ესე (თარგმანი),  ინტერვიუ,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პროზა

საუბარი ხორხე ლუის ბორხესთან – “შემოჭრილი”

(მე-16 საუბარი, ტომი მესამე)[1]

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა

 

ოსვალდო ფერარი: ბორხეს, უკვე არაერთხელ ვახსენეთ ქალაქი ანდროგე. მგონია, რომ აღნიშნული ადგილი უფრო დეტალურად უნდა მიმოვიხილოთ.

ბორხესი: ტურდერა. რასაკვირველია, ეს ხომ იბერას შურისძიებას უკავშირდება და კიდევ არაერთ ცოდვას, რომელთაც ეს ადგილი იტევს.

ოსვალდო ფერარი: მაგონდება, ერთ-ერთი სცენაც შენი მოთხრობიდან, რომელიც, ალბათ, გირჩევნია, რომ „შემოჭრილად“ მოვიხსენიო.[2]

ბორხესი: დიახ, „შემოჭრილი“… უნდა აღვნიშნო, რომ ეს ამბავი თავდაპირველად ძალიან ზოგადი იდეიდან აღმოცენდა, რომელიც ერთი შეხედვით ბევრს არაფერს მოასწავებდა. მხედველობაში მაქვს არგენტინელთა ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გატაცება, რასაც ჩვენ მეგობრობას ვეძახით. მახსოვს, დაახლოებით იმ პერიოდში გამოიცა ედუარდო მალეას წიგნი, რომელსაც „არგენტინულ ვნებათა ისტორია“ ერქვა. თავდაპირველად ვიფიქრე: – რომელ არგენტინულ გატაცებაზე შეიძლება დაეწერა ავტორს? ცხადია, ასეთი ბევრი გამოიძებნება. მაგალითად, სიხარბე, თუმცა რა არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და საამაყო, ვიდრე არგენტინული მეგობრობის ისტორიაა?  შევნიშნავ იმასაც, რომ ამ კუთხით, მალეას წიგნმა იმედები გამიცრუა. სწორედ ეს იყო ის მომენტი, როცა გადავწყვიტე აღნიშნულ თემაზე მოთხრობის დაწერა, სადაც აუცილებლად მინდოდა აღმენიშნა, რომ საზოგადოდ ჩვენთვის მეგობრობა სიყვარულზე უფრო დიდი მნიშვნელობის მქონეა. იმ პერიოდისთვის უკვე ჩამეწერა პალერმოს ძველი წინამძღოლის, დონ ნიკოლას პარედესის სიტყვები, რომელიც ამბობდა: თუკი ადამიანი 5 წუთის განმავლობაში გაბმულად ახერხებს ერთსა და იმავე ქალზე ფიქრს, მას კაცს ვერასგზით ვერ ვუწოდებ. ის იქნება… აქ პარედესი იყენებდა ჰერმაფროდიტული ბუნების მქონე სიტყვას, რომლის გამეორებასაც მე არ ვაპირებ.

საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რომ ამ თემაზე მოთხრობა უცილობლად უნდა დამეწერა. ვაპირებდი მეჩვენებინა ორი კაცის მეგობრობის ისტორია, რომელთაც თავიანთი ძმობა ქალის სიყვარულს ამჯობინეს. ახლა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ დღეს ამგვარი ურთიერთობის იდეა მეტისმეტად დაბინძურებულია და მას ხანდახან სოდომური ცოდვის ელფერიც დაჰკრავს. ასე არაა? ერთი შეხედვით რთული დასაჯერებელიც კია, ის სისხლით ნათესაობა, რაც ამ ორ კაცს აკავშირებს ერთმანეთთან. ნაწარმოებზე მუშაობისას განვიზრახე, რომ პერსონაჟებს უხეში ხასიათი უნდა ჰქონოდათ. მათი ძიება დავიწყე და გონებაში მყისვე ერთმა აზრმა გამიელვა: ჯანდაბა! ჩემი ისტორიების ძალიან დიდი ნაწილი პალერმოს უკავშირდება. აუცილებელია, ვიპოვო სხვა ადგილი, სადაც ხალხი მსგავსად ცხოვრობს, მათი ყოფა ისეთივე თავზარდამცემია, როგორც პალერმოში და თანაც ამ ყველაფერს მდიდარი წარსულიც უმაგრებს ზურგს. აი, სწორედ აქ მომაგონდა ტურდერა და ძმები იბერები. გადავწყვიტე მოთხრობაში ორი ძმის ისტორია ორი მკვლელის ამბად მექცია. ამ ადამიანების წარსული ბურუსითაა მოცული. ისინი მეხრეები არიან, არ ერიდებიან აზარტულ თამაშებს და ერთი შეხედვით კაუდილიოს[3] სამსახურში მდგარ მცველებსაც კი ჩამოჰგვანან თავიანთი ცხოვრებით. და აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდება მათთან ქალი, რომელიც შუაში ჩადგომას მოინდომებს. უფროსი ძმა ხედავს, რომ ძველი მეგობრობა საფრთხეშია, ვინაიდან ადვილი შესაძლებელია, რომ მალე მეტოქეობა წარმოიშვას სისხლით ნათესავებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ის ერთადერთი ადამიანია მთელ მოთხრობაში, რომელიც რაიმეს ლაპარაკობს. უფროსი ძმა სხვადასხვა გზით ცდილობს თავიდან აიცილოს თავს დატეხილი განსაცდელი. მაგალითად, მან იცის, რომ ქალი მას ეკუთვნის, მაგრამ რა ქნას ამ დროს უმცროსმა, რომელსაც ასევე გულში ჩავარდნია ეს გოგონა? სწორედ ამიტომ მიდის უფროსი ერთ ღამეს სადღაც და ძმას ცოლს უტოვებს, თანაც ეუბნება: „შენ თუ გინდა, ხულიანა აგერ არის და იხმარე.[4]“  უმცროსი უსიტყვოდ აღასრულებს ამ ნათქვამს. ამის შემდეგ ისინი ერთ ქალთან იზიარებენ სარეცელს. გავა დრო და ქალი მიხვდება, რომ მას უმცროსი უფრო მეტად მოსწონს, რაც ეჭვიანობის საფუძველს წარმოშობს. სწორედ ამიტომ უფროსი ძმა ცოლს საროსკიპოში გაყიდის. მცირე ხნის შემდეგ, მორონში, ისინი ერთმანეთს გადაეყრებიან. ორივე ძმა საროსკიპოში ქალის დასაუფლებლადაა მისული. აქ დგება მომენტი, როცა მათ უწევთ ამ დაწესებულებიდან მისი გამოსყიდვა და კვლავ ბრუნდებიან სამივენი ტურდერას გარეუბანში, თავიანთ მშობლიურ სახლში. ამის შემდეგ მოდის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როცა უფროსი ძმა ერთ დღეს უმცროსს განუცხადებს, რომ ტყავი აქვთ წასაღები (მოთხრობის დასაწყისში ნახსენებია, რომ მათ საზიდარი და რამდენიმე ხარი ჰყავთ). გზას დაადგებიან და ღია ველს მიაღწევენ, ადგილს, სადაც ერთმა მეორეს უნდა გაუმხილოს, რომ მან ცოტა ხნის წინ ქალი სიცოცხლეს გამოასალმა. მახსოვს, როცა ამ ადგილს დედაჩემს ვკარნახობდი, უკვე მხედველობა კარგა ხნის დაკარგული მქონდა. მივადექი ამ ეპიზოდს და კვლავაც ცხადად შემიძლია მოვიგონო ის ფიქრი, რომელმაც მაშინ გამიელვა: „ახლა მთელი ისტორიის ბედი ამ ერთ ფრაზაზეა დამოკიდებული.“ უფროსმა ძმამ უმცროსს უნდა მოუთხროს, გაუმხილოს ამბავი რამდენიმე წინადადებით და თითოეული აქ ნათქვამი სიტყვა მნიშვნელოვანია, რომ იყოს სულში ჩამწვდომი და დიდი ძალის მქონე. მახსოვს ის ფრაზა, რომელიც დედაჩემს მცირეხნიანი შეყოვნების შემდეგ ვუთხარი: „უფროსმა უმცროსს უნდა გაანდოს ქალის მკვლელობის ამბავი და ამით ისიც ისტორიის თანამონაწილედ აქციოს, შემდეგ კი დაიხმაროს ცოლის დამარხვაში ან გვამის გადამალვაში და ა.შ.“ დედამ ამომხედა, ცოტა ხანს მიყურა და ბოლოს თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა: „ზუსტად ვიცი, თუ რა თქვა უფროსმა ძმამ.“ ეს ფრაზა ისე ჟღერდა, თითქოს თავად იმყოფებოდა იქ და ესწრებოდა მათ შეხვედრას. აი, აქ მივხვდი, რომ ჩემი ჩანაფიქრი განხორციელდა და ადამიანი თავისდა უნებურად აღმოჩნდა ისტორიაში ჩართული. დედაჩემს არ უთქვამს: „მე უკვე ვიცი, თუ რას ეტყვის უფროსი ძმა უმცროსს.“ მან შენიშნა: „ზუსტად ვიცი, თუ რა თქვა უფროსმა ძმამ.“ ეს იყო მომენტი, როცა მან ზუსტად აღიქვა ჩემი ბუნდოვანი ჩანაფიქრი, ჩართული აღმოჩნდა მასში. დედას ვუთხარი, დაწერე რასაც ფიქრობ, რის შემდეგაც ვთხოვე ჩანაწერი წაეკითხა. მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „იმუშავე ძმაო. ქალი ამ დილით მოვკალი.“ მივხვდი, რომ ეს წინადადება სრულყოფილი იყო.

