Posted on

მალხაზ ხარბედია – ჰაინრიჰ ბიოლის „ადრეული წლების პური“

boll-max-89

ჰაინრიჰ ბიოლი თითქმის ყველა ტექსტში, რაც წამიკითხავს, დიდი ყურადღებით ეპყრობა საკვებს. პურის ერთი ნამცეციც კი არ დაუვარდებათ, ისეთი გაფაციცებით აკვირდება თავისი მთავარი გმირების, მთხრობელების თუ ეპიზოდური პერსონაჟების რაციონს – საუზმეებს, სადილებს, გვიან ვახშმებს, პიკნიკებს, სამსახურისთვის გამზადებულ ულუფებს. იგი დეტალურად აღწერს პურის გატეხვის სცენებს, სუპის თქვლეფას, წყალწყალა ჩაის სმას, მოპარული ტკბილეულით ყელის ჩაწვას და რაც მთავარია, შიმშილს. მისი ტექსტები სავსეა საჭმლის სურნელებით, კერძის მომზადებისას წამოსული ცდუნებებით, მარტოობის ნადიმებით, სიმწრის ლუკმებით, უმცირესის გაზიარებითა და ნერწყვის ყლაპვით.

ამ წერილისთვის მისი არაერთი რომანიდან თუ მოთხრობიდან შეიძლებოდა შესაფერისი ეპიზოდებისა და მონაკვეთების ამოკრება. ბიოლს ესეებიც აქვს, რომელიც პურს ან ზოგადად საკვებს ეძღვნება, მის ფილოსოფიას, სოციალურ როლს, ესთეტიკას. ერთ ესეს ასეც ჰქვია: „პურის ესთეტიკა“. მოკლედ, მასალა ძალზე დიდია, ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ერთი ვრცელი მოთხრობა ამეღო და ბოლოსკენ ბიოლისვე „ირლანდიური დღიურების“ ეპიზოდებიც გამეხსენებინა და დიჯესტივივით, რომელიმე ირლანდიური ვისკივით დამეყოლებინა ძირითადი ტექსტისთვის, „ადრეული წლების პური“–სთვის, წიგნისთვის, სადაც სიტყვა „პურზე“ უცებ ცოცხლდებიან, კრთებიან, წუხან, ფორიაქობენ, შფოთავენ. არ შეუძლიათ ამ სიტყვის გაგონება და ერთმანეთს თხოვენ: „გემუდარები, აღარ გაიმეორო სიტყვა „პური“, აღარ შემიძლია მისი გაგონება“. საქმეზე საუბრისას კი სულ „თავის რჩენას“ და „გამოკვებას“ ახსენებენ.

„ადრეული წლების პურის“ პროტაგონისტი ახალგაზრდა ყმაწვილია, ვალტერ ფენდრიხი, რომელიც ერთი გოგონას, ჰედვიგ მულერის ჩამოსვლას ელოდება ქალაქში (ალბათ კიოლნში), სადაც თვითონაც რამდენიმე წლის წინ ჩავიდა სამუშაოდ. გოგონასი, ვინც ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ მაინც დიდი მოლოდინით ელოდება, სადგურზე უნდა დახვდეს.

ვალტერი პირველივე გვერდებიდან გვიყვება თავისი საქმიანობის შესახებ. იგი სარეცხი მანქანების პროფილაქტიკაში მუშაობს და ასე ამბობს, დასვენების დღეები და ორშაბათი ყველაზე დატვირთული მაქვსო. საქმე ისაა, რომ შაბათ-კვირას ოჯახის მამები როგორც წესი სახლში არიან და სწორედ ამ დღეებში წამოუვლით ხოლმე მათ სარეცხი მანქანების შეკეთების თუ შემოწმების ვნება. ისიც დაქრის აქეთ-იქით, ქალაქის ხან ერთ კუთხეში, ხან მეორეში და გარკვეულ საფასურად აკეთებს სარეცხ მანქანებს, თუმცა შიგადაშიგ საუზმეს ან სადილსაც გამოჰკრავს ხოლმე ხელს, გააჩნია, როგორი მასპინძელი შეხვდება.

დაპურების თემა თავიდანვე ბევრ რამეს განსაზღვრავს ტექსტში. მთხრობელი ჯერ ვინმე ფუნდალს იხსენებს, ვისაც საცხობი ჰქონდა და ვისთანაც ის და მამამისი ნისიად იღებდნენ ხოლმე პურს. იხსენებს პურის გარდა სხვა სურნელებსაც, რომელიც ფუნდალების სახლიდან გამოდიოდა – ჩაშუშული ხორცის, მოტაფული ქონის სურნელებს და შემდეგ პირდაპირ გვეუბნება, რომ მან ძალიან ბევრი რამის ფასი იცის და რომ ეს ფასი (თუ ფასები) მას შიმშილმა ასწავლა.

