რიშარდ კაპუშცინსკი – საფეხბურთო ომი

footbal war

პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ლუის სუარესმა თქვა, ომი დაიწყებაო და დავიჯერე. მე ხომ ყველაფერ იმას ვიჯერებდი, რასაც ლუისი ამბობდა. მექსიკაში ერთად ვცხოვრობდით. ლუისი ხშირად მიყვებოდა ლათინური ამერიკის შესახებ – რას წარმოადგენს, სადა ძევს მისი გაგების გასაღები და ა.შ. აქამდეც მისი მრავალი წინასწარმეტყველება ახდა. მაგალითად, დროულად განჭვრიტა ბრაზილიაში გოულარტას დაცემა, ასევე ბოსხის გადაყენება დომინიკის რესპუბლიკაში, ხოლო იემენესის – ვენესუელაში. მას დიდი ხნით ადრე, პერონის დაბრუნებამდე, სჯეროდა, რომ მოხუცი კაუდილიო კვლავ იქნებოდა არგენტინის პრეზიდენტი, მანვე განჭვრიტა ჰაიტის დიქტატორის – ფრანკ დუვალიერის სიკვდილი, რომელსაც ყველანი დიდი ხნის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. ლუისს შეეძლო აქაური პოლიტიკის ლაბირინთებში ტრიალი, რომელშიც მრავალი მასზე უფრო გამოცდილი პოლიტიკოსი ფეხს იტეხდა.

ამჯერად მან თავისი მოსაზრება გაზეთის გვერდზე გადადების შემდეგ გამოთქვა. გაზეთში ეწერა, რომ სალვადორისა და ჰონდურასის ფეხბურთის  გუნდებს შორის მატჩი უნდა გამართულიყო. ორივე გუნდი იბრძოდა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 1970 წელს მექსიკაში ტარდებოდა.

პირველი მატჩი 1969 წლის 8 ივნისს ჰონდურასის დედაქალაქში, ტეგუსიგალპაში ჩატარდა. ამ მოვლენისთვის ყურადღება დიდად არავის მიუქცევია.

სალვადორის ნაკრები ტეგუსიგალპაში შაბათს ჩავიდა და სასტუმროში უძილო ღამე გაატარა. ფეხბურთელებმა თვალიც ვერ მოხუჭეს, რადგან მთელი ღამე ჰონდურასელი გულშემატკივრების ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ. სასტუმრო უამრავი ხალხის ალყაში იყო მოქცეული. ბრბო მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრებს ქვებს, ცარიელ ყუთებსა და კასრებს ესროდა, ხელკეტებს ურტყამდა. გულის წასვლამდე აპიპინებდნენ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანებს. გულშემატკივრები უსტვენდნენ, იგინებოდნენ, ყვიროდნენ და იმუქრებოდნენ. ამ ყველაფერს ერთი მიზეზი ჰქონდა, – ნამგზავრ  სტუმრებს ძილი გასტეხოდათ, ნერვები მოშლოდათ და როგორმე  მატჩი წაეგოთ. ასეთი “დახვედრები” ლათინურ ამერიკაში ჩვეულებრივი საქმეა და არც არავის აკვირვებს.

მართლაც, მეორე დღეს ჰონდურასმა სალვადორის გამოუძინებელსა და ნერვებდაწყვეტილ გუნდს 1:0 მოუგო.

ერთი კვირის შემდეგ სალვადორის დედაქალაქის – სან-სალვადორის სტადიონზე, რომელსაც ლამაზი სახელი – ,,თეთრი ყვავილი“ ჰქვია, რევანში შედგა. ამჯერად ჰონდურასის გუნდის წევრებმა გაათენეს თეთრად ღამე: გავეშებულმა გულშემატკივრებმა მათი სასტუმროს ფანჯრები ჩაამსხვრიეს, ნომრებში ლაყე კვერცხებს, გახრწნილ ვირთხებს და რას არ ისროდნენ. ფეხბურთელები სტადიონამდე ჯავშნოსანი მანქანებით გადაიყვანეს, რამაც ისინი იმ აუარება შურისმაძიებლებისგან იხსნა, მთელი გზის გაყოლებაზე რომ იდგნენ უკვე ეროვნულ გმირად ქცეული ამელი ბოლანიუსის პორტრეტებით.

მთელი სტადიონი ჯარით იყო გარშემორტყმული. თავად მოედანზეც ეროვნული გვარდიის უამრავ ჯარისკაცს მოუყარეს თავი, რომლებსაც გადატენილი ავტომატები ეკავათ ხელში. ჰონდურასის ჰიმნის შესრულებისას სტადიონი გმინავდა და უსტვენდა. შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ჰონდურასის დროშა აღემართათ, მასპინძლებმა ბედნიერებისგან გიჟადქცეული გულშემატკივრის თვალწინ ანძაზე ჭუჭყიანი და დაჭმუჭნილი ძონძი ასწიეს. ცხადია, ასეთ ვითარებაში ჰონდურასელებს რა ფეხბურთის თამაშზე უნდა ეფიქრათ. იმასღა ცდილობდნენ, აქედან როგორმე ცოცხლებს გაეღწიათ. ,,რა ბედნიერებაა, რომ წავაგეთ“ – შვებით თქვა ჰონდურასის ნაკრების მწვრთნელმა მარიო გრიფინიმ.

ეს მატჩი სალვადორმა 3:0 მოიგო.

ფეხბურთელები სტადიონიდან ჯავშნოსანი მანქანებით აეროპორტში წაიყვანეს. კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ მათი გულშემატკივრები. ისინი ცემითა და გინებით გაყარეს საზღვრისკენ, ორი მათგანი შემოაკვდათ კიდეც, ათეულობით ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტუმრების 150 მანქანა დაწვეს. რამდენიმე საათში ამ ორი ქვეყნის გამყოფი საზღვარი ჩაიკეტა.

ლათინურ ამერიკაში საზღვარი ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის ძალზე მყიფეა. გრძელია იმ მთავრობების სია, რომლებიც სამხედროებმა დაამხეს ან გადააყენეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მატჩი წააგო, დამარცხებული ფეხბურთელები კი შემდგომში სამშობლოს მოღალატეებად მიიჩნიეს. როდესაც ბრაზილია მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ჩემი კოლეგა – ბრაზილიელი პოლიტიკური ემიგრანტი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა: ,,მემარჯვენე იდეოლოგიური ორიენტაციის სამხედროებს – თქვა მან – სულ მცირე ხუთი წელიწადი გარანტირებული აქვთ ხელისუფლებაში მშვიდად ყოფნა“. ბრაზილიამ რომ ინგლისს მოუგო, რიო-დე-ჟანეიროში გამომავალმა ერთმა  გაზეთმა წერილში ,,ქრისტე იცავს ბრაზილიას“ მატჩში გამარჯვების მიზეზი ასე ახსნა: ,,რამდენჯერაც ბურთი ჩვენი კარისკენ წამოვიდა და გოლი თითქოს გარდუვალი იყო, იმდენჯერ ქრისტემ ფეხი გამოყო და ბურთი აუტში გადააგდო“. წერილს თან ერთოდა სურათი, სადაც ეს ზებუნებრივი მოვლენა იყო გამოსახული.

