ახალი ამბები,  ახალი წიგნები

მაია ლუნდეს „ფუტკრების ამბავი“ – ხმა კვარტეტიდან

რაზე ვლაპარაკობთ, როცა მომავალზე ვლაპარაკობთ? რისი გვეშინია ამ დროს (ან რისი უნდა გვეშინოდეს) ყველაზე მეტად: ომების, ეპიდემიების, გლობალური კატასტროფის, ეკონომიკური კრიზისის? რაც უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს, ალბათ, ფუტკრებს მაინც არ ვახსენებთ, უწყინარ და სასარგებლო არსებებს, რომელთა ბზუილიც მაია ლუნდეს წიგნში „ფუტკრების ამბავი“ ყოველ გვერდზე ჩაგვესმის. მეტიც, წიგნის დასრულების შემდეგაც გრძელდება ეს ძნელად შესამჩნევი ხმაური, რომელიც ნელ-ნელა გამხნევებად ჩაესმის კაცობრიობას – ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის, რაკი ფუტკრები აქ არიან.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გამორჩეული სერიალის, „შავი სარკის“ ერთ-ერთ ეპიზოდში ვხვდებით კომპიუტერებით მართვად მილიონობით ფუტკარს, რომლებიც კონკრეტული ადამიანების სათვალთვალოდ ან/და მათ გასანადგურებლად გამოიყენება. სწორედ ეს შიშის მომგვრელი, დამზაფვრელი განცდა შეიძლება გაგვახსენდეს, როცა ვკითხულობთ მაია ლუნდეს რომანს (და არა ის ემოციები, რომლებიც „ფუტკრების იდუმალი ცხოვრების“ წაკითხვისას გვეუფლება), რომელიც კლიმატის შესახებ ჩაფიქრებული ციკლის ნაწილია, ისევე როგორც 2017 და 2019 წლებში გამოცემული „Blue“ და  „Przewalski’s Horse“, რომლებიც ჯერჯერობით ქართულად არ თარგმნილა.

მაია ლუნდე ნორვეგიელი მწერალია, რომლის დებიუტიც 2012 წელს, საბავშვო რომანით შედგა და ის, როგორც მის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, თავისი თაობის ყველაზე წარმატებული ნორვეგიელი ავტორია. მისი წიგნები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და დღემდე 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. მკითხველებისა და გამომცემლების უდავო ფავორიტი კი უკვე ნახსენები „ფუტკრების ამბავია“, არაერთი პრიზით დაჯილდოებული და, რაც მთავარია, თემატურად მნიშვნელოვანი ტექსტი, რადგან ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებების როლის შეხსენება ნამდვილად სჭირდებათ.

წიგნის შესახებ ერთ-ერთი განხილვაში მახვილგონივრულად აღნიშნეს: „წარმოიდგინეთ „ნარჩენები“, ოღონდ თაფლით“. ეს შედარება ქართველი მკითხველისთვისაც გასაგებია, რადგან იმავე სერიაში (“ლიტერატურული ოდისეა“, რომელიც განახლდა და ახლა „ლიტოდისეა“ ჰქვია) უკვე დიდი ხანია, გამოცემულია ტომ პეროტას რომანი, „ნარჩენები“ , რომელიც ადამიანების მოულოდნელ გაუჩინარებაზე, მათ „ატაცებაზე“ მოგვითხრობს. მართალია, მაია ლუნდესთან ადამიანები არსად ქრებიან, მაგრამ ქრებიან ფუტკრები და თან ისე, რომ ახსნას ვერავინ პოულობს და ეს გაქრობა რადიკალურ ცვლილებებს იწვევს, შეუქცევად გავლენას ახდენს კაცობრიობაზე.