ოსვალდო ფერარი: დიდებულია!

ბორხესი: ორი რამ შევნიშნოთ. პირველი: „იმუშავე ძმაო!“ ეს ფრაზა მკაფიოდ გამოხატავს, მათ შორის არსებულ ასაკობრივ სხვაობას. მას უფროსი ამბობს და ამრიგად მორჩილებას მოითხოვს უმცროსისგან. შემდეგ კი გაგრძელებასაც დავაკვირდეთ: „ქალი ამ დილით მოვკალი.“ ესაა გზა, რომელიც აბსურდული დეტალების მიმოხილვისგან გვათავისუფლებს, ისეთებისგან, როგორებიცაა მაგალითად, დიახ, მე ის დავახრჩვე, ანდაც ქალს ლახვარი ჩავეცი. რა საჭიროა ასეთი დეტალიზება? ფრაზით „მე ის მოვკალი“ ყველაფერია ნათქვამი. ამის შემდეგ უმცროსი ჩამოქვეითდება და ორივენი დამარხავენ მოკლულის გვამს. ისტორია სწორედ ასე სრულდება.

ოსვალდო ფერარი: აღსანიშნავია, რომ ამ ორ ადამიანს შორის უსიტყვო ურთიერთგაგება არსებობს, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგაც იჩენს თავს.

ბორხესი: დიახ, ისინი ყველაფერს უსიტყვოდ მიხვდნენ. უფრო მეტიც, მათ მთავარი გაიაზრეს, რომ ამ ქმედებით ყველაზე ძვირფასი რამ, ორი ძმის მეგობრობა გადარჩა.

ოსვალდო ფერარი: რა თქმა უნდა, ასეა.

[1] წიგნიდან “Conversations, Jorge Luis Borges, Oswaldo Ferrari”, მესამე ტომი.

[2] აქ ფერარი იმაზე მიანიშნებს, რომ ბორხესის აღნიშნულ მოთხრობას თავდაპირველად „გარეწარი ქალი“ ერქვა და მხოლოდ წლების შემდგომ იცვალა სათაური.

[3] მეთაური, წინამძღოლი.

[4] „შემოჭრილი“, „ბროდის ანგარიში“(ლანა კალანდიას თარგმანი)

© არილი