Posted on

სანდრო წერეთელი – ხორცსაკეპი

xorcsakepi

კაცისთვის ჯერ კიდევ არ გაევლო ელდას, რომელიც მაღაზიაში შემოსვლისას ეცა – შედგა თუ არა ფეხი, სულ ახლოს ჩაუფრინა ტელეფონმა და ერთ-ერთ მაცივარს მიენარცხა. შემდეგ ლანამ დაიწივლა და კაცი მოემზადა სხვა ნივთების ასაცილებლად, მაგრამ ქალმა თავი ხელებში ჩარგო და დახლის უკან ჩაიკეცა.

კაცისთვის ეს არ იყო ადვილი. არ იყო მიჩვეული ასეთ სიტუაციებთან გამკლავებას, რადგან სანამ მისი მეუღლე ცოცხალი იყო, ამის გაკეთება თვითონ არც უწევდა. შემცბარი იდგა მაღაზიის დახლთან ჩაკეცილ ლანასთან და ეუბნებოდა – აბა, აბა, სუ, კარგი – მაგრამ ამ ტლანქ გამხნევებას არანაირი შედეგი არ მოჰქონდა. ქალისთვის მხარზეც სცადა ხელის მოთათუნება, მაგრამ ლანამ უხეშად მოიშორა და ქვითინს მოუმატა. არაუშავს, გაუვლის, გაიფიქრა კაცმა. მაღაზიის კარი ჩაკეტა, ფარდებიც ჩამოაფარა, რათა შეგვიანებული კლიენტებისათვის ეჭვი აღარ დაეტოვებინა, რომ ნამდვილად დაიკეტნენ. დახლიდან, სადაც ფეხის წვერებზე შემდგარი მიიპარა, ანგარიშების რვეული აიღო და გადაშალა, მაგრამ გაუჭირდა ციფრებისთვის თვალის მიდევნება. მთელი ყურადღება აქვითინებულ ლანასკენ  ჰქონდა გადატანილი, რომელიც ვეღარ წყნარდებოდა.

ამგვარი გამოხტომები უცხო არ იყო კაცისთვის, მაგრამ ლანას ბოლო ისტერიკიდან იმდენი დრო გასულიყო, რომ ამასობაში კაცი გადაჩვეულიყო და ახლა უმწეოდ ელოდა, როდის დასრულდებოდა კატასტროფა თავისით, რომლის მიზეზსაც უკითხავად ხვდებოდა. პირველივე წამებში, ტელეფონის გაელვებასთან ერთად გაუელვა აზრმა, რომ ამ ამბავს სოსოსთან უნდა ჰქონოდა კავშირი, ლანას ერთადერთ ახლო მეგობართან, რომელთანაც ქალი თითქმის ყოველდღე ლაპარაკობდა და თუ ეს ვარაუდი მართალი იყო, მისი ყველაზე ცუდი წინათგრძნობა მართლდებოდა. ამიტომ ტელეფონზე იმდენად აღარ უდარდია, როგორც სხვა დროს იდარდებდა, იატაკზე ნაწილ-ნაწილ გაშლილი რომ ენახა. მისი  საზრუნავი ახლა უკვე ის იყო, რომ მომავალში, მერვე მეფის სარკეში არეკლილივით უსასრულოდ გადაჭიმულს ხედავდა ისტერიკებისა და დამსხვრეული ტელეფონების სერიას და რამე უნდა ეღონა.

როგორც იქნა ქალმა ქვითინს მოუკლო და ცოტა ხნის შემდეგ დახლს უკან სიჩუმე ჩამოწვა. კაცი დახლს მიუახლოვდა, რვეული ფრთხილად დადო და დახლს მიღმა გადაიხედა, როგორც უფსკრულში. ლანა იჯდა, ხელები მუხლებზე დაეწყო და თვალი თამბაქოს განათებული განყოფილებისთვის გაეშტერებინა. კაცმა ისევ არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ რადგან იცოდა, რომ ახლავე უნდა დაერღვია სიჩუმე, რომელიც წამი-წამზე ძლიერდებოდა, ჩაახველა, თუმცა პასუხი მაშინვე არ მიუღია.

–         ნამდვილი ღორია – თქვა ლანამ მცირე პაუზის შემდეგ, თითქოს თავის თავს უთხრა.

კაცმა დააქსუტუნა და ცხვირზე ხელი ჩამოისვა.

–         ვინ არის ღორი? – იკითხა მან.

–         ვინ და ვინც! ღორი.

–         რა მოხდა? მოხდა რამე?

–         ნამდვილად მოხდა, ნამდვილად მოხდა რაღაცა, თორემ ასე სწრაფად ადამიანის შეცვლა? – თქვა ლანამ.

–         ხოდა რა მოხდა? ანუ რა მოხდა ისეთი, შენ რომ გეგონოს რომ რაღაც მოხდა?

ლანამ მამამისს ამოხედა.

–         ერთი შენც ხარ რა!

–         მეტყვი თუ არა? რა ილაპარაკეთ ასეთი?

–         არაფერი.

–         კარგი რა ლანა, რატომ არ გინდა დაგეხმარო?

–         მართლა არაფერი გვილაპარაკია. საქმეც ეგ არის. ყოველ საღამოს მელაპარაკებოდა, ყოველ საღამოს! ახლა ტელეფონს არ იღებს და როცა იღებს, პირველი რასაც მეუბნება, მთხოვს რომ ხორცსაკეპი მოვაშოროთ.

–         ხორცსაკეპი? კი მაგრამ…

–         კი მაგრამ, კი მაგრამ, – გამოაჯავრა ლანამ, – მეც მანდ ვარ, რომ „კი მაგრამ“. ორი კვირის წინ თვითონ მითხრა, მე წავიღებო. ახლაც არაფერში უშლის ხელს ეგ მანქანა, იმ სარდაფში ორი წელია არ ჩასულა თავისი ნებით.

კაცი ცოტა ხანი გაჩუმდა, შუბლი მოისრისა. ხორცსაკეპის ხსენება არ ესიამოვნა.

–         და ვითომ ეგ არის მიზეზი რატომაც… – წამოიწყო კაცმა.