უკვე 50-იანი წლებია, ომისშემდგომი ყველაზე მძიმე, გაჭირვების წლები თითქოს ჩავლილია, მაგრამ იგი კვლავინდებურად დამოკიდებულია პურზე. ადრე მას გონება ებინდებოდა ახლადგამომცხვარი პურის გახსენებაზე. საათობით დადიოდა ქალაქში და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა – პურზე. თვალებანთებულს მუხლები უკანკალებდა და გრძნობდა, რომ მასში მგელი იღვიძებდა. აბოდებდა პურზე, საკუთარი თავის ეშინოდა. იგი ახლაც, ხელფასის დღეებში, როდესაც ჯიბეები ქაღალდის ფულითა და ხურდით ევსება, პურს ყიდულობს, აუარება პურს, ყიდულობს ყველგან, სადაც კი პურის მაღაზია შეხვდება. ყველა იმ ვიტრინასთან ჩერდება, საიდანაც პური დაუძახებს, შემდეგ შედის და არჩევს ახალ, თბილ, სურნელოვან პურს. ჯერ ორ ცალს, შემდეგ მეორე მაღაზიაში კიდევ ერთს, ასევე ბევრ ფუნთუშას იღებს, ოქროსფერებს, დაბრაწულებს, ხრაშუნა კანით. ამ პურებს შემდეგ თავის დიასახლისთან ტოვებს, რადგან მარტო ვერ მოერევა და თანაც პური რომ გაუფუჭდეს, დაუობდეს ან გაუხევდეს, შეიძლება ვერ გადაიტანოს ეს ამბავი.

მთხრობელი სულ რაღაც 24-25 წლისაა, მაგრამ უკვე ბევრი აქვს მოსაგონარი. პირველ რიგში კი დედის გარდაცვალების ამბავს იხსენებს, შიმშილობის ყველაზე ძნელ პერიოდს, როცა მამასთან შიმშილზე ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა, რადგან იგი მთლიანად დედაზე ფიქრით იყო მოცული. დედას საავადმყოფოში აკითხავდნენ მამა–შვილი. დედა ყოველ ჯერზე თავის ულუფას სთავაზობს შვილს, ასე ეუბნება, „რაღაც გემრიელი შემოვინახე შენთვისო“ და არავინ იცის საიდან აჩენს ხილს, რძეს, ღვეზელს, მაგრამ, ვალტერი ვერ ჭამს, მადა უკვდება, იცის, რომ დედას სუსტი ფილტვები აქვს, მას უფრო სჭირდება ეს ყველაფერი და ამ დროს ხედავს მეზობელ ლოგინზე მწოლიარე ქალს, რომელიც ასევე ავადაა, მომაკვდავია, მაგრამ მის თვალებშიც იმ თავის მტაცებელს ხედავს, ზემოთ რომ ვახსენეთ. ხედავს მის მგლურ თვალებს და იცის, რომ იგი ყველაფერს შეჭამს, რასაც დედა ახლა სთავაზობდა. გრძნობს დედის ხელის სიმხურვალეს და შიშს მის თვალებში, რომელიც მეზობელი ქალის მგლურმა მზერამ გამოიწვია. მაგრამ ვალტერი მაინც არაფერს ეკარება, მხოლოდ დედის ცხელი ხელები, თითებზე თითების ჩაჭიდება და მუდარა, თვალებით… შემდეგ დედა იღიმის და ვალტერმა იცის, რომ ხვეწნა დასრულდა, დედამ გაუგო და თავი დაანება.

14-15 წლის ბიჭი ზუსტად გრძნობს, რომ დედა მალე მოკვდება, ამას ექიმსაც ატყობს, მის გულგრილ ლაპარაკზე, თუმცა მგლისთვალება ქალი მეზობელი ლოგინიდან უფრო ადრე კვდება და ამ დროს თამაშდება მოთხრობის ერთ-ერთი უძლიერესი სცენა. კვირადღეა, პალატაში გარდაცვლილის ქმარი შემოდის, რომელიც ქარიყლაპიას ჰგავს. მისი ცოლის ლოგინი უკვე ცარიელია, წინა ღამით გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს, ქმარი კი კარადაში იქექება – თმის სამაგრი, ფერუმარილი, საცვლები და ასანთი მიაქვს, საქმიანად ალაგებს ნივთებს და უცებ აღმოაჩენს, რომ მოშუშული ხორცის კონსერვი არ დევს კარადაში. იწყება ისტერია: „სად არის კონსერვი?! გუშინ მოვიტანე, საღამოს ათ საათზე, სამსახურის მერე! მომაკვდავი ხომ არ შეჭამდა?! ღამე გარდაიცვალა, სიკვდილის წინ ხომ არ შეჭამდა?! სად არის მოშუშული ხორცი?! მოიტათ ხორცი!…„ გაჰყვირის ქმარი და თან ტუჩის კუთხეებში მოყვითალო დუჟი ადგება, ხელში კი ცოლის წვეტიანი თმისსამაგრები უჭირავს და ხმალივით იქნევს. სახეში უყვირის მედდას, რომელსაც კონსერვის მოპარვას აბრალებს და რამდენიმეჯერ ხელითაც შეეხება, მკერდში ჩაარტყამს მუშტს. თან კბილები აქვს დაკრეჭილი მკვდარი ვირთხასავით და შეტევაზე მიდის.