ვინც სტადიონზე მიდის, ყველა სიკვდილს ეთამაშება. აი, თუნდაც მექსიკისა და პერუს ნაკრებების პაექრობა. თამაში მექსიკის გამარჯვებით დასრულდა. იმედგაცრუებული გულშემატკივარი გამომწვევი ხმით ყვირის: Viva Mexico! ცოტა ხნის შემდეგ კი მკვდარს, დასახიჩრებულს პოულობენ. ზოგჯერ აღგზნებული ბრბო მოზღვავებულ ემოციებს სრულიად სხვა სახით იშორებს თავიდან. მატჩის შემდეგ, რომელშიც მექსიკამ ბელგია დაამარცხა, ბედნიერებისაგან მთვრალმა ავგუსტო მარიაგამ – სამუდამო პატიმრობამისჯილთა ჩიპლანციგის (მექსიკა) ციხის უფროსმა, საკნები გახსნა და 142 საშიში პატიმარი გარეთ გამოუშვა. სასამართლოს მარიაგა არ დაუსჯია, ხოლო მისი საქციელი იმით გაამართლა, რომ ,,ქმედება პატრიოტული მოტივით იყო განპირობებული“.

საღამოს თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა. ქალაქი განგაშმა მოიცვა. ხალხს სახლიდან გარეთ გამოსვლის ეშინოდა, მოვაჭრეებმა მაღაზიები დაკეტეს. ქალაქის ქუჩებში უამრავი მიტოვებული მანქანა იდგა. ერთი ქალი ტროტუარზე დარბოდა და გამყინავი ხმით გაჰყვიროდა: ჩემი შვილი! ჩემი შვილი! შემდეგ ქალი გაქრა და ქუჩაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ქალაქი უკვე აღარ არსებობდა.  მალე შუქიც ჩაქრა და მთელი ტეგუსიგალპალი სიბნელეში ჩაიძირა.

სასტუმროში წავედი,  ოთახში შევედი, საბეჭდ მანქანაში ქაღალდი ჩავდე და ვარშავაში გასაგზავნი ტელეგრამის წერას შევუდექი.

დავიწყე ბეჭდვა:

         ტეგუსიგალპალი (ჰონდურასი) PAP, 14 ივლისი, დღეს, საღამოს ექვს საათზე, სალვადორსა და ჰონდურასს შორის ომი დაიწყო. სალვადორის ავიაციამ ჰონდურასის ოთხი ქალაქი დაბომბა. ამავდროულად, სალვადორის არმიამ გადაკვეთა  საზღვარი და ქვეყნის სიღრმეში შეჭრას შეეცადა. აგრესორის შეტევის საპასუხოდ ჰონდურასის ავიაციამ დაბომბა სალვადორის მნიშვნელოვანი სამრეწველო და სტრატეგიული ობიექტები, ხოლო  ჯარებმა თავდაცვითი მოქმედება დაიწყეს.

         რადიოში გადმოსცემენ, რომ ფრონტის მთელ ხაზზე ბრძოლები გრძელდება და ჰონდურასის არმია სალვადორის ჯარებს მძიმე დარტყმებს აყენებს. ქვეყნის მთავრობა ხალხს საფრთხეში აღმოჩენილი სამშობლოს დაცვისკენ მოუხმობს და გაეროს აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდებს.

დაბლა ჩავედი, სასტუმროს მეპატრონე მოვძებნე და ვთხოვე, ფოსტამდე ვინმე გამოეყოლებინა. ჩემი აქ ჩამოსვლის პირველი დღე იყო და ტეგუსიგალპალს ჯერ არ ვიცნობდი. მეპატრონეს დახმარება უნდოდა, მაგრამ ახლო-მახლო ვერავინ ნახა, მე კი ვჩქარობდი. ამიტომ სახანძრო დახმარების სამსახურში დარეკა. მალე სამი მეხანძრე გამოჩნდა – თხემით ტერფამდე აღჭურვილი. სიბნელეში  ისე მივესალმეთ, რომ ერთმანეთის სახეებს ვერც ვხედავდით. ვთხოვე, ფოსტაში წავეყვანე. სასტუმროდან გამოვედით. ისეთი შავი ღამე იყო, რომ მხოლოდ ქუჩის კონტურებს ვხედავდი. ვცდილობდი გზა დამემახსოვრებინა და ნაბიჯებს ვითვლიდი. მალე მეხანძრეები შეჩერდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა შენობის კარზე დააკაკუნა. შიგნიდან ვიღაც გამოგვეპასუხა და იკითხა, ვინ ვიყავით. შემდეგ კარი გააღეს და სასწრაფოდ შიგნით შევედით, რომ სინათლეს გარეთ დიდხანს არ გამოეღწია. მითხრეს, მოითმინეთო და შენობის შუაში ვიცდიდი. მთელ ჰონდურასში ტელექსის მხოლოდ ერთი აპარატი იყო, რომლითაც იმჟამად ქვეყნის პრეზიდენტი სარგებლობდა. ის ტელექსის საშუალებით ელაპარაკებოდა შეერთებულ შტატებში ჰონდურასის ელჩს, რომელსაც ამერიკისთვის სამხედრო დახმარება უნდა ეთხოვა. ამ მოლაპარაკებამ დიდხანს გასტანა, ვინაიდან ორივე დაძაბული საუბრობდა და თანაც კავშირი ხშირად წყდებოდა.

შუაღამისას დამაკავშირეს ვარშავასთან. მანქანამ ამობეჭდა თუ არა ნომერი TL 813480 PAP VARSOVIA, სიხარულისაგან ადგილზე შევხტი. ოპერატორი შემეკითხა:

-         VARSOVIA – ასეთი ქვეყანაა?

-         ქვეყანა კი არა, ქალაქია. ქვეყანას პოლონეთი ჰქვია.

-         პოლონეთი, პოლონეთი – გაიმეორა მან, მაგრამ შევატყვე, რომ ეს სიტყვა მასში მაინცდამაინც დიდ ვერაფერ ასოციაციას აღძრავდა.

მალე ოპერატორი  ვარშავას შეეკითხა:

HOW RECEIVED MSG BIBI++=:?

რაზედაც ვარშავამ უასუხა:

RECEIVED OK OK GREE FOR RYSIEK TKS TKS +++!

