ესე (თარგმანი)

მიშელ ტურნიე – ოთხი ესე

turnie76697

ფრანგულიდან თარგმნა ნიკა აგლაძემ

იტალო-კალვინიზმის პრინციპები

ცნობიერების უსაყვარლეს საქმიანობათაგან ერთ-ერთი, ყალიბების ჩამოსხმაა, რომელთა დახმარებით შრება, მყარდება და, რაც მთავარია, განსაზღვრულსა და უცვლელ ფორმას იძენს უახლოესი გამოცდილების ზანტად მოფუთფუთე მატერია. მართალია, არისტოტელეს ათი, კანტის თორმეტი და ამელენის თხუთმეტი კატეგორია ამორფული გამოცდილების ჭაობში ჩაფლობის შიშით შეპყრობილ ინტელექტს ამგვარი საკლასიფიკაციო საქმიანობისაგან ათავისუფლებს, თუმცა, ლოგიკური კატეგორიების ქსელი, შესაძლოა, მასაც კი ზედმეტად აბსტრაქტულად მოეჩვენოს. ხასიათმცოდნეობა ადამიანთა ტიპების უფრო თვალნათელ კლასიფიკაციას გვთავაზობს და, რაც მთავარია, ისტორიაში პირველად, მათი კომბინირების საშუალებას იძლევა. პირველადებისა და მეორეულების, აქტიურებისა და არა-აქტიურების, ემოციურებისა და არა-ემოციურების გამიჯვნის შემდეგ, ის, მაგალითად, ქოლერიკულ  ხასიათს გვთავაზობს, რომელიც განისაზღვრება, როგორც ემოციურ-აქტიურ-პირველადი (დანტონი); ანდა, მეორე მაგალითი, იგი აპათიურ  ხასიათს გვთავაზობს, რომელიც არაემოციურ-არააქტიურ-მეორეულია (ლუი XVI).

მსგავსსავე გამოწვევას თავს ართმევს ტაროს ბანქოც, ყოველ შემთხვევაში იმგვარი, როგორადაც მას იტალო კალვინო წარმოგვიჩენს მშვენიერ წიგნში, გამომცემელ ფრანკო მარია რიჩის დახმარებით რომ დაისტამბა. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ აქ ყოველი პერსონაჟი ოდენ სახასიათო ატრიბუტებით კი არ არის აღჭურვილი, არამედ ზოგჯერ რთულ და დრამატულ ვითარებაში ამოყოფს თავს. და, რა თქმა უნდა, აქ არის მაგიაც. რადგან ტაროს სამოცდათვრამეტივე გამოსახულებას – აღორძინების ხანისა და შუა საუკუნეების მიღმა, არაბულ და ჩინურ მკითხაობაში რომ იღებენ სათავეს – იდუმალი შარმი და მარადიული ახალგაზრობა აქვს მიმადლებული. სწორუპოვარი სილამაზით გამორჩეული მინიატურები ახლობლის დაკვირვებულ მზერას გვაპყრობენ. ჯამბაზი, თავდაყირა ჩამოკიდებული კაცი, შელეგი, სამმაგი ღაბაბით, ამური, მზის მეწამული ნიღბით, პაპესა სამი სკნელის ბატონის გვირგვინით, ზეციური იერუსალიმის მცველი ტყუპები, – მეფური იერის მქონე, იდუმალი არსებები იმ უხსოვარი ენით მეტყველებენ, მხოლოდ ჩვენს გულებს რომ ესმის. ამ ბანქოს შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანის წარსულისა და მომავლის შესახებ ისეთი ცნობების მოწოდება, რომ  ადამიანის ბედი ოქროკაზმულ ლეგენდას დაემსგავსება. იტალო კალვინოს გადაჯაჭვული ბედისწერების ციხესიმაგრეში შევყავართ.

