პროზა

ოთარ ჯირკვალიშვილი- გალაკტიონი

 ვუძღვნი აკაკი ბაქრაძის ხსოვნას                 

1.
თავისთვის რაღაცა ჩაილაპარაკა
უცნაური კაცი იყო ჩვენი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. მის ხასიათში ბევრ შეუსაბამობას აღმოაჩენდით. საპარიკმახეროსთან ჩავლილი ინსტინქტურად ქაჩალ თავზე მოისვამდა ხოლმე ხელს – როგორ არ შვენოდა მის საბჭოთა აკურატულობაში გადასულ პურიტანულ წესიერებას ეს სიქაჩლე. სქელ, ალუჩასავით დაბინდულ საბჭოთა სარკესთან მდგომს კოხტად დავარცხნილი თმა სწყუროდა. კაცს, რომელსაც თერთმეტი წლის შვილი მწერალთა კავშირის სხდომებზე დაჰყავდა ნამდვილ ინტელიგენტად აღსაზრდელად,  არ ჰქონდა პასუხი მარტივ შეკითხვაზე: რატომ იყო ქაჩალი?
ამ ავბედით დღესაც, როდესაც ცეკას პირველ მდივან შავდიას დავალებით დეკადენტ ოდილიანის პოეზიისთვის დედა უნდა მოეტყნათ, ბასრი კალმით შეიარაღებული თავმჯდომარის შვილი შავ ბლოკნოტში რაღაცებს ინიშნავდა. სხდომა თავმჯდომარემ გახსნა. სწრაფი ეფექტის მისაღწევად, მისალმების ნაცვლად, გამოსვლა მწვავე რიტორიკული შეკითხვით დაიწყო: „ამხანაგებო, როგორ ფიქრობთ, რამდენჯერ შეიძლება მივუტევოთ მავნებელს?! ახლა არ მითხრათ, სამოცდაათგზის შვიდჯერო… არა, მეგობრებო, არა და არა! ეგ ადრე იყო, ახლა დიდსულოვნება და მიტევება მხოლოდ სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს; ხელისშემშლელ, დამაბრკოლებელ ფაქტორებად დიდი აღმშენებლობის გზაზე. ამ გზაზე კომპრომისი ვერ იქნება, კომპრომისი ზოგჯერ დანაშაულს უტოლდება, ამას თაობები არ გვაპატიებენ! – უცებ პაუზა გააკეთა. შემდეგ, ყველას დასანახად, კალამომარჯვებულ შვილს მიაშტერდა. შვილმა დაბნეულობის გარეშე, თავდაჯერებულმა მიიხედ-მოიხედა და მამის უკვდავი ფრაზა წიგნაკში ჩაინიშნა. აუდიტორია დარწმუნდა, რომ ნამდვილ, უკომპრომისო, ინდუსტრიული სულისკვეთებით აღსავსე ახალგაზრდობასთან ჰქონდა საქმე. დიდებული რამ არის ადამიანში განზოგადების უნარი, გაიფიქრა თავმჯდომარემ და განაგრძო: – მაშ ასე, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე დივერსანტისა თუ ლიტერატურას მიტმასნილი ჯაშუშის გამოაშკარავება მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ეს პარაზიტები ტკიპასავით არიან აკრული ჩვენი სამშობლოს ჯანსაღ სოციალისტურ სხეულს და სუფთა სისხლს სწოვენ. ჩვენ ამას გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებთ. – ისევ შეყოვნდა, დარბაზს თვალი მოავლო, საბოლოოდ მზერა უკანა რიგებში მსხდომ პოეტებზე, ოდილიანსა და ავალაზე შეაჩერა. ამ დროს, ერთი კაცის გარდა, ყველამ მათკენ მიიხედა და… აუდიტორია გაიყინა – ეს იყო აბსოლუტური შეყოვნება, სტატიკურობის ონტოლოგიური გამოვლინება. ზიზღნარევი მზერის ობიქტებმა თავები დახარეს. უხერხულობის განსამუხტად მომხსენებელმა სწრაფად განაგრძო: – ნათქვამს ბევრს აღარაფერს დავამატებ. დანარჩენს უფრო კონკრეტულად მწერალი კოსტა არზაყანია მოგვახსენებს“. – დარბაზმა ტაში დაუკრა. ამასობაში წინა რიგებში ჩია კაცის გალეული ტანი ამოძრავდა, მარჯვედ გაძვრა-გამოძვრა და ტრიბუნასთან აღმოჩნდა. თავმჯდომარემ ხელი აღმართა – ტაში შეწყდა. საუბრის დროს კოსტას მხოლოდ ვიწრო შუბლი, მას ზემოთ ალაგ-ალაგ ასხმული თხელი ნაცრისფერი თმა და კეხიანი ცხვირი მოუჩანდა, არადა, სქელ წარბებში ჩაკარგული შავი გადმოკარკლული თვალებიც ჰქონდა, ჩაცვენილი ლოყებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პაპიროსის წევით გაყვითლებული მეჩხერი, ჭიანი კბილებიც. ოდნავ მაღალი რომ ყოფილიყო, თამამად შეიძლებოდა მისთვის გვეწოდებინა „მრისხანე სახის რაინდი“. დღესაც შეხვდებით ჩვენს საზოგადოებაში მარადიულად გაბრაზებული ფიზიონომიის ადამიანებს. ყველა სიკეთესთან ერთად, კოსტა პოზიორიც იყო, რაც მის სიმკაცრეს ოდნავ კომიკურ იერს სძენდა (სწორედ ამ პოზიორობის გამო იყო, ქალმა, რომელიც მოსწონდა, უარი რომ თქვა მასზე და ცოლად ოდილიანს გაჰყვა. დიახ, დიახ, სწორედ იმ ოდილიანს, რომლის წინააღმდეგაც დღევანდელ სხდომაზე კოსტა უნდა გამოსულიყო. როგორც ჩანს, ქალს მაშინვე ამოუვიდა ყელში კოსტას ბაქიბუქი და სიყალბე). მთლიანობაში რომ შევაფასოთ, მომხსენებლის სახის ნაკვთების შემხედვარეს აუცილებლად გაგახსენდებოდათ საფრანგეთის მეფის, ლუი მეთხუთმეტის ცნობილი გამონათქვამი: „ჩემ შემდეგ – თუნდაც წარღვნა!“ ცეკას ყოვლისშემძლე მდივანი შავდია ამ პირქუშ, კუშტ ადამიანს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა. იგი, ასე ვთქვათ, მსხვილი კალიბრის თავდამსხმელი იყო – სახიფათო პერსონების გასანეიტრალებლად. კოსტას შავდიას მოვალედ მიაჩნდა თავი, რადგან სწორედ შავდიამ ორჯერ გადაარჩინა  დახვრეტას თვითონ შავდიასგან. და აი, დარბაზში, სადაც ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებთ, კოსტა დგას ტრიბუნასთან, სიტყვის წარმოსათქმელად ემზადება და ყველასთვის მოულოდნელად შუა რიგებში ვიღაცამ რაღაცა ჩაიბუტბუტა. ნათქვამი, როგორც მალევე გაირკვა, მადლობა ღმერთს, არავის გაუგონია (ყოველ შემთხვევაში, ჩამლაპარაკებელს მაშინ ასე ეგონა). უცებ თავმჯდომარემ წამოიძახა: ამხანაგ გალაკტიონს ხომ არ სურს რამის დამატება, ოღონდ ისე, ჩვენც რომ გავიგონოთ?! გალაკტიონი შეცბა, წამოდგა, დაბნეული თავმჯდომარეს მიაშტერდა: – მე, მე… როგორ გეკადრებათ, ძამიკ… ამხანაგო ერეკლ… არა, არაფერი… – ეგ ეხლა არა, თორემ თქვენც მოგიწევთ, ამხანაგო გალაკტიონ, აუცილებლად მოგიწევთ! დაბრძანდით. ამხანაგო კოსტა, გისმენთ. – ამასობაში თავმჯდომარის შვილმა, ზურაბმა წიგნაკში რაღაცის ჩანიშვნა მოასწრო. კოსტამ, რომელსაც ძალიან უყვარდა სიტყვა „კორტნა“, ხელი ჰაერში შემართა და პათეტიკურად დაიწყო: „ამხანაგებო, ისტორიის განმავლობაში ჩვენმა სამშობლომ უამრავი განსაცდელი გამოიარა, ყოფნა-არყოფნის ზღვარზეც ბევრჯერ ვმდგარვართ, მუმლიც არაერთხელ დაგვხვევია, კლდეზეც ვყოფილვართ მიჯაჭვული და ყვავ-ყორანიც (მცირე პაუზა. დარბაზში ვიღაცამ ჩაახველა) გვიკორტნიდა ღვიძლს. ახლა რა ხდება? (აუდიტორიას თვალი მოავლო) აი, მთავარი შეკითხვა! ჩვენი სოციალისტური სამშობლოს ერთიან სხეულს ორი ფილტვი აქვს: რევოლუციური და ევოლუციური. ერთი ფილტვი 1917 წლის ოქტომბერში გაგვეხსნა და შვებით ამოვისუნთქეთ და, აი, მეორეც რომ უნდა გაგვხსნოდა და ჩაგვესუნთქა სუფთა ჟანგბადი, სწორედ ამ დროს გამოიჩეკნენ პატარ-პატარა მავნებლები. საუბედუროდ, მათ ჩვენს რიგებშიც შემოაღწიეს და ბურჟუაზიულ-მეშჩანური იდეების გავრცელებით სულს უწამლავენ და გულს, გულს… – აქ კოსტა ოდნავ დაიბნა და თავმჯდომარე წამოეშველა: „უკორტნიან“. – დიახ, დიახ, ამხანაგო თავმჯდომარევ, გულს უკორტნიან საბჭოთა ადამიანს“. – ასე ნელ-ნელა, ზოგადიდან კერძოზე გადასვლით, თავისი საშინელი მსჯავრით პითონივით სხეულზე ეხვეოდა კოსტა ახალგაზრდა პოეტებს – ოდილიანსა და ავალას; უახლოვდებოდა, ავიწროებდა, გუდავდა. ფრანც კაფკას თუ დავეყრდნობით, დაუსრულებელი ბრალდების პროცესი ნებისმიერ სასჯელს აჭარბებს თავისი სისატიკით – პროცესი შედეგზე მძიმეა. დარბაზში ყოფნა შეუძლებელი შეიქნა არამარტო ბრალდებულთათვის, არამედ ჩვეულებრივი მსმენელთათვისაც, კოსტა კი დიდი გზნებით განაგრძობდა ოდილიანისა და ავალას მორალურ განადგურებას. ისინიც მოიმჩვარნენ, თავები დახარეს, არარაობად იქცნენ – სხვა რა გზა ჰქონდათ. მომხსენებელი ახლა მათი დეკადენტური პოეტური ორდენის –  „ქიმერიონის“ დამფუძნებელს, იდეურ მამას, ემიგრაციაში გადახვეწილ ქართველ-გერმანელ მწერალს კარდუ როზენბერგს გადასწვდა (როგორც ჩანს, სხვა ქვეყანაში გაქცეული მტრის გამოგონება, რომელიც მუდმივ საფრთხეს უქმნის დამონებული მოქალაქის კეთილდღეობას, აუცილებელია ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმის ფუნქციონირებისათვის. იხ. ჯორჯ ორუელის „1984“). საოცარი ის არის, რომ ამ გამოსვლაში კოსტას კარდუ აუგად არ მოუხსენიებია. არადა, ყველამ კარგად იცოდა მათი ოდინდელი მტრობის ამბავი, კოსტას კარდუსთან ძველი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი… (ამაზე სხვა დროს, თუკი საშუალება მოგვეცემა, თუ არადა, გული არ დაგწყდეთ, მათი ურთიერთობის ამბავი დიდად საინტერესო არც არის. საბჭოთა მტრობის გაცვეთილი, ბანალური თავგადასავალია თავისი ჩაშვებებით, ინტრიგებით; სავსე ათასგვარი სიბინძურით. ერთს კი დავსძენ, კოსტამ და კარდუმ როგორც კი მწერალთა კავშირის ბაღში პირველად დაინახეს ერთმანეთი, ღრმად ჩაფიქრდნენ და ორივე მიხვდა, რომ… მოკლედ, ეს გახლდათ ჭეშმარიტი ერთი ნახვით შეძულება, რომელსაც მომავალი ვეღარაფერს დააკლებდა)… კოსტამ გულის ჯიბიდან რაღაც დიდი ფურცელი ამოაძვრინა, გაშალა და აუდიტორიაში ააფრიალა: „იცით, ეს რა არის? – ქაღალდი გაასწორა და აუდიტორიის გასწვრივ შემოატარა. – აგერ, ერთ მხარეზე, – თითი ფურცელზე მიაბჯინა. – ამათი მეგობრის, მოდერნ ყველიაშვილის დახატული კარიკატურაა: მიხაკისფერი ყანწით სვამს ამათი სულიერი მამა დამპალი ფაშიზმის სადღეგრძელოს, კარიკატურის ქვემოთ კი „ქიმერიონის“ წევრების ანონიმური მიმართვაა საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმებისადმი, სადაც ეს ვაჟბატონები, – ხელი ოდილიანისა და ავალასკენ გაიშვირა. ისინი ჩუმად, თავდახრილნი ისხდნენ. – აუმხედრდნენ და გმობენ თავიანთ იდეურ მამას. ამ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი – თუ მშობლის განადგურება, გაყიდვა შეუძლია ადამიანს, რას უზამს იგი სამშობლოს? – აქ მცირე პაუზა გააკეთა ამხანაგმა კოსტამ, აუდიტორიას საშუალება მისცა, ამ მრავლისმთქმელ შეკითხვას ჩაღრმავებოდა. თავმჯდომარის თერთმეტი წლის შვილმა კი შავ წიგნაკში ჩანიშვნით შემოუნახა ეს დიდებული რიტორიკული შეკითხვა შთამომავლობას. – ვაზს ყვავილობას არ აცდიან ეს, ეს… – კოსტა ჩაფიქრდა, რაღაცას იხსენებდა. – ეს ხვატარები! ჩემს შეკითხვას: რას უნდა ველოდოთ ასეთი ადამიანებისგან? პასუხი ამ ფურცელზევე გაეცემა, – კოსტამ ქაღალდი სწრაფად შემოაბრუნა. – აგერ, ამ მხარეს, მეორე მხარეს… – ხმა დაიწვრილა. – ამ თემაზე ლაპარაკიც კი მიჭირს… ანტისაბჭოთა მანიფესტი შეუდგენიათ ამ თვალთმაქც ადამიანებს. ფურცლის ერთ მხარეზე მამას კლავენ, მეორეზე – სამშობლოს, როგორ მოგწონთ? – ეს წინადადებაც უსწრაფესად და უზუსტესად ჩაიწერა თერთმეტი წლის ზურაბმა, კოსტა კი ლაპარაკს განაგრძობდა, ლაპარაკს კი არა, ფურცლიდან მანიფესტის ზოგიერთი ადგილი ამოიკითხა, მთლიანად წაკითხვისგან, გარკვეული მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა, ამიტომ ახლა თავად მომიწევს მანიფესტის მთლიანი ტექსტის მოყვანა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ადგილი მეც გამომრჩეს. კოსტამ კი მხოლოდ ის სტრიქონები გააცნო აუდიტორიას, სადაც წინადადების ბოლოს სამი ძახილის ნიშანი იყო დასმული. ეს ძახილის ნიშნები ვინ დასვა, კაციშვილმა არ იცის. მანიფესტის შინაარსი კი ასეთია:

ადამიანი ისხლეტს ტექნოლოგიებს და რჩება მაინც ადამიანად.
ეს არ ნიშნავს, რომ ევოლუციის იდეა უსარგებლოა,
რადგან იდეა სწორედ მაშინაა სასარგებლო,
როდესაც სინამდვილეს ვერ ასახავს.
რეალობა მკაცრია თავის ობიექტურ გამოვლინებაში,
რის გამოც ადამიანი ვალდებულია, მას ანგარიში გაუწიოს,
მასში სუბიექტური ელემენტი შეიტანოს და უწოდოს ღვთაებრივი;
ამით ყველა მოგებულია: სინამდვილეც, ღმერთიც, ადამიანიც და,
თქვენ წარმოიდგინეთ, ევოლუციაც.
ევოლუციას აქვს მკაცრი კანონები,
ახასიათებს ჩიხები და შეუცნობლობა,
სწორედ ამიტომ ვერ გადაჭრა საწყისის პრობლემა
და შერეკილივით ბრუნავს თავის თავში.
ამან განაპირობა ჩვენთან კომუნიზმის ჭინთვები:
ძველი ფორმების ნგრევა ახლის შექმნის შეუძლებლობის ფარგლებში
(„გამოწყობილა სიღატაკე მდიდრულ სამოსში“!!!);
წარმოშვა უარყოფილი სოციალური დარვინიზმის უარყოფა.
შედეგი: გადათელილი უმანკო ყვავილები!!!
„უხვად მოტანილი სისხლი და ცხედრები“!!!
ნორჩი სხეულები გაატარეს ისტორიის საკეპ დაზგაში!!!
მაგრამ ევოლუცია ჩიხში მაინც ვერ შევიდა, რადგან,
როგორც ამბობენ, კომუნიზმს ჩიხი არა აქვს და მარად ცოცხალია!!!
აქ მუშაობს დიალექტიკური ლოგიკის ვერტიკალი,
რომელიც ღმერთამდე ვერ აღწევს,
გაჭედილია მარადიულად დაბრუნების იდეასა და ინდეტერმინიზმს შორის.
„ო, მცენარეთა თავისუფლებავ, დედამიწაზე ერთადერთო თავისუფლებავ“!!!
ამ ილუზიის გამო ბევრი მარქსისტი გადაყლაპა სოციალური მოძრაობის ლევიათანმა
და ამოანთხია ლიბერალური დემოკრატიის (კაპიტალიზმის) სანაპიროსთან,
რის გამოც ისინი უკმაყოფილებას ვერ მალავენ,
ლიბერალური დემოკრატია კი ევოლუციის არქაული ფორმა გამოდგა –
იგი დაუნდობლად თქვლეფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,
ჭამს გრძნობებს, ემოციებს, ვერ ამჩნევს ინვოლუციის პროცესს და ა. შ.
თუმცა კაცობრიობას მასზე უკეთესი არაფერი გამოუგონია –
წარმოიდგინეთ კაცობრიობის მდგომარეობა!
„თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი დედა მოვტყან!“
დღეს ყველა ხვდება, რომ დარვინი, რიკარდო და მარქსი ჩვეულებრივი კრეტინები არიან,
რადგან კვლავ ბრუნდება ჭეშმარიტი მარქსიზმის ეპოქა,
როცა მარქსიც დათანხმდება მარქსისტობას და გავბრწყინდებით!!!
თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ მართალი აღმოჩნდება ნიცშე,
მარიონეტი აღმოჩნდება ლენინი
და ასრულდება დიდი ფრანგი წინასწარმეტყველის სიტყვები:
„სანაძლეოს დავდებ, რომ ადამიანი ისევე გაუჩინარდება,
როგორც ზღვის სანაპირო ქვიშაზე მოხაზული ფიგურა“,
და ოკეანის ტალღები, უკან, მომავალში, დარვინთან დაგვაბრუნებენ!!!
„თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი დედა მოვტყან!“

P. S. „ჩვენ ვიცით, ქვეყნის განახლება მას შეუძლია, ვინც პოეზიით მზეს ესალმება“!!!

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ მანიფესტიდან კოსტამ მხოლოდ მწვავე სამძახილისნიშნიანი ადგილები ამოიკითხა და გამოსვლის დასკვნით ნაწილზე გადავიდა: „ამხანაგებო, შეამჩნევდით, ალბათ, ამ ამაზრზენ ნაჯღაბნში ფრანგი სიმბოლისტებისა და ერთი ქართველი ვაიპოეტის ციტატებს. – კოსტამ შუა რიგებს გადახედა. შემდეგ თავის უცნაური, სწრაფი მოძრაობით მოულოდნელად უკანა რიგებში მსხდომთ მიაშტერდა დაჟინებით, ისე რომ, მთელმა აუდიტორიამ სახეზე აშკარად გამოხატული ზიზღით ოდილიანისა და ავალასკენ მიიხედა, თუმცა, ჰოი საოცრებავ, ოდილიანი იქ უკვე აღარ იჯდა. კოსტამ კი განაგრძო: – თქვენმა ფრანგულმა გამხილათ – ვიცით, ვისთანაც თანამშრომლობთ… – ჩუმად ჩაილაპარაკა. – საფრანგეთის ჯაშუშები! – ზემოთქმულიდან გამომდინარე ლიტერატურის პარტიულობის წმინდათაწმინდა პრინციპი გვკარნახობს, რომ… – და შენობაში ხმა გაისმა, ავისმომასწავებელი და უეცარი – მძიმე საგნის დაცემის ხმა. ეს ხმა ისეთი თავზარდამცემი იყო, რომ განადგურებული პოეტი ავალა უეცრად ფეხზე წამოიჭრა, სხდომის თავმჯდომარემ, ამხანაგმა ერეკლემ კი ინსტინქტურად ქაჩალ თავზე იტაცა ხელი!..


