პოლ-ჰენრი კემპბელი – ქირურგი და სხვა ლექსები

 bela-kempbeli

პოლ-ჰენრი კემპბელის გულის მუსიკა

გერმანულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ბელა ჩეკურიშვილმა

ამერიკული წარმოშობის გერმანულენოვანი ავტორი პოლ-ჰენრი კემპბელის კრებული “ნარკოზების შემდეგ” რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა გერმანიაში და ლიტერატურული პრესა აალაპარაკა. როგორ აღარ მონათლეს მისი ლექსები  – “დაზიანებული ცხოვრების საგალობელი”, “პოეზია გულის გარეშე”, “გულის კამერული მუსიკა”, “ცხოვრებას გამოგლეჯილი ლექსები”… და მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა იმაზე მსჯელობა, რა შეიძლება იქცეს პოეზიის საგნად და რა არა, ახალგაზრდა ავტორმა მოახერხა, გერმანული ლიტერატურული სცენა გაეკვირვებინა ლექსების თემატიკით და ზოგადად, არჩეული თემისადმი დამოკიდებულებით: კემპბელი გულის დეფექტით დაიბადა, ამის გამო  ხელოვნური აპარატი ჩაუდგეს, რაც გულის ფუნქციას ასრულებს. აპარატი დროდადრო საჭიროებს შეცვლას, ანუ მორიგ ოპერაციას. ბოლო ოპერაცია ორი წლის წინ ჩაუტარდა, წიგნის იდეაც მას შემდეგ გაჩნდა: გული, როგორც სიცოცხლის, სიყვარულის კლასიკური მეტაფორა, ავტორმა შეცვალა ახალი კონცეპტით: ფიზიკურად ავადმყოფი გული, როგორც მარგინალი, სადაც სასიყვარულო ექსპერიმენტები სამედიცინომ ჩაანაცვლა, და მისი აჩქარება, ფორიაქი თუ დამუნჯება აპარატის ტექნიკურ მუშაობაზეა დამოკიდებული. სუბიექტის სამყაროსთან კონფლიქტიც აქედან იწყება: ლირიკის მიმართვის ობიექტი ხდება ტექნიკა და ცივილიზაციის ტექნიკური ძლევამოსილება.

პოლ-ჰენრი კემპბელის ლექსებში მეოცე საუკუნის დასაწყისის “სიმახინჯის ესთეტიკის” კვალიც იგრძნობა, თუმცა ამ ფონზე ახალგაზრდა ავტორი სხვადასხვა საზოგადოებრივ, მორალურ თუ კულტურულ საკითხებს წამოჭრის და თანამედროვე ადამიანის პასუხისმგებლობის დისკურსში საკუთარი, ორიგინალური წერის მანერით ერთვება.

 

მინოტავრის ფლოქვები

“ლაბირინთში მოხვედრილი ადამიანი ჭეშმარიტებას არასდროს                                                            დაეძებს, არამედ თავის არიადნას.                                                                                         ფრიდრიხ ნიცშე

 

ეს მერამდენედ გადაგთელა მინოტავრმა

ჭენებით

უფიქრელად და გულგრილად გადაგიარა

დაოთხილი გამოიჭრნენ მძიმე ფლოქვები

მისი ლაბირინთის ვიწრო გულიდან

შენ კი ამ მოულოდნელობას უწამლოდ შერჩი ეს მერამდენედ

 

ლოკოკინა იძინებს ყურში და რადიოს

ხმაში, მიღება რომ არ აქვს საერთოდ

მისი შიშინი

ყლაპავს მიწას

მის სიშავეს ასფალტის სიმძიმეს შენ მიდიხარ

გადარეცხილი ქუჩები შავად ბზინავენ

მინოტავრო შენს ქალაქში ძაფიც არ გდია

ქალაქის ცენტრი პატარაა ჩახლართული

გუგუნის ჭვარტლი შხუილი სიმძიმე

და არ მცირდება გაწვება ვარდება

ამ შუალედში ამ დროს

ის შემოდის შენს ყურში

ლოკოკინას სძინავს გწკმეტს

მისი თქარუნი ქვევით და ქვევით

ფლოქვებით გივლის

და როდის როდის როდის როდის

გეღვიძება

გარშემო სითეთრე შენ სისხლიანი თავი

დაჩეჩქვილი წითელი სველი გამსკდარი

სითეთრე სადაც სადაც შენს წითელს

ნდომა აქვს ძაფის და ნაკერზე აშლია ვნება

 