ტყის უსიერ ღამეში დაკარგული იდუმალი ციტადელი. გზააბნეული მოგზაურები – რაინდები, ქალბატონები, კურიერები, მომლოცველები – იქ რომ პოულობენ თავშესაფარს. და რადგან მაგიდის გარშემო შეკრებილი ეს არაერთგვაროვანი საზოგადოება უეცრად მუნჯდება, თითოეული თანამეინახე საკუთარ ამბავს რიგრიგობით, მაგიდაზე ტაროს ბანქოს გაშლით ჰყვება… და ყველასათვის ყველაფერი გასაგებია. როდესაც საკუთარი თავგადასავლების აღწერის ჯერი მორიგ მთხრობელზე მიდგება, ის არ რევს წინამორბედის მიერ გაშლილ ბანქოს; ახალი ნარატორი დააშენებს თავის ამბავს წინა კომბინაციის ნაწილზე და მხოლოდ მიუთითებს გარშემომყოფთ, რომ ის წაკითხული უნდა იქნას არა ზემოდან ქვემოთ, არამედ, მაგალითად, მარჯვნიდან მარცხნივ. ასე, თითოეული კარტი მნიშვნელობას იძენს წინასა და მომდევოს დახმარებით, დაახლოებით ისე, როგორც სიტყვები თავსდებიან ხოლმე კროსვორდის ბადეში. ამგვარად, იტალო კალვინო ტაროს აქცევს ერთგვარ მთხრობელ მანქანად, რომელიც პერსონაჟებისა და სიტუაციების კომბინირებით, ბედისწერათა უზარმაზარ, მაგრამ არა უსასრულო რაოდენობას ქმნის.

გასაკვირი როდია, რომ ხეზე ასული ბარონის, კოსმიკომიკოსებისა და ნულოვანი დროის ავტორი გაიტაცა მსგავსმა წამოწყებამ, რომელსაც სიმბოლური ხატების შექმნის სურვილი და კომბინატორის აზროვნება წარმართავდა. ჟან ჟიროდუს მსგავსად, იტალო კალვინო თავის შემოქმედებაში იმდენადვე ხარბად ეწაფება პირად საიდუმლოებებს, რამდენადაც, სიმბოლოებისა და თავისი უცნაური ლოგიკის წყალობით, წარმოაჩენს განსაზღვრულ ფსიქოლოგიურ მოდელს. კატეგორიული ხასიათის ყველა სააზროვნო სისტემას – არისტოტელედან ტაროს ბანქომდე – აერთიანებს: აღმოჩენების მხოლოდ რაციონალური მეთოდის ლამპრის მკვეთრ შუქზე გაკეთების სურვილი, ყოვლისმომცველი კალკულაციისადმი ტრფობა და უსასრულობაში დაკარგვის შიში. ამგვარი მიდგომა სრული ანტიპოდია ემპირიზმისა და ნატურალიზმის, რომელთაც დღენიადაგ სწადიათ გამოცდილების საფლობში სამუდამო დანთქმა. იტალო კალვინოს ყველაზე ცნობილი გმირი ლომბარდიელი არისტოკრატია, რომელიც ცხოვრების ხეზე გატარებას გადაწყვეტს. არ შეეხო მიწას. ჩანს, ეს უნდა იყოს იტალო-კალვინიზმის პირველი პრინციპი. „ტაროები“ ამის ბრწყინვალედ დახატულ ილუსტრაციას გვთავაზობს.    

კრებულიდან: Le vol du vampir (Notes de lecture), Mercure de Frence, 1981

ძილის ფილოსოფია

ღამისა და ძილის შვილს, სიზმრების პატარა ღვთაებას მორფეოსი ჰქვია. მას პეპლის ფრთებითა და ხელში ყაყაჩოს თაიგულით გამოსახავენ. უკანონო შვილიც ჰყავს, სახელად მორფინი, ავისა და კეთილის მქნელი. ურიგო არ იქნება მორფეოსით დავინტერესდეთ, რადგან ის ჩვენი ცხოვრების მესამედის მეუფეა.

1962 წელს მიშელ ჟუვემ  თავისი გამოკვლევებით ახალი სიტყვა თქვა „პარადოქსული ძილისა“ და სიფხიზლის შესახებ. პარადოქსული ძილი სიზმრების ნახვის პერიოდს ემთხვევა. „პარადოქსულობა“ კი კუნთების მოდუნებით ვლინდება, რომელსაც თან გულისცემის სიხშირის მომატება და თვალის სწრაფი მოძრაობა ახლავს. წარმოიდგინეთ ხატი: კაცის სხეული მექანიკურ თუ ქიმიურ მახეშია გაბმული, ძვალ-რბილისგან აგებულ ციხეში მოქცეული ტვინი კი, იდუმალ სახებათა დახმარებით, შეუპოვრად იბრძვის.

სიზმარი ღვიძილისგან წინააღმდეგობრიობით განსხვავდება. ამდენად, უთავბოლო სამყარო მხოლოდ ილუზორული შეიძლება იყოს! მაგრამ ერთხელაც დაუშვით, რომ საღამოს დაძინებისას ბრწყინვალედ დალაგებულ ცხოვრებას უბრუნდებით, რომელიც დილით გაღვიძებულმა მიატოვეთ და ამიერიდან ორი პარალელური ცხოვრება გაქვთ, ერთიმეორეზე არანაკლებ რეალური. საკვირველია, რომ არც ერთ მწერალს აზრად არ მოსვლია ორმაგი ცხოვრების მქონე კაცის ამბავი მოეთხრო.