  1. დამნაშავენი

    იმ ეპოქაში იყვნენ დამნაშავენი, რომელთა დანაშაულის არსიც, უბრალოდ, მათ არსებობაში მდგომარეობდა. ამ შემთხვევაში არსება წინ უსწრებდა არსებობას. არსებობა არ არის გამართლებული, როდესაც ის გამზადებულ ფორმებთან შესახვედრად მზად არ აღმოჩნდება; აცდენილია, გაუცხოებულია… მოკლედ, არსებობამ ვერ ან არასწორად აირჩია საკუთარი არსება. სწორედ ამ სოციალური წინააღმდეგობის მოხსნას ცდილობდნენ სხვადასხვა უტოპიური საშუალებების გამოყენებით ძლევამოსილი საბჭოთა სახელმწიფო და მისი იდეოლოგია, უტოპიური ინსტრუმენტების გამოყენება კი რთული პრობლემების გადასაჭრელად, მოგეხსენებათ, სახიფათოდ ლოგიკურია და საბოლოოდ ვინმე terribles simplificaturs-ის (საშინელი გამმარტივებელი) აღზევებამდე დაიყვანება, ამიტომ იმ დროში ხშირად მოისმენდით ასეთ შეკითხვას: ნეტავი რისთვის ცხოვრობს ასეთი ადამიანი? და ამ ღრმად ეგზისტენციურ შეეჭვებას ან, თუ გნებავთ, პატიოსანი საბჭოთა მოქალაქის შეძრწუნებას ერთადერთი ლოგიკური პასუხი გაეცემოდა ხელისუფლების მხრიდან: ტყვია შუბლში. ტყვია არა შეკითხვის დამსმელის შუბლში, არამედ იმისი, ვის მიმართაც იგი დაისვა, თუმცა არცთუ იშვიათად ისეც მომხდარა, რომ ორივე მიუყოლებიათ ერთმანეთისთვის: კითხვის დამსმელიც და ადრესატიც. შეძრწუნებულ კოსტასაც სწორედ ამ ეგზისტენციურ-რიტორიკული კითხვის დასმა ჰქონდა მოხსენების ბოლოს განზრახული, როდესაც რამდენიმე წამით დაასწრეს და, როგორც უკვე მოგახსენეთ, შენობაში ავისმომასწავებელი ხმა გაისმა! შემაძრწუნებელი ხმაური, რომელმაც შენობის კედლებთან ერთად თავმჯდომარის მელოტი თავი და კოსტა არზაყანიას მტკიცე ხმა გაბზარა, იყო გასროლის ხმა. ხმის ექომ ცივი შენობის ოთახები დაიარა და სასიკვდილო გაზმორებად მოედო საგნებს. ამ ამბის შემდეგ ერთი მწერალი მეორეს პირად საუბარში უმტკიცებდა: ხმა იმდენად შემზარავი იყო, შენობაში კომუნიზმის აჩრდილი დავინახეო. მართალია, მეორე მოსაუბრემ გულის სიღრმეში ამ ხილვის რეალურობა არ დაიჯერა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს გულწრფელი საბჭოთა მწერლის მონათხრობში ეჭვის შეტანის საფუძველი. (საკითხისთვის სინათლის მოსაფენად ოდნავ გავასწრებ მოვლენებს): პოეტ ოდილიანის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გაზეთში დაახლოებით ასეთი შინაარსის ცნობა დაიბეჭდა: „მიმდინარე წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირში გამართულ სხდომაზე საფრანგეთის ჯაშუშობაში და სამშობლოს ღალატში ამხილეს დეკადენტ პოეტთა მცირე ჯგუფი. უნდა ითქვას, რომ მათ პოეზიას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ პოეზიასთან, რადგან შეუძლებელია, დივერსანტებმა და პარაზიტებმა კარგი ლექსები წერონ. ადამიანი ჯერ კაცად უნდა ვარგოდეს, ხელოვნების ნაწარმოების შექმნა რომ შეძლოს. ეს ჯგუფი კი თავისი ნიჰილისტური შხამიანი ლექსებით გონებას უწამლავს ოპტიმისტურად განწყობილ, აღმშენებლობის ჟინით შეპყრობილ მშრომელ საბჭოთა მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე მხილების პროცესი ჰუმანურად, ასე ვთქვათ, სოცრეალისტური მორალის წესების დაცვით წარიმართა, რამაც იმდენად იმოქმედა ზემოხსენებული გზასაცდენილი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე, კერძოდ ოდილიანზე, რომ მან სინდისის ქენჯნას ვეღარ გაუძლო, სხდომის მიმდინარეობისას ოთახიდან შეუმჩნევლად გაიპარა და მწერალთა კავშირის შენობის ორანჟერეაში წინასწარ გადამალული სანადირო თოფიდან გასროლით მოისწრაფა სიცოცხლე. როგორც ირკვევა, ჩვენი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ამხანაგი ერეკლე, ოდილიანში აღძრულმა სინდისის ქენჯნამ გადაარჩინა, რადგან, როგორც მისმა მეგობარმა ავალამ განუცხადა გამოძიებას, ოდილიანს ორლულიანი თოფით ჯერ თავმჯდომარე უნდა მოეკლა, შემდეგ კი სუიციდით დაესრულებინა სიცოცხლე. აი, რა ძალა აქვს საბჭოურ მხილებას! ფაქტი ერთია: ოდილიანმა ამ ნაბიჯით მაგალითი მისცა სხვა მოღალატეებს… უმჯობესია, მათ თავად გამოააშკარაონ საკუთარი თავი, სანამ პროლეტარული ძალა გილიოტინით ხელში დაუკაკუნებდეთ მოყანყალებულ ბურჟუაზიულ კარზე. საერთოდ, ასეთია ბოლო ყველა დამნაშავისა…“3.
    გზად შეშლილ პოეტს გადაეყარა

    …მაშ ასე, იმ საბედისწერო დღეს მწერალთა კავშირიდან გამოსულ გალაკტიონს სოლოლაკის ჩამოსახვევთან უეცრად პოეტი „წყალწაღებული“ შეეფეთა. საინტერესო ის არის, რომ პოეტს ეს ფსევდონიმი ღრმა ბავშვობიდან გადმოჰყვა (თუ რატომ, ამაზე ოდნავ ქვევით) და, როგორც ამბობდნენ, ახლაც ძალიან უხდებოდა. ასეთი დაუწერელი წესი არსებობს: თუ სოფელში ბავშვობაში რამე შეგარქვეს, ეს შენი ბედისწერაა. სწორედ შერქმეული სახელის მნიშვნელობის მიხედვით მოგიწევს დარჩენილი ცხოვრების გატარება. ალბათ, ამას უწოდებენ ხალხის გენიას, რომელიც შეუმცდარია. თუმცა ბოლომდე მაინც გაურკვეველია, შერქმეული სახელის მნიშვნელობის მიხედვით იმიტომ ცხოვრობს ადამიანი, რომ ხალხმა ასე უწოდა, თუ იმიტომ უწოდეს ასე, რომ წინასწარ განჭვრიტეს რაღაც. როგორც ჩანს, ეს დილემა ბიბლიურ დროშიც არ იყო ბოლომდე დაძლეული, მაშინ ხშირად უცვლიდნენ ადამიანს სახელს, რასაც პროვიდენციული მნიშვნელობაც ჰქონდა… მთლიანობაში მაინც რთულია იმის განსაზღვრა, განჭვრეტა უსწრებს წინ ნებას თუ პირიქით. პოეტი „წყალწაღებული“ მეტისმეტად ახირებული ვინმე გახლდათ, თითქმის შეშლილი. შეშლილობა კი, მოგეხსენებათ, იმ ეპოქაში ერთგვარი ალიბი იყო. ხშირად გაიგონებდით ჰეგელის ცნობილ მაქსიმას: გიჟი თავისუფალია, ე. ი. მას არ ასამართლებენ. რა უნდა ინატროს ხელისუფლებამ ოპოზიციონერ გიჟზე (აბა, საბჭოთა სამოთხეს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი არ აუმხედრდება) უკეთესი. ამიტომ გამართული ფუნქციონირებისთვის სისტემა უშვებდა რამდენიმე ნიჭიერი გიჟის არსებობას – აკი, საბჭოთა გიჟები ყველაზე ჭკვიანი გიჟები იყვნენ მსოფლიოში. აქვე გაგახსენებთ, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში ისრაელში არსებობდა „თავშესაფარი ქალაქი“, რომელშიც იკრიბებოდნენ დამნაშავეები – თუ დამნაშავე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ამ ქალაქში შეასწრებდა, იგი ხელშეუხებელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ სიგიჟე საბჭოთა კავშირში ერთგვარი თავშესაფარი ქალაქის ფუნქციას ასრულებდა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოეტ „წყალწაღებულს“, გარდა სტიგმისა, რომელიც საზოგადოებამ შუბლზე და მარჯვენა ხელზე ამოუტვიფრა („გიჟი!“), ბუნებრივი მონაცემებიც უხვად უწყობდა ხელს, ამიტომ სრულყოფილად ასრულებდა მასზე დაკისრებულ როლს („თუ სრულყოფილად ასრულებ გიჟის როლს, ე. ი. გიჟი ხარ!“. ჟან ბოდრიარი). თანაც, რა ადვილია პოეტს გიჟი უწოდო – ეს ორი სიტყვა ხომ თითქმის სინონიმებია. მოკლედ, ამბობენ, სოფელს ერთი გიჟი უნდა ჰყავდესო და ჰყავდა კიდეც მწერალთა პრივილეგირებულ კასტას პოეტი „წყალწაღებული“, რომელიც, რა თქმა უნდა, მწერალთა კავშირში არ მიიღეს, რადგან, რომ მიეღოთ, მაშინ სერიოზულადაც უნდა აღექვათ, სერიოზულად აღქმა კი მეტისმეტად სახიფათო რამ გახლდათ იმ დროში. აქვე შევნიშნავ, რომ პოეტ „წყალწაღებულს“ ეს ფსევდონიმი არა რაიმე მორალური მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ სწორედ მისი ახირებული, უკომპრომისობაში გადასული მეამბოხე ხასიათის გამო უწოდეს. ერთხელ, ბავშვობაში, როდესაც ექვსი წლისა იყო, წალენჯიხაში მამამ საბანაოდ წაიყვანა. მდინარის ნაპირას ბევრი ხალხი ირეოდა. მამამ შვილს ხელი ჩაჰკიდა და მდინარეში შეიყვანა. უცებ ბავშვს მდინარემ ჩუსტი მოსტაცა და იმანაც ღრიალი მორთო, – მამა, ჩუსტი დაიჭირე, დაიჭირეო! იმხელას ყვიროდა და მოსთქვამდა, რომ იქ მყოფთაგან ყველა მამა-შვილს მიაშტერდა. დაბნეულმა მამამ მართლაც გაუშვა შვილს ხელი და ჩუსტს გაეკიდა. სანამ დაეწეოდა, უკან მოიხედა და ბავშვი ადგილზე აღარ დახვდა – მდინარემ ახლა ბიჭი გაიტაცა; მამამ ჩუსტს თავი ანება, შეშლილივით გადახტა წყალში, შვილს ხელი წაავლო და ნაპირზე ამოათრია, ბავშვი კი კვლავ ისტერიკაში იყო, თითქოს მდინარეს არც წაეღოს, ჩემი ჩუსტი, ჩემი ჩუსტი დამიბრუნეთო, გაიძახოდა. ამ ყველაფრის შემხედვარე ერთ-ერთმა სეირის მაცქერალმა მოულოდნელად წამოიძახა: „წყალწაღებული!“ და დაიწყო და რა დაიწყო, მთელი სანაპირო ახარხარდა. შეშლილებივით იცინოდნენ, თან გაიძახოდნენ: „წყალწაღებული“, „წყალწაღებული“ – და სიცილით ცვიოდნენ წყალში. ის იყო და ის, მეორე დღიდან ბავშვს ყველა „წყალწაღებულს“ ეძახდა. ჩვიდმეტი წლის ასაკში, როდესაც რაიონის ჟურნალში პირველი ლექსები გამოაქვეყნა, ჯიბრზე ფსევდონიმად სწორედ „წყალწაღებული“ აირჩია… ჰოდა, ეს პოეტი შეხვდა გზაში გალაკტიონს. „წყალწაღებული“ თანამედროვეებში მხოლოდ გალაკტიონს აღიარებდა პოეტად, კონკურენტად აღიქვამდა და ხშირად ეჯიბრებოდა კიდეც. ერთხელ, ამ შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე, „წყალწაღებულს“ გალაკტიონი სახლში ეწვია, რადგან კარგა ხანს აღარ გამოჩენილა და იფიქრა თავს რამე ხომ არ აუტეხაო.
    სიგიჟის ზღვარს მიახლოებული პოეტი „წყალწაღებული“ კი ტახტზე ეგდო და სახლის ჩამონგრეულ ჭერს მიშტერებული ბუტბუტებდა: „მაგათთან … ურთიერთობას მართლა ჯობს ოთხ კედელში გამოკეტილი სახლში ეგდო, ნელ-ნელა ხმებოდე და ბევრს ფიქრობდე პოეტური ლიცენციის თავისებურებებზე, შენს მდიდარ ბუნებაზე, რომელთან თანაფარდობაშიც სიცოცხლე აშკარად მოიკოჭლებს, რაც გაიძულებს, გამოიგონო ასეთი პოეტურ-მკრეხელური ფრაზები: „მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე“, „მინდა, ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი“ და ა. შ. ყურში კოღო ჩაგწუოდეს ან „დების სიმღერასავით“ ჩაგესმოდეს: „სადღაც სიშორეში, როგორ კვნესის როიალი…“ თან, იმედებისგან მოსვენებული, დღიური საზრუნვისგან თავისუფალი სახლში შემოსასვლელ კარს აკვირდებოდე, რომლის სახელურზეც მიმხმარია შენი სპერმის წვეთები, რაც სიმბოლოა შურისძიების ეფემერულ, ექსტაზურ, ილუზორულ-ტრანსცენდენტურ სამყაროში გასასვლელი დაგმანული კარისა!..“
    და ამ ფიქრებში კარის სახელურმა მოძრაობა დაიწყო – ჯერ ქვევით ჩამოიწია, მერე ზევით, მერე ისევ ქვევით… „ალბათ, მელანდება, არავის გავხსენებივარ, საუკუნეა, დავიჯერო, თავად ღმერთი მესტუმრა?“ ოდნავ შეღებული კარის ნაპრალიდან ხმა შემოესმა, ადრე სხვანაირი, ახლა შეცვლილი, მაგრამ ცვლილება არ უშლის ხელს მიხვედრას!.. ნაცნობმა ხმამ გამოსცა ცნობილი წინადადება: „სახლში ხარ, ძამიკო?“ –  მიუახლოვდა. – „რა ხანია, აღარ გამოჩენილხარ. აბა, რა მოგივიდა, ძამიკო?“ შემომსვლელს კარი ნახევრად ღია დარჩა, ასე შემოიტანა თავისი მძიმე სხეული და ასთენიკური ჰაბიტუსის ავადმყოფს კუბოსავით მაგარ ტახტზე ფერხთით ჩამოუჯდა. მართლა ღმერთს გავხსენებივარ, გაიფიქრა მასპინძელმა.
    – შენი ლექსი ამეკვიატა, ძამიკო. ეს დღეები სულ ეს სტრიქონები მიტრიალებს თავში: „და მამაჩემი ბედნიერია, და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა“. თან მეცინება, ნიცშეს შვილი არ ჰყავდა და მამაშენი რანაირად იყო?
    – არ მომწონს შენი ცინიკური ტონი, – ძლივსგასაგონად თქვა შეშლილმა პოეტმა. – მგონი, არც ვერლენი ყოფილა მამაშენი… იმან ცოლ-შვილი არტურ რემბოს საყვარლობაში გაცვალა. დიდი გარყვნილი ვინმე იყო…
    – ჰი, ჰი, ჰი, მართალი ხარ, ძამიკო, მართალი, მაგრამ მე სხვა რამ ვიგულისხმე!.. აი, ჩვენ მაგარ ლექსებს ვწერთ, შენი MEMENTO MORI ეხლაც ზეპირად მახსოვს. ნიცშე გენიალურ შრომებს წერდა, ჩვენი ილია – ბრწყინვალე პუბლიცისტიკას; თუმცა, არც ნიცშეს, არც ილიას, არც მე და არც შენ შვილები არ გვყავს, ჰი, ჰი…
    – ეხლა შენ თუ ისე მოსულხარ ჩემთან, როგორც დიდი პოეტი პატარა პოეტთან, აჯობებს, ადგე და წახვიდე!
    – არა, ძამიკო, არა, შენ ჩემზე დიდი პოეტი ხარ! შენ იცი, ბავშვები ძალიან მიყვარს, ლექსების ციკლიც დავწერე მათზე: „მიეცით ბავშვებს სასუფეველი!..“ უბრალოდ, მაინტერესებდა, რამ შთაგაგონა ის, რომ მამაშენი ფრიდრიხ ნიცშეა? ალბათ, ვერ პატიობ, მაშინ დახრჩობას რომ გადაგარჩინა… ჰი, ჰი, ჰი, ჰი…  რამე კავშირში ხომ არ არის გენია და უშვილობა? ისე, ბევრ გენიოსს ჰყავდა შვილები, მაგრამ მაინც რაღაც კავშირში უნდა იყოს ეს ამბები ერთმანეთთან, თორემ ბოზებს ხომ არ მივუძღვნიდი ლექსს „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ…“
    – ვერ ვხვდები შენი ცინიზმის მიზანს! – მკაცრად თქვა ავადმყოფმა, ამოიოხრა და, ისე რომ სტუმრისთვის აღარც შეუხედავს, მარჯვნივ კედლისკენ გადაბრუნდა.
    – კარგი, ძამიკო, წავალ ეხლა მე. დავმშვიდდი, ცოცხალი რომ დაგინახე.
    გალაკტიონი წამოდგა, ისე რომ უკან აღარ მოუხედავს, მძიმე ნაბიჯით ღია კარისკენ გაემართა, ხელი კარის შიდა სახელურს ჩაავლო და ძლიერად გაიჯახუნა, შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო და მთელი გზა ღრმა ფიქრებში წასული ხელებს იწმენდდა… „ეჰ, „წყალწაღებული“, მდოგვის მარცვალივით გაბნეული… თუუუმცა, კარგი პოეტი ხარ, პოეზიით ცხოვრობ; გინდა, პოეზიაში გაიწაფო, მე მაჯობო, სწორედ აქ უშვებ შეცდომას –  ხელოვნებაში მთავარი ღვთაებრივი დილეტანტიზმია, ვაგნერისეული – მუსიკაში, ვაჟასეული – პოეზიაში და ნიცშესეული – ფილოსოფიაში. საბოლოოდ, ყველაფერი გრძნობათა ინტენსივობამდე და რიტმის შეგრძნებამდე დაიყვანება. მოკლედ, კარგი გამტარი უნდა იყო, ხელოვნური ჩარევებით სულის მოძრაობა არ უნდა შეაფერხო, ხელოვანისგან არაფერს „ითხოვენ“, გარდა იმისა, რომ იყოს „გენიალური დილეტანტი“! პროფესიონალი ხელოვანი არც არსებულა და ვერც იარსებებს. პროფესიულად, უფრო სწორად, მეცნიერულად, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, შვილი რატომ ვერ გავაკეთეთ მე, შენ, ნიცშემ და ილიამ… ჰი, ჰი, ჰი, ჰი…“
    ასე დასრულდა მაშინ ეს გაუგებარი, შეიძლება ითქვას, ოდნავ დაძაბული საუბარი ორ პოეტს შორის. არადა, წესით, შეხვედრა სულ სხვაგვარად, ასე ვთქვათ, პოზიტიურად უნდა წარმართულიყო. ასევე, ეს იყო პირველი და უკანასკნელი სტუმრობა გალაკტიონისა შეშლილ პოეტთან. ახლა კი, ასეთ მძიმე დღეს, დამთრგუნველი სხდომის შემდეგ, სადაც ოდილიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაჩაბლის ქუჩის კუთხეში „წყალწაღებული“ უეცრად თავზე წამოადგა გალაკტიონს და აღელვებულები ერთად დაეშვნენ სოლოლაკის დაღმართზე:

