ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

მალხაზ ხარბედია – ნუგზარ შატაიძე – პური, საკლავი და ღვინო

nugzari-nadimi

ეს წერილი გაგრძელებაა რუბრიკისა, რომელიც ჟურნალ „ინდიგოს“ კულინარიულ დამატებაში დაიწყო. „წიგნის ნადიმები“, ასე ჰქვია ციკლს, რომლის ორი პირველი წერილი უკვე გამოქვეყნდა. ერთი პასკალ კინიარის რომანის შესახებ იყო („სალონი ვიურტემბერგში“), მეორე კი ჰერტა მიულერის ცნობილ რომანს, „სუნთქვის საქანელას“ მიეძღვნა.

თუკი განსაკუთრებული გემოების ძიებას თანამედროვე ქართულ მწერლობაში დავიწყებთ, პირველ რიგში ნუგზარ შატაიძე გაგვახსენდება. მის მიერ აღწერილ გემოებში კი ორი კულტურული ფენის გამოყოფა შეიძლება – ურბანული „ნადიმებისა“ და სოფლის პურ-მარილების, რომელიც ე.წ. მენიუებისა და კერძების გარდა, შეიძლება ეპოქებითა და ბევრი სხვა ნიშნებითაც განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ურბანული სუფრები ნუგზარ შატაიძესთან ძირითადად 90-იან წლებს ეხება და ამიტომაც შედარებით მწირი პურ-მარილითაა შემოსაზღვრული, განსხვავებით უფრო ბარაქიანი სოფლური დროსტარებისგან, თუ უბრალო სადილ-ვახშმებისგან.

90-იანები ბევრს გვახსოვს და ამ თემაში შესავლად ვახუშტი კოტეტიშვილის სიტყვებიც გამოდგება ნუგზარ შატაიძის ერთი მოთხრობიდან. ნუგზარი და ვახუშტი ჰუმანიტარული დამპალი კარტოფილის რიგში დგანან და ვახუშტი ამბობს: „წინათ მანეთიანი რომ დამეკარგა, გული მწყდებოდა, ახლა ყველაფერი დავკარგე და, ვითომც არაფერი, გულს ახლოს არ ეკარებაო“.

90-იანებში ბევრი იმ წლებს იგონებდა, როცა „ღვინო მანეთი ღირდა, პური ოცდაათი კაპიკი, კარგი სამწვადე ხორცი კი სამი მანეთი“. ამ წლების შვილები ოცნებაში შლიან მწვადებიან-დედლებიან-თუშურყველიან-ხაჭაპურებიან პურ-მარილს, უფრო რეალისტები კი მიდიან და საიდანღაც შოულობენ ორნახად ჭაჭას, იღებენ გამოციებულ სასადილოში კარტოფილის თითო ღვეზელს და იწყებენ ნადიმს.

ნუგზარ შატაიძე არაერთხელ ახსენებს ადგილებს, სადაც 3 მანეთად  ორი კაცი გამოდის პახმელიაზე, ანდა აღწერს გაგნიძეების სარდაფს ამოჩემებული მაგიდით და სამი ბოთლი „გარეჯით“, ყველით, პურით, მწვანილით და გაშავებული წიწაკის მწნილით. თუმცა სასწაული აქაც შეიძლება მოხდეს და უცებ გაგნიძემ, სარდაფის მეპატრონემ და იმავდროულად მზარეულმა, უშველებელი ტაფით ხახვში ჩახრაკული კურდღლის გულ-ღვიძლი ჩადგას:

„ – რა არი ბიჭო ეგა?

– კურდღელია, ბატონო…

– კურდღელი კიარა ნუტრიაა!“

შემდეგ სარდაფში ნელ-ნელა ჩამოდიან – სტილისტი თავდიშვილი, ასევე მთავარი რედაქტორი, დაუწერელი რომანების ავტორები და სხვ. თანამშრომლები. ასეთ მწირ სუფრებს შეიძლება გაგრძელებებიც მოჰყვეს, მაგ. შეიარონ სადღაც, მოხუც ქალბატონებთან და იქ ბროლის გრაფინიდან ჩამოსხმული არყები ურტყან და ლეღვის მურაბა დააყოლონ ზედ.

