მაშო სამადაშვილი – გამოიღვიძე და იოცნებე – ფრანკფურტი 2013

644146_684829488194987_1030067164_n

“გათვლა”, თამთა მელაშვილი, ქართულიდან გერმანულად თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა, გამომცემლობა Unionsverlag – როდესაც უზარმაზარ, ლურჯად განათებულ დარბაზ “ჰარმონიაში” ეს სიტყვები გაისმა, ქართული დელეგაცია, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის უზარმაზარ ბილბორდზე წერია, “თავდაყირა დადგა”.

წიგნისთვის “გათვლა“ თამთა მელაშვილმა და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა გერმანიის სახელმწიფო ჯილდო გერმანიის საუკეთესო საყმაწვილო წიგნისთვის მიიღეს.

09.10.2013

დღე პირველი

დილის 09:00. ქართველი მწერლების უზარმაზარი დელეგაცია სპეციალური ავტობუსით წიგნის ბაზრობის პავილიონებისკენ მიდის. დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად იხსნება, და საქართველო დილიდანვე წარდგება მკითხველი საზოგადოების წინაშე: ბესო ხვედელიძე, მოთხრობების კრებული “თაგვის გემო”. ოთხი მოთხრობა ანასტასია და ლუკა ყამარაულებმა თარგმნეს. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით წიგნი გამომცემლობა Leipziger Literaturverlag-მა სულ ახლახან გაიტანა გერმანულ წიგნის ბაზარზე. წიგნის გერმანულ ვერსიას სცენის უკან, პროექტორით განათებულ ეკრანზე ვხედავ: Der Gechmack von Asche – ანუ ნაცრის, გნებავთ ფერფლის გემო.

გერმანელი მოდერატორი ვილკე ინსა ამბობს, რომ ბესო ხვედელიძე თავის სამშობლოში პოპულარული ავტორია, მან კი სულ ახლახან აღმოაჩინა თავად ავტორიც და ისიც, რომ მას თხრობის ძალიან საინტერესო, ახლებური სტილი აქვს. შემდეგ იმასაც აღნიშნავს, რომ ბესოს პროზაში რეალურის და სიურრეალურის გამიჯვნა რთულია და კითხულობს, არის თუ არა ეს ქართული ლიტერატურის ტრადიცია. ბესო კითხვას პასუხობს, ანასტასია ყამარაული თარგმნის, თუმცა გაუგებარია, ვისთვის, რადგან „ფორუმ დიალოგის“ თეთრ დარბაზში ძირითადად ქართული დელეგაციაა შეკრებილი. მხოლოდ ერთ-ორ უცხოელს ვხედავ. იმას, რომ ფრანკფურტში ამგვარ საჯარო კითხვებზე ნაკლებად დადიან, მარტივი და ლოგიკური ახსნა აქვს: ამ ბაზრობაზე წიგნის სფეროში მომუშავე ადამიანები ერთი მიზნით არიან ჩამოსული – საავტორო უფლებების შესაძენად ან გასაყიდად. ამიტომაა, რომ დიდი და პატარა გამომცემლობების სტენდებთან მაგიდებს საქმიანი ადამიანები უსხედან და გამალებით საუბრობენ, აქ ყველა შეხვედრა წინასწარაა დაგეგმილი და ძალიანაც რომ გინდოდეს, შენთვის, მკითხველისთვის ან სულაც მწერლისთვის, ვერ მოიცლიან.

დღეს კიდევ ერთი ქართული ღონისძიებაა, საქართველო გერმანულ აუდიტორიას ხუთ სხვადასხვა ავტორს აცნობს – ზურაბ ქარუმიძეს, კოტე ჯანდიერს, თეონა დოლენჯაშვილს, ირაკლი სამსონაძეს და ნატო დავითაშვილს. ეს შეხვედრა ყველაზე გამორჩეული და საინტერესოა, რასაც ერთი კონკრეტული მიზეზი აქვს – მოდერატორი ალექსანდრე კარტოზია ჯერ თითოეული ავტორის პროზას სიღრმისეულად მიმოიხილავს, შემდეგ კი ავტორებს უსვამს კითხვებს. უცხოელი მსმენელი რომ ვყოფილიყავი, შეხვედრის დასრულებისთანავე ვიყიდდი ყველა იმ წიგნს, რომელზეც აქ ისაუბრეს. თუმცა ყველა ეს ნაწარმოები სრულად თარგმნილი და უცხო ენაზე წიგნად გამოცემული არ არის. ქართველმა ავტორებმა თავიანთი ნაწარმოებებიდან ქართულად წაიკითხეს მონაკვეთები, კედელზე კი მათი ინგლისურად თარგმნილი ვერსიები გადიოდა.

