ, დავრჩებით და დილით გავბერავთ ზღვაზე. აქ კაი მარიხუანა ვიშოვეო, – კატრინამ, – გაგატანთო, ჩვენ კი უკანასკნელი მასტერკა გავაბოლეთ წეღან, მატარებლის ტუალეტის ფანჯარაში, ასე რომ, ჯანდაბას, იყოს კატრინა, და ბაბუამისის გურული ჭაჭაც არ გვაწყენდა, პრინციპში.

ხიდებზე რომ გადადის ხოლმე მატარებელი, სულ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ჰაერში მივქრივარ, თან ბორბლებიც რო სულ სხვანაირად დგანდგარებს ამ დროს, და ექოები გეხლება გარშემო, ყველა მხრიდან… მოკლედ, ძალიან მიყვარს, ხიდი რო უწევს მატარებელს და აქეთ კიდე, დასავლეთში, ოხრადაა ხიდები. მიწოლილი ვარ და ვნეტარებ, ბორბლების ხმას ვუსმენ, მარიხუანას ძალი და ღონეც სტაბილურად დამიდის ძარღვებში და ბევრი რო არ ვახურო, ყველაფერი ხუთიანზე იქნებოდა, სამტრედიის სადგურში ეს კლიენტი რო არ შემოესახლებინათ ჩვენს კუპეში. ცუდი ბიჭი არ ჩანს, მაგრამ ტვინს ბურღავს, თან დასალევიც გააძრო და უბერავს მარტოკა: მე და ლეონამ უარი ვთქვით დალევაზე, პრიხოდი რომ არ გავიფუჭოთ.

მივუახლოვდით ოზურგეთს. წამოვდექი, ზედა საწოლზე შეგდებული ზურგჩანთები რო ჩამომეღო და მესმის, ტიპი ამბობს:

– ჯერ ადრეა, ბიჭებო. ნატანებში უნდა ჩამოვიდეთ ჩვენ.

– ზუსტად იცი? – ვეკითხები ეჭვით.

– აქაური ვარ ბიჭებო მე. მაგის მეტი რა ვიცი.

– შენ თვითონ საით? – ახლა ლეონა ეკითხება.

– ჩემი სადგური გამოვიარეთ უკვე, – გაეცინა ტიპს.

ერიჰაა. დათვრა ეს ჩემისა, – გულში ვფიქრობ.

ტიპმა დაგვამშვიდა: – ეგ არაფერი, ბიჭებო. ნატანებში მყავს შინაურები, ღამე დავრჩები და დილით წამოვალ უკან, რა პრობლემაა.

– შენა ხარ ძმაო კაცი! – უთხრა ლეონმა და ხელი მოუთათუნა მხარზე, იმან კიდე დაიმორცხვა ბავშვივით: – აბა ერთმანეთს მხარში თუ არ დავუდექით, ძმებო, რა ქართველები ვართ მაშინ!

ვერ ვიტან ბლიად, მთვრალზე პატრიოტულები რო შემოყავთ ხოლმე.

– რა გქვია? – ვეკითხები.

– მიქელას მეძახიან, – გაგვიღიმა ტიპმა.

მდაა. აბა დავუჯეროთ და გავყვეთ მიქელას, მაშასადამე.

ლეონა ეუბნება: – მე ლევანი ვარ, ეს ლუკაა.

– ჭირიმე თქვენი, ბიჭებო, – ლუღლუღებს მიქელა და ეგრევე, ბოთლიდანვე იყუდებს არაყს.

 

* * *

დუგუმ-დუგუმ, დუგუმ-დუგუმ, – უბერავს მატარებელი. ჩამოვლილ ხეებს და ბოძებს ვადევნებ თვალს ფანჯარაში, ოდნავ თავბრუ მესხმის და საიდანღაც, შორიდან ჩამესმის:

– ხოდაა, ბიჭებო, ეგრე უნახავთ, ბოგილაზე, მესამე ჩანჩქერთან რო ძველი ნაწისქვილარია, მაგის გვერდით ეკიდა თურმე ხეზე და ქანაობდა: ლოთი ქმარი ჰყავდა და ცემდაო, ამას კიდე სხვა სოფლელი უყვარდაო და ბოლოს, რო ვეღარ გაუძლო, ჩასულა ხეობაში და ჩამოუხრჩია საწყალს თავი. მაგის მერე ნაძრახ ადგილად ითვლება ეგ ხეობა.

ნახე, რეებს გვიყვება ეს კრეტინი ამ მოწეულ ხალხს. მე კიდევ ჰო, ძაან ვხალისობ ასეთ იდიოტურ ლეგენდებზე, მაგრამ ლეონაა გაქანებული პარანორმალი. მაგის კომპიუტერის დესკტოპზე რო თვალდახუჭულმა დაკლიკო, ან უცხოპლანეტელის ფოტოს გახსნი, ან რაიმე სპირიტულ გვერდზე შევარდები ნეტში – ისეთი ნაგიჟარია. ახლაც, მესმის, ინტერესისგან როგორ აუკანკალდა ხმა:

– ხოო? და შენ რა იცი მიქელ, ჰა? ეგებ, ჭორებია…

M- მე რავი აბა ძმა, მე ეგეთების არა მწამს, მაგრამ აქეთ კი სჯერათ და, – ხელი ჩაიქნია მიქელამ და არაყი მოსვა. სადგურზე რო ამოვიდა, გემოზე მთვრალი იყო, ახლა კიდე ენაც ებმოდა უკვე და შიგადაშიგ სლოკინებდა.

– მერე რაო, მიქელ, მერე რა მომხდარა? – ეკითხება ლეონა.

მიქელამ შეათვალიერა და გაეცინა: – შენცა გჯერა, ხო?

– მჯერა არა კვახი, – ეწყინა ლეონს, – ისე, მაინტერესებდა პროსტა.

– ბაბუაჩემი ამბობს, მთვარიან ღამეს რო აუყვე კაცი ბოგილას, ახლაც დაინახავ როგორ ქანაობს ხეზეო, და კიდე რაღაც სიცილები ისმისო… ბაბუას რო კითხო, ჭინკებია ეგენი. – ვითომ არაფერი, ისე ჩაილაპარაკა მიქელამ და ფანჯარაში გაიხედა.

ეს გნიდა ნახე, გვაშინებს თავისი ჭკუით. ლაშქრობებში ბევრჯერ მომისმენია, ქალაქელებს რო აბოლებენ ხოლმე ადგილობრივები მსგავსი ნაძრახი ადგილებით.