ერთ მოთხრობაში 5-ნი 18 ბოთლს დალევენ და მეორე დღეს ხაშზე ჩალიჩობენ, მაგრამ უფლავდებათ იდეა და კარადაში მორჩენილი გუშინწინდელი ყველით, 3 არყით და პურით იწყებენ გამოსვლას, შემდეგ კი საიდანღაც ძეხვიც გამოჩნდება.

კლასიკური 90-იანური პურ-მარილია აღწერილი მოთხრობაში „მეორე დღე“ (სათაურიც ნასმურევის შესაბამისი აქვს), სადაც მთელი კინოსტუდია იყრის თავს – დამდგმელი რეჟისორი, ოპერატორი, მხატვარი, ორი ასისტენტი. სვამენ არაყს და აყოლებენ კარტოფილის ღვეზელებს.

ნუგზარ შატაიძესთან სხვა ეპოქების ქალაქური სუფრებიცაა აღწერილი, მაგ. 50-იანებისა, ნახერხის „ფეჩთან“ ტრიალით, ტაფაზე ღორის ხორცისა და კარტოფილის წვით, „ჟარკოვებით“, პურითა და მწნილით. აქ ჩაის სლოიკას აყოლებენ, აბანოთუბანში კი ჩაისთან თათრებმა შეიძლება ცხვრის მწვადიც შემოგთავაზონ.

ზემოთ ვთქვი, რომ ქალაქური სუფრები ნუგზარ შატაიძესთან შედარებით მწირია-მეთქი. ასეთი სუფრები შეიძლება სოფლებშიც გაიწყოს, მაგრამ მას უფრო სახელდახელო შეგვიძლია ვუწოდოთ და არა მწირი. პირველ რიგში მწყემსებზე ითქმის ეს, რომლებიც პურს, ხახვს, ნიორს და ხანდახან ჭანჭურის არაყსაც ამოალაგებენ ხოლმე. ოჯახში კი, მწვადის მოლოდინში, როცა სუფრაზე მწნილიღაა დარჩენილი, მეზობლები სადღეგრძელოებს აჭიანურებენ და ცალი თვალი ბუხარში დაწყობილი შამფურებისკენ გაურბით, ვერ ითმენენ და ამბობენ: “რად უნდა, ბიჭო, მაგდენი?! მიიდე ლოყაზე, თბილია – მაიტა“.

მეზობლის დასახმარებლად გადასულები (გადაბერებული ხის მოჭრა იქნება, შეშის დაჩეხვა, ღორის დაკვლა თუ სხვ.) თავიდან ასევე სახელდახელო სუფრით იწყებენ, 3-3-ს ჩაარტყამენ მწნილთან ერთად და იწყებენ საქმეს, რომლის დასრულების შემდეგაც მეორე სართულიდან ჯამ-ჭურჭელის ხმაური მოისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი სუფრა იშლება, სადაც უკვე დედალი, ყველი, თასმასავით პური, ყაურმა და მწვადი შეიძლება შემოვიდეს. დეტალურად აქვს ასევე აღწერილი ნუგზარ შატაიძეს ხაშის ცერემონიალი, თან ისე აქვს აღწერილი, გეგონება ჩაის იაპონური ცერემონიალი იყოს. ესაა ქართლური მედიტაცია ბოლქვებად ამოსული ორთქლის ბუღით, ჯამებით, კოვზებით, ნიორ-მარილით, ღრმა ამოსუნთქვებით, ცხარე თუ ცოტა გალაყებული არაყით.