    4.
    უცნაური საუბარი

    – არ მესმის, როგორ შეიძლება ეპოქა იყოს მნიშვნელოვანი, თუ ღმერთი არ ხარ?!
    – შენ ეს ეპოქა უმნიშვნელო გგონია, ძამიკო?
    – უმნიშვნელო როგორ იქნება, ახლა ხომ შენი ეპოქაა! ცხრაას შვიდამდე ილიასი იყო,  – ჩაიქირქილა.
    – სამაგიეროს მიხდი, ძამიკო, წლების წინანდელის გამო?
    – არა. სამაგიეროს გიხდი კონფორმიზმისთვის. შენც ერთი იმათგანი ხარ! – თითი მწერალთა კავშირის მიმართულებით გაიშვირა. – ეს ეპოქა, ამხანაგო გალკინ, გალიაში გამოკეტილი ღმერთების ეპოქაა. მგონი, კარგი ალიტერაცია გამომივიდა, – გადაიხარხარა. – შემოქმედი, რომელიც თავისივე შექმნილის დილეგში გამოამწყვდიეს; ნამდვილი აჯანყებაა! ამბოხი! ჰა, ჰა, ღმერთი თანამდებობიდან გადადგა.
    – მეც მაქვს ერთი ალიტერაცია შენთვის, ძამიკო. შენი აზრები დასახვეწია, ეგ ნახევარაზრებია. თითქოს ხავსს ეჭიდები. თუ გინდა, დასრულებულ ფორმებს მისწვდე, აზრი აგორაზე უნდა აგორაო, ჰი, ჰი, ჰი, ჰი…
    – ჰა, ჰა, ჰა… კარგი იყო, კარგი! მჯობნი ცინიზმში. მაინც რა მოხდა ამ დაწყევლილ სხდომაზე, გალკინ, ასეთი რა ხმა იყო? სახლში ვიყავი და ლოგინიდან წამომაგდო, მთელი ქალაქი შეძრულია.
    – ოდილიანმა ორლულიანი თოფიდან პირში ტყვია დაიხალა, – ეს თქვა და რეაქციის შესამოწმებლად თანამოსაუბრეს მიაჩერდა. შეშლილმა პოეტმა კი, თითქოს ამას რა ხანია ელოდაო, მშვიდად განაგრძო საუბარი:
    – ეგ ამხანაგი „ქიმერიონი“ დამპალი ნაბოზრების შესაკრებელია. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მათ თავებზე შავი ღრუბლები შეგროვდებოდა. – აქ კი გალაკტიონი შეცბა, შეყოვნდა და „წყალწაღებულს“ მიაშტერდა. მართალია, მასაც არ ჰქონია ქიმერიონის ჯგუფის წევრებთან დალხენილი ურთიერთობა, მაგრამ ასეთმა რეაქციამ გააოგნა.
    – მე… მე… აქამდე მეგონა, ძამიკო, რომ შენ „წყალწაღებულს“ სიგიჟის გამო გეძახდნენ და არა, არა… – აქ შეშლილმა პოეტმა აზრის დასრულება არ აცადა და თავად განაგრძო:
    – როდესაც თებერვალში ჩვენს ქვეყანას ღორების კოლტი შემოესია, ეგ შენი გონებაჩლუნგი პრივილეგირებული ჯგუფის წევრები ქალაქში აქტიურად უგვარებდნენ საქმეებს ათასი ჯურის ვერხოვენსკებსა და შიგალიოვებს, რამაც „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“. ხომ არ იცი, ვისი სიტყვებია? ჰა, ჰა, ჰა… ასე რამ შეგცვალა, ადრე სხვანაირად ჭიკჭიკებდი?!
    – ვიცი, ძამიკო, ყველაფერი ვიცი. დღევანდელ სხდომაზეც გაისმა ეგ სიტყვები, თან რაღაც წამომცდა… ნეტა, გაიგონეს? მგონი ვერ გაიგონეს, ძამიკო, როგორც შენ თქვი, მგონი, ჩემს თავზეც…
    – გროვდება და ღირსიცა ხარ! ფაუსტებადაც ვერ ივარგეს – სული არა აქვთ, ეშმას რომ შესთავაზონ. გამოგიყენა და გაგწირა. არასაინტერესო პერსონები! მითხარი, სად გაქრა მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა… შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, რა ხანია, გიცანი, – თითი ისევ მწერალთა კავშირის მიმართულებით გაიშვირა. – ნიჭით ხარ აღმატებული, მაგრამ ეგ ვერ გიშველის, მაგასაც მალე დაკარგავ, აგერ, ნახავ თუ არა! – და დაიწყო აბდაუბდა ლაპარაკი, რაღაც სტრიქონებს ურევდა ერთმანეთში: „ავად ვიყავი, ძალიან ავად… გადარჩება, ექიმებს ეკითხება… ან რა გადაგარჩენს, შენში დემონია, მე ანგელოსი ვარ, მალე ავმაღლდები… მე, მე ჩამოგართვი მეფის სახელი, უეჭველად მე ჩამოგართვი…“ ბოლოს გაქცეულს მიაძახა: „მალე შევხვდებით, გალაკტიონ, ძალიან მალე!“

    5.
    სასაფლაოზე

    როგორც იქნა, თავი დააღწია „წყალწაღებულს“. შეშინებული სახლშიც ვერ წავიდა. რა უნდა ექნა? მზიანი, სასიამოვნო შუადღე იყო. ისევ სასაფლაოსკენ აიღო გეზი. მძიმე წუთებში ყოველთვის მიცვალებულები ანუგეშებდნენ. იქ, სასაფლაოზე, ერთი პატარა მდელო იზიდავდა, თავისი სოფლის სასაფლაოს რომ აგონებდა. რამდენჯერ წამოწოლილა იმ მოლზე თვალდახუჭული. აი, ახლაც… ეჰ, ჩემო გალკინ… მაინც საიდან იცოდა იმ შეშლილმა ეს სახელი, ასე ხომ მხოლოდ ვერა მიმართავდა, ისიც პირად წერილებში?.. რომ ვაკვირდები, ყველამ ყველაფერი იცის, ვერაფერს დამალავ, ჩემო გალკინ, ვერაფერს. თვითმკვლელობა! ნახე, რა უბრალოდ, რა დაუნდობლად შეერია ოდილიანი აჩრდილთა საუფლოს – ერთი გასროლით! ნეტა, როდის მოასწრო იქ თოფის გადამალვა? ჭკვიანი ყოფილა… „შენც მოგიწევს, ამხანაგო გალაკტიონ, ამაზე დაფიქრება, აუცილებლად მოგიწევს,“ სახალხო პოეტი ხარ, ბოლოს და ბოლოს, რა კარგად თქვა იმ შეჩვენებულმა – ღმერთი, რომელიც თავისი შემოქმედების გალიაში გამოამწყვდიეს… „სახალხო პოეტი“ – ბომონზე მიტანილი თავისუფლება; მსხვერპლი და თავგანწირვა… უბედურებაა, როდესაც ხალხი არტისტად გაღიარებს: ითამაშე, ითამაშე, გაშალე ხელები, „ცეკვაში თითქოს ფრთებია შენი ხელების მტევნები…“ და გაეცი ის, რასაც შენგან მოელიან: ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო. ვინ იცის, ერთხელაც რა შეგიკვეთონ, ჩემო გალკინ, აი, მერე კი, მერე… გეყოფა ნებისყოფა? მთავარია, კარგად შეასრულო შენი როლი ადამიანურ კომედიაში, თორემ რას იტყვის შენზე შთამომავლობა? რასაც შეგარქმევენ, შენი ბედისწერაც ის არის, – ადრე უნდა მიმხვდარიყავი ამას, ჩემო გალაკტიონ… და მართლაც: რანაირად შეიძლება, ეპოქა იყოს მნიშვნელოვანი, თუ ღმერთი არა ხარ? პოეზიით ღმერთად ქცევა შეუძლებელია! ილუზიაა ყველაფერი, იისფერივით ეფექტური და უღიმღამო.
    მაინც რა იყო მისი ბავშვობა, სოფელში გატარებული წლები? სტროფებში შეტანილი მნიშვნელობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი ცხოვრება უცნაურად წარიმართა. ბავშვობაში არაერთხელ გამოსულა სახლიდან თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი და არაერთხელ აუყოლებია ხმა მდინარის მოგუგუნე ტალღების მონოტონურ ხმაურს. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად დაიწყო: ბავშვობა იყო მზით გამთბარი, გრილი და მრავალფეროვანი. გატუნია, ასე მიმართავდა დედა მოფერებით. ყოველ დილით რძით სავსე ჭიქას უხმაუროდ შეუდგამდა ხოლმე არანორმალურ შვილს ღია კარიდან, ეს კი წამოდგებოდა, ანადუღარი რძით სავსე ჭიქას წვიმიან ამინდში ფანჯრიდან გარეთ გადგამდა და აკვირდებოდა, წვიმის წვეთები როგორ ეცემოდა რძის ზედაპირს – ასე ისწავლა ბგერწერა და ფერთამეტყველება. შემდეგ ჭიქას ხელს დასტაცებდა, მოუთმენლად, რაღაცნაირი ჟინით გადაკრავდა რძეში განზავებულ წვიმის წყალს, ისე რომ თეთრი ხაზები მკრთალად აჩნდებოდა ტუჩის კუთხეებს. ასე გაუგო გემო სიტყვის მსუბუქად გამოთქმის ხელოვნებას და პოეზიაში მიაგნო მთვარეს. რა იცოდა მაშინ გატუნიამ, რომ დილაობით რძის გადაჭარბებული სმა მგრძნობიარე ადამიანებში ცნობიერებას აბუნდოვანებს. ზოგჯერ მოჩვენებითი ბედნიერებისა და თეთრი ცხელების გამოწვევაც კი შეუძლია… კარგ ამინდში ტერფებს გაჰყოფდა ხოლმე ღია ფანჯარაში, საინდანაც მზე უწყვეტ ნაკადად ჩაედინებოდა მის სხეულში; სითბოთი, ენერგიით და სინათლით ავსებდა. არ არსებობდა წინააღმდეგობა, იყო მხოლოდ სამყაროსთან შეხების კონტრაპუნქტი და ამ პოლიფონიურ ჰარმონიაში შთაფლული პოეტი ბავშვის გენია. შთაფლული და არა შერწყმული. მისი სხეულებრივი „მე“ ყოველთვის ხელუხლებელი რჩებოდა – შეუვალი წყვდიადის გამო, იქ ვერ აღწევდა რძის სითბო და მზის სხივები. სწორედ ამ სიბნელის წერტილიდან მუდმივად იბადება ცნობიერების ერთგვარი მდგომარეობა: ადგილის დრო, სტატიკური წამი, რომელიც ჩვენში უნიკალურობის დასრულებულ შეგრძნებას იწვევს; თითქოს ღმერთმა კაცობრიობა კი არა, მხოლოდ მე შემქმნა. როგორც ერთი პოეტი ამბობდა: „ქალაქი რომი კი არ არსებობს საუკუნეებში, არამედ ადამიანის ადგილი სამყაროში“. მან ადრევე მიაგნო ადგილს, როგორც პოეზიას, ან პოეზიას, როგორც ადგილს, და თავისი თავი განსაზღვრა ისეთი, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა. უყვარდა ხოლმე გახუმრება: ცხოვრების ადგილი პოეზიაა, პოეზიის მიზანი კი თავად პოეზიაო. ამიტომ არასდროს განზავებულა კოსმიური გონის უპიროვნო საწყისთან, ყოველთვის ინარჩუნებდა იმას, რასაც ქრისტიანული საუკუნეების გარიჟრაჟზე შეცდომით „პერსონა“, ხოლო მოგვიანებით ფილოსოფოსებმა ტრანსცენდენტალური „მე“, უნივერსალური სუბიექტი უწოდეს. ამის გამო მისი ტანჯვა ასაკის მატებასთან ერთად ძლიერდებოდა, უსასრულოდ ფართოვდებოდა, სამყაროს კიდეებს სწვდებოდა, თითქოს ყველგან იყო და იმავდროულად არსად. „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“; საზღვარი და მარტოობისგან გათავისუფლება: რადგან არის ადგილები, სადაც უნდა მოკლა გონება, რათა იშვას ჭეშმარიტება, რომელიც თვით უარყოფს ჭეშმარიტებას. არ ძალუძს ადამიანს, თავისი ეგო უსასრულოდ გააფართოვოს და თავს მოახვიოს სამყაროს. ადამიანი პოეზიით ღმერთი ვერ გახდება. მცირედით უნდა დავკმაყოფილდეო, გაიფიქრა და სასაფლაოზე იქვე, ხის ძირში, მდინარის პირას წამოწვა. თვალდახუჭულმა სახე მზეს მიუშვირა, რადგან შეუძლებელია, დაემალო იმას, რაც არასოდეს არ ჩადის. სასიამოვნოა, როდესაც მდინარის შხეფებით გაზავებული მზის სხივები სახეზე გელამუნებიან და დახუჭული თვალების სიღრმეებიდან მოჩვენებებს გამოიხმობენ. ბევრს ჰგონია, რომ შეშლილობა ბნელი ხილვებიდან იბადება, სინამდვილეში შეშლილობას მზე ბადებს, წყვდიადში გადასული წმინდა ნათელი. აგერ, პირველი მოჩვენებაც გამოჩნდა… ხელისგულებს პირზე ისვამდა და შეშლილივით იკოცნიდა. შესაძლებელია, ამ მდგომარეობაში ადამიანმა მომავალი დაინახოს? დიდი წინასწარმეტყველები უპირველესად პოეტები იყვნენო, გაიფიქრა. უეცრად მიხვდა, რომ მარტო არ იყო. ვიღაცის დაჟინებულ მზერა იგრძნო. თვალები არ გაუხელია – რაში აინტერესებს, ვინ უთვალთვალებს? ანდა პოეტს რაში სჭირდება თვალები? არაფერში. და უცებ სახეს მოწყვეტილი მისი უძლური ხელები მიწას დაეფინა. გაირინდა, გაშეშდა, პერანგის შიგნით უცხო სხეულის შეხება იგრძნო. ცივმა სხეულმა მის გამთბარ ტანზე მსუბუქად გადისრიალა და გაქრა. შეგრძნებები გაუნელდა. თვალები ფართოდ გაახილა, ისე რომ დახამხამება აღარ შეეძლო. გაყინული თვალებით მზეს მიაშტერდა და „გახელილი დარჩა თვალები“. სხეულიდან გამოსულმა ირგვლივ მიმოიხედა. ვერავინ და ვერაფერი დაინახა. ვინ უყურებს?
    სხეული მძიმდება, როდესაც ვიღაცის მზერას გრძნობ.
    თვალებში ჩამდგარი დემონები დაფრთხნენ; გარბიან, იფანტებიან. მათთან ურთიერთობა არასდროს გამოსდიოდა. უეცრად ნიავმა წამოუბერა. შეკრთა. როგორც წმინდა წიგნში წერია: „შეაკრთობს მას შრიალი შერხეული ფოთლისა“. თვალის ქუთუთოები აუკანკალდა. ადრეც არაერთხელ აუღელვებია ფოთლების შრიალს. სხეულს ალმასივით მჭრელი ტალღები უსერავდა. უეცრად ღამის ნათელში თვალი მოჰკრა გამჭვირვალე ბგერას, რომელიც რაღაცა მთლიანს გამოეყო, შეივსო, გაფერადდა… მწვანე მერდინმოსხმულმა ქალმა მხრები გრაციოზულად შეათამაშა და სხეულის უცნაური მოძრაობით მთვარის მელოდიას აჰყვა. მთვარის კონცენტრიკულმა წრეებმა დენა დაიწყო – მოედინებოდა და მოედინებოდა სასაფლაოს ხის ძირში დაწოლილი სხეულის მიმართულებით… კონცენტრიკულ წრეში ჩამდგარი ქალი თავდავიწყებით ცეკვავდა. მისი ტანის მოძრაობის ჟინი ევას დაუმორჩილებლობას უთანაბრდებოდა. ეს იყო პირველქმნილი ცოდვა, რომელიც სამყაროს დაღუპვას უქადდა. ქალის თავდავიწყება გაფიქრებინებდათ, რომ მისთვის არაფერი არსებობდა ამ სამყაროში, მთვარის მელოდიისა და ცეკვის გარდა. მუსიკის სტიქიაში დანთქმული ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. ეს კი ფრთოდ გახელილი თავლებით მისჩერებოდა ქალს, რომელიც კონცენტრიკული წრეების მდინარებასთან ერთად უსასრულოდ შორდებოდა, შორდებოდა… და აი, უცებ ქალი გაჩერდა, გაშეშდა, მარილის სვეტად იქცა. მუსიკა შეწყდა. სასაფლაოზე ჩქამიც აღარ ისმოდა. ეს იყო შემაშფოთებელი პაუზა, შეყოვნების წამი. ქალმა აბრეშუმის თხელი ფირუზისფერი თავსაბურავი სწრაფი მოძრაობით გადაიგდო მხრებიდან, შემობრუნდა და მოულოდნელად ამას შეხედა. ამან რაღაცა ჩაიბუტბუტა. ქალი ნამსხვრევებად იქცა, სივრცეში მიმოიფანტა. ამან უეცრად წამოიძახა: მერი!
    ვინ მითვალთვალებს?

                                                                                   6.
    აკრძალვის თეორია

    თითქოს ვიღაცას გაურბისო, გალაკტიონი სასაფლაოდან დაეშვა. როგორ გიტაცებდა კომუნიზმის იდეალები, გაიხედ-გამოიხედე, ნუთუ ეს ნორმალურია? ნუთუ ეს სურდა ღმერთს? „ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს – ზამთარს ბილიკი დაუტანია…“ ჩვენი ელექტროფიცირებული სამშობლო მოვტყან! მე სხვანაირი საქართველო მიყვარდა, ვერონიკა, სულ სხვანაირი. „…რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო“. მართალია ის მანიფესტი – ჩვენ ყველას ოყნა გვჭირდება, ყველას! რა იდეებია ეს, რა იდეალები? რისკენ ვისწრაფვით? – ნათელი მომავლისკენ… მთავარი უტოპია ჯერ კიდევ წინ არის: 1980 წელი, კომუნიზმის უკანასკნელი ფაზა… ბოლო საფლავთან შეჩერდა, მიცვალებულისკენ შებრუნდა, გულის ჯიბიდან ფურცელი დემონსტრაციულად ამოაძვრინა და ციცერონივით (უნდა აღინიშნოს, რომ იგი კარგი ორატორი არასდროს ყოფილა) მოხსენების კითხვა დაიწყო, შიგადაშიგ ფურცელში ჩაიხედავდა ხოლმე (ეს მეტისმეტად სახიფათო საქციელი იყო იმ დროს, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ყოველთვის ვიღაცა გითვალთვალებს):
    „ჩემი დისტოპია. აკრძალვის იდეალი:
    …მთავარი არ არის, რას გიკრძალავენ, მთავარი თავისთავად აკრძალვაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ შენს ცხოვრებაზე გავლენა აქვთ და რაც მთავარია, ეს შენ უნდა იცოდე. ამიტომ არსებობს აკრძალვების როტაცია – ერთი აკრძალვის მეორით ჩანაცვლება, მათი მუდმივი განახლება, რათა პროტესტის გასაცნობიერებლად დრო არ გქონდეს და არ ამბოხდე. სისტემისთვის მთავარი მორჩილებაა და არა ის, რას ემორჩილები.
    აკრძალვები და რჩევები ხშირად წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამორიცხავია, თან ფორმალურად ლოგიკური და გონივრულიც. ყოველი მომდევნო აკრძალვა წინას აუქმებს, შენ კი ესეც ისეთივე ძალით უნდა გჯეროდეს, როგორითაც წინა გჯეროდა. სწორედ ასეთი რაციონალური გზით ინერგება რწმენის ირაციონალური ელემენტი (არადა, რელიგიას ებრძვიან) – ტოლძალოვნად გჯეროდეს ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები, ისე რომ შეკითხვებს არ სვამდე. მთავარია გჯეროდეს, ენდობოდე, ემორჩილებოდე და არა ის, რისი გჯერა, ვის ენდობი, რას ემორჩილები.
    აკრძალვა მხოლოდ იმას არ გულისხმობს რა არ უნდა გააკეთო, არამედ იმასაც – რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცე. ამიტომ მოდის დაუსრულებლად მითითებები, რჩევები, ინსტრუქციები, სქემები, რომლებიც თავის მხრივ ასევე ორად იყოფა: პირდაპირ და არაპირდაპირ მითითებებად. ერთით ნებაზე ზემოქმედებენ, მეორეთი – სინდისზე. საბოლოო ჯამში, მიზანი სწორედ პიროვნების მოსპობა, ადამიანის ხასიათში ავტომატური უნარ-ჩვევების გამომუშავება, კოლექტივის სასარგებლოდ „მეს“ ცნობიერების ჩახშობა და სინდისის გაუქმებაა, რადგან სინდისი საკუთარი თავის მიმართ შეეჭვებას შეკითხვების დასმას გულისხმობს, ამ სისტემის მთავარი მტერი კი სწორედ შეკითხვების დასმაა, ამიტომ სინდისი გასაუქმებელია. მთავარი ავტომატიზმში გადასული ჩვევების ჩამოყალიბებაა – იყავი „კარგი“, ოღონდ ისე, რომ ამას ვერ აცნობიერებდე. – ეს უნდა მოგწონდეს და, თუ არ მოგწონს, მოწონების და არმოწონების განდევნაც შესაძლებელია…“ – უცებ მოხსენება შეწყვიტა. შარვლის ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოაძვრინა, ქაღალდს ცეცხლი მოუკიდა და ფერფლი ვიღაც უცნობის საფლავზე მიმოფანტა. თავად კი დაღმართზე სწრაფი სვლა განაგრძო, თან ბუტბუტებდა: ნუთუ ეს ნორმალურია, ვერ?

