ნინო დობორჯგინიძე – ორიოდ სიტყვა მეცნიერების მართვისა და განკარგვის საფრთხეზე

წინათქმასავით

გამოთქმა „მისამართი შეგეშალა“ ქართული ენის მყარი ფრაზეოლოგიზმია, რომელიც სალიტერატურო ენასა თუ ჟარგონში, ოფიციალურ და არაოფიციალურ მეტყველებაში არცთუ იშვიათად შეგხვდებათ. იგი საკმაოდ მოხერხებული ენობრივი მეტაფორაა, რომელიც იმპლიციტურ დონეზე ზუსტად აღწერს ობიექტის გაუმართლებელ გადახვევას, გადახრას მისთვის ბუნებრივი გზიდან ან დაწესებული საზღვრებიდან.
ამ ფრაზეოლოგიზმის პროდუქტულობა, ენაში მისი გამოყენების სიხშირე, შემთხვევითი როდია: ფუნქციონირების, გავრცელებისა თუ გავლენის სფეროებში „მისამართის შეშლა“ ჩვენი სახელმწიფოებრივი, კულტურული და რელიგიური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და „უწყინარი“ მოვლენაა, ცხადია, უამრავ ბევრად უფრო „საწყინარ“ მოვლენასთან შედარებით. ალბათ, გაგიკვირდებათ, ასეთი ჩვეულებრივი რამ რა გამოსარჩევი იყო. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე მაინც გეტყვით ჩემს სათქმელს.

***
„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა,
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“
რუსთველი

გასული საუკუნის ბოლოს საქართველოს ერთიანობის გაფრთხილების მოტივით ორმა ქართველმა ენათმეცნიერმა სცადა გამოეყენებინა ყოფილ საბჭოთა სივრცეში კარგად აპრობირებული მეთოდი, საენათმეცნიერო საკითხებით მანიპულირება. აფხაზური ენის მკვლევარმა, ყოფილი „მთავლიტის“ თანამშრომელმა, ახლა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორმა, თეიმურაზ გვანცელაძემ და ბათუმის ყოფილმა პრეფექტმა, ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტარიელ ფუტკარაძემ[1] განსაკუთრებული აგრესიულობით დაიწყეს მეცნიერთა მიერ აღიარებული და მეთოდოლოგიურად დადასტურებული ქართველურ ენათა თეორიის უარყოფა. როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამეცნიერო წრეებში საყოველთაოდ გაზიარებული ეს თეორია ამტკიცებს, რომ არსებობდა წინარექათველური ფუძეენა, რომლის დაშლის შედეგად მივიღეთ სამი ქართველური მონათესავე ენა: ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური. სამივე ენა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობდა – ისტორიამ არ იცის ქართველურ ენებს შორის ფუნქციური სფეროების გადასანაწილებლად თუ გასაყოფად გაჩენილი შუღლი. სალიტერატურო ქართული ენა და კულტურა საერთო ეროვნული ღირებულებაა, მასში ქართველთა ერთიანი ეროვნულ-კულტურული და სახელმწიფოებრივი ცნობიერებაა ინსტრუმენტალიზებული; ჩვენი ისტორიის არცერთ ეტაპზე – ქართველურ ენათა საერთო ისტორიული წარსული კი მართლაც ძალიან ხანგძლივია – ამ ერთიანობას საფრთხე არ დამუქრებია.
წარმოიდგინეთ, ასეთი ხანგძლივი ისტორიით და საერთო ეროვნული ცნობიერებით შეკრულ ერთობას, სამეცნიერო მეთოდოლოგიით მკაფიოდ დადასტურებულ მონათესავე ენებსა და ამ ენების მატარებელ ქართველობას საეჭვოდ იდეოლოგიზებული ორი თუ სამი ენათმეცნიერი[2] სრულიად თვითნებურად უცვლის ენობრივ რუკას და სთავაზობს უსაფუძვლო, მეცნიერულ მტკიცებულებებს მოკლებულ თეორიას, რომ მათი ენები, მეგრულ-ჭანური და სვანური, ენები კი არაა, დიალექტებია.