–         შენ რა გჭირს, სულ გამოჩერჩეტდი? მანქანა არაფერ შუაშია, მაგას ყველა სულელი მიხვდება. უბრალოდ ვიღაცა ნახა ალბათ, ახალი თანამშრომელი მოიყვანესო, მითხრა იმ დღეს… ან იმ იდიოტურ ყავის კლუბში… ნამდვილად ვიღაც ნახა, ახალი გასართობი, ვიღაც გომბიო, ალბათ ახალგაზრდაც, ნამდვილი ღორია, ნამდვილი…

–         კარგი, კარგი. გეყოფა. რატომ უნდა, რომ ხორცსაკეპი წავიღოთ?

–          გეუბნები, რაღაცას ბოდავს. შენ გგონია არ ვკითხე? და შენ გგონია მითხრა? ვერ გეტყვი, არ დამიჯერებო და რომც დამიჯერო არ მოგეწონებაო. მოკლედ, რაღაც აბსურდი. არაფერ შუაშია მანქანა-მეთქი, გაიგე… შენ მარტო შენს ხორცსაკეპზე ნერვიულობ, მეტი არაფერი გადარდებს.

–         ხორცსაკეპი რა შუაშია? ვცდილობ სიტუაციაში გავერკვე. ხორცსაკეპი მნიშვნელოვანია, კი, ტყუილა არ მიყიდია, მაგრამ მხოლოდ ეგ არ მადარდებს.

–         ხო, კიდევ კატლეტები – თქვა ლანამ.

–         გეყოფა. განერვიულებული ხარ ახლა, დამშვიდება გჭირდება.

ლანამ სახე ისევ ხელებში ჩარგო. კაცი შეშფოთდა, იცოდა, მორიგი ისტერიკა სულ ახლოს იყო. მაღაზიას თვალი მოავლო, რომ წინასწარ განესაზღვრა, კიდევ რისი დალეწვა შეიძლებოდა. მაცივარი მძიმეა, ფიქრობდა, ალბათ ვერ გადმოაყირავებს, მაგრამ შიგნით რაც არის, ის ყველაფერი რომ გადმოყაროს? მალფუჭებადი პროდუქტები… რძე… რაღა მაცივარს მიადგება. მთავარია, სასმელი არ დალეწოს…

ნერწყვი გადაყლაპა, შვილს გადახედა დახლს მიღმა; ლანა გაუნძრევლად იჯდა და შეძლო კარგად შეეთვალიერებინა; მისი აწეწილი, სპილენძისფერი თმა, ბოლოებში გაცრეცილი საღებავით; მისი ფაფუკი და ცოტა შემჭკნარი ხელები; მელნის ლაქა მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე; ჭრელი, საშინაო ჟაკეტი, რომელზეც პლედსაც მოისხამდა ხოლმე განსაკუთრებით ცივ დღეებში და დღის იმ ნაწილში, როდესაც ყველაზე მეტი კლიენტი ჰყავდა მაღაზიას; მწვანე, პლისე კაბა, რომელიც ნაწილობრივ ფარავდა მის საშინაო ჩუსტებს, მაღაზიაში რომ ეცვა ხოლმე. ლანას ერთი ტერფი მეორეზე ჩამოედო, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, როდესაც რამეზე საფიქრელად განსაკუთრებული კონცენტრაცია სჭირდებოდა, ან როდესაც ნაწყენი იყო.

კაცს გული შეეკუმშა. ასე არ შეიძლება, გაიფიქრა მან. ბოლოს და ბოლოს, ლანა მისი ქალიშვილი იყო. განა შეიძლებოდა მის ქალიშვილს ვინმე უსინდისოდ, უგულოდ  მოქცეოდა და მამისაგან თანაგრძნობისა და დახმარების ნაცვლად, ხაჭოსა და იოგურტის მოსალოდნელი ბედით შეცბუნებული სახე მიეღო? რას იტყოდა ამაზე დედამისი? როგორ მოიქცეოდა მის ადგილას, ან რის გაკეთებას ურჩევდა?

ცოლის გახსენებაზე კაცს გააჟრჟოლა.

რამე უნდა ეღონა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დახმარებოდა ქალიშვილს, ერთხელ მაინც უნდა მიეღო მისი ბედის წარმართვაში მონაწილეობა.

–         ლანა – თქვა ფრთხილად. პასუხი არ მიუღია. კიდევ შეეცადა, ამჯერად ხმას მეტი დამაჯერებლობა და სიმტკიცე მისცა – ლანა, შენ არაფერზე ინერვიულო. სოსოს მე დაველაპარაკები.

ქალმა სახიდან ხელები მოიშორა და კაცს შეხედა.

–         დაელაპარაკები? მერე რას ეტყვი?

–         როგორ თუ რას? რას და… არ შეიძლება-მეთქი, ვეტყვი. რომ ერთხელ და სამუდამოდ  უნდა გაირკვეს, თუ რა… რა მიმართულება აქვს თქვენს ურთიერთობას, და რომ უნდა ჩამოყალიბდეს. პატარები ხომ აღარ ხართ? ბოლოს და ბოლოს პრინციპის ამბავია… მაგას ხომ არ გონია, რომ უპატრონო ხარ? მოკლედ, ისე დაველაპარაკები, როგორც საჭიროა, როგორც კაცი – კაცს.

ლანა თვალმოუშორებლად უსმენდა. შემდეგ გაიცინა.

–         და ხორცსაკეპზეც ეტყვი.

–         რა გაცინებს? აგდებით მიყურებ. ხო, ხორცსაკეპზეც ვეტყვი! იმიტომ რომ თვითონ გითხრა, რომ ეგ არის მიზეზი, ეგრე არაა? შენ თვითონ არ მითხარი? რატომ არ უნდა ვუთხრა? მაგრამ გეუბნები, შენთვის მივდივარ-მეთქი, შენთვის და არა ხორცსაკეპისთვის. მემგონი გავიწყდება, რომ მამა ვარ შენი, მგონი დიდი ხანია დაგავიწყდა.

მაღაზიაში რამდენიმე წამით ისევ სიჩუმე ჩამოწვა.

–         მართალი ხარ, – თქვა ლანამ, – ბოდიში. ხომ იცი რა დღეში მაქვს ნერვები. მაგრამ მემგონი არ ღირს, არ გინდა.