           7.
    მომავალი მეუღლე

    გალაკტიონის და მისი მეუღლის – ვერა კვინიკაძის ურთიერთობა კი ასე დაიწყო: როდესაც ბოლშევიკები სიკვდილის ცელით საქართველოში შემოვიდნენ და იმათი წყალობით, რომლებიც ახლა განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ (მაგ. პოეტურ ჯგუფ „ქიმერიონთან“ ერთად ერთ-ერთი ასეთი არის მწერალი მიშელ ტოკლიკიშვილი. მასზე მოგვიანებით მოგახსენებთ), რიგი საკითხების „დალაგება“ მოახერხეს, ლიტერატურასაც მალე მიადგნენ. სამწუხაროდ, ქართული მწერლობის ზედა ეშელონებში მყოფ  გონებაჩლუნგ ელიტისტებს კონტექსტის გრძნობა არ აღმოაჩნდათ. ისინი ჯერ კიდევ ვერ ჩასწვდომოდნენ სოციალისტური რეალიზმის დიად პრინციპებს და 1931 წლამდე თავს არ ანებებდნენ მოდერნისტულ (რამდენად იყო მოდერნიზმი, ეს კიდევ ცალკე საკითხია) ტრაკის თამაშს. არადა, სტალინთან მაქსიმ გორკის ცნობილ შეხვედრაზე არსებითად უკვე განისაზღვრა ლიტერატურის როლი ქვეყნის საყოველთაო აღმშენებლობის პროცესში – მწერლები სულის ინჟინრებად გამოაცხადეს და ლიტერატურის პარტიულობის პრინციპის შემუშავებაც დაიწყეს. ჰოდა, ერთხელაც შინსახკომში პოეტები დაიბარეს (პროზაიკოსების დაბარებას მოგვიანებით აპირებდნენ, პრიორიტეტული ყოველთვის პოეზია იყო, რადგან ვრცელი ტექსტების წაკითხვა მაშინაც ისევე ეზარებოდათ მათაც და მკითხველსაც, როგორც დღეს), გააცნეს იმ საკაცობრიო სიახლის მნიშვნელობა, რაც კომუნიზმის მშენებლობამ მოიტანა დედამიწის 1/6-ზე (ამხანაგებო, განახლების ზარმა დარეკა!) და უთხრეს: წესით, პოეტებს არც უნდა დაგჭირვებოდათ შეხსენება; ამ საყოველთაო აღმაფრენის პირობებში მუზას უნდა აეღელვებინეთ და დიდებული ხელოვნების ნიმუშებით გაგემდიდრებინათ ჩვენი დროის გმირი ხალხის ისედაც მდიდარი სულიო, მაგრამ, რადგან ასე არ მოხდა, რა გაეწყობა, ახლა მაინც შეუდექით საქმეს და იმ ადამიანზე, ვინც ამ აღმშენებლობის ავანგარდში დგას, თითო პოემა გამოაცხვეთო. ამის შემდეგ, იმედი გვაქვს, ჩვენი დახმარების გარეშეც მიხვდებით ბევრ რამესო. სულ ეს იყო, მეტი არაფერი განუმარტავთ თავისუფლებას შეჩვეული, სივრცეებში ლურჯა ცხენებით მოგრიალე დაბნეული პოეტებისთვის.
    არადა, ვერ ვიტყვით, რომ კომუნისტებს იდეოლოგიურ ჭრილში ახსნა-განმარტება არ უყვარდათ. პრაქტიკულ ასპექტში ერიდებოდნენ, თორემ ფილოსოფიური სისტემა, იცოცხლე, ჰქონდათ. ყველა შეკითხვაზე არსებობდა ამომწურავი პასუხი. მათ ხომ, არა უბრალოდ აღწერეს სინამდვილე, არამედ შეცვალეს კიდეც ის – ახალი რეალობა შექმნეს. როგორ? როგორ და, ახსნით. სწორედ ახსნა ქმნის და განსაზღვრავს ყოფიერებას, თუნდაც იგი მატერიალისტური იყოს. ბოლოს და ბოლოს მატერიაც, თუ ახსნით ფორმა არ მიანიჭე, უბრალო, უსულო ინერტულ მასად გადაიქცევა. სწორედ ახსნით (ინტერპრეტაციით) დადგინდება ყოფიერება, რომლის გაგების ობიექტური კრიტერიუმებიც, სამწუხაროდ, ადამიანებს არ გაგვაჩნია, რადგან ყოფიერების ბუნება ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი, მოუხელთებელი, ილუზორული, არანამდვილი და წარმავალია. აკი, თვით დიდმა ლენინმაც კი (ადამიანური გონების სამარცხვინოდ) ვერა და ვერ დაძლია დევიდ ჰიუმი. ამიტომ ჩვენში რეალობები სხვა არაფერია, თუ არა ისტორიაში გამყარებული მსოფლმხედველობრივი მოდელები ან ისტორია თავად არის ამ მოდელების მონაცვლეობის ერთობლიობა. მარქსიც მხოლოდ აღმქმელისა და აღსაქმელის მიმართებათა შედეგად წარმოქმნილი დანასკვნების ობიექტურობას ჩასწვდა და არა თავად საგნის ჭეშმარიტებას. ნებისმიერი შედეგი მიზეზია რაღაცა სხვა შედეგისა და ასე დაუსრულებლად. ეს სულაც არ გახლავთ დიალექტიკა, რადგან აქ ერთგვარი უკუსვლაც (რეგრესი) მოსალოდნელია. მთლიანობაში, ახსნით იქმნება ახალი რეალობები, რომლის იმპლემენტირება (დაფუძნება) ხდება ყოფიერებაში, რომელიც შემდეგ უკვე თავად გადაიქცევა ხოლმე ყოფიერებად. დასკვნა ასეთია: ნებისმიერ ტოტალიტარიზმს საერთო საფუძველი აქვს – იმათაც, რაც უკვე იყო, და იმასაც, რაც გვიახლოვდება. ახლა კი თხრობას დავუბრუნდეთ:
    გალამ სხდომაზე გულწრფელად გამოაცხადა, მე მაგ პოემას ვერ დავწერო! ცკ-ის გაოგნებულმა მდივანმა შავდიამ გაოცებულ პოეტებთან ერთად შეხედა გალაკტიონს. – რატომ და, დიდი ბელადი იმდენად დიდი ავტორიტეტია ჩემთვის, მასზე ფიქრისას იმდენად ღრმა და უამრავი აზრი მომდის თავში, ფურცელზე გადატანას ვერ ვასწრებ, ბევრი რამ მეკარგებაო. თავიდან იფიქრეს გვაშაყირებსო (იცოდნენ მისი ცინიზმის ამბავი), მაგრამ, ისეთი სახით ამბობდა ამ ყველაფერს, ოხუნჯობის ყველანაირი შესაძლებლობა გამორიცხული იყო. რას გვთავაზობო, ჰკითხეს. – ისეთს არაფერს, ვინმე სოციალისტური იდეებით აღფრთოვანებული სტენოგრაფისტი მჭირდება, სწორად და სწრაფად რომ ჩაიწეროს დიდ ბელადზე ხმამაღლა გამოთქმული ჩემი აზრებიო. დაამატა: – სასურველია სტენოგრაფისტი რევოლუციონერიც იყოსო. – შენი მოთხოვნა უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდებაო, შავდიამ და, მართლაც, სახლში, მარჯანიშვილზე, იმ საღამოსვე მიაკითხა ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის იდეალებით (აღარაფერს ვამბობ ოქტომბრის რევოლუციაზე) მარადიულად შეპყრობილმა, მთელი ოჯახით რევოლუციონერმა, ათას რვაას სამოციანი წლების რუსეთში ახალგაზრდა ნიჰილისტი ქალები რომ იყვნენ, დაახლოებით ეგეთმა სტენოგრაფისტმა ქალმა, ვერა კვინიკაძემ.

    8.
    შეხვედრა

    …უყვარდა ხოლმე ნასვამზე გახუმრება: „ნიჭიერი ადამიანისთვის საკმარისია იმ საკომუნიკაციო ენის პოვნა, რომლითაც მსმენელამდე სათქმელის მიტანას შეძლებს, და ეს ძალიან რთულია. სიახლის შემოტანა კი ნიშნავს შენს საკომუნიკაციო ველში მოაქციო, უფრო სწორად, შენ მიერ შეთავაზებული საკომუნიკაციო ველის არსებობაზე დაითანხმო კაცობრიობა, – აი, სად იბადებიან გალაკტიონები!“ – ძნელია, არ დაეთანხმო. ჰოდა, ახსენდებოდა დიდ გალაკტიონს მომავალი. მისი ხილვები მომავლიდან აჩრდილებს გამოიხმობდნენ. აკი თავადაც უთქვამს: „სხვაა მოჩვენება გალაკტიონისა“. დაკვირვებული მკითხველი მიხვდებოდა, რომ ჩვენი თხრობაც არ ემთხვევა ქრონოლოგიური დროის ძალადობრივ დინებას – აკი, ცნობიერება სულ სხვაგვარად აწესრიგებს მოვლენათა თანმიმდევრობას (გალაკტიონმაც, ბოლომდე მესმის – რატომაც, სრულიად შეგნებულად არია თავისი ლექსების დაწერის თარიღები, რამაც მოგვიანებით დიდი თავსატეხი გაუჩინა ფილოლოგებს. ისინი კი ვერა და ვერ ხვდებიან, რომ ადამიანის სულში მიმდინარე პროცესები არ ემთხვევა მის ემპირიულ გამოვლინებებს). პოეტისთვის, ისევე, როგორც წინასწარმეტყველისთვის, არ არსებობს წარსული, არც მომავალი, არამედ – აწმყო! მხოლოდ და მხოლოდ „ახლა“ (ერთ წერტილში თავმოყრილი მარადიული მოძრაობა) და არა „იყო“ და „იქნება“. ამგვარად განცდილი ქრონოტოპოსი (დროისა და სივრცის სპეციფიკური კონტინუუმი) ინდივიდუალური ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობაზე მიგვითითებს. რადგან დროის ბუნებას ბოლომდე ვერც ერთი ფილოსოფოსი ვერ ჩასწვდა, ამან საშუალება მომცა, თხრობისას ეპოქის ნარატივის ჩვენება მეცადა და არა კონკრეტული, ფორმალურ ლოგიკაზე აგებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მოსაწყენი ერთფეროვნება. ჰოდა, იხსენებდა ჩვენი გალა მომავალს, იცოდა, რომ ეს ნაბიჭვრები ცოლს გადაუსახლებდნენ, შემდეგ ლექსსაც მიუძღვნიდა ამ ტრაგიკულ მოვლენას: „ცხოვრების ეტლის სადარებელი, საცაა გავა მატარებელი, მიემგზავრება იმედი ჩემი, სიცოცხლის ჩემის გამდარებელი…“ მატარებლით მგზავრობის საკითხზე – ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი მივუბრუნდეთ ვერონიკა კვინიკაძის პირველ სტუმრობას მარჯანიშვილის ბინაში. …კარზე დააკაკუნა. გალაკტიონი თავის სამუშაო ოთახში შეუძღვა. კაბინეტმა ქალზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ეს იყო ერთფანჯრიანი, საშუალო ზომის ოთახი. მზიან დღეს, ალბათ, ცოტა ნათელიც, მაგრამ ახლა საშინლად ბნელი (თან დარაბაც საგულდაგულოდ ჩაერაზათ) და მდუმარე. ნივთები – ორი მორყეული სკამი, ძველი ტახტი, მაგიდა და გახუნებული ფოლიანტებით სავსე ობიანი თაროები – აბსოლუტურ უძრაობაში დანთქმულიყვნენ. ამ სიბნელემ და მისტიკურობაში გადასულმა სიჩუმემ გულის დამამძიმებლად იმოქმედა ქალზე. იდუმალების განცდას აძლიერებდა მასიურ შავმაუდგადაკრულ სამუშაო მაგიდაზე დადგმული სხვადასხვა სიმაღლის ანთებულსანთლებიანი ჩამოღვენთილი, დიდი შანდალი. ვერონიკას ისეთი განცდა გაუჩნდა, თითქოს რომელიმე ალქიმიკოსის იმ დაწყევლილ სასახლეში შეიყვანეს, სადაც საღამო ხავერდის ყდაში ჩაწოლილიყო – ალქიმიკოსისა, რომელიც სიბნელეზე ექსპერიმენტებს ატარებდა. მოკლედ, ოთახიდან მთლიანად განდევნილი იყო მზე, რაც უკიდურესი ინდივიდუალიზმის ატმოსფეროს ქმნიდა. ეს გარემო წინააღმდეგობაში მოდიოდა ვერას მარქსისტულ გახსნილობასთან. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალმა მისალმების შემდეგ ინსტინქტურად წამოიძახა:
    – რა ტყუილად ჰგონია ხალხს, გალაკტიონს მზე უყვარსო! – ამგვარმა გახსნილობამ გალაკტიონი გაახალისა.
    – ის სხვა მზეა, მე რომ მიყვარს, – ჩაიცინა.
    – ჩანს.
    – სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, ქალი რომ გამომიგზავნეს და იცით, რატომ?
    – რატომ?
    – იმიტომ, რომ ქალში უფრო ძლიერია იდეალების ერთგულება. ამან დადებითად იმოქმედა ქალთა ემანსიპაციით მოხიბლულ ვერონიკაზე. ამ ოცნებას, რომელიც მისთვის ახლა უკვე რეალობად ქცეულიყო, ბავშვობიდან ყველაფერზე მაღლა აყენებდა. – თან, ახალგაზრდა ქალებს, კაცებისგან განსხვავებით, სმა ნაკლებად უყვართ, – ამაზე ორივეს გაეცინა. – პაპიროსს ხომ არ ინებებთ? ვერონიკამ პაპიროსს მოუკიდა…
    – როგორც პოეტის, თქვენი თაყვანისმცემელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ლექსებიდან დეკადენტურ ბუნდოვანებაში განზავებული უკიდურესი ინდივიდუალიზმი გამოსჭვივის. ამ ოთახში შემოსვლამ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახადა. ახლა უკვე გასაგები შეიქნა, რასაც ფიქრობდნენ მის შემოქმედებაზე იქ, ზევით.
    – ჰო, სულ ოთახის ბრალია ყველაფერი, დაიკო, მაშ, სულ ოთახის. რა გქვიათ?
    – ვერა, ვერონიკა კვინიკაძე. მეც იმავეს არ შეგეკითხებით. – გაეცინათ.
    – ჰო, ჩემო ვერკა. ხომ შეიძლება, ასე მოგმართოთ? ისე კი, ვერონიკა ლამაზი სახელია.
    – მომმართეთ.
    – დიდი ხანია, სტენოგრაფიულ საქმიანობას ეწევით?
    – დიახ, ბავშვობიდან. მერე რუსეთში ვაჟთა გიმნაზიაში კურსიც გავიარე, ლექციებს ვისმენდი. ჩემი ოჯახის ცხოვრება რევოლუციურ მოძრაობასთან იყო თავიდანვე დაკავშირებული, ამ მოძრაობაში კი საბეჭდ მანქანას და სტენოგრაფიას თავისი როლი ჰქონდა. ისე კი, ბავშვობიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას მაიძულებდა ოჯახი: ფიზიკა, ქიმია, ზოოლოგია…
    – შეისწავლე?
    – ეგ არჩევანი ჩემს მიდრეკილებებს არ შეესაბამებოდა. მახსოვს, ერთხელ სასწავლებელში ზოოლოგიის პრაქტიკულ გაკვეთილებზე პედაგოგმა ჩემ თვალწინ მკვდარი კატის პრეპარირება დაიწყო და… ჰმ, ახლაც მრცხვენია იმ ამბის გახსენება…
    – და რა მოხდა?
    – გული წამივიდა. – გალაკტიონი ქალის გულწრფელობამ მოხიბლა. რევოლუციონერი ქალი, რომელმაც მკვდარი კატის პრეპარირებას ვერ გაუძლო და გული შეუწუხდა… „არ ჰგავს შავდიას აგენტს,“ – გაიფიქრა და გაიცინა.
    – ახლა მეც ვხვდები, დაიკო, რატომ გიყვარს პოეზია. ჰა, ჰა, ჰა. მაშ ასე, დავიწყოთ ჩაწერა?
    – დავიწყოთ, – თქვა ვერონიკამ. ფანქარი და რვეული მოიმარჯვა.
    – მიდი, ჩემს მაგიდას მიუჯექი, ასე უფრო მოსახერხებელია, თან უკეთ დაინახავ. – ამ ჟესტმა ქალი ძალიან მოხიბლა. ამხელა პოეტმა იმ მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა, სადაც არაერთი შედევრი შეუქმნია. ვერა მაგიდას მიუჯდა, გალამ კი სიარული და პოემის მოყოლა დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ეს პოემა თავისუფალი ლექსის პრინციპებზე იყო აგებული, სადაც რითმაზე დიდი მნიშვნელობა ორიგინალურ აზრებს ენიჭება. რაღაცა თვალსაზრისით პოეტურზე მეტად პუბლიცისტური ეთქმოდა – დარღვეული მეტრი, უჩვეულო რიტმი, შემთხვევითი რითმები, აზრების ნიაღვარი და ფაქტების კონსტატაცია.
    გალაკტიონი უცებ შეჩერდა, ვერას მიუბრუნდა და უთხრა – ვერკა, აბა, წამიკითხეთ, რაც გიკარნახეთო.  ქალმა წაუკითხა. დამშვიდობებისას ქალი შეჰპირდა, ხვალ პირველ საათზე პოემის დასაწყისის გადათეთრებულ ვარიანტს მოგიტანო. პირობა შეასრულა.
    თითქმის ორი კვირის განმავლობაში რეგულარულად გრძელდებოდა ეს ინტენსიური ურთიერთობა სტენოგრაფისტ ქალსა და პოეტს კაცს შორის. ორი კვირის თავზე, მოსაღამოვებულზე, როდესაც ვერა გადათეთრებული ფურცლებით ხელში კვლავ გამოჩნდა, გალამ გამოუცხადა:
    – ისე მინდოდა, რომ რაც შეიძლება მალე მენახე, ჩემო ვერკა, ვეღარ ვითმენდი.
    ამაზე ქალმა დაუფიქრებლად უპასუხა:
    – Nous sommes loges a la meme enseigne (ფრ. ჩვენ ერთსა და იმავე მდგომარეობაში ვართ). და შემდგომ ამისა ვერონიკა გალასთან საცხოვრებლად გადმოვიდა. ერთ თვეში იყო ქორწილიც და ბათუმში მატარებლით საქორწინო მოგზაურობაც.

