პოეზია

ნინია სადღობელაშვილი – დაბერდა დედაჩემი და სხვ. ლექსები

ninia sadgobela

. . .

დაბერდა დედაჩემი,
ტკბილს ეტანება და
ჩვენ აღარაფერს გვიტოვებს.
გაიპარება სამზარეულოში,
ჩვენთვისვე შემალულ
ოდესღაცინდელ სასუსნავებს გამოაძვრენს,
მიიყუჟება ფარდასთან ან
ფარდის უკან
(რომ უფრო მეტად გაამძაფროს
მალულობის მაცდური განცდა),
ჩაყოფს თეთრ, უმწეო და
გალეულ თითებს ფერადფოჩებიან კანფეტებში,
ამოკენკავს, ამოათავებს…
რამდენჯერმე ისეც მოხდა,
კარი იმ დროს გავაღე,
როცა სიამოვნებისგან გატანჯულ ღიმილს
შოკოლადის ლიანდაგზე
ფრთხილად იწმენდდა,
თვალი შემასწრო და ბავშვივით
აიფარა ღიმილზე ხელი
და ორი იმხელა ცრემლი გადმოუვარდა,
რამხელაც მე ყოველთვის ჩემი ბავშვობა
წარმომედგინა,
მოგორავდა ეს ორი ცრემლი
ჩემკენ,
მთელი ოთახი გადმოლახა,
ბოლოს ერთმანეთს შეეწება,
შევაღე შაქრისფერი ცრემლის კარი,
შევედი და თვალს მოვეფარე,
რომ ხელი არ შემეშალა დედაჩემისთვის
რომელიც, ჩვენთვის ნაგროვებ
ცხოვრებასთან მიპარულიყო
და კიდეებზე შერჩენილ თაფლს
ჩუმად ლოკავდა…Top of Form

 

ზღაპარი ფანჯრიდან დანახულ ხეებზე

 

ჩემო შვილო,

კარგად მოკალათდი მაგ სკაფანდრში,

ზღაპარი უნდა გიამბო

ფანჯრიდან დანახულ ხეებზე.

შენ საიდან უნდა იცოდე,

იყო ეგეთი ფანჯრები,

საიდანაც ხეები ჩანდა,

და იყო ხეებიც,

რომლებიც გვიგზავნიდნენ

პირველ შეტყობინებებს

ამინდის, ღრუბლების,

წელიწადის დროთა შესახებ…

შენ უკვე დიდი ხარ და

ეს ცათამბჯენი გაპატარავებს,

ამიტომ მე შემიძლია ერთდროულად

დიდების ზღაპარიც მოგიყვე და

პატარებისაც,

რა კარგია ცათამბჯენები,

რა დიდებული ჩანაფიქრია

იცხოვრო ღრუბლებზე მაღლა და

სულ ერთი იყოს, დიდი ხარ თუ

პატარა ბავშვი,

რადგან რაც უფრო მაღლა მიიწევ,

მით უფრო აღარ ხარ,

არ ჩანხარ,

სიმაღლე მაისის თოვლივით

გაქრობს,

ჰოდა მე გიამბობ ზღაპარს

ხეებზე,

რომლებიც ცათამბჯენებამდე ვერ

გაიზარდნენ.

მათ ჰქონდათ მკვრივი მკლავები,

და როდესაც ამ მკლავებს შლიდნენ,

სამყაროში რაღაც ხდებოდა,

თითო ფოთლის ზედაპირზე

თითო ტალღას იქოჩრიდა

ლურჯი ნიავი

და ჩვენს თავზე

სულ ზვირთებად გადადიოდა,

ქალაქის ბოლოს გაისმოდა

ქალაქის თავში მომღერალი

რომელიმე ჭადარი, ალვა,

ჩიტებსაც ჰქონდათ წაურთმევლად

თავშესაფარი,

ძაღლებსაც – ჩრდილი

განა მარტო უკუღმართი წესებისათვის!..

ბევრნი იყვნენ, მაგრამ ყველას მაინც

თავისი სახელი ერქვა,

გაარჩევდი ფერით, ზნით და

კიდევ იმით –

რომლის მუჭში უფრო

უხვად მოთოვდა ხოლმე,

რომელთან უფრო დიდხანს

დარჩებოდა თოვლის სტუმარი,

რომ მათი მსუყე ნასუფრალით

გემრიელად გული გვეჯერა!..

შენ საიდან უნდა იცოდე –

ამ ხეების ძირში პოეტებიც ცხოვრობდნენ ადრე,

იყო ეგეთი ძველი კასტა

სევდიანი დინოზავრების,

და მათ მთვრალ და აბდაუბდა

ნაფეხურებს

შინისაკენ სულ ხეები მიაცილებდნენ…

ხანდახან ვინმე მხარზე

თოფს თუ გადმოიღებდა

რომ თავისი აჩრდილისთვის

დაეხალა და დაესვენა,

ეს ხეები შეუშვერდნენ ხოლმე

გულ-მუცელს,

რადგან ხეებმა აჩრდილების ფასიც იცოდნენ!..

