ესე,  პორტრეტი

ჟან პიერ ვერნანი – ქართველი სოკრატე

mamardashvili_05_recto777777

სოკრატე არ იყო კალამის კაცი. ყველამ კარგად ვიცით, რომ მას ერთი სტრიქონიც კი არ დაუწერია, მაგრამ ყველამ როდი უწყის, რომ იგი კლასიკური ანტიკურობის იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომელთაც ჩვენ “სახეზე” ვიცნობთ. მისმა თანამედროვეებმა ჩვენ სოკრატეს გარეგნობის ზედმიწევნითი აღწერა დაგვიტოვეს… სახე, რომელსაც პლატონი, ალკიბიადეს პირით, სატირ მარსიასს ადარებს: დიდი შუბლი, უბალნო თავი, ბრტყელი ცხვირი ფართო ნესტოებით, ხორციანი ტუჩები, მრგვალი, გადმოკარკლული თვალები და, რაც მთავარია – მზერა: უდრეკი, ხარისებური, ალმაცერი თუ ელვისებური; მუდამ გამჭოლი, ყურადღებიანი და ირონიული.

და აი, გასულ წელს, როცა მერაბ მამარდაშვილის სემინარზე ვიჯექი სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, უეცრად გავაცნობიერე ის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი, რაც მუდამ თვალში მხვდებოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გახდა ცხადი ქართველი ფილოსოფოსისა და სოკრატეს საოცარი გარეგნული მსგავსება. სწორედ იგივე მზერა იყო, ჯერ კიდევ სამოციან წლბში რომ დამატყვევა, როცა საათობით ვსაუბრობდით, ვხეტიალობდით მოსკოვის ქუჩებში, რათა არავის გაეგონა ჩვენი სიტყვები. მერაბი კითხვას კითხვაზე მაყრიდა, სულის მოთქმას არ მაცლიდა და იძულებულს მხდიდა, ყველაზე იდუმალი აზრები გამემხილა, მაგრამ თავად კი არაფერს ამჟღავნებდა; სიარულისას ხან წარბშეკვრით მიცქერდა, ხანაც ალმაცერად – ისე, რომ მე, დაბნეული ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე: ეს კაცი ან რაღაც მნიშვნელოვანს ხედავს ჩემს პასუხებში, ან პირიქით, არაფრად მაგდებს-მეთქი.

იმ წლებში მერაბს საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რათა ფრთხილად ყოფილიყო, სააშკარაოზე არ გამოეტანა საკუთარი პიროვნების ფარული მხარე – ის, რასაც იგი თავის “დაფარულ, უხილავ სამშობლოს” უწოდებდა, “ნებისმიერი მოაზროვნე არსების მეორე სამშობლოს”. იგი ამას “აზრსაც” უწოდებს, იმ აზრს, რომელიც, მისი სიტყვით, “ბუნებისგან როდია მონიჭებული, არამედ ზეადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს”.

“ჩახშული ფიქრი”, ასე ჰქვია მერაბ მამარდაშვილთან საუბრების პატარა წიგნს, რომლის ავტორიც ანი ეპელბუანი გახლავთ და რომელიც გამომცემლობა Edition de I Aube-მ გამოსცა ფილოსოფოსის სიკვდილის შემდეგ. ისევე, როგორც სოკრატე, მერაბიც არ იყო წერალი და ორივე, მე მგონი, ერთი და იმავე მიზეზის გამო არ წერდა. ორივესთვის აზროვნება ცხოვრებას ნიშნავდა. აზრი – გასულიერებული, სხვასთან შემთხვევით შეხვედრისას შობილი ცოცხალი სიტყვაა, როგორც კითხვა-პასუხი – “რაღაც კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით”, “a propo”; ფილოსოფია როგორც სიბრძნე და არსებობის წესი – გვეუბნება ჩვენ მერაბი – მთლიანად თავსდება ფორმულაში “იცხოვრო სათანადოდ”, “a propo”: ესაა ცოცხალი სიტყვა, logos empsychos, რომელიც დაწერილ სიტყვას, logos gegrammenos-ს უპირისპირდება, რადგანაც ასოები, grammata, ბერძნებისთვის უსიცოცხლო იყო, apsycha. ცოცხალი ხმის ფურცელზე გადატანა ნიშნავს მოვკვეთოთ მას ყველაფერი შემთხვევითი, ინდივიდუალური, მოკლა იგი. “ბუნება, – ამბობს მერაბი, – არ ქმნის ადამიანებს. ნამდვილად ჩვენ მხოლოდ მეორე დაბადებისას ვიშვებით. დანტემ ერთხელ კარგად თქვა, “ახალშობილს სული არა აქვს”. “რა ანიჭებს მას სულს?” – კითხულობს ანი ეპელბუანი; “სიტყვა!” – პასუხობს მერაბი.