–         იცი რას გეტყვი? უკვე იმ ასაკში ხარ, რომ დროა მამაშენს მოუსმინო – თქვა კაცმა, თან გასაღებს დაუწყო ძებნა – შეეცადო მაინც. ახლა მთავარია როგორმე დამშვიდდე. ადი სახლში, ტელევიზორი არ ჩართო. ვინმეს დაურეკე თუ გინდა, ეჭორავე, ამასობაში მეც მოვრჩები და მოვალ. არაფერი გაქვს სანერვიულო.

ლანა ცოტა ხანი იჯდა უხმოდ. შემდეგ დანებდა და წამოდგა.

–         კარგი. ვეცდები, – თქვა მან, – არ გადახედავ? – კაცს რვეულზე მიანიშნა.

–         ხვალ იყოს – მცირე პაუზის შემდეგ თქვა კაცმა.

ლანამ წარბები ასწია.

–         შენ მართლა არ ხუმრობ.

მაღაზია დაკეტეს. თვალები გამოსვლისთანავე გამოევსოთ ქუჩის მტვრით. ლანამ კიდევ ერთხელ შეხედა კაცს გამომცდელი თვალით, მაგრამ კაცმა სიტყვის უთქმელად მიაჩეჩა მაღაზიის გასაღები და ანიშნა წადიო. შემდეგ გატრიალდა, ქუჩა გადაჭრა და გაჩერებისკენ გაემართა. ლანა უყურებდა, როგორ ებღაუჭებოდა ქარი შარვლის ტოტებზე, საიდანაც წამიერად გამოჩნდებოდა ხოლმე მისი წვრილი, დამჭკნარი წვივები.

 

* * *

ხმა თავიდან ოდნავ შესამჩნევია, ქარის მოტანილი სურნელივით ძნელად მოსახელთებელი. შემდეგ ნელ-ნელა ძალას იკრებს, სულ უფრო ახლოვდება საომარი დაფდაფებივით. მას ვეღარ აკავებს სარდაფის აბლაბუდით დაფარული ჭერი, იგი იპარება ძველი პარკეტის ღრიჭოებში და იქიდან ჟონავს ყველა ოთახში მათ დასატბორად და გასავსებად, რათა ბოლოს აღარაფერი დარჩეს მექანიზმის მონოტონური ღრჭიალისა და ხორცის გატარების ხმის გარდა.

სოსო მოსვენებას კარგავს, ოთახიდან ოთახში ინაცვლებს, რათა ხმას დაემალოს, მაგრამ უშედეგოდ.  ხორცსაკეპს არსად ეჩქარება, თუმცა მუშაობს გაუჩერებლად. სოსო რთავს თავის ახალ ტელევიზორს და ხმის ასაწევ ღილაკს ბოლომდე აწვება, რომ ხმა გადაფაროს, დაამარცხოს იგი.  ერთხანს ეჩვენება, თითქოს მოახერხა კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ მალევე ხვდება, რომ ეს მხოლოდ წამიერი გამარჯვება იყო და რომ მას ბოლომდე ისევე ვერ გადაფარავს, როგორც ხმას საუკუნეების სიღრმიდან.

შემდეგ ხდება სასწაული, წამიერი სიჩუმე ისადგურებს, რადგან მანქანა ჩერდება და სოსოს ეჩვენება, რომ გადარჩა. მაგრამ ეს მანამდე, სანამ სარდაფის ბნელ და ნესტიან წიაღში, ხორცის სველი გროვიდან წამოიმართება არტალა – არტალა-ადამიანი. მას მხოლოდ თვალები აქვს  ნამდვილი ადამიანის, ჩასისხლიანებული, დაღლილი თვალები, რომლებიც ოდნავ აცდენილი დევს გვერდიგვერდ, არტალა-ადამიანის არტალა თავზე.

სოსო თავზარდაცემული უყურებს, როგორ ამოდის არტალა-ადამიანი სარდაფის კიბეებზე და სველ კვალს ტოვებს. შემდეგ სოსო და არტალა-ადამიანი მისაღებ ოთახში სხედან, წინ კი ყავით სავსე ფინჯნები უდგათ. არტალა-ადამიანი ზანტად მოავლებს თვალს ოთახს და ბოლოს მისი დაღლილი მზერა ყავის ფინჯანზე ჩერდება, რომელსაც დასწვდება კიდეც, მაგრამ სანამ არტალა-ბაგეებამდე მიიტანდეს, ფინჯანი ხელიდან უსხლტება, რადგან მისი არტალა-ხელი საკმარისად მკვრივი არ არის და ყავა არტალა-მუხლებზე და სოსოს ტყავის სავარძელზე ისხმება.

პირველი ასეთი სიზმრის შემდეგ სოსოს გაეღვიძა. ერთხანს იწვა თვალგახელილი, შემდეგ გვერდი იცვალა და დაიძინა. მეორე ღამეს სიზმარი განმეორდა. სოსოს ისევ გაეღვიძა, მაგრამ ამჯერად დაძინება გაუჭირდა. დილით ადგა და სანამ სამსახურში წავიდოდა, სარდაფში ჩაიხედა. ბლაგვი და მორჩილი მანქანა იქ, სარდაფის სიღრმეში იდგა და შეღებული კარიდან შემოსულ დილის სხივებს არ ირეკლავდა. სოსომ კარი დაკეტა და სამსახურში დამშვიდებული წავიდა, რადგან ხორცსაკეპში არაფერი იყო ამოუცნობი ან საშიში.

