ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

მეგი თედორაძე – პროტესტი მეოცე საუკუნის რუსულ ლიტერატურაში

ბოლო წლების პოლიტიკური თუ ეპიდემიოლოგიური მოვლენები აკადემიური წრეებში ხშირად აჩენს შეკითხვას თანამედროვე სამყაროში ლიტერატურის რელევანტურობის შესახებ. ერთი შეხედვით, მართლაც, რა აზრი აქვს ლიტერატურას მაშინ, როცა ადამიანები ღვარცოფებს, გადამწვარ ტყეებს, მოწამლულ ჰაერსა და წყალს, სიძულვილს, გენოციდს, დაუსრულებელ ომებს, იმპერიულ მისწრაფებებსა თუ ინდივიდუალურ მომხვეჭელობას ეწირებიან? სრულიად ლეგიტიმური შეკითხვაა. ლიტერატურის თეორიაში ამ კითხვაზე ყველაზე გავრცელებული პასუხი ისაა, რომ მხატვრული ტექსტები ყოველთვის პოლიტიკურია და მათ შეუძლიათ, საზოგადოების არამხოლოდ გრძელვადიან, არამედ ხანმოკლე ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშონ.

რუსული ლიტერატურის მკითხველს ალბათ გაახსენდება ნიკოლაი ჩერნიშევსკის ჩემთვის საყვარელი, მაგრამ ობიექტურად ძალიან უხეიროდ დაწერილი და, ამასთანავე, საოცრად გავლენიანი რომანი „რა ვაკეთოთ?“ (1863), რომელმაც ნაწილობრივ მაინც ჩაუყარა საფუძველი საბჭოთა კავშირის ადრეულ პოლიტიკას. სხვებს შესაძლოა, სოციალისტური რეალიზმიც გაახსენდეთ, რომელიც საბჭოთა კავშირში ახლებური ცნობიერების მქონე ადამიანის კულტივაციას ემსახურებოდა. ამგვარად, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თუ ცენზურით ნაკარნახევი ტექსტების რელევანტურობა კითხვებს არ აჩენს – როგორც საბჭოთა კავშირზე, ისე ნაცისტურ გერმანიაზე დაკვირვება ცხადყოფს მხატვრული ტექსტების მნიშვნელობას ადამიანების კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბებაზე.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჟანრი, რომელიც დღემდე აქტიურად გამოიყენება ძალაუფლებრივი სტრუქტურების გასაკრიტიკებლად, სამეცნიერო ფანტასტიკაა. ამ ჟანრის ტექსტები ხშირად არის გაჯერებული უტოპიური თუ დისტოპიური ელემენტებით, ტექნოლოგიური პროგრესის შედეგებითა თუ პლანეტების კოლონიზაციის ისტორიებით. თუმცა მთავარი, რაც მას სხვა ჟანრებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ხშირად მკითხველს უკვე არსებულ საზოგადოებრივ კონტექსტზე რეფლექსიისკენ მოუწოდებს. უმეტესად, ეს ტექსტები მომავლის სამყაროს ისე აღწერენ, რომ აწმყოს კონტექსტსა თუ შფოთებს უკვე ჩავლილად მოიაზრებენ და მათ შედეგებზე გვესაუბრებიან. სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ქვეკატეგორია დისტოპია ან ანტი-უტოპიაა, რომელიც იმედიანი მომავლის ნაცვლად, ხშირად აპოკალიფსურ სცენარებს უჩვენებს მკითხველს. სწორედ ამის გამო, დისტოპია ლიტერატურული პროტესტის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

კრიტიკულობით გამოირჩევა მეოცე საუკუნის ორი რუსული რომანი – ევგენი ზამიატინის „ჩვენ“ (1924) და ტატიანა ტოლსტაიას „Кысь“ (2000). ერთი საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზეა დაწერილი, მეორე კი მისი დაშლის შემდეგ. ორივე ტექსტი ჟანრობრივად სამეცნიერო ფანტასტიკას, უფრო კონკრეტულად კი ანტი-უტოპიას/დისტოპიას მიეკუთვნება, თუმცა ისინი სხვადასხვა რამეს უცხადებენ პროტესტს.