სასტუმროში დავბრუნდი.

ქუჩაში გამოვედი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მივხვდი, რომ დავიკარგე. საშინელ, გაუვალ წყვდიადში აღმოვჩნდი.

მარტო ვიყავი უცხო ქალაქში, რომელსაც ვეღარ ვხედავდი, თითქოს მიწის ქვეშ გამქრალიყო. არსაიდან არანაირი ხმა არ ისმოდა. მივდიოდი ასე, სახლების, მაღაზიების, ოფისების კედლებზე ხელის ცეცებით. როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი ნაბიჯების ხმა მკვეთრად ისმოდა, ნაბიჯს შევუნელე. უცებ ვიგრძენი, რომ კედლები დასრულდა. რომელიმე მოედანზე ხომ არ გავედი? ან იქნებ სადმე კლდის პირს მივადექი, რომლის იქითაც უფსკრული იწყება? ფეხით ნიადაგი მოვსინჯე. ასფალტი! ეს ნიშნავს, რომ ქუჩაზე გადავსულვარ. არ ვიცოდი, საით იყო ფოსტა და საით – სასტუმრო, მაგრამ მაინც წინ მივიწევდი. ამ დროს გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა, ვიგრძენი, წონასწორობას ვკარგავდი და ტროტუარზე გავიშხლართე.

ეტყობა დაცემისას ლითონის სანაგვე ყუთს დავეჯახე და გადავაყირავე. ჩანს,  ქუჩა დაქანებული იყო, რადგან ყუთი საშინელი ხმაურით დაგორდა. იმავე წამს ჩემ ზემოთ, ყველა მხარეს ფანჯრები გაიღო, საიდანაც ისტერიკული და გამყინავი ხმა შემომესმა: – Silencio! Silencio! – ქალაქი, რომელსაც სურდა, რომ ამ ღამეს სამყაროს ის დაევიწყებინა და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად ღრმად ჩაძირულიყო სიწყნარესა და უკუნში, რათა თავისი არსებობის ნიშანწყალი არ გამოემჟღავნებინა, ამ ხმაურის გაგონებისას ყალყზე დადგა. რაც უფრო ქვევით და ქვევით მიგორავდა ცარიელი ყუთი, ჩემგანაც სულ უფრო და უფრო დაშორებით იღებოდა ფანჯრები, საიდანაც ხან ვედრებანარევი ხმა, ხანაც წყრომა და აღშფოთება ისმოდა: Silencio! Silencio! მაგრამ ვინ და რა შეაჩერებდა ლითონის ურჩხულს, რომელიც გაუკაცრიელებულ ქუჩაზე თანდათან უმატებდა სისწრაფეს, შესაბამისად – რახრახსაც, ეჯახებოდა სინათლის ბოძებს და საშინელ ხმებს გამოსცემდა. როგორც იქნა ტროტუარზე ავცოცდი და გაშეშებული გავიშხლართე. ოფლი წურწურით  ჩამომდიოდა. შიშმა ამიტანა, ჩემ მხარეს არ დაეწყოთ სროლა. ჩემი საქციელი ხომ ღალატის ტოლფასი იყო. მტერს შეეძლო ყუთის რახარუხი გაეგონა და ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაედგინა, რაც მანამდე, ასეთ სიჩუმესა და წყვდიადში ძალიან გაუჭირდებოდა. გავიფიქრე, ერთადერთი გამოსავალიღა დამრჩა – გაქცევა და აქაურობის რაც შეიძლება მალე დატოვება-მეთქი. ვცადე კიდეც. თავი საშინლად მტკიოდა, დაცემისას დავარტყი. მივრბოდი როგორც შემეძლო, მაგრამ რაღაცას დავეტაკე და სახით ძირს დავეცი. ტუჩებზე სისხლი ვიგრძენი. წამოვდექი და კედელს მივეყრდენი. ამ დროს ფარნის შუქი დავინახე და ვიფიქრე, რომ მე მომდევდნენ, რადგან სამხედროთა  ბრძანება დავარღვიე, რომელიც ღამე ქუჩაში გამოსვლას კრძალავდა. თუმცა შევცდი, არავინ არ მომდევდა, ირგვლივ უჩვეულო სიჩუმე და საშინელი წყვდიადი  გამეფებულიყო. ხელის ცეცებით გავაგრძელე გზა, მივეხეტებოდი კედლების ლაბირინთებში, დასისხლიანებული, ამოგანგლულ-დაჭმუჭნილი პიჯაკით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამასობაში წლები გავიდა და სამყაროს კიდეს მივადექი. მოულოდნელად ტროპიკულმა წვიმამ დასცხო. ამავე დროს, იქაურობა ელვამ გაანათა. ჩემთვის უცნობ ქუჩაში ვიდექი, დავინახე ძველი ხის სახლი, ფარანი და კატის მოელვარე თვალები. წუთიც და ეს ყველაფერი კვლავ წყვდიადმა შთანთქა, მხოლოდ წვიმის და ხანდახან ქარის დაბერვის ხმა ისმოდა. ვიდექი შეციებული, სველი, აკანკალებული. კედელის გაყოლებაზე, ალაყაფის შესასვლელი მოვნახე და თავი შევაფარე. იქვე დავწექი და ძილიც დავაპირე, მაგრამ ამაოდ.

დილით თავს სამხედრო პატრული დამადგა.

- სულელო, რას დაეხეტები ღამე ამ ომიანობას? – მითხრა გამოუძინებელმა სერჟანტმა.

ეჭვით მიყურებდნენ და პოლიციის სამორიგეოში უნდოდათ ჩემი წაყვანა.  საბედნიეროდ, საბუთები თან მქონდა და ავუხსენი რაშიც იყო საქმე. სასტუმრომდე მიმაცილეს. გზაში სერჟანტმა მითხრა, საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამე მიმდინარეობდა, მაგრამ ფრონტი აქედან შორსაა და ამიტომ ქალაქამდე სროლის ხმა ვერ აღწევდაო.