ამ შეხვედრაზე უცხოელებიც შევნიშნე, რამდენიმე უცხოელ სტუმარში კი – გამორჩეულიც: როზმარი ტიცე, ქართული ლიტერატურის დიდი გულშემატკივარი და ძალიან ცნობილი გერმანელი მთარგმნელი. ვფიქრობ, ეს ყველაზე შედეგიანი შეხვედრა იყო.

10.10. 2013

დღე მეორე

წიგნის ბაზრობის მეორე დღე ჩვენთვის ორი ქართველი პოეტის კითხვით იწყება – ზვიად რატიანს და გიორგი კეკელიძეს “ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის“ ხელმძღვანელი მანანა თანდაშვილი წარადგენს. აუდიტორიას ისევ ქართული დელეგაცია ავსებს, ისევ თითო-ოროლა უცხოელი სტუმარი, თუმცა სტუმართა სიმცირეზე წუწუნი ჩვენი მხრიდან უმადურობა იქნება: რომც მოსულიყვნენ, ვერაფერს გაიგებდნენ, რადგან პოეტები ლექსებს ქართულად კითხულობენ, გიორგი კეკელიძის ინგლისური მოხსენება არავის ესმის, და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მსგავსი შეხვედრები ფრანკფურტში არ ამართლებს.

შუადღისას მეოთხე დარბაზში ვინაცვლებთ და საგანმანათლებლო პროექტების შეხვედრების დარბაზში ვიკრიბებით. ოთარ ყარალაშვილი საზოგადოებას ვირტუალურ გამომცემლობა “ვირგამს“ აცნობს, რომელშიც მისი სტუდენტები არიან გაერთიანებული. ოთხი წელია, 10-15 სტუდენტი მუშაობს და შედეგიც სახეზეა: 40-მდე გამოცემული წიგნი, რომლებსაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს და ბრიტანეთსა და ბრაზილიაში საავტორო უფლებებიც აქვს გაყიდული.

ოთარ ყარალაშვილი ახალ იდეაზე საუბრობს, რომელსაც სულ მალე განახორციელებს, და “ვირგამის“ საერთაშორისო წარმატების ამბავსაც, იმედია, მალე გიამბობთ.

საღამოს ქართულ სტენდთან მიღება იმართება. კულტურის მინისტრის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, რუსუდან გორგილაძე მოსულ სტუმრებს თავის წიგნს, “კერძთაყვანისცემას“ წარუდგენს. რა თქმა უნდა, ამ დროს ჩვენს სტენდთან იმაზე მეტი ხალხი ირევა, ვიდრე აქამდე საერთოდ მოსულა. მეც ვდგავარ და მხოლოდ ერთი ფიქრი მაწვალებს: რა დაჯდა ეს ღონისძიება და შეიძლებოდა თუ არა ამ თანხით ერთი თხელტანიანი რომანის თარგმნა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფურშეტი ადგილობრივი მომსახურებით არცთუ იაფი ღირს, ალბათ, კი. აქვე მეორე კითხვაც მებადება: რამდენად გამართლებულია 17 მწერლისა და 22 გამომცემლის, ასევე კულტურის სამინისტროს ექვსკაციანი დელეგაციის ვიზიტი ბაზრობაზე, რომელიც იმდენად მწერლის და მკითხველის ბაზრობა არაა, რამდენადაც გამომცემლისა და ლიტერატურული აგენტის. ნეტავ წიგნების წერის და თარგმნის ხელშეწყობაა უფრო მნიშვნელოვანი თუ ასეთი გაფართოებული ვიზიტები? თან ამ დელეგაციის წევრების ნაწილის მიზნები სრულიად გაუგებარია. ნელ-ნელა სტუმრების რიცხვი მცირდება, სტენდიც თავისუფლდება და წიგნებს ვათვალიერებ. მართალია, რაოდენობრივად არცთუ ცოტაა, მაგრამ გამომცემლობების მიხედვითაა დალაგებული და უცხოელ დამთვალიერებელს არაფერს ეუბნება: ის ვერც იმას გაიგებს, თუ რა ჟანრია საქართველოში განვითარებული, ვერც იმას, თითოეულ ჟანრში რამდენი წიგნი იწერება, და საერთოდ, ვერაფერს მიხვდება. ამას ისიც ემატება, რომ ინგლისურად თარგმნილი წიგნების რიცხვი მცირეა, გერმანულად თარგმნილი თანამედროვე ლიტერატურიდან კი სულ რამდენიმე. მათგან თამთა მელაშვილის „გათვლა“, ბესო ხვედელიძის “თაგვის გემო” და ქართველი მწერალი ქალების მოთხრობების ანთოლოგია მხვდება თვალში.