    9.
    მატარებელში

    გალაკტიონი მატარებელში მთვრალი იყო, ვერონიკა კი მოწყენილი. უნდა ითქვას, რომ ვერონიკას, ისევე, როგორც რაიმე „ღრმა“ სოციალური იდეით განმსჭვალული პრაქტიკული ქალების უმრავლესობის, პრობლემა მისი არაადეკვატურობა იყო. ვერ ამჩნევდა, რომ ნებისმიერ იდეოლოგიას ერთი მხარე აუცილებლად მორღვეული აქვს.  ხშირად მოვლენებს სახელებს მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე არქმევდა. არ შეეძლო, მათ მიღმა გასახედად თავისთვის ძალა დაეტანებინა, ამიტომაც საკუთარი როლის გაცნობიერება უჭირდა. ფაქტებიდან გამომდინარე თუ იმსჯელებთ (მით უმეტეს, მათ თუ მოუსმენთ), აუცილებლად დარწმუნდებით მათ სიმართლეში, მაგრამ საბოლოოდ გულის სიღრმეში მაინც გაგკრავთ ეჭვი. ვერონიკაც, როგორც იდეისთვის მებრძოლ ჭეშმარიტ რევოლუციონერ ქალს შეეფერება, სულ მართალი იყო. მართალი და შეუვალი. რა ძნელია ქრონიკულად მართალ ადამიანთან ურთიერთობა. საერთოდ, როგორც ერთი ჭკვიანი ფილოსოფოსი მიგვანიშნებდა, ვინც ფაქტებს აქცევს გადამეტებულ ყურადღებას, ის კანონებს ვერ დაინახავს. ფაქტებისადმი თანმიმდევრობით მიდევნებას ყოველთვის უაზრობამდე მივყავართ, რადგან მიზეზ-შედეგობრივი მწკრივი უსასრულოა. უსასრულობა კი უაზრობაა. კანონის დანახვა  უსასრულობის შეყოვნებას ნიშნავს. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ბოროტი ადამიანი თავს არასდროს მიიჩნევს ბოროტად, თავის სამყაროშო ის ყოველთვის რაღაც ჭეშმარიტებას მიჰყვება. „ოცნების ეტლის სადარებელი, საცაა გავა მატარებელი“ და აი, მატარებელი დიდუბის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით დაიძრა. ვერონიკას და გალაკტიონს ოთხადგილიანი კუპე მთლიანად დაკავებინათ, კარი კი ჯერ არ დაეკეტათ. უბრად იყვნენ. უეცრად ვაგონის დერეფანში სწრაფი ნაბიჯით ვიღაც წვერგაუპარსავმა, თმაგაწეწილმა ახალგაზრდა კაცმა გაიარა. „მელიტონ!“ – მყის შესძახა მოწყენილმა ვერამ. მთვლემარე გალაკტიონი შეხტა, ღია კარს გამცდარი მელიტონი უკან მობრუნდა და კუპეში თავი შემოყო. თავდაპირველად სუფთად გაპარსულ, მშვენივრად დავარცხნილ, თვალებამღვრეულ გალაკტიონს მიაჩერდა, იცნო, მაგრამ მისთვის პოეტები დიდს არაფერს წარმოადგენდნენ და მზერა სწრაფად ქალისკენ გადაიტანა. ქალი ფეხზე წარმოიჭრა და ნაბიჯიც გადადგა, როდესაც მელიტონმა, როგორც იქნა, იცნო და შესძახა: ვერკა! ერთმანეთს გადაეხვივნენ. ვერკამ მელიტონი კუპეში შეიპატიჟა, ისიც დაჰყვა შეთავაზებას და პატარა, გადმოწეულ მაგიდას მარჯვენა მხრიდან ვერონიკასთან ერთად მიუჯდა. წამოწოლილი გალაკტიონი წამოდგა, ოდნავ მოფხიზლდა, სტუმარს მიესალმა და მაგიდის საპირისპირო მხარეს დაჯდა. ანარქისტი მელიტონი ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა, სულ დადიოდა, ფაციფუცობდა, გაიძახოდა: მოძრაობა და მოძრაობაო! ზოგი დასცინოდა, ყველა ხელისუფლებით უკმაყოფილო სიარულისას გეგმავს რევოლუციებსო. დადიოდა ჩქარა, ლამის სირბილით. სახეც ისეთი ჰქონდა (თანამედროვე ამერიკელ მსახიობს, ჰარისონ ფორდს ჰგავდა), იფიქრებდით თავის თავს გაურბისო. მის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ სახლში სარკე არ ჰქონდა (უმეტესობა იდეოლოგიურ ნიადაგზე უკმაყოფილების გამო ჩაელეწა) და ამიტომ ვერა და ვერ ეპოვნა საკუთარი თავი. მოუსვენრობა და ამბოხი მისი ხასიათის ძირითადი მახასიათებლები იყო. როგორც აღმოსავლელი ბრძენი გაუტამა გვასწავლის, სწორედ მოუსვენრობა ღუპავს ცნობისმოყვარე კაცობრიობას. გარდა ამისა, მელიტონს დიდი ივი ჰქონდა, რაც მას ძლიერ თამამს, თავდაჯერებულს ხდიდა. მართალია, დიდი ივი მისი დამსახურება სულაც არ გახლდათ, მაგრამ ის ამ ფაქტს არად დაგიდევდათ და ბუნებრივ მოცემულობას სწორედ თავის დამსახურებად მიიჩნევდა, ამიტომაც ვერ თავისუფლდებოდა პერმანენტული რევოლუციონერის ამპლუიდან. ფროიდზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მამაკაცთა საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა: დიდხლიანებად და პატარახლიანებად (საშუალოს ცნებას ფსიქოლოგია არ სცნობს). დიდხლიანი ადამიანები, უკომპლექსობის გამო, ძირითადად რევოლუციონერები, მღვდლები ან ძველი ბიჭები გამოდიან. პატარახლიანებისთვის კი არსებობს რამდენადმე სათუთი სფეროები – ნიცშეს თუ ვერწმუნებით, ერთ-ერთია ლიბერალური დემოკრატია… თუმცა მათ შორის უპირველესია ქვეწარმავლების, მორიელების, შხამების, გულისრევის, სხვადასხვა კომპლექსის, განუხორციელებელი ოცნებების, არასრულფასოვნების, ბილწი პათოლოგიების რეალიზაციის ბუდე, ერთადერთი თავშესაფარი – ხელოვნება! ხელოვანება, მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, ამაღლებულ იდეალებს ამოფარებული ამპარტავნობისა და გარყვნილების ნაზავია.
    საუბრის დასაწყისში ვერონიკამ მელიტონი ნასვამ გალაკტიონს წარუდგინა, უთხრა, რევოლუციის წლებში ბარიკადებთან ერთად ვიდექით, მელიტონის საგმირო საქმეებზე დღესაც ლეგენდები დადის ჩვენს დიად სამშობლოში, მაგრამ ეს ლეგენდები სულაც არ არის ლეგენდები, ყველაფერი ნამდვილია, მე პირადად ვარ ამის მომსწრეო. ისიც მოაყოლა, შენნაირი ლიტერატურული ნიჭი რომ მქონდეს, მასზე ერთ დიდ პოემას შევთხზავდი, ამაზე კარგი მასალა რაღა გინდაო. გალამ, უხერხულობის გასაფანტად (საერთოდ, მას კონფლიქტური სიტუაციები ძალიან არ უყვარდა) თქვა, მერე მიამბე მაგ დიდი საქმეების შესახებ, რა იცი, იქნებ, დავწერო კიდეცო. შემდეგ მოულოდნელად მელიტონს მიუბრუნდა და რატომღაც ასეთი უცნაური შეკითხვა დაუსვა:
    – ძამიკო, შენ მზე თუ გიყვარს; გიკოცნია ოდესმე მისი სხივებისთვის?
    – მე, ჩემო გალაკტიონ, რომ მიყურებ, მზეზე რა გითხრა და, ქალის კოცნა კი ძალიან მიყვარს, ბევრად სასარგებლოც მგონია. – ამაზე მხოლოდ თავად გაეცინა და თვალი ირიბად მის გვერდზე მჯდომი ვერასკენ გააპარა. გალაკტიონმა საიდანღაც კონიაკი, არყის ჭიქები და რამდენიმე ბალიშა კანფეტი ამოაძვრინა და მაგიდაზე დააწყო.
    – აჰა, გასაგებია. მოდი მაშინ, დავლიოთ, ძამიკო. შენ ქალის სადღეგრძელო შესვი, მე კი მზის სადღეგრძელოს დავლევ! – დაასხა. ჭიქები მიუჭახუნეს და გადაჰკრეს. ნასვამი გალაკტიონი დაიჯღანა, ბალიშა კანფეტს ქაღალდი შემოაცალა და ჩაღეჭა. უეცრად ვერკამ, რომელსაც დალევა არ უყვარდა, გალაკტიონის ჭიქა აავსო, გმადლობთ დღეგრძელობისთვისო თქვა და ბოლომდე გამოცალა, სახეზე კონიაკის სიმწარე არც დაუტყვია, რამაც, ცოტა არ იყოს, გააკვირვა მთვრალი გალაკტიონი და ამის დანახვაზე მესამე ჭიქაც ამოაძვრინა მაგიდის ქვემოდან… უცნაური ის იყო, რომ სვამდნენ რაღაცნაირი ჟინით შეპყრობილნი, თითქმის არ ლაპარაკობდნენ. ეს ძალიან უჩვეულო რამ გახლავთ ქართულ სუფრაზე. შემდეგ გალაკტიონს, რაღაც მომენტში მგონი, თავადაც აღარ ახსოვდა, რა დროს, მოულოდნელად ჩაეძინა. მელიტონმა და ვერონიკამ კი იქაურობა დატოვეს და აღელვებულებმა და მხიარულებმა მელიტონის კუპეს მიაშურეს. მატარებლის დერეფანში ძველ სასაცილო ამბებს იხსენებდნენ: გახსოვს, – უთხრა ვერონიკამ, – გახურებულ ბრძოლაში დენიკინის არმიას თეთრი დროშა რომ მოპარე? მაგას რა დამავიწყებსო, უპასუხა მელიტონმა. მერე დანებება განიზრახეს, წითლებს უნდა ჩაგვბარებოდნენ და ვერ ჩაგვბარდნენ, თეთრი დროშა ვეღარ იპოვნეს? ჰო, აბა. საბოლოოდ ასე უფრო კარგად გამოვიდა – სრულად გავანადგურეთ ეგ ოხრები… ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა… ამ ამბების გახსენება, სიცილ-ხარხარი მელიტონის კუპეშიც გაგრძელდა მანამ, სანამ ორივე სახეს დაისერიოზულებდა და სხვა საქმეს შეუდგებოდნენ. ამაში უცნაური არაფერი იყო. იმ დროში სექსის ფსიქოლოგია ან, თუ შეიძლება ასეთი ტერმინის შემოტანა, სქესის ცნობიერება სულ სხვანაირი იყო. არ იფიქროთ რომ, რადგან ვერონიკამ სპონტანურად აღმოცენებული სექსუალური მოთხოვნილება დაიკმაყოფილა (ეს ადრეც არაერთხელ უქნია ბარიკადებთან), ამით ქმარს უღალატა ან ქმარი არ უყვარდა (თუმცა, შეიძლება არც უყვარდა). მაშინ ამ ურთიერთობის მორალი ისეთი არ იყო, როგორიც დღეს არის. კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის (სანამ ეს მოძრაობა რაღაც უცნაურ, ასე ვთქვათ, მემარცხენე-კონსერვატორულ-ნაციონალისტურ კონგლომერატში გადაიზრდებოდა) პირველ ეტაპზე ჰომოსექსუალური ურთიერთობებიც არ იყო საზოგადოების მხრიდან უარყოფილი და დაგმობილი. მარტივად თუ ვიტყვით, ნებისმიერი სახის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება არაფრით მეტს არ ნიშნავდა, ვიდრე, ვთქვათ, ძილის, ჭამის და ასეთი ბუნებრივი ვიტალურ-ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მოკლედ, სანამ ანარქისტი მელიტონი და ვერკა უეცრად აღმოცენებულ ცხოველურ ვნებას იკმაყოფილებდნენ, გალაკტიონი სიზმარს ხედავდა. სიზმრის პირველი ნაწილი ასეთი შინაარსისა იყო: შინ ასასვლელად ლიფტში შევიდა. მსვლელობის დროს ნათლად ხედავდა ლიფტის ირგვლივ შემოჯარულ სინკარის კედლებს, სართულებსაც ითვლიდა. ლიფტი არა და არ ჩერდებოდა, მიიწევდა მაღლა, სულ მაღლა: მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე (ეს მისი ბინის სართულია). გააჩერეთ, გააჩერეთ, ჩავდივარ! მაგრამ ლიფტი არ ჩერდებოდა, ზემოთ და ზემოთ მიემართებოდა, თან სიჩქარე ემატებოდა. მალე შენობის სახურავს ასცდა, აიტყორცნა, სივრცეში გამოეკიდა. გალაკტიონს თავბრუ ეხვეოდა, ლიფტი კი სიჩაქრეს უმატებდა. შემდეგ დაირხა, სივრცეში ელიფსურად გადაქანდა და არანორმალური სისწრაფით დაეშვა დაბლა. გალაკტიონმა შეჰყვირა ვიღუპებიო და საშინელი თავბრუსხვევით გამოეღვიძა, თუმცა სინამდვილეში არ გაუღვიძია, ეგონა, რომ გამოეღვიძა. უცებ მიწაზე აღმოჩნდა, ვიღაც უცნობი მიცვალებულის საფლავზე. გულის ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, გაშალა და ლექსის კითხვა დაიწყო (ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გალაკტიონმა სიზმარში ლექსი დაწერა). ლექსი შინაარსობრივად ვიღაც ბათუმელ ლამაზ ქალზე იყო, რომელმაც ერთ მამაკაცში ნაზი გრძნობები აღძრა. მამაკაცმა, რომელმაც მასში მშვენიერი ქალი შეიცნო, ვარდების თაიგული მიართვა და კაფეშიც დაპატიჟა. შემდეგ მოულოდნელად სიზმარში მოქმედების ადგილი შეიცვალა;  ნგრევისა და რევოლუციის ნაცრისფერ ატმოსფეროში ბარიკადებთან გადაინაცვლა. გალაკტიონმა საფლავზე დაწერილი ლექსის ხმამაღლა, ექსპრესიულად წაკითხვა დაიწყო. მოვუსმინოთ ამ ვრცელი ლექსის ზოგიერთ სტრიქონს:
    გამოვედი გზად ბურანში მყოფი,
    ნევას ედგა შენისლების ბუნდი.
    ერთ ქალს მხარზე გადაეგდო თოფი
    და გარს ერტყა მეგობრების გუნდი.
    ვერონიკა! ვერონიკა! დადგა.
    აჰ, საით სად! იგი გასცდა ხიდეს,
    რა თქმა უნდა, ვერ შემიცნო, რადგან
    კლასი კლასის წინააღმდეგ მიდის.
    ან კი როგორ? სხვა სახელიც ერქვა?
    ვერონიკას, ხელთ თოფი რომ ეპყრა.
    ქარხანაში უწოდებდნენ თურმე:
    გაბედული კალუგელი ვერკა!
    და ამაზე გალაკტიონმა უეცრად უცნობი ადამიანის (ვისაც ლექსს უკითხავდა) საფლავის ქვაზე შავ-თეთრად ამოხატულ სურათს შეხედა, რომლის ქვეშ დიდი ასოებით ამოეკაწრათ: მელიტონ ქანთარია. ახლა ნამდვილად გამოეღვიძა. ამაში მაშინ დარწმუნდა, როდესაც კუპეს მეორე მხარეს ვერონიკას მოღიმარი ლამაზი სახე დაინახა. ვერკას ტუჩის კუთხესთან თეთრ-რუხიფერი სითხის მკრთალად მოელვარე რამდენიმე მიმხმარი წერტილი მოუჩანდა, რაც გალაკტიონმა ვერ შენიშნა – მან, უბრალოდ, თვალები დახუჭა, გადაბრუნდა და ძილში ლექსის წერა განაგრძო:
    ვუდარაჯებდი, თუ ქარში როგორ ასცდა ლიანდაგს მატარებელი…

    10.
    ავალა ლენინის ძეგლზე.
    ეპისკოპოს ეფრემთან

    წლების შემდეგ ერთ დროს გაბურძგნილი მელიტონ ქანთარია ჩაქრა. ჩქარა სიარულს გადაეჩვია, თმის აკურატულად დავარცხნას, წვერის გაპარსვასა და ლამაზად ჩაცმას შეეჩვია. სახლში კედლებზე სარკეებიც მოიმრავლა და თავისი თავიც იპოვა, რაც იმათ, ვისაც ჯერ არს, მხედველობიდან არ გამორჩენიათ, დაუფასეს: ბერლინში წაიყვანეს რაღაც, ლამის საკაცობრიო მნიშვნელობის, საქმის აღსასრულებლად, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, დროშასთან იყო დაკავშირებული.
    გეგონება ვიღაც მოსდევსო, სასაფლაოდან სწრაფად დაშვებული გალაკტიონი, ის-ის იყო, ქალაქის მთავარ მოედანს მიუახლოვდა, ლენინის ძეგლთან უცნაური ჩოჩქოლი შენიშნა. ახლოს მისვლა ვერ გაბედა, ხომ იცით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ,  სადაც ახლა მისი სახელობის ქუჩა შედის, იმ ადგილას პირველივე კუთხის შენობას ამოეფარა და მოვლენების თვალთვალი განაგრძო. რას ხედავს: პოეტი ავალა ლენინის ძეგლზე ამძვრალიყო („რამ აიყვანა ეს შობელძაღლი ამ სიმაღლეზე?!“), ხელებს იქნევდა, თან ზეცად მომზირალი რაღაც სიტყვებს გაიძახოდა. გალაკტიონამდე ხმა ვერ აღწევდა, ამიტომ მისთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა, ავალა ლექსებს ჰყვებოდა თუ, უბრალოდ, შეშლილი სახით რაღაც ფრაზებს ისროდა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გარჩევა შეძლო, უბის წიგნაკშიც ჩაინიშნა: „სამშობლო,“ „დაგორებული თავები,“ „დემონოკრატია,“ „შემოსევა,“ „ჩაგვაძაღლებენ“ და ა. შ. დანარჩენი არც მე ვიცი, გალაკტიონის უბის წიგნაკია სანახავი. რამ აიძულა ასეთი მშიშარა ადამიანი (გალაკტიონი ავალას ბავშვობიდან იცნობდა, ერთი სოფლიდან იყვნენ, ნათესავები. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ შიშია ის ძირითადი ემოცია, რაც ადამიანს ჰეროიკული საქციელის ჩადენას აიძულებს: ასე ვთქვათ, შიშით დაძლეული შიში. გმირები ძირითადად მშიშარა ადამიანები არიან), ლენინის ძეგლზე ამძვრალიყო და ასეთი დებოში მოეწყო? „როგორც ჩანს, მისი მეგობრის, ოდილიანის გზას დაადგა, მაგრამ მეეჭვება, ეს ნებაყოფლობით გაეკეთებინა“, ჩაილაპარაკა გალაკტიონმა და მეტი გულისყურით დააკვირდა ლენინის ძეგლთან მიმდინარე პროტესტის გამოვლენის უცნაურ პროცესს. დააკვირდა და დაინახა, რომ ავალას კაუჭი ჰქონდა ფეხებზე გამოდებული, რომელზეც დაახლოებით ექვსი გამხდარი პოლიციელი ეკიდა, თითოზე – სამი (გალაკტიონმა ამდენი დათვალა), თუმცა ის მსუბუქად იდგა ძეგლზე, თითქოს ვერც გრძნობდა პოლიციელების სიმძიმეს, თან ქარიშხლიან გამოსვლას განაგრძობდა. მერე გალაკტიონმა დაინახა, რომ ავალას კისერზეც მოსდეს სამი ზორბა უშიშროებისთანამშრომლიანი გრძელი კაუჭი, ამას კი ვეღარ გაუძლო და გადმოვარდა… ვერც გალაკტიონმა გაუძლო ამას, ხელი ჩაიქნია, რაღაც ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო. შინ მისვლა არ ეგების, ჩემო გალაკტიონ, რა იცი, იქ რა გელოდება? გეზი დიდუბისკენ აიღო, ეპისკოპოს ეფრემთან, რომელიც წარმოშობით სოფელ ასურეთიდან იყო. უყვარდა მასთან ტრაპეზზე ჭიქა ღვინის დალევა და ღრმა მეტაფიზიკურ თემებზე საუბარი. ვერ ვიტყვი, რომ ეპისკოპოსი განსაკუთრებულად გონიერი იყო. გალაკტიონს არც აინტერესებდა მისი განსწავულობა და წვდომის უნარი, უბრალოდ, სიამოვნებდა იმ ადამიანთან ურთიერთობა (საყოველთაო ათეიზმის ეპოქაში), რომელიც დაუფარავად (ფორმალურად მაინც) აცხადებდა, რომ ღმერთი სწამდა. ეს გალაკტიონის მხრიდან, ერთგვარი პროტესტის გამოვლენა იყო, რაც, რა თქმა უნდა, იმდროინდელ უშიშროების სამსახურს მხედველობიდან არ გამორჩენია. პროტესტს კი, დამეთანხმებით, თან ახლავს მსუბუქი სიამოვნების შეგრძნება, როდესაც იცი, რომ ბრიყვი უმრავლესობის ნაწილი არ ხარ.
    ოდნავ მოსალოსო ეპისკოპოსი ეფრემი, როგორც თითქმის ყველა გაუნათლებელი სასულიერო პირი, წინასწარმეტყველების უნარს ფლობდა. ვიღაცები ამბობდნენ, სასწაულების მოხდენაც ხელეწიფებაო, მაგრამ ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, ამიტომ მხოლოდ გულთა ჭვრეტისა და წინასწარ ნათელხედვის უნარზე გავაკეთებ აქცენტს, რაშიც ნამდვილად დავრწმუნდი. ლაპარაკიც გალაკტიონივით უცნაური იცოდა. საერთოდ, გალაკტიონმა მწყობრი, თანმიმდევრული, გამართული, ასე ვთქვათ, ფორმალურად ლოგიკური მეტყველება ბავშვობიდან განდევნა, მოიშორა, იგი მხოლოდ ასოციაციებით აზროვნებდა, რის გამოც წყვეტილი ლაპარაკი დასჩემდა, თუმცა მისი წინადადებები იყო სრული და ზუსტი. ხშირად გამოვლენილი მოჩვენებითი ინფანტილიზმის გამო, შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, გრძელი წინადადებების წარმოთქმას თავს ვერ აბამსო, მაგრამ ეს ტყუილია – უბრალოდ, ამგვარ გატყლარჭულ ფრაზებში აზრს ვერ ხედავდა. ეფრემსაც დაახლოებით იგივე დამოკიდებულება ჰქონდა ენასთან, იმ განსხვავებით, რომ მის გამონათქვამებს სიზუსტე აკლდა, რადგან ისინი არ იყო ღრმა შინაგანი რეფლექსიის ნაყოფი. მოკლედ, ამ ადამიანების ვერბალური (ან არავერბალური) ურთიერთობა, ისევ გალაკტიონს თუ დავეყრდნობით, ასეთი იყო: „იქ, სადაც ზღვა და ცის დასავალი სიტყვის უთქმელად გრძნობენ ერთმანეთს“. მაშ ასე, გალაკტიონმა ეპისკოპოსს დიდუბეში, მის პატარა რეზიდენციაში (დიდი დაუნგრიეს) მიაკითხა (რომელი ეპარქიის ეპისკოპოსი იყო, ან როგორი გარეგნობა ჰქონდა, ან როგორი იყო რეზიდენცია? ამის დაწვრილებით აღწერა არანაირ კავშირში არ არის ჩვენს მოთხრობასთან, ამიტომ რეზიდენციაც და ეპისკოპოსის გარეგნობაც, დაე, ისეთი იყოს, როგორსაც წარმოსახვა გიკარნახებთ, როგორსაც ისურვებდით. განა ცოტა ეპისკოპოსი და რეზიდენცია გვხვდება დღევანდელ საქართველოში და განა ეპისკოპოსები და რეზიდენციები გაჭრილი ვაშლებივით არ ჰგვანან ერთმანეთს?).
    ეპისკოპოსი, თითქოს ელოდაო, პატარა სენაკისმაგვარ ოთახში უსიტყვოდ შეუძღვა გალაკტიონს. იქ ლამაზად გაწყობილი გემრიელი კერძებით სავსე ტაბლა დახვდათ. სანთლებით განათებული ოთახი პატარა სამლოცველოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. გალაკტიონს, რომელიც მაგიდასთან მიდგმულ პატარა სკამზე ჩამოჯდა, ზურგსუკან კედლიდან რომელიღაცა გაბადრული ასურელი მამა ცინიკური სახით გადმოჰყურებდა –  ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გვეუბნებოდა: ვაი თქვენს პატრონს! ყოველდღიურ ამაო ფაციფუცში ჩაფლულ ადამიანებს, რომელთაც მარჯვენა ვერ გაგირჩევიათ მარცხენისაგან, მთავარი  დაგვიწყებიათ, მეორეხარისხოვანი საქმეებისთვის კი აქტიურად იღვწითო. როგორც ჩანს, თავად წარმატებით გაევლო საზვერეები და ახლა ნეტართა სავანეში ალექსანდრიელ და ანტიოქიელ მეგობრებთან ერთად ბედნიერებით ტკბებოდა. კედლიდან გადმომზირალ წმინდანს, ქვეშ დანთებული სანთლის გამო, სახე ოქროსფრად უელავდა, რაც გალაკტიონზე შთამაგონებელად მოქმედებდა (მან დაჯდომისას მოასწრო ხატის შეთვალიერება და ტრაპეზობისასაც გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას ზურგიდან. საუბრის დროს რამდენჯერმე ახედა კიდეც). გალაკტიონმა სუფთა მანავის მწვანით სავსე მოზრდილი ჭიქა აიღო ხელში, – მე-12 საუკუნის ქართველ მკითხველს გაუმარჯოს, ძამიკოო, ჩაილაპარაკა და სწრაფად გამოცალა. ზედაც, რიონში დაჭერილი წითლად დაწინწკლული შემწვარი კალმახი გადმოიღო და მიაყოლა. ეპისკოპოსმა, რომელიც გალაკტიონს აკვირდებოდა, საფერავი მოსვა და თქვა:
    – ჩალაპარაკებას ნამეტანი მიჩვეულხარ ამ ბოლო დროს, არ დაგღუპოს.
    – აჰ, უკვე შეგიტყვია, ძამიკო… მე მესმის, უკვე ათი წელია, ჩემ ნაცვლად ჩემი ბაგეებით სხვა ლაპარაკობს.
    – ჰოდა, ფრთხილად, გალაკტიონ, ეგ ჩვენში ჩასახლებული სხვა, რომელიც არს ძმაი ჩვენი, დიდ განსაცდელებს გვამთხვევს.
    – შეგვამთხვიოს, შეგვამთხვიოს, იქნებ, ჯობდეს კიდეც ეგრე. ვინ მოგახსენა დღევანდელი შეხვედრის შესახებ, მეუფეო? – ამასობაში ჭიქა შეავსო და მეორეც გადაკრა, თან ზურგსუკანიდან გადმომზირალ ხატს ახედა.
    – მაგას არაფერი უთქვამს, – ეფრემმა თავით ხატზე მიანიშნა და შეშლილი თვალებიდან ოხუნჯობის ნაპეწკლები დააკვესა. – ერთ-ერთმა სხდომის მონაწილემ. რაში გარგია მაგის ცოდნა?
    – არაფერში, ზოსიმა, არაფერში. საერთოდ, რაც ნაკლები იცი…, თუმცა, ზოგჯერ სიცოცხლე იმდენად საშიშია, სიფრთხილეს აზრი არა აქვს. ხანდახან დამსმენებთან გულის გადახსნა გადაარჩენს ხოლმე ადამიანს, ზოგჯერ კი მოცემულობას გულგრილობით უნდა ებრძოლო, ჩემო ზოსიმა. ჰი, ჰი, ჰი ჰი… აუცილებლია ხელახლა ვიპოვოთ ჩვენს გაუქმებულ ენაში თითოეული სიტყვის მნიშვნელობა, ამას ვცდილობდი მთელი ცხოვრება, ძამიკო, ჰი, ჰი, ჰი, ჰი, ჰი… – გალაკტიონი ეპისკოპოს ეფრემს რომელიღაცა ოპტინელ ბერს ამსგავსებდა, რომლის შესახებაც ერთ დიდ წიგნში ამოეკითხა, ამიტომაც მიმართავდა ასე. ეპისკოპოსმა ეს იცოდა, მოსწონდა კიდეც. – მოდი პაპიროსი გავაბოლოთო, – თქვა და ჯიბიდან „რეკორდის“ კოლოფი ამოიღო, ეპისკოპოსს გაუწოდა. ეპისკოპოსმა კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა. მოუკიდეს და ერთად გააბოლეს. როგორც ჩანს, ადრეც არაერთხელ გაუბოლებიათ.
    – მისმინე. მისმინე. კარგად მომისმინე. მისმენ? – აბუტბუტდა ეპისკოპოსი. – ხილვა, ხილვა… საფრთხე. გემუქრებიან. იღუპები. – და პაპიროსის კვამლი სიფათში მიაბოლა. კვამლი შედედდა, სიმეტრიულად გაიშალა, შემდეგ გალაკტიონის შუბლთან ჯვრად გამოისახა და გაიფანტა.
    – ჰი, ჰი, ჰი… ხილვები მეც ბლომად მაქვს. შენ ეს მითხარი, ძამიკო, თუ მართლა არსებობს, – თითით ზეცისკენ მიანიშნა. – ამათი შემხედვარე სად არის? – ეპისკოპოსი მიაშტერდა, თვალს არ აშორებდა, სახე ლამის სახესთან მიუტანა, შემდეგ კი სწრაფად გასწორდა მხრებში. გალაკტიონს უხერხულობის განცდა არ დაუფლებია, რადგან, მოგეხსენებათ, თავადაც ექსცენტრული, ზოგჯერ ეპატაჟურიც ბრძანდებოდა. ერთი მიზეზი ესეც იყო, რატომაც ჰქონდა ასეთი ახლო ურთიერთობა ამ ორ ადამიანს.
    – სად და… სად? სად? სად? – უცებ ზემოთ აიხედა და ასძახა: – სად ხარ?! (პაუზა.) სად და შენს სიტყვებში. ის შენს სიტყვებშია. – წამოდგა, კედელთან მივიდა, ყური და ხელისგულები ფრთხილად მიადო, თან არეულ-დარეულად აბუტბუტდა: „კედლებს რომ სინჯავს გრძნეულ თითებით…“ გესმის? „მზეო მარიამ, დედოფალო, მზეო მარიამ, ჩემთან არ მოვა შენი ხსენება…“ „ცივ სამარეში ჩავესვენები…“ ის აქ არის, აი, გახედე. – შემობრუნდა. ხელი ანთებული სანთლისკენ გაიშვირა, გალამ ინსტინქტურად აიხედა. – ღამე ბოზობენ, დილით ხატებთან დაჩოქილი ინანიებენ, ყველას პატიობს, გულმოწყალეა… ყველას, ყველას! აი, შენ კი, შენ შეიძლება არც გეპატიოსო, – თქვა, სკამზე ჩამოჯდა, თეფშიდან ნახევრად ჩამწვარი პაპიროსი აიღო და მაგრად მოქაჩა. ოთახში ისეთი ჯანღი დადგა, რომ ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ.
    – რამდენი ნისლია ირგვლივ, ძამიკო. ჯოჯოხეთში გამოძერწილი ორეულები დაგვყვებიან, წყვდიადის სუნთქვას ყურის ბიბილოსთან ვგრძნობ, – თქვა გალაკტიონმა. – მზე კი…
    – არც გამოჩნდება. მზე ადამიანშია, ამოსვლას არ აცდიან, ტყვიით აქრობენ. ადამიანს მზის ჩაქრობა შეძლებია, ვინ იფიქრებდა: რამეთუ სინათლე მოვიდა წუთისოფელში, ადამიანმა კი მასზე მეტად სიბნელე შეიყვარა. – და უცებ, უკონტექსტოდ წამოისროლა: – იცი, ვინ მიამბო დღეს ყველაფერი? – პასუხი არ დააცადა, თავად განაგრძო: – შენგან წამოსულმა „წყალწაღებულმა“… – მცირე პაუზა გააკეთა და პათეტიკურად დაამატა: – ჩემიდან წასული კი იმ ხიდიდან გადახტა მტკვარში, რომელსაც მომავალში დიდი გალაკტიონის სახელს უწოდებენ. – გალაკტიონი ფეხზე წამოიჭრა.
    – მერე?!
    – მერე არაფერი, ოდილიანის გზას გაუყვა, გარდაიცვალა, – პირჯვარი გამოისახა. –  ღმერთმა აცხონოს.
    – შენ, შენ საიდან… ზოსიმა?
    – ჩემთან იყო-მეთქი, ხომ გითხარი. სანერვიულო არაფერია, მამის ნების გარეშე ერთი ბეღურაც… ვაზიარე. – გალაკტიონი სკამზე დაეშვა, თავი ხელებში ჩარგო.
    – და ისიც გიამბო, რასაც აპირებდა, ძამიკო?
    – ეგ ისედაც ვიცოდი, მე ხომ… მასხარას როლს და ფსიქიატრიულში გდებას ჯობდა.
    – ხელი არ შეუშალე… ძამიკო, საკვირველია სწორედ, ძამიკო, საკვირველი. რისკავ. სად არის გადარჩენა? – ბერი ზოსიმა მიაშტერდა, თან ბოდავდა:
    – რისკი. რისკი. ცხონება. გადარჩენა. ქრისტე აგონიაშია, არ ჩაგთვლიმოთ! სანერვიულო არაფერია, სულ მალე ყველას ჩაგვაძაღლებენ. ხსნა? ხსნა? ხსნა? ხსნა? ხსნა?.. – შეშლილივით იმეორებდა. ამასობაში გალაკტიონმა ერთი ჭიქის გადაკვრა მოასწრო. ფეხზე წამოდგა, მოელვარე ხატისკენ შეტრიალდა, სანთელს სული შეუბერა, ჩააქრო. ხატზე გამოსახულ, წყვდიადში შთანთქმულ, ახლა უკვე დასერიოზულებულ წმინდანს უცნაურად გაუცინა და კარისკენ გაემართა. მეუფემ კი, თითქოს ტრანსშიაო, ძლივსგასაგონად ჩაიბუტბუტა. – ვიცი, იქ რაც ჩაილაპარაკე, გალაკტიონ! იმათ?
    – ეგ მალე გაირკვევა, ძამიკო, ძალიან მალე, – თქვა და წამოვიდა.
    – უკვე გარკვეულია, გალაკტიონ, – მიაძახა მეუფემ, თან რეზიდენციის ღია კარს პირჯვარი გადასახა. – ყველაფერი გარკვეულია! ორ კვირაში სხდომა იქნება…
    ეჰ, როგორ მსურდა, შენს გარდაცვალებას მოვსწრებოდი, მოხუცო, აუვიდოდა ხრწნილების სუნი შენს წმინდა სხეულს? იქნებ, ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი რწმენა? ქვიშაზე აშენებული სახლი, გადატეხილი ლერწამი. სიოს მობერვას ვერ უძლებენ… – ფიქრობდა გზად მიმავალი დიდი პოეტი.