დილით ხალხმა თხრილების გათხრა და ბარიკადების აგება დაიწყო. ალყისთვის ემზადებოდნენ. ქალები სურსათს იმარაგებდნენ და ფანჯრის მინებზე ქაღალდებს აკრავდნენ. ვერ გაიგებდი, ქუჩაში ვინ საით გარბოდა, და მგონი, თავადაც არ იცოდნენ. ირგვლივ განგაშის ატმოსფერო გაბატონებულიყო. სტუდენტთა ჯგუფები კედლებზე და მესრებზე პატრიოტულ მოწოდებებს აკრავდნენ. პოეზიის ბუშტი გახეთქილიყო ტეგუსიგალპალის თავზე, რის გამოც ქალაქის კედლები რამდენიმე საათში ათასობით წარწერით დაიფარა:

 

ვინც უტრაკებს დღეს ჰონდურასს                                                      

ხვალ დაიჭერს კაი ტურას

ან:

გოლი, გოლი, კიდევ გოლი

ამოვიცვათ აგრესორი

შური ვიძიოთ 3:0-ზე

ლათინური ამერიკის მკვიდრნი, რომლებიც აგენტებზე, დაზვერვის ხრიკებზე, კონსპირაციასა თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე აცრილები არიან, ახლა, ომიანობისას, თითქმის ყოველ ადამიანში მეხუთე კოლონის წარმომადგენელს ხედავდნენ. არც ჩემი მდგომარეობა გამოიყურებოდა მაინცდამაინც საიმედოდ. ფრონტის ორივე მხარეს ოფიციალურმა პროპაგანდამ ველური კამპანია გააჩაღა და ყველა უბედურებაში კომუნისტებს ადანაშაულებდნენ. მე კი სოციალისტური სახელმწიფოს კორესპონდენტი ვიყავი. შეეძლოთ ქვეყნიდანაც გავეძევებინე, არადა, ომის დასრულებამდე მინდოდა აქ დარჩენა.

ფოსტაში წავედი და ოპერატორი ლუდზე დავპატიჟე. შეშინებული ჩანდა, რადგან, მართალია, მამამისი წარმოშობით ჰონდურასელი იყო, მაგრამ დედა სალვადორის მოქალაქედ რჩებოდა. ამიტომ, როგორც შერეული წყვილის შვილი, ეჭვს იწვევდა და არ იცოდა, რა ელოდა. პოლიცია დილიდანვე ყველა სალვადორელს სახელდახელოდ მოწყობილ ბანაკებში ერეკებოდა, ძირითადად სტადიონებზე. ლათინურ ამერიკაში სტადიონები ორმაგ როლს თამაშობენ: მშვიდობიანობისას იქ სპორტული ღონისძიებები იმართება, კრიზისისას – საკონცენტრაციო ბანაკებია.

ხოსე ერქვა. ბარში დავსხედით. ერთ ბედქვეშ ვიყავით, გაურკვეველმა სიტუაციამ დაგვაახლოვა. ხოსე ხშირად ურეკავდა სახლში გამოკეტილ დედას და ამხნევებდა:       “დედა, ყველაფერი წესრიგშია, არ ავუყვანივართ, ვმუშაობ”.

ნაშუადღევს მექსიკიდან თოთხმეტი ჩემი კოლეგა ჩამოვიდა. გვატემალამდე ჩამოფრინდნენ, სადაც ავტობუსი დაიქირავეს და ჩვენამდე ასე ჩამოაღწიეს, რადგან ტეგუსიგალპალის აეროპორტი დახურული იყო. ფრონტზე წასვლა ყველას უნდოდა, ამიტომ პრეზიდენტის სასახლისკენ გავწიეთ. ეს იყო ქალაქის ცენტრში მდგარი, ცისფრად შეღებილი უგემოვნო ნაგებობა. ახლა სასახლის გარშემო განელაგებინათ ავტომატებით შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც ქვიშის ტომრების უკან იმალებოდნენ. მოედანზე კი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი მოეთავსებინათ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამხედროებს წააწყდებოდით. სასახლის დეფრეფნებში ჯარისკაცებს ეძინათ. იარაღიც იქვე  ეწყო. ირგვლივ ქაოსი გამეფებულიყო.

ყველა ომი უწესრიგობაა, სიცოცხლისა და რესურსების საოცარი ფლანგვაა. ადამიანები  ათასობით წელია ომობენ, მაგრამ ყოველ ჯერზე ომი ისე გამოიყურება, თითქოს პირველად ახლა ხდებოდეს.

რომელიღაც კაპიტანი გამოგვეცხადა და როგორც არმიის პრესმდივანი, ისე გაგვეცნო. როდესაც ფრონტზე არსებული სიტუაციის თაობაზე შევეკითხეთ, განაცხადა, რომ ისინი იმარჯვებენ და მტერს დიდი ზარალი მიაყენეს.

- ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ საკუთარი თვალით გვინდა ამ ყველაფრის ნახვა – უთხრა გრინმა, AP-ის კორესპონდენტმა.

კაპიტანმა განგვიცხადა, რომ ფრონტზე დილით წავიდოდით.

შარაგზით მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც ხის ქვეშ ორი ტყვიამფრქვევი იდგა და ტყვია-წამალიც გროვა-გროვა ეყარა. შარაგზა სალვადორამდე გრძელდებოდა. გზის ორივე მხარეს ჭაობი იყო, ჭაობების შემდეგ კი – დაბალი ბუჩქნარი. სალვადორამდე დაახლოებით რვა კილომეტრი რჩებოდა.

გაოფლილმა მაიორმა, რომელიც გზის დაცვას ხელმძღვანელობდა, გვითხრა, ამის იქით წასვლა არ შეიძლებაო. იქით უკვე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, თანაც ისე, რომ ძნელდებოდა დადგენა, ვინ სად იდგა და ვის ემორჩილებოდა. ხშირი ბუჩქნარი საქმეს ართულებდა. ამასთან, ორივე მხარის ჯარისკაცებს მსგავსი სამხედრო ფორმა ეცვათ, ერთსა და იმავე იარაღს ხმარობდნენ და ლაპარაკითაც, ორივე მხარე ესპანურ ენაზე ლაპარაკობდა. ამიტომ მოწინავე რაზმი, მოწინააღმდეგეს რომ გადააწყდებოდა, კარგა ხანს ვერ არკვევდა, თავისიანებს შეხვდა თუ მტრებს.

მაიორი ტეგუსიგალპალში დაბრუნებას გვირჩევდა, რადგან გზის გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლებოდა ისე დავხოცილიყავით, ისიც კი ვერ გაგვეგო, რომელი მხარიდან გამოგვიყვანეს წირვა. ამის პასუხად ტელეოპერატორებმა განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გადასულიყვნენ წინა ხაზზე, რათა გადაეღოთ, როგორ ისვრიან და როგორ იღუპებიან ჯარისკაცები ბრძოლის ველზე. გრეგორი სტრაუბს NBC-დან, ეწადა ჯარისკაცის სახე ისე ახლოდან გადაეღო, რომ გამოჩენილიყო, ოფლი როგორ ჩამოსდიოდა. როდოლფ კარილომ, CBS-დან, განაცხადა, რომ სურდა სურათზე აღებეჭდა დამარცხებული რაზმის მეთაური, რომელიც ბუჩქის ძირში ზის და ტირის, რადგან მისი რაზმი სრულად განადგურდა. ფრანგ ოპერატორს უნდოდა, საერთო ხედით ჰონდურასელი და სალვადორელი მებრძოლები ერთ კადრში მოექცია. ვიღაცის მიზანი იმ ჯარისკაცის გადაღება იყო, რომელსაც ფრონტის ხაზიდან დაჭრილი გამოჰყავს. ტელეოპერატორებს მხარი დაუჭირეს რადიოს კორესპონდენტებმაც. ენრიგო ამადოს, რადიო “მონდოდან”, უნდოდა ჩაეწერა დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც შველას ითხოვს და თანდათან ისე სუსტდება, რომ ლაპარაკიც კი უჭირს. კანადის რადიოს რეპორტიორს სურდა ჩაეწერა ჯარისკაცის ხმა, რომელიც გახურებული ომის დროს ომის წამომწყებს წყევლის. იაპონიის რადიოს ჟურნალისტს იმ ოფიცრის ბრძანების ჩაწერა უნდოდა, რომელიც იაპონური რადიოტელეფონის საშუალებით ბრძანებას იძლევა და ბრძოლის ხმაურის გადაფარვას ახერხებს.

