ახალი ამბები,  ესე

ნიკო ნერგაძე – ჩემი პირველი (ელექტრონული) წიგნი

რიდერები – ვარგა? გვინდა? (მგონი კი!)

ერთი მხრივ, ძალიან მოსახერხებელი რამ ჩანს – წახვალ ზღვაზე და თან, თუ გინდა, 5 წიგნს წაიღებ და თუ გინდა – ორმოცდაათს. ერთ პატარა ხელსაწყოში ეტევა.
მეორე მხრივ – აბა, სად ნამდვილ, ქაღალდის წიგნს რომ ფურცლავ და სად პლასტმასებს რომ აჭერ ხელს და ეკრანს შეჰყურებ.
გაორება მეტწილად გიქრება, როგორც კი რიდერს ხელში იჭერ. ჩემს შემთხვევაში ეს «ამაზონის» Kindle გახლავთ. სრულიად გადასარევი და ლამაზი ნივთი. სიფრიფანაა, მსუბუქი და ქურთუკის ჯიბეში ეტევა. მართალია, ჩემს ქურთუკს დიდი ჯიბე აქვს, მაგრამ, მაინც… მთავარი კი მაინც ეკრანია, რომელზეც ცოტა ხანს კი უნდა შევჩერდეთ.
რიდერებს (Kindle-ის გარდა კიდევ რამდენიმე კარგი არსებობს) სხვა ელექტრონული ხელსაწყოებისგან სწორედ ეკრანი განასხვავებს. წიგნს მონიტორზეც წაიკითხავ, აიპედშიც და მობილურ ტელეფონშიც, მაგრამ საეჭვოა, რომ დიდი სიამოვნება მიიღო. ბევრს თვალებს ტკენს, მე – არა, მაგრამ მომკალი და «ის» ვერაა. ბოლო «ჰარი პოტერი» Nokia N81-ით წავიკითხე. თვალები არ დამღლია, მაგრამ რომანში «ჩართვა» ძალიან მიჭირდა. ერთია, რომ ეკრანია პატარა, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, წიგნი არ უნდა ანათებდეს. წიგნი წიგნს უნდა ჰგავდეს.
რიდერი წიგნს ჰგავს. ეკრანი მონიტორებისგან განსხვავებული ტექნოლოგიითა დამზადებული, რომელსაც ელექტრონული მელანი ჰქვია. შეხედავ და გგონია, რომ ფურცელს უყურებ. არც ანათებს და არც არაფერი. ანუ, ნამდვილი წიგნივით სჭირდება გარე განათება – სიბნელეში ასოებს ვერ გაარჩევ. ისეთი კარგი რამაა, რომ კითხვას განდომებს.
ასეთი ეკრანის მქონე ხელსაწყოს ბატარეაც მეტ ხანს ჰყოფნის. ჩვეულებრივი USB შნურით იმუხტება სამ საათში. თითო დატენვა კარგა ერთ თვემდე ჰყოფნის.
კი, მაგრამ, რა შეიძლება წაიკითხო რიდერით? ქართულად მგონი, ბევრი ვერაფერი, მაგრამ, თუ ინგლისურად კითხულობ, თავი ქუდში გაქვს.
ჯერ, ერთი, კლასიკური ლიტერატურის დიდი ნაწილის საავტორო უფლებებს ვადა აქვს გასული და მათი ჩამოტვირთვა უფასოდ შეიძლება. რაც შეეხება ბოლო ხანებში გამოსულ მხატვრულ ლიტერატურას – თითქმის ყველაფერი იყიდება ელექტრონულ ფორმატშიც.
«ამაზონზე» 600 ათასზე მეტი «ვირტუალური» წიგნია და მათი უმეტესობა 10 დოლარზე ნაკლები ღირს. თუ სინდისი არ გაწუხებს, ბესტსელერების დიდი ნაწილის მეკობრულად, უფასოდ ჩამოწერაც შეიძლება.
რუსულად ელექტრონული წიგნები კიდევ უფრო იაფია. როდესაც არ ვიცი, რა წავიკითხო, აკუნინს მივასკდები ხოლმე. გადავხედე და რუსულ ინტერნეტმაღაზიებში «ერასტ ფანდორინის» სერიის ბოლო რომანის (ნიკოლაი ფანდორინები არ მიყვარს) ელექტრონული ვერსია დაახლოებით დოლარნახევარი ღირს. რუსებისთვის ფულის მიცემას რა ვუთხარი, თორემ წიგნში 3 ლარის გადახდა, წესით, არ უნდა დაგენანოს.
ჰოდა, ფასებს რაც შეეხება. რიდერების გავრცელების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ მათი სიძვირე იყო – კარგა ხნის განმავლობაში, 200 დოლარის «მიდამოებში» ღირდა. საქართველოსთვის ეს ორმაგი პრობლემა იყო. ერთი, რომ უბრალოდ, ძვირია (200 დოლარად კარგა ბლომად წიგნი მოგივა). მეორეა, რომ 300 ლარზე ძვირიანი საქონლის შემოტანისას ბაჟი უნდა გადაიხადო, რაც ნივთს კიდევ უფრო აძვირებს და თან ხათაბალას გმატებს.
მაგრამ ეს ვიდრე ახალი Kindle 3 გამოვიდოდა. ამ რიდერის მესამე თაობა წინამორბედებზე ბევრად ლამაზია (წინა მუტანტ «ბლექბერის» ჰგავდა), მსუბუქია და, რაც მთავარია, ნაკლები ღირს – 140 დოლარის ფარგლებში, ანუ ბაჟს არ იხდი. თუ ჩემსავით შუამავალ ფირმას ჩამოატანინებთ, ტრანსპორტირების 7 ლარი დაემატება. იაფი მაინც არ გამოდის, მაგრამ წინანდელ ვითარებას ბევრად სჯობს.
ყველაზე კარგი შეგრძნება კი აი, რა იყო – ვუყურებ ამ Kindle-ს და ვფიქრობ – იქნებ ახლა მაინც დავჯდე და რამე წავიკითხო. თორემ თვეები იქნება, წიგნი არ გადამიშლია. «გადაშლა» არც ახლა გამომივა, მაგრამ, ხომ გამიგეთ, არა?

© ლიბერალი

Facebook Comments Box