ოთარ ჯირკვალიშვილი – ბეკეტი

otar jirkvelashvili 22

ასოციაციური, ასოციალური რომანი

იყოს ეს მოთხრობა სურვილებზე და მოტივებზე.  არ ვიცი რა არის შთაგონება. სახლიდან შთაგონებული გამოვედი. ზეცას წყლიანი თვალებით ავყურებდი და ვფიქრობდი სიკვდილისმაგვარ რაღაცაზე, ალბათ ფსალმუნებზე, დავითის პოეზიაზე, რომ მღეროდა დილაობით. რა ბედნიერია ადამიანი დილით, რა ადვილად შეუძლია იფიქროს სიკდილზე, აბა, გაბედე შებინდებისას, მთლიანად დაგეკარგება თემა. ამ სამყაროში, ყოველივე უადგილოს, მათ შორის უადგილო სიკეთეს თავის ლოგიკა აქვს. ნახეთ, რა იგავი შევთხზე: ოდესღაც მთვარეზე ხე დავრგე, ხე იზრდებოდა, მშვენიერდებოდა, ჟანგბადს გამოყოფდა, ნახშიროჟანგს შთანთქავდა, მაგრამ როცა ზრდა დაასრულა, მისმა ფესვებმა მთვარე დაბზარა, – მორალი: ხე მხოლოდ დედამიწაზე უნდა დარგო! ვიზრდებით, გვიყვარდება მოყვასი, მათთან ურთიერთობა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასე 40 წლის შემდეგ ცხოვრება ცდილობს გადაგვაჩვიოს ადამიანებს, მიგვაჩვიოს მარტოობას, რათა სიკვდილი არ იყოს მეტისმეტად ტრაგიკული. ბოლოს და ბოლოს, რაც მეტი ცნობისმოყვარე ადამიანი შეიკრიბება შენი ბოლო ამოსუნთქვის სანახავად, მით მეტად შეგეცოდება თავი და შეიძლება მთავარ მომენტში იუმორის გრძნობამ გიმტყუნოს, სიკვდილს მეტისმეტად სერიოზულად შეხედო. რად გინდა ასეთი ლაპარაკის მოსმენა: ეჰ, საწყალს როგორ ჰყვარებია სიცოცხლე (ეს ევფემიზმია და ნიშნავს: ეჰ, საწყალი რა მშიშარა ყოფილა) და როგორ არ დასცალდა ცხოვრებით დამტკბარიყო (ესეც ევფემიზმია და ნიშნავს: რა არასაინტერესოდ იცხოვრა). თან, ამით რა მაგალითს მისცემ ადამიანებს, გინდა რომ მათაც გული აუჩუყდეთ სიკვდილის წინ? კარგია მარტოობა, ოღონდ, ასე ვთქვათ, ნორმის ფარგლებში, მთლად მარტოც არ უნდა იყო, ხალხს შეეცოდები. იცხოვრე ადამიანურად, მოეშვი მეტაფიზიკას და ტვინის ჭყლეტას. სურვილი. სურვილის წარმოება, ეს ჯადოსმაგვარი პანდემიაა, გადამდებია. როდესღაც, სადღაც,  ერთი ადამიანი, შეიძლება ცოტა უსაქმურიც, წამოიწყებს სურვილს, შემდეგ კი მთელი კაცობრიობა აჰყვება. ახლა მე სახლიდან გამოვედი და მსურს! რა მსურს? რა და, მსურს ისეთი სურვილი დამებადოს, რომ ჩემი სახლიდან დაიწყოს კაცობრიობის თანამედროვე ისტორია. მარტივია. ნახეთ, მე უბრალოდ კი არ მსურს, არამედ სურვილისამებრ მსურს. რა უფრო მთავარია, სურვილი თუ ის, რაც მსურს? კლასიფიკაციაში მთავარი დატვირთვა მაინც უტოპიურ, ფიქციურ სურვილებზე მოდის. სიზმრები. სიზმრები რომ არა, სურვილები გაგვგუდავდა. ეს ჩემი თემის საკვანძო საკითხია. ახლა, ამ დილით (დილაა ვითომ?), არ დაგიმალავ, მზეს ვერ ვხედავ, რაღაც უცნაურად მუქი ფერის დღეა. გამოვედი სახლიდან. სურვილი ჩავიფიქრე და თითქმის მივხვდი კიდეც რა ჩავიფიქრე და უცებ სიზმარი, აუხდენელი სურვილების გადამამუშავებელი ქარხანა, არადა, აუხდენელი სულაც არ არის. თუ არ გჯერა, მაშინ კონტრკითხვა: რა გარწმუნებს, რომ აუხდენელია? კი, ზუსტად ეგ მინდოდა გაგეფიქრებინა, სიტყვა „არარეალური“. რაღაცნაირი ძალა აქვს ამ მყარ საგნებს, მოდი ცთომილნი ვუწოდოთ, ტვინში ლურსმებივითაა ჩასობილი. არასდროს დაფიქრებულხარ, ტვინიც ერთი უბრალო, თუმცა არცთუ მცირე ზომის ლურსმანია, თავში ჩარჭობილი? არა, არა, თავში არა, ალბათ უფრო შეგრძნებებში.  სიზმარში გაბრაზებულზე მუშტი დაგიკრავს რაიმე მყარი საგნის, ვთქვათ მაგიდის, ზედაპირზე? გატყდა? არა, ვერ გატეხავდი, თუ ეს წინასწარვე არ გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ დავუშვათ არ გქონდა ჩაფიქრებული და მაინც გატყდა? აქ შენც გამტყუნდი და მეც. შენ იმაში, რომ გამოიყენე სიტყვა „არარეალური“, მე კი… ღმერთო ჩემო, რაში ვარ მტყუანი, ტყუილი ხომ სურვილია? ან პირიქით. ორივე შემთხვევაში ერთდროულად მტყუანიც ვარ და მართალიც. მომწონს! როგორც იქნა იმ დაწყევლილი ოთხი კანონიდან ერთის გაუქმება მაინც შევძელი. მიმიხვდი ეშმაკობას? სიტყვების: „სურვილი“, „უტოპია“, „სიზმარი“, „რეალური“, მერე გამოვიყენე სიტყვა „კანონი“. თითქოს ლოგიკურს ჰგავს ეს ყველაფერი. სახლიდან გამოვედი და თეთრი ხელებით ღრუბელივით სინათლეს შევეხე, ეს შესაძლოა ის ღრუბელია, ერთდროს ეგვიპტელებს გზას რომ უღობავდა, ღრუბლისგან საშუალო ზომის გუნდა გავაკეთე და შავი შარვლის წინა ჯიბეში ჩავიდე, შევინახე, მხოლოდ მარცხენა ხელის ჩაყოფისას მახსენდება ხოლმე. ეს ჩემი ერთი კანონია. ლიტერატურაში, კერძოდ პოეზიაში, დავამკვიდრე. კანონი და პოეზია ერთმანეთიდან გამომდინარეობს. აბა, შენ რა, სისხლის სამართლის კოდექსი გგონია კანონი, თუ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია? პრუსტს შეეძლო მინიმუმ 6 კანონის ჩამოთვლა, რომელიც ვერლენმა ფრანგულ პოეზიაში დაამკვიდრა. იმ ექვსიდან ერთი, სავარაუდოდ, ასე იკითხება: არ ვიცი რა არის სიზმარი, რადგან ყოველ სიზმარს მართლაც აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს სიზმარი. მეორე კანონი კი ასეთია: არ ვიცი რა არის ცხადი, რადგან ეაკულაცია ყველა მდგომარეობაშია შესაძლებელი, სიკვდილის დროსაც კი. ამ კანონს თან ერთვის რამდენიმე ნივთიერი მტკიცებულება, პოეტის დღის და ღამის საცვლები. მე თუ მკითხავ, ამაზე სრულყოფილი კანონები არავის დაუწერია, დამიჯერე ასეა. ჰოდა, სახლიდან გამოვედი და ჩემს სათამაშო ბურთთან ერთად გზას მივიკვლევ. არც არაფრის მეშინია, შარვალში სინათლე კარგად ინახება, აქ ერთგვარი ენერგიის შეკავების კანონი მუშაობს. ახლა კიდევ, ვახსენე სიტყვა „სათამაშო“. ნეტა შემთხვევით მომდის ეს ტექსტის კონტექსტისთვის საჭირო სიტყვები, თუ შეგნებულად ვაკეთებ ამას? წარმოიდგინე, ფიქრის მიმართულება მთლიანად ჩემს ხელშია კონცენტრირებული. თუ ვიტყვი შეგნებულად ვაკეთებ, იტყვიან, ვააა, რა ჭკვიანია, თუ ვიტყვი შემთხვევით გამომდის-მეთქი, იფიქრებენ, ვააა, რა თავმდაბალია. როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი გულწრფელად ვწუხვარ, რომ ვინმეში ერთდროულად ამ ორი თვისების არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. რომელი ავირჩიო? რახან თამაშია, თამაში იყოს. ვთქვათ, გითხარი ასეთი ურთულესი გამოცანა: „დილას დადის ოთხ ფეხზე, შუადღისას ორზე, და საღამოს სამზე“, რა არის? და გამოიცანი. შინაგანად ზუსტად იცი რომ იცი. რომელს აირჩევ ზემოთ დასახელებული ორი თვისებიდან? თუ იტყვი, ვერა, ვერ გამოვიცანი, იქნები თავმდაბალი.  