– მერე, მაგ ტრუპებში უნდა აგვიშვა, ბიჭო? გვიჩალიჩებ? – მუქარა გავურიე ხმაში, ისე, ხუმრობით. ვერთობი მოკლედ, მაგრამ, აგერ ხო ვუყურებ ლეონს და თვალები აქვს მასტს გადმოყრილი.

მიქელამ ჩემი შეკითხვა სერიოზულად მიიღო და დაფრთხა:

– ვხუმრობ ძმებო, რა იყო… მეთქი ცოტას გავართობ გზაში ბიჭებს. ნატანებში ვაბშე ცხენებს ვეთხოვები ნათესავს და იმით აგიყვანთ ორ წამში!

– ბოგილას ხეობით? – შეფიქრიანდა ლეონი.

– ხეობაა რა. ჩვეულებრივი. მთელი ბავშვობა მანდ ვიჭერდი ღორჯოს. – დაამშვიდა მიქელამ.

 

* * *

სოფელ ნატანებში რო ჩამოვხტით მატარებლიდან, უკვე ღამე იყო. მთვარეს გავხედე და ლეონს ვეუბნები მრავალმნიშვნელოვნად:

– ნახე ლეონ, სავსე მთვარე.

– აჰამ. ბნელ ძალთა ჟამი! – ავად გამოსცრა კბილებში ლეონმა, უჟასების გამხმოვანებელივით, და დაიყმუვლა: – აუუუუუ!

ღლიცინებს, მაგრამ მაინც შევატყე, ნირი რო წაუხდა.

– ბიჭებო, აბა აეხლა წავედით სუყველა მამიდაჩემთან, მაგარი შარაფი უნდა გაჭამოთ! – მიქელა ფეხზე ძლივს დგას, ისეთი მთვრალია. მისი წინადადება ჭკუაში დამიჯდა და ლეონს მხარი წავკარი:

– ხო არ წავყვეთ ჰა, ბიჭო. კატრინასთან კიდე ხვალ ავბეროთ.

– ნწუ. – თავი გააქნია ლეონმა. – დღეს გველოდება.

– დაურეკე და უთხარი, რო ვრჩებით, შენც კიდე.

– ეს გაგვჭყიპავს ახლა ჭაჭით და ხვალ პახმელიაზე ხო არ მივადგებით კატოს, რა პონტია. – გაჯიუტდა ლეონი.

– ოკეი, ლეონ-ბრატ, – ვუთხარი და მიქელას მივუბრუნდი:

– აბა მიქელ ცხენობა?

– პურ-მარილზე წიხლს მიკრავთ? – გაუტყდა მიქელას.

გამეცინა. რა იდეინ ფრაზებს ჩითავენ ხოლმე სოფლელები, ჯიგრები:

– გველოდებიან, ძმაო, სხვა დროს იყოს.

– ცხენები სადღაა, მიქელ? – ლეონასაც ცხენის მუღამი აქვს, ეტყობა.

– დამელოდეთ აქ, – თქვა მიქელამ, ტრასაზე გადავიდა და რომელიღაც შუკაში გაუჩინარდა. ზურგჩანთები გზისპირას, ბალახზე დავაწყეთ და ზედ ჩამოვჯექით.

– რა მოყვა ტიპმა, იკაიფე. – ვთქვი მე.

– აბაა, – ლეონმა ბალახის ღერი მოწყვიტა და პირში ჩაიდო, – ნაღდია ნეტა?

– ხევსურეთშიც ხო გვიყვებოდა ვიღაც ეგეთებს, არ გახსოვს? – გავახსენე, – ხო მაინც შევედით და ალექსამ თავის ქალაც რო წამოიღო.

– ხოო, ახლაც თაროზე უდევს ეგ თავის ქალა, – გაეცინა ლეონას და უცებ ჩაფიქრდა. – მერე, მანდ ნაბიჯებიც ხო გვესმოდა კარვის გარეთ, ღამე. – თქვა ბოლოს.

– ეგ ვიღაც ტიპს აებნა გზა, შეჩემა, – ვთქვი მე. არადა, იმ ღამეს მეც მაგარი შიში ვჭამე: ესენი საძილე ტომრებში რო იყვნენ გამოკრული, ნაბიჯების ხმაზე გარეთ გავყავი თავი და კაციშვილი ვერ დავინახე.

ტოტებში გახლართულ სავსე მთვარეს გავხედე:

– სადაა ამდენ ხანს მიქელა. ხო არ გადაგვაგდო მაგ ჩემისამ.

ლეონა კიდე ბურტყუნებს თავისთვის: – სახელიც რა თესლი ქვია – ბოგილა! გოძილას პონტში; ფილმს რო ერქვას, უკვე ასიანი იცი, უჟასი როა.

– შენა ხარ ძმაო გიჟი! – ვეუბნები, – და მაგ ბალახს რო ღეჭავ, ზედ ძროხები აფსამენ, სხუათაშორის.

– ფუ, შენი. – ლეონმა ბალახი გამოაფურთხა და თქვა: – ეგე, მიქელაც გაიჩითა.

გავიხედე და ვხედავ, გამოაჭრა მიქელამ ტრასისკენ, თან რაღაც შავს და დიდს ექაჩება და იგინება. ტრასის ლამპიონთან რო მოაღწია, მის უკან გამოჩნდა ცხენიც.

– ეგაა მარტო? – გავძახე.

მიქელა მოგვიახლოვდა და ძაან გამხდარი, ძვლებამოჩრილი ცხენიც უკან გამოჰყვა ნალების პაკაპუკით:

– მეტი რად გვინდა, ბიჭებო? რიგრიგობით შევჯდებით და ეგაა, – ამბობს არხეინად, – ანდაც მაგ რუგზაკებს ავკიდებთ და ჩვენ ფეხით გავყვებით – შორი კი არაა!

ეს ქინძი ნახე. ამ შუაღამისას იხოხიალე ახლა რაღაც ხეობაში, რავალია. ცხენს კიდე, იქით ჩვენ თუ მოვიგდებთ ზურგზე, ისეთ ვიდზეა.

– გვეკაიფები, ბიჭო? – ახლა უკვე ნაღდში გავბრაზდი.

– რატო გეკაიფებით, ძმისგულ? – დაასლოკინა მიქელამ და ცხენს სიყვარულით გადაუსვა ხელი, – ამ ცხენზე გავიზარდე მე, რო იცოდეთ!

– ამ ცხენზეც ხო არ დავაჟკაცდი შენ? – ეკითხება ლეონი და ხითხითებს.