ჭეშმარიტ ძილს უსიზმროდაც არაფერი დაეწუნება. ანრი ბერგსონის მოძღვრების თანახმად, მართალია, ძილი სიზმარს გულისხმობს, მაგრამ გამოღვიძებულთ ოდენ ყველაზე ზედაპირული სიზმრები გვახსოვს. ამის შემოწმება არასდროს ყოფილა შესაძლებელი. თუმცა, ძილი, თავისუფალი ყოველგვარი ზმანებისაგან, უდავოდ, პარადოქსალურზე უკეთ ასვენებს ადამიანს. იმდენად უკეთ, რომ ის პატარა სიკვდილს ემსგავსება. „სიცოცხლე დაავადებაა, რომლის ტკივილსაც ძილი თექვსმეტი საათით გვიამებს. ეს დროებითი წამალია; სიკვდილი – საბოლოო განკურნებაა“ (შამფორი). რემბოს ცნობილმა ლექსმა გვასწავლა „ხევში მძინარის“ ხატს მიღმა, დაღუპული კაცი შეგვეცნო.

თუმცა, ამგვარი მიდგომა აშკარად ზედმეტად პირქუშია. სინამდვილეში, მძინარე კაცი თავისებურად, და ხშირად – ძალიან კარგადაც ცხოვრობს. ძილი ბედნიერების ფორმაა. თუნდაც, ღამით გვერდის ცვლაში მძაფრი კუნთისმიერი სიამოვნება გამოსჭვივის. მძინარენი კი ნამდვილად ბევრს მოძრაობენ. ისინი მონაცვლეობით ოთხ მდგომარეობას იღებენ, რომელთაც განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.

გულაღმა მძინარე, სახე ცისკენ  რომ მიუპყრია, მშვიდად განისვენებს, მუცელზე ხელდაკრეფილი, რწმენითა და იმედით აღსავსე.

არსებობს ორი ლატერალური პოზიცია, რომლის დროსაც ადამიანი მარჯვენა, ან მარცხენა, ანუ გულის მხარეს არის გადაბრუნებული. პოზა „ძაღლი სიცივეში“, ლამის მკერდს მიბჯენილი მუხლებით, დაბადებამდელ, ჩანასახოვან მდგომარეობას იმეორებს. საწოლს ის დედის წიაღის სიმულაკრად აქცევს. გაღვიძება და ზეზე წამოდგომა კი დაბადებაა,  მთელი მისეული სიმძაფრით.

პირქვე მძინარე, თითქოს მიწას არის შეფარებული. ეს ტყვიამფრქვევის ჯერით გაშეშებული ჯარისკაცის პოზაა. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დღემდე კამათობენ, როგორ დააწვინონ ჩვილები – ზურგზე (ევროპულად), თუ მუცელზე (ამერიკულად). გავრცელებული მოსაზრებით, უფრო ხშირად ის ახალშობილები იღუპებიან, რომელთაც პირქვე აწვენენ. შევნიშნოთ აგრეთვე, რომ ჩვილის თავის ქალა მოქნილია და პირაღმა დაწვენის შედეგად მრგვალდება (ბრაქიცეფალი), ხოლო მუცელზე დაწვენისას, თავის მარჯვნივ, ან მარცხვნივ მობრუნებით, ოვალურ ფორმას იძენს (დოლიქოცეფალი).

კირენელ არისტიპოსს წოლისა სწორედაც რომ გაეგებოდა. დიოგენე მას „სამეფო ქოფაკს“ ეძახდა, რადგან ტირანებისთვის კმევა არ ეშლებოდა. ის კი პასუხობდა: „რა ჩემი ბრალია, თუკი ყურები ფეხებზე აქვთ?“ და კიდევ, არისტიპე ამბობდა: „სანამ ლოგინს დატოვებ, საკუთარ თავს შვიდჯერ ჰკითხე, მოუტანს კი ეს სარგებელს ღმერთებს, სამყაროს და გარგებს კი ეს შენ“.

ღვინის სული

დიონისესა და ქრისტეს ვაზი მყიფე და ხილის სურნელებადაყოლილი ხიდით აკავშირებს. ღვინო, ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაციის უცნაური სიმბოლო, გამომწვევად უხამებს ერთმანეთს აღვირახსნილსა და წმინდას. ერთი მხრივ, ბახუსი, ოხუნჯი ლოთების დასით, როგორადაც მათ რუბენსი გამოსახავდა, მეორე მხრივ, ქორწილი კანაში და საზიარებელი ბარძიმი.