მალე ორი სანიტარი შემოვარდება (ვალტერის მამის დაძახილზე), სკანდალისტს ხელებს ამოუტრიალებენ და გარეთ გაათრევენ, დედა კი ჩუმად ამბობს: „ყოველთვის ფულზე ჩხუბობდნენ ხოლმე… ერთმანეთს ისეთ საშინელებებს ეუბნებოდნენ… 20 წელია დაქორწინებულები არიან, ერთი ბიჭი ჰყავდათ, ომში დაეღუპათ. ბალიშის ქვეშ ჰქონდა ფოტო. ხანდახან გამოიღებდა, დახედავდა და ტიროდა. ფოტოსურათი ახლაც იქ დევს, ფულიც. ვერ იპოვა ქმარმა. ხორცის კონსერვი კი თავად ქალმა შეჭამა, გუშინ მოასწრო“.

ყველაზე მეტად ვალტერს დედის გარდაცვალების შემდეგ უჭირდა, პირველ თვეებში. იგი კვირაში ოთხჯერ წმ. ვინცენტის ჰოსპიტალში დადიოდა, სადაც დედას შორეული ნათესავი მუშაობდა სამზარეულოში. თხელი სუპი, ხანდახან პურით, მისი მთავარი საზრდო იყო. მოხუცებთან ერთად ჩამოჯდებოდა და ხვრეპდა სუპს. საკვებს ღია ფანჯრიდან აწვდიდა და კლარა – ძლიერი, სავსე მკლავები, თეფშებით და დამშეული მოხუცების აკანკალებული ხელები. ეს ყველაფერი გვიან საღამოს ხდებოდა, როცა ავადმყოფებს უკვე ეძინათ, თითქოს გაბრაზდებოდნენ „მათ ხარჯზე“ ქველმოქმედება რომ დაენახათ.

მისაღებში მხოლოდ ორი 15 ვატიანი ნათურა ბჟუტავს და პირის წკლაპუნს ისევ და კლარა თუ დაარღვევს. ამჯერად იგი პუდინგიან თეფშებს გამოდგამს. პუდინგი ყოველთვის წითელია, ისეთი წითელი, როგორც ჯოხზე წამოცმული მამალოები. შემდეგ ცოტა ხნით ისევ გაქრებოდა ეს ჩვენი წმ. კლარა და სოუსიანი ქვაბით ბრუნდებოდა, შხამიანი ყვითელი ფერის საწებლით, ისეთი ყვითელით, როგორიც გოგირდია, ანდა საკვირაო ბაზრობების ვაი-მხატვრების დახატული ბრტყელი მზეები. ხანდახან, როგორც ვთქვი, პურის ნატეხიც შედიოდა რაციონში (კვირაობით კარტოფილი და ხორციანი საწებელიც გამოანათებდა მენიუში), მოგვიანებით კი თითო ღერი თეთრი, ქათქათა სიგარეტის ჯერიც დგებოდა, რითაც და კლარა აგვირგვინებდა თავის ქველმოქმედებას. და ბოლოს, სევდიანი, მწუხარებით ნათქვამი სიტყვები: „მეტი აღარაფერია“.

ვალტერს სიყვარული და სიძულვილიც შიმშილზე აქვს აწყობილი. მაგ. იგი ვერ იტანს თავის უფროსს, რადგან მისი სახლიდან საოცარი სურნელები გამოდის, ისეთი კერძების და სასუსნავების, როგორიც არადროს გაუსინჯავს – ოჯახური ღვეზელები, მოშუშული ხორცი და დაბრაწული ქონი, არადა თავად ხილფაფით გადაწებებული 2 ნაჭერი პური უდევს ჩანთაში და ერთი ულუფა ცივი სუპი, რომელსაც მეზობელ მშენებლობაზე აცხელებს ხოლმე, თუ რა თქმა უნდა გზაშივე არ მოუღო ბოლო წვნიანს. სამსახურში გავლა-გამოვლისას მისი ჩანთიდან ცარიელი ჭურჭლის რახა-რუხი ისმის და გამოძახებაზე იმ იმედით მიდის, იქნებ რომელიმე მუშტარი სადილით გაუმასპინძლდეს და მართლაც, არაერთხელ ყოფილა, რომ სუფრასთან მოუწვევიათ სარეცხი მანქანების ახალგაზრდა სპეციალისტი.

საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის მიუხედავად, მამასთან ხანდახან მაინც წამოცდება შიმშილზე სიტყვა და მასაც ჩქარ-ჩქარა გამოაქვს სამზარეულოდან ვაშლი, მარგარინი, პური. წვავს კარტოფილს ან ხელში კომბოსტოს პატარა თავს ატრიალებს, იქნებ მისგან რაიმე სალათი მაინც გამოიყვანოს.

როგორც ზემოთაც ვახსენე, ბიოლი პურის გატეხვასაც კი დაწვრილმანებით აღწერს. შავ ბაზარზე ნაყიდ კილოგრამიან ფურნის პურს ვალტერი ხანდახან მარტო ჭამს. სკამზე ჩამოჯდება ან ნანგრევებში შედის, იქ განმარტოვდება და იწყება პურის შუაზე გატეხვის რიტუალი. ჭუჭყიან თითებს თეთრი პურის გულში ასობს, ხარბად ივსებს პირს და თან ამ პურის სუნთქვას აყურადებს, დარწმუნებულია, რომ ხელში ცოცხალი არსება უჭირავს, მას ანაწევრებს. ხანდახან საღამოსთვისაც ინახავს პურს, გაზეთში ახვევს და ჩანთაში დებს, მაგრამ ასიოდ ნაბიჯში ისევ ახსენდება მისი არსებობა, ჩერდება და სიარულისას, ტროტუარზევე ჭამს დარჩენილ ნატეხებს, ბოლო ნამცეცებიანად. იყო შემთხვევები, როცა კილონახევრიან პურსაც უღებდა ბოლოს და ძღომის, ნაყროვანების ისეთი ნეტარი გრძნობა უჩნდებოდა, რომ თავის ვახშამს სხვებს უთმობდა ინტერნატში დაბრუნებული.

ერთი სცენაა, ვალტერი და მისი მეგობარი პატარა კაფეში შედიან და სწორედ ამ დროს კაფეს თანამშრომელი ახლადგამომცხვარ ფუნთუშებს ჩაცლის ვიტრინაში. ფუნთუშები სახით (თუ ზურგით) ეკვრიან მინას, დაბრაწული მხრიდან, სადაც მცხობელის განასერებია, მანათობელი, მადისაღმძვრელი ნაპრალები. ისინი თითქოს მოძრაობენ, ცოცხლებივით არიან და აკვარიუმში ჩაყრილ კარჩხანებს ჰგვანან ამით. ფუნთუშის გატეხვა აქაც წვრილმანებამდეა აღწერილი, თითების მოძრაობით, კანის გადახსნით და თეთრი გულის გამომზეულებით, გადმობრუნებით. მოგვიანებით შეყვარებულთანაც მიაქვს ეს ფუნთუშები, ჯიბით, და ამჯერად უკვე გოგოს ხელები ტეხენ მას. ხედავს მისი ძლიერი და ამავე დროს ნაზი ცერა თითი როგორ აღწევს დაბრაწულ კანში, შემდეგ ჭამასაც აკვირდება და უცებ გოგონა მოუბრუნდება და ჰკითხავს, კიდევ ხომ არა აქვს ჯიბეში პური? და იქვე დასძენს: „ჯიბით რატომ დაატარებთ? ჩიტებს აჭმევთ თუ შიმშილით სიკვდილის გეშინიათ?“. ვალტერი კი პასუხობს: „ყოველთვის მეშინია შიმშილით სიკვდილის“.

