ესე,  ინტერვიუ,  კრიტიკა

ნიკოლოზ აგლაძე – კლასიკოსები და თანამედროვენი

საუბარი მკითხველთან ქართული კლასიკური ლიტერატურის ფრანკფურტული პერსპექტივების შესახებ

„ვინ „უპატრონებს“ კლასიკოს მწერლებს“ – ამ შეკითხვით 2018 წლის მარტში „ლიბერალის“ ჟურნალისტებმა ზურაბ ვარდიაშვილმა და მარიამ ქართველიშვილმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს, მედეა მეტრეველს მიმართეს. ვიწრო კომერციულ მიდგომას რომ ავარიდოთ თავი (მით უფრო, საკითხის ტექნიკური მხარე ქალბატონმა მედეამ ინტერვიუში მშვენივრად განმარტა), ჟურნალისტების შეკითხვა მსჯელობისათვის უაღრესად საინტერესო თემას წამოჭრის. მართლაც, როგორ იქნება წარმოჩენილი ქართული კლასიკა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და, საერთოდ, რა ინტერესს შეიძლება წარმოადგენდეს ის უცხოელი მკითხველისათვის, რომელსაც, სავარაუდოდ, არცთუ დიდი ინფორმაცია აქვს ჩვენი მწერლობის შესახებ.

რა თქმა უნდა, გერმანელთან შედარებით, ქართველ მკითხველს ერთგვარი უპირატესობა და, ამავე დროს, ხელის შემშლელი ფაქტორი აქვს – სკოლის სახით, რომელიც აცნობს ნაწარმოებებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არ აძლევს მათი პირველადად, უშუალოდ, ცოცხლად აღქმის საშუალებას. მიუხედავად ამ შესაძლო დაბრკოლებისა, ქართული კლასიკის მოსალოდნელი ფრანკფურტული ოდისეის შესახებ დამღლელ თეორიულ მსჯელობას, ვარჩიე სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანებისათვის დამესვა შეკითხვები და მათი აზრი წარმომეჩინა ქართული ლიტერატურის ამ მნიშვნელოვანი ნაწალის ევროპული რეპრეზანტაციის პერსპექტივების შესახებ. ამისთვის კი შემდეგი გზა ავირჩიე – შერჩეულ რესპონდენტებს (შერჩევა ხშირად ძალიან სუბიექტური იყო, მაგრამ პროფესიული, ასაკობრივი და მსოფლმხედველობრივი ნაირგვარობის კრიტერიუმი – მუდამ დაცული) მივაწოდე უკვე ნათარგმნი და გამოცემული წიგნების ნუსხა – სულ ოციოდე, შოთა რუსთაველიდან ჯემალ ქარჩხაძემდე და „სიბრძნე სიცრუისადან“, ვიდრე შოთა ჩანტლაძემდე, რომელსაც ორი შეკითხვა დავურთე. მაინტერესებდა, თუ რომელი ნაწარმოების ნახვა აღმოჩნდა საინტერესო, ან სასიხარულო რესპონდენტისათვის და რით შეიძლება, ზოგადად, იყოს საინტერესო გერმანელი მკითხველისათვის ქართული ლიტერატურა.

პირველ შეკითხვაზე პასუხები ძალიან მრავალფეროვანი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვის ფორმა უფრო მხოლობითი რიცხვისაკენ იხრებოდა, რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ რამდენიმე ნაწარმოები დაასახელა. მაგალითად, ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ნაწარმოების გამორჩევა გაუჭირდებოდა. შემდეგ კი კონკრეტული კრიტერიუმი შეარჩია და არჩევანი მის მიხედვით გააკეთა. მისი აზრით:  თუ მაინც უნდა გამოვყო, დავით კლდიაშვილს და ოთარ ჭილაძეს გამოვყოფდი. გერმანელებზე ხშირად ამბობენ, რომ მათი დისციპლინირებულობა, რეაქციაა მათში ღრმად დაფარულ ქაოსისა და ანარქიის ვნებაზეო. როგორც მგონია, სწორედ აქ, ამ შრეში შეიძლება პოვოს გამოძახილი ამ ორი მწერლის ტექსტებმა“.

 საერთოდაც, კომბინაციების ნაირგვარობის მიუხედავად, შეინიშნებოდა გარკვეული თანხვედრა პასუხებში. მაგალითად, ჩემს თანამოსაუბრეთა უმრავლესობამ ოთარ ჭილაძე, მიხეილ ჯავახიშვილი და ვაჟა-ფშაველა დაასახელა. საინტერეოა, ასევე, რომ გამოკითხულ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა ყველაზე მეტად „ვეფხისტყაოსნის“ ფრანკფურტში წარმოჩინების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, მაშინ, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი და ოთარ ჭილაძე უფროსი თაობის მკითხველებმა დაასახელეს. ფიზიკოსმა ირაკლი კორძახიამ, მაგალითად, პირდაპირ განაცხადა: ოთარ ჭილაძე მსოფლიო დონის პროზაიკოსია და მისი თარგმნა განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა ჩემთვის“.