ზამიატინი

საბჭოთა კავშირის ადრეულ წლებში, საჯარო სფეროში აქტიურად იყო გავრცელებული დისკურსი „ახალი საბჭოთა ადამიანის“ შესახებ. ამ ადამიანს კონკრეტული მახასიათებლები უნდა ჰქონოდა: კომუნალურობის განცდა, ინდივიდუალიზმის არარსებობა, კომუნისტური იდეალების უპირობო მორჩილება, შრომისმოყვარეობა და რევოლუციური სულისკვეთება. „ახალი ადამიანის“ კონცეპტი საბჭოთა კავშირის პირველ ათწლეულში უტოპიურ იდეალს წარმოადგენდა, რომლის ხორცშესხმაზეც დაუღალავად ზრუნავდა სახელმწიფო. ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად კი პროპაგანდისტული ხელოვნება და ლიტერატურა იქცა.

1920-იანი წლების დასაწყისში აქტიურად წერდნენ არაპროპაგანდისტულ ტექსტებსაც, რომლებიც, თითქოს, ამბივალენტური იყო არსებული რეჟიმის მიმართ. ამ ტექსტების ავტორებს ტროცკი ხშირად „რევოლუციის თანამგზავრებს“ უწოდებდა, რითაც მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი ნაწილობრივ მაინც იზიარებდნენ კომუნისტურ იდეებს, თუმცა ფორმალურად არ იყვნენ გაერთიანებული პარტიის რიგებში. ამ ავტორთა შორის იყვნენ ევგენი ზამიატინი, ისააკ ბაბელი, იური ოლეშა, მიხაილ ბულგაკოვი და სხვები.

ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ევგენი ზამიატინი არამხოლოდ 1920-იანი წლების საბჭოთა კავშირის, არამედ მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორია. ცნობილი ფაქტია, რომ მისმა რომანმა – „ჩვენ“ – გავლენა მოახდინა ჰაქსლისა და ორუელის ტექსტებზეც. ისიც უნდა ითქვას, რომ „ჩვენ“ პირველად 1924 წელს ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა, საბჭოთა კავშირში კი 1988 წლამდე არ გამოქვეყნებულა, ამისი მთავარ მიზეზი კი სწორედ მისი კრიტიკული ხასიათი გახლდათ.

სიუჟეტი მომავალში, „ერთიან სახელმწიფოში“, ვითარდება, სადაც კომუნიზმი მიღწეულია და უკლებლივ ყველა მოქალაქე უკვე არის „ახალი ადამიანი“. ერთიანი სახელმწიფოს მოქალაქეებს არ აქვთ სახელები, არამედ ნომრების მიხედვით მოიხსენიებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო არქიტექტურულად ძალიან წააგავს პანოპტიკონს – კონცენტრული, მთლიანად შუშით ნაგები და კედლებით შემოსაზღვრულია. მის ცენტრალურ ნაწილში კი შენდება ინტეგრალი, რომელმაც კომუნიზმი მთელ დედამიწაზე უნდა გაავრცელოს („მინის, ელექტრული, ცეცხლმფრქვევი ინტეგრალით სამყაროს უსასრულო განტოლების დაინტეგრება“ სახელმწიფოს მთავარი მიზანია). არამხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, არამედ მოქალაქეთა საცხოვრებლებიც კი მთლიანად შემინულია. არ არსებობს მოლეკულური ოჯახის კონცეფცია. ადამიანებს შორის მონოგამიური რომანტიკული კავშირები წარმოუდგენელია, სექსუალური ურთიერთობები კი მხოლოდ კონკრეტულ დღეებში, წინასწარი აღრიცხვით დაიშვება. ერთიან სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესია ელექტროენერგიაც, რომელიც დღე-ღამის მანძილზე ხილვადობის უწყვეტობის საუკეთესო ინსტრუმენტია და პირადი სივრცის არარსებობასაც უზრუნველყოფს.