ციდან ვიღაც დასცქეროდათ

იმედის თვალით და

თეთრ სხივებს სიზმრებივით

ტოტზე ჰკიდებდა…

ვიღაცაზე გამახსენდა

და კიდევ ცაზე –

შენ არ იფიქრო, რომ

რაიმე გაკლია, კარგავ,

მშვიდად ისუნთქე მაგ სკაფანდრში და

ცათამბჯენთან ერთად აიწიე

უფრო ზევითკენ,

რადგან ჩვენი ერთადერთი მოძრაობა

მაინც ასვლაა,

რადგან, რაც უკვე ზევით დაიძრა,

ვეღარაფერი გააჩერებს,

შენ შეგიძლია,

მაგ უთვალავი სართულიდან

გადმოიხედო

და დატკბე იმით, რომ

არც დიდი ხარ და არც პატარა,

რომ არც კი ჩანხარ და

ცოტაც და,

ცაში ღმერთებს მიუკაკუნებ!

დედა გიამბობს ზღაპრებს

ხეებზე,

სხვა ზღაპრებსაც გიამბობს დედა,

რადგან ესეც დედის წესია –

ზღაპრებით მაინც გააადვილოს

როცა რაღაც რთულადაა,

რთულად და ძნელად…

 

საჩუქარი ალეპოსათვის

შვილს, რომელიც მელოდება, როდის გავაჩენ

 

დაზაფრული მიყურებ სარკეში.

ჩემი კაბა სისხლითაა დათხვრილი,

მაგრამ ეს ჩემი სისხლი არაა,

ამ სისხლს ყვავილების სუნი აქვს

თავბრუს მახვევს და ხელს მიშლის,

უფრო ცხადად გაგარჩიო,

დაგინახო თავფეხიანად.

შენ კი მიყურებ შიშნაჭამი

დიდი თვალებით და

პირზე ხელს იფარებ.

ფეხებზე ბავშვები მედებიან,

ჩემ მაგივრად გიწვდიან თითებს

და შენც, ჩემ მაგივრად,

თითის წვერებით მათ თითებს ეხები.

ვცდილობ მოვიშორო ისინი,

ცუდი სიზმრებივით გავფანტო,

ჰაერში ვაფართხალებ ხელებს

და რაღაც ხდება ჩვენს თავს –

ბატიბუტებივით სკდებიან ბავშვები,

ერთის ფეხი სადღაც მიფრინავს,

მეორის ხელი, მესამის თავს

ჩაფრენილი, ცაში კიდია,

მეოთხის მუცელს

ფესვებივით უციმციმებს ბღუჯად დაყრილი

სისხლძარღვები,

თითქოს ვინმემ გაზაფხულის აპლიკაცია

გამოჭრა და უმისამართოდ

გაისროლა…

– არ შეხედო! – მინდა გიყვირო,

მაგრამ სარკეში რას გაგაგონებ.

შენ კი უყურებ ჩემს ცოდვილობას და

ალბათ გიკვირს,

სარკის აქეთ, ჩემს მხარეში რა უფლებით

გეპატიჟები.

ან იქნებ ფიქრობ,

ჩემი უკუღმართი ხასიათის გადამკიდე,

ძალა რომ არ მეყოს და

ამ ბავშვების დახეთქილი სულების სანაცვლოდ

შენი სული არ დავანთო ღმერთის მუჭში,

ისევ შენ არ გაგიმეტო,

ოღონდაც ამ უკუნეთში

რამე ბჟუტავდეს…

იქნებ ფიქრობ და ეს გაშინებს,

რადგან, სიცოცხლის უფლება

თანაბრად აქვს

ცოცხალსაც და დასაბადებელს,

რადგან ეს ის უფლებაა,

რომლის გამოც

დედამიწა ყვავილია და

მისკენ ადამიანი უნდა გადმოიხაროს…

გაშალე შენი თოთო მკლავები,

შენს უკან მილიარდი გალაქტიკაა,

ჩემს უკან კი

დედები დგანან,

ვინც სისხლიანი ხელებით კაბაზე მექაჩებიან

რომ სარკეში თავიანთი შვილებიც დაინახონ,

გაშალე მკლავები და

მაგ შუშხუნა შუქში შეიფარე

ჩვენი ბავშვები,

და არ გაგვწიროთ,

და გვაპატიეთ –

დედამიწისკენ სიყვარულით გადმოიხარეთ…

© არილი

Facebook Comments Box