მაგრამ სიზმრები აღარ შეწყვეტილა, პირიქით, ისინი სოსოს ღამეების ნაწილი გახდნენ. სოსომ არ იცოდა როგორ დაეცვა თავი სიზმრებისგან. სცადა დამამშვიდებლები, მსუბუქი ძილის წამლები – ძლიერმოქმედები დანიშნულების გარეშე არ მიჰყიდეს. პირველი სიზმრიდან ერთი კვირის თავზე, სამსახურიდან დაბრუნებული სავარძელში იჯდა. მისმა გონებამ წამით შეწყვიტა ხორცსაკეპზე და მის ნაშიერზე ფიქრი და ყოფით წვრილმანებს დაუბრუნდა. შემდეგ ლანა გაახსენდა და მასთან ლაპარაკის სურვილმა წამოუარა. უკვე სამი დღე გასულიყო მათი ბოლო საუბრიდან და თან ისიც დაძაბული გამოუვიდათ. უნდა წამომდგარიყო დასარეკად, რომ ტელეფონმა თვითონ დარეკა. ლანა იქნებაო, გაიფიქრა გახარებულმა. წამოდგა, ყურმილის ასაღებად გაემართა, ერთი ნაბიჯი გადადგა და გაქვავდა.  ზარებს შორის წამიერი პაუზის დროს დაიჭირა ხმა, რომელიც ძილში არ ასვენებდა ხოლმე, ოღონდ ისეთივე სუსტი, როგორიც თავისი სიზმრის დასაწყისში.

ტელეფონთან მიიჭრა, ჩამრთველიდან გამოგლიჯა და მიაყურადა, მაგრამ იქიდან ჩქამიც არ ისმოდა, მხოლოდ საათი წიკწიკებდა კედელზე.

ასე დააღწია ხორცსაკეპმა თავი სოსოს სიზმრებს და მის ცხადში შემოიჭრა.

მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, რადგან სიზმრების ცხადი გამოძახილი ძალას იკრებდა. სოსო სამსახურს გულს ვეღარ უდებდა, ყავის კლუბშიც კი შეწყვიტა სიარული, საიდანაც ყოველთვის ენერგიით სავსე ბრუნდებოდა. თანამშრომლები ეჭვითა და თანაგრძნობით ათვალიერებდნენ, თუმცა კითხვას, თუ რა სჭირდა, ვერ უბედავდნენ. ლანასთან ყოველდღიური საუბრები, რომელსაც მუდამ ხალისით ელოდებოდა, დამღლელი მოვალეობა გახდა. ახლა მისი ხმა აღიზიანებდა, მისი ლაპარაკის მანერა, რომელიც ადრე ენერგიული და სიცოცხლით სავსე ეგონა – ნერვიულად და ისტერიულად ეჩვენებოდა.

გარდა ამისა, უკვე აღარც იცოდა რაზე უნდა ელაპარაკა ლანასთან. ერთადერთი თემა, რაც თავში მოსდიოდა ხორცსაკეპი იყო და გაიშვიათებული საუბრების დროსაც, როცა თავისი სიტყვაძუნწობით ქალი ჭკუიდან გადაჰყავდა, მისი ფიქრი მხოლოდ ხორცსაკეპს უტრიალებდა. უნდოდა, ლანასთვის  ეთხოვა რომ ხორცსაკეპი მოეშორებინათ მისთვის, მაგრამ არ იცოდა, მიზეზად რა დაესახელებინა.

სულ პირველად, როდესაც ლანამ სოსოსთან ხორცსაკეპი ახსენა, ლანას დედა ახალი გარდაცვლილი იყო (სოსოს მასთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მან დიდსულოვნად დაივიწყა ძველი შუღლი და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის პატივისცემითა და მოწიწებით იხსენიებდა ქალს). ლანამ მას უთხრა, რომ მამამისს დაებადა იდეა, გაეხსნა საკატლეტე, სადაც გაიყიდებოდა კატლეტი სხვადასხვანაირ პურში, კატლეტი სხვადასხვანაირი საწებლებით, კატლეტი პიურესთან ერთად, კატლეტი წიწიბურასთან, მოკლედ, კატლეტი ყველა ვარიაციაში. ლანას მამას ბიზნესგეგმაც კი შეუდგენია და სკეპტიკურად განწყობილი ლანაც დაარწმუნა, რომ ამ წამოწყებას მომავალი ნამდვილად ჰქონდა. მათი მაღაზია ცუდად არ მუშაობდა, არ იყო ურიგო იდეა, ახალ ბიზნესზეც ეფიქრათ და რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს ახალი ბიზნესი – კატლეტი?

მაშინ სოსოს ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის. ეს იდეა სისულელედ მოეჩვენა, ცალ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა და მალე საბოლოოდაც დაავიწყდებოდა, მაგრამ არ დასცალდა. რამდენიმე დღის შემდეგ აღელვებულმა ლანამ დაურეკა, რომ თურმე დღის ბოლოს, ნავაჭრის შესაჯამებლად, მამამისს მაღაზიაში მისვლა მთელი თხუთმეტი წუთით დაჰგვიანებია, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა, და  ის იყო, პოლიციაში უნდა დაერეკა მის მოსაძებნად,  რომ  ამ დროს კაცი ბარბაცით შესულა მაღაზიაში, ამღვრეული თვალები ლანასთვის მიუპყრია, გაფშეკილი საჩვენებელი თითი კი ჭერისკენ აუშვერია და საზეიმოდ წარმოუთქვამს:

– კატლეტი!

როდესაც ლანამ ჰკითხა, რა კატლეტიო და ამაზე არეულ-დარეული პასუხი მიიღო, ეგონა, მამამისი შეიშალა, მაგრამ ლანა რისი ლანა იყო, ასე ადვილად შეშვებოდა ამ ამბავს. დაჟინებით დასმულმა მისმა კითხვებმა კაცი გატეხა და აღიარებინა, რომ საკატლეტეს გახსნის იდეა  გარდაცვლილმა მეუღლემ  სიცოცხლეში გადაღებული ბოლო ფოტოდან უკარნახა.

– რა გითხრა? – ჰკითხა ლანამ, რაზეც მამამისმა მიუგო, რომ დედამისს მისთვის ერთადერთი სიტყვა უთქვამს – „კატლეტი”.