მიქელა ვერ მიხვდა და უაზრო თვალებით შემოგვხედა. მერე ჩვენი ზურგჩანთები აიღო და იმ საწყალ ცხენს გადაჰკიდა.

– ჩამოხსენი ახლა ეგ რუგზაკები, ძმაო მიქელ, ეგ ცხენი იქ წაიყვანე, საიდანაც მოიყვანე და გამოიძინე კარგად! – ვურჩიე მე და ზურგჩანთას წავავლე ხელი.

მიქელამ არ დამანება და უცებ ფხიზელივით, მტკიცედ და მკაცრად ამბობს: – ახლა არ გამიტეხოთ რა, ბიჭებო, ძმურად! რახან ვთქვი, რო მე მოგხედავთ და დაგეხმარებით, უნდა დაგეხმაროთ კიდეც ბოლომდე, ღორიშვილი ვიყო!

მოკლედ, პათოლოგია მასტი. ბევრი მინახავს ასეთები, ჯიგრები და ბუნჩულები, რო დალევენ და მერე კბილებს აკრაჭუნებენ მგელივით. ახლა, ორი ვერსიაა: ან უნდა დავუჯეროთ და გავყვეთ, და იმ ხეობაში რო ჩვენი სათრევი გახდება თვითონ, ეგეც დაელამებულ თვალებზე ეტყობა, ან კიდევ უნდა გავლახოთ და გავუდგეთ ჩვენს გზას. მე, რათქმაუნდა, მეორე ვერსია მერჩივნა, მაგრამ ლეონია მშვიდობის მტრედი და არ გამალახინებს, ვიცი. აგერ, დასტურ, კაი ძმაკაცივით გადახვია მხარზე ხელი და სიყვარულით ეუბნება:

– ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ძმაო, მაგრამ ჯობს ახლა ჩვენ აგერ წავისტოპეროთ ტრასაზე,შენ კიდევ მისამართი გვითხარი, ხვალ დაგადგებით და კარგად გავიპროჭოთ მე და შენ!

– ტრასაზე რაიო? – ვერ გაიგო მიქელამ.

– გამვლელ მანქანას ავტოსტოპით წავყვებით-მეთქი, ბრატ! – ლეონი, ვატყობ, გაღიზიანდა ცოტა.

მიქელამ ერთხანს გვიყურა და ამბობს:

– თქვენ სტუმარი, მე – მასპინძელი. ვთქვი – აგიყვანთ მოკლეზე, ესეიგი, აგიყვანთ მოკლეზე! – მერე მოკიდა ხელი აღვირს და ცხენთან ერთად შეაჭრა ტყეში, ჩვენ კი უკან მივყევით. რა უნდა გვექნა აბა, მაგის დედაც.

 

* * *

ტყე, ალბათ, დიდი არ იქნებოდა – გურიისკენ მთებშია ხოლმე ძირითადად ხოშიანი ტყეები, მაგრამ არც ამას აკლდა არაფერი: ტურებიც გემოზე კიოდნენ და რამდენიმე ნაგიჟარი ფრინველის ხმაც ისმოდა, მათ შორის, ჩვენი ძმა – ჭოტისაც, ეგ ჩიტი კიდე ხო ზედ აკვდება სავსე მთვარეს, ისე უხდება. ამასობაში ვიწრო მდინარეს მივადექით და ლეონამ იკითხა:

– ესაა ბოგილა?

– სკურდუმია ეს, – თავი გააქნია მიქელამ, – მალე მივადგებით ბოგილას შესართავს.

– სკურდუმი, ბოგილა, გოძილა… – ჩაიბურტყუნა ლეონმა. თავის სტიქიაშია, მოდის და თვალებს აცეცებს აქეთ-იქით. გზაზე შევამჩნიე, როგორ გააძრო მობილური: ჭოტის და ტურების დუეტი ჩაიწერა უეჭველი. ეგეთი კნავილი-წიოკით აქვს გამოტენილი მთელი ტელეფონი და ქუჩაში, ყურსასმენებში ისეთი სიფათით უსმენს მერე, გეგონება პინქ ფლოიდი იყოს.

ტყე უფრო და უფრო ჩამოიბურა, მთვარეს ხშირი ფოთლები ააფარა და მიქელასაც ვეღარ ვხედავ, მარტო ხმელი ტოტების ლაწუნი და ცხენის ფრუტუნი ისმის წინიდან და ხმას მივყვებით. მოულოდნელად ფართო მდელო გადაგვეშალა ცხვირწინ, მთვარის შუქით ტყვიისფრად განათებული. მიქელამ მდელოსპირზე შეაყენა ცხენი, მინდვრის მეორე მხარეს, დაბურული ტყისკენ გაიშვირა ხელი და თქვა:

– ეგე, ბოგილას ხეობა.

 

* * *

როცა მდელოს შუაგულს მივაღწიეთ, ლეონმა ხელზე მომქაჩა და ჩურჩულებს:

– გესმის?

გარემოს მივაყურადე: – ვაბშე არაფერი მესმის, ლეონ. მოგელანდა ალბათ.

– ხოდა, მეც მაგას ვამბობ, არაფერი რო არ ისმის.

უცებ მეც მოვწვი, სრულ სიჩუმეში რო მოვდივართ. არც ტურის კივილი, არც ჭოტი-შმოტი და საერთოდაც, საკუთარი ნაბიჯების ხმაც კი არ მესმის, გეგონება, რაღაც დროთა შორის ვაკუუმში მოვხვდი, თუ ყურები დამიგუბდა, რავიცი. მარტო მიქელას მერანი ფრუტუნებს თუ ახველებს წამდაუწუმ… მეც და ლეონაც თხემით-ტერფამდე მოლაშქრეები გახლავართ და ვიცით, ღამის რომელიღაც მონაკვეთში, განთიადის წინა საათებში რო იცის ბუნებამ ეგრე გაშეშება, როდესაც, ხმა კი არა, ჰაერიც არ იძვრის, ისეთი სიწყნარეა ხოლმე, ხოდა, მეც სულელურად შევეცადე ლეონის დამშვიდებას:

– ეტყობა, მალე გათენდება, ლეონ.