                                                                                      11.
    მწერალი მიშელ ტოკლიკიშვილი

    რა იცოდა რეზიდენციიდან წამოსულმა აღელვებულმა ურწმუნო გალაკტიონმა, რომ ეპისკოპოსი ეფრემი მართალს ეუბნებოდა. რომ დასცლოდა, მოუწევდა ორ კვირაში მწერალთა კავშირის სხდომაზე მიბრძანება, სადაც შავდიას დავალებით „ქიმერიონის“ შემდეგ ახლა უკვე მისი და პროზაიკოს ტოკლიკიშვილის საქმე უნდა განეხილათ. ეს რასაც ნიშნავდა, ყველას კარგად მოგვეხსენება. ისე კი, რადგან სხდომა უკვე დაგეგმილია, თან გამომსვლელებმაც კარგად იციან, რა უნდა ილაპარაკონ, განაჩენიც წინასწარ დაწერილია, მოდით, მოვახდინოთ ჩანიშნული სხდომის რეკონსტრუქცია-მოდელირება, განვსაზღვროთ, სავარაუდოდ როგორ წარიმართებოდა, რა შედეგით დასრულდებოდა. მანამდე კი, რადგან კრებაზე მისი საკითხიც უნდა განიხილონ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდ სიტყვა მწერალ ტოკლიკიშვილზე.
    შედგა თუ არა ფეხი მწერალთა სამყაროში მიშელმა, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ მცხეთის ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში შვილი ჩუმად კარდუ როზენბერგს მოანათლინა, რითიც გზის დასაწყისშივე გამოხატა ევროპული იდეალებისადმი ერთგულება. საქმე ის არის, რომ კარდუ მისთვის ევროპასთან, ევროპულობასთან ასოცირდებოდა, კოსტა კი რუსეთთან. ამიტომ კოსტასა და კარდუს მუდმივ დაპირისპირებაში იგი ყოველთვის კარდუს მხარეს იხრებოდა, რაც შესანიშნავად უწყოდა კოსტამ. იყო თუ არა სინამდვილეში კარდუ ევროპელი? ძნელი სათქმელია, თუმცა მის გარეგნობაში, მანერებში მართლაც გამოსჭვიოდა რაღაც უჩვეულო და მიმზიდველი. ახალგაზრდა მწერლებზე თავისი გავლენის ძალას თვადაც გრძნობდა, რის გამოც მან ერთხელ და სამუდამოდ დაიჯერა, რომ იყო ახალი ქართული კულტურის ანი და ჰოე. პრინციპში, ბევრი ხელოვანისთვის იყო კიდეც მეტრი. ერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდა პოეტმა მხოლოდ იმიტომ მოიკლა თავი, რომ კარდუსგან მოისმინა, დიდი პოეტი ვერ გახდები, თუ თვითმკვლელობისთვის მზად არა ხარო. პოეტმა ჩათვალა, რომ მის შემოქმედებას სწორედ თვითმკვლელობის ხიბლიღა აკლდა, წავიდა და ჰაშიშით მთვრალმა მეტეხის ხიდიდან ისკუპა მტკვარში. როდესაც კარდუმ ეს ამბავი შეიტყო, საკმაოდ გულგრილად დაიჭირა თავი, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო. ბავშვობაში გადატანილი ტრავმის გამო (სიმაღლიდან გადმოვარდა, რამდენიმე დღე გათიშული იწვა.), კარდუს თავის ტვინს ჟანგბადი სრულყოფილად არ მიეწოდებოდა. აქედან – მისი გაფაქიზებული მგრძნობიარობა. ეს გადაჭარბებული მგრძნობიარობა კი ავადმყოფურ ჰიგიენურობასთან შერწყმულ განსაკუთრებულ ნიჭიერებას განაპირობებდა. კარდუ, რომელიც ქართველ მწერლებში პირველი იყო, ვინც თავზე პარიკი დაიმაგრა, თავისი ევროპულობის გამოხატვას ყველაზე მეტად გარეგნობაში ცდილობდა. ჰქონდა გაყვითლებული, ხვლიკის თავივით გაქვავებული სახე, რომელიც მუქი შავი თვალებით იყო აქცენტირებული (დაახლოებით ასე აღწერს მის გარეგნობას ემიგრაციაში გაქცეული კარდუს გერმანელი კოლეგა). მის შემხედვარეს შეიძლებოდა დაგესკვნა, რომ თავის თავში დასრულებულ, სამყაროსთვის ჩაკეტილ, თავდაჯერებულ სნობთან გქონდა საქმე. დაიარებოდა აუჩქარებლად, მოხდენილად, კუბოკრული პიჯაკით, თავზე ცილინდრითა და ტროსტით ხელში. ცხოვრებაში ერთხელ მოიხადა ქუდი და ისიც ძვირად დაუჯდა. შემთხვევა მოხდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში. როდესაც კარდუ ამაყად მიაბიჯებდა, გზის მეორე მხარეს რომელიღაცა პატივცემულმა გვამმა ჩაიარა, რომელსაც კარდუ მნიშვნელობის მიხედვით საკუთარ თავს უტოლებდა, ჰოდა, ამ დროს, ნიშნად მისალმებისა, ის იყო, ქუდი მოიძრო და თავი დაუკრა, რომ ერთ-ერთი ძველი სახლის მეორე სართულის აივნიდან ვიღაცამ შარდი გადმოასხა. კარდუ გვერდზე გახტა, თუმცა არ დაბნეულა, ზემოთ აიხედა და „წყალწაღებულის“ ირონიულად მოღიმარ სახეს მოჰკრა თვალი. ვითომც აქ არაფერიო, შარდნაპკურები პარიკი მოიხსნა, დემონსტრაციულად დაფერთხა, თავზე დაიდო, ცილინდრიც აუღელვებლად დაიხურა და გზა განაგრძო. გზაში მშვენივრად გააცნობიერა, რომ „წყალწაღებულმა“ კარდუს თავისი მეგობარი ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის დაღუპვა არ აპატია და არც არასდროს აპატიებდა.
    კარდუ როზენბერგის მეგობარი, რუსეთმოძულე, ევროპული იდეების დიდი მოყვარული პროზაიკოსი მიშელ ტოკლიკიშვილი, უპირველესად, ფილოსოფოს-თეორეტიკოსი იყო, მხოლოდ ამის შემდეგ მწერალი, თუმცა დიდი მწერლისთვის აუცილებელ ყველა ნიშანს ფლობდა. პრინციპში, იყო კიდეც დიდი მწერალი ყველასგან გამორჩეული ნიჭითა და მხატვრული სახეების შექმნის უნარით. თავისი გვარი არ ეპიტნავებოდა, ამ რანგის მწერლისთვის შეუფერებლად მიაჩნდა, რის გამოც არაერთხელ სცადა გადაკეთება, მაგრამ ყოველთვის ხელი მოეცარა, არადა, ამ გვარმა, დიდი მწერლის გარდა, ასევე, ერთი დიდი მხატვარი აჩუქა საქართველოს. რას ერჩოდა, არ ვიცი. როგორც იმდროინდელი რეალისტი მწერლების უმრავლესობა, ისიც ძირითადად თავის თავს ანაწილებდა მისსავე ნაწარმოებების პერსონაჟებში. რეალიზმის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ავტორის მიერ ტექსტთან დისტანცირების კულტურის უქონლობაა. რეალისტურ ნაწარმოებებში ხშირად იგრძნობა ანგაჟირებულობა და სუბიექტივიზმი. როდესაც ავტორისთვის მოსაყოლი ამბავი და სიუჟეტური ქარგა პრიორიტეტს წარმოადგენს, მისი კალამი პროკრუსტეს სარეცლად გადაიქცევა ხოლმე. ეს ტოკლიკიშვილის ბრალი ნამდვილად არ გახლდათ – დრო იყო ეგეთი, ქართულ ლიტერატურაში ეგ მიმდინარეობა დომინირებდა. პირიქით, ტოკლიკიშვილი მსოფლმხედველობრივად სოციალურ და მორალურ ასპექტში ობიექტივიზმისა და რაციონალური დისტანცირების ადეპტი და მქადაგებელი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ იგი აღმერთებდა ურთიერთობებში დიფერენცირებისა და დისტანციის შეგრძნების უნარს. ბევრჯერ უთქვამს: ადამიანმა კონტექსტის შეგრძნება არ უნდა დაკარგოსო. სძაგდა უნიტარულობა. ბევრი ამის გამო ელიტისტობაში ადანაშაულებდა, თუმცა ის ელიტისტი არ ყოფილა. მისი აზრით: ადამიანის სხეულის ასოები ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ფუნქციურად ისინი გამიჯნულნი, დისტანცირებულნი არიან. სოციალურ ურთიერთობებს ბუნებრივად გარკვეული სიმკაცრე ახასიათებს, ეს აუცილებელია საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. უყვარდა ხოლმე თქმა: ფამილარობა, უნიფიცირება, ირაციონალიზმი და ა. შ. პრივატული სივრცის ცნებებია, მაგრამ მე, პირადად, კერძო ურთიერთობებშიც არ ვემხრობი დისტანციის მოშლას, რადგან ეს მთავარი ღირებულების გაუბრალოებას, სრულ ნიველირებას გამოიწვევს; ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერს თავის ფასი აქვსო. მისი ფორმულა იყო: არაფერს უნდა გადაახტე, ყველაფერი უნდა გაიარო (ან, თუ გნებავთ: ვერაფერს გადაახტებით, ყველაფრის გავლა მოგიწევთ!)! ამიტომ აუცილებელია, ზღვრული დიფერენცირების ფარგლებში სწორად განვსაზღვროთ ჩვენი სპეციფიკური როლი ინსტიტუციური წესრიგის პირობებში. სწორედ აქ ჩნდება ინდივიდუალობა ან, თუ გნებავთ, კერძო პირის ავტონომიურობა, ონტოლოგიური გაგებით, და იბადება მორალი – ეს მკაცრი, უპიროვნო საწყისის შემაკავაბელი სუბსტანცია ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არ შეიძლება, ინსტიტუციას თავისთავად ადამიანი, როგორც მიზანი, აინტერესებდეს, მაგრამ ადამიანს ადამიანი უნდა აინტერესებდეს (აინტერესებს კიდეც), რადგან არსებობს ასეთი ფუნდამენტური ფორმულა: სხვა – ჩემში! მორალი სწორედ იქ იბადება, სადაც არ არსებობს მიზეზიო, – ამბობდა ხოლმე. სიკეთის უმიზეზობის იდეას ემხრობოდა. მისი აზრით: სწორედ ის საზოგადოება იყო ძლიერ ორგანიზებული, სადაც სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები განუსაზღვრელი და ერთმანეთში გადასული კი არ იყო, არამედ ეს ელემენტები სახელმწიფოში ერთმანეთს განწონიდნენ და აბალანსებდნენ. მხოლოდ ასეთი იდეების რეალიზაციით დაიბადა კაცობრიობისთვის გეზის მიმცემი ცივილიზაციები, განსაკუთრებით კი დასავლეთევროპული ცივილიზაციაო. თეორიული დასაბუთების შემდეგ უყვარდა ხოლმე გახუმრება: „მღვდელი და პოეტი რაღაც თვალსაზრისით თითქოს სულიერ საკრამენტულ სფეროს წარმოადგენენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი მღვდელია, პოეტი – პოეტი! ისინი მხოლოდ ერთი რამით ჰგვანან: ორივე მატყუარაა, იმ განსხვავებით, რომ პოეტის ტყუილი გვსიამოვნებს, მღვდლისა გვაღიზიანებს, მაგრამ ვიჯერებთ. თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომელი უფრო სასარგებლოა. თუმცა ეს საკითხის სხვა მხარეა, მთავარი მაინც შეთანხმებული რაციონალური მიჯნებია, რომელიც არ უნდა დაირღვეს. დისტანციის აუცილებლობის  მიხვედრა და რეგულირება ინდივიდის მთავარი ღირსებაა, ერთადერთი კრიტერიუმი, რითიც ადამიანის გონიერების ხარისხი განისაზღვრება“. ტოკლიკიშვილი ბუნებას და ადამიანს არ მიიჩნევდა დასრულებულ რეალობებად. პირველი რეალობა ადამიანმა უნდა დაასრულოს გარედან, მეორე კი გარედან და თავის თავში. ერთადერთი დასრულებული რეალობა ხელოვნების დიდი ნაწარმოებია, რადგან იგი სინამდვილეს ზღვარს უდგენს. ჯოკონდაზე შორს წასვლა შეუძლებელია, იმის იქით ილუზორული პრიმიტიული საწყისი იმალება, რომელშიც ბევრი გადაჩეხილა, ამიტომაც ვერ გაუძლებს დროს უკიდურესი რელატივიზმის (ისევე, როგორც აბსოლუტიზმის) თეორია, რადგან იგი პრიმიტიულობასა და იმორალიზმს შორის ქანაობსო… და ა. შ. და ა. შ. წარმოიდგინეთ, რა დამამცირებელი იქნებოდა ამ იდეების მქონე ადამიანისთვის ის, რაც ჩანიშნულ სხდომაზე და სხდომის შემდეგ უნდა მომხდარიყო…
    ეს, რაც შეეხებოდა იდეებს, ხოლო, გარეგნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ: გარეგნულად მშვიდ, შინაგანად კი საკუთარ თავთან ბრძოლით დაღლილ ფერმკრთალ მიშელ ტოკლიკიშვილს ხშირი სინდისის ქენჯნის გამო სახე ოდნავ ჩამოგრძელებოდა – კლასიკური დამბეზღებელი ინტელექტუალის ფიზიონომია ჰქონდა. ასეთები ბევრი ახსოვს კაცობრიობის ისტორიას. იყო საშუალო სიმაღლის, გამხდარი, თავგადაპარსული, ასიმეტრიული სახის (სახე ოდნავ მოჰქცეოდა, რაც მის გაორებულ ბუნებაზე მიგვანიშნებდა, თითქოს სახის მარჯვენა მხარე გვეუბნებოდა, არ ენდოთ მარცხენასო), პორთფელით ხელში მსუბუქად სიარული სჩვეოდა – ადამიანი იფიქრებდა მიწაზე ოდნავ თუ ადგამს ფეხსო. მარცხენა მხარი მარჯვენასთან შედარებით ოდნავ დაწეული ჰქონდა, მრგვალშუშებიან პენსნეს ატარებდა. ბოროტი ხმები ამბობდნენ, ადრე აქტიურ საიდუმლო პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, იატაკქვეშეთში არსებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის „შეფიცულთა“ პარტიის ინკოგნიტო წევრი იყო და თავისი წვლილი აქვს შეტანილი 19… წლის აჯანყების ჩახშობაში, საბჭოთა მთავრობასთან საკუთარი ინიციატივით დააბეზღა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში მდგარი ერთი ქართველი გენერალი, რომელიც მოგვიანებით დახვრიტესო. იმასაც ამბობდნენ, აჯანყების ორგანიზატორი, ამაჟამად ეროვნულ გმირად გამოცხადებული ჩოლოკაევიც მაგისი ჩაშვებულიაო. მე ამ ინფორმაციის სიმართლეზე თავს ვერ დავდებ, უბრალოდ გავიმეორე ის, რასაც ამბობდნენ. ერთი რამ ფაქტია; ტოკლიკიშვილი იყო შესანიშნავი ინტელექტუალი და დიდი მწერალი, გამცემი რამდენად იყო, არ ვიცი (არქივებია სანახავი). არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ცუდი ადამიანი არ შეიძლება იყოს დიდი მწერალი. მე ამ თეორიას არ ვემხრობი.
    თქვენი აზრით, რა დღე დაადგებოდა ასეთი საეჭვო წარსულისა და ამ იდეების მქადაგებელ ავტორს მწერალთა კავშირში დაგეგმილ საბედისწერო სხდომაზე?