კის თუ იტყვი, დედამიწაზე ერთადერთი იქნები, ვინც ამ გამოცანის გამოცნობა შეძლო. ხედავ? არის მესამე გზაც, არაფერი თქვა და ორივე იქნები, ოღონდ ჩუმად, ჩუუუ, მაგრამ ვაი, რომ ჭკუას გაჩუმება არ შეუძლია, და არ დაგიმალავ, ბევრი ჩვენნაირი გაუყენებიათ თებეს გზას!.. დიახ, ვიტყვით ჩვენ: სწორედაც შეგნებულად ვწერთ ჩვენს ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვან სიტყვას, ეს არც შემთხვევითობის ბრალია და არც ღმერთის. ოი, ეს რა წამომცდა, მაპატიე. ახლა ჯიბიდან სინათლეს ამოვიღებ, მაინც გადავამოწმოთ, აგერ უკვე შებინდდა, დეკემბერია. კი, კი, აქ ყველაფერი რიგზეა, მეტი ამ ერთ ღამეში არც დამჭირდება. ამდენი ხანია სახლიდან გამოვედი და ფანჯრებს მაინც ვხედავ. ნეტა თუ შევძლებ ერთხელ მაინც ცხოვრებაში, სახლს ისეთ დისტანციაზე დავშორდე, რომ ვერ დავინახო? დღეა თუ ღამეა, მთლიანს თუ ვერა, მის რომელიმე ნაწილს ყოველთვის ვხედავ, არადა, წეღან: „ცხადიო“, „რეალობაო“, „სიზმარიო“ და რა ვიცი კიდევ, რა არ ჩამოვწერე… მიზებზე საერთოდ არ მიყვარს ლაპარაკი, ტვინი ისე გავხედნე, მხოლოდ კონკრეტულ, აი, ამ მომენტისთვის აუცილებლად მომხდარი ხდომილების ფიქსაცია შეუძლია. აბსოლუტურად გამორიცხულია „იყო“ და „იქნება“, მხოლოდ „არის“, მორჩა და გათავდა. ჰო, კიდევ ერთი სიტყვა, ღმერთო გამახსენე… არა, ვერაფრით გავიხსენებ, მგონი, ის საერთოდ აღარ არის. გაუჩინარდა. დამტოვა. ახლა, ისევ ვიღებ კალამს და ვწერ, ვწერ, ველოდები აზრს, აზრის დაბადებას, აზრი მოვიდა, ეს ინტენციაა, ოღონდ ეს ხდება ახლა, ამაზე ცოცხალი პროცესი რაღა გინდა? არ ვიცი რა იყო, ვერაფერს ვიხსენებ, არ ვიცი რა იქნება, რადგან არაფერი გამომდინარეობს ამ მომენტიდან, არსებობს ერთ წერტილში დაუსრულებელი მოძრაობა. სურვილიც, თუ გინდა არ დაგღალოს, ნუ იქნება მომავლისკენ მიმართული. არ გინდა ასრულება, იყოს თვითონ. გრძნობ სიხარულს? წარსულის და მომავლის დიდი სიხარული ვერ შეედრება ამწამიერ უმნიშვნელო სიხარულს. მეხსიერებაში დიდხანს შენახული შთაბეჭდილება იცრიცება… მოკლედ, არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ ვწერ… აი, თურმე რატომ ვწერდი, მივხვდი, გამახსენდა სიტყვა „იმიტომ“, ეს სიტყვა მოვაშთე, გავანადგურე ჩემში, წეღან რომ ვერ ვიხსენებდი. რა გულისამრევია „იმიტომ“. არა, არა, ახლავე კვლავ უნდა განვდევნო და ეს იქნება საბოლოო, მორჩა, უკვე დამავიწყდა, ტექსტს აღარ მივუბრუნდები. აბა, ვემზადები: ჰოპლა. მორჩა. გადავახტი! როგორც ჩანს, ეს წუთია, სოფლის შარაზე ავიარე ჩაფიქრებულმა. ჩემმა ხანშიშესულმა (ასე 65 ლამდე იქნება), ბრგე, წელში გამართულმა, ლამაზი აგებულების ძალიანთეთრთმიანმა (გარეგნობით, თითქმის ბუნდოვანებაში გადასულმა) მეგობარმა მომაძახა, ჰეი, შენ!.. (განდობილივით, საიდუმლო სახელით მომმართა, პაროლივითაა. მნიშვნელოვანი მომენტია!) გამარჯობა არ უნდა მითხრა?! რა ვქნა ახლა, მივიდე? დავიძარი, უნდა მივიდე, იქნებ რამე მომიყვეს. მივედი. ბევრად ახალგაზრდა ვარ მასზე, მაგრამ ვმეგობრობთ. ლოყაზე ვაკოცე, მივუჯექი. თავად წამოდგა. მომიბრუნდა. თავისივე გამოთლილ, გამომწვარ, გალაქულ გველისთავიან ჯოხს დაეყრდნო. მუქი, შავი მზის სათვალე უკეთია და მიყვება (ოჰ, როგორ ცოცხლად ვწერ, თუ აღვწერ ყველაფერს!): ორი დღის წინ სახლიდან გამოვედი, შუადღე იყო, თქვენსა მინდოდა ამოსვლა და ვერ მოვახერხე, პირველი ნაბიჯი გადავდგი თუ არა ჩემი ჭიშკრიდან, ავდექი და უკან შევბრუნდი. ახლა მე უნდა ვკითხო რატომ. ვკითხე. იმიტომ (ეს სიტყვა რას უნდა ნიშნავდეს?) ჩემო უმცროსო მეგობარო, რომ ერთ რამეს მივხვდი. რას? რას და ჩვენ ისეთი ზარმაცი ხალხი ვართ, თოვლში ერთი კაცი რომ გაკვალავს გზას ყველა მის გაკვალულში ვაბიჯებთ, არცერთი სანტიმეტრით წინ ან უკან და ასე, ათასმა კაცმა რომ გაიაროს იმ გზაზე ვერ შეატყობ, იფიქრებ ერთ კაცს გაუვლიაო. (ახლა ვიცი რაც უნდა ვუთხრა: მერე შენც გაგეკვალა შენი გზა, ან იმავე ნაფეხურებით ამოსულიყავი-მეთქი, მაგრამ არ ვეტყვი, აზრი არ აქვს.). მაინც რაზე ფიქრობდი, რომ ვერ შემნიშნე? იქნებ შეგამჩნიე და გაპარვა მინდოდა, როგორ მიცანი? როგორ და თოვლზე ბილიკი გაგყავდა, რომელიც მხოლოდ შენია, ფეხის ხმა უტყუარია… გაეცინა. (ვინმე იკითხავს: ჯერ ხომ ძალიან არ ჩამობნელებულა, ვითომ რატომ ვერ უნდა ეცნე, ბრმა ხომ არ არის? ჰო, სწორედაც ბრმაა, ბრმა! თეთრი თმა აქვს. მუქი სათვალე უკეთია. გველისთავიან ჯოხს დაჰყვება. შეუმჩნევლად დასრიალებს გზებზე. ორი დღის წინ, დილით, დიდი თოვლის გამო ჩემამდე ვერ ამოაღწია. სახელით მომმართა. ასეა, პატარა ბელეტრისტიკული  ფანდია ეს „სიბრმავე“ და ტექსტში ყველაფერს ცვლის). აგრძელებს: მერე, დღეს დილით რა შემემთხვა, რომ იცოდე, აბანოს ვაკეთებდი, ავზი წყალს აღარ აცხელებდა, მაღალი ძაბვა გადის და… დენმა დამარტყა. ვაიმე, ვთქვი მე. ჰოდა, შენგან ერთი რამ მაინტერესებს, მთელი დღეა სანახშოზე, ამ ადგილას, გელოდები. რა გაინტერესებს? რა და, ახლა მე ცოცხალი ვარ? რა ვუპასუხო? ალბათ შეკითხვა უნდა დავუბრუნო, სხვა გზა არ არის. და რატომ ფიქრობ, რომ ახლა შენ შეიძლება ცოცხალი არა ხარ? უკვე 39 წელია ბრმა ვარ და ახლა მე შენ გხედავ, გესმის, გხედავ! გ ა ვ ი ქ ც ე?! არა, რომ გავიქცე, ვიცი, ვიფიქრებ თუ არა სამშვიდობოს ვარ-მეთქი, ზუსტად იქ გამომეცხადება და ჩვენს მეგობრობასაც საბოლოოდ დაესმება წერტილი. ვეუბნები: აბა, თუ მხედავ აღმიწერე ჩემი თავი. კარგი, – მოურიდებლად, სწრაფი მოძრაობით მოიხსნა სათვალე. ცხოვრებაში პირველად ვხედავ ბრმას სათვალის გარეშე. თვალები დაშრეტილი აქვს, მარცხენა თითქმის ბოლომდე მოჭუტული, ოპერაციის ხაზი და თეთრი ნადები ეტყობა, მეორეში, ოდნავ გახელილში, შუშის თვალი მოუჩანს. თითქოს მიყურებს. ჩამაშტერდა. განაგრძო. – შენ გაქვს მზესავით ყვითელი კანის ფერი. გაფითრებული ხარ. თმები ცეცხლისფერი. ცხვირი ოდნავ კეხიანი. ტუჩები თხელი. ნიკაპი ჩაჭრილი. თვალები გამჭვირვალე კომბოსტოსფურცლისფერი. შარვალი შავი გაცვია, რომლის ერთი ჯიბიდანაც უცნაური სინათლე მოდის… და გააგრძელა ტანსაცმლის აღწერა, თუმცა მე აღარ ვუსმენ. მოკლედ, პოეტურად კი აღწერს ჩემს გარეგნობას, მაგრამ შარვლის ჯიბიდან წამოსული სინათლის სხივის გარდა თითქმის არაფერი ემთხვევა. თითქმის ყველაფერში შეცდა. რა ვუპასუხო? იქნებ მართლა მკვდარია? მაგრამ თუ ასეა, აქ ჩემი და საერთოდ სიცოცხლის რაობის და ნამდვილობის საკითხიც დგება. არადა, ის მელაპარაკება, მე ვიწერ… რა ჯანდაბაა? მოკლედ, რაც იქნება იქნება, ვპასუხობ: არ ვიცი ცოცხალი ხარ თუ მკვდარი და არც ის, ხედავ თუ ვერა, წავედი. წამოვედი. დავტოვე თავის გველზე ჩამოყრდნობილი, გაშეშებული. ავდექი და უბრალოდ წამოვედი, მორჩა და გათავდა, არ შემიძლია მისტიკა, მეტაფიზიკა და საერთოდ, საერთოდ არაფერ შუაშია ეს ორი რამ ამ ყველაფერთან. დიახ, წამოვედი. სახლიდან გამოვედი და ვგრძნობ, ისევ სახლში მივდივარ. რა გზას დავადგე, როგორ არ წავიდე სახლში?! სანახშოს მოპირდაპირე მხარეს მარჯვნივ გადავუხვევ, ხიდს გადავივლი და სასაფლაოზე ავალ, სანამ ბოლომდე ჩამობნელებულა. უკან ვიხედები, კიდევ ჯოხზეა ჩამოყრდნობილი, არ ინძრევა. მოვიხედე და მარილის სვეტად იქცა, ზოგჯერ პირიქითაც ხდება რაღაცები. ძალიან პირობითია ეს ყველაფერი. ბრმას ველაპარაკე, მას არანაირი კრიტერიუმი არ გააჩნია, რომ მიხვდეს მკვდარია თუ ცოცხალი. შეიძლება მკვდარიც არის. ახლა სასაფლაოზე ვარ, რაღაც ძალიან ხელოვნური მეჩვენება აქ სიკვდილის ატმოსფერო. თოვლში ამოსული ყვავილები თავისას ცდილობენ (ეს ბუნებაა), საფლავის ქვები თავისას (ეს მეცნიერებაა), ორივე კი მიგვანიშნებს, რომ აქ სიკვდილია. ამ მინიშნებას რაღაცნაირი მტკიცებითი ფორმა აქვს. არადა, სიკვდილი ყველაზე ნაკლებად არის აქ.  მეტისმეტად ხელოვნური სივრცეა. სიკვდილს ასეთ უტრირებულ, მდაბიო სივრცეში არაფერი ესაქმება. უფრო დახვეწილი, სადა აქსესუარები უყვარს. ამ საკითხში აშკარად ევროპაცენტრისტი ვარ. არ მომწონს სიკვდილი გაგებული აღმოსავლურად, დასავლური მირჩევნია. და აი, ამოვყევი აღმართს და მოვადექი იმ ადგილს, სადაც თეორიულად ვიცი, რომ დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეში ისაა განთავსებული, ვისი ძვლებიც არაერთხელ გამითბია. რაღაც გაურკვეველი განცდა მეუფლება ხოლმე, მინდა ეს ადგილი ამოვთხარო, ნამდვილი არქეოლოგიური ჟინით ვარ შეპყრობილი. სასაფლაოს ეს ადგილი, ფერდობი, სადაც ასე ლამაზადაა შეფენილი დომინოს პრინციპით, ჭადრაკულად განლაგებული საფლავის ქვები, ყოველთვის ალერგიას მაძლევს. არ ვიცი, შეიძლება ფიქრი მაძლევს ალერგიას, ახლაც საშინლად მეფხანება ყვერები, იქნებ ჯიბეში თბილად მოკალათებული სინათლის ბურთის ბრალიცაა ეს ყველაფერი. ყვერების ფხანა არასდროს ამტეხია, უნდა დავბრუნდე, ვეღარ ვუძლებ, უნდა დავბრუნდე, დავეშვები ახლა ამ ფერდობიდან, ვიწრო ბილიკით, საფლავსა და საფლავს შორის. არ ვიცი როგორ ვწერ, როგორ ვინიშნავ ამ ყველაფერს, აგერ უკვე დაღამდა და აღარაფერი ჩანს, თუმცა ამ კალამს უნიკალური უნარი აქვს, დაადებ თუ არა მის წვერს ფურცლის ზედაპირს, მთელი ფურცელი ნათდება. სხვას რასაც გინდა დაადე, აზრი არ აქვს, აუცილებლად ფურცელი უნდა იყოს. ის სავარაუდო ადგილი კი, სადაც ბოლო წინადადება ჩავინიშნე, უნდა დავიმახსოვრო, თუ ვერა, ან უკვე დაწერილს გადავაწერ ახალ ტექტს, ან თანმიმდევრობა დამეკარგება ვრცელი ინტერვალების გამო, ან სრულიად ახალი ფურცლიდან მომიწევს ტექსტის გაგრძელება, კაცმა რომ თქვას, რა პრობლემაა, თუნდაც ესე იყოს. მოკლედ, დავეშვი. ვერაფერს ვხედავ. ფიფქები, ზოგჯერ კი ხიდან მოწყვეტილი თოვლის მასა, ხელებზე, კისერზე და სახეზე მაცვივა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მკვდრებს აქედან ჩემი გაშვება არ სურთ, სველ ხელებს მისვამენ სახეზე, კისერზე, თავზე და ა. შ. თითქოს სულში გადამივიდა სისველე. წესით, უნდა მეშინოდეს. შემეშინდებოდა კიდეც ასე არანორმალურად რომ არ მეფხანებოდეს ყვერები. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, სინათლის გუნდა ამოვიღე, რაღაც უცნაურად უხდება თოვლს, სიბნელეს და სასაფლაოს. რამდენიმე აჩრდილს თვალიც კი მოვკარი, – ეჰეი, სად გარბიხართ! ზოგჯერ როგორ აცანცარდებიან ხოლმე, სწორიცაა, აჩრდილს სერიოზულობა არ უხდება. ხედავ, რაც სინათლის გუნდა შარვლის ჯიბიდან ამოვიღე, ალერგიამ ცოტა გამიარა, მგონი ადგილთან და ფიქრთან ერთად ამის ბრალიც ყოფილა… ახლა ამ გუნდას სასაფლაოს ბილიკზე დავაგორებ და უკან მშვიდად გავყვები, მართლა არაფერი ჩანს… ერთადერთი, რაც მომეთხოვება, ცოტა ნაბიჯს უნდა ავუჩქარო, ძალიან არ დავშორდე სინათლეს, იდეალურად კი მინათებს, გზას და საკუთარ ფეხებს მშვენივრად ვხედავ, დანარჩენს ეშველება. შევყოვნდი. უნდა გავჩერდე, ეს რაღაც ახალი საფლავია, გზის ამ ნაწილში არასდროს ყოფილა. დავიხარე, სინათლის გუნდა ავიღე, საფლავის ქვასთან ახლოს მივიტანე და სახეს დავაკვირდი. მიცვალებულს მუქი მზის სათვალე უკეთია… კი, ის არის, ის ბრმა, ჩემი მეგობარი, წეღან რომ მეკითხებოდა ცოცხალი ვარო, ქვას მხოლოდ დაბადების წელი აწერია, გარდაცვალების არა. მკვდარია ვითომ? წარმოდგენა არა მაქვს. ისევ დავაგორე ბილიკზე სინათლის გუნდა, მოვყვები ნელა და ვფიქრობ. დამშორდა. რაღაც უცნაურად სწრაფად მშორდება. უსასრულოდ დამშორდა, ვეღარ ვეწევი, რაც უფრო ვუახლოვდები, თითქოს უფრო მშორდება, მიგორავს, მიცურავს უსასრულობაში, ვეღარ ვეწევი, აი, დავინახე, უკვე სასაფლაოს ხიდთანაა. უნდა გავიქცე. გავრბივარ. რამდენჯერმე წავიქეცი, მგონი ხელები გადავიყვლიფე, ცოტათი სახეც დავისისხლიანე. აი, უკვე ხიდს ვუახლოვდები. სინათლის ეს ბურთი კი ჩაგორდა… ღმერთო ჩემო, სინათლე მდინარეში ჩავარდა. მდინარეში ვერ შევალ, მდინარეში შესვლა არასდროს გამომდიოდა. სასწაულია, მთელი მდინარე გაანათა, გამჭვირვალეა წყლის წვეთივით. წარმოგიდგენია, კალაპოტიდან სოფლის ბოლომდე მდინარის თითოეულ ტალღას, მის ფსკერზე დაცვენილ ყველა კენჭს ვხედავ, შემდეგ გადასერა მდინარე და ხიდის მეორე მხარეს გაჩერდა, მდინარე კი ისევ დაბნელდა. წარმოდგენა არა მაქვს ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა თუ რამე მნიშვნელობა აქვს, არ მიყვარს ალეგორიები, სიმბოლოები, ქარაგმები, მოკლედ, ძირს ყოველგვარი ბუნდოვანება!.. გადავიარე ხიდი, ავიღე ბურთულა, საკმაოდ დაპატარავებულიყო, ალბათ მდინარეში ბევრი ენერგია დაკარგა, და ჯიბეში ჩავიდე. გამოვედი სასაფლაოდან და რას ვხედავ, პავლე (ის ბრმა) ისევ ისე დგას გაუნძრევლად ჯოხზე დაყრდნობილი, ოღონდ თავი ჩემკენ აქვს შემობრუნებული. არ ვიცი როგორ (ღამეა!), მაგრამ ცხადად ვხედავ ამ ყველაფერს. მგონი ცოტა შეირხა და უცნაურად გაიღიმა კიდეც. ისევ მეძახის, რაღაც უნდა გითხრაო. მივედი. რას იწერო, მეკითხება. აი, თუნდაც რომ მკითხე რას იწერო, ეგეც ჩავიწერე-მეთქი. რა იცი რომ ვიწერ-მეთქი. ქაღალდის შრიალის ბგერებს კარგად ვგრძნობო, თუმცა, მე ფურცელი შენს ხელში არ დამინახავს და ალბათ თავს ვიტყუებ, ვერ ვიხედებიო. ისეო, 39 ზამთარი გავიდა რაც დავბრმავდი და ერთხელაც არ დამმართნია სურდო, ეს ოხერი სიბრმავე რამდენიმე დღე მაინც რო დამვიწყებოდა და თავი ჩვეულებრივ ადამიანად მეგრძნოო. არასდროდ ავად აღარ გავმხდარვარ, თითქოს ვიღაცას განუზრახავს, რომ მხოლოდ ბრმა ვიყო, მორჩა და გათავდაო. ისე, ერთხელო, ასე ხუთი წლის წინ, სახლში ფეჩთან ვიჯექი და ცეცხლის სიმხურვალე პირდაპირ სახეში სასიამოვნოდ მეცემოდაო, ვიეტნამიდან ჩამოტანილი, სიგარეტის ფურცელში შეკეთებული მარიხუანა მეგდო კარადის უჯრაში, ერთმა ჩემმა სოფლელმა მომცაო. უჯრა გამოვწიე, მარიხუანა ამოვიღე, მოვუკიდე და რამდენიმე ნაფაზი დავარტყი, ღრმად ვისუნთქავდი, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს ვგრძნობდიო. მერე ისევ ფეჩს მივუჯექი, რაც დამრჩა ცეცხლში შევაგდეო. ფეჩს შევუკეთე, ცეცხლის სიმხურვალე მატულობდა, მატულობდა, სახე მეწვოდა, თავში, თვალებში რაღაც მაწვებოდა, ჯერ ფეჩის კარი დავინახე, მერე იქედან გამოვარდნილი ცეცხლის ენები, მერე მთლიანი ფეჩი, ვხედავდი, ეს ყველაფერი ზღაპრული იყო, ნამდვილი ზღაპარი, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა, როგორც ჩანს, ჩამეძინა, დილით (ალბათ დილა იყო), საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა, სახე მეწვოდა, ავდექი, ზეთი შევიზილე (მერე გაირკვა, პირველი ხარისხის დამწვრობა მიმიღია), ტკივილი ოდნავ რომ მიყუჩდა, მერეღა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ისევ ბრმა ვიყავი. ახლა  მარიხუანას მოწევის შემდეგ გამოხედვას, დენის დარტყმის შემდეგ გამოხედვასთან ვადარებ და ვხვდები, ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა. მაშინ ზღაპარი იყო, თუმცა მაშინ არ მოვმკვდარვარ, ახლა ცოცხალი ვარ თუ მკვდარი საერთოდ ვერ ვხვდები. რა ფერები იყო მაშინ, ბევრი, ბევრი, მუქი, ლამაზი, ეს კი ძალიან მკრთალი, უღიმღამო ფერებია, შენც ფერდაკარგული მეჩვენებიო. კიდევ იყო ერთხელ, შუაღამისას პური მომინდა, პურის ქვაბში ხელი ჩავყავი და გველმა მიკბინა, მე ასენჩავთვალე, რომ გველი იყო, ნამდვილად გველიო. მაშინაც გამოვიხედე, ოღონდ სულ სხვანაირადო, ამიტომ გამოვთალე ეს ჯოხი, რაღაცნაირად გველი ღმერთად მექცაო. გადამარჩინეს, მაგრამ ის ნაკბენი რომ არ დამავიწყდეს, აი, ეს ჯოხი სულ თან დამაქვსო. მაინც მჯერა, რომ მაშინ ვხედავდი, ახლაც ვხედავ, სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინცო, ცოცხალიც ვარ ალბათ, მაგრამ ამ ბოლო დროს სასაფლაოსთან ახლოს, სულ ამ ადგილებში მიწევს დგომა, არ ვიცი, ეს რატომ ხდებაო … … … მოკლედ, მისი ხმა ნელ-ნელა მიილია, ძალა გამოეცალა,  ბუტბუტში გადავიდა, ბგერებს ვეღარ ვარჩევ. მგონი ისევ გაშეშდა, მარტო ტუჩებსღა ამოძრავებს. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, სინათლის ბურთს დავხედე, შევამოწმე, მართლა ძალიან დაპატარავებულა, მეყოფა კი მთელი ღამე? ყვერები თითქმის აღარ მეფხანება. გახარებული წამოვდექი სკამიდან, სახლისკენ სვლა განვაგრძე. პავლე ისევ ისე იდგა, გაშეშებული, ბუტბუტებდა. არ მინდა სახლში, როგორ არ მივიდე, რა მიმართულებით გავიქცე? ამ დილას გამოვედი, ამდენი ვიარე და ისევ მის შორიახლოს ვარ. ახლა კვლავ მისკენ მივემართები. წესით, უნდა არსებობდეს სხვა გზაც. და აი, ახლა მე ვემზადები ერთი პატარა ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც, სავარაუდოდ,  კაცობრიობისთვის  უდიდესი ნახტომი იქნება. გადავდგი. ფეხი ჩამრჩა თოვლში, დავიხარე, თასმა შემხსნია, რაღაცას გამოსდებია და ნაბიჯს ვეღარ ვადგამ. რას წამოედო, სადა აქვს ფესვი ამ თოვლში ამოსულ ყვავილს? ხელი ჩავავლე და მოვქაჩე. ვერ ამოვწყვიტე ფესვებს. კიდევ მოვქაჩე, კიდევ, ორივე ხელი ჩავავლე, მოვქაჩე, თოვლში გადავარდი, მის სიღრმეში ჩავიმარხე. თასმაში ჩაიხლართა, ვერ გამოვხსენი. იყოს ასე. წამოვდექი. ტანსაცმელი გავფერთხე. ყვავილიანი ფეხსაცმლით მივარღვევ თოვლს, ბილიკი გამყავს. მოიცა, ბურთი ამოვიღო, აღარაფერი ჩანს. ხელებზე დავიხედე, გაოგნებული ვარ, სულ გადამყვლეფია. სისხლიანი მაქვს ყველა თითი. ხელის მტევნები, ერთთავად სისხლიანი. ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობ. ძალიან გახურებული მაქვს კიდურები. ყინვა სითბოში გადამივიდა. ლოლოებია სისხლში, თუ სისხლი ლოლოებში, თუ სისხლის ლოლოები? ყვავილნარევია ჩემი ხელები. გადაყვლეფილ ხელებს კანში ყვავილის სურნელოვანი მტვერი შერევია, გაუმწვანებია, სისხლს ფერი შეუცვლია და მუქბორდოსფერში გადასულა, ტკივილი მოუნელებია და ვერცხლისფერი ელვარება შეუძენია. ლოყებზე მიმიდია ცხელი ხელის გულები და ვეღარ მომიშორებია, მერე გამომიქაჩია მთელი ძალით და ღაწვებზეც გადამცლია კანი. ერთთავად გავსისხლიანებულვარ, სხეულზე ყველა ცარიელი ადგილი დაფარულა, ზოგი სისხლით, ზოგი ტანსაცმლით, ზოგიც სინათლით. მთელი სხეული სისხლისა და ყვავილის სუნით გაჟღენთილი, თოვლს შეუნიღბავს, თოვლი სხეულის კამუფლიაჟია, სიბნელეში, მტერს ვემალები თოვლის საბანში გახვეული. თოვლის სული თეთრია და ფაქიზი, როგორც მალარმეს ლირიკა და რას ვხედავ, მას შეერწყა ჩემი სოფლის გორაკზე „შავი კლდის“ ნამსხვრევებით აგებული სახლის ფანჯრიდან მომავალი დანთებული სანთლის შუქი. მივედი. ფანჯარაზე მსუბუქად დავაკაკუნე. დავაკაკუნე და გამიღეს. გამიღეს და თავიც გამოყვეს. თავი გამოყო თავშალწაკრულმა ქალბატონმა, თეთრი, ავადმყოფური სახით, მადლით მოსილი, მიყურებდა და თვალებით მეკითხებოდა, რა გნებავთ? ვერ შევატყვე შეცბუნება, არადა, დამინახა. ალბათ სანთლის ალმა დააბრმავა, ან რელიგიურმა ექსტაზმა, მე კი ვუყურებ, კარგად ვაკვირდები, ვხედავ მის მოხრილ სხეულს, დარაბებზე ჩამოწყობილ გაყვითლებულ ხელებს, თავშლიდან გადმოცვენილ ცეცხლისფერ კულულებს და თვალებს, რომელიც ჩამქრალია, მაგრამ ისეთი, სიკვდილის დროს სიამოვნებით რომ დაიხუჭება, მასში გამქრალია წინააღმდეგობა და არის მოლოდინი დადასტურებული და ბეჭედდასმული. მისი თვალები ანგელოზის ბეჭედია, აპოკალიფსში როა, მგონი მეშვიდე… ქალბატონო, სანთელი რატომ გინთიათ ფანჯარაში? აბა, ირგვლივ მიმოიხედეთო, მითხრა. მიმოვიხედე და რას ვხედავ, თითქმის ყველა სარკმელი განათებულია… მხრები ავიჩეჩე. კი, მაგრამ, დაგავიწყდათ, დღეს ხომ შობ… და ამ დროს სოფლის სასაფლაოს პატარა ეკლესიიდან, რომელიც „წმინდა გიორგის“ სახელს ატარებს, გაისმა პტარა ზარის წკრიალა ხმა. ნეტა ვინ ავიდა იქ? ნუთუ ასე ამერია