მკითხველი „ნომრების“ ყოველდღიურობას, მათ ფიქრებსა და შეგრძნებებს მთავარი პერსონაჟის, Д-503-ის, დღიურის დახმარებით იცნობს. Д-503 ერთიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი მათემატიკოსია და ინტეგრალის შენებაში აქტიურად მონაწილეობს. ინტეგრალი მნიშვნელოვანია სიმბოლურადაც, ვინაიდან იგი თავისი შემაღლებული ფორმით წინსვლისა და პროგრესის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელმაც თვალი უნდა აუხილოს ყველა ველურ და თავისუფალ ადამიანს სახელმწიფოს კედლებს გარეთ. გავიხსენოთ, რომ „ახალი ადამიანის“ ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად საბჭოთა კავშირში მისი რაციონალურობა მიიჩნეოდა. მართლაც, ნომრებს ეშინიათ ყველაფერი ირაციონალურის (მაგალითად, მთავარ პერსონაჟს განსაცდელში აგდებს უარყოფითი რიცხვიდან ფესვის ამოყვანაზე ფიქრი), უსასრულოსი და თავისუფალისა. ერთიან სახელმწიფოში ყველაფერი სტერილური, ტექნოლოგიური, გაზომილი, სასრული და კონტროლირებადია. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ნომერი ბედნიერი უნდა იყოს და, ერთი შეხედვით, არის კიდეც.

თუმცა სახელმწიფოს დიდი მოტრფიალის, Д-503-ის იდილია დიდხანს არ გრძელდება. მის ცხოვრებაში გამოჩნდება ქალი ნომრით I-330, რომელიც ამბოხის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა და Д-503-ის გადაბირებას ცდილობს. რომანში არის ერთი არაჩვეულებრივი სცენა, რომელშიც ქალი Д-503-ს თავის ოთახში მიიპატიჟებს და მასთან ერთად დალევს ლიქიორს. წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალს დანახვისთანავე „სიზმრების ძველი, ველური ქვეყნიდან“ გადმოსულად ახასიათებს. არადა, სიზმრების ქონა ერთიან სახელმწიფოში დაუშვებელია და უპირობოდ დაავადების ნიშანია. ერთიანი სახელმწიფოს მოქალაქეს არ შეიძლება ესიზმრებოდეს რაიმე. არც ის შეიძლება, განსაზღვრულ დროს ვერ იძინებდეს და მეორე დღეს დაღლილი ცხადდებოდეს სამსახურში.

ქალი Д-503-ს აკრძალულ ალკოჰოლს სთავაზობს: „ისეთი საყვარელი ხართ – ო, დარწმუნებული ვარ – არც იფიქრებთ წახვიდეთ ბიუროში და დამასმინოთ, რომ ლიქიორს ვსვამ, ვეწევი. ავად იქნებით, ან დაკავებული – ან კიდევ რამე სხვა. მეტიც: დარწმუნებული ვარ – ჩემთან ერთად დალევთ ახლა ამ შესანიშნავ შხამს…“ I-330 თავად სვამს ლიქიორს და შემდეგ Д-503-ს კოცნის. ესაა გზა, რომლითაც Д-503 პირველად გაუსინჯავს ალკოჰოლს გემოს. რაც ამის შემდეგ ხდება, ჩემი მოკრძალებული აზრით, რომანის საუკეთესო ეპიზოდია, როცა ამ რაციონალურ ინჟინერსა და ინტეგრალის მშენებელს, ალკოჰოლით თვალახელილს თავს აღუწერელი შიში ატყდება:

„დედამიწაზე, უსასრულოდ დავდივართ მოთუხთუხე ცეცხლის მეწამულ ზღვაზე, რომელიც იქ, დედამიწის მუცელშია დამალული. მაგრამ არასდროს ვფიქრობთ ამაზე. და წარმოიდგინეთ, უეცრად – თხელი ნაჭუჭი ჩვენს ფეხქვეშ მინად რომ გადაიქცეს და დავინახოთ… მინად გადავიქეცი. დავინახე – ჩემში, შიგნით. ორი მე იყო. ერთი ძველებური მე, Д-503, ნომერი Д-503, ხოლო მეორე… – ადრე ის მხოლოდ ოდნავ გამოყოფდა ხოლმე თავის ბანჯგვლიან თათებს ნაჭუჭიდან, ახლა კი, მთლიანად ძვრებოდა, ნაჭუჭი იბზარებოდა, აი ახლა დაიმსხვრევა და… და მაშინ რა?“   

