ესე

მალხაზ ხარბედია – სასაფლაო – მშვენიერი გამოგონება

1838 წელი. ცხელი ტფილისური ზაფხული. 6 აგვისტო. ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს თავის მეგობარს, მიხეილ თუმანიშვილს: “ჩვენს ქალაქში, რომელიც სიცხისაგან მოსაწყენია და მტვრისაგან სულის შემხუთველი, საყურადღებო არაფერია. მე გამოვცოცხლდები ხოლმე მთვარიან საღამოს, რომელიც ტფილისში მშვენიერია. გუშინ, ერთ-ერთ ასეთ საღამოს, წავედი სახეტიალოდ მოსკოვის სადარაჯოსაკენ და მოულოდნელად თავი სასაფლაოზე ამოვყავი. უნდა გამოგიტყდე, ცოტა შევშფოთდი, როდესაც თვალი მიმოვავლე ამ მყუდროებას: ღამის 11 საათია, არც ერთი სული! გარშემო საუკუნოებრივი სიცალიერე; მთვარე მქრქალად ანათებს საფლავებს, როგორც მიცვალებულის მიმქრალი ბაზმა. ჩუმად და ნელა მოიზლაზნება მტკვარი, თითქოს ეშინია დაარღვიოს ამ სევდიანი ქვეყნის მყუდროება. შენ ახლა არხეინადა ხარ და მე არ მინდა შეგაშფოთო სევდიანი ფიქრებით, რომელიც გამოიწვია ჩემში ამ ზეციურ-ქვეყნიურმა სანახაობამ! გეტყვი კი, რომ სასაფლაო მშვენიერი გამოგონებაა, ის აუცილებელია, რათა მოკვდავი ადამიანი დროგამოშვებით იმაში თავის ცხოვრებას კითხულობდეს: ბედკრულის ნუგეშინისცემა, დასასრული ბედნიერებისა!”
შორს წამოსულა ბარათაშვილი, გასცილებია ქალაქის გასასვლელს, “ზასტავას”, რომელიც ახლანდელ კინოს სახლთან იყო, გადაუვლია ხევი, ახლანდელი ელბაქიძის აღმართზე რომ ჩადიოდა, გვერდზე ჩამოუტოვებია მაშინდელი ახალგაზრდობის მთავარი გასართობის, Tir aux Pigeons-ის ადგილი, სადაც ნაძლევზე მტრედებს ხოცავდნენ ხოლმე, ჩაუვლია თავად სუმბათაშვილის დიდებულ სასახლესთან, რომელიც ქალაქის ბოლოში იდგა, და ვერის სასაფლაოზე ამოუყვია თავი: ხევები, სამხედრო გზა, ქვევით მტკვარი და ერთი წლის წინ ნიკოლოზ I-ს გადარჩენის აღსანიშნავად აღმართული ჯვარი… საფლავებზეც ჯვრები, ქვები და სასაფლაო ფიქრები.
ამ ფიქრებიდან იწყება ტფილისური “სასაფლაოს ტექსტი”, რომელიც დღემდე მოდის ჩუმ-ჩუმად, კლასიკოსებისა და მარგინალური ტექსტების გავლით, მოდის თითქმის უცვლელად. თუკი ადრე მთაწმინდა და ვერის სასაფლაო იყო, ახლა მუხათგვერდის, დიღმის, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებზეც დაეხეტებიან გმირები. იქ, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მეგობარი მწერალიც წევს.
ხდება ისეც, რომ პოეტები სრულიად შემთხვევით ისეთ ადგილებში გადაეყრებიან ხოლმე საყვარელი მწერლების საფლავებს, რომ თვითონაც კი უკვირთ. აი მაგალითად, 10-15 წლის წინ შოთა იათაშვილი ვერის ბაღში მივიდა, მზეს მიეფიცხა და თქვა:
“ვერის ბაღშიბიჭები, გოგოები, ჭიანჭველები, ფოთლები დამე და მაისის სითბო მოვედით ერთხელაც.მე დავჯექი ხის სკამზე დაუეცრად აღმოვჩნდი დანიელ ჭონქაძის საფლავის წინ.

უკვე ვფიქრობ, რომ მისი სული გამომყვება სახლში,ჩამყვება სიზმრებში,ჩემთან დამეგობრებას განიზრახავს…დანიელ ჭონქაძის სული -თურმე ვერის ბაღში რამდენი მოსვლა იყო საჭირო,რომ ბოლოს და ბოლოს მეგრძნო მისი აქ ყოფნა…“
ზვიად რატიანმა დაახლოებით იმავე დროს დაწერა:
“სად დნება თოვლი ყველაზე გვიან? სასაფლაოებზე, ჩემო მეგობარო.
სასაფლაოებზე, საფლავის მიწაზე…”
მანამდე კი ანდრო ბუაჩიძე წერდა ძალიან ბევრს სასაფლაოებზე:
“იქით კი ვაკის სასაფლაოა და ჩემი ძველი ამხანაგები…”.
აკა მორჩილაძესთანაც ბევრია სასაფლაოებზე ხეტიალი, ერთი მოთხრობა მთლიანად სასაფლაოზეა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ქალაქის ორეული აღმოჩნდება, ქალაქი-სასაფლაო. ეს მოთხრობა “ტიფლისი, გრანტის საგრაფოა”, ქართული “სასაფლაოს ტექსტის” სევდიანი გვირგვინი.
სხვაც ბევრი წერდა სასაფლაოებზე, ყველას რა ჩამოთვლის და ეს შესავალიც მხოლოდ შეხსენებისთვისაა. უბრალოდ, მადლობა გრიგოლ ჩხარტიშვილსა და მის ალტერ ეგოს, რომ გაგვახსენა სასაფლაო, როგორც “მშვენიერი გამოგონება”, სადაც შეგვიძლია ცხოვრება წავიკითხოთ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“