არაყზე ერთი ძალიან პოეტური ტექსტი აქვს ნუგზარს, „ჩვეულებრივი ყვავი, ჩვეულებრივი კაჭკაჭი, ჩვეულებრივი ძაღლები“. ნაოპერაციები რეანიმაციაში წევს და იხსენებს სოფელში რომ ავიდა, მარტო იჯდა და მეზობელმა მოაკითხა, ხელში კომბოსტოს ორი ფოთლით, ჯამებივით. ერთი პამიდორით იყო სავსე, მეორე ვენახის ატმით. შემდეგ ჭანჭურის არაყიც გამოაძვრინა მეზობელმა კედლის სამალავიდან და აქ ავტორის სიბრძნეც გაისმება არაყზე: „მწარეა, მაგრამ ტკბილია“.

სოფლიდან ხშირად ხორაგით ჩამოდიან ხოლმე, მოსაკითხით, ჭირშიც და ლხინშიც. მაგალითად, მოვიდა ქალაქიდან ნათესავის გარდაცვალების ამბავი. გამოაცხობენ ორ-ორ თონე გამტკიცულ ლავაშებს და ნეკნის პურებს, დაკლავენ ერთ კარგ, მსუქან ჭედილას, გაავსებენ ორვედრიან ტიკს ღვინით და ქალაქს მიდიან, ხოლო ახალი წლის წინა დღეს ქალაქში საცხოვრებლად გადასული შვილიშვილებისთვის რომელიმე დიდედას ან ბიძას სოფლური სანოვაგე ჩააქვთ – დაკლულ-გაპუტული ინდაური, ქათმები, ღორის ერთი დიდი ფეშხო და მამის გასახარად, ღვინო და არაყი. ტკბილეულიდან – ნაირ-ნაირი ჩირი და ტყლაპები, ჩამიჩი და ჩურჩხელები, ვაშლი და ზამთრის მსხალი. ხელცარიელი არც ნათესავები მიდიან ხოლმე ერთმანეთთან. მაგ. გაბა წინარეხიდან თავის სიძესთან, მიხასთან ყოველ შაბათს გადადიოდა ხოლმე და თუ ახალი დაკლული ჰყავდა, ყოველთვის თან მოჰქონდა ღორის დიდი ჩალაღაჯი, ჭანჭურის არაყი, თითქმის ერთი ჩანახი გაკროლილი კაკალი და სეზონზე – ბალი. მიხაც მომზადებული ხვდებოდა – ქვევრი უკვე მოხდილი ჰქონდა, პური გამომცხვარიყო, ქათამიც მოხარშულიყო და თაბახზე ცივდებოდა. როგორც მთხრობელი იხსენებს, მესამე არასდროს ჰყოლიათ თურმე სუფრაზე.

ამ კამერული, ორკაციანი სტუმარ-მასპინძლობიდან შეიძლება შედარებით დიდ და მასშტაბურ და რაც მთავარია, სასაცილო და სახალისო სტუმარ-მასპინძლობებზეც გადავიდეთ. პირველი რაც მახსენდება, „ნაცარია“: მთხრობელი საჭესთან ზის და მანქანა ჯინაზე მაინცდამაინც თავისი ძმაკაცის ჭიშკრის წინ „დაუბუქსავდება“ ყინულზე, ისიც დაინახავს, გამოვარდება და ეპატიჟება ხალხს, „კინოსტუდიის ხალხს“, რომლითაც სავსეა მანქანა. მთხრობელმა კი იცის, რომ მტრისას, თუკი კინოსტუდიის ხალხი ვინმეს ოჯახში შევიდა, ვერაფერი გადაურჩებათ, ყველაფერს შეჭამენ. ჰოდა „აბუქსავებს და აბუქსავებს“  ეს მთხრობელი, ერთი სული აქვს გასცდეს ამ ყინულს, ლურთი კი (ეგრე ჰქვია მასპინძელს) ექაჩება, კინოსტუდიის ხალხი მისი ძმაკაცები ჰგონია და „ღორი მყავს დაკლულიო, გუშინდელი ყაურმა გავაცხელოთო, მწვადები ავაშიშხინოთო…“, თან დაგინებული აქვს, ვინც არ შემოვიდესო. ხელს ყოფს მანქანაში, გასაღებს ეპოტინება და ისევ იგინება. მძღოლმა იცის რაც ელის ლურთს, თუკი მის ნებას დაჰყვებიან, ესენი მთელს ზამთრის სარჩოს შეუჭამენ, მთლიან დაკლულ-დაფეშხოებულ ღორს მუსრს გაავლებენ და ამიტომ ძალიან ინდომებს. უცებ ხდება საოცრება – ეზოდან ლურთის ცოლი გამორბის, გამოაქვს ორი ვედრო ნაცარი, უკვე მანქანიდან გადმოლაგებულ კინოსტუდიის ხალხს უკან ჩასხამს, უნდა დამძიმდეს მანქანაო და ერთ ვედრო ნაცარს ჯერ ერთ ბორბალს შეუყრის, მერე მეორეს და მანქანაც ადვილად გაცდება იმ ყინულიან, ლურთის ოჯახისთვის ძალიან სახიფათო მონაკვეთს. მთხრობელის ბოლო სიტყვებია: „მაინც რა ყოფილა, რა შესძლებია იმ დალოცვილ ნაცარს, როგორ იხსნა შიმშილისგან საცოდავი ლურთის ცოლ-შვილი ამხელა ზამთარში-მეთქი“.