შეკითხვა, რომელსაც შფოთის მორევში ჩათრეული Д-503 საკუთარ თავს უსვამს, ვფიქრობ, საბჭოთა წყობის კრიტიკის მთავარ შეკითხვად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თავად ეს სცენა არაჩვეულებრივად აღწერს საბჭოთა კავშირის სიმყიფეს, რომელიც ესთეტიკური თუ პრაქტიკული რიტუალებითაა შენიღბული, თუმცა ერთი ადამიანის ტუჩებიდან მეორეს სხეულში ჩაღვრილი ალკოჰოლის უმცირესი დოზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პერსონაჟის შიგნიდან გამოიხმოს ბანჯგვლიანი და ველური „მე“, რომელიც სრულიად შეუთავსებელია იმ ყოველდღიურობასთან, რომელსაც Д-503 იცნობს. ამასთან ერთად კი, მინა მომენტალურად იქცევა არა პროგრესისა და ერთიანობის, არამედ გარდაუვალი კატასტროფის სიმბოლოდ. Д-503 ამ სცენიდან ტექსტის დასრულებამდე დანის პირზე დადის. მუდმივად გახლეჩილი მაღალი ინტეგრალის მშენებელსა და დედამიწის სიღრმიდან გამოჩეკილ ბანჯგვლიან ცხოველს შორის, ტექსტის დასასრულს იგი გადაწყვეტს, ტვინის ის ნაწილი ამოიკვეთოს, რომელშიც ირაციონალური აზრები ეხარშება და რიგით ნომრად განაგრძოს ბედნიერი ცხოვრება.

ამგვარად, მიუხედავად პერსონაჟების უდიდესი ნაწილის კონფორმულობისა, რომანი მკაფიოდ კრიტიკულია საბჭოთა ძალაუფლებრივი სტრუქტურის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ზამიატინმა წიგნი 1922  წელს დაასრულა, შეიძლება ითქვას, რომ თავად ამ ტექსტის წერაც კი წარმოადგენდა პროტესტის აქტს იმ წყობის წინააღმდეგ, რომლისაც, მერე თუ არა, 1920-იან წლების დასაწყისში მაინც სჯეროდა რუს ინტელექტუალთა ნაწილს და, სწორედ ამიტომ, ალბათ გასაგებია, რომ რომანი „ჩვენ“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ პირველ აკრძალულ ტექსტად იქცა.

ტოლსტაია

პოსტსაბჭოთა რუსული ლიტერატურისთვის, განსაკუთრებით 1990-იანი და 2000-იანი წლებისთვის, დამახასიათებელია დისტოპიური თუ აპოკალიფსური ტროპები, რომლებიც კარგად აირეკლავენ იმ იმედგაცრუებასა თუ შიშს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოცადეს ადამიანებმა. ქართველი მკითხველისთვის ალბათ ნაკლებად ცნობილი ტატიანა ტოლსტაია თანამედროვე რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. ტოლსტაიამ მოთხრობების დაბეჭდვა 1980-იანი წლებიდან დაიწყო, პირველი რომანი “Кысь” კი 2000 წელს გამოაქვეყნა. ტექსტი მრავალი მიზეზის გამოა გამორჩეული, თუმცა მისი უმთავრესი ღირსება სრულიად უნიკალური სალიტერატურო ენაა.

რომანის მოქმედება მომავალში ვითარდება, აფეთქებიდან (взрыв) დაახლოებით ორასი წლის შემდეგ. აქაც, ზამიატინის მსგავსად, პერსონაჟები ერთ ქალაქში არიან დასახლებულნი. ქალაქი მოსკოვია, უფრო კონკრეტულად კი ის, რაც მოსკოვისგან აფეთქების შემდეგ დარჩა. ადგილს ახლა სახელად ფიოდორ-კუზმიჩსკი ჰქვია – იმ მმართველის, ფიოდორ კუზმიჩის, პატივსაცემად, რომელსაც გულანთებით ეთაყვანებიან მოქალაქეები. მათი აზრით, ყველაფერი სწორედ „მისი უდიდებულესობის“ გამოგონილია – თაგვების ხაფანგებიდან, პუშკინის, ლერმონტოვისა თუ მანდელშტამის ლექსებამდე.