არ არის საჭირო ლინგვისტიკის და განსაკუთრებით სოციოლინგვისტიკის ცოდნა, დაკვირვებული კაცი ისედაც მიხვდება, რა დიდი საფრთხე იმალება საენათმეცნიერო საკითხებით ამგვარ მანიპულაციებში: მეგრელებსა და სვანებს, ანუ ორ მილიონზე მეტ ქართველს, რომელთაც გარდა ერთიანი ეროვნული ქართული სალიტერატურო-სამწერლობო ენისა, ადგილობრივი არასამწერლობო ენებიც აქვთ და საერთო-ეროვნულ ქართულთან მათი თანაარსებობა არასდროს გამხდარა რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული, უცებ უცხადებ, რომ ეს თქვენი სიმდიდრე, მეგრული ან სვანური ენები, სინამდვილეში დიალექტებია და რომ ენებად ისინი საბჭოთა სპეცსამსახურებმა შერაცხეს.[3] თუ გავითვალისწინებთ ენისადმი ამ ენის მატარებლის განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულებას და ისტორიულად კარგად დოკუმენტირებულ კონცეპტუალიზაციებს, იოლი მისახვედრია, რა საფრთხე იმალება ამგვარ მანიპულაციაში. ალბათ, ამ საფრთხეს მოერიდნენ ქართველი ლინგვისტები, როცა „წაუყრუეს“ ორი ენათმეცნიერის ახირებას და საჭიროდ არ ჩათვალეს იმ აქსიომის მტკიცება, რასაც დღეს ენათმეცნიერებაში საერთო ქართველური ფუძეენისა და ქართველურ ენათა თეორია ჰქვია. მაგრამ აბსურდულ თეორიას წაყრუებამ ვერაფერი დააკლო, პირიქით, ეს ფსევდომეცნიერები ქართველურ ენათა მოქმედი კლასიფიკაციის რევიზიას არ დასჯერდნენ და პატრიოტული ან მოღალატეობრივი ნიშნით ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა (ძირითადად ქართველოლოგების) კლასიფიკაციასაც შეუდგნენ. ტ. ფუტკარაძემ ორ ჯგუფად დაყო ენათმეცნიერები: პატრიოტებად და „საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრე პრორუსულ ძალად“.[4]
ქართველურ ენათა მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ დიდი თავსატეხი გაუჩინა ახალ კლასიფიკატორებს; მათაც კი ეხამუშათ, რომ “საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრე პრორუსული იმპერიული ძალების” თანამოაზრეებად გამოეცხადებინათ ალექსანდრე ცაგარელი, იოსებ ყიფშიძე, თედო სახოკია, აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი, ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, გივი მაჭავარიანი, თამაზ გამყრელიძე და სხვა ცნობილი ენათმეცნიერები, რომელთა სახელსაც უშუალოდ უკავშირდება ამ თეორიის შექმნა და განვიათარება. ამიტომაც ტაბუ დაადეს ცნობილ მეცნიერთა სახელებს, თითქოს ქართველურ ენათა თეორია მათი შექმნილი არ იყოს, თითქოს სამარცხვინოთა ჯგუფში შეყვანილი უცხოელი ქართველოლოგები ამ თეორიის მხოლოდ ცალკეულ საკითხებს არ ამუშავებდნენ. მოკლედ, ტ. ფუტკარაძემ და თ. გვანცელაძემ „სამარცხვინოთა“ სიის პირველი, მთავარი და განსაკუთრებით საჩოთირო ათეული „გადამალეს“ და ასე შეადგინეს „საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მოსურნე ენათმეცნიერთა“ შავი სია.
ახლა გადავხედოთ პატრიოტ ენათმეცნიერთა “საპატიო” ჯგუფს. ცხადია, აქ მოხვდნენ თავად კლასიფიკატორები იმ “მოწინავე ქართულ საზოგადოებასთან”[5] ერთად, რომელსაც თანამზრახველობას აბრალებენ: აქაოდა მარტო ჩვენ კი არა, მათაც სჯერათ, რომ მეგრული და სვანური ქართველური ენები კი არაა, ქართულის დიალექტებიაო.[6] ტ. ფუტკარაძის ეს ახალი თეორია თ. გვანცელაძემ რამდენიმე საუკუნით “დააძველა” და იგი გერმანული წარმოშობის რუს ექიმს, ბუნებისმეტყველსა და მოგზაურს, იმპერატრიცა ეკატერინე მეორის ემისარს, იოჰან ანტონ გიულდენშტეტს დაუკავშირა.[7] აქ არ დავიწყებ კამათს იმის თაობაზე, რამდენად უადგილო და რბილად რომ ვთქვა, შეუფერებელია საენათმეცნიერო დისკუსიაში ექიმის, გეოგრაფისა და მოგზაურის, ან თუნდაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის მოსაზრებებით მანიპულირება; არაფერია გასაკვირი იმაში, „ენისა და კილოს საყოველდღეო ცნება მეცნიერულისგან”[8] რომ განსხვავდებოდეს, უცნაური და მიუღებელი ისაა, პროფესიით ენათმეცნიერი ტ. ფუტკრაძე და თ. გვანცელაძე მეგრულისა და სვანურის, როგორც ენების, განსაზღვრებისას არა ენათა იმანენტურ სტრუქტურულ ნიშნებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა, მათ შორის საზოგადო მოღვაწეების, ემოციური შეფერილობის გამონათქვამებს რომ ეყრდნობიან.
ენათმეცნიერთა დაყოფამ პატრიოტებად და საქართველოს ერთიანობის მტრებად როგორც იქნა, გამოაფხიზლა ლინგვისტები. პოლიტიზებულ ენათმეცნიერთა ბრალდებებს ბევრმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა გასცა პასუხი; პატრიოტთა აგრესიულ ახირებას სამართლიანად უწოდეს „მეცნიერულად გაუმართავი და იდეოლოგიურად საშიში“.[9] მართლაც, იგი ცეცხლთან თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე კამათს, ვინაიდან ენისადმი ამ ენის მატარებლის მძაფრ ემოციურ განცდებს ეხება უხეშად. ენის სტატუსით მანიპულირება და საენათმეცნიერო საკითხების იდეოლოგიზება კარგად ნაცადი საბჭოური ხერხია, ენის მატარებელთა უკმაყოფილებისა და სამართლიანი გაღიზიანების გამოსაწვევად.