ეს „შეყვარებული“ სწორედ ის ჰედვიგია, რომლის ჩამოსვლასაც ელოდება დასაწყისში მთხრობელი და ვინც ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობიდან. იცის, რომ სადგურში 20 წლის ქერათმიან გოგოს უნდა დახვდეს, რომელიც შემდეგ მუქთმიანი აღმოჩნდება, ახალი ბალახისფერი, მწვანე პალტოთი. მისი დანახვისთანავე შიში იპყრობს, როგორც მოგზაურს, ვისაც ჰგონია, რომ რომელიღაც უცნობ მიწაზე პირველმა დააბიჯა ფეხი და მაინც ეჭვობს, იქნებ დაასწრეს და სხვა ექსპედიციამ უკვე აღმართა თავისი დროშა ამ მიწაზე?! იგი ბოლომდე შეიგრძნობს მას – თმებს, თვალებს, ხელის მსუბუქ მტევანს, ცივსა და მშრალს. ახსნის მანქანის კაპოტს, თითქოს რადიატორს უნდა შეხედოს, მაგრამ ამ დროს საქარე მინაში ჰედვიგს აშტერდება. ისევ შიში უჩნდება, ოღონდ არა ის, ზემოთ რაც ვახსენეთ, არამედ სულ სხვა შიში, მომავლის შიში. ის ხომ ამ წამს, ამ შეხვედრის შემდეგ რომელიღაც მატარებლიდან ჩამოხტა, უკვე დაძრული მატარებლიდან, მიატოვა ყველაფერი და ახლა მხოლოდ მას უყურებს მინის მიღმა. ფიქრობს რამდენ უსასრულო საუბარს უნდა გაუძლოს, უნაყოფო კინკლაობას იმის შესახებ თუ ვინაა დამნაშავე, გაუძლოს საყვედურებს, სკანდალებს, სატელეფონო ზარებს, წერილებს, დანაშაულებებს, რომელიც თავის თავზე უნდა აიღოს.

მანამდე მთხრობელი ძველი შეყვარებულის, ვერონიკას ამბავსაც გვიყვება. მისი ძმა პურის ქარხანაში მუშაობდა და ყოველთვის მოჰქონდა პური ვალტერისთვის. გოგონას უყვარდა, როცა ხელიდან აჭმევდა მას, ვისაც უკვე დაზეპირებული ჰქონდა მისი ხელები. ერთხელაც დედამისის ბეჭედი აჩვენა და ვერონიკას თვალებშიც იგივე მტაცებლური მოყვითალო ნაპერწკალი დაინახა, რაც იმ ქალის თვალებში, დედის პალატაში რომ იწვა. მოგვიანებით ვერონიკა გათხოვდება, ხნიერ მერძევეს გაჰყვება, ცოტათი მოსუქდება და წლების შემდეგ, როდესაც შემთხვევით მის სახლთან ჩაივლის, ვალტერი დაინახავს ძლიერი, ლამაზი თეთრი ხელებით როგორ ასხამს იგი რძეს.

მთხრობელი სულ ხეტიალშია, ხან ფეხით დადის, ხანაც მანქანით. კორბმახერგასე, იუდენგასე, ნეტცმახერგასე, ნუდელბრაიტე, კურბელშტრასე, რენტგენპლაც. ეს და სხვა ადგილები ხშირადაა ნახსენები წიგნში, ხან მარტო დადის, ხან სხვასთან ერთად და ვისთანაც არ უნდა იყოს, თვალი მაინც გაექცევა პურის ან ხორცის მაღაზიისკენ, ფუნთუშებისკენ თუ კონსერვებისკენ. შედის კაფეებში და ხედავს, ამჩნევს, იცის, რომ გამყიდველმა ეს–ესაა ისაუზმა, გადაყლაპა ბოლო ლუკმა და ისევ გადაიკრა სახეზე დასწავლილი ღიმილი, რომლითაც მყიდველს უნდა შეეგებოს, თუმცა სახეზე მაინც აწერია, რომ ის ბოლო ლუკმა ჯერ კიდევ  ხელს უშლის და ღიმილი არა და არ გამოსდის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არის კიდევ ერთი, შოკოლადის გამყიდველი, რომელიც თავადაც კამფეტს ჰგავს – ტკბილი, გაკრიალებული, ჩასაყლაპი. პატარა, კოხტა ქალი ნაზი და მოქნილი თითებით. ეს ქალი კიარ დადის, დაფრთხიალებს, ჩიტივით. თმები შოკოლადზე დატანილ მარციპანის ხაზებს უგავს და რაც მთავარია, მან ყველაფერი იცის ქალაქის კანფეტ–შოკოლადიან ტოპოგრაფიაზე, ახსოვს, ვის რომელი შოკოლადი უყვარს ყველაზე მეტად, შესანიშნავი მრჩეველია ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც, ვინც საჩუქრად არჩევს ტკბილეულს. მას ვიღაცის მიერ არჩეული შოკოლადის მიხედვით შეუძლია დაადგინოს, ღალატობს თუ არა ის ვიღაც მეუღლეს და ა.შ. ამ გამყიდველს ვალტერი 7 წლის წინ წარმოიდგენს, როცა ძალიან უჭირდა. წარმოიდგენს როგორ შედის მაღაზიაში და პურს თხოვს გამყიდველს და ხედავს, რომ მისი ნუშისებრი თვალები ვიწროვდება, ავდება და ნაზი თითები ბრჭყალებად იქცევიან.