– ეტყობა, – უგულისყუროდ მეხმიანება ლეონი და ზემოთ, პირდაპირ თავზე დაკიდებულ მთვარეს მიშტერებია. განთიადის წინ, არასოდეს არ მოჩანს მთვარე თავსზემოთ: ჰორიზონტისკენ იჩოჩებს და ნელნელა უფერულდება. ბევრი ნიძლავი მომიგია მზის, მთვარის და ვარსკვლავების მიხედვით ზუსტი დროის გამოცნობით და სხვათაშორის, არცაა ძნელი. თუ რამე, მობილურებიც მოგვეპოვება და თავისუფლად შეგვიძლია საათის გადამოწმება. ჩემი ტელეფონი ჯაგლაგზე აკიდებულ ზურგჩანთაში დევს გამორთული: სპაზმი მემართება, ტყეში რო მობილის ზარი მესმის ხოლმე. მეგობრები სულ მეკაიფებიან ამ თემაზე, მაგრამ რა ვუყო, ტიკი მაქვს ალბათ ასეთი, ლეონას კი შარვლის ჯიბით დააქვს და სულ რაღაცას უსმენს ყურსასმენებში, თუმცა, ახლა რატომღაც არ იღებს ჯიბიდან. მოდის ფეხაკრეფით და მთვარეს აშტერებია იმასავით.

ამ დროს წინიდან გაისმა ცხრასართულიანი გინება და მიქელას ჯაგლაგმა ჩაგვიქროლა ქურციკივით, ჩვენი ზურგჩანთებიანად. ცხენს აქოშინებული მიქელაც გამოჰყვა.

– აღვირი წამართვა, ყურუმსაღმა!

– ზედ ხეობასთან, ხო? – ეკითხება ლეონი. მთვარის შუქზე ვხედავ, ცნობისმოყვარეობით როგორ უბრწყინავს თვალები.

მიქელამ არ უპასუხა და იქით დააწვა, საითაც ცხენი გავარდა. ცოტა ხანში ტყიდან ყვირილი გვესმის:

– აგერ დგას, ჩათლახი!

გამოვბრუნდით უკან და ვხედავ, ტყისპირზე დგას ჯაგლაგი და მიქელაც გვერდით უდგას, თავზე ეფერება და ელაპარაკება:

– რა გეტაკა შეჩემანალა, ვირივით რო ისვრი ტლინკებს და მარცხვენ აგერ სტუმარ ხალხთან!

ცხენთან მივედი და ხელი მოვუთათუნე:

– როგორ ძაგძაგებს ნახე, ბიჭო. გაიყინა ტიპი უეჭველი.

– კი არ გაიყინა, ეშინია.. – ძლივსგასაგონად ჩურჩულებს ლეონი და ცხენს ეფერება, ისიც ფერდებზე, ცხენი კი მდელოს გაღმა, ტყეს გაჰყურებს და მოუსვენრობს, თან ძაგძაგებს ზაპოიანი ალკოჰოლიკივით.

უცებ ყელში ბურთი მომაწვა, ლაწირაკი ბავშვივით მომინდა ტირილი და რო დამემალა, ერთი გემოზე დავიბღავლე:

– ეშინია არა იხვი, ბლიად! არ დამიდგეს აქა სტივენ კინგი, ამ ჩემისებმა?!

მერე ცხენს ზურგჩანთები ჩამოვხსენი და ერთი მოვიკიდე. სამხრეულის თასმებს ვიმაგრებ და ვცდილობ, არ შემამჩნიონ თითების კანკალი, თან, ცალკე იმაზე მეშლება ნერვები, ამ სირმა ცხენმა რო ამკიდა პანიკა. მიქელას იდიოტურ ლეგენდებზე არ მინდა ფიქრი და თავს ვაჯერებ, მატარებელში მოწეული მარიხუანის პრიხოდი რო მაქვს ეგეთი – უბედური.

– ვსიო, მკიდია, ტრასაზე გავდივარ და ვაჩერებ მანქანას! მოდიხარ თუ რჩები? – ლეონს გავხედე.

ლეონა ისევ ცხენთან დგას, ეფერება და ყურადღებით მათვალიერებს. უცებ ეგრევე მაჯახა:

– გეშინია, ხო?

– არაფრისაც არ მეშინია, ბიჭო, და მოკეტე! – შევუღრინე.

– მე მეშინია მაგრად. – გამოტყდა ლეონი, – მაგრამ შენ რო ეგრე ჩასვრილი გნახე, მომეშვა ცოტა.

ამ დროს იქვე, ახლოში, გაისმა არაადამიანური, ყურისწამღები კივილნარევი ხარხარი, რომელსაც ცხენის ჭიხვინი მოჰყვა.

ცივმა ოფლმა დამასხა და ერთ ადგილს დავეყინე, როგორც კოშმარულ სიზმარში, განძრევა რო გინდა და ვერ ინძრევი. თან ვუყურებ, ნელ-ნელა როგორ ჩაიკუზა ლეონი, ბოლოს მიწაზე ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა.

– ეს რა იყო, მაგის… – ძლივს ამოვღერღე და გონებაც გამინათდა:

– მიქელ, მოდი აქ, შენი! – დავიღრიალე ბოლო ხმაზე.

მიქელა ხეების ჩრდილიდან გამოძვრა და მოგვიახლოვდა:

– რო გისმინეთ, ბიჭებო, ვიფიქრე ერთი კაის გავაშაყირებ-მეთქი და ძმობაში არ მიწყენთ, იმედია. – თან, ძლივს იკავებს სიცილს.

აზრზე მოდი. ეს კრეტინი რო არა, აქამდე ხო ასჯერ გავყვებოდით პაპუტკას და ახლა უკვე ბუხრისპირას ვიჯდებოდით კატრინას ბაბუასთან. ლეონასთან ჩავიმუხლე:

– წამო, ლეონ, ავახვიეთ აქედან, ტრასაზე გავიდეთ.

– მაიცა ცოტა ხანს. – ამბობს ლეონა. ისევ ისე ზის, სახეზე ხელაფარებული. მაჯა მოვუსინჯე. პულსი გაგლეჯაზე უცემს ტიპს.

– აბა მე რა ვიცოდი, ძმისგულ, თუ ეგრე მოგივიდოდა, – დამნაშავე ხმით ეუბნება მიქელა და არყიან ბოთლს ჩრის ხელში:- აჰა, ეს დალიე.

ლეონმა უხმოდ ახედა, მერე ბოთლი გამოართვა, ხოშიანად მოსვა და ფეხზე წამოდგა:

– წამო ახლა, მიქელ, ტრასამდე გაგვიყვანე და მერე მამიდაშენთან კარგად გამოიძინე, თუ გინდა, რო ისევ ძმაკაცები ვიყოთ მე და შენ.