მათ გარდა ბევრ სხვასაც გვქონდა გადაწყვეტილი, მაინც წინ წავსულიყავით ასეთ დროს კონკურენციის კანონი მთელი ძალით მოქმედებს. რადგან წავიდნენ ამერიკის ტელეოპერატორები, წასვლა უნდოდათ ამერიკის პრესის სააგენტოს თანამშრომლებსაც, რადგან ამერიკელები წავიდნენ, როიტერისა და AFP-ის  ჟურნალისტებსაც უნდოდათ რომ წასულიყვნენ, თუ წავიდოდა   NBC-ის  ჟურნალისტი, უნდა წასულიყო BBC-ის რეპორტიორიც. პატრიოტული ჟინით აღტყინებულმა, რამეთუ ერთადერთი პოლონელი ჟურნალისტი ვიყავი მთელ ამ კამპანიაში, გადავწყვიტე იმ ჯგუფს დავმგზავრებოდი, რომელიც ასეთ გაბედულ მარშს აპირებდა. ხის ქვეშ ჩრდილში ის ჟურნალისტები დარჩნენ, რომლებსაც ეშინოდათ ფრონტზე წასვლა და მოიმიზეზეს, რომ ავად იყვნენ, გული აწუხებდათ ან არ აინტერესებდათ კონკრეტული დეტალები და თავიანთ სააგენტოს მხოლოდ ზოგად კომენტარებს მიაწვდიდნენ.

მოკლედ, ასე ოცამდე კაცმა გავაგრძელეთ ცარიელი ასფალტიანი გზა, რომელიც ცხარე მზისგან ლაპლაპი გაუდიოდა. ამ მარშის რისკი, ან შეიძლება სიგიჟეც კი, იმაში მდგომარეობდა, რომ გზა შემაღლებულ გორაკისპირებს მიუყვებოდა და ორივე დაპირისპირებული მხარისთვის ჩვენ ადვილად შესამჩნევი ვიყავით. ისინი ხომ ჩვენგან ასიოდე მეტრის დაშორებით ისხდნენ და ავტომატის ტყვია ადვილად მოგვწვდებოდა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა. გვესმოდა ინტენსიური სროლის ხმა და საარტილერიო ბომბების ბათქაბუთქი, თუმცა ეს ხმები ორიოდე კილომეტრის დაშორებით ისმოდა. სიმხნევის შესანარჩუნებლად განუწყვეტლივ ერთმანეთს ველაპარაკებოდით (ნერვიულად და ცოტა უაზროდ). ვიღაც ანეკდოტებს ჰყვებოდა. ისეთი შთაბეჭდილება უნდა დაგვეტოვებინა, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო. მაგრამ დაახლოებით ხუთასი მეტრის გავლის შემდეგ შიშმა მოგვიცვა. რადგან მართლაც ძალზე უსიამოვნია იმის შეგრძნებაა, რომ ყოველ წუთს შეიძლება ტყვიამ მოგსხიპოს. ასეთ დროს ფეხები უროსავით გიმძიმდება, ოფლი წურწურით  ჩამოგდის. თუმცა ხმამღლა არავის არ უღიარებია, რომ ეშინოდა. თავდაპირველად ერთმა შემოგვთავაზა, ცოტა შევისვენოთო. კარგიო, დავთანხმდით,  დავსხედით და დავისვენეთ. გზის გაგრძელების შემდეგ ორი კოლეგა ძალზე უკან ჩამოგვრჩა, ვითომ მეტად საინტერესო საუბარი ჰქონდათ ერთმანეთში. შემდეგ ერთმა ვითომ ძალიან ლამაზი ხე შეამჩნია და მისი ახლოდან   დათვალიერება განიზრახა. მალე ორმა თქვა, რომ ფოტოაპარატის ლენტები დაგვრჩა და უკან უნდა გავბრუნდეთო. კვლავ დავისვენეთ, ოღონდ ამჯერად დასვენებამ გაცილებით მეტხანს გასტანა. ამასობაში თორმეტიღა დავრჩით.

ჯერჯერობით ჩვენს ახლომახლო არაფერი არ ხდებოდა. მივდიოდით ცარიელ გზაზე სალვადორის მიმართულებით, საუცხოო ამინდი იყო, მზე ჩასასვლელად იწვერებოდა. კაცმა რომ თქვას, მზე წამოგვეშველა სიტუაციიდან გამოსვლაში. ტელეოპერატორებმა სინათლის საზომი ჩართეს და განაცხადეს, უკვე ბნელდება და მალე გადაღება შეუძლებელი გახდებაო. ასეთ დროს ვერაფერს გააკეთებ, ვერც საერთო ხედს გადაიღებ ახლოდან, ვერც მოძრაობას, ვერც უმოძრაობას. არადა, ფრონტის წინა ხაზამდე ჯერ კიდევ შორი იყო და ვიდრე იქამდე მივიდოდით, დაღამდებოდა კიდეც. მთელი ჯგუფი შემოტრიალდა და უკან გაბრუნდა. ხის ქვეშ, იქ, სადაც ორი ტყვიამფრქვევი იდგა, ის კოლეგები გვიცდიდნენ, რომელთაც სნეული გული ჰქონდათ, ასევე ისინიც, რომელთაც ზოგადი კომენტარები უნდა დაეწერათ. აქ ისინიც იყვნენ, რომლებმაც, მართალი იყო თუ ტყუილი,  განაცხადეს, რომ ფოტოაპარატის ლენტები დარჩათ.

