ესე

მილან კუნდერა აგენტი?

კოკა ჯიქია

წარსულის აუტანელი სიმძიმე

მილან კუნდერა აგენტი?

“გაოგნებული ვარ – მსგავსი არაფერი მსმენია, ამ ისტორიასთან არანაირი შეხება არა მაქვს და არაფერი ვიცი. რა თქმა უნდა, ეს სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის. წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ არის ეს ადამიანი, ყველაფერი სრული სიცრუეა”, – ეს მილან კუნდერას სიტყვებია. ტექსტს, რომელიც ძირითადად მსგავსი ტონალობისა და შინაარსის წინადადებებს შეიცავს, “შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა” ჰქვია, და სულაც არ გამიკვირდება, თუ მკითხველს ეს სიტყვები მწერლის ახალი რომანის დასაწყისი ეგონება, სათაური კი აფიქრებინებს, რომ უკვე პოპულარულმა ავტორმა დეტექტივის ჟანრშიც მოსინჯა ძალები. რა თქმა უნდა, გაცილებით ახლოსაა ჭკუასთან, ივარაუდო, რომ ჟურნალ “Respekt”-ში კუნდერას კიდევ ერთი წიგნის ნაწყვეტები იბეჭდება, ვიდრე ის, რომ მწერალმა 25-წლიანი დუმილის აღთქმა დაარღვია და ინტერვიუ მისცა, უფრო მეტიც – ამ ინტერვიუში თავი გაიმართლა და მისთვის უჩვეულო ზოგადი და ამორფული ფრაზებით საკმაოდ სერიოზული ბრალდება უარყო. ბრალდება კი, არც მეტი, არც ნაკლები, ასე ჟღერს – მილან კუნდერა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური სპეცსამსახურების აგენტობაში ამხილეს.
მწერლის მხილება ამავე ჟურნალმა აიღო საკუთარ თავზე – “Respekt”-ში ჩეხეთის ტოტალიტარული რეჟიმის შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრობლის, ადამ ჰრადალეკის სტატია დაიბეჭდა, სადაც კონკრეტულ ფაქტებსა და საბუთებზე დაყრდნობით კუნდერას წარსულის არც თუ სახარბიელო დეტალებია გამომჟღავნებული. ალბათ მწერალს ერთ რამეში მაინც დაეჯერება – ის, რომ მისი კომუნისტური წარსულის დეტალების ამოქექვა მოულოდნელი იყო, სულაც არ არის გასაკვირი. ალბათ, მწერალმა ვერ გაითვალისწინა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისტორიულ არქივებში იქექებიან, უფრო მეტიც – ეს მათი პროფესიაა, არსებობს ასევე სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტებიც, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური რეჯიმისა და ეპოქის შესწავლას ანდომებენ წლებსა და ძალისხმევას, ამ ინსტიტუტების არქივებში კი – თაროებია, სადაც ასობით და ათასობით საქაღალდის მოძიება შეიძლება, და თავისმხრივ საქაღალდეებიც რამდენადმე საინტერესო საბუთებს ინახავენ – ამ შემთხვევაში კი კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის დროინდელი პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ შეიარაღების ძველისძველ ანგარიშებს. სწორედ ასეთი დანიშნულების მქონე საბუთებში აღმოაჩინა ადამ ჰრადალეკმა ჩეხი მფრინავის, ვინმე მიროსლავ ჰრადალეკის საქმე, თუმცა კი, როგორც თვითონ აღნიშნა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიზანს – უბრალოდ გაეცოცხლებინა წარსული წლების მოგონებები და მაშინდელი მოვლენების ცოცხალი მოწმეები მოეძებნა – ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა.