მიქელამ თავი ჩაქინდრა. ყველა ალკოჰოლიკის სუსტი წერტილი ხო მარადიული დანაშაულის კომპლექსია; თუ ეგეთი მაზგაიობის გაჩუმება გინდა კაცს, ის უნდა გააკეთო, რაც, აგერ ლეონმა ქნა: სინანულში უნდა ჩააგდო მასტი რამენაირად, მაგრამ, თან ბეწვის ხიდზე გადიხარ ამ დროს, რადგან, თუ პათოლოგი შემოგეყარა, დანაშაულის შეგრძნება ძირითადად აგრესიული ფორმით პოულობს ხოლმე გამოხატულებას… ახლაც, გავიხედოთ და, მიქელამ თავი ასწია, ლეონს თვალი თვალში გაუყარა და ძაან დერსკად ეუბნება:

– მოიცა-მოიცა ძმა, ეგ როგორ? ხეობით ხო უნდა ამეყვანეთ, მაგის დედა ვატირე!

აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და მიქელასკენ წავიწიე, მაგრამ ლეონმა ხელი მომკიდა და მომაბრუნა. ისევ ტყეში შევბრუნდით და ლეონა ამბობს უკანმოუხედავად:

– აბა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მიქელ. – თან, მე მიჩურჩულებს: – წამო და წამოგვყვება შეჩემა, აბა აქ ხო არ დარჩება.

მოვტასაობთ ნელ-ნელა. შიშმა საერთოდ გადამიარა და მარტო ნერვებზე ვარ ათხრილი, ამ ქინძს რო გადავეყარეთ. ცოტა ხანში უკან მოვიხედეთ და არც მიქელა ჩანს და არც მაგის ჯაგლაგის ფრუტუნი ისმის.

– არ გავხედოთ, ლუკსონ? კაცმა ჩვენს გამო სადგური გამაზა და ტეხავს მაინც, აქ ხო არ დავტოვებთ, – ყოყმანით მეუბნება ლეონა. მოკლედ, იესო ქრისტეა მასტი. აეგეთი კეთილი და ჯიგარი. თან, ხო ვიცი, ის დედააფეთქებული ხეობაც რო იზიდავს მაგნიტივით, ამ ჩემის პარანორმალს. ხმა არ ამომიღია, ისე მოვტრიალდი და მდელოზე დავაწექით. M

მინდვრის მეორე მხარეს, დაბურულ ტყეს რო მივაღწიეთ, გინების და ველური ჭიხვინის ხმები აირია ერთმანეთში. ტყეში შევედით, პატარა ფარანი ავანთე და ვხედავ, მიქელას ცხენი აღვირით უჭირავს და ექაჩება, ცხენი ყალყზე დგას და ფლოქვებს იქნევს, იქვე კი პატარა მდინარე მოჩხრიალებს კლდეებს შორის.

– ბოგილა… – ჩაილაპარაკა ლეონმა. მერე ფანარი გამომართვა, მიქელასთვის და ცხენისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩაუარა გვერდით და ხეობის ასასვლელთან შეჩერდა, ფანრის ზოლი გადაატარა მდინარისპირა ლოდებს.

– ებიჭო, მომეშველეთ, თორე ვეღარ ვაკავებ! – ყვირის მიქელა.

ზურგჩანთა მოვიხსენი, მიწაზე დავაგდე და მისაშველებლად მივაჭერი, მაგრამ ვეღარ მოვასწარი: ცხენმა ერთი გემოზე გაიწია, მიქელა გადააყირავა და დოღის ცხენივით გაქუსლა მინდორზე, ნატანებისკენ.

ვიგრძენი, როგორ დამბურძგლა მთელ კანზე.

– წავედით, დავახვიეთ აქედან! – ხმა მიკანკალებს. ზურგჩანთა სწრაფად მოვიგდე მხრებზე. – წავედით-მეთქი!

ლეონი ყურადღებას არ მაქცევს, მონუსხულივით დგას ხეობის ასასვლელთან და ფანრის ზოლს დაატარებს კლდეებს შორის:

– რა ხმაა ესა, ჰა, მიქელ?

მიქელაც მივიდა, მიაყურადა და ეუბნება:

– ბოლო ჩანჩქერია ეგა. მაგის ზევითაა კიდევ ხუთი ეგეთი, უფრო მაგრები. განახებთ სუყველას!

– შენ შიგ ხო არა გაქ, მიქელა ხარ თუ ვიღაცა! – შევუყვირე, – აიკრიფე ახლა შუსტრად და ნატანებში წაგვიყვანე, თორე დაგშალე ძვლებში!

– შენი გაზრდილი კი არა ვარ, ბიჭო, რო მიყვირი იმასავით! – წვრილი ხმით მითხრა მიქელამ, არყის ბოთლს პირზე მოკიდა ხელი და ხმალივით მოიმარჯვა, მაგრამ ჩემსკენ არ მოდის, ეგრე, შორიდან მიყურებს.

– თქვენ ხო არ გაუბერეთ ორივემ, რა გეტაკათ ამისთანა? – ლეონი შუაში ჩაგვიდგა.

– ხოდა მაშინ დააწყნარე შენი ძმაკაცი, რო უზრდელობს აქა! – ეუბნება მიქელა. – მე გზას ვასწავლი და ეს კიდე მაგინებს – ვირო მადლიო, სიმონ! თუ ეგრე ძაან გინდათ, მინდვრის იქითაა ნატანები და წადით, მე კიდე ხეობით ავალ, – რახან ეგრე ვთქვი, აღარ გადავთქვამ ძაღლიშვილი ვიყო!

– მოგსტყვნია პატრონი, – ჩავილაპარაკე ჩემთვის, მინდორზე გამოვედი და ლეონას გავძახე: – წავედით, ლეონსიო!

ლეონმა ფეხი აითრია, მიქელას უყურებს:

– მარტო აპირებ ასვლას? რამე არ მოგივიდეს, მიქელ.

– შენ ეგ ფანარი მათხოვე ძმურად, და თქვენ რო ახვალთ, მე ზეით დაგხვდებით უკვე! – თავმომწონედ ამბობს მიქელა. ისეთი მთვრალია, ვეღარ გადაათქმევინებ, შანსი არაა: მეც ეგრე ვჯორდები ხოლმე ნასვამზე. ახლა, ან უნდა შევყვეთ იმ ეშმაკის ხეობაში და დოზანაში, ან გავთიშოთ მიქელა და ხელით წავიღოთ აქედან, სხვანაირად არ გამოგვყვება ეგა ათასი წელი.

– თუ ასე ძალიან უნდა, ავიდეს მარტო, ლეონ, აქაურია და მაგას მანდ არაფერი მოუვა, ჩვენ კიდე კატრინა გველოდება და ამდენ ხანს რო არ ავედით, ინერვიულებს!

