AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – ნიკა ჯორჯანელის "სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის"


DOWNLOAD

გამომცემლობა “საუნჯემ” ნიკა ჯორჯანელის მესამე პოეტური კრებული გამოსცა. კრებული ბოლო 3-4 წლის მანძილზე დაწერილ ლექსებს აერთიანებს.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ჯორჯანელი ლექსების წერის მეტს არაფერს აკეთებს. ცხოვრების წესით იგი ნამდვილი კლასიკური პოეტია. სამაგიეროდ მისი ლექსი ძალზე თანამედროვეა. ნიკა თითქმის უმუშევარია. არც სადმე რედაქტორობს, არც რაიმეს ხელმძღვანელობს, არც ვინმეს ქვეშევრდომობს, არც ბლოგებს წერს, არც ფეისბუკზე აქტიურობს, არც სიტყვით გამოდის ხოლმე და არც თავის პოეზიას აპიარებს – არ ადარდებს რამდენჯერ დაალაიქებენ მის ლექსებს, არც ის ადარდებს, რამდენი წაიკითხავს მის ნაწერს… თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. არავინ იფიქროს, რომ ნიკა ჯორჯანელი ერთი დაუდევარი პოეტია, ვისაც უპატრონოდ მიუყრია თავისი ლექსები და აღმა-დაღმა დადის. არა, ნიკა ჯორჯანელისნაირი დისციპლინირებული პოეტი მეორე არ მეგულება დღევანდელ საქართველოში, იგი უკიდურესობამდე ზუსტია ხოლმე, ზედმეტად აკურატული და მეც, ამ შემთხვევაში რედაქტორს, არაერთხელ მიგრძვნია ეს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი მძიმის ჩასწორების გამო სამჯერ დაურეკავს, კორექტურული შეცდომა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მის თვალს გამოეპაროს… ნიკა ყოველთვის ფორმაშია, იგი არასდროს დუნდება და სწორედ ამიტომ, ყველაზე სანდოცაა. წერს საკმაოდ ცოტას, ერთი სიტყვით, თანამედროვე ქართული ლექსის საყრდენი ნახევარმცველია.

წერს 90-იანი წლების დასაწყისიდან, ოღონდ ზუსტად არ ახსოვს რა ვითარებაში მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახსოვს ის, რომ ხატვას მისდევდა და წერის დაწყებისთანავე თავი მიანება თავის ამ მთავარ გატაცებას. წერა არავის უშუალო გავლენით არ დაუწყია, თუმცა ძალიან მალე გამოჩნდნენ ისინი, ვინც მის ნაწერს კვალი დაამჩნიეს:

“რამდენადაც მახსოვს, პირველი ავტორი, რომელმაც ჩემზე გავლენა იქონია, ანუ უკვე მაშინ, როდესაც მე თვითონ რაღაცეებს ვჯღაბნიდი, იყო ტერენტი გრანელი. გრანელი თავიდან ბოლომდე გადავიკითხე და მახსოვს, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებოდი საკმაო ხანი. შემდეგ ტერენტი გრანელმა ძალიან ნარნარად გადამიყვანა, ალბათ გამოიცნობ ვისზეც… გალაკტიონზე. და როდესაც გალაკტიონს ჩავუღრმავდი და შევისისხლხორცე, რაზეც ძალიან დიდი დრო წავიდა. და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, მართალია ისეთი ინტენსიურობით არა, მაგრამ მაინც. აი, რაღაცნაირად მაშინ ჩავერთე თავიდან ბოლომდე პოეზიაში”..

90-იანი წლების მეორე ნახევარში კიდევ ერთი პოეტი, ვინც ნიკა ჯორჯანელის პოეტურ ენას, აზროვნებას და გრძნობებს აყალიბებდა, ეს იყო შოთა ჩანტლაძე, ვის ლექსებსაც იგი ხშირად უბრუნდებოდა. მალე პირველი კრებულიც გამოვიდა, 2003 წელს, შემდეგ მეორე და პირველი წიგნიდან 7 წლის შემდეგ მესამე წიგნიც გამოსცა ავტორმა:

“ეს კრებული ჩემთვის იმით არის ნიშანდობლივი, რომ მესამეა, სუფთა ნუმეროლოგიის თვალსაზრისით თუ მივუდგებით და რაც განასხვავებს წინა კრებულებისგან და თვალში საცემი იქნება მკითხველისთვის, ის არის, რომ საკმაოდ დიდი დოზით არის ვერლიბრი, რომელსაც მანამდე მაინცდამაინც არ ვეტანებოდი. ვერლიბრს რა თქმა უნდა თავისი მიმართებები და აზროვნებაც კი მოაქვს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერლიბრი კონცეპტუალურად ცვლის ავტორის აზროვნებას, თუმცა სადღაც ქვედა შრეებში რა თქმა უნდა ცვლის.”