                                                                            12.
    სხდომა მწერალთა კავშირში. რეკონსტრუქცია

    „სამშობლო საფრთხეშია, მეგობრებო!“ – ასე, თავისი გარეგნობისთვის შეუფერებლად, დაიწყო მიმართვა ჩვენი მწერალთა კავშირის უცნაური თავმჯდომარის არაუცნაურმა მოაგდილემ, ცენზორმა გენადი ზაიჩიკმა, თან მეტი ეფექტის მისაღწევად მცირე პაუზაც გააკეთა. გენადი პატარა ტანის, კოჭლი, მელოტი, რა თქმა უნდა, სათვალიანი და, მაშასადამე, ჭკვიანი, არაპროპორციული აგებულების ადამიანი იყო. შესამჩნევად დიდი თავი ჰქონდა და, რაც მთავარია, კარგად იცოდა თავისი საქმე; არაერთ ლექსს, პოემას თუ პროზაულ ნამუშევარს გამოღადრა ყელი ისე, რომ ხელი არ აჰკანკალებია. ამბობენ, ხელოვნების დიდი ნაწარმოები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზეო. ეს გენადიზე არ ვრცელდებოდა – ვერც ერთმა შედევრმა ვერ მოულბო გული, არადა, ამდენი რამ წაეკითხა. იმდენად გულგრილი იყო, რომ ერთხელ საპასპორტოში ანკეტის შევსების დროს ცოლს ხმამაღლა ჰკითხა ქალიშვილობაში რა გვარს ატარებდიო? ყველამ მათკენ მოიხედა. ცოლმა უხერხულობის გასაფანტად ხმამაღლა გაიცინა და აუღელვებლად მიუგო, აღარც მე მახსოვს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ზაიჩიკა ჩაწერეო და ამანაც მშვიდად ჩაწერა. იმასაც ამბობდნენ, მსოფლიო ზაიჩიკებით რომ ყოფილიყო დასახლებული, წიგნს აღარავინ წაიკითხავდაო და მართლებიც იყვნენ, რადგან გენადის დიდად უსარგებლო რამედ მიაჩნდა ხელოვნება – პარაზიტების, უსაქმურებისა და ამბიციური უტვინოების თავშესაფარს ეძახდა (გულში). გენადისთვის კამამოყრილი კარგად შებრაწული ახალი კარტოფილი იმერულ ყველთან, წიწმატთან და ქორფა ნიორთან ერთად „ლურჯა ცხენებზე“ ბევრად მნიშვნელოვანი რამ იყო. აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა ბოსტნეულზე, რაც მას ხელოვნებას კი არა, მარქსიზმ-ლენინიზმსაც ერჩია. კმაყოფილებას ხელოვნებაზე ბევრად მარტივი რაღაცები ანიჭებდა. მაგალითად, ერთხელ მზით განათებულ ოთახში კედელზე ჩამოკიდებულ თეთრციფერბლატიან საათს ახედა და მიხვდა, რომ ბედნიერი იყო, რადგან საათის ფერადი ისრები სამის ოც წუთს უჩვენებდა. დღემდე გამოჰყვა ეს შთაბეჭდილება, თუმცა ისე მოკვდა, რომ ბოლომდე ვერ ამოხსნა, რა კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო მის ცხოვრებასთან სამის ოცი წუთი (ბოლოს კი გაირკვა ყველაფერი, მაგრამ რაღა დროს). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცენზორობა მისთვის მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ვალდებულება იყო – რომელიც გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა – და მეტი არაფერი. ახლაც სხდომაზე ის არა თავის თავს, არამედ თავმჯდომარის, ამხანაგი ერეკლეს მოხსენებას ახმოვანებდა. თქვა კიდეც სხდომის დასაწყისში, პირველივე წინადადების შემდეგ. თუმცა, რომც არ ეთქვა, მოხსენების პათოსიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ამას აუდიტორიაში მსხდომი ყველა დელეგატი მიხვდებოდა. თვითონ თავმჯდომარეს იმ საბედისწერო გასროლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არ დაუყვირია, ხმა ჩახრინწვოდა და თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა. ექიმებმა თავიდან იფიქრეს ბრონქების ბრალიაო, მაგრამ შემდეგ ეს აზრი უკუგდებულ იქნა მედიკოსთა კონსილიუმის მიერ, ასე რომ, ჯერჯერობით ამოუხსნელ ენიგმად რჩებოდა, რატომ ჩაუწყდა ხმა მწერალთა კავშირის ძლევამოსილ თავმჯდომარეს. შეიძლება, ზოგ ექიმს ჰქონდა კიდეც ამ შეკითხვაზე პასუხი, მაგრამ ისინი დუმილს ამჯობინებდნენ – იმ ეპოქაში ყველა თავის ხმას უფრთხილდებოდა. მთლიანობაში აუდიტორიაში მსხდომნმა შესანიშნავად უწყოდდნენ, რომ სინამდვილეში აქ არც თავმჯდომარის ჩახრინწული ხმა ისმოდა და არც გენადისა, არამედ იმისი, ვისზეც თხრობის დასაწისში უკვე ვისაუბრეთ… თუმცა, ვინ იცის, შეიძლება, იმის იქით კიდევ ვინმე იდგა… გენადი ყოველთვის ხმადაბლა, აუღელვებლად, დაბალ მონოტონურ რეგისტრში ლაპარაკობდა, რაც კომიკურად შეუსაბამობაში იყო მოხსენების პათეტიკურ ტონთან. ამის გამო მოხსენების პირველივე წინადადებაზე ზოგიერთმა მწერალმა ძლივს შეიკავა სიცილი – როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შიში სიცილზე ძლიერი ემოციაა. გენადიმ განაგრძო: „როგორც ჩანს, პრიმიტიულ ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ იდეებს ჯერ კიდევ კარგი გასავალი აქვს ზოგიერთებში. მაინც რამდენი თავი აქვს გველეშაპს, რომლის სახელიცაა „სამშობლოს ღალატი“? ერთი თავი წინა სხდომაზე მოვკვეთეთ და რას ვხედავთ: მომდევნო სხდომამდე კიდევ ორი ამოსვლია! – უკანა რიგში გვერდიგვერდ მსხდომ გალაკტიონს და ტოკლიკიშვილს გადახედა. – ამხანაგებო, გული არ გაიტეხოთ. არაფერია, გველეშაპს თუ თავები არ ელევა, არც ჩვენ გამოგველევა ხმლები, – ეს დიდებული ფრთიანი ფრაზა შავ წიგნაკში სასწრაფოდ ჩაინიშნა წინა რიგებში ამაყად მჯდომმა თავმჯდომარის თერთმეტი წლის შვილმა ზურაბმა, ვითარცა გენადის კი არა, მამამისის გამონათქვამი. – მანამდე მოვიქნევთ, სანამ ბოლო თავსაც არ წავაგდებინებთ. მერე ვისღა შეაფარებენ თავს ჩვენი პატარა მავნებლები? – ამ დამაფიქრებელ შეკითხვაზე აუდიტორიამ შვებით ამოისუნთქა, ზოგიერთები გამხნევდნენ კიდეც. – მალე ყველას მოგადგებათ პროლეტარული სამართალი გილიოტინით ხელში, კაპიტალისტური იდეების ნამსხვრევებით გამოტენილი თავები გაამზადეთ, ამხანაგებო! ეს, რაც შეეხებოდა დღევანდელი სხდომის ზოგად ფორმულირებებს, ტენდენციას, თუ რა მიმართულებით წარიმართება იგი, დანარჩენს უფრო კონკრეტულად ბელეტრისტი კოსტა არზაყანია მოგახსენებთ,“ – ამ მცირე მიმართვით გახსნა სხდომა გენადი ზაიჩიკმა და მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა პრეზიდიუმში, თავმჯდომარის გვერდით. მქუხარე ტაში მაშინ შეწყდა, როდესაც კოსტა არზაყანია დადგა ტრიბუნასთან. უცნაურად აღგზნებული არზაყანია ტრიბუნასთან მიიჭრა და, ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდა: „ამხანაგებო, მათივე ენა ამხელთ მათ!“ – ეს წინადადება ისეთი დაყენებული მრისხანებით წარმოთქვა, რომ, ვინც ახლოს იცნობდა, სერიოზულ გაბრაზებად არავის აღუქვამს. უცებ თითი ტოკლიკიშვილისა და გალაკტიონისკენ გაიშვირა და განაგრძო: – აკი, თქმულა კიდეც, გულში მოჭარბებულს ენა ლაპარაკობსო! და რას ლაპარაკობენ თავიანთ ნაწერებში ეს ვაჟბატონები? – ხელი ჯერ კიდევ ჰაერში ჰქონდა შემართული. – რას და არაფერს. განა შეიძლება, ასეთი საყოველთაო მოძრაობის ეპოქაში მწერალმა არაფერზე წეროს? ნუთუ თემები გამოგველია? განა შეიძლება, შთაგონება ასე დაასაჭურისო?! – აუდიტორიაში ვერავინ მიხვდა, რას უმიზნებდა კოსტა, საით მიჰყავდა ეს არეულ-დარეული ლაპარაკი. – ამით ხომ ენას ოპტიმიზმისგან შიგნავ, სათქმელს უკარგავ, სულს აცლი და გულს… – პაუზა. აუდიტორიაში ვიღაცამ ჩაახველა. – დიახ, გულს უკორტნიან! არადა, მწერალში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ენობრივი პოზიციაა. ჯერ იყო და, ახლო წარსულში ჩვენმა უგერგილო მწერლებმა გადაუხვიეს ქართული ენის განვითარების გენერალურ ხაზს. გვარები გაინტერესებთ? ინებეთ: დავით კლდიაშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გიორგი წერეთელი და ა. შ. – რთული სათქმელია, რატომ დაესხა თავს კოსტა სხდომაზე ამ მწერლებს, რა მიზანს ემსახურებოდა ეს აღვირახსნილი თავდასხმა. ალბათ, იმ განწყობის შექმნას, რომ პროლეტარული ძალა ყველას მიმართ უკომპრომისოა, მცირე გადახვევაც კი არავის ეპატიება. – ეს მწერლები ტრივიალურ პროვინციალიზმში გადაიჭრნენ, კუთხური მეტყველებისა და დიალექტიზმების ტყვეობიდან ვერ გათავისუფლდნენ, ისე დაქსაქსეს და დაანაწევრეს ქართული, რომ ახლა ჩვენ გვიწევს სიტყვების შეკოწიწება, ენის რეფორმირება, გამოთქმის ახალი ფორმების ძიება, ბუნდოვანებებისგან გაწმენდა, მასში კომუნიზმის აზრობრივი ელემენტების შეტანა… მოგეხსენებათ, ერთიანი ენობრივი ველის გარეშე ბედნიერების გოდოლი ვერ აშენდება! და ვინ გვიშლის ხელს ამ დიადი მიზნისკენ დაუცხრომელ სწრაფვაში? სწორედ ისინი, ვინც ხელს უნდა გვიწყობდეს, – ეს დიდებული ფრაზა უსწრაფესად ჩაინიშნა შვილმა ზურაბმა. –  ამ ვაჟბატონებს, – კოსტამ ხელი კვლავ უკანა რიგებისკენ გაიშვირა. – როგორც ხელოვანთ, სწორედ ენამ გამოუტანა განაჩენი. მათ ლექსებს და მოთხრობებს, მეფე ოიდიპოსივით, ენის წინაშე ჩადენილი ცოდვის ბრჭყალებმა თვალები… – მეტი ეფექტის მისაღწევად ოდნავ შეყოვნდა. – თვალები ამოკორტნა! ამიტომაც არის ასეთი ბრმა მათი ტექსტები. მაინც რა ვერ დაინახეს ამ ვაჟბატონებმა? მათ ვერ აღიქვეს ძირითადი ტექსტი, რომელიც დღეს ქართულ ენაზე იწერება, ახალი ისტორია, აღმშენებლობის ახალი გრანდნარატივი! – მოგვიანებით კოსტა ტრაბახობდა, პირველი ვარ საბჭოთა კავშირში, ვინც ეს სიტყვა გამოიყენაო. – როგორც ერთი ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, „ეს რომ ვერ დაინახო, ან დებილი უნდა იყო, ან ანდრია ნიკიშვილი!“ (მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მართლაც იყო ამ სახელისა და გვარის რუსული წარმომავლობის გაადგილობრივებული ერთი ჩლუნგი ელიტისტი კრიტიკოსი, რომელმაც ვერც ერთი ნიჭიერი მწერალი ვერ დაინახა, ძირითადად უპერსპექტივოებს ან გამოჩენილ მეორეხარისხოვნებს უკმევდა. სწორედ ამიტომ დამკვიდრდა ეს გამონათქვამი. მოგვიანებით ერთმა ქართველმა ფილოსოფოსმა ანდრია ნიკიშვილის ტიპის ადამიანებს ინტელექტუალური ჭკუასუსტები უწოდა). სად შეხვდებით მათ მეტყველებაში, – განაგრძობდა კოსტა. – მაგალითად, ასეთ ფრაზას, აი, ასეთ წინადადებ… წინადად… – ჰოი საოცრებავ, წინადადება დაავიწყდა. ფურცელში ეძებდა და ვერ პოულობდა. აუდიტორია აჩოჩქოლდა, უხერხული მდგომარეობა შეიქმნა. ტოკლიკიშვილმა გალაკტიონს რაღაც გადაულაპარაკა, ორივეს სახეზე ღიმილმა გადაურბინა. კიდევ კარგი, ღმერთის გარდა, ეს არავის შეუმჩნევია, დაბნეული კოსტა კი წინადადებას ვერა და ვერ პოულობდა. ამ დროს პრეზიდიუმიდან თავმჯდომარემ სცადა დახმარება, მაგრამ მისმა ჩახრინწულმა ხმამ რამდენიმე დამსწრეში ღიმილის უფროობითი ფორმა, თავშეუკავებელი სიცილი გამოიწვია. ამიტომ უინიციატივო გენადი ზაიჩიკი იძულებული გახდა, ამჯერადაც გამოევლინა ინიციატივა და კოსტას ასეთი წინადადებით წამოეშველა – რაც ენაზე მოადგა, ის თქვა: „მაგალითად: ქვეყნის ბოსტნეულის კონვეირი“. – დიახ, დიახ, დიდი მადლობა ამხანაგ გენადის. სწორედაც, სად ნახავთ მათ ნაწარმოებებში ასეთ ფრაზას: „ქვეყნის ბოსტნეულის კონვეირი“, არადა, რამდენ რამეს გამოხატავს ეს, ერთი შეხედვით, მარტივი წინადადება. სამაგიეროდ, ყურები გვაქვს გამოჭედილი ამგვარი მოდას აყოლილი ბოდვებით: „სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს“ ან „ოცნება ნახაზი საგანთა უარით“. ვსვამ შეკითხვას: რა ჯანდაბაა „ცისფერი ღვინოები“? ან საინტერესოა, რომელ ოცნებებს ეუბნებიან საგნები უარს, იმ ოცნებებს ხომ არა, რისკენაც დღეს ისწრაფვის აღმშენებლობის ჟინით აღტაცებული პატიოსანი საბჭოთა ადამიანი? აღარაფერს ვამბობ ქართული ენის არმცოდნე, საცოდავ – ამ დროს კალმისტარის წვერი საფეთქელთან მიიდო, თვალები მოჭუტა და ჩაფიქრდა. – მიშელ თუ თეიმურაზ ტოკლიკიშვილზე, რომელიც ადამიანში პროგრესის ნაცვლად ცხოველურ საწყისს განადიდებს (ეს აშკარა ცილისწამება იყო), მის საეჭვო წარსულზე, შეხედულებებზე, რაც გამოვლენილია ყოველგვარი გონივრული იდეურობისგან დაცლილ… და ა. შ. და ა. შ. კოსტა ჩვეულ სტილში (ამ შემთხვევაში უფრო აგრესიულად) ესხმოდა მსხვერპლს, ყოველ გზას უჭრიდა, ეშაფოტისკენ მიაქანებდა. ამ გამოსვლის დროს მან ყველასგან მოულოდნელად ისიც თქვა, რომ კარგად იცის, წინა სხდომაზე გალაკტიონმა რაც ჩაილაპარაკა; უფრო მეტიც, მან ისიც კი იცის, ცოტა ხნის წინ ტოკლიკიშვილმა რა გადაულაპარაკა გალაკტიონს. ისიც იცის, მიშელმა შვილი კარდუ როზენბერგს ჩუმად რატომ მოანათლინა და ყოველივე ეს არა მარტო მან, სადაც ჯერ არს, იქაც მშვენივრად უწყიან… ჩვენს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებთ, ამხანაგო მავნებლებოო… და მაინც, რა ჩაილაპარაკა მაშინ გალაკტიონმა? მის მიერვე ხმამაღლა დასმულ ამ შეკითხვაზე კოსტა შეყოვნდა, ჩაფიქრდა, თითქოს დაიბნა კიდეც, მაგრამ უეცრად იგივე მანიფესტი აიღო, ააფრიალა და თქვა, რომ ის სირცხვილით ვერ იტყოდა, ამ უწმაწურმა ადამიანმა მაშინ რაც ჩაილაპარაკა, თუმცა დაჟინებით მიუთითებდა „ქიმერიონის“ მანიფესტზე და ამბობდა, რაც გალაკტიონმა ჩაილაპარაკა ამ მანიფესტში წერია; ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გალაკტიონსაც მიღებული აქვს მონაწილეობა მანიფესტის შედგენაშიო. დასკვნის სახით აღნიშნა, რომ დასრულებულია გზა დეფენზიური პატრიოტიზმისა, ჩვენი მომავლის გადასარჩენად უფრო აგრესიულ მეთოდებზე გადავდივართ, ვერავის ვაპატიებთ ჩვენი გათავისუფლებული სამშობლოს კვლავ კლდეზე მიჯაჭვას და ყვაყ-ყორნებისთვის მიგდებას ღვიძლის საკორტნადო. ყველაფერი ცხადი და ნათელი გახლდათ, განაჩენი გამოტანილი იყო. სხდომა რომ შემდგარიყო, ის ზუსტად ასე წარიმართებოდა, რადგან მისი აღწერა ეპისკოპოს ეფრემ ასურელის წინასწარმეტყველურ ხელნაწერებში აღმოაჩინეს.