გაოფლიანებულმა, წვერგაუპარსავმა მაიორმა (მისი სახელი და გვარი პოლიკარპო პასი იყო) სამხედრო სატვირთო ავტომანქანით ფრონტის ზურგში, პატარა ქალაქ ნასაომში წაგვიყვანა ღამის გასათევად. იქ ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამერიკის მთავრობისთვის გვეთხოვა, ზემოქმედება მოეხდინა აქაურ ხელისუფლებაზე, რათა ფრონტის ხაზზე გავეყვანეთ.

დილით თვითმფრინავი გამოგვიგზავნეს ფრონტის მეორე მხარეს გადასაყვანად, სადაც ძლიერი ბრძოლები მიმდინარეობდა. ღამის წვიმას ჟანგისფრად შეეღება ნაკაომის აეროპორტის ასაფრენი ზოლი. ძველი DC-3, რომელიც გამონაბოლქვისგან ერთიანად გამურულიყო, წყლიდან ჰიდროპლანივით ამოიმართა. თვითმფრინავისთვის სალვადორის ბომბდამშენს ერთი ფრთა დაეზიანებინა და გახვრეტილი ადგილი ამოეფიცრათ. ამის დანახვაზე, ყველა, ვინც გულის ავადმყოფობას უჩიოდა, შეძრწუნდა. მათ უარი თქვეს წამოსვლაზე და უკან, ტეგუსიგალპალში დაბრუნდნენ.

ჩვენ კი ფრონტის მეორე მხარეს სანტა როსა დე კოპანაში გადავფრინდით. ასაფრენ ზოლზე თვითმფრინავმა იმდენი ცეცხლი და ბოლი გამოაფრქვია, კაცი იფიქრებდა, სტარტს მთვარეზე ასაფრენად იღებსო. თვითმფრინავი ფრენისას ღრჭიალებდა, რახრახებდა და ჰაერის ტალღებზე ისე გადად-გადმოდიოდა, როგორც ლოთი ირწევა ხოლმე შემოდგომის ქარიანობისას. ეს იყო სატვირთო თვითმფრინავი, რომელსაც შიგნით არც სკამები ედგა და არც სავარძლები. თავს ძლივს ვიჭერდით, კედლებს აქეთ-იქით ვეხეთქებოდით. ღრიჭოებიდან შემოსულ ქარს ჩვენთვის ლამისაა თავები წაეძრო. ორი ახალგაზრდა პილოტი კი სარკიდან გვიყურებდა და უზრუნველად იღიმებოდა. ჩანს, კარგი გასართობით კმაყოფილნი იყვნენ.

- მთავარია – ძრავის ღრიალსა და შემოსული ქარის ხმაურში მიყვიროდა ჟურნალისტი ანტონიო როდრიგესი – მოტორი არ ჩაუქრეთ! ღმერთო. გვიშველე!

პატარა, წყნარი დასახლება სანტა როსა დე კოპანა ჯარისკაცებით იყო სავსე. სატვირთო ავტომანქანით სამხედრო ბანაკამდე მიგვიყვანეს. ეს უკანასკნელი ძველი ესპანური ციხესიმაგრის ადგილას მოეწყოთ. მას გარს სინესტისგან დახავსებული გალავანი ერტყა. როდესაც მანქანიდან ჩამოვედით, ციხის ეზოში სამი დაჭერილი ჯაშუშის დაკითხვის მოწმე გავხდით.

-ილაპარაკეთ – უყვიროდა მათ სამხედრო გამომძიებელი – ყველაფერი ილაპარაკეთ!

სისხლდაკარგული ჯაშუშები დასუსტებულები ჩანდნენ და ძლივს ლუღლუღებდნენ. ისინი წელს ზევით გაეშიშვლებინათ. ერთი მათგანი მუცელში იყო დაჭრილი, მეორე – მკლავში, ხოლო მესამეს ხელის მტევანი მთლად წაწყვეტილი ჰქონდა. მუცელში დაჭრილმა წამებას დიდხანს ვერ გაუძლო, რაღაც ცეკვის ილეთის მსგავსად შექანდა და მიწაზე დაეცა. ის  ორი დარჩენილიც დადუმდა და ამხანაგს სინანულით დააცქერდა.

რომელიღაც ოფიცერმა გარნიზონის კომენდატთან წაგვიყვანა. ფერწასულმა, დაღლილმა კაპიტანმა არ იცოდა, ჩვენთვის რა მოეხერხებინა. ბოლოს ბრძანა, სამხედრო ხალათები დაერიგებინათ. მისი განკარგულებით ყავაც მოგვიტანეს. კომენდანტს ეშინოდა, რომ ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო სალვადორის სამხედრო ნაწილების თავდასხმა. სანტა როსა მტრის შეტევის მთავარ მიმართულებას ეღობებოდა, ანუ იმ გზაზე მდებარეობდა, რომელიც ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან აკავშირებს. წყნარი ოკეანისპირა სალვადორის მიზანი ატლანტიის ოკეანისპირა ჰონდურასის დაპყრობა იყო, რის შედეგადაც პატარა სალვადორი ორ ოკეანეზე გადაჭიმულ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა. Aატლანტიის ოკეანისკენ გამავალი ყველაზე მოკლე გზა კი სწორედ იმ დასახლებულ პუნქტებზე  გადიოდა, სადაც ამჟამად ჩვენ  ვიმყოფებოდით – ოტოტეპექუეზე, სანტა როსა დე კოპანაზე და სან პედრო სულაზე. სალვადორის სამხედრო ტექნიკა უკვე საკმაო მანძილზე იყო ჰონდურასში შეჭრილი. მათ ნაბრძანები ჰქონდათ ატლანტის ოკეანემდე, ევროპამდე, იმის იქითაც, მსოფლიოზე გასვლა!

მათი რადიო გამუდმებით იმეორებდა:

კიდევ ერთი გასროლა და თავის გამეტება –                          

ჰონდურასი საბოლოოდ გაქრება და დამიწდება!

სუსტი და ღარიბი ჰონდურასი, როგორც შეეძლო, თავს იცავდა. ბანაკის ღია ფანჯრიდან მოჩანდა, თუ როგორ მიაცილებდნენ ფრონტზე ოფიცრები რიგითებს. სულ ნარჩევ-ნარჩევი ყმაწვილები მწყობრ რიგებად მიდიოდნენ. ყველანი ინდიელები იყვნენ, დაძაბული სახეებით, მათ თვალებში შიშიც იკითხებოდა. ოფიცრები რაღაცას უხსნიდნენ და შორეულ ჰორიზონტზე ხელით მიუთითებდნენ.  შემდეგ მათთან მიდიოდა ღვთისმსახური და სასიკვდილოდ მიმავალ ყმაწვილებს ლოცავდა.