ქირურგი

როგორც ნაჯახი როგორც გამჭოლი როგორც გულმკერდი

როგორც ცივი სველი ტკივილი როგორც უხამსობა

როგორც გაღვიძება როგორც მის გარეშე როგორც მასთან ერთად როგორც ღამესთან გადაკვეთის ხაზი

როგორც დაწყება როგორც ის ნაკერი არის ღამის ხაზი

სკალპელის კვალი ასეთია

სხეული ტივტივებს სიზმარში ძილი

გაუნძრეველი და შემდეგ გამოღვიძება ცხადი

გამოღვიძება როგორც სიფზიხლე გა-მო-ფხიზლება

და მერე ის ვიღაც ის

ghoul, ghoul

chewer of corpses

corpsechewer

როგორც მხლებლები თავადის საწოლთან

როგორც ვინმე დიდებულთან შეკრებილან შენ გარშემო რუხები რუხები

ერთად დასცქერიან ნამოქმედარს გაჭრილს

შენში შენსაში ცხოვრებაში ჩონჩხში

და იგი ხედავს

კარგად ყოფილა

მისი წითელი ნორმანული წვერი სქელი სქელი

როგორც ბამბა როგორც საფენი ქაჩავს ფრთხილად

პულსის შეგრძნებით რატომ იგრძნობა

გარშემო ირგვლივ ეკრანებზე ყველგან ეს პულსი

მაგრამ ის მერეც გრძნობს მაინც და

ქირურგის ხელი გეჩვენება

ისეთი უხეში მან უნდა გაკვეთოს გაკვეთოს

სათუთი ხორცი რომ უნდა გაკვეთოს თქვი მშვიდად სათუთი სათუთი

სათუთი ხორცის გავლით უხეში ხელები შენი სულის სუნთქვასთან ერთად

სისხლის მდუმარე მიმოქცევაში შედიან

და გამოსვლისას კვლავ ამო-სუნთქვა

და გშორდება ნორმანული წითელი წვერი სქელი სქელი

ეს სკალპელის თანამეწყვილე ასე საჯაროდ

შენს გულში რომ შემოიხედა

 

ქირურგი # 2

ლოკოკინის ბრჭყვიალა ნაკვალევი მილიმეტრმიყოლებით

ჭადრის ქერქზე ნაპირისკენ გადაბრეცილი

ხარ შენ შენი საჩვენებელი ჩხირი სამართებელი აღწევს

ჩემში მძინარეში

არც ერთხელ რომ არ ჩაუსუნთქავს

გარედან შიგნით სინათლის ქვეშ როცა

ხერხის ზუზუნში კავით მიხსნიდი

გულმკერდს

კვირების შემდეგ გამომიტყდები

რომ ყოველ ჯერზე ძრწოლა გიპყრობს

როცა უცქერ

გახსნილ ფუტლიარს

თორმეტ ნეკნს რომ უჭირავს

რომელიც უფრო მეტია ვიდრე მთრთოლავი გული

გახსნილი კი წააგავს ჭაობს

მცენარეებით გადაფარულს უფრო უღრანსაც

და ეს ჭაობი გაჟღენთილია ადრეული შემოდგომის

წითელი ჭავლით

 

flach frozen

მოსრიალებენ მარგალიტები და იღვრება

გატყორცნილი შემოწმებული სითხეები

ჩაკეტილი როგორც ბუშტი ბუშტი ქვავდება

და ბნელადმოტორტმანე ზღვის გარშემო

ივიწყებენ მათ ცივს ცივს

მათ სრიალს მარგალიტების ღვარს

კონსერვის სუსტ სისხლიან ჭურჭელში

ივიწყებენ ყოველ ჯერზე როცა იღვიძებენ

ცისფერ შუქზე და საყვირის ხმაზე

შორეულ ძარღვებს სხეულებს გულებს

ყოველ ჯერზე ავიწყდებათ საიდან არიან

როცა ჭრილობა პირს იკრავს

და მორიგი ტანჯვაც მთავრდება.

