ნანა აკობიძე – თმა და სიყვარულის დათმენა და სხვ. ლექსები

nana akobidze 434

თმა და სიყვარულის დათმენა

როცა  სიყვარული მომედება,

ვიჭრი თმას და ვლოცულობ სარკეში:

„მონადებო დედიანო,

მონადებო მამიანო,

ამ ნანას გაეყარე,

სხვა ნანას შეეყარე…“

რაც უფრო მოკლედ ვიჭრი,

მით უფრო გრძელდება მანძილი

ჩემსა და არასაჩემო სიყვარულებს  შორის…

ამიტომაც არასოდეს მეზრდება თმა.

მაგრამ მეზრდება შიში:

რომ ერთხელაც მაკრატელი დამიჟანგდება და

ბებიაჩემის ის ლოცვაც -  მონადებზე – დამავიწყდება…

…..

დღეს, როცა ასე  დამოკლდა ჩემი თმა,

ვდგავარ სარკესთან და გხედავ შენ,

ხელში – ჩემი თმებისგან დაწნული თოკით,

რომელსაც  ან ყულფად მიქცევ, ანდა -  საბელად,

და ვფიქრობ: ღირს თუ არა ლოცვა…

 

ამის პატრონმა,  რა ვქნათ

მოდი, ასე ვქნათ:

როცა მკითხავ – „რა ვქნათ“

და დახვავებულ ყოველდღიურობას იგულისხმებ,

მე წარმოვიდგენ,

როგორ გვიყვარს ერთმანეთი აკრძალული სიყვარულით

და კითხვაზე კითხვით გიპასუხებ:

„ამის პატრონმა, რა ვქნათ?“

ახლა შენ უნდა წარმოიდგინო

ამ სიყვარულის შეუძლებლობა -

ნახევარი ქალაქი რომ უნდა დაანგრიო

და ისევ მკითხო: „რა ვქნათ?“

ასე ვქნათ ამის პატრონებმა.

ყოველდღიურობა მოიცდის.

თუ არადა – გადავავადებთ,

სიყვარული კიდევ -  არასოდეს -

არც ნამდვილი, არც წარმოსახვითი, არც აკრძალული და არც – გამხელილი.

მოგივლის და თუ არ გაყვები, გადაგივლის…

თუ გაყვები – მაშინაც…

ამიტომ „რა ვქნათ“ერთადერთი საშველია.

ეს „რა ვქნათ“ აკავშირებს სამყაროს.

„რა ვქნათ“-ზე დგანან ოჯახები და კლანები.

„რა ვქნათზე“ დგას ღმერთიც -

გვიყურებს და ამბობს:

რა მარტივი იყო ყველაფერი სიყვარულის სახელით…

ახლა ძალით არავინ ტყუვდება.

ნებით თუ მოვიტყუებთ თავს

და როცა მკითხავ „რა ვქნათ“ -

გიპასუხებ:

„მიყვარხარ.“

ლამაზი მკვდარი არ გინახავთ?

მინდა, ლამაზი მკვდარი ვიყო,

რომ კაცს, რომელსაც არასდროს ვუყვარდი,

მოუნდეს არამარტო კოცნა…

(ეს ვითომ არ მითქვამს -

მკვდარზე ასეთი „არამარტოები“ არ შეიძლება)…

 

მინდა, ლამაზი მკვდარი ვიყო -

ერთადერთი -  ეს ბონუსი მივიღო სიცოცხლისგან,

რომ ღირდეს სიკვდილამდე მოცდა -

(ვითომ არც ეს მითქვამს -

ასე ძაღლუმადურად ყოფნაც არ შეიძლება).

 

მინდა, ლამაზი მკვდარი ვიყო:

ისეთი ლამაზი, რომ ჰაერი შედედდეს ჩემს გარშემო

და კაცი, ვისაც არ ვუყვარდი,

შავტარიანი დანით ჭრიდეს ჰაერს,

მერე კი იმ დანას სასთუმალქვეშ იდებდეს, რომ ვესიზმრო…

 

ნიშანი

აღარ თქვა ეს სიტყვა – მომენატრე;

ნიშნავს:

ჩიტები სხედან დენის მავთულზე და

მაღალ ძაბვას კენკავენ ჩემი ხელისგულებიდან,

დასრესილ პურთან და მსგავს სიტყვებთან ერთად.

ჩიტებს უჭირთ მათი მონელება;

აღარ თქვა ეს სიტყვა – სიყვარული;

ნიშნავს:

ბავშვები თამაშობენ დამალობანას.

სამალავებში ეშვებიან, როგორც ჭებში

და ვშეშდები – მეშინია, არ მიაგნონ იმ ჭას,

რომელშიც მე ვარ ჩამარხული,

და ვყვირი: ბავშვებო, გამოდით!

არ თქვა ეს სიტყვა – შეხვედრა;

ნიშნავს:

საშობაო სანთლები აღარ ენთება ჩემს ფანჯრებზე,

რადგან ფანჯრები – უკან ჩაბრუნებული თვალებია,

საკუთარ ტყავში მომზირალი,

ნიშანი კი წაშლილია,

ბოლო მგზავრი რომ უნდა მოეყვანა ჩემამდე.

 

აღარ თქვა ეს სიტყვები!…

შეაგროვე, გასანთლე და მარყუჟი გამონასკვე –

შემინახე იმ დროისთვის,

როცა ჩიტები აღარ აკენკავენ დასრესილ პურს ჩემი ხელებიდან,

ბავშვები იმ ჭას მიაგნებენ,

ბოლო მგზავრს კი ნიშანი მიეცემა…

გადავადება

„გადავადება ერთადერთია,

რაც შეგვიძლია, შემოგთავაზოთ“ –

ამბობს ჩემი ცხოვრების ბანკირი.

გადავავადე.

მეც მერე ვიცხოვრებ,

როცა ამ ცხოვრებიდან ამოვალ.

ვალის ჩამოწერის ნაცადი გზა

დღეს არ გამოვა – პროცენტები გაიზრდება,

რადგან თვითმკვლელობა ცოდვაა.

ამიტომ ხვალ ვიცხოვრებ.

დღეს ვერა.

დღევანდელი დღე ხვალინდელის ანგარიშშია გაცემული…

© არილი