შუადღისას ავტომანქანით ფრონტისკენ წავედით. ორმოც კილომეტრზე მეტი გავიარეთ. მანქანა მაღლა და მაღლა ადიოდა ბუჩქებით დაფარულ მთებზე. ფერდობებზე ალიზით ნაგები ცარიელი ქოხები მოჩანდა, რომელთაგან ზოგი გადამწვარი იყო. ერთ ადგილას გლეხების დიდ ჯგუფს გადავაწყდით – თეთრ ხალათებსა და სომბრეროებში, რომლებმაც მაჩეტების ქნევა და სროლა დაგვიწყეს.

მოულოდნელად გზაზე ხალხის მოძრაობა შევნიშნეთ. როგორც ჩანს, მივახლოებოდით იმ ადგილს, სადაც ტყეში სამკუთხად გამოჭრილ მინდორში დაჭრილები დაესვენებინათ. ზოგი მათგანი საკაცეზე იწვა, ზოგიც – პირდაპირ  ბალახზე. გარს ხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცი და ორი სანიტარი უტრიალებდნენ. იქვე ახლოს ოთხი მათგანი ორმოს თხრიდა. დაჭრილები წყნარად იწვნენ და მოთმინებით ელოდნენ ექიმს, რომელიც არსად  ჩანდა. Aამოუხსნელია ეს მოთმინება, ტკივილის ასე ზეადამიანური ატანა, რომელიც ინდიელებს შეუძლიათ. არავინ ყვიროდა, არავინ ითხოვდა დახმარებას.

ჯარისკაცებს მათთვის წყალი მიჰქონდათ, სანიტრები, რომელთა გამოუცდელობაც თვალში საცემი იყო, როგორც შეეძლოთ, ისე ცდილობდნენ შვება ეგრძნობინებინათ. ის, რაც მე იქ ვიხილე, ადამიანის წარმოდგენას წარმოდგენას აღემატებოდა. ერთი სანიტარი, ხელში ლანცეტით, ხან ერთ დაჭრილთან მივიდოდა, ხან მეორესთან და ჭრილობებიდან ავტომატის ტყვიას ისე უღებდა, გაჭრილი ვაშლიდან თესლს რომ ამოვჩიჩქნითYხოლმე. მეორე სანიტარი ჭრილობაზე იოდს უსვამდა და უხვევდა.

ჩვენს ახლომახლო ბომბები სკდებოდა, ტყვიამფრქვევი კაკანებდა, უფრო შორიდან ყვირილის ხმა მოდიოდა, ჰაერში დენთისა და ბოლის სუნი იდგა. რაზმი ბუჩქებს შორის წინ იმ გორის ძირში მიიწევდა, სადაც ჩვენ საბრძოლო მოქმედებებს გადავაწყდით და სადაც ჩვენი მანქანა გაჩერდა. იმ ადგილიდან, ჩვენ რომ მიწაზე გაკრულები ვიწექით, კარგად მოჩანდა უკან დახეული მებრძოლების  უხეში ჩექმები. ერთმა ჯარისკაცმა შემანჯღრია:

-Senor, mire cuantos zapatos! (შეხედეთ რამდენი ფეხსაცმელია!). ის კვლავ უკან დახეულ რაზმს უყურებდა, თან თვალები მოეწკურა, ფიქრში რაღაცას ანგარიშობდა, ცოტა ხნის შემდეგ კი უიმედოდ და სინანულით თქვა:

- Toda mi familia anda descalzada (მთელი ჩემი ოჯახი ფეხშიშველა დადის).

ამის შემდეგ ჩვენც ტყისკენ  დავიწყეთ გახოხება.

ერთხანობა სროლა შეწყდა და შევჩერდით. დაღლილი ჯარისკაცი მომიბრუნდა და ქოშინით მითხრა, აქ დამელოდეო. თავად იმ ადგილას დაბრუნდებას აპირებდა, სადაც მისი ნაწილი იყო გამაგრებული. ცოცხლები ალბათ წინ წავიდოდნენ, მეუბნებოდა, რადგან ნაბრძანები ჰქონდათ მტერი საზღვრამდე მიერეკათ. ბრძოლის ველზე მხოლოდ დახოცილები დარჩებოდნენ, რომელთა ფეხსაცმელებიც სხვებს გამოადგებოდათ. ის წავიდოდა, გახდიდა რამდენიმე მათგანს, ფეხსაცმელებს იქვე სადმე შეინახავდა, ადგილს მოინიშნავდა, ხოლო როდესაც ომი დასრულდებოდა და სახლში გაუშვებდნენ, დაბრუნდებოდა, იპოვიდა და ოჯახის წევრებს წაუღებდა. უკვე ისიც ნაანგარიშები ჰქონდა, რომ ერთი წყვილი სამხედრო ფეხსაცმელი სამ წყვილ ბავშვისაზე გაიცვლებოდა, შვილი კი ცხრა ჰყავდა.

შემდეგ დიქტორმა გამოაცხადა, რომ კენედის ყურიდან კოსმოსში გაუშვეს რაკეტა ,,აპოლო – 11“. რაკეტაში სამი ასტრონავტი – ამსტრონგი, ალდრინი და კოლინზი ისხდნენ. ადამიანი ვარსკვლავებს უახლოვდებოდა, კარს ჭრიდა ახალ სამყაროში და უსაზღვრო გალაქტიკის საზღვრებს ეპოტინებოდა. ჰიუსტონში დედამიწის ყოველი წერტილიდან მიდიოდა მილოცვები – აგრძელებდა დიქტორი – კაცობრიობას აღაფრთოვანებდა ადამიანის  რაციონალური და ზუსტი აზროვნება.

მთელი დღის დაღლილ ჩემს ჯარისკაცს ახლა ქოხის კუთხეში მობღუნძულს ეძინა. ალიონზე გავაღვიძე და ვუთხარი, მივდივართ-მეთქი. წუთითაც თვალმოუხუჭავმა და გამუდმებით გზაში მყოფმა ბატალიონის მძღოლმა ჯიპით ტეგუციგალპუმდე მიგვიყვანა. დრო რომ არ დაგვეკარგა, პირდაპირ ფოსტისკენ გავწიეთ. იქ ნათხოვარ საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდე ტელეგრამის ტექსტი, რომელიც შემდეგ ჩვენმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს. ხოზე მალაგამ ეს ტელეგრამა ურიგოდ და სამხედრო ცენზურის გარეშე გაუშვა (თუმცა ტექსტი პოლონურად იყო დაწერილი).