თუმცა ყველას როდი უმართლებს ლურთივით. მაგ. გოგიას, მოთხრობიდან „სტუმარი ღვთისაა“ ერთ დღეში ლამის ოჯახს დაუქცევენ სტუმრები. სტუმრები პოლიტიკოსები არიან, „ჩაჰალსტუხებულ-ჩამუსლუკებული“ ხალხი ნაცნობი გვარ-სახელებით. ერთს ბატონი ვიტალი ჰქვია, მეორე კი, ვინც ამ შავმანქანიანებს მოუძღვის, გოგიას ცოლის ძმისწულია, ქუცნაშვილი: „ვაიმე საწყალი გოგიაო, – ჩაილაპარაკა ყარამანამ, – აბა, ამდენ ხალხს რა ღორი ეყოფაო…“ და იწყება დიდი ამბები, რომელსაც, რა თქმა უნდა, დეტალურად ვერ მოვყვები, ამისთვის თავად მოთხრობა უნდა წაიკითხოთ, თავად უნდა იცინოთ. მოკლედ კი გეტყვით, რომ ქრესტომათიული გასტროტერორისტული მოთხრობაა, ღორის დაკვლით, თოვლზე დაქცეული სისხლით, ნაკვერჩხალზე შემკრთალი მარილმოყრილი ელენთით, სუკებით, ყაურმით, ხაშლამით, ხინკლით, ზედაც დიდი ინდაურით. როცა მასპინძლები ხვდებიან, რომ სტუმრების არნახულმა მადამ შეიძლება ოჯახი დაუქციოს, ზოგი ხუმრობის ხასიათზეც დგება – ფაშვი არ უნდა გადაგვეგდოო, ამბობს ერთი, მეორე მწნილს აბრალებს ასეთ მადიანობას, არ უნდა გამოგეტანათ ყველანაირი მწნილი, კომბოსტოსიც რომ ჩადგით, პამიდვრისაც და წიწაკისაც, აბა რა გეგონათო, მწნილს რომ აყოლებენ, გული არ უმსუყდებათ და ბევრ ხორცსა სჭამენო. ბატონი ვიტალი ყაურმის გაცხელებას ითხოვს, სხვები ხინკლის ახალი პარტიის მოლოდინში იფშვნეტენ ხელებს. მოკლედ, შეჭამეს ყველაფერი, დაძღნენ, ისე, რომ კიბეზე სახეაჭარხლებულები ჩამოვიდნენ, „მეტი სმა-ჭამისაგან დაჟინჟღლულები“.

წასვლის წინ ერთი კარგი ფრაზაა, ისევ ყარამანა ამბობს – „ეჰ, სანამ მანქანები გათბება, ერთ ღორს კიდე შეჭამენო…“.