ეგ გოგო კაი დროს გამახსენდა, თორემ, მიქელას წაყვებოდა ლეონი უეჭველი. შიშით, ზედ ეტყობა, ჩემზე მაგრად რო ეშინია, მაგრამ, არ დატოვებდა მიქელას მარტო, სულ რო უცხო და გადამთიელი ყოფილიყო… მე ეგეთი მოციქულობა არ გამომდის. მარტო ის ვიცი ზუსტად, ახლა აქედან უნდა ავითესოთ – რაღაც ცუდს მიგრძნობს გუმანი, და ინტუიცია კიდე უძლიერესი მაქვს, მრავალგზის გამოცდილ-დატესტილი. მიქელასთან ლაი-ლაისაც არ მოაქვს შედეგი, როგორც ვატყობ, ასე რომ, წინ – თევზის შხერებისაკენ, – როგორც ერთი კარგი შვედი მწერალი იტყოდა.

კატრინა ვახსენე თუ არა, ლეონამ შუსტრად მოიკიდა ზურგჩანთა, ფანარი მიქელას გადაუგდო და ჩემთან მოვიდა:

– ისე, აქამდე რატო არ დარეკა ნეტავ… – თქვა ჩაფიქრებულმა და მობილური გააძრო ჯიბიდან. ცოტა ხანი ეჯაჯგურა და მეუბნება: – არ იჭერს, ბლინ…

მე რო გავკარი ყველა რიდლი სკოტსა თუ სტივენ კინგს.

 

* * *

ტრასაზე რო გამოვაღწიეთ, მთვარეც მიიმალა ჰორიზონტზე. კუნაპეტი ღამე იდგა, მაგრამ, მზის ამოსვლას ბევრი არაფერი უკლდა. ზედ შუა გზაზე, ლამპიონებით განათებულ გამყოფ ზოლზე მოვდიოდით და გზის ორივე მხრიდან მოზვავებულ სიბნელეს თვალს ვარიდებდით. სიბრაზემ და შიშმა გადამიარა და ახლა სინდისი მქენჯნიდა, მარტო რო ავუშვით მიქელა ხეობაში. თავს ვიწყნარებდი: – მეთქი, ვინ ჩემისაა მიქელა, ვიღაცა ლოთი ბიჭი დაგვემგზავრა და მორჩა – ის თავის გზაზეა, ჩვენ – ჩვენსაზე, ხვალ გამოფხიზლდება და არც ჩვენ გავახსენდებით და არც თავისი ხუშტურები მოაგონდება ათასი წელი. ჩვენც, აგერ, ხვალ უკვე ურეკის ფიჭვებში გვექნება გაშლილი კარავი, ყველაზე მაგარი სატუსაო ბუნგალოს გვერდით, ბუნგალოში საღამოობით ტექნოებს გავმიქსავთ, ტაშს დაგვიკრავენ, მთელი დამსვენებლობა ჩვენ დაგვასკდება და რაის მიქელა, ვინაა და სადაა, როდის იყო საერთოდ მიქელა, – ეგრე ვიქნებით. ათასში ერთხელ თუ წამოგვაგონდება ალბათ, მიყრუებულ ტყეში, თავის ჯაგლაგთან ერთად მთვარის შუქზე მოტასავე გალეშილი ყმაწვილი… და უცებ მივხვდი, რო არასოდეს დამავიწყდებოდა მიქელა და ეს ღამე. რო გავიზრდებოდი, დავბერდებოდი, მეყოლებოდა შვილები და შვილიშვილები, და მთელი ურეკი, თავის ბუნგალოიან-ნაშებიანად მეხსიერების კუნჭულშიც არ მექნებოდა შემონახული, მიქელას და ამ ღამეს კი სულ ეგრე, ცოცხლად გავიხსენებდი სიკვდილამდე… და მივხვდი, რა მაგრად მივქარე, შუა ტყეში რო მივატოვე ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენი გზამკვლევი – ლოთი მიქელა.

– გახედე აბა, ხო არ მოჩანს გზაზე ფარები… – ლეონს ვეუბნები გულდამძიმებული.

 

* * *

კატრინას სოფელთან, ჯერ ჩვენი ზურგჩანთები გადმოვყარეთ საბარგოს ძარიდან, მერე ჩვენც მივყევით. მძღოლს, კაი ჯიგარ გურულს, მადლობა ვუთხარით და ლეონი მეასედ ეკითხება:

– მალე შეგვხვდება ხო ბოგილა?

– ნახევარ კილომეტრზე გაუყევით ძამა ამ შარას და დაინახავთ მაგ თქვენს ბოგილას! – გაეცინა მძღოლს, საბარგო პორშესავით მოწყვიტა და მტვრის ბუღში გაუჩინარდა.

მოვიკიდეთ ჩანთები და ტყისპირა შარას გავუყევით. დილის ჰაერს ვისუნთქავ ღრმად: აქეთ, დასავლეთისკენ, სულ სხვანაირი გემო და სუნი აქვს ჰაერს. ახალამოსული მზე თვალებში მიჭყიტინებს. ასეთ დროს, წესით, სიცოცხლე მემატება ხოლმე – უზარმაზარ ძალას და ენერგიას ვგრძნობ, სულ რომ პახმელიაზე ვკვდებოდე, მაინც. მაგრამ ახლა, შფოთვა და მოუსვენრობა ვერ მოვიშორე ვერაფრით. ლეონაც ჩემსავითაა. დიდი მორწმუნე და მრევლა მასტი არა ვარ, თუმცა, ახლა გულში ღმერთს ვეხვეწები, – რა იქნება, მიქელა გაგვეჩითოს გზაზე, როგორც დაგვპირდა. სადმე, ბუჩქებიდან გამოხტეს და იღლიცინოს, და თუ არ გადავეხვიო და ჩავეხუტო, მე ვიყო ყველაზე ბანჯგვლიანი ტრაკი რეგიონში. გზის მარცხნივ, დაბლა, შიგადაშიგ მოჩანს ტყეებს შორის ჩაკარგული წყლის ვიწრო ზოლი: ეგ იქნება ის დედააფეთქებული ბოგილა. ჯერჯერობით ხეობაში ჩასასვლელი არ შემოგვყრია, კედელივით ხშირი ბუჩქნარი მიუყვება გზისპირს.

– მგონი, მოვედით, – თქვა ლეონმა.