                                                                                 13.
    წასვლა

    საით, გალაკტიონ? წვერზე კონიაკის შეზელვა არ დაგავიწყდეს, მერე კი?.. მერე მაგ სუნით ვის უნდა მიადგე? შეხვდები და ხელსაც არ ჩამოგართმევენ. ტფუუუ! ყველას თავი მოგვაბეზრე. ჰოდა, სულ ერთია, საით წავალ… ცოტას წავუძინებ, ძამიკო, დავიღალე. მანამდე კი ვივლი მსუბუქად. მინდა, ბევრი ვიარო. იქნებ, სადმე დუქანიც შემხვდეს, სანამ მთავარ კიბეს მივადგებოდე. იქ კიბეს დაბლა ჩაყავხარ, ორფეოსის სამფლობელოში. ქრისტეს სისხლით გაბრუებული მდაბიოები. ყოველთვის მომწონდა დედამიწის სიღრმეები. ფრენა? რა სისულელეა! მაღალი კიბეც დაბლა ჩამოსასვლელად თუ დამჭირდება, ცოტა თავშეუკავებელი ვარ, ვეშვები. დაეშვი და შეიმეცნე. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ძამიკო, ძალიან ცოტა. დაწყვეტილი დროის ინტერვალებში თხუნელასავით ამოვყოფთ ხოლმე თავს. ირგვლივ საფრთხეების ქსელია გაბმული. „იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია“. რეაგირება არ დაიგვიანო, ჩემო გალკინ, არ დაგასწრონ. თუმცა ვის რა დაუსწრია მისთვის, ყველგან უხილავ ხელს დაჰყავდა. გაცნობიერებას ვერ ასწრებ ამ უცნაური დროის ადგილებისა, ჩნდებიან და იკარგებიან. შეშლილი სახეები. გაშლილი მარაოს ჰორიზონტი. ვერტიკალიდან ვერტიკალზე, ვერტიკალიდან ვერტიკალზე, გზის გაუვლელად. „გზა არ ღირს დავიდარაბად“. არა, ძამიკო, არა, ამას მარტო ვერ შევძლებდი, აქ რაღაც ხდება ან, იქნებ არც არაფერი? არაფერი, სრულიად არაფერი! ჰოდა, ავუყევი, კარი გამოვაღე და ბრმად გადავდგი ნაბიჯი. პირველი საფეხური. ადრე რამდენჯერმე გადავიხედე კიდეც, მაგრამ… ან რა უნდა დამენახა, თვალებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ათასჯერ მაინც გამაფრთხილეს, იქ სხვანაირი ხედვა გჭირდებაო. რანაირია ეს ხედვა, ვერ გავარკვიე. მგონი, ნაბიჯის გადადგმის შემდეგ იბადება მშვენიერი სამყაროები, მანამდე ერთფეროვნებაა. აგერ, კიბეს ავუყევი. მეორე საფეხური. მოძრაობა მხოლოდ კუნთების დაღლაა, მაგრამ მიყვარს  ხეტიალი, ყოველთვის მიყვარდა. თიხის ფეხებზე არასდროს ვმდგარვარ, ბოლომდე შემიძლია, კიბეს ავუყვე, ძამიკო, არ დავიღლები. მერე კი… თავს გაუფრთხილდი, გალაკტიონ, შენ ბევრს უყვარხარ. არ არს დაფარული, რომელი არ განცხადდეს. ცოტა გავთამამდი, ცარიელი სივრცის ზედაპირს დავაბიჯე. უცნაურია, საიდან ამოიზრდება ხოლმე საფეხური? წყვდიადი ბადებს. ვინ ამოწმებს ფეხის ანაბეჭდს, წონის სხეულის სიმძიმეს, აკვირდება ტერფის მოხაზულობას? გვერდმორღევეული ჭეშმარიტება. გვითვალთვალებენ. პეტრე, პეტრე, მოღალატე! სად არის შენი რწმენა? ჯერ ნაბიჯი უნდა გადადგა. მგონი, გამოგივიდა. კიდევ, კიდევ, ნუ გაჩერდები. შეყოვნებას ვინ გაპატიებს, მცირედ მორწმუნევ. ოკეანე შთანთქავს შენს მძიმე სხეულს. განა რა არის მდოგვის მარცვალი? წვეთი ზღვაში განზავდება და მორჩა, ეს იქნება პოეზიის კრახი, ეგოიზმის დასასრული, შერწყმა უპიროვნო საწყისთან. არ ეგების! ნუ იქნება! ერთი ნაბიჯიც და… ღმერთო ჩემო, რა რეალურია ეს კიბე, ფერი არა აქვს. უსახელურო. ქალის საშოდან გამოსული ჭეშმარიტება. ზღვის ქაფი, ღრუბელივით შედედებული სპერმის წვეთები. როგორ ღვივის, როგორ, ერთხელაც ამოიფრქვევა და… ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ განთიადის სიღრმიდან. მესამე საფეხური. ოჰო, აგერ შენობაც. მივაგენი. ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და… ვაკაკუნებ, ვაკაკუნებ, ვაკაკუნებ… რა ვიწრო კარია, თუნდაც გაგიღონ, ნაბიჯი ხომ უნდა გადადგა? სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდები, გალაკტიონ, მასხრად აგიგდებენ, არ გადადგა ნაბიჯი! ის ხომ შენი მიმართულებით მოძრაობს, დააცადე, თავად მოგძებნის. რა გამოვიდა? ქვეყანაზე არც გიცხოვრია… ვერასდროს ვერაფერს ამჩნევდი, შენი დემონის ცეცხლოვანი თვალების გარდა, სხვები კი, დიახაც, გიყურებდნენ და კარგადაც გხედავდნენ. ახლაც გიყურებს. გრძნობ მზერას? მკვდრების ცოცხლებზე უკეთ გესმის, გესმის თვალების, მაგრამ მთავარი მაინც ხელიდან გისხლტება. დაგისხლტა კიდეც. ღმერთო ჩემო, რა დამღლელია ეს ჰარმონია. აგერ, კარიც გააღეს. და მაინც, რა არის მთავარი? ეს ხომ პეპლის სიცოცხლეა, ერთდღიანი, დროის ადგილის ბნელ ნაპრალში გადაჩეხილი ადამიანის. პეპელასავით მგრძნობიარე და დაბნეული. ახლა სხვა დროა, გალკინ, პოეზიის სამჭედლოები დაიხურა, ეფემერა უბრალო მწერის გარდა აღარაფერს ჰქვია. ეგრე ადვილად ვინღა ტყუვდება. ცოტა მოვიწყინე. თავი უნდა დააღწიო ამას. გაგიმართლა, ძამიკო, ერთი ნაბიჯიც და… მარადისობას, სულ რაღაც 13 მეტრი გაშორებს. „ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია…“ შეკითხვა კი შეკითხვად რჩება: რა იყო მთავარი – მერი?

    *   *   *
    … სტროფებში შეტანილი მნიშვნელობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი ცხოვრება უცნაურად წარიმართა. ბავშვობაში არაერთხელ გამოსულა სახლიდან თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი და არაერთხელ აუყოლებია ხმა მდინარის მოგუგუნე ტალღების მონოტონური ხმაურისთვის. მიაჩნდა, რომ სიტყვით გაჩენილი სიცოცხლე სიტყვითვე ისპობა. იგი დანანებით უმზერდა სამყაროს, რომელიც სიტყვებით ამოწურა. კიდევ ბევრის თქმა შეეძლო, მაგრამ საგნები აღარ ჰყოფნიდა. ღმერთი არ იყო, ახალი რომ შეექმნა. ღმერთო ჩემო, თურმე სამყარო იწურება, სულაც არ არის იგი ღმერთის მეორე ძე და, რომც იყოს, ერთ შვილს მეორის შეწირვით ვერ გამოისყიდი! უსასრულობა სისულელეა. მან კიდევ ერთხელ გახედა ჰორიზონტს, რომლის კიდესაც ახლა უკვე ცხადად ხედავდა. ამ სიმაღლეზე არ უნდა ამოსულიყო. გაეცინა. ხელები ჰორიზონტისკენ გაიშვირა და: „ადამ, მართლა გითხრათ, იმ ხის ნაყოფი არ ჭამოთო? უბრალოდ, დაარქვი ყველაფერს თავის სახელი. სულ ეს არის. ყველაფერი თავიდან იწყება! თავი უნდა დავაღწიო ამას. ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა…“

    ეპილოგი
    „პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეთერთმეტე და მეთორმეტე ნეკნის მოტეხილობა, სხეულის მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები…“ – კითხულობდა დასკვნას სივრცის დარაჯი პირველი პოლიციელი და თავის მეწყვილეს მხრებაჩეჩილი ეკითხებოდა: კი მაგრამ, ეს როგორ გამოგვეპარა, აქ კაცი საიდან მოხვდა? ისინი გაოგნებული დაჰყურებდნენ არსაიდან გადმოვარდნილ უკაცრიელ ადგილას შემთხვევით აღმოჩენილი მიცვალებულის დალეწილ სხეულს, არადა, საიდანღაც ხომ უნდა გადმოვარდნილიყო (ახლომახლო წლების წინათ პირწმინდად დანგრეული ძველი შენობის გარდა არაფერი იყო)? დაცემის ძალას მიცვალებულის ირგვლივ გზა დაებზარა და ასფალტის ნამსხვრევები მიმოეფანტა, რაც ვინმეს მიერ სხეულის მოტანას და აქ დაგდებას გამორიცხავდა, არადა, შენობა, საიდანაც ის გადმოვარდა, არ არსებობდა, არც ახლა არსებობს, დაუდგენელი მიზეზების გამო აღიგავა პირისაგან მიწისა. შეიძლება, ამით ვიღაცამ მისი ხსოვნის განადგურება სცადა. იქნებ, რომელიმე საფრენი აპარატი ჩამოვარდა? მაგრამ ნამსხვრევები სად გაქრა? იქნებ, თვითმფრინავიდან გადმოხტა? პორთფელით ხელში (პორთფელი მიცვალებულს მარცხენა ხელით მკერდზე ჰქონდა მიხუტებული)? პორთფელი პარაშუტში ხომ არ აერიაო, გაიხუმრა ერთ-ერთმა პოლიციელმა. – ტფუუუ, რა სუნი ასდის! მგონი მთვრალია. – თქვა მეორემ. აბა, აბა. – შეიცხადა პირველმა. ნეტა, რა ულაგია? – იკითხა მეორემ. გახსნეს, გადმოაბრუნეს, ერთმანეთში აბურდული ქაღალდები გადმოიყარა. უეცრად საიდანღაც ქარმა წამოუბერა, ფურცლები აიტაცა და მიმოფანტა. პოლიციელები შეშლილებივით დასდევდნენ ჰაერში გამოკიდებულ ფურცლებს. რა ჯანდაბა წერია ამ ქაღალდებში? – დაიღრიალა პირველმა. ლექსებს ჰგავს, – შეეხმიანა მეორე. ჰო, აშკარად ლექსებია, – დაუდასტურა პირველმა. ასე დასდევდა ორი პოლიციელი ცად ატყორცნილ ლექსებს. ბოლოს ერთი მეორეს მხრებზე დაადგა და როგორც იქნა, ერთი ფურცელი დაიჭირეს, დანარჩენს თავი ანებეს, აზრი აღარ ჰქონდა – ისინი სივრცეში გაუჩინარდნენ. პოლიციელები ფურცელს ჩააშტერდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ლექსი კი არა, ექსპერტიზის დასკვნა იყო (ამას შინაარსიდან გამომდინარე მიხვდნენ, თორემ ფურცელს სხვა არანაირი ფორმალური ნიშანი არ ჰქონდა, გარდა ბოლოს დასმული ინიციალისა: „ვ“) და ზუსტად ისე იწყებოდა, როგორც ჩვენ დავიწყეთ ეს პროლოგი. სად გაგონილა, მიყრუებულ ადგილას, სადაც უახლოესი სამი კილომეტრის რადიუსში შენობა არ დგას, ეგდოს გვამი პორთფელით ხელში და თავისი დამსხვრეული სხეულის დაწვრილებითი აღწერა პორთფელში ედოს? ალბათ, დაგვცინისო, – ჩაილაპარაკა პირველმა. მიცვალებულს მართლაც ჰქონდა დამცინავი, ცინიკური გამომეტყველება და მეორე პოლიციელმა პირველს კვერი დაუკრა. გაოგნებული სივრცის დარაჯები ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ათვალიერებდნენ მიცვალებულის სხეულს და ჰოი, საოცრებავ, ყველაფერი დაემთხვა. მაგალითად: დასკვნის მიხედვით გვამს ჰქონდა „მარჯვენა ცერის ფრჩხილის ფალანგის ღია მოტეხილობა“, ასევე, ჯიბეში ედო „შემნახველი სალაროს წიგნაკი 26 295 მანეთისა და 46 კაპიკის ნაშთით, შრომის უუნარობის ფურცელი (შრომის უუნარო თუ იყო, ამდენი ფული როგორ იშოვაო, – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა პოლიციელმა), ფანქარი, ქაღალდი, სამი კოლოფი ასანთი, პაპიროსი „რეკორდი“ და ცხვირსახოცი. პოლიციელებმა მიცვალებულს ჯიბეები შეუმოწმეს და იქ მართლაც აღმოჩნდა ის ნივთები, რაც დასკვნაში იყო ჩამოწერილი. ასევე, გვამს დათვალიერების შემდეგ მართლაც აღენიშნებოდა მარჯვენა ხელზე ცერის ფრჩხილის ფალანგის მოტეხილობა. შემდეგ დასკვნაში ეწერა, რომ მიცვალებულის პიჯაკზე ზურგის მხარეს მარჯვნივაც და მარცხნივაც, ასევე მარჯვენა ხელის მტევანზე, აღმოჩენილი იყო თითის ანაბეჭდები, რომელიც ეკუთვნოდა მწერალთა კავშირის წევრს ამხანაგ … (აქ სახელის და გვარის მაგივრად სამი წერტილი იყო დასმული. სავარაუდოდ რომელი მწერალი იქნებოდა, ამას, ალბათ, ჩვენ უნდა მივხვდეთ. შეიძლება ტექსტში ვახსენე კიდეც). მოკლედ, პოლიციელებმა თავი აღარ აიტკივეს, სხეული პორთფელიანად და სხვა ნივთებიანად იმ ერთდერთი შენობის ნანგრევებთან ჩამარხეს. პირობა დადეს, რომ ამ უცნაურ ამბავს არ გაახმაურებდნენ. მხოლოდ ორი რამ აინტერესებდათ: ვინ იყო ის მწერალი, რომლის ხელის ანაბეჭდებიც აღმოჩნდა მიცვალებულის ტანსაცმელზე და ვინ ან რა იყო „ვ“? ამის გარკვევას შევეცდებითო, გაიფიქრეს, თუმცა ერთმანეთისთვის ეს განზრახვა არ გაუმხელიათ. მართლაც სცადეს თუ არა და რა შედეგამდე მივიდნენ, ამის შესახებ ახლა ვერაფერს გეტყვით. შეიძლება, მომავალში რამე საგულისხმო ფაქტი ამოტივტივდეს კიდეც, მათ ხომ დასკვნა ხელს წამოაყოლეს… ან, იქნებ, საერთოდაც ილუზიაა ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ ლამის არსებობის მიღმა მდგომ, მეტისმეტად არაორდინარულ გენიოსთან გვაქვს საქმე. აკი, თქმულა კიდეც: თუ არ არსებობს შეგრძნება, არ შეიძლება არსებობდეს ყოფიერების ცნება. შეგრძნებას საფუძვლად უდევს შთაბეჭდილება. ეს თუ ასეა, მაშინ ეს ორი ცნება მკვეთრად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რაც შეუძლებლად მიმაჩნია. მართლაც, სად გადის ზღვარი ფაქტებსა და შთაბეჭდილებებს შორის? ეს, რაც შეეხებოდა გალაკტიონს.
    კოსტა არზაყანიას ცხოვრება, ზუსტად ისე წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. იგი მაშინ დახვრეტას გადაურჩა და ზოგიერთი ფიქრობს, რომ დღესაც ცოცხალია. გაგეცინებათ და, ეს ეჭვი არ არის საფუძველს მოკლებული. საერთოდ, კოსტასნაირი ადამიანები ძალიან ძნელად კვდებიან, მათ აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, რომელსაც ჰქვია ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური არანორმალური სიცოცხლისუნარიანობა. ამ განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას მისი ფიზიონომიაც გამოხატავდა. უნდა ითქვას, რომ იგი დიდ მწერლად არის მიჩნეული დღევანდელ საქართველოში. ზოგი ამბობს, ეს სკოლის პროგრამების დამსახურებააო. ერთმა ისიც კი თქვა, საქართველოში ბევრ მწერალს ხელოვნურად სასუნთქ აპარატზე მიერთებულებს აცოცხლებენ, მაგალითად, გამორთეთ კოსტა არზაყანია სკოლის პროგრამების აპარატიდან და თქვენ მას მოკლავთო. მე ამ მოსაზრებას ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან კოსტას მოკვლა ეგრე ადვილი არ არის.
    რაც შეეხება კარდუ როზენბერგს, სამწუხაროდ, ტექსტის განვითარების ლოგიკამ არ მომცა საშუალება, მისი და არზაყანიას დაპირისპირების ამბავი დაწვრილებით აღმეწერა, თუმცა ეს არც იყო მნიშვნელოვანი. მთავარი ის არის, რომ კარდუმ ღრმა სიბერეში გოეთეს გენიალურობა გაიმეორა – ევროპაში გადახვეწილს ახალგაზრდა ლამაზი ავსტრიელი მხატვარი ქალი შეუყვარდა. თავიდან ურთიერთობა კარგად აეწყო, მაგრამ როზენბერგმა ქალს გამოუცხადა, რაღაცა მოსაზრებების გამო ჯობს ე. წ. „იოსების ქორწინებაში“ ვიყოთო. თუ არ ვცდები, ამით ხელოვნებისთვის ძალების გამოთავისუფლებას ცდილობდა. ბუნებრივია, ახალგაზრდა ქალმა ეს ახირება ვერ გაიგო, რის გამოც ავსტრიიდან შვეიცარიაში წერილი მისწერა, უნდა დავშორდეთო. თუმცა როზენბერგს გაუმართლა – წერილის მიღებამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. ნაღალატევი და ყველასგან მიტოვებული კარდუ სიკვდილმა კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუებისგან იხსნა. თან ამ წერილის დამსახურებაა, მის ცხედარს დროზე რომ მიაგნეს, თორემ ბოლოს უკვე სრულიად მარტო იყო. ხშირად უყვარდა ხოლმე თქმა: საუკუნეებს ველაპარაკებიო და, მართლაც, საქართველოში დღეს იგი, სავსებით სამართლიანად, დიდ მოღვაწედ არის აღიარებული.
    მწერალთა კავშირის უცნაური თავმჯდომარე ერეკლე კი სიცოცხლის ბოლომდე ხმაჩახრინწული დარჩა – მაშასადამე, მას მთელი სიცოცხლე ახსოვდა და ტკივილს აყენებდა ის ამბავი, რაც მოხდა მაშინ მწერალთა კავშირის საბედისწერო სხდომაზე. ბოლოს თითქოს რაღაცები გადააფასა, მაგრამ მას ეს არავინ დაუჯერა, რადგან მისი „მონანიება“ დროის ცვლილებით იყო გამოწვეული. სიმართლე გითხრათ, არც მე მჯერა მისი გულწრფელობისა. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ სავლედან პავლე იშვიათად გამოდნება ხოლმე. იგი გარდაიცვალა ჩვენს დროში, მდიდარი, შვილებგზაზედაყენებული და ცხოვრებააწყობილი. მისი შვილი ზურაბი კი ნამდვილ ინტელიგენტად ჩამოყალიბდა, კარგად ისწავლა და მამის იმედები ბოლომდე გაამართლა – ზუსტად ისეთი გახდა, როგორიც მამას სურდა. დღეს, როგორც დიპლომატი, საქართველოს ინტერესებს ახმოვანებს საერთაშორისო ასპარეზზე. ზოგჯერ ღალატში ადანაშაულებენ, მაგრამ იმავე სახის გამომეტყველებით იმართლებს ხოლმე თავს, თერთმეტი წლის ბავშვს მწერალთა კავშირში გამართულ სხდომებზე რაღაცების ჩაწერისას რომ ჰქონდა: „ვითომც აქ არაფერიო“. ხოლო მისი წიგნაკის ჩანაწერები, თუ განადგურებული არ არის გარკვეული მოსაზრებების გამო, ალბათ, ოდესმე გამოქვეყნდება და ბევრ საინტერესო ამბავს შევიტყობთ.
    მოთხრობის დანარჩენი პერსონაჟები კი (გენადი ზაიჩიკის გარდა, რადგან ის სხდომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში ტრაგიკულად გარდაცვლილა. მოსკოვის გამზირზე მტკივანი ფეხი ლიანდაგში ჩაჰყოლია და ზუსტად სამის ოც წუთზე ტრამვაის გადაუვლია.), გალაკტიონის ცოლით დაწყებული, „ქიმერიონის“ წევრებით გაგრძელებული და დიდ პროზაიკოს – ეს უდავოა! – ტოკლიკიშვილით დამთავრებული, კომუნისტებმა ყველა დახვრიტეს. მოგვიანებით მოხდა მათი სრული რეაბილიტაცია. ეგ კი არა, ოდილიანის ცოლმა, სწორედ იმ ქალმა, ბაქიბუქა არზაყანია უარით რომ გაისტუმრა, კარგი წიგნიც დაწერა თავის მეუღლესა და სიმბოლისტურ ჯგუფ „ქიმერიონის“ სხვა წევრებზე, რამაც ასევე ხელი შეუწყო ამ პოეტური ორდენის რეაბილიტაციას საზოგადოებაში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დღეს მათ სიმბოლისტობას ბევრი აყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ მათი დახვრეტის ფაქტს ვერსად გავექცევით.
    დაბოლოს, ერთი საკითხი დარჩა ბოლომდე გაურკვეველი: მაინც ასეთი რა ჩაილაპარაკა გალაკტიონმა იმ დაწყევლილ შეხვედრაზე?

© არილი