ორი ენათმეცნიერის სახიფათო დაჟინების მიუხედავად, მაინც ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ მათი ახირება რაიმე განსაკუთრებულ წონას შეიძენდა, რომ არა საპატრიარქოს, რბილად რომ ვთქვა, არამეცნიერული, არაკომპეტენტური და ამასთან ხმამაღალი ჩარევა მეცნიერთა დისკუსიაში. სამწუხაროდ, საპატრიარქო სრულიად გაუმართლებლად ჩაერთო კამათში არა ერთ-ერთი მონაწილის, არამედ არბიტრის ფუნქციით. ჯერ იყო და საპატრიარქოს ტელეგადაცემებით დაიწყო პროპაგანდა, რომ მეგრული და სვანური ენები კი არაა, არამედ დიალექტებია და რომ ენებად ისინი თურმე საბჭოთა სპეცსამსახურებმა გამოაცხადა. საპატრიარქოს მიერ ხელდასხმულმა ტ. ფუტკარაძემ და თ. გვანცელაძემ საბჭოსპეცსამსახურების იდეების გამავრცელებლებად მონათლეს ის ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები, ვინც ქართველურ ენათა თეორიას ემხრობა.
ამ ისედაც საშიშ თამაშს კიდევ უფრო ამძაფრებდა ტ. ფუტკარაძისა და თ. გვანცელაძის აგრესიულობა ცნობილი ევროპელი ქართველოლოგების მიმართ. ტ. ფუტკარაძემ ქართველოლოგებს შორის გამორჩეულად მაღალი სამეცნიერო რეიტინგის მქონე ენათმეცნიერს, პროფესორ ვინფრიდ ბოედერს, ვის სახელსაც ასე მჭიდროდ უკავშირდება ქართველური ენების შესახებ კვლევის ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიებში, სამეცნიერო მეთოდოლოგია დაუწუნა და „საბჭოთა სტერეოტიპებით აზროვნება“ უსაყვედურა.[10]
უკეთესი დღე არც სხვებს დასდგომიათ. ზოგიერთ უცხოელ ქართველოლოგს ბრალდება “დაუმძიმეს”, საგანგებო მამხილებელი საბუთი შეუთითხნეს და მარქსისტულ-ლენინურ ენათმეცნიერებასთან პირდაპირი კავშირი „დაუდგინეს“. მაგალითად, თ. გვანცელაძემ მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორს, იოსტ გიპერტს უცხოურ, განსაკუთრებით რუსულ, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დაუმტკიცა იმით, რომ პროფესიით ირანისტი იოსტ გიპერტი სლავისტად და, ამდენად, რუსეთის იმპერიალისტური ინტერესების გამტარებლად გამოაცხადა.[11] პროფესორმა იოსტ გიპერტმა აღშფოთება ვერ დამალა – ის ხომ სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრობს და ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, საუნივერსიტეტო ეთიკამ ასეთი ცილისმწამებლური ქმედება დაუშვას – და მკაცრი წერილით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას; წერილის ასლი მან გადაუგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრს, საქართველოს პატრიარქს.
პროფესორ გიორგი ხუბუასადმი გაგზავნილ წერილში იოსტ გიპერტი ითხოვდა მომხდარზე „სამეცნიერო ეთიკის ნორმების შესაბამისად“ რეაგირებას:
„ბატონო რექტორო, თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ უფლება არა მაქვს, იგნორირება გავუკეთო ჩემ მიმართ გამოთქმულ შეურაცხყოფასა და ცილისწამებას, როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის შეუფერებელ და ყოვლად გაუგებარ ქმედებას. მსურს დაჟინებით გთხოვოთ, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ აკადემიური ეთიკის თვალსაზრისით და შეაჩეროთ საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ყოვლად უღირსი ცილისმწამებლური გამოხდომა თქვენი თანამშრომლის მხრიდან. … მანამდე კი შეუძლებლად მიმაჩნია ჩვენი უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ საუბარი. გარდა ამისა, მოვლენების განვითარებისდა შესაბამისად, უფლებას ვიტოვებ, თეიმურაზ გვანცელაძის ქმედებას მივცე სამოქალაქო სამართლის შესაბამისი მსვლელობა“.[12]
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილიც დაავიწყდა, სამეცნიერო ეთიკაც და საკუთარი პროფესიაც – ის იურისტია – და უპრეცედენტო რამ ჩაიდინა: არათუ დაინტერესდა იოსტ გიპერტის წერილში მონათხრობით, არათუ გაარკვია საქმის რეალური ვითარება, პირიქით, უკიდურესად გაამწვავა საქმე უსამართლო ქმედებით: პროფესიით იურისტმა რექტორმა პირადი საუბრების (რექტორის ახსნაა) საფუძველზე გააუქმა ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება იოსტ გიპერტის, ვინფრიდ ბოედერისა და ბერნარ უტიესთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის მინიჭების თაობაზე და საბჭოს მიერ დადგენილი ამ სამი კანდიდატურიდან ამოაგდო მისი აზრით საეჭვო რეპუტაციის მქონე იოსტ გიპერტი. საინტერესოა, განდობილ პროფესორებთან საუბრის გარდა კიდევ რომელი სანდო მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა მეცნიერმა იურისტმა, იოსტ გიპერტის არასანდოობააში რომ დარწმუნებულიყო და საბჭოს გადაწყვეტილება შეეცვალა? რას ვიზამთ, ისიც ქართველია და „მისამართი შეეშალა“. ამაში ის არც პირველია და არც უკანასკნელი. ამიტომ პასუხსაც არავინ მოსთხოვს.
