“მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს…”
რუსუდან კაიშაური. ლექსები. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.
“კავკასიურმა სახლმა” წელს გამოსცა რუსუდან კაიშაურის ლექსების კრებული. ამ პოეტის შემოქმედებას ადრეც ნაწილობრივ ვიცნობდი გაზეთ “ალტერნატივის” ფურცლებიდან, წიგნმა კი უფრო სრული შთაბეჭდილება შემიქმნა მასზე.
ის გამოკვეთილად პერსონალისტური ტიპის პოეტია – საკუთარი, პირადული ყოფა და ამ ყოფის ნიადაგზე აღმოცენებული განცდები გახლავთ მისი შემოქმედების მასაზრდოებელი წყარო. შეიძლება ითქვას, რომ რ. კაიშაურის საუკეთესო ლექსები სხვადასხვა რაკურსით შესრულებული ავტოპორტრეტებია, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და მთლიანობაში გამოჰკვეთენ ავტორის პოეტურ ინდივიდუალობას.
რუსუდან კაიშაურს საკმაოდ თამამად შემოაქვს პოეზიაში ყოფითი, არაპოეტური აქსესუარები; მისთვის ესთეტიზმი, ფორმის კულტივირება ნაკლებად დამახასიათებელია, მთავარი აქცენტი სათქმელის სიმძაფრეზე და მკითხველამდე მაქსიმალური გულწრფელობით მიტანაზე არის გადატანილი; რ. კაიშაურის ნაწარმოებთა ღირებულებას აბსტრაქტულ მეტაფორებსა და ასოციაციური ხილვებით კონსტრუირებულ “სხვა რეალობაზე” მეტად განსაზღვრავს მკაფიო აზრი, ლოგიკურად დასრულებული შინაარსი და მისი თანამდევი ემოციური მუხტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსუდან კაიშაურის პოეზია რეალისტურია, მას მყარად უდგას ფეხი მიწაზე და საგნებსა და მოვლენებს აღიქვამს და გვაჩვენებს ისეთად, როგორც სინამდვილეშია. ამის გაბედვა და განხორციელება კი ადვილი როდია ვირტუალური იმიჯებით აღსავსე დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში, სადაც ხშირად რეალობა აღარ აღიქმება რეალობად, იმდენად აბერაციული, ნორმიდან გადახრილი გახდა თვითონ ხედვა თუ შემეცნება. რუსუდან კაიშაური წარმატებით ახერხებს საკუთარი განცდის თანაზიარად აქციოს, ააღელვოს მკითხველი. მისი ლექსების ლირიკული გმირი გახლავთ ქალი, რომელსაც ცხოვრებამ მრავალგვარი სატკივარი, საზრუნავი, ტრაგედიაც კი არგუნა წილად, მაგრამ სულიერად ვერ გატეხა და სიცოცხლის ხალისი ვერ ჩაუკლა; პირიქით, იგი გამოიწრთო და გაძლიერდა ცხოვრებასთან ჭიდილში და ეს სიმხნევე, ჭირსა შიგან გამაგრების ნიჭი, ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედი სტოიციზმი მკითხველსაც გადაედება, მასაც აძლიერებს სულიერად. რ. კაიშაურის ლექსებში გამჟღავნებულია ის შინაგანი ჭიდილი, პოეტის სულში რომ გამართულა ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის: ორივე მაქსიმალურ მოთხოვნებს უყენებს, ორივე “გულის სისხლს” ითხოვს მისგან და მას არ ძალუძს რომელიმეს უგანოს, ამიტომ პოეტის გული, რომელიც ასპარეზია ამ უკომპრომისო ჭიდილისა, გამუდმებით მაღალი ძაბვის ველში იმყოფება და მაქსიმალურად იხარჯება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ შვილები, ყოველდღიური ჯაფა, ყოფითი წვრილმანები, რომელთა ზოგად, კრებით სახელად გამოდგება მის ლექსებში მრავალგზის მოხსენიებული “ცოცხი”, მეორე მხრივ კი ოცნების კოშკები, ლაჟვარდები… ერთგან წერს – ქალთევზასავით ვარ, ტანის ნაცვლად ცოცხზე ვდგავარ და “ცოცხზე მდგარი ვპოეტობ ქალი”-ო; ამ რამდენადმე კომიკური იმიჯით პოეტი მკაფიოდ და ემოციურად გამოხატავს თავის პიროვნულ დრამას; სხვა ლექსში კიდევ, ერთგვარი ჰეროიკული შტრიხები ჩნდება ავტოპორტრეტში, თუმცა აქაც არის დაფარული თვითირონია: შვილებზე მზრუნველი დედა თავისთავს ჯერ ბავშვების თავშესაფარ ციხედ წარმოიდგენს, შემდეგ კი – ხმლიან მეციხოვნედ, რომელიც ბავშვების ძილს დარაჯობს: “მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს, ღამით საწოლებს ავუვლ-ჩავუვლი”.
