ახალი ამბები

ჟან-ლუკ გოდარი გარდაიცვალა

ჟან-ლუკ გოდარი, ლეგენდარული კინორეჟისორი და ფრანგული ახალი ტალღის წარმომადგენელი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული გაზეთი „Libération“ ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანეულ მაკრონის თქმით, გოდარი იყო ფრანგული ახალი ტალღის ყველაზე საკულტო ფიგურა, რომელმაც შექმნა სრულიად თანამედროვე და თავისუფალი ხელოვნება, მისი გარდაცვალებით კი ქვეყანამ ეროვნული განძი და გენიოსი დაკარგა.

საფრანგეთის ყოფილი კულტურის მინისტრი წერს: „მან აავსო კინო პოეზიითა და ფილოსოფიით. მისი მახვილი და უნიკალური თვალით შეუმჩნევლის დანახვა შევძელით“.

ხოლო კინომოყვარულებისთვის ის რეჟისორი გარდაიცვალა, რომელმაც კინოს წესები გადაწერა და არაერთი დასამახსოვრებელი ფილმი შექმნა.

ჟან-ლუკ გოდარი 1930 წლის 3 დეკემბერს, პარიზში დაიბადა. 1950-იანი წლებიდან სხვადასხვა კინო კლუბში მონაწილეობდა და ხვდებოდა რეჟისორებს, რომლებთან ერთადაც შემდეგ ფრანგულ ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი. მისი კარიერა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით 1960 წელს დაიწყო. ეს იყო „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, რომელშიც ჟან-პოლ ბელმონდო და ჯინ სიბერგი მონაწილეობდნენ. ამ ნამუშევრით გოდარმა ფრანგული ახალი ტალღის მახასიათებლები სრულად გამოხატა, ყურადღება მიიქცია უჩვეულო ვიზუალური სტილითა და ტექნიკით და მაშინვე იქცა კინოს ინოვატორად. გოდარი ყველაზე რადიკალურ რეჟისორადაც მიიჩნეოდა 1960-70-იან წლებში, მის ფილმებში ჩანდა როგორც მისი პოლიტიკური შეხედულებები, ასევე ადამიანური ბუნების კომპლექსურობაც. მისი ფილმები ინსპირაციად იქცა არაერთი ცნობილი რეჟისორისთვის, მათ შორის ტარანტინოსა და სკორსეზესთვის. ტარანტინო ამბობდა, რომ გოდარს მასზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა, როგორც რეჟისორს, რომელმაც ასწავლა, როგორ უნდა გაერთოს და ისიამოვნოს ფილმის გადაღებისას, დატკბეს წესების დარღვევით და, უბრალოდ, სიყვარულით შექმნას კინო. მისი აზრით, კინოსთვის გოდარი დაახლოებით ის იყო, რაც მუსიკისთვის – ბობ დილანი.

მწერალი დეივ კელჰუნი ტვიტერზე წერს: „ გოდარი. გენიოსი. პრობლემების შემქმნელი. ხშირად დამაბნეველი. ყოველთვის შეჩერებასა და ყურადღების დათმობას რომ მოითხოვდა“.

რეჟისორმა ედგარ ვრაითმა კი გოდარის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „მშვიდად განისვენე, ჟან-ლუკ გოდარ. ყველა დროის ყველაზე გავლენიანო და მეამბოხე რეჟისორო. […] ალბათ, არცერთი სხვა რეჟისორი არ ყოფილა შთამაგონებელი ამდენი ადამიანისთვის, რომ, უბრალოდ, აეღოთ კამერა და გადაღება დაეწყოთ“.

ჟურნალი „TIME“ მისი ფილმების შესახებ 1966 წელს წერდა: „ძნელია, უყურო და ძნელია, ყურება შეწყვიტო“, ხოლო 1968 წელს სუზან ზონტაგმა იგი შეაფასა, როგორც კინოს დამანგრეველი.

გოდარის სასიყვარულო ურთიერთობებიც კინოს უკავშირდებოდა. ორჯერ იყო დაქორწინებული: 1961-65 წლებში – მსახიობ ანა კარინაზე.  1967-1979 წლებში – ანა ვიაზემსკიზე, ფრანგ მსახიობსა და მწერალზე.  მასთან დაშორების შემდეგ ანე-მარია მიევილთან ჰქონდა ურთიერთობა.

გოდარისა და ანა კარინას წყვილი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კოლაბორაციად იქცა: „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“ Vivre sa vie (1962), „შეშლილი პიერო“ Pierrot le Fou (1965) და სხვა, მათ მიერ ერთად შექმნილი ფილმები, კინოს მოყვარულებისთვის დღემდე დაუვიწყარია.

მიუხედავად იმისა, რომ საკულტო რეჟისორი იყო, მისი ზოგიერთი ფილმი მაინც საკამათო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. 1963 წელს გადაიღო „პატარა ჯარისკაცი“, რომელიც ეხება ალჟირის ომს დამოუკიდებლობისთვის და გამოსვლისთანავე აკრძალეს საფრანგეთში.

 

 

2011 წელს გოდარს საპატიო ოსკარი გადაეცა „ვნებისთვის, კონფრონტაციისთვის, ახალი ტიპის კინოსთვის“. თუმცა დაჯილდოებას რეჟისორი არ დასწრებია. მეტიც, დაჯილდოების შესახებ მან თქვა: „თუ ამის გაკეთება [ჩემი დაჯილდოება] სურთ, გააკეთონ. მაგრამ, ვფიქრობ, ეს უცნაურია. ჩემს თავს ვეკითხები, ჩემი რომელი ფილმი ნახეს მათ? იციან საერთოდ ჩემი ფილმები?“

ჯილდოებისა და მსგავსი ცერემონიებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება გოდარისთვის ნამდვილად არ იყო უცხო. 1960 წელს, მისი სადებიუტო ფილმის კანის ფესტივალზე წარმატებული ჩვენების შემდეგ, ჟურნალისტს უთხრა: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა უფრო ნაკლებად მიყვარს კინო – იმიტომ, რომ გადავიღე ფილმი, რომელიც კარგად მიიღეს. ასე რომ, იმედი მაქვს, ჩემს მეორე ფილმს ძალიან ცუდად მიიღებენ, რაც ფილმების გადაღების სურვილს ისევ გამიჩენს“. საკუთარ თავზე საუბრისას აღნიშნავდა, ესეისტი ვარ, ოღონდ წერის ნაცვლად ფილმებს ვიღებო. კინოში დადგენილი წესები თუ განსაზღვრული ჩარჩოები არ აღელვებდა, ამიტომაც იყო მეამბოხე, რევოლუციონერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა კინო. 2011 წელს The Guardian-თან ინტერვიუში გოდარმა თქვა: „ოდესღაც გვჯეროდა, რომ ჩვენ ავტორები ვიყავით, მაგრამ არ ვართ. სინამდვილეში, წარმოდგენა არა გვაქვს. კინო დასრულდა“.

 

ჟან-ლუკ გოდარის სახელს 100-ზე მეტი ფილმი, 51 გამარჯვება და 76 ნომინაცია უკავშირდება.

Vivre Sa Vie (1962)
Alphaville (1965)

 

 

 

 

 

 

 

 

© არილი

Facebook Comments Box