მოკლედ, კამათი ყოველგვარ სამეცნიერო საზღვარს გასცდა და ქართველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დარგს, აშკარად დაემუქრა ევროპული და საერთაშორისო მეცნიერებისგან ჩამოშორებისა და პროვინციალურ და შოვინისტურ დარგად ქცევის საშიშროება. იგი აშკარად გადაიხარა მეცნიერულად დაუსაბუთებელი და იდეოლოგიურად საშიში თამაშისკენ. ამაში მას ისევ საპატრიარქოს ავტორიტეტი წამოეშველა, თორემ, ზემოთაც ვთქვი, ორი ადამიანის ახირება დიდი ვერაფერი საფრთხე იქნებოდა. საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ქართველი ლინგვისტები პროფესიული პატიოსნებით იცავდნენ საკუთარ პოზიციას ქართველური ენების შესახებ.[13] მიუხედავად ამისა, ლინგვისტების მოსაზრებებით საპატრიარქო დიდად არ დაინტერესებულა, თავად გადაწყვიტა საენათმეცნიერო საკითხები – საქართველოს ერთიანობისთვის აჯობებს ენას დიალექტი, ან რამე შუალედური ტერმინი, ვთქვათ, განშტოება, დავარქვათო.
ლინგვისტთა არგუმენტაცია საპატრიარქომ არასაკმარისად მიიჩნია და ენათმეცნიერების ინსტიტუტში ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე მიავლინა. შეხვედრის ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საპატრიარქოს წარმომადგენელს მტკიცე პოზიცია ქართველურ ენებთან დაკავშირებით და დაწვრილებით უამბო იმ საფრთხეების შესახებაც, რაც ამგვარ ანტიმეცნიერულ და იდეოლოგიზებულ „დაკვეთას“ შეიძლებოდა მოჰყოლოდა; ამასთანავე, შეახსენა ის მეცნიერული „უხერხულობაც“, რაც საენათმეცნიერო საკითხებით მანიპულაციას მოსდევს ხოლმე. ლინგვისტებმა პატივისცემა და ერთგულება დაუდასტურეს მიტროპოლიტს, მაგრამ არ გაიზიარეს საპატრიარქოსთვის სასურველი თვალსაზრისი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.
სხვათა შორის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძისადმი მიძღვნილ მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე მიტროპოლიტმა თავის გამოსვლაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ცოდნა და რწმენა მჭიდროდ უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს და მეცნიერება ზნეობრივი უნდა გახდეს. ნუთუ ზნეობრიობასა და სიახლოვეში ამგვარ ყურმოჭრილ სამეცნიერო მორჩილებას გულისხმობენ ეკლესიის მესვეურები? თუ არა, მაშინ რა არის ასეთი უხეში ჩარევა სამეცნიერო კამათში, სამეცნიერო არგუმენტაციის მიმართ სრულიად გაუმართლებელი უნდობლობა, საენათმეცნიერო საკითხებით მანიპულირება და ცეცხლთან თამაში ისეთი სათუთი და საფრთხილო კონცეპტებით, როგორიცაა ენის სტატუსი და ენის მიმართ ამ ენის მატარებლის დამოკიდებულება?
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან შეხვედრაზე ენათმეცნიერთა გამოსვლები ცალკე მონოგრაფიად დაიბეჭდა ზემოთდასახელებულ კრებულში ქართველური ენები და დიალექტები (ერთი სამეცნიერო პოლემიკის გამო). შეხვედრის ყველა მონაწილე – კრებულში თხუთმეტი ქართველოლოგის გამოსვლაა დაბეჭდილი – ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საკუთარ პოზიციას, რომ მეცნიერებაში ისინი „სხვა მოძღვარს“ ემორჩილებიან და არ აპირებენ ხელი აიღონ სამეცნიერო პატიოსნებაზე, არ აპირებენ მტკნარი სიცრუე მეცნიერულ ღირებულებად გამოაცხადონ. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ამონარიდებს ამ კრებულში დაბეჭდილი გამომსვლელების სიტყვიდან:
„ჩემთვის, როგორც ენათმეცნიერისა და ქრისტიანისთვის, უფრო მისაღები, პატიოსანი ნაბიჯი იქნება, საერთოდ განვერიდო მეცნიერებას, ვიდრე ვიქადაგო სიცრუე, … მე მირჩევნია, დიდ ქართველ მეცნიერებთან: ალექსანდრე ცაგარელთან, ნიკო მართან, ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან, აკაკი შანიძესთან, გიორგი ახვლედიანთან, არნოლდ ჩიქობავასთან, ვარლამ თოფურიასთან, გიორგი როგავასთან, ქეთევან ლომთათიძესთან, ტოგო გუდავასთან, გივი მაჭავარიანთან, თამაზ გამყრელიძესთან, ბესიკ ჯორბენაძესთან, ავთანდილ არაბულთან და სხვებთან ერთად საქართველოს მტრის იარლიყი მქონდეს მოკერებული, ვიდრე მავანივით პატრიოტის სახელი დავიჩემო და საქმით ვუმტრო საქართველოს“ (გვ. 9-10). „…სამწუხაროა, რომ მათ შეცდომაში შეიყვანეს პატრიარქი, მიაწოდეს მას მცდარი ინფორმაცია, … მათ საჩივრით მიმართეს განათლების სამინისტროს, … უფრო მეტიც, გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებიდან დაგვემუქრნენ კიდეც პოლიტიკოს ლ. მარშანიას პირით, თუ არ გავიზიარებთ ფუტკარაძე-გვანცელაძის თვალსაზრისს, ისინი დასკვნას დაუდებენ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. … რა, თუკი მათ მიერ შერჩეული პოლიტიკოსები, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებენ გადაწყვეტილებას, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ Fთოფურიასა და სხვათა მეცნიერული შედეგები „გაუქმდება“? (გვ. 11) „… არ ხდება მეცნიერული არგუმენტირება, არამეცნიერული ინათლება მეცნიერულად, … ასეთ შემთხვევაზე იტყვიან, კომენტარი ზედმეტიაო“ (გვ. 12).