დრო? არა, ქალბატონო, გამორიცხულია, დღეს რომ შობა იყოს… და მივაშტერდი ძუძუებზე, რომლებიც რაღაც მისტიკურ ნისლში გახვეულიყო, ჩავთვალე რომ ეს მისი რელიგიურობის ნიშანი იყო, მაგრამ ცოტაც და რაღაც უცნაური სუნიც მეცა, ეს კი აშკარად არ არის საკმევლის სუნი, უფრო ახლად აშიშხინებული ხორცის ნაჭერია. ქალბატონო, მგონი თქვენ ცეცხლი გიკიდიათ ძუძუებზე. მან დაიხედა და კივილი მორთო. ერთი შევნიშნე, ოთახში ვიღაცები ტაშტებით დარბოდნენ. წამოვედი. მაინც რა არის ეს წმინდა დღესასწაულები. რელიგია. შობის სანთლიდან ძუძუებზე ცეცხლი წაეკიდა. ნუთუ ვერ ხვდებით მცირედ მორწმუნენო, ეს არის „წმინდა გარდამოსვლა“ იერუსალიმში. მცირე მასშტაბით სასწაულის გამეორება, მაგრამ იერუსალიმის წმინდა ცეცხლისგან განსხვავებით შობის სანთლიდან გადმოსული ცეცხლი წვავს, როგორც ხორცს, ისე სულს… გამოვბრუნდი. ვაკვირდები სახლების ფანჯრებს. თითოეული მათგანი მართლაც რომ ალექსანდრიის შუქურას ჰგავს. ყველა ანათებს, მინათებს სავალ გზას, ისე რომ დამავიწყდა კიდეც ჩემი შარვლის ჯიბეში განთავსებული ნათლის ღრუბელი, ლამპარი ჩემი ბილიკებისა. მივყვები სინათლის გზებს და ვგრძნობ, სახლს ვუახლოვდები, მგონი დავინახე კიდეც. მთელ სოფელში მხოლოდ ისაა ჩაბნელებული. არანაირი სინათლის სხივი, სრული წყვდიადი. რა მარტივია სინათლეში სიბნელის დანახვა. ორი საწყისი, ორი პარალელური წრფე, რომელიც სადღაც უსასრულობაში გადაიკვეთება და ყველა პოეტი თავისებურ დასკვნებს გააკეთებს. ბევრი მისტიკოსი დუმილს მიიჩნევს რელიგიის მთავარ მიღწევად, ე. ი. მართლა მარიამ ღვთისმშობელია ქრისტიანებისთვის ყველაზე დიდი მაგალითი. თუმცა ეს საეჭვო თეზისია, ის უფრო მაშინ დუმდა, ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა. ნეტა იოსებმა მოასწრო გაქრისტიანება? მარიამმა ქალებს მისცა სიჩუმის მაგალითი, მაგრამ ამ მაგალითმა ძალიან ცუდად იმუშავა ისტორიაში. ჰაჰაჰაჰა. სიცილი. გაცინება მხოლოდ ადამიანზეა შესაძლებელი. ქუდზე არასდროს გაგეცინება, თუ ის ადამიანს არ ახურავსო, ჩაწერილი მაქვს, ის ბრმა მეუბნებოდა. ბრმებს ნაკლებად გვაქვს იუმორის გრძნობა, იუმორი თვალის თვისებაა. ისინი კი მოძრაობას აკვირდებიან, ბგერის აღქმის გარეშე, ვთქვათ, ცეკვას მუსიკის გარეშე, მომღერალს სიმღერის გარეშე, არადა, სწორედ მათ არ შეუძლიათ სიცილი, ვისაც ყველაზე მეტად ეცინებაო. ჰო, ყრუ-მუნჯებს გულისხმობდა. მგონი ესეც სასაცილოა. დაგვცინიან, მაგრამ ვერ იცინიან, ჩვენ კი დავცინით, რადგან, დაგვცინიან და ვერ იცინიან. ისინი მხოლოდ ჩვენ დაგვცინიან, ჩვენ კი მათაც და ჩვენს თავსაც. რთულია. სამყაროს არარეალურობა მანცვიფრებს, თითქოს ვისწავლე კიდეც ჩემი თავის დადანაშაულება ყველაფერში, რათა საჯელის სიმძიმე რაღაცნაირად გავამართლო, ვგულისხმობ სახლში არდაბრუნების შეუძლებლობას, მაგრამ, მგონი მაინც არსებობს ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ადამიანური იმპულსები, რაც დავივიწყე, სანაგვეზე გადავყარე, ისიც კი დავივიწყე, რომ დავივიწყე, მაგრამ აგერ თურმე ამომიტივტივდა, მაიძულა რაღაცის შეუძლებლობის შეუძლებლობამ და რაღაცის შესაძლებლობის შესაძლებლობამ, რომ მეღიარებინა უძლურება, გამკლავება სასჯელთან, რომელსაც კრიტერიუმი არ გააჩნია. სასაფლაოს ფერდობი ჩამოვირბინე, მდინარის ხიდიც გადავკვეთე, სანთლის მკრთალი შუქით განათებულ ფანჯრებსაც ჩავუარე, ერთგან მივაკაკუნე კიდეც, ახლა ვფიქრობ, ისევ ფერდობზე რატომ ვგრძნობ თავს, ვეშვები, მივსდევ სინათლის გუნდას, ვეშვები, მოვქრი, იმ ბრმის სხეულთან შერწყმული და გათავისუფლებული, მეც დავბრმავდი პატარაობისას, ამის შემდეგ სულ სინათლის მსუბუქი გუნდა დამატარებს, ჯერ არაფერს დავჯახებივარ, არც არასდროს წამომიკრავს ფეხი ქვისთვის, თითქოს ის ლამპარია ჩემი ფეხებისთვის, მეც დავატარებ, ტვინი მაქვს განათებული, ვხედავ! მაგრამ ახლა ვხვდები, დროის გასვლასთან ერთად ეს გუნდა დნება, პატარავდება, სამყარო ცდილობს ბოლომდე დამაბრმაოს და წყვდიადში ჩამძიროს, გუნდა პატარავდება, სახლში ვბრუნდები, ნუთუ ყველაფერი ლაგდება და თავის საწყისს უბრუნდება?

სიცილი მეხსიერებას აღვიძებს – სასაცილო ჰიპოთეზაა! ჰაჰა, თითქმის ყველაფერი მახსენდება, ყველაფერი… ვეღარ ვაკავებ მეხსიერებას, პრეისტორიული ფესვები მექაჩება, არადა, ფესვებს თითქოს მოწყვეტილი ვარ, ფეხსაცმლის თასმაში ჩაწნული, მიწიდან ამოგლეჯილი წმინდა ყვავილივით. ფეხებით მივათრევ მეხსიერებას და გადაღლეტილი ხელებითა და დასისხლიანებული სახით ვცდილობ აქცენტების დაბალანსებას. რა დიდებულია, ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი! ფილოსოფიური დასკვნაც კი გავაკეთე: თანამედროვე Homo sapiens-ი სამყაროს ნუმერაციული თუ არა, ნუმეროლოგიური ერთეულია ტრანსცენდენტურისა და იმანენტურის გარეშე, ადამიანი თავისთავად, ზედაპირული, აქ და ახლა. სინამდვილეს სიღრმე არა აქვს. მორჩა. მეხსიერება თითქმის დამიბრუნდა და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ: – აი, მოვდივარ მე, უხილავი ადამიანი. იქნებ დიად მეხსიერებას ვემსახურები… ? არ ვიცი ეს ამაღლებული რელიგიურ-პოეტური ტონი როგორ დავარეგულირო, უარი უნდა ვთქვა ზოგიერთ სიტყვაზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა – „დიადი“… დიადი არავინაა, უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ადამიანი იმდენად დაუცველია, რომ შეუძლებელია ღმერთი არ არსებობდეს! ეს მე-8 არგუმენტია, რომელიც ადრე მოვიფიქრე, მოგეხსენება, მე-6 კანტმა, ხოლო მე-7 ბორხესმა მოიფიქრა, ორნითოლოგიური არგუმენტი… და დაისვენა ღმერთმა მე-7 დღეს და ევოლუციამ დაასრულა მისი დაწყებული საქმე… ჰოდა, რას ვყვებოდი, კვლავ ჩავიარე სანახშოსთან და პავლე ისევ ისე დგას, გველშემოხვეული ჯოხი აღარ უჭირავს და ბუტბუტებს, ამჯერად მგონი საერთოდ ვერ შემამჩნია. გავჩერდი. სუნთქვის შესაკავებლად თოვლი თავზე წავიყარე. დავჯექი და გაფაციცებით ვუსმენ, ვცდილობ სიტყვები გავარჩიო… არა, რას ბუტბუტებს ასე გაშეშებული მაინც? ან ხელები სადა აქვს, ხელებს ვერ ვხედავ? თურმე სულ ახლახან ვინმე მაძებარს ამოუვლია, მ მ მ მ მო, მო, მო… (ღმერთო გაახსენე!) ჰო, მოსე მქვიაო უთქვამს, მოიცა, ჩუუუუ, კი, კი, მოსე, ძაღლთან ერთად ყოფილა და უკითხავს, ის ხომ არ გინახავსო, ალაბათ მე მგულისხმობდა, აბა, „ის“ ამ არე-მარეში მარტო მე ვარ, სახელები ყველას აქვს. ამას უთქვამს, როგორ ვნახავდი, ბრმა ვარო. კარგიო და ძაღლისთვის