Uncategorized

მირიამ ანისიმოვი – რომენ გარის მითი

Romain-Gary-e1323653749534

ფრანგულიდან თარგმნა მარინა ბალავაძემ

 რომენ გარის 1977 წლის მაისში შევხვდი ტელევიზიის გადასაღებ მოედანზე, სადაც ჩვენს წიგნებზე სასაუბროდ ვიყავით მიწვეულები. იგი საოცრად თავაზიანი იყო ჩემ მიმართ, თუმცა მაშინ ძალიან ახალგაზრდა მწერალი ვიყავი. გადაცემის საყურებლად მასთან მისვლა შემომთავაზა და რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდი ფინჯან ჩაიზე ბაკის ქუჩაზე.

მისი გარდაცვალებიდან ოც წელზე მეტი იყო გასული, როდესაც ლორ ადლერმა მთხოვა რომენ გარის ბიოგრაფიის დაწერა. პროექტის განხორციელება ერთად ვერ მოვახერხეთ და ჩემი წიგნი გამომცემლობა გალიმარმა გამოსცა.

რომენ გარიმ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისშივე მკითხა, მქონდა თუ არა წაკითხული მისი ის ნაწარმოებები, რომელთაც საფრანგეთში წარმატება არ ჰქონიათ. “დიდი  საკუჭნაო” “ევროპა”, “ჩინგიზ კონის ცეკვა”, “ტიტა”.

პაველ პავლოვიჩს მასთან შევხვდი. ისე დამაჯერებლად ასრულებდა აჟარის როლს, რომ ჟურნალისტებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ის ნამდვილი ემილ აჟარი იყო.

შეიძლება ჩემთან შეხვედრა გარისთვის ერთგვარად სახიფათოც იყო, რადგან ჩვენი საუბრებიდან მივხვდი, რომ იგი არ იყო ის ადამიანი, ვისზეც გაზეთები წერდნენ და ვინც არ უყვარდათ ლიტერატურულ წრეებში. მან მითხრა, რომ იტანჯებოდა, როდესაც არ აღიარებდნენ. მიხსნიდა, თუ როგორ იწყებდა წიგნის წერას, რომ საღამოთი არასდროს იცოდა, რას დაწერდა მეორე დღეს.

“ხელოვნებაში ყველაფერი დასაშვებია მარცხის გარდა… თუ ხელოვნებას მარცხი არ მოსდევს, მისი ტყუილი გამართლებულია, როცა მარცხით მთავრდება, მაშინ ვერანაირი სიმართლე ვერ შეუშლის ხელს, იყოს უბადრუკი ტყუილი” – ამბობდა ის. “რეალობა ყოველი მხრიდან მიტევდა, ყველანაირად მთრგუნავდა, ყველგან საკუთარ საზღვრებს ვაწყდებოდი და ამიტომაც გამოგონებულ სამყაროში თავის შეფარებას და იქ ცხოვრებას მივეჩვიე, ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟების ზურგს უკან. ასეთი ცხოვრება უფრო აზრიანი, სამართლიანი და თანაგრძნობით სავსე იყო” – წერს იგი “განთიადის დაპირებაში”.

გარი მუდმივ შემოქმედებით წვაში მყოფი მთხრობელი იყო, რომელიც დაწერდა თუ არა პირველ ფრაზას, თავისუფლად მიიწევდა წინ ამოუცნობისკენ ყოველგვარი შეზღუდვებისა და a priori-ს გარეშე. მის ჟურნალზე Preuves სასაუბროდ მისულ ფრანსუა ბონდის, რომელიც მისი მეგობარიც იყო, გარის უთქვამს: “ხელოვანისთვის სინამდვილე ვერასოდეს იქნება რეალობა და სიცოცხლე კი ცხოვრება… ის, რასაც გასაოცარ რეალიზმს უწოდებენ, მხოლოდ რეალობის მძაფრი შთაბეჭდილებაა”.

იმ რომანების კითხვისას, რომელიც თავად მომცა და იმ რომანების გადაკითხვისას, რომელმაც სახელი გაუთქვა, ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს ეს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებები, სახალისო ამბები, მკითხველს რომ იტაცებდა, წარმოსახვითი პერიპეტიები იყო. ამ გრძნობით გადავიკითხე მთელი მისი შემოქმედება და დავიწყე ჩემი კვლევები მისი ვაჟის, დიეგოს ნებართვით. მრავალრიცხოვანი და იშვიათი არქივის საფუძველზე, რომლის შეგროვებაც სამწლიანი კვლევა-ძიების შედეგად მოვახერხე, ეს გრძნობა უფრო განმიმტკიცდა.

მისი შემოქმედება დაფარვა-გასაიდუმლოების ერთგვარი ხერხია. მაგრამ არა მხოლოდ. ბევრი რომანი თითქოს მრავალ ავტობიოგრაფიულ დაფარულ ელემენტს შეიცავს. ხშირად ეს სარწმუნო ელემენტები რამდენიმე ერთმანეთისგან მეტად განსხვავებულ პერსონაჟშია მიმოფანტული. ამის დანახვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა სიმართლეა ცნობილი.