50-იანი წლების კომუნისტური რეჟიმის პოლიციის არქივში აღმოჩენილი ანგარიში 1950 წლის 14 ოქტომბრით თარიღდება. ანგარიშის ნომერი – 624/1950-II, ტექსტი – მოკლე და ლაკონიური: “სტუდენტი მილან კუნდერა, დაბადებული 1929 წლის 1 აპრილს ქალაქ ბრნოში, გვატყობინებს დეზერტირი დვორჟაჩეკის შესახებ, რომელმაც არალეგალურად გადაკვეთა გერმანიის საზღვარი”. კიდევ უფრო ქვემოთ საბუთში მითითებულია, რომ ხსენებული კუნდერა ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და პრაღის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში დამალული დვორჟაჩეკის ზუსტი მისამართი განაცხადა. ეს მისამართი კი დვოროჟჩეკისა და კუნდერას საერთო ნაცნობის, ივა მილიტკას ბინა იყო. მიროსლავ დვორჟაჩეკი ჩეხოსლოვაკიიდან მალევე გაიქცა მას შემდეგ, რაც 1948 წელს ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ. გერმანიაში გადასვლის შემდეგ იგი მიუნხენთან ახლოს დაბინავდა და დასავლეთის სპეცსამსახურებს შეეკრა, რის შემდეგაც იგი ისევ დაბრუნდა პრაღაში – ამჯერად უკვე უცხო ქვეყნის ჯაშუშად. თუმცა კი მის, როგორც აგენტის, მისიას კუნდერამ მალევე მოუღო ბოლო – პოლიციამ მილიტკას ბინაში შეიარაღებული პირები გააგზავნა დვორჟაჩეკის ასაყვანად და მილიტკაც დაკითხვაზე დაიბარა. რა თქმა უნდა, არც ეს უკანასკნელი გამოდგა მეგობრის ბოლომდე დამცველი – მილიტკამ განაცხადა, რომ დვორჟაჩეკს არაკანონიერად ჰქონდა გადალახული გერმანიის საზღვარი. მოგვიანებით კი ისიც აღიარა, რომ კუნდერამ მისგან იცოდა დეზერტირის სტუმრობის შესახებ. წამების შემდეგ, დვორჟაჩეკს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს დეზერტირობის, შპიონაჟისა და სამშობლოს მოღალატეობის ბრალდებით. თუმცა, იგი სიკვდილით არ დაუსჯიათ – სასჯელი 22 წლიანი პატიმრობით შეიცვალა, შემდგომ კი მიროსლავმა ციხეში 14 წელი გაატარა და 1968 წელს შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით და დღემდე იქ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.
დვორჟაჩეკი ახლა 80 წლისაა, მისი ჯანმრთელობა წამებისა და პატიმრობის შემდეგ კარგა ხანია შერყეულია – კუნდერამ ამაზე საფუძვლიანად იზრუნა. ყოფილმა პატიმარმა “Respekt”-ს უარი განუცხადა თავის ნასამართლეობაში მწერლის “ღვაწლზე” კომენტარის გაკეთების შესახებ, სამაგიეროდ მისმა მეუღლემ, მარკეტა დვორჟაჩეკ ნოვაკმა მისცაFFrance-press-ის სააგენტოს კორესპონდენტს ინტერვიუ. მარკეტას თქმით, მისმა ქმარმა თავიდანვე იცოდა, რომ იგი ვიღაცამ ჩაუშვა, მაგრამ ახლა უკვე მისთვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს იმ ფაქტს, თუ ვინ გააკეთა ეს. მან ასევე აღნიშა, რომ სულაც არ არის გაკვირვებული, ამ ისტორიაში კუნდერას სახელი რომ აღმოჩნდა გახლართული. “იგი კარგი მწერალია, თუმცა არანაირი ილუზია არა მაქვს, რომ ასევე კარგი ადამიანი შეიძლება იყოს”, – განაცხადა ნოვაკმა, – “მაშინ, 50-იან წლებში, ცნობილ ადამიანებს შორის ბევრი იყო კომუნისტური რეჟიმის ფანატი. მათ თავიანთი პოზიცია 1968 წელს შეიცვალეს და თავისუფლებისათვის ხოტბის შესხმა დაიწყეს, და რა თქმა უნდა, დაავიწყდათ ის ყველაფერი, რაც 50-იანებში ჩაიდინეს”.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი კუნდერაც იყო – თავიდან იგი თავს კომუნისტ-რეფორმისტად ასაღებდა და ალექსანდრ დუბჩეკის მხარდამჭერიც იყო, მაგრამ დუბჩეკის ჩამოგდების შემდეგ კუნდერამ დისიდენტთა რიგებში გადაინაცვლა, და მალე, 1975 წელს, ჩეხეთი დატოვა. 1981 წელს მწერალმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, სადაც დღემდე განაგრძობს ცხოვრებას და მოღვაწეობას.