აფეთქება მნიშვნელოვან მეხსიერების მომენტს წარმოადგენს ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. ეს მეხსიერება იმ უხუცესების მიერ არის შემონახული, რომლებიც აფეთქების შემდეგ აღარ დაბერებულან და ასწლეულობით განაგრძობენ ცხოვრებას. ამ მოვლენას ტექსტში შედეგი (последствия) ჰქვია. აფეთქებამ სხვადასხვა შედეგი მოუტანა ადამიანებს – მაგალითად, ზოგს კუდი აქვს, ზოგს ბანჯგვლიანი ტერფები, ზოგს ცხოველის ბრჭყალები ან წარმოუდგენელი რაოდენობის ყურები. ამგვარად, ტოლსტაია, შეიძლება ითქვას, ჰიბრიდულ არსებებს – მუტანტებს – აღწერს.

ამ საზოგადოებაში ცხოვრება სიღარიბით, ცრურწმენებით, საკვების მუდმივი ძიებითა და ჯგუფებს შორის უმიზეზო დაპირისპირებებით მიედინება. მკითხველი წიგნის პირველივე გვერდებიდან გრძნობს აუტანელ უჰაერობას, სიბინძურესა და ლპობას, რომლითაც პერსონაჟთა ყოველდღიურობაა გაჟღენთილი. თითქოს, დრო ამ სამყაროში არ მოძრაობს ან უბრალოდ წრიულად, მოკლეხნიანი ინტერვალებით მიედინება.

ფიოდორ-კუზმიჩსკში საუკეთესო საკვებად თაგვის ხორცი მიიჩნევა. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ბენედიქტიც, თავს თაგვების დაჭერითა და გაყიდვით ირჩენს. თუმცა ტექსტის დასაწყისში იგი მუშაობას გადამწერთა ჯგუფში იწყებს, სადაც ძველი დროიდან შემორჩენილ ტექსტებსა თუ ვითომდა ფიოდორ-კუზმიჩის დაწერილ ლექსებს აკოპირებს. მუშაობისას ბენედიქტი აღმოაჩენს, რომ ლიტერატურა შეუყვარდა და მთელ ენერგიას ძველი წიგნების მოპოვებასა და კითხვას უთმობს.

საკმაოდ ბნელი სამყაროს დახატვით ტოლსტაია, რასაკვირველია, აკრიტიკებს ეკონომიკურ უთანასწორობას, დაუსრულებელ კონფლიქტებსა და ძალაუფლების ორგანოებს, თუმცა მისთვის ყველაზე დიდ პრობლემას კულტურული წარსულის არარსებობა წარმოადგენს. მთავარი, რაშიც ეს გამოიხატება, ადამიანების ინტელექტუალური უნარებია. მაგალითად, ბენედიქტი ხშირად უშვებს ერთსა და იმავე ლოგიკურ შეცდომას, როცა ტავტოლოგიურად ცდილობს ამა თუ იმ მოვლენის ახსნას: „მდიდრები – მათ იმიტომ ეძახიან მდიდრებს, რომ მდიდრულად ცხოვრობენ; ბრმები – მათ იმიტომ ეძახიან ბრმებს, რომ ვერაფერს ხედავენ“. ბენედიქტს არც კონცეპტუალური აზროვნების უნარი აქვს და ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს. ერთხელ, როცა შემთხვევით წააწყდება წიგნს სახელად „შეკითხვები ლიტერატურის შესახებ“, გაკვირვებული და გულდაწყვეტილი აღმოაჩენს, რომ წიგნში ერთი კითხვაც არ არის დასმული, არამედ მხოლოდ პასუხებითაა სავსე.