გარდა ამგვარი ემოციური შეფერილობის გამოსვლებისა, ენათმეცნიერები მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის უსაფუძვლო თეორიას[14] წმინდა ლინგვისტური არგუმენტებითაც დაუპირისპირდნენ და შეახსენეს ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებაში აღიარებული თეორია ენათა ოჯახების შესახებ, წინარეენის დივერგენცია-დიფერენციაციის ცნობილი პროცესები და ის ლინგვისტური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე დგინდება ზღვარი ერთი საერთო ენიდან მომდინარე ენებსა და დიალექტებს შორის (იხ. კრებული, გვ. 18-19), შეახსენეს ენისა და დიალექტის ტერმინთა სპეციფიკა თეორიულ ენათმეცნიერებაში, შედარებით ენათმეცნიერებასა და სოციოლინგვისტიკაში (კრებული, გვ. 6-7). მიტროპოლიტს პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი, ვისაც რატომღაც ზედმეტად ენდობა საპატრიარქო, არამეცნიერული და პოლიტიზებული იდეების მქადაგებლები არიან, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს და მათ თავი არიდეთო. შდრ.: „მოხდა პრობლემების პოლიტიზირება: მეცნიერული პრეტენზიის მქონე კოლეგები აცხადებენ, ვინც ჩვენს თვალსაზრისს არ გაიზიარებს, ის ქვეყნის, ერის მტერიაო. … ამთავითვე გვინდა განვაცხადოთ: მეცნიერული საკითხის პოლიტიზებას არასოდეს არ მოუტანია სიკეთე არც მეცნიერებისათვის და არც პოლიტიკისთვის“ (კრებული, გვ. 75).
საპატრიარქოს მესვეურებს ენათმეცნიერებმა ოცდაათიანი წლების მწარე ისტორიაც შეახსენეს, როცა აკაკი შანიძის, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანისა და სხვათა მეცნიერულ თვალსაზრისებს საბჭოთა მეცნიერების მესვეურები ეძახდნენ „რეაქციულს, სრულიად მიუღებელს და ფორმალისტურ-სოფისტიკურს, რომელსაც ენგელსმა უკვე გასცა გამანადგურებელი პასუხი“ (კრებული, გვ. 78-81); ხსენებულ კრებულში მთელი თავი ეთმობა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ცნობილი ენათმეცნიერების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს; სამოცდაათ გვერდზე მოთხრობილ ამ სამარცხვინო ამბებს ასეთი სათაური აქვს: „საუბედუროდ, ისტორია მეორდება“ (კრებული, გვ. 75-135). ამით ლინგვისტებმა იმაზეც მიანიშნეს ოპონენტებს, რომ თქვენი დღევანდელი გამონათქვამები საეჭვოდ ემსგავსება წინამავალი საბჭოთა მესვეურების გამონათქვამებსო. მაგრამ ამ „უცნაურმა მსგავსებამ“ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ვერ დააფიქრა, მას ვერ გადაათქმევინა საკუთარი თუ სხვათა ნაკარნახევი სამეცნიერო ახირება, ვერ შეაგონა, არ მიეღო მონაწილეობა ისტორიის ამგვარ გამეორებაში, და ვერც საპატრიარქოს შეუცვალა პოზიცია. პირიქით, საქართველოს პატრიარქმა საშობაო ქადაგებაში ლამის დააკანონა ეს ახირება, როცა უარყო მეთოდოლოგიური მტკიცებულებები და საკმაო კატეგორიულობით გამოაცხადა, რომ მეგრული და სვანური დიახაც ქართულის დიალექტებიაო.
სამწუხაროდ, ამითაც არ დამთავრებულა ყველაფერი. პატრიარქის ბრძანებით შეიქმნა ორი კომისია: ერთი – საისტორიო, რომელსაც დაევალა საქართველოს ჭეშმარიტი ისტორიის დადგენა თუ შემუშავება და მის ხელმძღვანელად დაინიშნა სწორედ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომლის მეცნიერული შესაძლებლობები, რბილად რომ ვთქვა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მას ღიად დაუდასტურეს ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეკრებაზე დიდი პატივისცემა და მოწიწება. ამ შეხვედრაზე, სხვათა შორის, ყველა გამომსვლელი ამით იწყებდა სიტყვას და არწმუნებდა მიტროპოლიტს, შეცდომაში შეგიყვანეს თქვენც, საპატრიარქოც, თავად პატრიარქიც, საშიშ ცეცხლს ეთამაშებით, სამარცხვინო ისტორიის გამეორებას გეგმავთ უმეცრებით და ნუ მოგვთხოვთ მორჩილებას მეცნიერებაში, ვერ დაგემორჩილებით, ამას მოღალატის ტიტული გვირჩევნიაო.
სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ერთი უკუღმართობაც უნდა ვახსენო, ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მაამებლობის სენი. ენათმეცნიერები გულწრფელად ფიქრობენ, რომ მიტროპოლიტის ნაწერებს არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს მეცნიერებაში და მით უმეტეს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, გავლენა მოახდინოს მეცნიერული აზრის განვითარებაზე. ყველაფერ ამას ისინი პირდაპირ წერენ ზემოთდასახელებულ კრებულში, მაგრამ რა ქნან, იძულებულები არიან, „აამონ“ მიტროპოლიტს და სიმართლე, მეცნიერული პრინციპულობა ყალბი ქებისა და მორჩილების სიტყვებით გააზავონ: ზემოთდასახელებულ კრებულში ენათმეცნიერები, ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ ქართველური ენების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ „ანგაჟირებული პოლიტიკანი კვაზიმეცნიერების“ უსაფუძვლო მოსაზრებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ უსაფუძვლო მოსაზრების ერთ-ერთ ავტორს, საპატრიარქოს წარმომადგენელს, ასეთი სიტყვებით მიმართავენ: „თქვენ არამარტო ჩვენი დედაეკლესიის თვალსაჩინო მღვდელთმთავარი ბრძანდებით, … თითოეული ჩვენგანი თქვენ აღგიქვამთ როგორც მეცნიერს, ისტორიკოსს, ვინც არცთუ მცირედი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიისა და ზოგადად ქართველი ერისა და საქართველოს ისტორიას… პატრიარქთან და ეკლესიასთან კი კამათს არც ერთი მორწმუნე მეცნიერი არ აკადრებს, არც ეკლესიას და არც საკუთარ თავს, როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოს საკუთარი პოზიციისა და ცოდნის უცდომელობაში“ (კრებული, გვ. 8).
რა გამოდის? გარკვეული სივრცის ფარგლებში, გნებავთ განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე ადამიანთა წინაშე მეცნიერი ჭეშმარიტების მეთოდოლოგიურ ძიებაზე ამბობს უარს? როდის არის ის გულწრფელი, როდის უნდა დავიჯეროთ მისი? ნუთუ დღეს ეკლესიამ მეცნიერული კამათისთვის მოიცალა, როცა მორალურად, სოციალურად თუ სხვა თვალსაზრისით სრულიად დაუცველი მრევლი ჰყავს, ამდენი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი? რა ჰქვია ამ ყველაფერს, თუ არა მეცნიერთა უფლებებსა და საქმიანობაში უხეშად ჩარევა, როცა დისციპლინარულ (და არა აღმსარებლობით) სფეროში მეცნიერებისგან მეთოდოლოგიური გამართულობისა და სიზუსტის მაგიერ სრულიად გაუმართლებელ მორჩილებას ითხოვენ?
საქართველოს პატრიარქის ბრძანებით შექმნილმა მეორე კომისიამ ენათმეცნიერების ჭეშმარიტი საფუძვლები უნდა დაადგინოს. მის ხელმძღვანელად დაინიშნა ფუტკარაძე-გვანცელაძის მესამე თანამზრახველი, ქალბატონი მანანა ტაბიძე. ზემოთაც ვთქვი და ახლაც უნდა გავიმეორო, რომ ეს უკანასკნელი პირველი ორისგან ნამდვილად განსხვავდება მეტი ტაქტით, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შველის, როცა ენათმეცნიერებს არა ენათმეცნიერი, არამედ სხვა ვინმე, თუნდაც დიდი ავტორიტეტის მქონე საქართველოს პატრიარქი უნიშნავს „დირექტორს“ თუ იდეოლოგს. რა, შეიცვალა მეცნიერებაში მუშაობის მეთოდოლოგია? ეკლესიამ უნდა განსაზღვროს და დააკანონოს, რა არის ჭეშმარიტი ისტორია ან ლინგვისტიკა, ან რომელიმე სხვა დარგი?
დღეს ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ისტორია, კი, რაგინდ ერთმნიშვნელოვნად ბნელი და სამარცხვინო არ უნდა იყოს, მაინც მეორდება: აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიას, ნიკო ბერძენიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვათა მეცნიერული ნააზრევი, თურმე ნუ იტყვით და, ყოფილი მთავლიტის თანამშრომლებმა და მათმა თანამოაზრეებმა უნდა დაადგინონ ხელახლა. გულწრფელი მკითხველი იოლად მიხვდება და დამეთანხმება, რა სამარცხვინოა საბჭოთა, განსაკუთრებით ოცდაათიანი წლების, ისტორიის გამეორება, როცა ხალხის ბელადმა მეცნიერებას, მეცნიერული მეთოდოლოგიის კეთილსინდისიერად მიმდევარ პროფესორებს „წითელი პროფესურა“ მიუჩინა ზედამხედველად და მეცნიერული მორჩილება უბრძანა. დღევანდელ, განსხვავებული ფერის პროფესორებს (წითელი აღარ არის „მოდაში“, პატრიოტი ენათმეცნიერები „საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრეთა“ წინააღმდეგ ახლა სხვა ფერით გაძლიერდნენ), მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მეთოდოლოგიის მიმდევარი მეცნიერების იდეოლოგიზება და მორჩილებაში ყოლა გასული საუკუნის ოცდაათიან წლებშიც კი ვერ მოახერხა იმ დროს ხალხის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილმა ბელადმა და მისმა გარემოცვამ. ამის იმედი დღესაც ნურავის ექნება, თავს ნუ მოიტყუებს მაამებელი საზოგადოების ფიცითა და მორჩილებით.
