Posted on

ნათია გიორგაძე – გზიდან დაბრუნდი და სხვა ლექსები

natia giorga-38892

* * *

გზიდან დაბრუნდი,

დაბრუნებას ჰქონდა მიზეზი,

გზაში თანაბრად როცა სუნთქავ,

სვლა იოლდება,

ყველა შემხვედრი სულდგმულიდან

თავს მოიბრუნებ, თუ არა ხვდები,

რომ უკან დარჩა, უკან დარჩა…

და რომ არავინ შეეწევა

უკან დარჩენილს.

ხრამის ხეობა დაინისლა

ხელს ნისლი გიშლის:

შენ მას ტოვებდი

ყოველღამე საკუთარ ძილში,

შენ მის ფეხისხმას

მარტო იმის გამო უსმენდი,

რომ ცარიელი აბაზანის კარი შეგეღო

და ისიც არსად ბანაობდა

და იწვა არსად.

ახლა მიიწევ,

მიიჩქარი მისკენ და ისიც

გიახლოვდება როგორც შენი,

როგორც ყველაზე ლამაზი გოგო.

 

 მილევა

 

მე და შენ როგორც ჩამდგარი ქარი

უკან ვიტოვებთ სიჩქარეს და მიმართულებას

ვწევართ…

არ ვფიქრობთ არაფერზე,

არ გვაქვს სასწრაფო დახმარების

არ მოსვლის შიში,

იმედიც არ გვაქვს, გული ან თვალი რომ გვეტკინება

რადგან ვწევართ და კლდის კალთების

ამბებს ვიხსენებთ,

და ამბებიდან ძნელადსათქმელ სიტყვებს:

მტარვალნი, განუტევენ

და ასე შემდეგ ხმამაღლა ვამბობთ,

რათა მონიშნონ საძოვრებზე ჩვენი ადგილი.

მზე რომ ამოვა,

ჩიტების და ყვავილების გასაღვიძებლად,

ვიკავებთ სიცილს,

თითქოს თავი ღრმა ძილს მივეცით.

მხოლოდ ამბები რჩებიან, მუდამ…

 

არა –კი

 

შიში არასიკვდილის,

შიში არაკუბოსი,

შიში არამიწის…

მონაწილე ვიქნები

მონაწილე იქნები,

მონაწილე იქნება ისიც.

 

კვდება ადამიანი,

გულგრილობით, გულმშვიდი

ჩამდგარ ქარიშხალში…

 

არამკვეთრი სიკვდილით,

არამკვიდრი ფრინველი,

არაფრონტის მარში…

არასირაქლემა და

მაჯაჰიმის აქლემი…

 

არა სუნთქვა ფილტვებით

არც უდაბნოს მტვერი

არაფერი არა ხარ

არაფერში არა ხარ

ემატები მდინარეს,

როგორც ბედნიერი.

 

ცილინდრის ბინადარი სული

 

ნუ დააბრალებთ ადამიანებს,

მხეცებს დააბრალეთ,

მხეცები არიან მტაცებლები

და მათი ბეწვი სავსეა

სისხლით

და მათი სახლი ტყეა…

ნუ დააბრალებთ მხეცებს,

ადამიანებს დააბრალეთ,

სიტყვებს არ ამბობენ მხეცები

და არ ეჩვევიან ტკივილს

და არ მარცხდებიან ღალატით,

როცა ქალაქები ეცემა,

თვალებში უელავთ წყურვილი…

მას ეცვა ტყვიების ქურთუკი,

გარბოდა, მთავარი იცოდა:

მოაქცევს მდინარე ბავშვობას,

მხეცები არ თმობენ სამშობლოს.

 

 

* * *

უთხარით მამაჩემს,

რომ ჩემი შვილი დაიბადა,

რომ ჩემი შვილი, ძალიან ლამაზია,

უთხარით მამაჩემს, გაიხაროს მამაჩემმა,

რადგან ის ცხოვრობს ყველაზე შორს

ჩემი სახლიდან,

უთხარით მამაჩემს ჩემი ბრალია,

როცა დაბრმავდა, არ ვიყავი მისი თვალები

როცა დამუნჯდა – მისი სიტყვა,

როცა დაყრუვდა – მისი სმენა,

მე არ ვიყავი მისი სუნთქვა

როცა გაჩერდა და არ არიან ახლა ჩემთან ჩემიანები,

ამქვეყანაზე მე ის მიყვარდა

ყველა მამაზე უფრო მეტად,

ვიდრე შვილს, ვინმეს

ეყვარებოდა მამაჩემი:

———– ———

(სახელი) (გვარი)

ამდენი ხანი რომ არ იცის

ჩემი შვილი, რა ლამაზია…

© არილი