 

მარტოობის მეთხუთმეტე ღამე გულის მონიტორთან

შენი მკერდიდან სამი თეთრი ელექტროდი

ფოლადთან ერთად გრილად ყლაპავს ზედ მიმაგრებულ ღამეს

ღამეს მსჭვალავს იისფერი მრუდი

 

და სიმაძღრე პაწაწინა წითელი სხივი იქ თითთან

არ დაივიწყო წვეთიდან ვარდება ფაფუკი ძილი

მთელი ღამე რომ ნელა-ნელა გაივლის გულზე

 

ოც მონიტორთან ისე ფხიზლობენ თითქოს სულები არიანო

ამ დროს შენ მთელი სხეული გაქვს აჯანყებული

ცერად გაჰყურებ შენს აბრექილ იმპულსს ხელს მზად ხარ

 

და იმედოვნებ რომ განგაშით არავინ არ შემოვარდება

რადგან აქ ახლა სურვილი უფრო მძაფრია შენში ვიდრე ტკივილი

 

რენტგენის სურათი

როგორც საღამოს აქამდე

როგორც ხშირად როგორც

სრულებით სავსებით ბოლომდე

შენი ხერხემლის მალები დაგორავდნენ

ჩემს ცერა თითებს შორის ვფიქრობდი

კანს აქვს უფლება ვფიქრობდი

ქერა ღინღლი ქვევითამდე ვფიქრობდი

რატომ თავბრუსხვევით

რომლიც ადრეულ ასაკში უნდა განიცადონ

შენი ზურგი ვფიქრობდი

შენი ღინღლი

სრულებით ვფიქრობდი ახლა

როცა ისინი ხელს მკიდებდნენ

მარეგისტრირებდნენ ხელს ვაწერდი

თეთრცისფერი ტატუირება

და ჩვენ ორნი

კარდეოლოგი და მე

გამჭოლ შუქზე

ვათვალიერებთ რა შუაშია

ხერხემალი

ვფიქრობ მე როგორც მე

ვამჩნევ როგორი მოხრილია

ჩემი ზურგი

სურათზე მაგრამ შენ უფრო შუაში ხარ

უფრო ზუსტად გულია შუაში

ეს მოწყობილობაა შუაში

რომელიც ქვედა ნეკნის ქვეშ

დევს

მაგრამ აღარ მუშაობს

და იქ არაფერს ვგრძნობ

იმ კანქვეშა ნეკნების ძვლოვანებაში

რომელსაც შენ ახსენდები

 

უკან დაბრუნება

მას შემდეგ რაც კაკუნი მიწყდა

გაბლანტდა სისხლი

აღარ ჩქეფს მეტად

ისეა თითქოს

ათასობით მსხვერპლისგან წვეთდა

და შხამავს ახლა მის გონებას სხეულთა წყება.

მსუბუქი ჩხვლეტა სრიალა და პრიალა ნემსის

გაფითრებულ კანს გაკაწრავს როცა

იმ ცხოველის ჩამოჰგავს კოცნას

ხრაშუნა წითელ ნაჭრებად რომ ჰქცევია ხორცი.