კიდევ ერთი კაფეს თანამშრომელი მახსენდება, რომელიც ვაშლის ნამცხვარს ჭრის ძალიან ფრთხილად, დაბრაწული ცომის „გისოსები“ რომ არ დააზიანოს. ეს ნამცხვარი მთხრობელს ეკლესიის მრგვალ სარკმელს აგონებს.

„ადრეული წლების პურში“ პირადი ტერიტორიებიც საკვებისა და მისი სურნელების მიხედვით იყოფა, მაგ. ერთი პერსონაჟი მეორეს იმ კაფეში შეიტყუებს მნიშვნელოვან პირად საქმეზე სალაპარაკოდ, სადაც თავს შინაურად გრძნობს, საკუთარ ტერიტორიაზეა. ასეთ დიალოგებში რაღაცა დოსტოევსკურიც მოჩანს ხოლმე ხანდახან, ისტერიული, მოუთოკავი, სადაც თვლის ერთეული პურია: „უკეთესი იქნება გადახედო შენს საგადასახადო უწყებებს… წაიკითხე ყველა სახელი და გვარი, ხმამაღლა წაიკითხე, ხმამაღლა და კრძალვით, როგორც ლიტანია და ყოველი სახელის შემდეგ თქვი: „გვაპატიეთ!“ – შემდეგ ადექი და ამ სახელების საერთო რაოდენობა ათას პურზე გაამრავლე და რასაც მიიღებ, ისიც ათასზე გაამრავლე… და თვლის ერთეული დაე პური იყოს, ჩვენი ადრეული წლების პური, რომელიც დარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც სქელ ნისლში, პური და არა სუპი… რომელიც მძიმედ ჭანჭყარებდა მუცელში და ყელში ცხელ და მჟავე ტალღებად ამოდიოდა, როცა სახლებში ტრამვაებით ვბრუნდებოდით…“.

იქვეა ერთი უცნაური აღსარებაც, სადაც მთხრობელი და კლარას იხსენებს სიყვარულით, ვინც უკვე დიდი ხანია ქალაქგარეთ მონასტრის მყუდრო სასაფლაოზე წევს. ამბობს, მის მიმართ გაცილებით მეტ სითბოს და სინაზეს განვიცდი, ვიდრე ყველა დანარჩენი ქალის მიმართ, რომელსაც კი ვიცნობდიო: „ვუყურებდი მათ თვალებში, ვაკვირდებოდი ხელებს და ცხადად ვხედავდი საფასურს, რომელიც უნდა გადამეხადა. და ამ დროს წამში მტოვებდა ჩემი ნაქები შარმი, მათ კი უცებ სცილდებოდათ მთელი მასკარადი, სურნელოვანი არომატები, უმანკოების სხივი, რომლის საფასურიც ძალიან კარგად ვიცი. ვაღვიძებდი მგელს, იგი ჯერ კიდევ თვლემდა ჩემში, ვაღვიძებდი ჩემს შიმშილს, მან ხომ ყველაფრის ფასი მასწავლა. ცეკვისას გოგონას ყელთან ნაზად დახრილს, მისი მუცლის ყმუილი მესმოდა და ვხედავდი როგორ გარდაისახებოდა ჩემს ხელში მოქცეული ან მხარზე დადებული ლამაზი ხელი ბრჭყალებიან თათად, და ეს თათი მზად იყო პური გამოეგლიჯა ჩემთვის.“

ბიოლის „პურის“, უფრო ფართოდ კი საკვების, დაპურების სიმბოლიკის შესახებ არაერთი კვლევა დაწერილა და ზოგან მას ქრისტიანული ტრადიციის ალტერნატივადაც მიიჩნევენ, უფრო სეკულარული, ახალი საზოგადოების ხედვის საწინდრად და ამ დროს რეალური შიმშილის გარდა სხვა შიმშილსაც ახსენებენ, შიმშილს, რომელსაც ნაყროვანება და ეგოიზმი იწვევს. და დგება დრო, როცა სხვათა მიმართ თანალმობა კი არ განსაზღვრავს ჭამას, დაპურებას (essen), არამედ თქვლეფა (fressen) ხდება წამყვანი, ჭამა სხვებზე ზრუნვის გარეშე.

