პოეზია

ნანა ქელეხიძე – ლექსები

***

ჩავედი და მაღაზიიდან მორიგი გემრიელი შხამები ამოვიტანე. ტკბილი, ფაფუკი კრემით –

ძალიან მჭირდებოდა.

ვიცი, გვკლავს ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიყვარს. ბევრი რამ გვკლავს ნელ-ნელა.

დინჯად, გადაკიდებით, თავს არ გვანებებს.

ცუდად ვარ, მგონია, რომ მოვკვდები. –

შევჩივლე მეგობარს.

არაუშავს, მეც ცუდად ვარ. სიკვდილით კი ყველა მოვკვდებით – დამამშვიდა მან.

ვხვდები, ქვასავით აუღელვებელი უნდა ვიყო.

მტკიცე და შეუვალი.

ქალაქის ცენტრში ჟანგბადის ნატამალი არ იყო დილით.

ვგრძნობდი როგორ ჩადის ფილტვებში ქიმიური ელემენტები. მძიმე მეტალები, მინერალები და ორგანული შენაერთები.

კარგია, რომ ტოქსიკომანი ვარ. – გავიფიქრე.

ღრმად ჩავისუნთქე სიამოვნება, რომელიც ვიცი, საზიანოა.

დილის რიჟრაჟი, ჩიტების საამო გალობა და მისთ.

უკვე რაღაც ახლით უნდა ჩანაცვლდეს –

აღარ თენდება ლამაზად და რომანტიკულად, მონაბერი გრილი ნიავით.

მაგრამ პლუსი ყველაფერს აქვს – მთავარია, ვიყოთ ოპტიმისტები.

ალკალოიდები ძალიან საჭიროა – მიხსნიდა ავტობუსში ერთი ბებია –

მორფი საჭირო დოზით წამალია, ეს, ადამიანები იყენებენ გასამდიდრებლად.

გუშინ საღამოს ერთი საათით მეგობრებთან გავიქეცი.

ჩვენს მკვდარ მეგობარზე სასაუბროდ. მერე ბევრიც ვიცინეთ.

საერთოდაც, სასაცილოა ცხოვრება, თუ დაუკვირდებით.

ტირილად არ ღირს. კი, დრო და დრო, ადამიანები დაგვკარგავენ, მოგვიკვდებიან. მერე რა მოხდა?

გადავავლე თვალი და მივხვდი,

სინამდვილეში ყველანი სიყვარულის და სითბოს მათხოვრები ვართ.

ვდგავართ ხელგაწვდილები და ღრმად ვისუნთქვათ იმას, რაც გვკლავს.

 

* * *

ერთი ადამიანიც კი არ გადარჩა

ჩემი ამბავი მოგიტანოს.

მე გავწყვიტე მეგობრები,

მოვკალი შესაშური სიდინჯით.

ზოგს ცეცხლი მივუკიდე,

ზოგს საწამლავი ჩავუყარე ცხელ ჩაიში.

ზოგიც თავისით გადნა, თოვლივით.

 

ერთი მეგობარიც არ შემომრჩა,

მოვიდეს შენამდე და ჩემზე მოგიყვეს,

რომ ზამთარივით თეთრი გახდა ყველაფერი.

რომ ყოველი დილით ეზოში თოვლის კაცი

ქვის თვალებით დაჟინებით მიყურებს,

მსაყვედურობს,

რომ არავინ დავტოვე.

მხოლოდ თეთრი თოვლი.

 

* * *

რომ არსებობდეს მიწის ზემოთ მკვდრების ქალაქი,

მიასვენებდა შესასვლელთან ყველა თავის მკვდარს,

მერე – ისინი ჩაიბარებდნენ.

უპატრონებდნენ ახლად მოსულს.

მიუჩენდნენ ბოლო სამყოფელს.

 

ზოგს ალბათ ეზოც ექნებოდა.

გამოვიდოდა თვალდახუჭული,

დაიწყებდა აალებას მიწის პირიდან,

ჩრდილებიდან ცოცხლების ყნოსვას.

ზოგჯერ, ალბათ, ძველ ნაცნობსაც აღმოაჩენდა,

საქმიანად რომ მიაბიჯებს.

დაუძახებდა.

გაუცინებდა მკვდრების უხმო, მუნჯი სიცილით.

გაიხსენებდა,

როგორ იყო ცოცხლადყოფნები,

როცა თავადაც,

თუ შემთხვევით ჩაუვლიდა უხილავ ქალაქს,

ქარს მოყოლილივით გაიგებდა საკუთარ სახელს,

ტრიალდებოდა მხრებაწურულ გამვლელებისკენ

და ფიქრობდა,

რომ ალბათ, ისევ მოეჩვენა.

 

ნეტავი იყოს მკვდრების მიწისზედა ქალაქი.

ეცდებოდი შესასვლელთან შენით მიხვიდე,

შემთხვევით, უცხო სტუმარივით

შეერიო სხვის წვეულებას.

როცა მკვდარი ხარ,

ყველაფერი პირიქითაა:

სიხარულია ყველა ახალი მიცვალებული,

მონატრებული სხეულების ბოლო შეხვედრა

 

* * *

ძნელია გადაშალო ბოლო გვერდი,

სადაც წესით უნდა ეწეროს:

დასასრული.

ზიხარ და უაზროდ დაჰყურებ ფურცლებს,

ამბავი კი რახანია წაიკითხე.

რახანია გაიქცა ყველა გმირი,

მეორე, თუ მეათეხარისხოვანი,

ყველა მოვლენა, დღეები, ღამეები.

ხედავდი კიდეც როგორ გარბოდნენ –

უკანმოუხედავად,

სულმოუთქმელად,

ფეხებს კისერზე ირტყამდმენ.