ამ ამბავზე ლანას პროტესტის მიუხედავად, სოსომ კარგად იცინა და ისიც მოახერხა, ქალი დაერწმუნებინა, რომ არაფერი საგანგაშო კაცის მდგომარეობაში არ იყო. მითუმეტეს, თუ გაითვალისწინებდნენ საყვარელი მეუღლის დაკარგვით მიღებულ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტრავმას. ყოველ შემთხვევაში, ამ წამოწყების ჩაშლა არ ღირს,  (რასაც ლანა ნამდვილად აპირებდა – მან მამამისს ხორცსაკეპის, კატლეტის და ზოგადად, ხორცპროდუქტების ხსენებაც კი აუკრძალა), რადგან მის სიგიჟეში, რომელიც სინამდვილეში სიგიჟე კი არა, მცირე ფსიქიკური გადახრაა, არც სხვისთვის და არც საკუთარი თავისათვის არაფერი მავნებელი არ არისო, ეუბნებოდა იგი ქალს; და თუ ეს სიგიჟე კაცს  ახალი საქმის წამოწყებას უკარნახებს, მაშინ ის მარგებელიც კი ყოფილაო. იმის დასამტკიცებლად, რომ თავადაც სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა, მან ლანას დახმარება შესთავაზა: რადგან იცოდა, რომ მამა-შვილს სახლში ხორცსაკეპის დასადგმელი ადგილი არ ჰქონდათ, უთხრა, ჩემთან დავდოთ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, უზარმაზარი სარდაფი მაქვს და თითქმის ცარიელიაო.

– მე გადავხედე მამაშენის ბიზნეს გეგმას, – უთხრა ლანას, – და დამიჯერე, მასში სიგიჟის ნატამალი ვერ ვნახე, ყველაფერი ისე ზუსტად გამოუთვლია. მისი სიგიჟე მხოლოდ შთაგონების წყაროში გამოიხატა და იქვე მოკვდა, როგორც ყოველი გრანდიოზული იდეის შემთხვევაში ხდება ხოლმე.

ახლა კი სოსოს დაუდგა დრო, როცა თავისი მაშინდელი სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი უნდა შეეტანა. ნეტა თავად  მართლა თუ სჯეროდა იმისი, რასაც მაშინ ლანას ეუბნებოდა? ახსენდებოდა, რომ  მიუხედავად თავისი დასაბუთებული მსჯელობებისა, მის მიერ ლანას მამის ყოველ ხსენებას მაინც ირონიისა და შემწყნარებლობის მსუბუქი ტონი დაჰკრავდა. სოსო მხოლოდ ახლა ცდილობდა ხორცსაკეპის ისტორიაში სიმართლისა და კანონზიმიერების ნიშნების მოძებნას და შესაბამისად, საკუთარი სიზმრების ახსნას. მაგრამ  უკვე გვიანი იყო. მან იცოდა რომ ყველა, ვისაც მსგავსი ხილვები არ აწუხებდა, მას გიჟად ჩათვლიდა. როცა უკვე მიხვდა, რომ აღარ შეეძლო ხორცსაკეპთან თანაცხოვრება,  და თან სხვა არჩევანიც არ ჰქონდა, ლანას შეაპარა, ხორცსაკეპი წაიღეთო.  არაფრით არ ელოდა, ლანასგან თუ ასეთი წინააღმდეგობა შეხვდებოდა. ქალმა გადაკრული თხოვნა  სხვა უფრო ძირეული ცვლილებებისთვის გამოგონილ მიზეზად მიიღო და ამან მართლა გააჩინა ბზარი მათ ურთიერთობაში, მაგრამ არც სოსო აპირებდა დანებებას და უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვდა ხორცსაკეპის გადატანას, თუმცა მიზეზს არ ასახელებდა.

მათი ყოველდღიური სატელეფონო საუბრები, რომელიც ადრე გულითადი მეგობრების სასიამოვნო ბაასი იყო, ახლა მოსისხლე მტრების რიტუალს დაემსგავსა, რომელიც ღრიალითა და ტელეფონის დახეთქებით მთავრდებოდა ხოლმე.

ბოლო ასეთი რიტუალის შემდეგ სულ ერთი საათი თუ იქნებოდა გასული, რომ ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა. სოსო არავის ელოდა, ცოტა ხანს იფიქრა, ვინ შეიძლება სტუმრებოდა და გადაწყვიტა, რომ ლანას მეტი არავინ იქნებოდა. სავარძლიდან წელი აითრია და კარები რომ გააღო, ხელში ლანას მამა შერჩა, მხრებაწურული, დაძაბული გამომეტყველებით. სოსომ წარბები ასწია, კეფაზე შერჩენილი შენაცრისფრებული თმები შეისწორა და სტუმარი შემოიპატიჟა. გაუხარდა კიდეც კაცის დანახვა, უცებ იმედი ჩაესახა, რომ მის დაყოლიებას მაინც მოახრხებდა. რატომ აქამდე არ უფიქრია პირდაპირ ლანას მამისთვის ეთხოვა თავისი სათხოვარი? ესეც თავის უჩვეულო მდგომარეობას დააბრალა და სტუმარი შინ შეიპატიჟა. უხმოდ შევიდნენ მისაღებში, უხმოდ ჩაეშვნენ სავარძლებში და სოსო მაშინვე ისევ წამოიწია:

–         ყავას ხომ დალევთ?

–         კი. თუ არ შეწუხდებით – თქვა ლანას მამამ.

* * *

რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ პირისპირ ისხდნენ და ამჯერად საუბრის გადადების საბაბი აღარ ჰქონდათ. კაცი შემცივნული იყო. მისი ფეხსაცმელებიდან ხალიჩაზე წვიმის შერჩენილი წვეთები ჟონავდა. ყავას დაეწაფა, ხარბად მოსვა პირველი ყლუპი, სოსოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და ამ დროს სინდისის ქენჯნა იგრძნო. გულში დაიფიცა, რომ საკუთარი ქალიშვილის ღირსებას ფინჯან ყავაზე არ გაყიდიდა.

–     ალბათ მიხვდით, რაზე სალაპარაკოდაც მოვედი – თქვა მან.

–         კი, რა თქმა უნდა ვხვდები, – თქვა სოსომ, – საერთოდაც, მე თვითონ ვაპირებდი თქვენთან ლაპარაკს.

–         მართლა? ძალიან კარგი, – გაუხარდა კაცს.

–         ლანა აუცილებლად მოგიყვებოდათ და არ ვიცი, რა კუთხით დაგანახათ სიტუაცია. მესმის, ძალიან უცნაურია ასეთი საქციელი ჩემი მხრიდან, მაგრამ დამიჯერეთ, ეს რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყოს ჩემთვის, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი.