კიდევ ერთი სამწუხარო ანალოგია მაშინდელსა და დღევანდელს შორის: ოცდაათიან წლებში ქართულ ენათმეცნიერებას ევროპულ სამეცნიერო კონტექსტთან ახლოს ყოფნას და საბჭოური ლენინური ენობრივი პოლიტიკის ურჩობას ედავებოდნენ. შდრ.: „პროლეტარიატის რევოლუციური თეორიისთვის ასეთი თვალსაზრისი უცხოა, … მისი (იგულისხმება გიორგი ახვლედიანი) თეორია რეაქციულია და მიუღებელი, … სავსებით ყალბია, ამგვარად საკითხის დაყენება წმინდა წყლის ინდოევროპეიზმია, დოგმატური თეზა იმპერიალისტური ენათმეცნიერების გულმავიწყი პედანტობის ნაყოფია… ისინი (პროფესორი გიორგი ახვლედიანი და მისი თანამოაზრეები) სუბიექტური იდეალიზმის საფუძვლებზე იდგნენ, მათ წინააღმდეგ გამანადგურებელი ბრძოლა ლენინმა გააჩაღა“ (მასალები დამოწმებულია ზემოთდასახელებული კრებულის ერთ-ერთი თავიდან: „საუბედუროდ, ისტორია მეორდება“, გვ. 83-85).
სამიზნე დღესაც თანამედროვე „ინდოევროპეისტიკა“, უფრო ზუსტად, მაღალი სამეცნიერო რეიტინგის მქონე ჩვენი ევროპელი კოლეგებია, რომლებიც, გაგიკვირდებათ და, ჩამორჩენილები და ლენინურ-სტალინური თეორიის მიმდევრები ყოფილან. აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიასა და სხვათა ნაშრომები, უნივერსიტეტიდან იმ დროს სამარცხვინოდ გაძევებული ივანე ჯავახიშვილი კი საბჭოთა სტერეოტიპებისგან თურმე ახლა უნდა გაათავისუფლოს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძისა და მანანა ტაბიძის კომისიამ.

ბოლოთქმასავით

სანამ ამ წერილს დავწერდი, თითქმის ყველა ქართველ ლინგვისტს ვესაუბრე და ვთხოვე მათ, აეხსნათ საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის, თავად პატრიარქისთვის ამ გაუმართლებელი ნაბიჯის საფრთხეები. ყველა მეთანხმება, იზიარებს ჩემს პოზიციას, მაგრამ ხმამაღლა არავის არაფერი უთქვამს. მესმის მათი – ვთქვით, დავწერეთ კიდეც, მთელი კრებული მივუძღვენით ამ პრობლემას, მაგრამ რა, მაინც ვერაფერს გავხდითო. მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ვერ შევხვდი. ისე, სიმართლე გითხრათ, რომ შევხვედროდი, არც ვიცი, რა უნდა მეთქვა, როგორ ამეხსნა, რომ იგი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ენათმეცნიერი, ვალდებულია მისივე აკადემიის საპატიო წევრს – საქართველოს პატრიარქი ხომ აკადემიის წევრია – აუხსნას პრობლემის არსი და მასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე.
ვიცი, რომ მოურიდებლად ვწერ, სხვებივით ჩემს დიდ მოწიწებას და პატივისცემას ვერ ვუდასტურებ ვერც მიტროპოლიტს და ვერც დანარჩენებს, ვისაც მეცნიერების ამგვარი რევიზია თუ „კომისიაზე გატარება“ მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებ და არც მკითხველის მოტყუებას ვაპირებ. ისე, თუ ვინმეს აინტერესებს, ადრე მეც და ჩემი კოლეგებიც სხვა „ტონით“ ვწერდით ამ საკითხებზე; ქართველმა და უცხოელმა ლინგვისტებმა სხვადასხვა დონეზე (თეორიული ენათმეცნიერება, შედარებითი ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა) სიღრმისეული კვლევებით აჩვენეს ფუტკარაძე-გვანცელაძისა და მიტროპოლიტის სამეცნიერო ახირების უსაფუძვლობა, მაგრამ უშედეგოდ, კვლევით არავინ დაინტერესებულა, პირდაპირ დასკვნა დადეს, სტატუსი შეუცვალეს მეგრულ და სვანურ ენებს და ამ „სიახლის“ ბედი სამეცნიერო მეთოდოლოგიას, შესაბამისად, სამეცნიერო წრეებს კი არა, დიდი ავტორიტეტის მქონე საქართველოს პატრიარქს მიანდეს. უდავოდ „ჭკვიანური“ გათვლაა, როცა მეცნიერი გავლენიან თანამოაზრეებს დაეძებ და არა მეთოდოლოგიურ სანდოობას. ამიტომაც გადაიტანეს ეს კვაზიმეცნიერება კარგად დაცულ ადგილას, საპატრიარქოში, იმ იმედით, რომ იქ სამეცნიერო არგუმენტაციის გარეშეც შეიძლება მიზნის მიღწევა, ამ „ახალი თეორიის“ დაკანონება.