შენიღბული გარი წინ მიიწევდა და თვლიდა, რომ რამდენიმე ცხოვრებით ცხოვრობდა: განსაკუთრებით კი თავისი პერსონაჟების ცხოვრებით, რომლებიც მსგავსად დონ კიხოტ ლამანჩელისა, სტამბაში შესვლისას ოსტატს ეკითხებოდა, თუ რა წიგნი იბეჭდებოდა და ელოდებოდა მის პასუხს: “დონ კიხოტ ლამანჩელის ისტორიას”.

ნაწარმოებში “სგანარელისთვის” ის წერს: “ფანტასტიკურ ნაწარმოებებში დარწმუნების უნარის გარდა არ არსებობს სიმართლისა და სინამდვილის სხვა კრიტერიუმი”. სურდა, რომ მისი მკითხველი ყოფილიყო, როგორც თვითონ უწოდებდა, “სუფთა ფრანგული წარმომავლობის ადამიანი”, როგორიც თავად არ ყოფილა, თუმცა უანგაროდ უყვარდა საფრანგეთი. ამ უპირობო სიყვარულის გამომხატველია დედამისი “განთიადის დაპირებაში”.

იმავე წიგნში, გარიმ ზუსტად იგივე ფორმით შექმნა მითიური რუსეთი თოვლით, მარხილებით, ოქტომბრის რევოლუციით. მას თავისი მკითხველის გატაცებისა და გულუბრყვილობის იმედი ჰქონდა და აღადგინა თავისი ბავშვობა და სიყმაწვილე. კარგადაც ხომ გამოიყენა ქამელეონის იმ ფერის მიღების უნარი, რა ფერის ქსოვილზეც სვამენ?

ჟურნალისტებთან მრავალი შეხვედრისას გარი არასდროს ამბობდა ბოლომდე სიმართლეს და ამას გამიზნულად აკეთებდა. ის მხოლოდ იმას ამბობდა, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ტყუილი სარწმუნო გამხდარიყო. ამ საუბრების დროს მოგონებები და შეთხზული ამბები მჭიდროდ იყო ერთმანეთზე გადაბმული, მათი თხრობის ღირებულების მიხედვით. რომენ გარი ბევრს ლაპარაკობდა და სიტყვათა ნაკადში მალავდა იმას, რაც მისი აზრით მთავარი იყო.

დედა აქტიურად მონაწილეობდა ამ გამოგონებებში და შვილს ლამაზ ზღაპრებს უყვებოდა, რაც შემდგომში “განთიადის დაპირება” გახდა. გარის მითის შემუშავება ბავშვობიდანვე დაიწყო, როდესაც დედამისი აწმყოთი მანიპულირებდა და წინასწარმეტყველებდა თავისი ვაჟის დიდებული მომავლის ეტაპებს.

ვიტყუებით, როდესაც ფაქტებს იმისთვის ვალამაზებთ, რომ დედამისის ნაოცნებარს დავამსგავსოთ? ცრუობდა გარი საკუთარ თავზე საუბრისას? ის ყველაფრის შესახებ როდი იტყუებოდა. მისი ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდი, მაგალითად ომის პერიოდი, მხოლოდ ოდნავ იყო შეცვლილი. სამაგიეროდ, სხვა ეპიზოდები ან საერთოდ ამოშლილი, ან მთლიანად გადაკეთებულია.

გარი განზრახ ცრუობდა, თუმცა ამას ყოველთვის არ აკეთებდა. იყო მომენტები, როდესაც ტყუილი ხან საკუთარი სიცოცხლის ან ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდებოდა, ხანაც სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაზეც მხურვალედ ოცნებობდა დედამისი. მან სინამდვილე იმისთვის შეცვალა, რომ უფრო მნიშვნელოვანი გაეხადა და იმისთვისაც, რომ მოკრძალებულად დახმარებოდა დედას წინასწარმეტყველების ახდენაში. დედის ოცნებების ერთგულებისთვის იგი ჟურნალისტებს იმ ამბებს უყვებოდა, რაც დედას ეამებოდა. ყოველ შემთხვევაში, მას ასე სწამდა. სინამდვილეში იგი მორიდებული ადამიანი იყო, რომელსაც ერჩია სათუთი პიროვნება გამომწვევი და მტკიცე პერსონაჟით ჩაენაცვლებინა.

გარი ყოველთვის შესანიშნავად აკონტროლებდა იმას, რასაც ამა თუ იმ თანამოსაუბრეს უზიარებდა. ინტუიტიურად გრძნობდა ვის რისი გაგონება სურდა და სწორედ იმას ამბობდა, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მსმენელი. მას ღრმად სწამდა, რომ სიმართლის დაწერა ან მოყოლა ყველაფერს გაართულებდა. მან იცოდა, რომ დიდებსაც ბავშვებივით უყვართ გამოგონილი ამბები. “ნუ მოჰყვები ყველაფერს ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა. უმჯობესია, მომხდარი ლეგენდად აქციო და სწორად შეარჩიო მის მოსაყოლად საჭირო ტონი” (“ღამე იქნება მშვიდი”).

მისი მკითხველები და ისინი, ვინც მის ლეგენდას რადიოთი თუ ტელევიზიით გადასცემდნენ, შეეგუენ შეთხზულ ამბებს და წინააღმდეგობრივ სიმართლეს. გარიმ მოახერხა მითის შექმნა. მის მკითხველს სწორედ მითები სჭირდება. შესაბამისად, მის მსგავსად, ჩვენც, ასე თუ ისე, მეზღაპრეები ვართ.

© “არილი

Facebook Comments Box