უბრძანებია, ბოლივარ, ეძებეო! ძაღლსაც ჯერ პავლეს ირგვლივ შემოურბენია რამდენიმე წრე, დაუყნოსია, უკანა თათებზე დამდგარა, წინები სხეულზე გველივით შემოუხვევია, მისთვის ხელები აულოკავს, ამას ხელებში შეგრძნება დაუკარგავს, თითქოს აღარც მაქვს ხელებიო, ჩაულაპარაკია, თითქოს გველისთავიანი ჯოხი აღარც მიჭირავსო, მოსეს უთქვამს, ამით გაუვალი თოვლის გაყოფა შემიძლია, დაგიბრუნებ აუცილებლად, შენ მაინც სულ აქ დგახარ და კვერთხი რაში გჭირდებაო… ძაღლისთვის დაუძახებია, ბოლივარ (თუ ბანგა?), გამომყევიო, და სასწარაფოდ ზევით, ტყისკენ გაუგრძელებიათ სვლა! ნეტა ვინ არის და რა უნდა? ან გზაში როგორ ამცდა, აქ სულ ერთი შარაა და მეც ზემოდან მოვდივარ… სასაფლაოსკენ ხომ არ აუხვია, მარჯვნივ, ვიწრო ბილიკით… გაუგებარია. მერე, ჩემამდე, ვიღაცას ჩამოუვლია, თოვლის ხრაშუნის და ლაწა-ლუწის ხმამ შემაშფოთაო, – ბუტბუტებდა პავლე, – გასაოცარი ის არის, რომ ველოსიპედით ყოფილა, უკითხავს, „ის“ ხომ არ გინახავსო? ამას უთქვამს, როგორ ვნახავდი, ბრმა ვარო და წასვლა რომ დაუპირებია ამას უკითხვას, კი მაგრამ, ველოსიპედით ამხელა თოვლში როგორ დადიხარო? ადრე ვისწავლე ამით თოვლში სიარული, ერთხელ ალპებში მთიდანაც კი დავეშვი, ზეცაზე თოკით ვარ გამობმულიო. ამას გაჰკვირვებია და სანამ გამოფხიზლებულა, ის უკვე იქ აღარ ყოფილა, თურმე ჩემ გარდა კიდევ არსებობს ვიღაც  „ის“, როგორც ჩანს, სახელი არც მას აქვს… ახლა თოვლში ნაკვალევს ვათვალიერებ და მართალია პავლე, ერთ ადგილას ვიწროდ გაჭრილი ზოლი შევნიშნე, მეორეგან კი საცერივითაა დაჩვრეტილი თოვლის საფარი, თუმცა მოძრაობის მიმართულებები ვერ განვსაზღვრე, როგორც ჩანს, იცის მოსე-გამომძიებელმა მსხვერპლს  როგორ აურიოს კვალი, ველოსიპედის მიმართულებას კი ვერასდროს განსაზღვრავ, რადგან მას თავის თავის საპირისპიროდაც შეუძლია მოძრაობა… საშინელებაა სრული სიმეტრია… გესმის, გეძებენო! – პავლემ. ეჰ, არადა, როგორ მეგონა, რომ ვერ შემამჩნია… გასაგებია-მეთქი, ჩავიბუტბუტე, თეთრი კამუფლიაჟი მოვიშორე, ცოტა სისხლის ლაქებიც მივაყოლე და გზა განვაგრძე. ვფიქრობ: ერთი ზევით წასულა, მეორე ქვევით, მე კიდევ შუაში ვარ მოქცეული და ქვევით ვეშვები… ქვიშის საათი ამოაბრუნეს… ქვიშა… ძალიან ჩამობნელდა, თითქოს უზარმაზარ წყვდიადში შევდივარ. მოიცა, აი ისიც, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოვაძვრინე და დავაგორე, ნახე რა ნელა და ელეგანტურად მოძრაობს, ნებისმიერი სიბნელის გაფანტვა შეუძლია, მაინც რა ხარისხი აქვს სემიტურ ნათელს, წმინდა და აბსოლუტური, ათასწლეულების გასვლასაც კი უძლებს, აგერ სულ პატარა ნაწილი მინათებს და ლამისაა კაშკაშმა დამაბრმაოს, თან რეგენერაციის საოცარი უნარი აქვს… შევედი წყვდიადში, თუ წმინდა ნათელში, თუ როგორც არის და აქ სულაც არ არის დუმილი, რაღაც ხმები მესმის ზურგიდან, შორიდან, უკნიდან წამოსული, ქაოტური, ძალიან სუსტი და გაურკვეველი, შიშინისმაგვარი.  მხოლოდ ერთზე ვფიქრობ, ეს ნათელი ინდივიდუალურია, მარტო მე მინათებს თუ სხვაც დაინახავდა ჩემთან ერთად გვირაბის ბოლოს? მივდივარ ახლა აქ, სადაც ამდენი სინათლეა და ამდენი – სიბნელე და ათასი თეოლოგიური აზრი მომდის თავში… აი, მოვდივარ მე, უხილავი ადამიანი.  გაშეშებული. ეკლესიაში მდგარი ხის წმინდანივით, მარტოდმარტო. შემოპარული სიკაშკაშეში, უსათვალოდ. ბევრი ამბობს, რომ შიშმა შექმნა ღმერთები, არადა, მგონი ღმერთებმა შექმნეს შიში, ზოგმა ადამიანმა დაკარგა ის და თქვეს: შიშმა შექმნა ღმერთები. ჰაჰა, საინტერესო პარადოქსია. მართალია სიცილი სულაც არ გახლავთ თეოლოგიური კატეგორია, მაგრამ უამისოდ თეოლოგია არ გამოდის. გამოცანა: სიმონ კვირნელი ფიზიკურად დაუძლურებულ იესოს ჯვრის ზიდვაში დაეხმარა, ამით რომაელებს სასჯელის აღსრულება გაუადვილა, – სწორად მოიქცა? ეს რა ავადმყოფობა მჭირს, მხოლოდ ასოციაციებით ვაზროვნებ, ერთი წინადადების დალაგებაც კი არ შემიძლია ლოგიკურად. მაშ ასე: ახლა ყველაფერს ვხედავ, ოღონდ მხოლოდ წინ, უკან მოხედვა არ შემიძილია (ლოტის ცოლი კი არა ვარ), არადა ის შორეული ხმები მიახლოვდება, ზოგი ბგერის გარჩევა თითქოს შევძელი კიდეც: სსსსსიიი. ბბბააბბოოო. ქქქქქქსს. ნნნნგგგგგ. ბგბგბგნ. ჰოდა, ამ ბგერების ფონზე რატომღაც მომინდა ასოციაციურად კვლავ სიკვდილ-სიცოცხლის ბანალურ… კი არა, ბინალურობაზე დავფიქრებულიყავი. მოვახდინოთ ასეთი დაშვება: პავლე მკვდარია. მე გახლავართ ექს-გარდაცვლილი… ახლა წინიდან შემომესმა ხმები, დაახლოებით ასეთი: მგდმგდმგდმგდმგდვვვ… ხომ არ შევიშალე? ძნელია ასეთ უაზრო ხმაურში ჭეშმარიტებაზე ფიქრი. სინათლის ბურთი გაჩერდა. დავიხედე. აგერ შავი ჯვარი გდია თოვლზე, ბაწარგაყრილი. გავწყვიტე, გამოვაძრე, ბაწარი მოვისროლე. ეტყობა ჩემს საძებრად წამოსულ ერთ-ერთ სტუმარს დაეკარგა. მო, მო, მორ, მოს. მოს დაკარგვია. (საინტერსოა, კისრიდან როგორ მოსძვრა?) ავიღე და გზა განვაგრძე წმინდა წყვდიადში; ავიღე ჩემი ჯვარი, ვერაფერიც ვერ უარვყავი, უარსაყოფი არაფერია და, აი, მოვდივარ მე, იდუმალი ადამიანი, მუჭში ჩავიმარხე… მოვდივარ!.. გაჭირვებით მივიკვლევ თოვლში გზას იმისაკენ, რასაც საკუთარ დამარცხებას ვუწოდებდი, დამარცხებულად თავის წარმოდგენა რომ შემძლებოდა. იქნებ მას მერე… წარმოვიდგინე კიდეც, ანდა ვერც წარმოვიდგინე – ამას დრო სჭირდება. მაგრამ შინისკენ მიმავალ გზაზე მე, სიავეთა, ბოროტ ადამიანთა და უსუსური ხორცის მსხვერპლს, ამის წარმოდგენა არ შემიძლია. ჩემი მუჭიდან სისხლი მოწვეთავს და ფეხსაცმლის თასმაში ჩაწნულ, მიწიდან ამოგლეჯილ ყვავილს ეპკურება. ავიღე ჯვარი და მოვდივარ ექს გარდაცვლილი. პავლე მკვდარია. მეც მკვდარი ვარ. – აღმდგარი კაენი, საექსორიოდ გამეტებული. ქსილონ… ქს, ქს, ძაღლი, – აღწევს ხმა… ძელები გადაჯვარედინებული, შეხვედრის ადგილი X! გადაკვეთის წერტილი. მე მის საფლავზე. სექსი. ის საფლავში. თავთან ჯვარი. ზოგადად, ჯვრის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, – ვისაც სურს გამომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს ს ხ ვ ი ს ი ჯვარი და გამომყვეს. უარყოფის ლოგიკური თანმიმდევრობა ასეთია: კისერზე სხვისი ჯვარი ეკიდა, მეგობრის ნაჩუქარი.  