 

მხოლოდ ხანდახან იპყრობს შიში

შურდულიდან ნატყორცნ ქვასავით

პირდაპირ რომ შხუილით მოჰქრის

და წამებს რომ თვლის

უმძაფრესად დამუხტული ელექტრო ვნება

და გული ისევ ისევ ირთვება

 

თათებზე დახტომა

კატა ხარ, სიცოცხლის მერვე წრეს მიჰყვები

და ყოველ გამოჩენაზე ღობიდან იცინი

ერთხელ უბრალო ფისოდაც მოხვედი

მშიშარაც გაგხადა მძიმე ორსულობამ

თავს მხოლოდ იმპერატორის

ნამგლის ქვეშ იდრეკდი

 

დედალს კი იარები უფლებებს ანიჭებს

ვთქვათ,

ღამე შამპანურის

რაკიღა გაჩენდნენ და თანაც ღნაოდნენ

ან დღისით ზარმაცი თაგვი რომ შესანსლოს

ველად იცუნცულოს და არვინ ალოკოს

და მაინც ფისუნია თავს იმტვრევს მიზეზებზე

ლექსად რომ სჩვევიათ მერე გადაქცევა

 

სერია## პლფ 7262735

როცა ჩემს გვერდით ლურჯი ყუთი აღმოვაჩინე

აი, ისეთი კლინიკაში პროდუქტები რომ გადააქვთ

სახურავის ქვეშ რაღაც უკვე წიკწიკებდა

 

წუთში ალბათ 70 -ჯერ და რა თქმა უნდა

მისი გახსნა ლანჩის ყუთივით

არც არავის მოსვლია აზრად

 

არ იქნებოდა იქ არც პური არც ორცხობილა

არც გაფცქვნილი მანდარინები სამაგიეროდ

კეთილგანწყობილი იმპლანტანტი

 

ჰო, მაინც რა უცნაურია იყო ამგვარი საქონელის მომხმარებელი

ეკუთვნოდე ბაზარს სამყაროს რომელიც მას განაპირობებს

და ვალშიც იყო მის წინაშე მთელი ცხოვრება

უკან დახევის შანსის გარეშე

P.S. კრებულს “ნარკოზების შემდეგ” თან ახლავს ავტორის ბოლოსიტყვა, სადაც მოცემულია ლექსებში ნახსენები ოპერაციების რეალური დეტალები თუ საკუთრივ ავადმყოფობის ანამნეზები. ამგვარი ინდექსი დამახასიათებელია კონცეპტუალური ხელოვნების ყველა დარგისთვის. თუმცა პოლ-ჰენრი კემპბელი აქვე თანამედროვე სამყაროსთვის ძალიან მტკივნეულ პრობლემასაც ეხება. კერძოდ:

 

სელექცია

სადღაც, დასავლეთ სამყაროში, ვთქვათ, ბოსტონში, ინვალიდი ბავშვი დაიბადა. პირველი ათი წლის განმავლობაში, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, სამედიცინო პროცედურებზე ორი მილიონი დოლარი იხარჯება. დაახლოებით. ამასობაში დამასკოელი დედა კონტრაბანდისტს ორიათას დოლარს უხდის, რომ მისი ჯანმრთელი შვილი იტალიურ კუნძულზე გადაიყვანონ. ნავი ყირავდება და ბავშვი იღუპება.

ყოველ წელს, ვიდრე ავადმყოფი ბავშვი ცოცხალია, მისი პირველადი დახმარება ორიათასი დოლარი ჯდება – და ასე იქნება მის სიკვდილამდე, რომც გაიზარდოს, ორმოც, ორმოცდაათ, ოთხმოც წელსაც რომ მიაღწიოს. ავადმყოფი ბავშვი მედიცინის სახეა, ის იდეალური პაციენტია და შესაბამისად, სამედიცინო სამსახურის იდეალური მომხმარებელი, რასაც მხოლოდ სიცოცხლის დასრულებისას შეწყვეტს. ასე დგას მედიცინა ავადმყოფი ბავშვის სამსახურში.

შედეგი: ბალიშების გარემოცვაში დარჩენილი ავადმყოფი ბავშვი წერს ლექსებს, მაშინ როცა სხვა, ჯანმრთელი, ქუჩაში პურის ნამცეცებს მათხოვრობს. ვინმეს უნდა მეტი?

© არილი