სხვათა შორის, ეს მოთხრობა ირლანდიაშია დაწერილი, კუნძულ ექლზე (Achill Island), ირლანდიის უკიდურეს დასავლეთ კუნძულზე, მაიოს საგრაფოში. აქ ბიოლი ხშირად ჩადიოდა ხოლმე საწერად და დასასვენებლად და მინდა „ირლანდიური დღიურის“ ალკო–გასტრონომიულ თემებზეც შევჩერდეთ ცოტა ხანი, წიგნზე, რომელიც „პურიდან“ 2 წლის შემდეგ გამოვიდა, 1957 წელს. დღიურებში, აუარება ფინჯან ჩაისა და ვისკის ხშირ–ხშირ ჩარტყმებს რომ თავი დავანებოთ (ბლომად ლუდითურთ), – ლამის ყველა გვერდზე გვხვდება ეს გასტრონომიული თემები და შესავლად შეიძლება მწერლის ერთი თანამემამულეს შენიშვნაც გამოდგეს, რომელმაც ირლანდიაში ჩასვლამდე ცოტა ხნის ადრე გააფრთხილა ბიოლი, რომ იქ „ყველაფერი ჭუჭყითაა სავსე, ყველაფერი ძალიან ძვირია და რამდენიც არ უნდა გადაიხადო, ნამდვილ კარბონადს მაინც ვერ იშოვი“–ო. ბიოლმა არ იცის რა არის კარბონადი და მას პირად მტრად მიიჩნევს, ირლანდიის დასაცავად კი ხან ჩაის უპირისპირებს, ხან Tantum ergo–ს, ხანაც ჯოისს და იეიტსს, და ბუნდოვნად ხვდება, რომ საუბარია რაღაცა ხორციან კერძზე. ბოლოს Duden-ს გადაშლის და მართლაც, აღმოჩნდება, რომ კარბონადი შემწვარი ღორის ხორცია.

ხორცის მაღაზიებზე აქაც შეხვდებით დაკვირვებებს, ოღონდ ამჯერად ომისშემდგომი კონტინენტის მშიერი თვალების ნაცვლად, ვხედავთ გაკრეჭილ ფერმკრთალ ირლანდიელ (ლიმერიკელ) ბავშვებს, რომლებიც ჩამოკიდებულ ხორცის ნაჭრებზე ქანაობენ. ხან ჩლიქებზე მოეჭიდებიან, ხან კუდზე და ამით ერთობიან. წიგნში ბავშვების საყვარელი სასუსნავი ხრაშუნა შემწვარი კარტოფილია, რომელსაც ძმარმოსხმულს მიირთმევენ, საუზმეზე კი დიასახლისი ცდილობს სტუმრები ყუათიანად ასაუზმოს: კვერცხს უწვავს, ხილფაფა გადმოაქვს ლამბაქზე, თეთრ და ჭვავის პურს ჭრის, ასხამს ჩაის, ტორფის ცეცხლზე ფუნთუშებს აცხობს (ცომს ფორმებში უშვებს და შემდეგ ტორფის ნაკვერჩხლის ალყაში ტოვებს).

აქ ყველა სვამს ვისკის. ავტორიც, მისი პერსონაჟებიც, ქალებიც, კაცებიც, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც. მასპინძელი დიასახლისი ისე შეეჩვია მარტოობას, მოლოდინს და უამინდობაში ვისკის წრუპვას, რომ უკვე ხმებიც ესმის, ბოთლიდან (როგორც მისი ფსიქიატრი ამბობს). უამინდობაზე მთელი მენიუც კი ჩამოწერა ბიოლმა. მაგ. რა უნდა გქონდეს აუცილებლად მომარაგებული, როცა ნამდვილი ირლანდიური წვიმა მოდის: სანთლები, ბიბლია, ვისკი, ბანქო, თამბაქო, საქსოვი ჩხირები და ძაფი ქალებისთვის. ქარიშხალს ბევრი ჰაერი მოაქვს, წვიმას ბევრი წყალი, ამ დროს ვისკი უნდა ჩამოასხა და მიენდო წვიმის ხმას, ქარის ღრიალს და საქსოვი ჩხირების წკარუნს: „როცა აუჩქარებლად სვამ, ჩაფიქრებით, ცეცხლოვანი წყალი არამხოლოდ სიღრმეზე ზემოქმედებს, არამედ სიგანეზეც“, რაც ალბათ ნიშნავს, რომ იგი შინაგანი ხედვის გარდა, გარე თვალსაწიერსაც აფართოვებს.