ჯვარმა მკერდზე ხალი გაუჭრა, კიბო გაუჩნდა და მოკვდა. და აგერ, მის საფლავზეც ჯვარი! არ ჩამიწერია: მისი საფლავიდან ამოვგლიჯე, დავლეწე და ნაფოტები თოვლში მიმოვფანტე. ჯვარზე მოკვდა ის, ჯვარზე რომ არ მომკვდარიყო ეს, ყელზე არ ჩამოიკიდებდა და ხალიც არ გაეჭრებოდა და, და, და, და, და… ჯვარმა მოკლა ისიც და ესეც, ამიტომ შეუძლებელია  ის ჯვარზე მომკვდარიყო! ახლა ამას გადავაგდებ! ხელი გავშალე და გავიქნიე, მაგრამ ვერ გადავაგდე, სისხლი კვლავ მოწვეთავს ხელისგულიდან, დავიხედე და ჯვარი აღარ ჩანს, მგონი ხელისგულმა შეიწოვა და სამუდამოდ დამკვიდრდა იქ, მის წიაღში, ამას ვეღარასდროს მოვიშორებ, შევცდი, არ უნდა ამეღო, ასე მაგრად არ უნდა მომექცია მუჭში, მხოლოდ სინათლეც საკმარისი იქნებოდა, ახლა კი რა გამოვიდა, წმინდა წყვდიადის უცნაურ გვირაბში მივაბიჯებ ჯვართან შესისხლხორცებული, – ერთ სულ და ერთ ხორც, როგორც ჯვრისწერისას… აგერ კიდევ სინათლის ბურთიც… მოკლედ, ჩემი მსვლელობა, როგორც ერთმა მკვდარმა მეგობარმა მითხრა, გოლგოთაზე უსასრულო ასვლას ემსგავსება, თანაც ჯვარცმის ყოველგვარი იმედის გარეშე. მერე რა, რომ მე ვამბობ ამას და არა სიმონ კვირნელი, ხშირ-ხშირი შესვენებების ჟამს. კვლავ მესმის ბგერები: სსსსსიიიბბბააბბოოოქქქქქქსსნნნნგგგგგ… ახლა უფრო ახლოდან, მკვეთრად და ხანგრძლივად… ამ თეოლოგიურ ჯურღმულში, სადაც ახლა ვარ („ჯვარისყანა“ ჰქვია ამ გვირაბს), შეუძლებელია რამე აზრიან თემებზე არ დაფიქრდეს ადამიანი, უდროობოში ყოველთვის მეტია იმის შანსი, რამე ჭკუიანური თქვა, ასე მაგალითად, საინტერესოა: როდესაც სინდისი მქენჯნის, რატომ მინდება დაბანა? რატომ აქვს წყალს რიტუალური მნიშვნელობა და სულზეც როგორ ვრცელდება? – რატომ დაკარგა ადამიანის მოკვლამ აზრი, იმის გამო, რომ მას პირდაპის ეშმაკის გულში აქვს ფესვები გადგმული? – ვინ მოათავსა ადამიანში გადარჩენის ინსტინქტი: უმოქმედების უნარი, ეს ხომ საშინელებაა! და მაინც, რატომ შემიძლია ყოველთვის კედლიდან გადმოსვლა? – რატომ მიყვარს ეს სამყარო, რომელსაც სიღრმეში ვერაფრით გამოვდე ვნების კაუჭი, ამიტომაც ვარ ასე მოსაწყენად ერთფეროვანი და მართალი, სიტყვების კონსტრუქციებს კი მაინც მუსიკალურად ვაგებ? – რატომ ვარ ყოველთვის ყველაფერში მართალი, რაც უკვე ყელში ამომივიდა?! (ღმერთო ჩემო, მასწავლე როგორ ვიყო დამნაშავე, იქნებ როგორმე შევძლო შეცდომების დაშვება… წმინდა ვარ ქვიშასავით, დასჯილი!). – როგორ შეუძლია ზოგს თავისი გრძნობების გამოფენა, სარეცხის თოკზე გამოკიდებული საცვლებივით? – რას ნიშნავს ის, რომ ჭიპზე დავიჭერ ხოლმე მარჯვენა ხელის შუათითს და გათიშული ვსრეს გამეტებით, შემდეგ ტუჩებს მოვწკურავ, ენას მათ შუა განვათავსებ და ვნებით ვატრიალებ პირის აპარატს, თითქოს სოსკას ვწოვდე, სინქრონულად ვაყოლებ ტუჩების მოძრაობას ჭიპის სრესას, რასაც „ჭიპისწოვას“ ვეძახი? ადამს თუ ჰქონდა ჭიპი და „ჭიპისმოწოვის“ მოთხოვნილება? – ძირითადად ეს საკითხები მაინტერესებს. ჩემს ადგილზე, ამ გვირაბში, ასეთ სულიერ სიმაღლეზე, რომელიმე მკვეხარა რეალისტი ასე ილაპარაკებდა: შევაღწიე ჭეშმარიტების იდუმალებაში, ვიღაცამ კი ჩემს დუმილში შემოაღწია, ყველა ჩემს აზრს ხედავს… და ა. შ. ეჰ, როგორ მიყვარს უაზრო ადამიანები, დიდ საიდუმლოს არიან ნაზიარები. დუმილში, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად საგნები და ნევროზებია განტოტვილი, სოფლის თუ ქალაქის კარიბჭესთან მჯდომი ყველა ე. წ. ბრძენი საშინელი ფსიქოზით იტანჯება. მე ვეუბნები ფილოსოფოსებს, სასწრაფოდ მოიშორეთ ჭკვიანური გამომეტყველება, დაგვაცადეთ, არ ვებრძოლოთ ჩვენს თავს, დამიჯერეთ, ზედაპირულობას გარკვეული ქარიზმა აქვს და ქარიზმასაც მშვენიერი ზედაპირი აქვს!  ახლა რომ ვფიქრობ, მგონი აშკარად შემიძლია შორიდან ბგერების გარჩევა, მგდ. მგდ. გმ. გმ. გმ… სინათლის ბურთმაც სვლას უმატა, თითქმის ისეთივე სისწრაფით მიგორავს, როგორც წეღან სასაფლაოს ფერდობიდან დაეშვა, გავეკიდო? ახლა უკნიდანაც მესმის, ვარჩევ ბგერებს: ბნგ. ბოლ. ქს. ქს. დჭ. დჭ.აგშ. აგშ. ნაბიჯი ავაჩქარე, სწრაფად ვაგრძელებ სვლას წინ და აი, წინიდან უკვე აშკარად მესმის: მოგდევენ! გამოიქეცი! მოგდევენ! მოგდევენ! გამოიქეცი! გელოდები! გამოიქეცი! ვერ ვხვდები რა ხდება, ნებისმიერი სხვა ჩემს ადგილას თოვლზე გაწვებოდა და მყარად გადაწყვეტდა, აღარც წამომდგარიყო ფეხზე. მაგრამ, მე სხვა ჩამოსხმისა გახლავართ… გავრბივარ! უკნიდანაც უკვე აშკარად მესმის ქს მაგას, ბანგა (თუ ბოლივარ?!), ქსა, შეიპყარი, არ გაუშვა! გავრბივარ, მთელი ძალით მივდევ სინათლის ბურთს, რომელიც უკვე ბჟუტავს, ალბათ იმიტომ, რომ მდევარი დააბრკოლოს, გზა დაუბნელოს. ნუთუ ვინმემ ამ გვირაბში შემოაღწია? მოსე ხომ არ… კი, მოსე-მაძებარია. კვერთხი მომხვდა ბეჭებში, ნამდვილად კვერთხი იყო, ვიცანი. ინერციის ძალამ გამისროლა, ახლა უფრო სწრაფად გავრბივარ, სინათლის ბურთმა ოდნავ გაანათა, ღმერთო ჩემო, ეს რა არის, ჭიპზე ძაღლი მყავს ჩამოკიდებული, ძაღლიანად გავრბივარ, როგორ მოვიშორო, რა გავაკეთო? გამწარებულმა რაღაცნაირად ჯვრიანი მუჭი ჩავთხარე ხახაში! დაეცა და დაიკლაკნა, მერე აღარ ვიცი, უკან აღარც მიმიხედავს, მდევარს გამოვექეცი, მოსე ძაღლს ხომ ვერ მიატოვებდა განსაცდელში, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, მუცლიდან თქრიალით მომდის სისხლი, გამომაჭამა? სინათლის ბურთმა მკვეთრად გაანათა, გვირაბის ბოლო დავინახე, ეს ველოსიპედიანი… ჰო, ალბათ ისაა, პავლემ ვისზეც მითხრა, ეს მეძახოდა, მოგდევენ, გამოიქეციო? ამასაც მო, მო, მო ჰქვია? მო. მოახტი დროზე ველოსიპედს გავიქცეთო. მოვახტი და გავიქეცით. გვირაბი „ჯვარისყანა“ გავიარეთ და თავქვე დავეშვით. მგონი დავუსხლტით! არა, მაინც ვინ არის ეს მაძებარი და რა უნდა ჩემგან? ან მე ვინ ვარ? მომ იმ მდინრესთან, სასაფლაოსთან სინათლის ბურთი რომ ჩამივარდა, გააჩერა ველოსიპედი, ეს ერთადერთი მდინარეა ამ სოფელში, რომელიც ზამთარში არ იყინება, სისხლი მოიბანე, დაგელოდებიო, მითხრა. დავიხარე, იქვე ჩემს ფეხებთან სინათლის ბურთი ბჟუტავდა, საგრძნობლად დაპატარავებულიყო, ავიღე, მუცელთან მივიტანე, სისხლი თითქმის აღარ მომდის, მაგრამ, ღმერთო ჩემო, ჭიპი აღარ მაქვს! ბანგამ (თუ ბოლივარმა) ჭიპი გამომაჭამა. მოს გაეცინა: რა კბილები აქვს ასეთი, ეს ხომ ტექნიკურად შეუძლებელია? იკითხა. ვუყურებ. მერე ისევ მუცელზე დავიხედე და მობანვა გავაგრძელე, შედედებული სისხლისაგან ჭრილობა თითქმის მთლიანად გავისუფთავე. შემდეგ მომ დაგლეჯილი ჯემპრი შემომახია. შემობრუნდიო, მთხოვა. შემოვბრუნდი. ზურგზე გველის კვალი გატყვიაო. მივხვდი, ეს პავლეს კვერთხის მოხაზულობა მქომნდა ზურგზე აღბეჭდილი… შემდეგ, ხელჩანთიდან რაღაც თხელი ნაჭერი ამოაძვრინა, ჭიპზე