11.10. 2013

დღე მესამე

ბაზრობის მესამე დღეს “ფორუმ დიალოგის“ დარბაზში საქართველო ერთდროულად ორ წიგნს წარადგენს: გიორგი კაკაბაძის “ნიკო ფიროსმანს“ და შორენა ლებანიძის რომანს “ფიროსმანი – ეს მე ვარ“. ამჯერად მოდერატორი მწერალი ზურაბ ქარუმიძეა, რომელიც დახვეწილი ინგლისურით ჰყვება ფიროსმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი მნიშვნელობის შესახებ, მის ზურგსუკან სლაიდებიც მიდის (ინგლისურად), თუმცა აუდიტორია ისევ ჩვენი დელეგაციაა, გამვლელები მხოლოდ წუთით ჩერდებიან და შემდეგ გზას აგრძელებენ. უკვე აღარ მიკვირს.

17:30

Kკონგრესცენტრის ცენტრალური დარბაზის შესასვლელში მოსაწვევებს მკაცრად ამოწმებენ. სულ მალე აქ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ასევე გერმანიის ოჯახის, ხანდაზმულების, ქალებისა და ახალგაზრდების სამინისტროს და საყმაწვილო ლიტერატურის სამუშაო ჯგუფის (Arbeitskreis für Jugendliteratur e.V.) ინიციატივით ბაზრობის ერთადერთი სახელმწიფო პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება. ეს პრემია უკვე 57 წელია არსებობს. ჯილდო ოთხ სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა. 2003 წლიდან პრემიას კიდევ ერთი ნომინაცია დაემატა, რომლის გამარჯვებულსაც ახალგაზრდული ჟიური ავლენს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ახალგაზრული წიგნის (Jugendbuch) ნომინაციაა, რომელშიც ფრანგ, ინგლისელ, იტალიელ და ორ გერმანელ ავტორთან ერთად, თამთა მელაშვილიცაა წარდგენილი.

დაჯილდოება ოფიციალური მისალმებებით იწყება. ორ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ ჩვენთვის გადამწყვეტი მომენტი დგება. ეკრანზე ნომინანტთა გვარები ჩნდება, სულ მალე კი გამარჯვებულს აცხადებენ: “გათვლა”, თამთა მელაშვილი, მთარგმნელი – ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი. სამადლობელი სიტყვის შემდეგ თამთა და ნათია ადგილს სცენაზე იკავებენ, ჟიურის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ “გათვლა“ ენობრივად და ლიტერატურულად გამორჩეული წიგნია და სხვა ძლიერი ნომინანტებიდან საუკეთესოდ სწორედ ამიტომ დაასახელეს.

როცა ემოციები ოდნავ ცხრება, ფიქრს ვიწყებ: ამ ძალიან გავლენიანი ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპულ წიგნის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ერთადერთი სწორი გზა მაქსიმალურად ბევრი წიგნის თარგმნაა, მით უმეტეს, რომ 2017 წლისთვის საქართველოს ძალიან ამბიციური მიზანი აქვს: ამ ბაზრობის სტუმარი ქვეყანა უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ 2017-ში საქართველო ბაზრობის ფოკუსი იქნება, და ამ დროისთვის მრავალი ახალი, კარგი წიგნი უნდა დაიწეროს, ითარგმნოს და გამოიცეს. მაგალითად, ასე:

თამთა მელაშვილის „გათვლა“ 2010 წელს დაიწერა და გამოქვეყნდა;

2011 წელს მიიღო პრემია “საბა“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის;

2011 წელს გოეთეს ინსტიტუტის მთარგმნელობითი სემინარის ფარგლებში ნათია მიქელაძემ “აღმოაჩინა“ და მისი თარგმნა დაიწყო;

ამავე წელს დაფინანსდა კულტურის სამინისტროს მიერ;

2012 წელს შვეიცარიელი ლიტერატურული აგენტის, რახელ გრაცფელდის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შვეიცარიულ გამომცემლობა Unionsverlag-მა გამოსცა;

2013 წლის მარტში Jugendliteraturpreis-ის ფინალისტთა სიაში მოხვდა;

2013 წლის 11 ოქტომბერს კი საუკეთესოდ აღიარეს.