დაუვიწყარია ირლანდიური პაბებისა და სამიკიტონოების ბიოლისეული აღწერები. მაგ. იგი იხსენებს ერთ ასეთ „სამიკიტნოს“, სადაც მაგიდები ტყავის ფარდებითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი (ჩვენში რომ კუპეებს უწოდებენ, დაახლოებით ეგაა), სადაც ლოთს საკუთარი თავი შეუძლია გამოკეტოს, როგორც ცხენი თავლაში, განმარტოვდეს, მარტო დარჩეს ვისკისთან და მწუხარებასთან, რწმენასთან და ურწმუნოებასთან. იგი ამ დროს თავისი დროის ფსკერზე ეშვება, პასიურობის კამერაში, და იქ ზის, სანამ ფული გაუთავდება, სანამ იძულებული არ გახდება ისევ ამოყვინთოს დროის ზედაპირზე და ნიჩბები მოუსვას, მოუსვას უსუსურად, უაზროდ და უიმედოდ, რადგან ნიჩბის ყოველი მოსმა სტიქსის ბნელ წყლებს გვაახლოვებს. ქალების ადგილი არაა ასეთ სამიკიტოებში, ისინი შრომობენ, მამაკაცები კი მარტონი რჩებიან თავიანც ვისკისთან, ყველანაირ საქმეს მოშორებული – ოჯახს, პროფესიას, ღირსებას, საზოგადოებას. ვიღაცას პროგრესის სჯერა, ვიღაცას კი ვისკის.

ბოლოს ერთი თავი უნდა დავიმოწმო „ირლანდიული დღიურებიდან“, რომელიც სმასა და კანონმდებლობას შეეხება. თავს ასე ჰქვია: „თუკი შეიმასს დალევა მოუნდება…“. საუბარია კვირადღეზე, როცა პაბები მხოლოდ დღის 2 საათამდეა ღია ან საღამოს 6–ის მერე. თუკი კვირის მსუყე სადილი (მაგ. მარილიანი ღორის ბარკალი ცხარე კომბოსტოთი) 2–ზე გვიან დასრულდა, შეიმასი ვერც ერთ პაბს ვერ ნახავს ღიას, რომ დამძიმებულზე და მოწყურებულზე ლუდი ან ვისკი გადაუფინოს. თუკი გაუღებენ და ჩამოუსხამენ, მეპატრონე იძულებული გახდება 5 გირვანგა სტერლინგი გადაიხადოს ჯარიმა. ამიტომ, რისკზე არავინ მიდის. სამაგიეროდ არსებობს მეორე კანონი, რომელიც ამბობს: მოგზაურს, ვინც თავის სახლს 3 მილით დაშორდა, აქვს უფლება ნებისმიერ პაბში 2–დან 6–მდეც მოითხოვოს სასმელი. ამის გამო შეიმასს, რომელიც სამის ხუთ წუთზე გამოვიდა ნასადილები და ხვდება, რომ უკვე დააგვიანდა, ისევ სახლში ბრუნდება, გამოჰყავს ველოსიპედი და 6 მილით დაშორებულ სოფელში მიექანება ვისკის და ლუდის დასალევად. თან გზაში დარდობს, ფიქრობს, როგორ არ გაუმართლა, რომ ეს სოფელი 3 მილის დაშორებით კიარა, 6 მილის მანძილზეა და ორჯერ მეტი გზის გავლა უწევს. სოფლებს პატარა უღელტეხილივით მთა ჰყოფს, რომლის წვერზეც შეიმასს შეიძლება მისი ძმა შეხვდეს, დერმოტი, მეზობელი სოფლიდან, სადაც შეიმასი მიიჩქარის. ძმასაც იგივე გასაჭირი აქვს – მარილიანი და ცხარე მსუყე კერძის შემდეგ მასაც მოსწყურდა, ოღონდ დერმოტი შეიმასის სოფელში მიიჩქარის დასალევად, ასევე 6 მილის მანძილზე. შეიმასი დერმოტის პაბში, დერმოტი შეიმასისაში. მათი შეხვედრა ერთ რამეს იწვევს, თითო კათხის დასალევად გამოსულები როგორც წესი უცებ გადაიფიქრებენ და გვიანამდე აგრძელებენ სმას, ბოლომდე ითიშებიან, რადგან არ ღირს 6 მილის (ორივე გზა – 12 მილი) გავლა კათხა ლუდისთვის. ასეთ მანძილზე წამოსული გემრიელად უნდა დათვრე.

კიდევ ერთი, გზაში შეიმასი სულ იგინება, მაგრამ როგორც წესი მისი ლანძღვა–გინება არასდროს ეხება სექსუალურ სფეროს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის შვილების გინება (მაგ. როგორც ჩვენი, ქართველების). ესაა გინება ადამიანისა, ვისაც ყურძნის ღვინოს სპირტიანი სასმელი ურჩევნია. მისი გინება უფრო მკრეხელური, შეურაცხმყოფელი და მახვილგონივრული შეიძლება იყოს, ვიდრე სექსუალური საფუძვლის მქონე ლანძღვა. ტყუილად კიარაა სპირტი სპირიტუსი – სული.

© არილი