ლეიკოპლასტივით გადამაკრა და მითხრა, ამიერიდან შენ ხარ იორდანეში განბანილი უკანასკნელი ადამი, რომელსაც ჭიპი აღარ აქვს! აი, მოვდივარ მე, უხილავი ადამიანი… – გავიფიქრე. ჩანთიდან ჯემპრი ამოიღო, თავზე გადამაცვა, ჯემპრს სქლადდაწნული ბევრჯერდახვეული თოკი ამოაყოლა და მითხრა, იქნებ სჯობდა ორივეს წელზე შემოგვერტყა ამ გრძელი თოკის ბოლოები და ასე გადაბმულებს გვევლო? რა უნდა მეთქვა, მუცელი წინ გავბზიკე, მომ თოკის ერთი ბოლო შემომახვია, მყარად შეკრა, მეორე ბოლო თავად შემოირტყა და რამდენჯერმე გადანასკვა, მითხრა, ახლა კი ყოველთვის ერთად ვიქნებით და ვიხეტიალებთ, სანამ სახლს მივაგნებთო, ეს არ მომეწონა, მაგრამ რაღა უნდა მექნა, თოკით ვყავდი მიბმული, როგორც ბავშვია ჭიპლარით დედაზე… დიდი-დიდი 20 მეტრით გავქცეულიყავი, თავისუფლების ილუზია შორს ვერ წამიყვანდა, თოკის გაწყვეტის შეუძლებლობის ძალა დამაგდებდა და ჭიპიც უარესად მეტკინებოდა. დავმორჩილდი, ველოსიპედის უკანა სკამზე დავჯექი, მო წინ მოთავსდა, ხელები მუცელზე მჭიდროდ შემოვხვიე და სანამ დავიძვრებოდით, ერთ ხელისგულში სიცარიელე ვიგრძენი, ალბათ ბოლოვარს (თუ ბანგას), როდესაც ხელი ამოვგლიჯე ხახიდან, ჯვარი მუცელში ჩავუტოვე, ამიტომ ვგრძნობ ხელისგულზე სიცარიელეს… იმან იკითხოს თორემ, მე კი გავთავისუფლდი. დავიძარით. წერა განვაგრძე (წერა მაშინაც შესაძლებელია, როცა ხელები დაკავებული გაქვს!). ეს ფრაზაც ჩავიწერე და ვაგრძელებ: ახლა, როცა ზურგზე მივეკარი მოს, სხეულზე ნაცნობი სუნი ასდის, მოლივით ხავერდოვანია მისი ტანსაცმელი, თავი ზურგზე მაქვს მიდებული და ოდნავ დახრილი, ხელები მის მუცელზე მილაგია და სავსე მთვარის მოყვანილობის სიმეტრიულ, მკვრივ დუნდულებზე ვაკვირდები, ველოსიპედის სკამი მთლიანად შთაუნთქავს… პროპორციებმა ამაღელვა. ეს ველოსიპედიც რაღაც ზღაპრულად მისრიალებს თოვლის გლუვ ზედაპირზე, სად ისწავლა ასე ტარება, კენჭებითა და ქვებით სავსე სოფლის შარაზე, თოვლში, გამოგონილი სამყაროს ტოტალურ ილუზიაში მივცურავთ, ვეშვებით ნაზად, ლბილად, თოვლის ხრაშუნის ხმა სიმძაფრეს მატებს თოკებით გადაბმული სხეულების ერთიანობას. თოვლზე გავლებული ზოლი, ბედისწერის შუაგულში გავლებულ ხაზს ემსგავსება, რომელსაც საშლელით შლიან. ეს სპონტანური ხაზებია, მთავარია ერთხელ გაივლოს… საშლელი, რაღაცის წაშლისას, თავის თავსაც შლის. აღარაფერი მტკივა. ტკივილი სადღაც გაუჩინარდა, აღარ არის. ჭიპი, ძლიერი ეროგენული ზონა, გამქრალია, ცენტრი წაშლილია. მითოსურია ეს სიახლოვე, – ზამთრის სუსხითა და ღამის წყვდიადით გამთბარი (აკი, მოგორავს კიდეც ჩვენთან ერთად სინათლის ბურთიც, ოდნავღა ბჟუტავს. მომ რამდენჯერმე დაუდევრად ველოსიპედით გადაუარა კიდეც). ირგვლივ ყველაფერი თეთრია. და აი, ვიგრძენი ის, რაც, ასე მგონია, რომ არასდროს მქონია ცხოვრებაში. უცნაურია. ცალი ხელი მოს მუცლიდან ავაცალე, მოვისინჯე, კი, მართალია, გამაგრებულია. მოს კვლავ შემოვხვიე ხელი. ერექცია. სიცოცხლის იმპულსი. მოლივით ხავერდოვან სხეულზე სუნი ასდის. რისი სუნია? მეხსიერების ფარგლებს გარეთ გამიყვანა. აქამდე მეხსიერება დაკარგული მქონდა, ახლა მის მიღმა ვარ გასული. ყველაფერს აწმყოში ვხედავ. ახლა წერტილშია თავმოყრილი ის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. მივხვდი! უდაბნოსფერი, მშრალი რიცხვების სუნი ასდის მოს მოლივით ხავერდოვან ტანისამოსს. უფრო სწორად, ციფრების კი არა, ერთი ტელეფონის ნომრის სუნი, რომელიც არის ქ მ ე დ ე ბ ა  და  მ ე ხ ს ი ე რ ე ბ ა: გათხოვდა. უკვე ისედაც აღარ მიყვარდა და მაინც ვურეკავდი. ქმარმა მიპასუხა, მლანძღა და მაგინა, გაანებე ჩემს ცოლს თავიო. ვეუბნები: განებებული მაქვს, რა ხანია აღარ მიყვარს, ის კი არა, ხეირიანად აღარც მახსოვს, უბრალოდ ტელეფონის ნომერს ვერ ვივიწყებ-მეთქი. ეგ როგორო? როგორ და ეს ნომერი ყველა ფურცლიდან და ტელეფონიდანაც ამოვშალე, ამოშლისთანავე ვინმეს რომ ეკითხა, რა ნომერი ამოშალეო, ვერ ვუპასუხებდი, მაგრამ მერე სიზმარში ვნახე ეგ ნომერი, იმის შემდეგ ვცდილობ გონებიდან წაშლას, მაგრამ არაფერი გამოდის-მეთქი. ციფრები როგორ ნახე სიზმარშიო? ციფრები არ მინახავს, რაღაცნაირად მთლიანი ნომერი ვნახე და გაღვიძებისას რიცხვებიც მშვენივრად მახსოვდა-მეთქი. მოიცა, დავუშვათ ნომერი გახსოვს, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა დაურეკოო?! ეჰ, ვერ გამიგე-მეთქი, ნომერი თუ გახსოვს, აუცილებლად დარეკავ! ექიმთან ვაპირებ მისვლას, იქნებ არსებობდეს დავიწყების რაიმე საშუალება? – ქმარი ჰუმანური ადამიანი აღმოჩნდა, – კარგი, ექიმებში სიარულს და ფულის ყრას, ვეტყვი ჩემს ცოლს და ნომერს გამოვცვლითო, ოღონდ იცოდე, მერეც თუ დაურეკავ, ასე და ასეო! გმადლობ-მეთქი. – თან გამეცინა, მერე როგორღა უნდა დამერეკა. ასე ერთ კვირაში ისევ გადავრეკე, იმავე ნომერზე. ისევ ქმარმა აიღო: ძმურადო, მეუბნება, მიდი ექიმთან, ჩემმა ცოლმა მითხრა, მაგ ნომრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თავს მოვიკლავო!.. იმკურნალე და სანამ განიკურნები, დაახლოებით ორი თვე გაძლევ ამ ნომერზე დარეკვის უფლებას, ოღონდ ზედმეტი არაფერი უთხრა, თორემ ასე და ასეო! კარგი, გმადლობ-მეთქი. ის იყო და ის, მე იქ აღარ დამირეკავს, ნომერიც დამავიწყდა ისე, რომ ექიმთან მისვლა აღარც დამჭირვებია. ის კი არა, ქმარმა აქეთ გადმომირეკა, რატომ დაგვივიწყეო? შემეშვი-მეთქი! რა ხდებაო? რა და წინა ლაპარაკის დროს, ორი თვე დარეკვის ნება რომ დამრთე, გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, სასწრაფოდ სახლში გავიქეცი, შხაპი უნდა მიმეღო, ჰოდა, აბაზანაში ბანაობისას უნებლიე ერექცია დამემართა,  შენი ცოლი ტელეფონის ნომერთან ერთად თესლს გამოვაყოლე და წყალმა წაიღო, შეუმჩნევლად კი გაუჩინარდა ტრაპში-მეთქი… ეს ვთქვი და: მაგას ვის ეუბნები, შენი დე… და გავუთიშე, ტელეფონი იქვე, მდინარეში გადავაგდე, მორჩა და გათავდა, ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდი. განვიკურნე. ფსიქოლოგებო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა კავშირშია ქმედება და მეხსიერება? ახლაც როგორი სიამოვნება განვიცადე, რომ იცოდეთ, დროისა და სივრცის მიღმური. აგერ თესლმა გამოჟონა ჯიბიდან, შარვალზე ლაქას ვხედავ და კრახმალის სუნიც მეცა, სუნი, რომელიც მოს, მოლივით მწვანე და ხავერდოვანი სხეულის სუნს შეერწყა. ნეტა თუ მიხვდა რა დამემართა? ცოტა კი შეიშმუშნა. არამგონია. გულუბრყვილო ჩანს…

© არილი