ნუგზარ შატაიძესთან ხშირია საკლავის დაკვლა – სახლში, მინდორში თუ ხატში. კლავენ ღორს, ჭედილას, ბატკანს, მოზვერს. დედები ყოველთვის არიდებენ შვილებს დაკვლის სანახაობას, გაფუფქვა-გატყავებასაც. ეგ კიარა, ხანდახან ოთახში შეჰყავთ და ღორმა თუ ხმამაღალი ჭყვირილი დაიწყო, ყურებზე ხელებსაც აფარებენ ხოლმე შვილებს. ზოგჯერ დაკვლისას შეიძლება საკლავი გაექცეთ კიდეც, მაგრამ ბედისწერას ვერსად გაექცევი, ყველაფერი მაინც ისევ მწვადით, ყაურმითა და ღორის ხაშლამით სრულდება. ბატკანს ქვაბში კაფავენ, დააყრიან ბლომად ტარხუნას და მწვანე ხახვს, მოხარშულს შეაგემებენ მარილითა და ტყემლით და მოასხამენ თეთრ ღვინოს. მოთხრობაში „ლამაზი ქალი“ დიასახლი ასე ამზადებს ყაურმას – ჩაკაფავს ჭედილას ჯიგარს, დააჭრის ბლომად ხახვს და შემოდგამს ცეცხლზე. კარგად რომ ჩაიშუშება, გადაუწურავს წვენს, მოხრაკავს მშრალად, დაბრაწავს, მერე შეუყენებს თავისივე წვენს, შეაგემებს წიწაკით, ხმელი ქონდრით და მარილით და მოაპკურებს ნახევარ ჭიქა ღვინოს (სხვაგან, სხვა მოთხრობებში, კაცები ყოველთვის ერთ ან მეტ ჭიქა ღვინოს უმატებენ ასეთ კერძებს და არა ნახევარს).

საკლავთან დაკავშირებული ყველაზე გიჟური ისტორია მაინც „პურის მოთხრობაშია“ მოყოლილი, ესაა ქართლური რაბლეზიანიზმით გაჯერებული ამბავი. ავტორი ზემოუბნელების და ქვემოუბნელების შრომისა და გასტრონომიულ კულტურებს შორის განსხვავებაზე ლაპარაკობს და იხსენებს, რომ მინდორში სამუშაოდ წასულებს, ზემოთუბნელებს საგზლად ყოველთვის პური, ღვინო და საკლავი მიჰყავდათ ხოლმე, ქვემოთუბნელებს კი აბგებში მარტო ხმელი პურის ნამტვრევები და ნივრის კბილები ეყარათ. სადილისთვის ზემოთუბნელები ცხვარს დაჰკლავდნენ და დიდ ქვაბში გემრიელ კერძს ამზადებდნენ. ქვემოთუბნელები ამ დროს შორიდან უთვალთვალებდნენ. როცა დაასრულებდნენ შეკმაზვას, ქვემოთუბნელები დაავლებდნენ ხელს მარგილებს და გნიასით დაიფრენდნენ ზემოთუბნელებს. ისინი მიატოვებდნენ ყველაფერს, ქვაბსაც, პურ-ღვინოსაც და მთელს ამ სასმელ-საჭმელს ქვემოთუბნელები შეესეოდნენ ხოლმე. ერთხელაც ამოუვიდათ ყელში ამდენი დამცირება ზემოთუბნელებს და ჩუმად ერთი კარგი მსუქანი ძაღლი დაკლეს, მოხარშეს, შეკმაზეს და დაიძრა თუარა ხოდაბუნებიდან ქვემოთუბნელების ლაშქარი, ძველებურად მიატოვეს ყველაფერი და შორიდან დაუწყეს ცქერა. კერძს რომ მიაძღნენ და ზედ ღვინოც დააყოლეს, შემდეგ კი „სასმლისაგან მადაგაძლიერებულებმა“ თითო ჯამიც რომ ამოიმატეს, „ამოჰყვა ციცხვს ძაღლის კბილებდაკრეჭილი თავი…“.