ინგლისი, 1852 წელი. ამერიკის შეერთებული შტატები, 2007. ჩინეთი, 2098 – ტექსტი ერთდროულად გვიამბობს სამ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მცხოვრებ ოჯახებზე, სამ ქვეყანასა და სამ სხვადასხვა რეალობაზე, რომელთა დამაკავშირებელი მედიუმი ფუტკრებია. წიგნი შესანიშნავად ასახავს არა მარტო ადამიანებისა და ბუნების გაუცხოებას, არამედ ოჯახური ურთიერთობების კომპლექსურობას, რომლის ძირითადი ხაზიც მშობლებსა და შვილებზე, მათ პრობლემებზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ფუტკრების ამბავს გვიყვება (ჯერ უილიამს გვაცნობს, რომელსაც საკუთარი მნიშვნელობის დასამტკიცებლად ახალი ტიპის სკის შექმნა სურს, მერე მეფუტკრე ჯორჯს, რომელიც ფუტკრების შემცირებას შენიშნავს, ბოლოს კი შორეულ მომავალში მცხოვრები ტაოს ისტორიას გვიამბობს, რომლის სამსახურიც ხეების დამტვერვაა), არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ორიგინალურ რომანში მთავარი მხოლოდ ფუტკრებია. სკაში ფუტკრების ოჯახების ქცევაზე დაკვირვების პარალელურად თვალს ვადევნებთ სახლებში ადამიანთა ოჯახების ემოციურ, ხშირად დამთრგუნველ ყოველდღიურობას, ისე, რომ, საბოლოოდ, ვაცნობიერებთ, რამდენი საერთო შეიძლება გვქონდეს ფუტკრებთან და როგორ არ გვესმის არა მხოლოდ სხვა არსებების, არამედ ჩვენი მსგავსი ადამიანების, მათ შორის კი საკუთარი ოჯახის წევრების.

ლიტერატურული ღირებულების გარდა, ტექსტი ერთგვარი შეტყობინებაა, რომელიც გვახსენებს, უფრო კი გვაფრთხილებს იმ შესაძლო რეალობაზე, რომელშიც აღმოვჩნდებით, თუკი დედამიწაზე მავნე ზემოქმედებას არ შევწყვეტთ. თავად ავტორი, რომლისთვისაც ეს თემა განსაკუთრებით საინტერესოა, კლიმატურ ცვლილებებზე ჩაფიქრებული კვარტეტის შესახებ წერდა: „ჩემს მეორე რომანზე მუშაობისას აშკარა გახდა, რომ არ დამისრულებია იმ ამბის მოყოლა, რომელიც „ფუტკრების ამბავში“ დავიწყე. უილიამი, ტაო და ჯორჯი რაღაც უფრო დიდის ნაწილები არიან. ამბავი, როცა ის დასრულდება, მოიცავს ოთხ ხმას, რომლებსაც მე „კლიმატური კვარტეტი“ ვუწოდე“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მას სურს, რომ შექმნას ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა დამოუკიდებელი რომანები, რომლებიც შეეხება კლიმატთან დაკავშირებულ ოთხ სპეციფიკურ თემას: მწერებს, წყალს, ცხოველებს და, საბოლოოდ, თესლს, ყველაფერს, რაც იზრდება. ამ რომანებს ისიც გამოარჩევს, რომ ყველა მათგანში იქნება პარალელური ისტორიები, სხვადასხვა დროითი ხაზი და ადამიანური ამბები, რომელთა გავლითაც ბუნების გაგება შეიძლება. ავტორი მიზნად იმის ჩვენებას ისახავს, თუ რა შედეგები მოჰყვება ჩვენს გადაწყვეტილებებს. ადამიანებისა და მათი ცხოვრების ახლო ხედით აღქმა კი ავტორსაც და მკითხველსაც უფრო ფართო სურათის ამოცნობაში დაეხმარება.

აქედან გამომდინარე, „ფუტკრების ამბავი“, რომლის შეძენაც მკითხველს უკვე შეუძლია, პირველ ყოვლისა, მაინც ადამიანთა უჩვეულო თავგადასავალია, მათი წარსული, აწმყო და, შესაძლოა, მომავალიც, რომელსაც ლაიტმოტივად ფუტკრების ბზუილი გასდევს.

© არილი

Facebook Comments Box