კაცი მისჩერებოდა. იგი კიდევ რაღაცას ელოდა, ვერ წარმოედგინა, რომ ასე მოკლე იქნებოდა სოსოს გამოსვლა.

თითქოს სოსომაც იგრძნო ეს და დაამატა:

–         იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორი მე ვიყავი, ეს უნდა დამთავრდეს, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.

კაცი შეუშმუშნა, ფინჯანი აიღო, შემდეგ ისევ დადგა, ისე რომ არ მოუსვამს.

–         კარგი, გასაგებია – ისევ დაიწყო მან – ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ხასიათები გვეცვლება. სწორად გამიგეთ სოსო, მე თქვენზე ყოველთვი კარგი აზრის ვიყავი. მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ შეიძლებოდა ამ საქმის უკეთესი ფორმით მოგვარება და არა ასე პირდაპირ, უხეშად.

–         უხეშობა სად დაინახეთ? – გაუკვირდა სოსოს.

–         უხეშობა ირიბიც შეიძლება იყოს. მე იმის თქმა მინდა, რომ… კიდევ ერთხელ, სწორად გამიგეთ, მე თქვენი მიზეზები არ ვიცი და ვერ ვხვდები, რატომ არ შეგიძლიათ მითხრათ. ასაკით მამად გეკუთვნით და არა მგონია რამე ისეთი  დამისახელოთ, რაც ცხოვრებაში არ შემხვედრია. თუ მენდობით, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს გავუგებთ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს, მეც და ლანასაც გვაქვს იმის უფლება, რომ ვიცოდეთ. თქვენი ურთიერთობა ნამდვილად სცდებოდა ჩვეულებრივი მეგობრობის ფარგლებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეგონა და ამის გამო…

–         უკაცრავად, მაგით რისი თქმა გინდათ? – გააწყვეტინა სოსომ. – მის ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა. –  საერთოდ რა შუაშია ეგ ახლა? – და შემდეგ კიდევ უფრო გაღიზიანებულმა  დაამატა:

–          სხვათა შორის, ჩემი და ლანას ურთიერთობა ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობაა და როგორმე ჩვენ თვითონ მივხედავთ მას. გარდა ამისა, მე არანაირი საბაბი არ მიმიცია ლანასთვის, რომ ეფიქრა, თითქოს მეგობრებზე მეტი ვიყავით.

–         როგორ თუ რა შუაშია? ზრდასრული ადამიანის შესაფერისად რომ არ იქცევით, იმიტომ მოვინდომე თქვენთან დალაპარაკება; აქამდე ნამდვილად ტოვებდით ზრდასრული ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ახლა არ ვიცი, – კაცი აღელდა, ცდილობდა თავი მოეთოკა, მაგრამ ხელებისთვის ვერ მოეხერხებინა ვერაფერი, – რადგან არაფრის ახსნა არ გინდათ. და ეგ ჩემთვის იმის ნიშანია…

–         ადამიანები ვართ და ხასიათი გვეცვლება, როგორც თქვენ თვითონ თქვით, და არ ვარ ვალდებული, ყოველი ჩემი გადაწყვეტილება შეგითანხმოთ.

–         ვალდებული არ ხართ, როდესაც თქვენი გადაწყვეტილება ჩემს ქალიშვილს არ ეხება და შესაბამისად ჩემს პირად ღირსებას.

–         სადაა აქ თქვენი პირადი ღირსება? – იყვირა სოსომ, – თქვენს პირად ღირსებას არავინ ეხება!

–         ეხებით! დიახ ეხებით! ჩემს ქალიშვილს ვინც აწყენინებს, ჩემთან ექნება საქმე, – ხმას აუწია კაცმაც.

–         ეს ჩემი სახლია! ჩემი სარდაფი! – დაიღრიალა სოსომ – რასაც მინდა დავდგამ და რასაც მინდა აღარ დავდგამ. არ ვიცი რანაირად შეურაცხყოფს ეს თქვენი ქალიშვილის ღირსებას, მაგრამ აღარ მინდა თქვენი, თქვენი… მანქანა იდგეს ჩემთან.

სიჩუმე ჩამოვარდა. სავარძლებიდან გადახრილი სოსო და ლანას მამა ერთმანეთს მისჩერებოდნენ – სოსო თავისი გაცეცხლებით, კაცი – ახალი აღმოჩენით შეცბუნებული.

–         ხორცსაკეპი? ხორცსაკეპზე ამბობ? – თქვა ბოლოს კაცმა.

–         ხო, აბა რაზე.

კაცს რაღაცის თქმა უნდოდა. ახლა უკვე იცოდა – შეეძლო ამ ამბის თავი და ბოლო გაეგო. ის იყო ახლიდან უნდა წამოეწყო საუბარი, რომ კარზე ნერვული კაკუნი გაისმა. კაცს აზრი დაებნა, კიდევ უფრო აღელდა.

–         ლანა იქნება – თქვა მან.

ზარი და კაკუნი ერთმანეთს ენაცვლებოდა, სანამ სოსომ კარი არ გააღო. ქალს სახე არეული ჰქონდა, სველი პალტო შეხსნილი.

–         ლანა, – თქვა სოსომ, – შემოდი, შემოდი, მამაშენიც აქ არის.

ქალი ადგილიდან არ დაძრულა.

–         ლანა, შემოდი!

–         შენ მე დებილი გგონივარ? გგონია ეგრე ადვილად გამოძვრები?

–         უნდა დამშვიდდე, – თქვა სოსომ, – მე კი არაფერი მაქვს გამოსაძვრომი.

–         აჰა! – თქვა ლანამ და თითქოს ამას ელოდაო, სოსოს გვერდი აუარა და მისაღებისკენ გაეშურა.

–         ესე იგი არაფერი! ესე იგი არაფერი ყოფილა, არაფერი მომხდარა, არაფერი…

–         ლანა! – ოთახიდან ლანას მამაც გამოვიდა და გზა გადაუღობა – ხომ მითხარი დაგელოდებიო?

–         შემეშვი! ვიცი რისი გამკეთებელიც ხარ, ორივე რისი გამკეთებლებიც ხართ.

