ავტორი: ჯეზ ფილდერი
ინგლისურად ახლახან ითარგმნა მიშელ უელბეკის ესეებისა და ინტერვიუს ტრანსკრიპტების კრებული „ინტერვენციები 2020“, რომელმაც ფართო საზოგადოების ყურადღება, სავარაუდოდ, პირველი თავის სახელწოდებით მიიპყრო – „ჟაკ პრევერი იდიოტია“.
წიგნში იდუმალმა მწერალმა თავისი ყველაზე გესლიანი მხარე გამოამჟღავნა, რისი წყალობითაც კითხვის პროცესი, სხვა თუ არაფერი, უზომოდ სახალისოა. თითქოს ხელში რჩეული ჰიტების ალბომი ჩაგვივარდა.
უელბეკს თუ დავუჯერებთ, პრევერის პოეზია „იმდენად უღიმღამოა […], რომ ხანდახან კითხვისას სირცხვილის განცდაც კი გიჩნდება“. ამავდროულად, „სულელური კალამბურებით“ სავსეა. მაგრამ ამჟამად ჩვენი მიზანი რეალისტი პოეტისა და სცენარისტის ნამუშევართა შეფასება კი არა, თავად მიშელ უელბეკის უკეთ გაცნობაა.
ალბათ, კრებულის ყველაზე დიდი ღირსება კემბრიჯის Polity Books-ის მიერ შეკრული ინტერვიუების ტრანსკრიპტთა კოლექციაა. უელბეკის ესეების დაკნინებას არ ვცდილობ, უბრალოდ, ინტერვიუებში თავის პროვოკაციულ რომანებსა თუ მამხილებელ ესეებზე მეტად უშუალოა.
თანამედროვეობის მისეული კრიტიკა დაუნდობელია. 1994 წლის ინტერვიუს მიხედვით, მართალია, მისთვისაც სარტრივით ჯოჯოხეთს სხვა ადამიანები ქმნიან, მაგრამ ღამის კლუბებისთვის იმქვეყნად მაინც სპეციალური ადგილია გამოყოფილი.
„უამრავი არშემდგარი ადამიანი – იმედდაკარგულები – იქ ხშირად დაიარება და ყოველ წამთ საკუთარი თავის დამცირების შესაძლებლობა ეძლევათ. ეგ ადგილი ჯოჯოხეთთან ყველაზე უფრო ახლოსაა“.
მწერლის შეხედულებებში უამრავ საგანძურს აღმოვაჩენთ. მაგალითად, მეტავერსის წინასწარმეტყველებას:
„უამრავი ნიჭიერი პროფესიონალი მუშაობს პროტოკოლებზე, რათა უახლოესი ათწლეულებისთვის არსებობდეს ტექნოლოგია, რომელიც მოგვცემს ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მსოფლიო მასშტაბით წამებში გავრცელებას – ტექსტი, ხმა, გამოსახულება, შეიძლება, ფიზიკური შეგრძნებებისაც კი“.
ამავდროულად, რამდენიმე რჩევასაც აძლევს მათ, ვისაც თვითმკვლელობაზე ფიქრი არ ასვენებთ:
„პრაქტიკული ღირებულების შესაძენად, უნდა დარწმუნდე, რომ სხვისი ბედნიერება შენს არსებობაზეა დამოკიდებული; შეგიძლია ბავშვი აღზარდო ან ამას თუ ვერ ახერხებ, პუდელი მაინც იყიდო“.
ალბათ, მთელ წიგნში ყველაზე მოულოდნელი შემდეგი განცხადებაა: „ერთადერთი, რის აღმატებულობასაც ვაღიარებ – სიკეთეა“.
ერთ-ერთ თავში, სახელად „ხელოვნება იფცქვნება“, წარმოდგენილია უელბეკის ლექცია, სადაც ხელოვნების სტუდენტებს უხსნის, თუ რატომ არის სიკეთე ინტელექტზე უფრო მნიშვნელოვანი. აღწერს სევდას, რომელსაც (დასავლეთ საფრანგეთში) ვანდეას ნაცრისფერი ცა აღძრავს:
„გავცქერი ცას და ვხედავ უსასრულობის ცვეთას; მეფიქრება უსიცოცხლო პლანეტების ორბიტებზე, უფრო და უფრო ცივ სამყაროზე, რომელშიც ვარსკვლავები ნელ-ნელა ქრება; და სიტყვებს „ადამიანური სითბო“ ცრემლებამდე მივყავარ“.
უელბეკის თქმით, “ინტერვენციები 2020” ბოლო კრებულია, რომლითაც საზოგადოებას საკუთარი თავი და შეხედულებები ამ ფორმით გაუზიარა. ამიერიდან, მისგან მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას უნდა ველოდეთ.
© არილი