ახალი ამბები,  რეცენზია

პრიმო ლევის „განა ეს ადამიანია“

პრიმო ლევი არა ერთადერთი, თუმცა პირველი ავტორია, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრობის საკუთარი გამოცდილება: გადასახლების ბრძანების ლოდინი, პირუტყვებისთვის განკუთვნილი ვაგონით მგზავრობა; საყვარელ და საძულველ ადამიანებთან ტყვეობაში გადარჩენისთვის ბრძოლა, სიკვდილის პირისპირ შიში და ძრწოლა – ჰოლოკოსტის გამოუთქმელი საშინელება სიტყვებად თარგმნა და თავის წიგნში “განა ეს ადამიანია” აღწერა.

23 წლის ქიმიკოსი 1943 წელს დააპატიმრეს, როცა მთებში ცუდად ორგანიზებულ წინააღმდეგობის ჯგუფთან – “სამართლიანობა და თავისუფლებასთან” ერთად, ფაშისტურ რეჟიმს ემალებოდა. 13 დეკემბერს მათ თავშესაფარში სამი პოლიციელი შეიჭრა, ლევი, როგორც ეჭვმიტანილი, დააკავა, და ერთ-ერთი დაკითხვისას მისი ებრაული წარმომავლობაც გამოაშკარავდა. საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის ბრძანება გაიცა.

მემუარებში ლევი იხსენებს, გადაყვანამდე პატიმრები მგზავრობისთვის როგორ ემზადებოდნენ – ყველამ იცოდა, წინ უცილობლად სიკვდილი რომ ელოდათ, მაგრამ მაინც დედები შვილებს ტანსაცმელს ურეცხავდნენ, სუფთად აცმევდნენ, ხალხი ლანჩს იმზადებდა, გეგონება სამოგზაურო საგზალს ილაგებდა.

ვაგონში მწერალმა იმგზავრა 45 ადამიანთან ერთად, რომელთაგან სახლში მხოლოდ 4 თუ დაბრუნდა. მატარებელში ასვლისთანავე ლევის და სხვა ებრაელებს გერმანელი ოფიცრები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას უკვირდა, “როგორ შეძლეს, ბრაზის გარეშე ასე ეცემათ?!”

1945 წლის ოქტომბერში წლის შემდეგ მწერალი უკან, ტურინში დაბრუნდა და საღებავების ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ძველი ნაცნობები ვეღარ სცნობდნენ 2 წლის უნახავ პატიმარს. ერთი წლის თავზე ლევიმ ბანაკში გატარებული ბოლო 10 დღის აღწერა, მომდევნო 10 თვეში კი მთელ ტექსტზე მუშაობა დაასრულა.

“განა ეს ადამიანია”-ს თავდაპირველად დიდი კომერციული წარმატება არ მოუტანია. ბევრმა გამომცემლობამ, მათ შორის Einaudi-მ, მისი დაბეჭდვა არც ისურვა. ამის მიუხედავად, სამწერლობო სივრცეში წიგნი ძირითადად პოზიტიურად შეფასდა. მაგალითად, იტალო კალვინომ ნამუშევარს “დიდებული” უწოდა.

მხოლოდ 1958 წელს Einaudi-ის მიერ წიგნის მეორედგამოცემის შემდეგ, ტექსტმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. იმატა რეცენზიებისა და დადებითი შეფასებების რაოდენობამ, ტირაჟი გაიზარდა. ტექსტის თარგმანები გაჩნდა არგენტინაში, ესპანეთში, შემდეგ 61 წელს გერმანიასა და საფრანგეთში, საბოლოოდ კი, შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. სამწუხაროდ, ებრაულად წიგნი მხოლოდ 1988 წელს, ავტორის გარდაცვალებიდან 1 წელში გამოიცა.

“განა ეს ადამიანია” პრიმო ლევის მთელი ცხოვრება დამტვერილი ოქროს ძაფივით თან სდევდა. საკუთარი პერსონაჟების არც თუ ისე ანონიმურ პროტოტიპებს ვერსად გაექცეოდა. განსაკუთრებით უმძიმდა ისეთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, რომლებსაც არ მოსწონდათ, ლევის ტექსტი მათ პიროვნებას, როგორც აღწერდა. თუმცა ბანაკიდან არაერთი ერთგული მეგობარიც შემორჩა, რომლებსაც ხშირად საკუთარ ტკივილს უზიარებდა: „გვინდა თუ არა, მოწმეები ვართ და გვიწევს მოწმის ტვირთის ზიდვა“, “174517”-ის ხელმოწერით სწერდა მეგობარს.

პრიმო ლევის “განა ეს ადამიანია”, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფინანსური მხარდაჭერით, გამომცემლობა დიოგენემ” ქართულ ენაზე პირველად გამოსცა.

წიგნის წარდგენა 27 ივნისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება.

© არილი

Facebook Comments Box