მართლაც, მარცხნივ უცებ ძაბრივით გაიშალა ტყე და გამოჩნდა უშველებელ ლოდებს შორის მოჩხრიალე მდინარე ბოგილა – ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი მათ შორის, რასაც ამ ქვეყანაში გადავყრივარ, მაგრამ ახლა პეიზაჟებისთვის არ გვცხელა მე და ლეონას. გზისპირზე გადავდექი და თვალი ხელით მოვიჩრდილე. სადამდეც მზერა მიმიწვდება, ხეობის ყოველ კუთხე-კუნჭულს ვჩხრეკ. ლეონმა ჩანთიდან ბინოკლი ამოიღო და იმით ათვალიერებს.

– არ ჩანს, – თქვა მერე ჩუმად.

– იქნებ, ჩვენ რო წავედით, თვითონაც სახლში გააწვა, ჰა? – ვეკითხები იმედიანად.

– რავი აბა, – დაფიქრდა ლეონი და შემდეგ გადაჭრით ამბობს:

– ხეობაში უნდა ჩავიდეთ!

უხმოდ გადავედი შარიდან და დაღმართში დავაწექი ნამიან ბალახზე. Lლეონიც მომყვა.

ცოტა ხანში მდინარეს მივადექი. მოჩხრიალებს თავისთვის მხიარულად ღია რიყეზე. ალაგ-ალაგ ლურჯი ყვავილებით მოჩითული პატარ-პატარა მდელოები მოუჩანს ნაპირებზე. მოშორებით, უკვე ტყეში შედის და იქიდან რაღაც ხმაური მესმის დაგუდულად.

– ჩანჩქერია. – თქვა ლეონმა, – სუ ჩანჩქერებიაო, ხო ამბობდა მიქელა.

დაბურულ ტყეში შევედით. ხშირ ფოთლებში მზის სხივი ვეღარ აღწევს და მომწვანო ბინდი დგას ირგვლივ. პირველი ჩანჩქერი საკმაოდ მაღალი კლდიდან გადასჩქეფს და დაბლა მომცრო ტბასავით გუბდება, იქიდან კი, ხავსით და ლიანებით დაფარულ, კაი ღრმა კლდის კანიონში გაედინება: შუაღამისას კი არა, აგერ, დღისით-მზისითაც ძნელი სავალი მოჩანს… სად მოვყავდით იმ ჩემისა მიქელას, აზრზე მოდი, ან ის საწყალი ცხენი რომელი პეგასი ეგონა, ბლიად. ლიანებზე ფორთხიალით, ნელ-ნელა ძირს ჩავძვერით როგორც იქნა და კანიონს შევუყევით, თან, ხავსიან ქვებზე გვისხლტება ფეხი: სერიოზული სალაშქრო მარშრუტისთვის ნაღდად არ მოვმზადებულვართ მე და ლეონი და თხელი რეზინის კედებით ვართ ორივე. მდინარის კალაპოტი, როგორც ვატყობ, ტერასებად ჩაკიდულ კლდეებს მიუყვება – ხან ივაკებს, ხანაც უცებ დათავქვევდება და წყალიც პატარ-პატარა ჩანჩქერებად მოედინება. ფოთლებით ისედაც დაბურულ გარემოს მაღალი კლდეები კიდევ უფრო ამუქებს და ჩვენც ფაქტობრივად ბინდბუნდში მივიკვლევთ გზას. კიდევ კარგი, მილიონი ფრინველის ხმიანობა ისმის ექოებად, თორემ, მთვლემარე ხეობის ლეგენდაში მეგონებოდა თავი ასი წელი: წიგნი როა რაღაც, ლაითი უჟასი.

წინ მიმავალი ლეონა უცებ გაშეშდა. ახლოს მივედი და მესმის, როგორ ჩურჩულებს:

– ნახე… ნახე…

ახლოს მივედი, თან პულსი მაქვს მილიონი დარტყმა წამში. კლდის კიდეზე ვდგავართ და ძირს ჩანჩქერი გადაჰქუხს, იქიდან კიდევ მდინარე მყუდრო ტაფობში გაედინება, სადაც, წყლისპირთან ახლოს, შავად მოჩანს რაღაც ნაგებობა, ბაბა-იაგას ხის ქოხის მსგავსი.

– ეე, ბაითი გაიჩითა, – ვიღიმები იდიოტივით.

– წისქვილია, ნაწისქვილარი… – ამბობს ლეონი.

ცივი ოფლი მასხამს და ინსტინქტურად წისქვილის მახლობლად მდგარ ხეზე მიშტერდება თვალი…

– აჰა, ხო ვნახეთ უკვე ლეონ, წამო ახლა კატრინასთან და მერე, თუ გინდა, მიქელასაც მივადგეთ ნატანებში, პახმელიაზე გამოვიყვანოთ, – ვეუბნები ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ვგრძნობ, – ისე მიშრება პირი, ვერცერთი სახეობის მოსაწევი რო ვერ გაგიშრობს ეგრე ასი წელი, თან, ზურგჩანთაზე ვქაჩავ ლეონს და ვცდილობ, კლდისპირს მოვაშორო.

ლეონამ ზურგჩანთა მოიხსნა, ძირს დააგდო და ვხედავ, დაბლა მიძვრება.

– თუ გინდა, აქ დამელოდე, ჩავალ, ვნახავ, წისქვილს ფოტოს გადავუღებ და ამოვალ წამში, – მეუბნება დაბლიდან.

მაგის კომპიუტერის დესკტოპზე, უკვე ვიცი, რა ფონიც იდება ერთი წელი. მუღამმა რო შიში დაავიწყა, ამ ჩემისას. ნეტა მეც ეგრე ვიყო.

– მიდი და თუ რამე, ამომძახე, მე აქედან გაკონტროლებ, ბრატ! – ვუთხარი და იქვე, ჩანჩქერთან მოვირთხი ფეხი.

ზემოდან ვუყურებ, როგორ ფეხაკრეფით მიუახლოვდა ლეონი წისქვილს და მობილური გააძრო ფოტოს გადასაღებად. ჯერ შორიდან გადაუღო რამდენიმე კადრი და მერე გაბედა – უფრო ახლოს მივიდა და ათვალიერებს. შემდეგ იქვე მდგარი ხეც მოაქცია კადრში.

– ვსიო, ლეონ, გავბერეთ აწი! – ჩავძახე და ფეხზე წამოვდექი, თან რაღაც ცუდს მიგრძნობს გული.

ყურადღება არ მომაქცია და სადღაც, წისქვილის მოპირდაპირე მხარეს იხედება, მერე კი მდინარის ნაპირს გაუყვა სირბილით და თვალს მიეფარა.