მოღვაწეობა კი, ვერაფერს ვიტყვით – ნაყოფიერად შეუძლია, ავტორიტეტისა და აღიარების მოპოვებაშიც ბადალი არა ჰყავს, და არც გადამეტებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისი ბრალდების გამოხმაურებისათვის მთელი ლიტერატურული სამყარო ფეხზე დადგა: ოთხი ნობელიანტი – გაბრიელ გარსია მარკესი, ორჰან ფამუქი, ნადინ გორდიმერი, ჯონ კუტზეე, ოცდამეერთე საუკუნის ლიტერატურული გრანდები – სალმან რუშდი და ფილიპ როთი, ხელს აწერენ ტექსტს, რომელიც ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში დაიბეჭდა: “საბრალდებო კამპანია, რომელიც მასმედიამ მილან კუნდერას საკმაოდ საეჭვო და დაუსაბუთებელ ფაქტებზე დაყრდნობით აუგორა, სხვა არაფერია, თუ არა უსუსური მცდელობა ჩირქი მოსცხონ ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ღირსებას.” ტექსტის ავტორებს მაღალფარდოვნებასა და დამაჯერებლობაში ცოტა თუ შეეჯიბრება, თუმცა კი ტოტალიტარული რეჟიმის შემსწავლელმა ინსტიტუტმა მოკრძალებულად მაინც განაცხადა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს, ეჭვი შეიტანონ ჰრადალეკის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტის სიყალბეში – მასზე გარკვეულად არის აღნიშნული თარიღი და შემდგენელის სახელი და გვარი. კუნდერას რეპუტაციის დამცველებს არც ის ფაქტი დარჩენიათ უყურადღებოდ, რომ ერთი რამ მაინც გაურკვეველია – აქამდე რატომ არავის გაახსენდა ეს მამხილებელი საბუთი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მწერალი უკვე საფრანგეთის მოქალაქე იყო და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული გამაკრიტიკებელი გახლდათ – ჩნდება შეკითხვა, რატომ მაშინ არ გამოიყენეს საიდუმლო სამსახურებმა ეს ფაქტი მისი დისკრედიტაციისათვის. მაგრამ ინსტიტუტს ამაზეც აქვს პასუხი – დოკუმენტი საიდუმლოდ ინახებოდა და არ იყო საჭირო, იგი ყველასთვის ცნობილი ყოფილიყო. საიდუმლო სამსახური ამას არ დაუშვებდა. რახან საბუთი პოლიციის არქივის კუთვნილება იყო, იქიდან მისი ამოქექვა არაეთიკური იქნებოდა. ამჯერად კი საბუთები კვლევით ინსტიტუტს გადაეცა და მკვლევარებიც მას დანიშნულებისამებრ იყენებენ.
თავად ჩეხეთში კუნდერას მიმართ პრეტენზიებს მაინცდამაინც გაცხოველებული ცნობისმოყვარეობითა და ხალისიანი მითქმა-მოთქმით არ შეხვდნენ. არცაა გასაკვირი – მაშინ, როდესაც ადამიანი ლამის ეროვნულ გმირად არის შერაცხული, არც ისე იოლია, დაამსხვრიო დიდი მწერლისა და ჰუმანისტის ხატი ყოფილი ჯაშუშისა და სპეცსამსახურების აგენტის წარსულით. არ არის გამორიცხული, საბოლოოდ კუნდერას საქციელი უბრალოდ პატრიოტიზმის გამოხატულებად გაფორმდეს – რიგითი მოქალაქის კეთილგონივრულ გადაწყვეტილებად, ინფორმაცია მიეწოდებინა პოლიციისათვის უცხო ქვეყნის ჯაშუშზე, რომელიც მის სამშობლოს საფრთხეს უქმნიდა. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც კუნდერას დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებენ – ყოფილი დისიდენტი, იან ურბანი ამბობს: “ის ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მწრალია – არ მესმის, რატომ არიდებს თავს, რომ გამოვიდეს და მარტივად აღიაროს – “დიახ, მე დავუშვი შეცდომა ახალგაზრდობაში, მაშინ 21 წლის ვიყავი, და სამწუხაროდ, ჩემი ამ შეცდომის გამო ვიღაც დაისაჯა.” – პირიქით, ამ ფაქტისგან კარგი რომანის გამოდნობაც კი შეიძლება. მაგრამ არა – რატომღაც იგი თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არაფერში იყოს გარეული და არც არაფერი ჰქონდეს ნანახი. ეს, უბრალოდ, თავის აგდებაა.”
თავის აგდებაა თუ საკუთარი სიმართლის მტკიცება – ეს დაბეჯითებით მხოლოდ კუნდერამ იცის. ისტორიას კი თანაბრად შეუძლია იყოს სასტიკიც და მიმტევებელიც – ვნახოთ, მწერალს როგორ გაუმართლებს.

სტატია დაიწერა 2008 წელს
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“