ისევ „პურის მოთხრობაში“ უნდა დავრჩეთ, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ჩვენს თემასთან და ამ შედევრით ნუგზარ შატაიძემ შესაძლოა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი სათქმელი დაგვიტოვა. რას არ გაიგებთ ამ მოთხრობიდან, ამ პროზაული კვლევიდან: გაიგებთ, რომ ცომის გაღვივებას „შეცოლქმარება“ ჰქვია, ამოგუნდავებას „ამოქნა“, ერთნაირი ფქვილით მოზელილი ცომი „სალთად მოზელილი“ ცომია. გაიგებთ რას ნიშნავს მკლავპაჭიჭი, კინჭუტი, უკანა პური, დაფაშრება. როგორ პურს არ ნახავთ აქ: შოთებს, ლიკანს, ნეკნის პურს, ნაზუქს, თაფლავაშს, კვერებს, ლოლოებს, აბრამიანს, ბასილას. აქვეა პურის ხარშო, ფაფა და ხავიწი, ხალიფაფა და ფქვილის შეჭამანდი.

პურთან დაკავშირებით ხშირად იხსენებს ნუგზარ შატაიძე ბავშვებს და თავის ბავშვობას. ცხელი პური ხომ ყველას გვყვარებია, ზოგი დღესაც ვატეხთ ხოლმე ყუას (წვერს) ახლადგამომცხვარ პურს, სანამ სახლამდე მივიტანდეთ, ჰოდა ნუგზარიც არაერთხელ იხსენებს ასეთ სცენებს და მაშინდელ სურნელებს.

ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება ასევე კულინარიული მრავალკულტურულობის და მეტიც, ხანდახან უცხო ტრადიციებისადმი დიდი პატივისცემის ის შემთხვევებიც, რომელიც ნუგზარ შატაიძესთანაა აღწერილი. მაგალითად, ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ტრამვაი #7“-ში ქურთების სამზადისია აღწერილი: ზოგი მწვანილს რეცხავს, ზოგი ხორცს ჭრის, ზოგი ბრინჯს არჩევს, კერძებს უზარმაზარ, გაკრიალებულ ქვაბებში ხარშავენ, ჩხარუნით მოაქვთ არყისა და ლიმონათის ბოთლებით სავსე ყუთები, შემდეგ ეზოში შემოდიან დამკვრელები და იწყება ხმაურიანი დროსტარება, რომლის უცვლელი თამადაც ქართლელი კაცი იყო ხოლმე, მწერლის მამა. იქვეა მოთხრობილი სომეხი ქალის, შუშიკ-ტოტას შაქარ-წყალში აზელილი ქუმელის შესახებ, სხვაგან კი ოსური ხაბიზგინების ამბავსაც ამოიკითხავთ. მოთხრობაში „თეთრი ცხენი“ ქაქუცას შეფიცულთა რაზმის წევრები დამარცხებული აჯანყების შემდეგ თურქეთში გადასვლას ცდილობენ და მათ მეგზურებად აჯიხალილას ბორჩალოელი თათრები მიუძღვიან. უცებ გარეული ღორების კოლტს დაინახავენ, მაგრამ არ ესვრიან, „უფრო აჯიხალილასი და იმის თათრების ხათრით, ვიდრე მდევრების შიშით“.