–         მოიცა, ჩვენ ვილაპარაკეთ… ვლაპარაკობდით… თითქმის გავარკვიეთ და ისე არაა საქმე როგორც შენ გგონია… ხომ შემპირდი დაგელოდებიო.

–         შემეშვი-მეთქი! მე თვითონ გავარკვევ… – ლანამ სოსოსკენ თითი გაიშვირა, – თვითონ მითხრას სინამდვილეში რა ხდება.

–         კარგი, მოდი დავმშვიდდეთ. ვილაპარაკოთ როგორც ცივილიზებულ ხალხს შეეფერება, – თქვა სოსომ და ოთახისკენ წავიდა, ლანა და კაცი უხეშად მოიშორა გზიდან, არც უცდია ვიწრო დერეფანში მათთვის გვერდი აექცია.

ლანაც მიჰყვა შეკრული კრიჭით. კაცი შეყოყმანდა. ლანას მდგომარება აღელვებდა. ხშირად უნახავს ასეთ დღეში და იცოდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას. მაგრამ კაცის გავლენა ლანაზე ყოველთვის სუსტი იყო, მისი სიახლოვე ქალს კიდევ უფრო გააღიზიანებდა. თვალი გააყოლა სოსოს ფართო ზურგს. წესით, შეძლებდა ლანასთან გამკლავებას.

–         მე ხელს არ შეგიშლით, – თქვა მან, – აქვე ვიქნები.

სოსომ გამოხედა, სანამ მძიმე კარს დახურავდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

* * *

            ერთხანს იდგა, ელოდა, როდის დაჭიმავდა დერეფნის ნესტიან ჰაერს აწეული ხმის ვიბრაცია, მაგრამ მისი შიში არ მართლდებოდა. ან კარი იყო მეტისმეტად სქელი, ან დღეს მშვიდობით ეწერა დასრულება. ხელმარცხნივ კიდევ ერთი კარი იყო და იქ შევიდა. თითქმის ცარიელი, მტვრიანი ოთახი დახვდა, მხოლოდ ერთი მორყეული სკამი იდგა ფანჯარასთან ახლოს. ლანას ნათქვამი გაახსენდა, სოსოს სახლის დიდი ნაწილი გამოუყენებელი აქვსო. დააცემინა და ხელი ჩვეული მოძრაობით ცხვირზე მოისვა. შარვლის ის ჯიბე მოისინჯა, რომელშიც ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრა ეგულებოდა, მაგრამ ვერ ნახა. კვლავ დერეფანში გამოვიდა, საკიდზე თავისი ხაკისფერი ქურთუკი მოძებნა და ჩხრეკას შეუდგა, თან სასტუმრო ოთახისკენ ეჭირა ყური და ისე გაერთო, რომ ის ჯიბეც მოსინჯა, რომელშიც ცხვირსახოცს არასოდეს ჩადებდა. შეცბა, მაგრამ გვიანი იყო, ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაყოფილი ხელი უკვე გრძნობდა სურათის გახეხილ ზედაპირს. ფეხის წვერებიდან სიცივე ზემოთ ამოუყვა, თუმცა სურათისთვის ხელი არ გაუშვია, ცოტა ხანი სინჯავდა თითის წვერებით, შემდეგ სურათი მონუსხულივით ამოაცურა და დააცქერდა.

ფოტო ქობულეთშია გადაღებული. ზღვა მათ უკან არის, სულ რამდენიმე ნაბიჯში, მაგრამ უძლურია და მომაკვდავივით დუჟმორეული. თითქოს ოჯახს, რომელიც უშედეგოდ ცდილობს კამერაზე კონცენტრირებას, ზღვისგან გამჭვირვალე ფარდა ჰყოფდეს. მარცხნივ პირსახოცზე წამოწოლილი კაცი ჩანს, რომელიც ქვებს წვეტიანი იდაყვებით ეყრდნობა. როგორც ჩანს საგანგებოდ სურათის გადასაღებად წამოწეულა, მაგრამ მისი მზერა ფოტოგრაფის ზურგს უკან იკარგება. მარჯვნივ ლანა ზის, კადრში შემთხვევით მოხვედრილი თანადამსვენებელივით უნდოდ იყურება კამერისკენ და ხელები გულზე აქვს დაკრეფილი. მათ შუაში კი კაცის აწ-გარდაცლილი მეუღლე დგას, წელში გამართული. სურათში მყოფთაგან მხოლოდ ის არის მთელი ტანით კამერისკენ მობრუნებული. გადაღების მომენტში ქარი მის ფართოფარფლიან ქუდს შეატოკებს  და ამ დამთხვევის წყალობით ქალის სახე ნაწილობრივ ჩრდილშია მოქცული, ნაწილობრივ კი განათებული. განათების ამ თამაშის წყალობით, შეიძლება გეგონოს, რომ მას რაღაცის თქმა უნდა და მზერაც, რომელიც ობიექტივში იხედება, ამის მიხედვით ხან ცოცხლდება და თითქოს რაღაცას გვანიშნებს, ხან კი ისევ ქვავდება და ობიექტივის მინაზე სხლტება.

 

გარინდებული კაცი ფიქრებიდან გამოერკვა, შუბლზე ხელი მოისვა. სოსოს ოთახში თითქოს საუბარი აიტალღა. სურათი ცივი ხელით ჩააბრუნა ჯიბეში და კიდევ ცოტა ხანი უსმენდა, თან ცდილობდა, ცხვირიდან წამოსული წვინტლი შეეკავებინა. ოთახიდან ხმა აღარ აღწევდა და გადაწყვიტა, რომ წეღანაც მოეჩვენა.

სახლიდან რაც შეიძლება ფრთხილად გამოვიდა. მაღაზია სადღაც აქვე უნდა ყოფილიყო, ოღონდ ზუსტად არ იცოდა, სად. უკვე ბნელოდა და კიდევ უფრო ციოდა. ქარიც გაძლიერებულიყო. ქურთუკი ბოლომდე შეიკრა და ნაბიჯს აუჩქარა.