მიზანს კი მიაღწიო და, მისამართი რომ შეგეშალა, ამაზე პასუხს ვიღა მოგთხოვს?

[1] საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ამ ენათმეცნიერთა პოსტებს შემთხვევით არ ვახსენებ. ერთი ჩემი კოლეგის თქმისა არ იყოს, „საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ეგონება, ფუტკარაძე-გვანცელაძე რაღაც ღვთის სასწაულით გადარჩენია საბჭოური იდეოლოგიის მანქანას ან საერთოდ არ უცხოვრიათ ამ ეპოქაში. ისე კი ბატონი გვანცელაძე იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს მთავლიტში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლებოდა და მისი ვიზირების გარეშე აფხაზურად ჩიტიც კი ვერ იჟღურტულებდა არასაბჭოურად“ (კრებული: ქართველური ენები და დიალექტები, გამომცემლობა მერიდიანი 2007, გვ. 52).
[2] ამ წყვილს მესამე, შედარებით თავშეკავებული თანამზრახველიც ჰყავს, ქალბატონი მანანა ტაბიძე, რომელიც პირველი ორისგან ნამდვილად განსხვავდება აგრესიის ხარისხით.
[3] იხ. ტ.ფუტკარაძის ბროშურა სათავე და პერსპექტივა ქართული სამწიგნობრო ენისა, 2006 წ.
[4] ტ. ფუტკარაძე, სათავე და პერსპექტივა…, გვ. 59.
[5] ტ. ფუტკარაძე 2006(ა): 58-59.
[6] იქვე.
[7] თ. გვანცელაძე, არის თუ არა გაგებინება ენის დიალექტისაგან გამიჯნვის კრიტერიუმი?, ჟურნალი ენათმეცნიერების საკითხები 2003, 2, გვ. 170-176.
[8] იხ. ვ. ბოედერი, ენა და კილო ქართველოლოგიაში, ჟურნალი ენათმეცნიერების საკითხები 2005, I-II, გვ. 196-240, აქ გვ. 197.
[9] ქართველ ენათმეცნიერთა შეფასებები იხ. კრებულში ქართველური ენები და დიალექტები.
[10] შდრ. „სინამდვილის კვლევას დიდად უშლის ხელს იმპერიის გეგმის შესაბამისად დაგეგმილი სამეცნიერო ასპარეზის პოლიტიზება. სამწუხაროდ, ბოლო ოთხმოცი წლის განმავლობაში, როცა მეცნიერეული აზრი მთელ მსოფლიოში შთამბეჭდავად განვითარდა, ქართველი ერის ეთნოკულტურის თუ ენის ისტორია ძირითადად საბჭოთა იმპერიის პერსპექტივის შესაბამისი ტერმინოლოგიით შეფასდა; რამდენიმე თაობის განმსჭვალავი ლენინურ-სტალინური თეორიები ენათმეცნიერებაშიც არამეცნიერული გზით დამკვიდრდა. არაიშვიათად, საბჭოური სტერეოტიპები აისახებოდა „საბჭოთა კავშირის ენების/კულტურების უცხოელ მკვლევართა შრომებშიც კი, რაც ბოლომდე დაძლეული ჯერ კიდევ არ არის.. იხ. მაგ. ვ. ბოედერი 2005“ (ტ. ფუტკარაძე, ტერმინოლოგიური შეფასება, განათლების დაგეგმვა და საზოგადოების თვითაღქმა. მოხსენება “ქართველი ხალხის სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და ეთნოლინგვისტური კვლევის სიმპოზიუმზე. გვ. 1-18, ბათუმი).
[11] იხ. თ. გვანცელაძის ინტერვიუ (გაზეთი „ახალი თაობა“, 30 აპრილი, 2007).
[12] პროფ. იოსტ გიპერტის წერილი იხ. კრებულში ქართველური ენები …, გვ. 57-61.
[13] გარდა სამეცნიერო პუბლიკაციებისა, ქართველური ენების სტატუსის შესახებ ლინგვისტებმა თავიანთი მტკიცე პოზიცია მრავალჯერ გამოხატეს უშუალოდ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე; მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2008 წელს, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელობისა და პროექტის „ენობრივი სიტუაცია საქართველოში“ მონაწილეთა შეხვედრაზე საპატრიარქოში.
[14] მიტროპოლიტმა დასკვნის სახით ასე ჩამოაყალიბა საპატრიარქოს „გზავნილი“ ენათმეცნიერთა შეკრებაზე: „მეგრული და სვანური არა თუ ქართული კულტურის ფორმირების ეპოქაში (ე.ი. IV-X საუკუნეებში) იყვნენ დიალექტები (ესაა ჩემი თვალსაზრისი), არამედ ისინი ამჟამადაც დიალექტები არიან (ესაა ბატონ ტ. ფუტკარაძის თვალსაზრისი). იხ. კრებული „ქართველური ენები და დიალექტები, გვ. 31.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“