უმნიშვნელოვანესი მწერლისა და ნაწარმოების შერჩევა მაინც რთული აღმოჩნდა და მოსაზრებებიც – საკმაოდ განსხვავებული, რაც, ალბათ, გასაკვირიც არაა. სამაგიეროდ, მეორე შეკითხვაზე, ქართული ლიტერატურისადმი მოსალოდნელი ინტერესის მიზეზებზე საუბრისას, ნათლად გამოიკვეთა ორი პოზიცია. არსებითად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა მხოლოდ ბიოლოგმა მანანა ალიბეგაშვილმა, რომელმაც პროფესიისათვის ჩვეული ჯანსაღი ცინიზმით ეჭვქვეშ დააყენა ქართული კლასიკის მიმართ გამოსავლენი ინტერესი: უბრალო მკითხველისთვის რამდენად საინტერესო იქნება არ ვიცი. თუ მათთვის ცნობილია რომელიმე ქართული ნაწარმოები, მაშინ ექნებათ ინტერესი სხვა ნაწარმოებების წაკითხვის. რატომღაც მგონია, რომ სხვა შემთხვევაშიდიდ ინტერეს არ გამოიწვევს…” ჩემი მხრივ, უნდა შევნიშნო, რომ ამგვარი მოსაზრების არსებობა, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა უსაფუძვლო ენთუზიასტებისა და სხვა ტიპის მეოცნებეთა რეალობასთან დასაბრუნებლად, თუმცა ის მაინც მარგინალურად უნდა ჩაითვალოს. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრი მისგან არსებითად განსხვავდება, თუმცა მის შიგნით გამოიკვეთა ორი, გარკვეულ წილად, ურთიერთდაპირისპირებული მიდგომა.

რესპონდენტთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ქართული ლიტერატურით გერმანელი მკითხველის დაინტერესება მეტად სავარაუდოა, ოღონდ ამ მოსაზრების დასასაბუთებლად მათ ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული, რომ არ ვთქვათ, ურთიერთსაპირისპირო არგუმენტები მოიშველიეს.

პირველი პოზიცია, რომლიც ნათლად გამოხატა ჟურნალისტმა მაკა ანთიძემ, ასეთია: ქართული კლასიკა საინტერესო უცხოელი მკითხველისათვის თავისი  თვითმყოფადობით და შესაძლებლობით, რომ გაეცნო აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურას, ახალ ეთნოგრაფიულ სამყაროს უცნობი ადათწესებით და უძველესი ისტორიით. გარდა ამისა, როგორც ნებისმიერი ლიტერატურა, იგი უბრალოდ განიჭებს დიდ სიამოვნებას, რადგან გიღებს კარს იდუმალ სამყაროში, რომელიც აღწერილია განსხვავებული ენით“. მას ეთანხმება ჩემი კიდევ რამდენიმე თანამოსაუბრე. მაგალითად, აბიტურიენტი ანა მაღრაძე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ძალიან ბევრი უცხოელისთვის საქართველო არის terra incognita “. ჩემი აზრით, ქართული ლიტერატურა მათ აღმოაჩენინებს ახალს და ამით მიიზიდავს მათ“.

ამგვარ მიდგომას და ადგილობრივი, ლოკალური ელფერის წინა პლანზე წამოწევას არასაჭირო „თვითეგზოტიზაციად“ მიიჩნევს ანთროპოლოგი თინათინ ხომერიკი. მეტიც, მისი აზრით, საკითხი იმის შესახებ, თუ რა იქნება საინტერესო ევროპელი, „დასავლელი“ მკითხველისათვის, ინტერესს მოკლებულია. მისი არჩევანი შემდეგია: ვეცდები, არ ვიფიქრო სხვისი პოზიციიდან. ამის ნაცვლად, იმაზე დავფიქრდები, მე რას მეუბნება ეს სია, საიდანაც რამდენიმე ავტორს/ნაწარმოებს გამოვკვეთდი“. საინტერესოა, რომ თვითეგზოტიზაციის კონცეფციის გამოთქმის გარეშეც, გამოკითხულთა ნაწილმა მიიჩნია, რომ უცხოელი მკითხველისათვის ყველაზე საინტერესო  ქართულ კლასიკაში არა განსხვავებულის, უცხოს აღმოჩენა, არამედ პირიქით, ნაცნობისა და მისაღების ამოკითხვა იქნებოდა. ასე, ლიტერატურათმცოდნე რამაზ ჭილაია ყოფის პოეტიკისადმი ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას და უმნიშვნელოვანეს მოვლენად დავით კლდიაშვილის თარგმნას მიიჩნევს; ფიზიკოსი ირაკლი კორძახია ამბობს, რომ კონკრეტულად გერმანელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო რეზო ჭეიშვილი უნდა იყოს, რადგან გაიგებენ, რატომ ვერ მოახერხეს აქამდე აღმოსავლეთ გერმანელების გაგერმანელება,  ხოლო ცხოველების უფლებათა დამცველი თინათინ ჭავჭანიძე თვლის, რომ გერმანელი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ვაჟა-ფშაველას მოთხრობები უნდა იყოს, როგორც ბუნებისადმი ევროპელისათვის გასაგები და მისაღები პოზიციის გამომხატველი.