ნიკას პირველი ორი კრებულის შესახებაც ვკითხე, რადგან ვიცი, რომ ახალგაზრდა პოეტები, ხშირ შემთხვევაში მესამე კრებულიდან იწყებენ ხოლმე წარსულის შეფასებას:

“პირველი კრებული მე მეორე კრებულის მერეც სხვა ჭრილში დავინახე. იმდენად, რომ ბევრი რამ პირველ კრებულში სამომავლოდ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ორჯერ გამოიცა და მეორე გამოცემაში რაღაცეები შევცვალე კიდეც, ბევრი რამ ამ პირველ კრებულში კიდევ შეიცვლება, როცა ოდესმე დიდ კრებულში მოვუყრი ლექსებს თავს, ან ხელმეორედ გამოვცემ”.

ნიკას ბოლო წიგნი რა თქმა უნდა მისი საუკეთესო კრებულია, და არამხოლოდ მისი. ჩემი აზრით “სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის” XXI საუკუნეში გამოცემული ერთ-ერთი გამორჩეული ლექსების ციკლია. კრებული თემატურადაც ძალზე ძლიერია, მკვეთრი სათქმელითა და მიზანმიმართულებით. თუკი პირველ კრებულში ბევრი ე.წ. პოეტური სავარჯიშო და ეტიუდები შეიძლება შეგხვდეთ, აქ წიგნი სრულყოფილ მთლიანობად გამოიყურება, სადაც მომწიფებულ პოეტს ვხედავთ თავისი სიმძაფრით, ტრაგიზმითა და ირონიულობით. მისი ლექსი უკვე ჩამოყალიბებულია და ფორმალური ძიებები აღარაა თვალშისაცემი, არამედ იგი უკვე ნამდვილ პოეზიად იქცევა.

ნიკა თავის თანამედროვეთა ლექსებსაც კარგად იცნობს, და მიაჩნია, რომ თუკი რამით შეუძლია იამაყოს თანამედროვე საქართველომ, ეს პირველ რიგში პოეზიაა:

“ეს ბევრჯერ ითქვა სხვადასხვანაირად, და მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ერთ-ერთი, რითაც შეუძლია საქართველოს იამაყოს მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინაშე, არის ქართული პოეზია, დრევანდელი ქართული პოეზია, რომელიც, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, არაფრით ჩამოუვარდება და ზოგჯერ შეიძლება აღემატებოდეს კიდეც ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოეზიას”.

და მართლაც, როცა გახსენდება თანამედროვე ფრანგულ, გერმანულ და სხვაენოვანი პოეტები, ძნელია არ დაეთანხმო ნიკას. ერთად-ერთი შესაძლოა დისციპლინით და თვალსაწიერით გვჯობიან ევროპელი პოეტები, თორემ თემებითა და ჭრილობებით ჩვენ აშკარად ვჯაბნით. ნიკამ ჩამოთვალა კიდეც მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორები:

“ზვიად რატიანით დავიწყებდი, იმიტომ, რომ დღს რაც იწერება, ყველაზე ახლობელი ჩემთვის მისი ლექსია. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი ლექსი მის ლექსს ხედავს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე ლელა სამნიაშვილი. არის ბევრი რაღაცა,რაც შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს, ესთეტიური თვალსაზრისით, მაგრამ მთლიანობაში აშკარად კარგი პოეტია და სახეა დღევანდელი ქართული პოეზიის. შოთა იათაშვილი – რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავდება, ხედვებით, ესთეტიკით და შესაძლოა ეთიკითაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია.”.

ნიკამ აღნიშნა ასევე მაია სარიშვილი, დიანა ანფიმიადი, რატი ამაღლობელი და დასძინა, რომ განსაკუთრებით რატის ადრეული ლექსები მოსწონს.

ნიკას ეს კრებული ყველა ნიშნით საინტერესო და ახალია. აქ რიტმული თვალსაზრისით რამდენიმე ძალიან ორიგინალურ ლექსს შეხვდება მკითხველი, აქ ბევრია სუფთა ლირიკაც, თუმცა მე პირველ რიგში 5 საეტაპო მნიშვნელობის ლექსს გამოვარჩევდი, “ისინი”, “კავშირებითი კილო”, “ორიოდე სიტყვა აეროპორტის შესახებ”, “ჰაერზე, სანამ კვამლში” და “ბირთვული იარაღის იავნანა”… ესენია უაღრესად დატვირთული, სიმძაფრით სავსე მოზრდილი ლექსები, რომელიც ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა.

© radiotavisupleba.ge

Facebook Comments Box