სოკრატე ფილოსოფიითა და აზროვნებით ცხოვრობდა, აგორაზე, ნებისმიერ შემთხვევით გამვლელთან ერთად არჩევდა ერთი შეხედვით ყველაზე ბანალურ და პროზაულ საკითხებს. “ღმერთებს გეფიცები, – აღშფოთებულია კალიკლოსი, – შენ სულ მუდამ მეწაღეებზე, მთელავებზე, მზარეულებზე, ექიმებსა და სხვა სისულელეებზე საუბრობ” (“გორგიასი”, 420 e). შემდეგ მოდის ციტატა “ნადიმიდიან”. “სოკრატე ხომ კურტნიან სახედრებზე, მჭედლებზე, მეჯადაგეებსა და დაბაღებზე მსჯელობს ხოლმე და თითქოს ერთსა და იმავეს იმეორებს მუდამ, ასე რომ, ვინმე გამოუცდელსა და რეგვენს, შესაძლოა, სასაცილოდაც არ ეყოს მისი სიტყვები” (222 e).

ხოლო მერაბი? მაშინაც კი, როცა ლექციას უკითხავს სტუდენტებს, იგი ყველაზე ნაკლებად ჰგავს პროფესორს. როგორ ახერხებს ამას? ფილოსოფია მისთვის პროფესია არაა, არამედ არსებობის წესი. როდესაც საუბრობს, მერაბი თეორიას როდი გადმოგვცემს, არც სისტემას აგებს და არც ცნებათა დანაწევრებითაა დაკავებული. იგი არაა წინასწარმეტყველი, ღვთისმეტყველი, თეორეტიკოსი (თუმცა, ეს არ უშლიდა მას ხელს, ყოფილიყო ლუი ალტუსერის უახლოესი მეგობარი). აუდიტორიაში მერაბი ხმამაღლა გამოთქვამს თავის აზრებს – იმავე თანმიმდევრობით, როგორადაც თავში მოსდის და ყოველი მსმენელი დროგამოშვებით მის ყურადღებიან მზერასაც ამჩნევს ხოლმე, რომელიც გვახსენებს, რომ ეს აზრები სწორედ მისთვისაა განკუთვნილი, მისი ინდივიდუალობისთვის და ამით ამ “უზენაესი”-სკენ ლტოლვისთვის აღგვძრავს. მოდით, თავად მას მოვუსმინოთ: “როცა ლექციას ვატარებ ან მოხსენებას ვაკეთებ, მოხსენებისას ჩემს ცხოვრებას ვთამაშობ, აუდიტორიის წინაშე ვდგავარ ჩემი პრობლემებით, პირად რისკს ვწევ და ვინც მისმენს, ეს მისთვის ნათელია. ამიტომ ისინი მომყვებიან და იმ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში, მე რომ ვახსენებ, თავიანთ პირად გამოცდილებას ამოიცნობენ, ხოლო ამ ტერმინოლოგიის ხმარება მჭიდრო კავშირშია ჩემი საკუთარი ცხოვრების ეგზისტენციასთან”.

მახსოვს, როგორღაც ლათინოამერიკელ სტუდენტებს შევხვდი, რომელთაც მერაბი უკითხავდა ლექციებს მოსკოვის ერთ-ერთ ინსტიტუტში – ზუსტად არ მახსოვს, მარქსიზმ-ლენინიზმის თუ მუშათა საერთაშორისო მოძრაობისა – მანამ, სანამ გამოაგდებდნენ ამ ინსტიტუტიდან. ეს ყმაწვილები ახალი ჩამოსულები იყვნენ სსრკ-დან და მათი თავები საზოგადოებრივ ფორმაციათა მარქსისტული თეორიით იყო დამძიმებული, რომლის შესახებაც მერაბი თავის წიგნში ამბობდა: “ეს წმინდა წყლის კრეტინიზმია: უკიდურესობამდე გამარტივებული კონცეფცია, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ მთელი სამყარო ერთ პატარა თავში ჩატენონ, იმ ადამიანის ნახევრად ატროფირებულ ტვინში, ვისაც ცხოვრებაში არასდროს უაზროვნია”. მაგრამ ლექციებისა და წიგნების ნაცრისფერ ფონზე, რომლის მხოლოდ დაზეპირება და “მრწამსი”-ვით გამეორება შეიძლებოდა, მათ დარჩათ ერთი ნათელი და ყველაფრისგან განსხვავებული მოგონება, სადაც ნახევრად მასხარა – ნახევრად სატირი, თითქოსდა თამაშ-თამაშ, მტკიცედ დაგმანულ სარკმელს აღებდა; არ აშინებდა, როგორც ყველა დანარჩენი, არამედ აღძრავდა, მიმართავდა – აზროვნებისკენ, ცხოვრებისკენ, საკუთარი თავისკენ.