„ეკლესიის უფროსი ქალიშვილის“ თიკუნს საფრანგეთი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავის ღვინოს უნდა უმადლოდეს. ეს მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შორეული სოფლის ყველაზე მოკრძალებულ მაღაზიაშიც კი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რიგიან ღვინოს აღმოაჩენთ;

და ასევე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინო არა ფუფუნება, არამედ საკვების აუცილებელი თანმხლებია. ჩემს სოფელში, კოდ-დ’ორში, ას წელს მიღწეულნი ისე კვდებიან, რომ ცხოვრებაში წვეთ სუფთა წყალს არ სვამენ. უბრალოდ, წყალი დასალევად შექმნილი სითხე არ არის, მისი დანიშნულება პირის დაბანა და ყვავილების მორწყვაა. მისი დალევა ველურთა წესია და კარგს არაფერს გიქადის. ადამიანს, რომელიც წყალს სვამს, ბურგუნდიაში ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან გულღრძოობისა და შეუწყნარებლობისაკენ მიდრეკილი ჰგონიათ. მთელი ბავშვობა მაფრთხილებდნენ „კუჭის გაფუჭების“ საშიშროების შესახებ და, რასაკვირველია, საფრთხეს სუფთა წყალში ხედავდნენ.

თვალნათლივ მახსოვს „საოჯახო საქმის მეცნიერება“, მშვენიერი წიგნი ოქროსფერი ტვიფრით წითელ ყდაზე, რომლითაც აგერ უკვე ასი წელია წარჩინებულ მოსწავლეებს ვაჯილდოებთ. ერთი თავი ალკოჰოლიზმს ეძღვნება. ამ სენთან ბრძოლის გზად, წიგნის ავტორები „ჰიგიენური სასმელების, კერძოდ ღვინისა და ლუდის“ მასობრივ მოხმარებას მიიჩნევენ და მთავრობას ამ სასმელზე დადებული გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

თუმცა, ზოგჯერ თავშეკავებაც შეგვიძლია: გვიყვარს ჟანა კალმანის – ის ამას წინათ, ას ოცდაორი წლის ასაკში გარდაიცვალა –  მოგონებები, სადაც მხცოვანი ქალბატონი წერს, რომ ას თოთხმეტი წლის ასაკში ღვინის სმაზე უარი თქვა. ნამდვილად, მისაბაძი მაგალითია…

და აი, ისიც, პირქუში თავი, რომელშიც იმათ უბედურებას უნდა შევეხოთ, ვისაც ღვინის სმა არ უყვარს. ეკლესია მათ „აბსტემებს“ ეძახის. ნოველაში „პარიზის ღვინო“ მარსელ ემე იწყებს თხრობას სევდიან ცხოვრებაზე არბუას მხარის ერთი მეღვინისა, ღვინო რომ არ უყვარდა. მაგრამ ეს სიუჟეტი ავტორს არ იტაცებს და გმირიც სწრაფად იცვლება. პარიზელ მოხელეს, ეტიენ დიუვილს, ომის დროს ღვინოზე დაწესებული აკრძალვა საშინლად ტანჯავს. ის ცხოვრობს სიმამრთან, რომელიც მთელი გულით სძაგს. მდგომარეობა იმ  დღიდან იცვლება, როდესაც დიუვილი შენიშნავს, რომ ბერიკაცი ბორდოს ბოთლს წააგავს. ამის შემდეგ გაკვირვებული მეუღლე დაინახავს, როგორ დასტრიალებს ქმარი ბოთლის გასახსნელით ხელში სიმამრს თავს. ამბავი, რასაკვირველია, ცუდად მთავრდება: აღფრთოვანებული დიუვილი საოცარი მეტამორფოზის მომსწრე ხდება – ქუჩაში ყველა გამვლელი კარგ ღვინის ბოთლად იქცევა.

