პაატა შამუგია – ქველმოქმედება და სხვ. ლექსები

paata shamugia-3949

ქველმოქმედება

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

ტოტი, რომელზეც ცდუნებები გვიყვაოდა, მოჭრილია,

მეტაფორებსაც ვეღარ მოეჭიდები,

რამე უფრო სანდო გვჭირდება.

ვინ დაგვიცავს სიყვარულისგან?

სიკეთისგან?

დანასავით მოქნეული კეთილგანწყობისგან?

ვინ შეაჩერებს გამოწვდილ ხელს,

როცა მშვენივრად ვიხრჩობით ზღვაში

და საკმაოდ მაცდუნებლად

მობჯენილია შუბლზე ლულა?

ვინ შეუყუდებს ეჭვის ბზარებს

მოულოდნელად გაჩენილ სიყვარულს?

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

როგორ მოვიშინაუროთ ზომიერება – დროის ნიშანი -

მისხალ-მისხალ რომ გვიწონის სათქმელს.

ჩვენი სხეულები გადავსებულია სათნოებით

და არავინ არ ჩანს მშველელი.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

 

ლიტერატურა და ტექნოლოგიები

კამილო ხოსე სელას არაჩვეულებრივი რომანი მოვიქნიე

და ღამის პეპელა კედელზე მივასრისე -

ლიტერატურა თანდათან პრაქტიკული ხდება.

ტექნოლოგიები, დიახ, ისინი მუდმივად ცდილობენ

ლიტერატურის ჩაჩოჩებას,

“აიფონი” წიგნზე კარგია ხელში დასაჭერად,

თითქოს მტევნის ფორმებს ნებდება,

მაგრამ კამილო ხოსე სელა, ნუ დავუკარგავთ,

უფრო კარგად კლავს პეპელას.

ოდესღაც ლაშა ნადარეიშვილის

რბილფურცლიანი წიგნებით შევდიოდი საპირფარეშოში,

მაგრამ მერე ისეთი ფუმფულა

ტუალეტის ქაღალდები გამოიგონეს

(ღმერთო, დალოცე მაღალი ტექნოლოგიები!),

რომ სრულიად გამოუსადეგარი გახდა ბატონი ლაშას წიგნები.

საწყენია, მესმის, მაგრამ რას გააწყობ -

ტექნოლოგიები მტრობენ ლიტერატურას.

არაფერი დაეწუნება “ბოშის” მაცივარს,

გაცილებით კარგად აციებს,

ვიდრე, მაგალითად, კამილო ხოსე სელა,

მაგრამ “პასკუალე დუარტეს ოჯახით”

პეპლების მთელი ოჯახის გაუვნებელყოფა შეიძლება.

აი, სად არის მისი ძალა -

პრაქტიკაში, დესტრუქციაში… ვინ იფიქრებდა…

 

ჭირისუფალივით დავყურებ პეპელას,

რომელიც კარგმა ლიტერატურამ იმსხვერპლა

და ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა

გაცილებით კარგად გვესმის ერთმანეთის.

 


ანონიმი

იმ დროს, როდესაც ეს ლექსი ხდებოდა,

მე იქ არ ვყოფილვარ.

მე არ ვიცი ვინ დაწერა,

ან რას შეიძლება ის ნიშნავდეს,

ან რას განსაზღვრავს,

თუ შეიძლება საერთოდ რამე განსაზღვროს ლექსმა.

როდესაც ვამბობ “მე”,

ვგულისხმობ პირველი პირის ნაცვალსახელს

მხოლობით რიცხვში,

და არა ვინაობას,

რადგან მას, ვინც ამ ლექსში “მე”-დ სახელდება,

წარმოდგენა არა აქვს იმის შესახებ,

ვინც ლექსის ბოლოს

პაატა შამუგიად დამოწმდება.

მე მხოლოდ სიტყვები ჩავმოწერე,

და თუ სიტყვებმა თავად შეძლეს ის,

რასაც მომავალში ლექსი ეწოდა,

მე ამაში არაფერი ბრალი არა მაქვს.

ყურმოკვრით მაინც რომ ვიცოდე ბარტის თეორიული ნაშრომები,

დაუყოვნებლივ განვაცხადებდი,

რომ ავტორი

მოკვდა,

ღვთივმიიცვალა,

განისვენა,

გაღმა გავიდა,

დედა ეტირა,

ჩაილურის წყალი დალია…

მის ადგილას კი ანონიმური მკითხველი გაჩნდა,

რომელიც თავს აფარებს პირველი პირის ნაცვალსახელის

მხოლობითი რიცხვის ავატარს (იხ: ისევ ბარტი, ოღონდ უკუღმა).

 

გმირი

გმირი იღვიძებს,

გმირი ჭამს ცხელ ტაფამწვარს,

გმირი გამოდის სახლიდან,

გმირს ესალმებიან მეზობლები,

მეზობლებს უყვართ გმირი,

რადგან ის გმირია,

გმირს უყვარს მეზობლები,

რადგან ის გმირია,

გმირი გამოდის ყველაზე ცხელ ტოკშოუში,

წნავს ფრაზებს,

ხრავს მოპაექრეებს,

გმირი ამბობს გულისმომკვლელ სიტყვებს,

გმირი ამბობს: სამყაროში მშვიდობა, ხოლო გულებში – სიყვარული,

გმირი ამბობს: Dum spiro spero

(წვიმა არ არის, მაყურებლები დაასველა რამ?!)

გმირი ზოგჯერ ლოცულობს

და მცირე ფულს და ღვთის სიყვარულს გამოიმუშავებს,

რადგან ის გმირია.

გმირი ზოგჯერ არც ლოცულობს,

რადგან მცირე ფულს და ღვთის სიყვარულს ისედაც გამოიმუშავებს,

რადგან ის გმირია.

გმირს ჰყავს შავი “მაზერატი” და ყველაზე ცხელი წითური გოგო

(თოვლი არ არის, მაყურებლები დაასველა რამ?!)

გმირი ჩნდება ხალხმრავალ ადგილებში,

ოღონდ იშვიათად,

რადგან ის გმირია.

გმირს აქვს მაღალი შუბლი და დაბალი წნევა

(ოთხმოცდაათი სამოცზე),

რადგან ის გმირია.

გმირი დადის მარტო,

რადგან ის გმირია,

გმირი ზოგჯერ არ დადის მარტო,

რადგან ის გმირია.

გმირი ზოგჯერ არ დადის,

რადგან ის გმირია.

გმირი ზოგჯერ არ რადგან გმირია

გმირი ზოგჯერ დადის რადგან

გმირი ზოგჯერ რადგან გმირია

გმირი ზოგჯერ… გმირია.

© არილი