ვეღარ მოვისაზრე, რა უნდა მექნა, მეც ძირს ჩავსულიყავი თუ აქედან დამეყვირა; შიშმა დამაქლიავა მთლიანად. ვდგავარ კლდისპირზე გაშტერებული და ამ დროს მესმის ლეონის ღრიალი:

– ვაიმეეე! ბოზიშვილივიყოო!

არადა, არ უყვარს ლეონს ბილწსიტყვაობა. წამდაუწუმ რო იგინებიან ხოლმე ტიპები, დიდად არც მე მეხატება გულზე, მაგრამ ლეონსიო რო იმენა ვერ იტანს გინებას, ეგ ვიცი კარგად. რა მოხდა დაბლა, რა ნახა ასეთი ამ ჩემისამ… კინაღამ ვსტაცე ხელი ზურგჩანთას და უკან, გზისკენ გავიქეცი. ბოლოს, თავს მოვერიე და ძირს ჩავფორთხდი, რაღაც ხმელი ტოტი ავიღე, მოვიმარჯვე და მოკუზული, ფეხაკრეფით დავაწექი იქით, საიდანაც ლეონამ დაიყვირა, პახოდუ მეც ბოლო ხმაზე ვღრიალებ:

– რა ხდება ბიჭო მანდა, რა გაყვირებს, შეჩემა!

წისქვილს გავცდი და ხან უკან, წისქვილისკენ ვიხედები, ხან იმ წყეულ ხეს ავყურებ, თან ეგრე, კიბოსავით გვერდულად ლეონასკენ მივიწევ, კომბალმომარჯვებული.

მალე ლეონიც დავინახე: ზის მდინარის პირას ვეფხისტყაოსანივით და ლაწირაკივით სლუკუნებს.

– რა გატირებს, ბიჭო, სუ დაქლიავდი? – ვეკითხები ხმის კანკალით, თან უფრო ახლოს მივედი და აქეთ-იქით ვაცეცებ თვალებს.

ამ დროს, ვამჩნევ, იქვე, უშველებელ ლოდთან ვიღაცა თეთრთმიანი, ბებერი კაცი გდია პირქვე, ხელებგადაშლილი.

– რა ხდება აქა, ლეონ… ვინაა ეს ტიპი. მკვდარია, ხო? – ბლუკუნით ვეკითხები.

ლეონმა ხმა არ გამცა. მერე წამოდგა, იმ ტიპთან მივიდა და თავი წამოუწია.

– რას აკეთებ, შეჩემა! – რატომღაც ჩურჩულით ვეუბნები და უცებ ხმა ჩამიწყდა.

მე ვიყო ბიბლია და სახარება. მე ვიყო სულიწმიდა და ნაკურთხი წყალი. მე ვიყო სტივენ კინგის მშობელი დედა და მთვლემარე ხეობის ყველა ლეგენდა: ჩვენი ძმა და მეგობარი – მიქელა გდია პირქვე. ოღონდ, თმა აქვს სულ თეთრი, თვალები ღია და გამომეტყველება, რომელიც ყოველღამე დამესიზმრება, რომლის გამოც ძილზე საერთოდ ვიტყვი უარს და რომელიც გამალოთებს, რადგან, ფხიზელზე რო ეს გამახსენდეს, რასაც ახლა ვხედავ, გავგიჟდები უეჭველი.

– რა არის ლეონ ესა… ვინა… – ვლუღლუღებ კრეტინივით.

– გადმოატრიალე, – მშვიდად და მკაცრად ამბობს ლეონი. ზედ არ მიყურებს, წისქვილის მხარეს იხედება.

– რა გადმოვატრიალო, ბიჭო… – ვერ მივხვდი.

ლეონმა მიყვირა: – ეგა, მიქელა, პირაღმა გადმოატრიალე-მეთქი, შე გამოსირებულო!

ერთხანს ვუყურე. შემდეგ მიქელასთან მივედი და ფრთხილად გადმოვაბრუნე. გადმობრუნებისას პერანგი გადაეღეღა მკერდზე, დავხედე და ხელი გავუშვი სწრაფად.

– რაა ბიჭო ეს, რა ხდება აქა, ბოზიშვილი ვიყო! – თან ცხროიანივით ვაცეცებ თვალებს.

– შემომხედე! – თქვა ლეონმა და წამოდგა, მაისური გაიხადა და უცებ გულზე ხელი ჩამოისვა სწრაფად. – შემომხედე! – გაიმეორა.

თავიდან მეგონა, რო შიშისაგან გაუბერა ლეონსიომ, მაგრამ მერე ახლოს მივედი და დავაკვირდი, ნელ-ნელა როგორ შეუწითლდა მკერდზე ერთმანეთის პარალელური, ერთი ზომის ოთხი წვრილი ზოლი, და მეხუთეც მოკლე, ცოტა დაბლა. შემდეგ მიქელასთან მივიდა და პერანგი სულ აუწია:

– ახლა, ამას შეხედე!

ისეთივე კვალი აჩნდა მიქელასაც… ოღონდ, მთელ ტანზე და უფრო ღრმა: ალაგ-ალაგ ზოლებში ჩამხმარი სისხლით, ხუთი თითის, ხუთი ფრჩხილის ნაკაწრები გაბნეოდა სხეულზე, ლეონის ხელის ზომაზე ბევრად მომცრო – გეგონება, ბავშვმა ან ქალმა დაკაწრაო…

მე ვიყო ყველა რიდლი და სტივენი.

* * *

ლანჩხუთის ცენტრში, მთავარ მოედანზე, ტაქსების გაჩერებასთან ხშირად გადაეყრები უაზროდ მოღიმარ და შარვალჩაჩაჩულ, მორჭმული მოხუცივით თეთრმიან ყმაწვილს, დროდადრო ტაქსის შოფრები ან კეთილი გამვლელები რო ჩაუკუჭავენ ხოლმე ჯიბეში ლარიანს. ადგილობრივებს თუ ჰკითხავ, გეტყვიან, რო ეს ყმაწვილი გიჟი მიქელაა, რომელსაც ერთხელ მანაგუის კაიფში გზად შემოაღამდა შუა ტყეში, რაღაცა მოელანდა და შიშისაგან ერთ ღამეში გაუჭაღარავდა თმა, თან, სამუდამოდ კაიფში დარჩა…

მარტო ორმა ადამიანმა, მე და ლეონმა ვიცით სიმართლე.

მიქელას არაფერი მოლანდებია.

Facebook Comments Box