სახეები აწითლებოდათ და გულები ამოვარდნაზე ჰქონდათ.

ერთი გზისპირასაც კი ჩამოჯდა და

ზურგჩანთიდან წყლით სავსე ბოთლი ამოიღო.

– არ დალიო! –

დაუძახა ვიღაცამ,

– არ შეიძლება ასე დაღლილზე!

ის გაფრთხილებაც კი წავიდა ამ ამბიდან.

ის თავიც გაქრა,

დღისით სარდაფში ღამურები რომ ეკიდნენ და

შეღამებულზე შურდულებივით დაქროდნენ ჰაერში.

წვიმდა კიდეც რომელიღაც გვერდზე.

იმდენ ხანს წვიმდა –

ფურცელი გაიჟღინთა და ერთ ასოსაც ვერ გაარჩევდით.

მერე ვიღაც მოადგა ხის კარს და დააკაკუნა.

მაგრამ აღარავინ იყო წიგნში, კარი რომ გაეღო,

ხმაც კი არ იყო,

ფანჯრიდან გადაეხედა და გადავარდნილიყო –

სახლში არავინაა! ნუ აკაკუნებთ!

ყველაფერი მანამდე ჩაკუჭეს ზურგჩანთაში წყლიან ბოთლთან ერთად.

ბოლო ნათურაც მოხრახნეს გულაბი მსხალივით.

ერთი კალათი ვარსკვლავებიც ჩამოკრიფეს ციდან თეთრი ბლებივით და მერე ვიღაცამ თქვა:

შორი გზით მოუარე და მგელს არ დაელაპარაკო.

მგელი კი იჯდა და მოკლე გზაზე იცდიდა.

და საერთოდაც აუტანელი იყო ეს ყველაფერი,

რომელშიც ნათქვამს,

პირველსა თუ მეასეხარისხოვანს,

ფეხები გამოება და გაიქცა.

და ბოლო ფურცელზე,

ნაცვლად –

“დასასრული”,

დარჩა –

“დავიწყება”, –

ყველაზე ერთგული სიტყვა,

რომელიც აგდია საფლავის ქვასავით,

ზედ არაფერი აწერია და

ვერავინ ხვდება, ვინ დაიმარხა.

 

როდემდე მეყურა ცარიელი ფურცლებისთვის?

რა აზრი ჰქონდა გამხსენებოდი?!

 

***

ჩემი სამსახურიდან ჩემს ტელევიზორამდე

4022 მეტრია.

ასე მიჩვენებს ტელეფონში ჩამონტაჟებული მართვის პულტი.

მე შემიძლია მხოლოდ საგნები ვაკონტროლო.

“თუ ქართველი სვამს ჩაის – მხოლოდ ამხელა ჭიქით”. –

ატრიალებს ნახევარლიტრიან ჭიქას ქერათმიანი გიდი ამაყად.

მაოცებს ყველა სტერეოტიპი:

როდის ჩატარდა სოც. გამოკითხვა ჭიქის ზომებთან დაკავშირებით? მე არასოდეს მეკითხებიან.

მხოლოდ: როგორ ხარ? – ზრდილობის გამო.

წუხელ ისევ მხოლოდ ოთხი სთ. მეძინა.

ვიღვიძებ. სამი წუთი საწოლის პირას უხმოდ ვზივარ: გამოფხიზლება.

ჩემმა პაპამ და ბებომ დაამარცხეს ფაშიზმი და რაღაც “იზმები”.

დედა და მამა აშენებდნენ კომუნიზმს და ნათელ მომავალს.

მე მხოლოდ პატარა სახლი მინდა.

საკუთარი. რძისფერი ჭერით. ხის იატაკით. ადამიანით.

უნდა ვიყო ძლიერი ქალი, რომელსაც სძინავს ოთხი საათი.

სწორედ იმდენი, მოასწრო და რომ არ მოკვდე – გამოიძინო.

დროც ზუსტად მყოფნის, ფულიც, ნერვებიც.

მეგობრებსაც ესმის ჩემი: არ მემდურიან.

მე კი მაშინებს, რომ თანდათან ყველა დამტოვებს.

თუ ვერ მხედავენ – აღარ ვახსოვარ.

გაჩერებაზე რკინის კედელს მიყრდნობილი ვდგავარ და ვუსმენ

ყურსასმენებში საკუთარ გულის ბაგაბუგს.

ვერ გაექცევი,  პათეტიკა  ერთხელ მაინც მოგერევა. ვერსად წაუხვალ.

სულ უფრო ხშირად ვფიქრობ მათზე ვინც წავიდა, ან არ მოვიდა.

ვისაც ყოველდღე ვხედავ და ან  ვესაუბრები.

მე მხოლოდ საგნებს ვაკონტროლებ.

ვუჩენ ადგილს ქურთუკს, ჩანთას, ტელეფონის დამტენს, ფეხსაცმელს.

ვხურავ კარს და მუყაოსგან გაშენებულ ტყეში შევდივარ.

მარტოობა სითხესავით უფორმო და წებოვანია. ლამაზ, მყარ ხაზებს ვერასდროს მისცემ.

მთელი ცხოვრება არის თითო დღის ქრონოლოგია.

ორ დღეს თანაბრად ვერ იცხოვრებ.

ვერც ორ ცხოვრებას, ან ადამიანს.

ჩვეულებრივი დღე იყო დღესაც.

ვზივარ საწოლზე,

ტელევიზორს ახლა 20 მეტრი მაშორებს.

მხოლოდ საგნებს ვუახლოვდები.

© არილი

Facebook Comments Box