მდევრებზე, ყაჩაღებზე და აჯანყებულებზე გამახსენდა და ბარემ ამ გავარდნილი ხალხის მენიუსაც გადავხედოთ. ქუმელი ზემოთაც იყო, აღარ შევჩერდები, ამიტომ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა აჯანყებულები მოზვერს დაკლავენ, გაატყავებენ, ცეცხლზე ყურიანი ქვაბით ყაურმას შემოდგამენ, მაგრამ უეცრად მდევრები გამოჩნდებიან და ამის გამო ცეცხლს ჩააქრობენ და ყველანაირი კვალის მიჩქმალვას ცდილობენ. მდევრები შეამჩნევენ მათ ადგილსამყოფელს და შეტაკებას მოერიდებიან, თუმცა განერვიულებულ აჯანყებულებს უკვე მადა უფუჭდებათ და ლუკმას ვეღარ იკარებენ. მოთხრობაში, „გეგათ ოლა“ კი მოხუცი ქალი ყაჩაღებს, ილოს და ვანოს გადაეყრება და ისინი დაპურებას თხოვენ, „მესამე დღეა ნაწილ-მოწყალება არ ჩაგვსვლია პირში…“ და იქნებ რამე გადმოგვიტანოო: „ჯერ მიჯდა მარნის სიბნელეში, იტირა, იზუზუნა, კარგად მოიოხა გული, მერე ჩამოიღო თავხეზე დაკიდებული მანეულის დიდი კალათი, დაბერტყა, გაასუფთავა, შიგ ტილო ჩააფინა. ხარიხიდან ღორის დამარილებული ნაფერდალი ჩამოხსნა, დერგიდან ერთი დიდი კვერეული ყველი ამოიღო, ისინიც ტილოებში შეახვია. ორჩარექიანი ხელადა არყით გაავსო, ჩაალაგა ესენი კალათში, ჩაუმატა ოდნავ შემჭკნარი, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ლოყაწითელი ვაშლები, ჩურჩხელები, ხახვი, ნიორი… დაალაგა ამ ყველაფერს ზემოდან ექვსი თასმასავით რბილი პური, კალათს ჩაის ტილო გადააფარა და იქვე, მარნის ბნელ კუთხეში მიდგა“.

კიდევ არაერთი ლიტერატურული მენიუს აღწერა შეიძლება ნუგზარ შატაიძის მოთხრობებში, ქეიფების, სიმწრისა თუ ბედნიერების ლუკმების, ლხინისა თუ ჭირის, ქელეხის სუფრების. მასთან რეალური პურ-მარილის გარდა დიდი წარმოსახვითი სუფრებიც იშლება (მაგ. მოთხრობა „გვირაბში“), თუმცა ბოლოს მაინც მინდა მოგზაურის ულუფებზე  შევჩერდე, რადგან ნუგზართან დიდი მოგზაურობისთვისაც გვხვდება საგზალი და მოკლე გზისთვისაც.

ქალაქიდან სოფელში წასვლის წინ ცოლი ქმარს რამდენიმე კატლეტს უწვავს, ან ცოტა ყველით და ორი ცალი კიტრით ადგება სოფლისკენ გზას. უსახლკარო ბიჭი, მოთხრობიდან „მოგზაურობა აფრიკაში“ კილკის ორი კონსერვით, 2 პურითა და ნახევარი კილო ხალვით მიდის აფხაზეთში. სულ სხვანაირია ევროპელი მოგზაურის მენიუ ავტობიოგრაფიული მოთხრობიდან „ევროპაში რა მინდოდა“. ასეთი ეპიზოდები კიდევაა, თუმცა ნუგზარის ერთი ძველი მოთხრობით მინდა დავამთავრო, სადაც მეგობრები მყინვარწვერზე მიდიან და მწვერვალის მისადგომებთან მისულები, სასადილოში შედიან. იქ აღმოაჩენენ, რომ ასვლის სეზონი დასრულებულა და კარგად გამოთვრებიან. ბოლოს მწვერვალზე გასახსნელად გადანახულ ფრანგულ შამპანურსაც ამოაძვრენენ ზურგჩანთიდან. უცხო ბოთლი სასწაულივით ამოანათებს და „და უცებ, მეორე სასწაული ხდება – გაუპარსავ, ჭუჭყიანხალათიან ოფიციანტს სამი, საოცრად ლამაზი, მაღალფეხიანი ფუჟერი მოაქვს“ და უმწვერვალო მთამსვლელებს წინ დაულაგებს.

© არილი

Facebook Comments Box