ბენედიქტისა და სხვა პერსონაჟების დახმარებით, ტოლსტაია აღწერს ეპისტემოლოგიურ კრიზისს, რომელიც გვიანი მეოცე საუკუნის რუსეთსა თუ ფართოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეს ასახავს. ავტორი ამას, უპირველესად, მუტირებული ენის გამოგონებით ახერხებს. ამიტომაცაა, რომ ენა ამ ტექსტში მოუხელთებელი და რუდიმენტულია. ამის მარტივი მაგალითია ტერმინების დამახინჯებულად წარმოთქმა. მაგალითად, ფილოსოფია ფელოსოფიად არის გადაკეთებული, ინტელიგენცია – ენტელეგენციად, რენესანსი – რინისანსად, მუზეუმი – მოზეუმად და სხვა. ყველა ეს სიტყვა კულტურის სფეროსთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მათი სახეცვლით ტოლსტაია სწორედ კულტურულ კრიზისზე მიუთითებს. სხვათა შორის, ენის პრობლემა მნიშვნელოვანი იყო 1990-იანი წლების რუსულ ლიტერატურულ წრეებში და შესაძლოა, ტოლსტაიას ტექსტი ამასაც აირეკლავდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ამ მცირედ შეცვლილი სიტყვებისა, პერსონაჟები ხშირად თანადროულად იყენებენ არქაულ და ძველ სლავურ სიტყვებს, კოლოკვიალიზმებსა და ნეოლოგიზმებს. თუმცა რამდენადაც მკითხველისთვის არაკომფორტულია ტექსტის კითხვა, იმდენად ბუნებრივია თითოეული პერსონაჟისთვის თავიანთი სალაპარაკო ენა.

ხშირად ამბობენ, რომ ტექსტი ერთგვარი ანტიბილდუნგსრომანია[1] – ბენედიქტი ახალგაზრდა კაცია, რომელიც რომანის მანძილზე, თითქოს, ცვლილებას უნდა განიცდიდეს, მაგრამ ასობით წიგნის კითხვა მის თვისებებს არაფერს მატებს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, კულტურული კონტექსტის არარსებობაა. ლიტერატურა ამ სამყაროში დროისა და ისტორიის მიღმა არსებობს, შესაბამისად, იმ პოლიტიკურობასაც კარგავს, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. სწორედ ამიტომ, ბენედიქტი შეპყრობილია წიგნების აღრიცხვითა და რაოდენობით, თუმცა შინაარსი ნაკლებად ესმის. ამით ის ძალიან ჰგავს ფიოდორ-კუზმიჩსკის სხვა მაცხოვრებლებს, რომელთათვისაც სამყარო მხოლოდ ნივთების და არა სიმბოლოების ერთობლიობას წარმოადგენს.

არ არის გასაკვირი, რომ რომანის სიუჟეტი ვერასდროს აღწევს კულმინაციას – დრო ხომ გაყინულია, ცვლილებას კი არც ადამიანები და არც ქალაქი არ განიცდიან. სიუჟეტი მიკრო კლიმაქსებით საზრდოობს, რომლებიც პერსონაჟებსაც და მკითხველებსაც მალევე ავიწყდებათ. თუმცა რომანის პროტესტულობა, პირველ რიგში, კულტურული მეხსიერების დაკარგვისა თუ სრულიად გაქრობის კრიტიკაში გამოიხატება. ტოლსტაია მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქალაქი, რომელშიც ლიტერატურა ინფანტილიზებული, კულტურა კი დავიწყებულია, განწირულია დროში გამოკეტილობისთვის.

როგორც ზამიატინის ნომრები, ისე ტოლსტაიას მუტანტები ცხოვრობენ დროში, რომელიც გაჩერდა, ქალაქში, რომელიც გაირიყა დანარჩენი სამყაროსგან და მმართველობის ქვეშ, რომელსაც გროშადაც არ უღირს მათი სიცოცხლე თუ კეთილდღეობა. თავად ტოლსტაია ხშირად ამბობს, რომ „Кысь“ არ არის დისტოპიური რომანი, არამედ ის რეალობას ასახავს. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ შფოთისა და გულისრევის შეგრძნება, რომელიც ამ წიგნის კითხვას თან ახლავს, არამხოლოდ ტოლსტაიას ფიოდორ-კუზმიჩსკისთვის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმ ნაწილისთვისაც არის დამახასიათებელი, სადაც დღემდე მიმდინარეობს ბრძოლა გაყინულ და მოძრავ დროს შორის.


[1] ბილდუნგსრომანი – ლიტერატურული ჟანრი, რომელიც პერსონაჟის ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლასა და ამ პროცესის თანმხლებ პიროვნულ ზრდას აღწერს. შესაბამისად, ანტიბილდუნგსრომანი გულისხმობს ტექსტს, რომელშიც ახალგაზრდა პერსონაჟი ინფანტილურობიდან უნდა გამოდიოდეს, მაგრამ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვერასდროს აღწევს ზრდასრულობას.

© არილი

Facebook Comments Box