ფრონტიდან ჩემი კოლეგებიც დაბრუნდნენ. ვინ საიდან მოდიოდა და ვინ საიდან. ჩვენ იმ ადგილას დავშორდით, სადაც  მანქანა გაგვიჩერდა. თურმე ენრიკო ადამო, რადიო “მუნდოდან“, სალვადორის პატრულს, რურალ გვარდიის სამ წევრს ჩავარდნია ხელში და მისი დახვრეტა დაუპირებიათ. ეგ ის კერძო ჟანდარმერიაა, რომელსაც სალვადორის მდიდარი ლატიფუნდისტები აფინანსებენ. მასში ძირითადად მოხულიგნო, თავზე ხელაღებული ხალხი წევრიანდება. ენრიკო თურმე დიდხანს ლოცულობდა, მერე ის უთხოვია, ფეხისალაგში წასვლის ნება მომეცითო. ჟანდარმებს სიამოვნებას ანიჭებდა დამფრთხალ-დაშინებული ადამიანის ყურება. ბოლოს კიდევ ერთხელ რომ დაუყენებიათ დასახვრეტად, ამ დროს ბუჩქებიდან სროლა ამტყდარა, ერთი პატრული მკვდარი დაცემულა, ორი კი ტყვედ აუყვანიათ.

საფეხბურთო ომი ას საათს გრძელდებოდა. მისი მსხვერპლი  ექვსი ათასი დაღუპული და რამდენიმე ათასი დაჭრილი გახდა. თხუთმეტი ათასმა ადამიანმა სახლ-კარი დაკარგა, მრავალი სოფელი განადგურდა.

სხვა ქვეყნების ჩარევით მხარეებმა საბრძოლო მოქმედებები კი შეწყვიტეს, მაგრამ მათ საზღვარზე დღემდე ხდება შეტაკებები, იხოცება ხალხი, იბუგება სოფლები.

ომის ნამდვილი მიზეზი: სალვადორი – ცენტრალური ამერიკის ყველაზე პატარა ქვეყანა, კონტინენტზე  მოსახლეობის ყველაზე მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება (160 ადამიანი ერთ კვ. კმ.-ზე). ამასთან, მიწების უდიდესი ნაწილი 14 დიდი კლანის ხელშია ჩავარდნილი.  ამბობენ კიდეც, სალვადორი ,,თოთხმეტი ოჯახის საკუთრებააო“. ათას ლატიფუნდისტს უჭირავს ათჯერ მეტი მიწა, ვიდრე ასი ათას გლეხს ერთად. სოფლად მცხოვრები ადამიანების ორ-მესამედს მიწა საერთოდ არ გააჩნია. უმიწაწყლო ღარიბების ნაწილი დიდი ხანია ჰონდურასში გადასახლდა, სადაც ბევრი უპატრონო მიწა იყო. ჰონდურასს (112 000 კვ. კმ.) თითქმის ექვსჯერ მეტი ფართობი აქვს, ვიდრე სალვადორს, მაგრამ მისი მოსახლეობა 2-ჯერ ნაკლებია (2,5 მლნ). ეს იყო წყნარი, მალული ემიგრაცია, თუმცა ამ ფაქტზე წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა ჰონდურასის ხელისუფლება.

სალვადორიდან აქ ჩამოსახლებული გლეხები (300-ათასი) აარსებდნენ სოფლებს და გაცილებით უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე სამშობლოში.            60-იან წლებში ჰონდურასელმა გლეხებმა მიწის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობები დაიწყეს. ხელისუფლებამ მიწის რეფორმის დეკრეტი გამოსცა. და რადგან  მთავრობა ოლიგარქიული იყო და ამასთან, დამოკიდებული იყო შეერთებულ შტატებზე, ეს დეკრეტი არც ლატიფუნდიების განაწილებას ითვალისწინებდა და არც იმ მიწების გლეხებისთვის გადაცემას, რომელიც შტატების კონცერნ United Fruit-ს ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი ჰონდურასის ტერიტორიაზე უდიდეს ბანანის პლანტაციებს ფლობს. ხელისუფლებას უნდოდა ჰონდურასელი გლეხებისთვის ის მიწები დაერიგებინა, რომელსაც სალვადორელი გლეხები ფლობდნენ, რაც 300 000 ემიგრანტის თავის ქვეყანაში დაბრუნებას ნიშნავდა, სადაც მათ არაფერი გააჩნდათ. სალვადორის ოლიგარქიული ხელისუფლება წინააღმდეგი იყო ამ გლეხების უკან დაბრუნებისა, რადგან ეს გლეხურ რევოლუციას მოასწავებდა.

Aამას ჰონდურასის ხელისუფლება მოითხოვდა, სალვადორი წინააღმდეგი იყო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, გაზეთები ორივე ქვეყანაში ზიზღისა და სიძულვილის პოლიტიკას აღვივებდნენ. რას არ უწოდებდნენ ერთმანეთს – ჰიტლერელებს, სადისტებს, აგრესორებს, არამზადებს. არბევდნენ, ხოცავდნენ, მაღაზიებს უწვავდნენ.

და აი, ასეთ ატმოსფეროში სალვადორისა და ჰონდურასის ფეხბურთის ნაკრებებს შორის გაიმართა მატჩი. გადამწყვეტი შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მექსიკაში ჩატარდა (სალვადორმა 3:2 გაიმარჯვა). ჰონდურასის გულშემატკივრები სტადიონის ერთ მხარეს დასხეს, სალვადორისა – მეორე მხარეს. მათ შორის კი ხუთი ათასი ხელკეტებით შეიარაღებული მექსიკელი პოლიციელი დაჯდა.

ამ თამაშმა კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყნებს შორის დამოკიდებულება და ურაპატრიოტული ისტერიკა ბოლომდე გააღვივა. ეს კარგი საბაბი იყო ომის გასაჩაღებლად და ორივე ქვეყანაში ოლიგარქიული ხელისუფლების გასაძლიერებლად.

პირველმა სალვადორმა შეუტია, რომელსაც გაცილებით ძლიერი არმია ჰყავდა და იოლი გამარჯვების იმედიც ჰქონდა.

ამ ომში გამარჯვებული არავინ დარჩენილა. საზღვრები, რომლებიც მთიან და ბუჩქნარით დაფარულ ადგილებზე გადადის, არ შეცვლილა, არადა, ამ ადგილებზე ორივე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას.

ემიგრანტთა ნაწილი სალვადორში დაბრუნდა, დანარჩენი კვლავაც ჰონდურასში ცხოვრობს.

ორივე ქვეყნის მთავრობა კმაყოფილი დარჩა ომით, რამეთუ რამდენიმე დღის განმავლობაში სალვადორიც და ჰონდურასიც ყველაზე ხშირად იხსენიებოდნენ მსოფლიო პრესაში და რაღაც კუთხით საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მთავარ ობიექტებად იქცნენ. მესამე, მეოთხე და დანარჩენი სამყაროს ქვეყნებს ხომ მხოლოდ მაშინ უჩნდებათ შანსი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობისა, როდესაც იქ ომი და სისხლისღვრა იწყება. სამწუხარო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს მართლაც ასეა.

1969

© “არილი