2013 წლის 12 ოქტომბერს ქართულ სტენდთან რუსული საგამომცემლო სახლის “სამოკატის“ წარმომადგენელი მოდის და რახელ გრაცფელდთან შეხვედრას ნიშნავს, ამბობს, რომ თამთას რომანის შესახებ სმენოდა, პრემიის მიღების შემდეგ მისი კითხვა დაიწყო და ახლა უნდა, რომ ის რუსულად გამოიცეს.

12.10.2013

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ქართული დელეგაციისთვის ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნის წარდგენით სრულდება. ანა მისი გერმანული გამომცემლობის Schiler-ის სტენდზე “მე, მარგარიტას“ შესახებ ჰყვება, ნახევრად – ქართულად და ნახევრად – გერმანულად.

გერმანული “მე, მარგარიტაც” 2011 წლის ქართულ-გერმანული მთარგმნელობითი სახელოსნოს მუშაობის შედეგია. სწორედ იქ გადაწყდა, რომ ამ წიგნს სიბილა ჰაინცე გადათარგმნის. კრებული გერმანულ წიგნის ბაზარზე წელს, დეკემბერში გავა, მანამდე კი ავტორთან კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი – 18 ოქტომბერს, ბერლინში, Buchhaendlerkeller-ში.

13.10.2013

ბაზრობა დასრულდა, წლევანდელ ვიზიტს პროფესორ ალექსანდრე კარტოზიასთან ერთად ვაჯამებ:

“თამთა მელაშვილის მიერ ჯილდოს მიღება ძალიან დიდი საქმე იყო, ეს ნიშნავს, რომ თამთა მელაშვილს დღეიდან უკვე იცნობენ, ეს არის გამარჯვება მთელი ქართული მწერლობისთვის. ახლა გერმანიაში იციან, რომ საქართველოში არსებობს ღირებული ლიტერატურა, რომელიც უნდა წაიკითხო. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ლიტერატურა, რომელიც აუცილებლად უნდა ითარგმნოს.

ქვეყნები ოცნებობენ შანსზე, გახდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრები, რადგან ეს მთელი ქვეყნის წარდგენაა: თუ კარგად წარდგები, გერმანიაში და, მაშასადამე, მთელ ევროპაში ხდები სალაპარაკო. ამის კარგი მაგალითია ისლანდია, რომელზეც დღემდე აღტაცებით საუბრობენ. არსებობს ლიტვის მაგალითიც, რომელმაც პირიქით – “თავისი წელი“ ცუდად ჩაატარა, და ესეც სალაპარაკოა.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვაჯობოთ ისლანდიას. ამისთვის აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ეს სახელმწიფო საქმეა და აუცილებელია ყველა რესურსის გაერთიანება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, შესანიშნავი ავტორები გვყავს, სტენდზეც ბევრი წიგნი იყო. ცხადია, წლებთან ერთად უფრო დიდი, ღია და თავისუფალი სტენდი უნდა გვქონდეს. არ გვყავს ბევრი მთარგმნელი. ამ შემთხვევაში გამოსავალი მთარგმნელთა ტანდემებია. ასეთი ტანდემები, დარწმუნებული ვარ, კარგად იმუშავებს“.

ალექსანდრე კარტოზია დასძენს, რომ 2017 წლამდე არცთუ დიდი დროა. ეს საქმე დღესვეა დასაწყები, რადგან როგორც არ უნდა წარვადგინოთ ქვეყნის კულტურა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბევრი კარგი და უცხო ენებზე თარგმნილი წიგნია.

* * *

წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანული კინოს ვარსკვლავის, ჰანა შიგულას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნს ასე ჰქვია: “გაიღვიძე და იოცნებე“. სათაურს ვკითხულობ და საქართველო მახსენდება, და ისიც, რომ ქართულმა და გერმანულმა მხარეებმა, სულ მალე, ნოემბერში, ხელი უნდა მოაწერონ ისტორიულ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2017 წელს სტუმარი ქვეყნის სტატუსით ჩამოვა. მგონი, სწორედ დროა მობილიზდეს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი, გავიღვიძოთ და ვიოცნებოთ, რადგან, როგორც ქალბატონმა შიგულამ თქვა, ოცნება პირველი ნაბიჯია აქციო დიდი იდეები დიდ საქმეებად.

© “არილი