ტოტალიტარულმა სისტემამ შეძლო ნებისმიერი მენტალური აქტივობა შეჩერებინა. რა საჭიროა აზროვნება? ყველაფერზე, რაც საჭიროა, უკვე იფიქრეს. სამყაროს შესახებ, რომელიც გარს გვარტყია, საზოგადოებაზე, სადაც ვცხოვრობთ, მიმდინარე მოვლენებზე; ყველა თქვენი გრძნობის, სურვილის, თავად თქვენი ყოფიერების საზრისი ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვრა, წინასწარაა მოცემული – თქვენამდე და თქვენს ნაცვლად ეს ვიღაც სხვამ გააკეთა. “ტოტალიტარულ მეტყველებაში ყოველთვის არის უკვე ნაფიქრი, ნაფიქრი შენს მაგივრად, შენთვის ნაფიქრი შენს ადგილსამყოფელში. გრძნობა, რომელსაც ახლა განვიცდი, უკვე ჩაწერილია, დაფიქსირებულია მეტყველებაში, ცნობილია, რასაც მე განვიცდი. თუ გამოცდილებას ვიღებ, მაშინაც კი, როცა ჯერ აზრი არ გამომიტანია, ეს აზრი უკვე გამოტანილია, ხატი უკვე არსებობს”. მკვდარი ხატი, აჩრდილი, რეალური არსების, კონკრეტული ინდივიდის სიცოცხლეს მოკლებული – ის, რასაც სოკრატე და პლატონი eidolon apsychon-ს უწოდებენ – უსულო მანეკენად იქცევა. “ჩვენთან ყველაფერი არარეალური იყო, – ამბობს მერაბი, – არარსებული პიროვნებები კამათობდნენ არარსებულ პრობლემებზე და მსჯელობდნენ არარსებობის შესახებ”. “არარსებობის” ეს ვითარება სულაც არ ყოფილა მყუდრო: მერაბი იტანჯებოდა, ცდილობდა საკუთარი თავი ეპოვნა და ამ უსიცოცხლობით ხელფეხშეკრული იგი თითქოს ნელ ცეცხლზე დასაწვავად იყო განწირული: “მე ცოცხლად დამწვეს, რკინის ქანდაკებაში გამოკეტილი, რომელიც ჩემივე ხატი იყო. ვიწვოდი იმაში, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, რადგან უკვე ჩემს ნაცვლად ყველაფერი მოფიქრებული იყო”.

როგორ არ დაიღუპა აზროვნება ამ უზრმაზარ, გამყინვარებულ, გაქვავებულ კონტინენტზე, სადაც რევოლუციური ცეცხლი ჩაქრა და თუკი ხანდახან წამოინთება ხოლმე, მხოლოდ იმისთვის, რომ ურჩები შთანთქას? როგორ შეძლო მან აღორძინება ათასობით საბჭოთა ადამიანის გულში, ვისაც მერაბი “self-made”-ებს უწოდებდა და რომელთა რიცხვს საკუთარ თავსაც მიაკუთვნებდა? “მეც ამ გზას დავადექი. ნამდვილად არ მაკლდა არც საკითხავი მასალა და არც ის ფარული ინტელექტუალური ცხოვრება, რომელიც ჩემსა და წიგნს შორის იქმნებოდა, ჩემსა და სიტყვას შორის, რომელიც შორიდან მოდიოდა. მაგრამ თქვენ იცით, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც შორიდან მოდის. ადამიანი არის ძალიან “გრძელი” არსება, ანუ ადამიანი თავის თავს დროში ჭედავს”; და კიდევ, “ჩემთვის – თვითგამორკვევა განისაზღვრებოდა უსიცოცხლობის მიმართ დაპირისპირებით, დაპირისპირებით იმ შავი გვირაბის მიმართ, რომელშიც აჩრდილივით, იძულებული ვიყავი, მეცხოვრა ცხოვრების გარეშე – და ჩემთვის ახალგაზრდობა წარმოადგენდა ტრადიციის აღდგენას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: საქმე რომელიღაც კონკრეტულ ტრადიციას კი არ ეხება, არამედ უკვდავების ტრადიციას… უკვდავება ეს არის სიტყვა, ანუ ადამიანში მკვდარი დროის აღდგენის ნაპერწკალი; სიტყვა არის მარადიულობის აქტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ როგორც ადამიანები”.