„აბსტემმა“ მღვდელმსახურებმა ეკლესიას სერიოზული საზრუნავი გაუჩინეს. თავდაპირველად ჩაითვალა, რომ მათ მესის ჩატარების  უნარი არ შესწევდათ. მოგვიანებით, ლაროშელის 1571 და პუატიეს 1644 წლის სინოდებმა დაადგინეს, რომ „აბსტემებს“ ზიარების უფლება მიეცემოდათ, თუ ისინი ბაგით ღვინით სავსე თასის კიდეს მაინც შეეხებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰუსიტების (უნგრეთი, მე-14 საუკუნე) აზრით, თავად რომის ეკლესია იყო „აბსტემიზმის“ სენით შეპყრობილი. თავდაპირველად, ღვთისმსახურებისას თეთრი ღვინის გამოყენებით გამოიხატა მხიარულსა და ენერგიულ, ლალისფერ სასმელზე ხელის აღება. ხოლო როდესაც ეკლესიამ მორწმუნე ერისკაცებს ღვინით ზიარება აუკრძალა, „კალიქსტინელები“ აჯანყდნენ. კონფლიქტის დროს ათასობი ადამიანი ეწამა, ან დაიღუპა, სანამ 1433 წლის ბალის კრების დადგენილებით ჰუსიტებმა sub utraque, ორივე სახით ზიარების უფლება არ მიიღეს.

ბაყაყი, ჩიტი და სალამანდრა

ალბათ, ასაკის ბრალია. სულ უფრო მაწუხებს ფიქრი ლამაზი დასასრულის შესახებ. ვხედავ, სხვები როგორ კვდებიან. ხან ვიხიბლები, ხანაც – მებრალებიან. ზოგი ლაზათიანად მიდის, სხვა კი ნებდება, სამარცხვინოდ ან სასაცილოდ. ვოცნებობ მოულოდნელ სიკვდილზე, მოკრძალებულ იუმორთან წილნაყარსა და ბუნების საწყისებთან დაკავშირებულზე. ეს კი ადვილი როდია.

ამას წინათ, ერთმა მოარულმა ამბავმა აღმაფრთოვანა. ზაფხულში ზღვისპირა ალპებში ტყე იწვოდა. მოდის ზამთარი, ხანძრის კვამლის უკანასკნელი ფთილები იფანტება და მეტყევეები გადაბუგულ არემარეს ათვალიერებენ. წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როდესაც ისინი აღმოაჩენენ რაღაცას, რაც ერთი შეხედვით ვეება თევზი ჰგონიათ, რომლის ცეცხლის ენებს მიშვერილი პრიალა კანი, ბუშტებითა და წყლულებით დაიფარა. თუმცა, დაკვირვებამ ცხადყო, რომ თევზთან არ ჰქონდათ საქმე. ეს ადამიანი-ბაყაყი იყო, თავის კომბინეზონში კარგად შემწვარი კარტოფილივით რომ დაიბრაწა. მაგრამ, რა ეშმაკის მანქანებით აღმოჩნდა აქ, ზღვის ნაპირიდან ოცდაათ კილომეტრში?

საშინელი სინამდვილისათვის თვალის გასწორება მოუწიათ: ცეცხლმქრობი თვითმფრინავები დიდხანს მიმოდიოდნენ ზღვასა და ცეცხლწაკიდებულ ტყეს შორის, ყოველ გზაზე კი წყლის უზარმაზარ რაოდენობას ამოტუმბავდნენ  და ცლიდნენ. ეს ჩვენი ბატონი, როგორც ჩანს, წყალქვეშა თევზაობის მოკრძალებული ხიბლით ტკბებოდა, როდესაც, თვითმფრინავის წყალშემკრებმა მილმა, ათ ტონა წყალს ოც წამში რომ შთანთქავს, საცოდავი – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – ჩაყლაპა. რამდენიმე წუთში კი მექნიზმმა ის ალმოდებული ტყის თავზე ამოანთხია. დიდებული თავგადასავალია მშვიდი დამსვენებლისთვის. მახლას რომ, მეგობრებისთვის მისი მოყოლით თავს ვეღარ ინუგეშებდა.

ამ აღსასრულში განსაკუთრებით მთავარი გმირის სამმაგმა მეტამორფოზამ აღმაფრთოვანა. მან თხევადი საწყისი აირჩია. თავი ადამიან-ბაყაყად წარმოედგინა. ადამიან-ჩიტობის მოკლე ეპიზოდის შემდეგ, ის ადამიან-სალამანდრად იქცა. წყალი და ცეცხლი. ჰიდრა და დრაკონი. გსმენიათ ალბათ, ის საზიზღარი ესპანური გამონათქვამი? – „ცეცხლისა და წყლის ბრძოლაში, ყოველთვის ცეცხლი კვდება“. ცეცხლი, ანუ სინათლე, სითბო, ხელგაშლილობა, ენთუზიაზმი. ამჯერად კი, ფერფლადქცევის ამ უცნაურ ამბავში, უკანასკნელი სიტყვა სწორედ მას დარჩა.                    

კრებულიდან:  ”Сélébrations”, Mercure de Frence, 1999.

© არილი