რუსუდან კაიშაური ამ თავისი “ჯიქური” რეალიზმით, გულწრფელობით მრავალთაგან გამოირჩევა დღევანდელ ლიტერატურულ პროცესში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავისი სულ ბოლოდროინდელი ლექსებით ის ერთგვარ ხარკს მაინც უხდის ამ პროცესისათვის დამახასიათებელ მოდურ ტენდენციებსაც და არაიშვიათად “ახერხებს” დაემსგავსოს სხვებს; ამ ლექსების წამკითხველი ალბათ უყოყმანოდ მიაკუთვნებს მას “თანამედროვე” პოეტთა რიცხვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც “tour de force”-ა (“ძალის ჩვენება”); ამ გამოთქმას ხშირად იყენებს უილიამ ფოლკნერი, როცა ეხება იმგვარ ნაწარმოებებს (თავისას თუ სხვისას), რომელთაც ღირებულება კი აქვთ, მაგრამ მაინც არ არიან ავტორის უშინაგანესი სამყაროს, მისი ჭეშმარიტი სტიქიის გამომხატველნი. რუსუდან კაიშაურმა ამით დაამტკიცა, რომ მოდურობის პრეტენზიის მქონე უმცროსი კოლეგების მსგავსად წერა მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ის, რითაც რ. კაიშაური არავის ჰგავს, რაც მისი შემოქმედების ბირთვი და ძირითადი მიმართულებაა, შესაძლოა არც ისე “მოდურად” გამოიყურებოდეს მავანთა თვალში.
რუსუდან კაიშაური წერს როგორც ტრადიციულ რითმიან ლექსებს, ასევე ვერლიბრსაც, მის კონვენციურ ლექსებში აქა-იქ იგრძნობა ფორმის დაუხვეწაობა, ტექნიკური ხარვეზები, ვერლიბრში კი ამგვარი ნაკლი თითქმის არ შეიმჩნევა; ეს ალბათ იმიტომ, რომ ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვს ფორმის თვალსაზრისით, ვიდრე “უფორმო” თავისუფალ ლექსს. ზოგჯერ ფრაზას უჭირს მეტრის ჩარჩოებში ჩატევა და ამის გამო მოქნილობა და სიზუსტე აკლია, ზოგან რიტმი მოიკოჭლებს; ალბათ პოეტმა სტილისტური თვალსაზრისით უფრო მკაცრად უნდა გადახედოს თავის პროდუქციას და შეძლებისდაგვარად იზრუნოს ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩემი აზრით, რუსუდან კაიშაური ტრადიციულ ლექსში მაინც უფრო მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს თუნდაც წმინდად მხატვრული თვალსაზრისით, ვიდრე ვერლიბრში. შესაძლოა, შინაგანად უფრო ახლობელი მისთვის მაინც ტრადიციული ლექსია. ვიმედოვნებ, მომავალში პოეტი ამ ფორმას მეტი რუდუნებით მოეკიდება და ოსტატობის უფრო მაღალ ხარისხს გვიჩვენებს თავის ახალ ნაწარმოებებში.
© “წიგნები – 24 საათი”