თუმცა, რამდენადაც უნდა ვცადო პოლემიკის გამწვავება და პოზიციათა პოლარიზაცია, ობიექტურობის მკაცრი ღვთაება მოითხოვს აღვნიშნო, რომ გამოთქმულ პოზიციათა დიდი ნაწილი მაინც შუალედურ ხასიათს ატარებს და ორივე მიდგომის, როგორც „განსხვავებულობის აპოლოგიის“, ასევე ანტითვითეგზოტიზაციის ნიშნებს მოიცავდა. ყველაზე სრულყოფილად ეს ბატონი ზაზა ფირალიშვილის მოსაზრებაში გამოიკვეთა, რომელიც ამ დისკუსიის საინტერესო შეჯამებად მეჩვენება: ჩვენი კლასიკოსი მწერლების მეშვეობით გერმანელ მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაიხსენოს ის ფარული, პარალელური გამოცდილებები, რომლებიც, თურმე, ჰქონია , და ჩვენთან იდუმალი თანაყოფნის სივრცე აღმოაჩინოს. რაღაც აზრით, ეს უფრო დაგვაახლოვებს, ვიდრე რაიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფაქტორი“.

თუ მართალია მარკ ტვენი და კლასიკა ის ნაწარმოებებია, ყველას რომ უნდა წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავინ კითხულობს, მაშინ იქნებ ქართული კლასიკის წინამდებარე კვლევით ნათლად წარმოჩენილი ამბივალენტური, თითქმის შრედინგერის კატის მდგომარეობა დამატებითი უპირატესობების მომტანიც აღმოჩნდეს. ჩვენთვის კლასიკური ნაწარმოებები ხომ ასეთებად ნაკლებად აღიქმება ევროპელი მკითხველისათვის, რომელიც მათ დიდ ნაწილს საერთოდაც, პირველად გაეცნობა. რა არის ცუდი ეგზოტიკურობაში, თუ ის მკითხველისა და წიგნის შეხვედრას უზრუნველყოფს, პირველადი ინტერესის გაღვივებას შეუწყობს ხელს? ლიტერატურული ბაზარი, რაც უნდა სამწუხარო იყოს ზოგჯერ ამის აღნიშვნა, რა თქმა უნდა, ლიტერატურულიცაა, მაგრამ ამავედროულად, ბაზარიც, და მარკეტინგის მკაცრ კანონებს აქ გვერდს ვერავინ აუვლის. ხოლო მკითხველისა და წიგნის უკვე შემდგარი კავშირის, დაინტერესების გაჩენის შემდეგ, ეგებ გადამწყვეტი როლი სწორედ თანაკვეთის არეებმა, საერთო მსოფლმხედველობამ და პარალელური გამოცდილებების სიუხვემ შეასრულოს?! იქნებ შესაძლებელია იყო სხვა, მაგრამ სხვა მე. მოვლენების ამგვარი განვითარება, ალბათ, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ხოლო ფრანკფურტის ბაზრობა და მისთვის მომზადებული თარგმანები ამის რეალურ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ხომ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს უნდა შევხვდეთ მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი დაეცა და ისტორიულმა ბედისწერამ ევროპული სამყაროსგან დაგვაშორა. ყველაზე კარგად ამ დიდი საქმის გაკეთება კი, ალბათ, ჩვენს და გერმანულ მწერლობას ძალუძს– ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

ვინ იცის, როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა შედეგები მოჰყვება. იქნებ, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელოს“ გმირისთვის, ეს მძიმე განსაცდელი და ახალი სამყაროს აღმოჩენის საშუალება იყოს; ანდა, როგორც იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას“ მთავარი პერსონაჟი ქეთოსათვის, წამიერი ელდა და შინ დაბრუნების მაუწყებელი. ვინ იცის, მაგრამ ყველაფერი ასე საინტერესოდ იწყება.

© არილი

Facebook Comments Box