მაღაზია არც ისე ახლოს აღმოჩნდა, სადაც ეგულებოდა, იქ დაკეტილი დახვდა და მანამდე ეძება, სანამ ერთ-ერთი ჩაბნელებული ქუჩის ბოლოს მბჟუტავი სინათლით არ მიაგნო. ცხვირსახოცი იყიდა და წამოვიდა.

სწრაფი ნაბიჯით ბრუნდებოდა, არა იმდენად მღელავრების, რამდენადაც გამჭოლი ქარის გამო. რამდენიმე მეტრიღა აშორებდა სახლს, როდესაც ქარი წამით შედგა და კაცის ყურამდე ქალის ხმამ მოაღწია, ან იქნებ სახლების უკან სიბნელეში ჩაკარგული ქარის წივილი იყო, მაგრამ აღელდა, ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა. კვლავ მოძლიერებულ ქარში ცდილობდა ხმები გაერჩია, მაგრამ სანამ სოსოს სახლის კიბეები ნახევრამდე არ აიარა, ვერაფერი გაიგონა, აქ კი ეჭვი აღარ იყო, სახლში  ჩხუბობდნენ. კარი გააღო თუ არა, სასტუმრო ოთახში რაღაცა მძიმემ გაიბრახუნა, რასაც კივილი მოჰყვა, მერე სოსოს ღრიალიც გაიგონა, ოღონდ სიტყვები ვეღარ გაარჩია. შიშისგან მუხლები მოეკვეთა, შემოსასვლელში წაიბორძიკა, სასტუმრო ოთახის კარს მოებღაუჭა და შეაღო. ლანა რაღაცას ყვიროდა, მაგრამ ვერც მის სიტყვებს იგებდა, არც ჰქონდა მნიშვნელობა. მიახლოება ვერ გაბედა, მხოლოდ ხელები გაიწვდინა ვედრებით. შემდეგ ლანამ ფინჯანი ისროლა, რომელიც სოსოს აცდა, მაგრამ მასში ჩარჩენილი ნალექი მთელ ოთახში მიმოიფანტა. ქალი კივილს არ წყვეტდა, ოთახში დადიოდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ისროდა. სოსო ჩუმად იყო, მღვრიე თვალებით მიშტერებოდა ქალს და ცდილობდა, ნასროლი ნივთები აეცილებინა. კაცი ლანას დამშვიდებას ცდილობდა, უყვიროდა, ეხვეწებოდა, მაგრამ უშედეგოდ. სოსო დაიძრა ადგილიდან, უნდოდა ქალი გაეკავებინა, მაგრამ იგი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, ხელიდან დაუსხლტა და სილა გააწნა. სოსომ დაიღრიალა და ხელი შეუბრუნა, ლანამ წაიბორძიკა და დაეცა, სოსო გადააჯდა და გაშლილი ხელით ურტყამდა. შეშინებული კაცი სოსოს ჩაებღაუჭა საკუთარი ქალიშვილის გადასარჩენად, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. უეცრად ლანა გაჩუმდა და დაიმედებულმა კაცმა ის  იყო გაიფიქრა, მგონი ყველაფერი დამთავრდაო, რომ ლანამ სოსოს შეაფურთხა.

სოსოს თვალები გადმოეკარკლა, ქალს ხელები ყელში წაუჭირა.

ლანასა და სოსოს დაძაბული სხეულები წამით გაქვავდნენ. ლანამ პირი დააფჩინა, სახე გაუწითლდა.

შემდეგ კაცმა სოსოს ხელები გაუშვა, იატაკზე თუჯის ყავის სახარში მოძებნა და მთელი ძალით მოიქნია. მერე კიდევ ერთხელ მოიქნია, სანამ ღრიალი შეწყდებოდა, და შემდეგ კიდევ ერთხელ, სანამ სოსოს სხეული დაირწეოდა და გვერდზე გადაწოლას მოასწრებდა.

იატაკზე თუჯის დაცემის ხმა სოსოს სხეულის ბრაგვანმა შთანთქა. რამდენიმე წამით მხოლოდ კაცის ხვნეშა და ლანას ხროტინი ისმოდა. შემდეგ ლანამ სული მოითქვა და წამოიწია, მის ცნობიერებაში ნელ-ნელა ილექებოდა მომხდარის სიმძიმე. ფეხები ქოშინით გაითავისუფლა სოსოს უძრავი სხეულისგან და მის ზურგს ფრთხილად შეეხო. შემელოტებულ კეფაზე, ფერფლისფერი თმით გარშემორტყმულ შავ ჭრილობას დაეღო პირი. სისხლი კეფას მოუყვებოდა, მეჩხერი თმების გავლით ჩაედინებოდა კისერში, პულოვერითა და კისრის ნაკეცებით შემდგარ გუბეში ყოვნდებოდა და შემდეგ ისევ ქვემოთ, იატაკისკენ მოწვეთავდა.

ლანამ აწეწილი თმები თვალებიდან გადაიწია და კაცს შეხედა, რომელიც გაუნძრევლად იდგა და ჭრილობას მიშტერებოდა სოსოს კეფაზე.

– რა გააკეთე? – თქვა ლანამ.

კაცს არაფერი უთქვამს.

– რა ჩაიდინე? –  შემდეგ ჩურჩულით – მკვდარია? – გვამს შეხედა და დაადასტურა – ნამდვილად მკვდარია… დაგვიჭერენ… ციხეში მოვკვდებით…  ვინ გეკითხებოდა? ვინ გეხვეწებოდა? ახლა რა უნდა ვქნათ?

კაცი არ ინძრეოდა. ჩუმად იდგა წელში მოხრილი, თითქოს ცხოვრების უცნაურობაზე ჩაფიქრებულიყო. შემდეგ რაღაც მოხდა. თავი ასწია, კისრის ძარღვები დაეძაბა, თვალები გაუშტერდა.

–         ჩშშშ – თქვა მან და ხელი ზევით ამართა – გესმის?

ლანა გაჩუმდა, კაცს შეხედა.

თავიდან მხოლოდ ქარის ხმა ესმოდათ, ფანჯრის ჩარჩოების ჭრიალი.

კაცმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და პარკეტს მიაშტერდა. ქვემოდან წამოსული ხმა ოდნავ შესამჩნევი იყო, ქარის მოტანილი სურნელივით ძნელად მოსახელთებელი.

© არილი