თუკი გსურთ გაიგოთ, საიდან გაისმა ის ხმა, რომელმაც აიძულა მერაბი გზას დადგომოდა და მასში ყოფიერების, სიკვდილთან ჭიდილის ლამპარი აანთო; სად იღებს სათავეს ყველასთან დიალოგის მისეული ძაფი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ცდილობდა სიტყვით გაეცოცხლებინა აზრი და მეორედ შობის საშუალებას გვაძლევდა – მაშინ წაიკითხეთ ეს საუბრები. თქვენთვის სასიამოვნო იქნება გაიგოთ ის, რომ ეს ხმა ვიიონის, მონტენის, დეკარტის, რასინისა და პრუსტის ფრანგულით ლაპარაკობდა. მიხვდებით, რომ ჩვენი წარმოდგენა ბეტონის “Homo soveticus”-ის შესახებ, რომელიც მილიონი ერთფეროვანი ეგზემპლარით იყო ტირაჟირებული – მითია, რომლის მიღმაც იმალება საბჭოთა ინტელიგენციის ნამდვილი, ცხოვრებისეული დრამა და რეალური სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც ბოლშევიზმის გამარჯვების შემდეგ არასდროს შემწყდარა.

აზრი შეუძლებელია მოკლა, – ამბობს მერაბი, – ყველაზე ტოტალიტარული, ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი, საბჭოთა რეჟიმიც კი უძლურია სიცოცხლესთან ბრძოლაში, რადგანაც ცხოვრება, თუნდაც სუსტი, როგორც ბალახი, ამოხთქავს ასფალტის ზედაპირს და გახეთქავს ქვას. მაგრამ ერთმნიშვნელოვან ოპტიმიზმს აქ ადგილი არა აქვს. დიახ, ადამიანი ყოველთვის ილტვის ტრანსცენდენციისკენ (ისწრაფვის უმაღლესისკენ, როგორც ალკიბიადე ამბობდა სოკრატეს შესახებ). ამის გარეშე კაცობრიობას ისტორია არ ექნებოდა. მაგრამ კულტურა, ნებისმიერი კულტურა, იბრძვის ტრანსცენდენციის წინააღმდეგ – ამის გარეშე მას არ შეუძლია არსებობა, რადგან მისი არსებობის საწინდარი წესრიგი და სტაბილურობაა. ნებისმიერი კულტურა ცდილობს შეზღუდოს, თავის თავში ჩაკეტოს ადამიანი.

და აი, კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელზეც ღირს დაფიქრება. როცა ათენი გათავისუფლდა ოცდაათი ტირანისგან და აღადგინა დემოკრატია, სოკრატეს სიკვდილი მიუსაჯეს ახალგაზრდობის გარყვნისთვის. მერაბი ბედნიერი იყო, რომ იგი ტოტალიტარული ბორკილების მსხვრევას შეესწრო, მაგრამ ეს სიხარული წუხილმა დაჩრდილა. თავიანთი გულახდილი სურვილით, სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრონ, ადამიანები ხშირად “ფაშიზმის ხაფანგში ებმებიან” ხოლმე – აღნიშნავს იგი ნაციონალიზმისა და ნაციონალური პრობლემების შესახებ ახლადგადემოკრატიულებულ სსრკ-ში. “ჩვენთან, – წერს იგი საქართველოს შესახებ, მისი არაჩვეულებრივად სიცოცხლისმოყვარე ხალხის შესახებ, რომელიც მერაბის თვალში საფრანგეთთან ამჟღავნებს ფარულ კავშირს – პატრიოტიზმით მოხდა განმანათლებლობის ჩანაცვლება, მე კი განმანათლებლობის მომხრე ვარ”.

წიგნის დასაწყისში ანი ეპელბუანი იხსენებს, რომ სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მერაბი ახალი ქართული მთავრობის შესახებ საუბრობდა: “სამოქალაქო სიკვდილის არ მეშინია, მე უკვე ვიცხოვრე შინაგან ემიგრაციაში, მაგრამ ვეწინააღმდეგები იმათ, ვინც დღეს ახალ მონობას გვპირდება. მე ვიბრძვი არა ქართული ენისთვის, არამედ იმისთვის, რაც ამ ენაზე ითქმება. მე რწმენა არ მინდა, მე სინდისის თავისუფლება მინდა”.

ყური მივუგდოთ ამ ცოცხალი ხმის მოწოდებას, დაე, ყოველმა ჩვენთაგანმა ყურადღებით მიმოიხედოს გარშემო, სადაც აზრის ჩახშობის მრავალი ხერხი არსებობს.

1992

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

© არილი

Facebook Comments Box