ნატო ინგოროყვა – სამშობლო და სხვა ლექსები

 nato ingorokva 36526

სამშობლო და სხვა

ასე იყო.

 

მოვიდა მამაჩემი  და მითხრა:

 

- ნუ ელი, რომ სამშობლო შეგიყვარებს.

 

მოვიდა და მითხრა:

– ნუ აედევნები თვითმფრინავებს,

რომლებზეც ყველა ბილეთი გაყიდულია.

 

მითხრა:

– თვითმფრინავი, რომლის მგზავრიც ხარ,

უშენოდ არ აფრინდება.

 

რადგან

 

ყოველ საღამოს

მიდის მასთან სტუმრად ღმერთი და

ხმამაღლა უკითხავს ჩემს ლექსებს.

 

სირცხვილი

აი ასე,

 

მარტივია ყველაფერი.

 

მწერალი რომ არ ვიყო:

 

დავწერდი კაცზე,

რომელსაც შველი ეგონა მგელი და მოკლა

და იმაზე, როგორ მინდა, მკვლელს ხელი მოაჭრან.

 

დავწერდი მათზე,

ვისი  დაღლილი   ოცნება

ცეცხლის გამჩენმა ერთ ღამეში დაანახშირა

და როგორ მინდა, რომ სამართალს ჩემი ხელით ვაჭამო პური.

 

დავწერდი მათზე, ვინც ტკივილის დასამარცხებლად

აქვეყნებს ანგარიშის ნომერს,

მე კი თვალს ვარიდებ.

 

და  ვწერ:

 

იმაზე – როგორ შემომიძვრა საბნის ქვეშ,

როგორ შემამცივნა, წელში მომხარა,

წამწამებს შორის გზა გაიკვლია,

გამაღვიძა და მითხრა -

 

სიკვდილი გაგვათანაბრებს.

 

სტამბული. გალაკტიონი.

                                        ირაკლის

 

მას შემდეგ, რაც შენ სტამბულში გადასახლდი,

მეც ვიყავი სტამბულში.

 

გალათას გზაზე

მოღიმარმა თურქის  ბიჭმა

ნაცრისფერი პირბასრი დანით

ორად გამიჭრა

გარეთ ატლასი, შიგნით ათასი,

ჩემი და შენი  მეგობრობა

და ენის წვერზე შემატოვა

ბროწეულის ტკბილ-მწარე გემო.

 

გალათას გზაზე

მოღიმარმა თურქის ბიჭმა

გამომიწოდა  ნაკვერჩხალზე დაბრაწული

ორთქლავარდნილი წაბლი,

რომელმაც  პირი გადახსნა და

წამაქეზა  საიდუმლოს გამხელისაკენ.

 

გალათას გზაზე

ღამის ცაზე პოეტის ფრთებით

ვარსკვლავებად მიხატული სამწერტილები

დაბრუნების ნიშანს მაძლევენ.

 

სოციალური ქსელის მოქალაქე

უნდა წაგშალოთ მეგობრებიდან,

ჩემო რეალურო და არარეალურო „ფრენდებო“.

წაგშალოთ უნდა!

 

დამთრგუნველია თქვენი სრულფასოვანება,

სასტიკი.

 

გამოგიტყდებით,

მახარებდა თქვენი აღმატებულობა.

ვფიქრობდი,

ყველაფერი იციან – გლობალურიც და ლოკალურიც.

თან არავინ მოსწონთ,

არაფერი  მოსწონთ,

მე კი – დამიმეგობრდნენ.

 

მაინც უნდა წაგშალოთ,

თავის გადასარჩენად.

 

როგორი სიძულვილი იცით,

მიმდევრებიც გყავთ,

მადლობას გიხდიან არსებობისთვის,

უხარიათ, რომ აქვთ უფლება

მოსწონდეთ თქვენი ყოვლისმცოდნეობა.

 

გადავიფიქრე:

 

მე მექნება უპირატესობა,

არ მომწონდეთ

და ეს გითხრათ.

„დაგაჰაიდებთ“,

დაგმალავთ ან დაგემალებით,

თუ მომინდება,

ისევ მე გამხელთ.

 

ხმამაღლა

ჩემო კარგო ქვეყანავ,

დათვალე ყელგამოჭრილი,

ყურმოჭრილი,

მოკლული ცოლები.

 

დათვალე  სისასტიკე

როგორც ამომრჩეველი  და

დანაზოგი, საბანკო ანგარიშზე.

 

უთხარი მრევლს პატრიარქო,

რომ ღმერთს  უყვარს  ქალი,

 

თორემ

 

ჩვენ ვჭამთ სირცხვილს,

როგორც პურს არსობისა

და მშიერს ვტოვებთ სამართალს!

 

თევზების არჩივი

ბებიაჩემი

არ ჭამდა თევზს,

რადგან ეგონა –

ბაბუა, რომელიც სიკვდილს და

მდინარე ოდერის დინებას დანებდა -

თევზების ვახშამი გახდა.

 

მას,

აღარ  ჩაუცვამს  შუმი  აბრეშუმი –

რადგან მზითვად მოყოლილი საკაბეები

პურზე გადაცვალა

ობოლი შვილიშვილების დასაპურებლად.

 

მე,

მემკვიდრეობით მიღებული შიშების გამო,

მხოლოდ სიზმარში ვისმენ ძვირფასი კაბების შრიალს

 

და ცხადში,

 

მაგიდასთან, რომელსაც

დგომისა და ლოდინისაგან ფეხები დაუწვრილდა,

ფრთხილად შევექცევი თევზს,

რომ შემთხვევით ფხამ ყელი არ გამიკაწროს.

 

არშეხვედრების

ქალები კლავენ გველებს, თქვა მან და ვაშლის ხე დარგო.

მომავალი შეხვედრების პოეზიიდან

„შეხვედრა გაიმართება…“ – წაიკითხავ და მონიშნავ,

თუმცა არასდროს მიდიხარ, რადგან

 

ჩვენ

 

ვასრულებთ  ზრდას,

ვიხრებით წელში

და თანაგრძნობით ვუყურებთ

 

მათ,

ვინც ისწავლა გულგრილობა,

რიტუალებით გაიადვილა ცხოვრება,

გაუგო ნივთებს, რომლებიც უსარგებლოა

 

და

 

ვერ გაიგო

რატომ ჭამენ თაგვები წიგნებს.

© არილი