რეცენზია (თარგმანი)

საუკუნის წიგნი – ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი"


დავიწყოთ იმით, რომ “მექანიკური ფორთოხალი” შეუდარებელი რომანია. ახალგაზრდა ალექსის სახით ენტონი ბერჯესმა ისეთი გამორჩეული და ორიგინალური ბოროტმოქმედის პორტრეტი დაგვიხატა, რომ იგი გრემ გრინის ცნობილ პერსონაჟს, ფინქისაც არ უდებს ტოლს, ის კი არადა, აჭარბებს კიდეც ცინიკური სისასტიკითა და გულქვაობით. ალექსი არის ზნედაცემული, აულაგმავი თინეიჯერი, ერთი სიტყვით, გამოცხადებული პატარა ურჩხულია, რომელიც “უანგაროდ” უძღვნის თავს ბოროტებას და ფანტასტიკურ “საგმირო საქმეებსაც” ჯოჯოხეთური ცეცხლით აღაგზნებს. ის მიზანსწრაფი, თავდადებული ბოროტმოქმედია, თუმცა ძნელია მის საქციელში ლოგიკურობის მსგავსი რაიმის აღმოჩენა; იგი, უბრალოდ, ზვიგენივით უტრიალებს გარს თავის ლუკმას და ინტელექტთან შეზავებულ დაუნდობლობას აფრქვევს.
მწერალი, ძირითადად, სახელმწიფოსთან მის დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას, მის ამბოხზე იმ მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ალექსს არჩევანის უფლებისგან ძარცვავს და პირობითი რეფლექსების (ამ შემთხვევაში დადებითად მიჩნეულების) გროვად გადააქცევს. “მექანიკური ფორთოხალი” არის პატარა გამაოგნებელი მოღალატე, ჩვენზე სასურველი ეფექტის მოსახდენად ტელესკოპური სიზუსტით რომ გვთავაზობენ.
ყველაზე თავზარდამცემად კი ის მიმაჩნია, რომ ალექსის ეს სწორუპოვარი მონოლოგი მომავლიდან გადმოგზავნილ მემუარებად აღიქმება: ყმაწვილი ცხოვრობს ისეთ სამყაროში, რომელსაც მთელი სივრცე მოუცავს და სოციალური სიმსივნის გარდა სხვა რამ საფრთხე აღარ ემუქრება. როდესაც მისი თვალით შევყურებთ აწმყოს (ცხოველისდარად, მას წარსულისა და მყოფადის აღქმა არ შეუძლია), ახალ და უცხო პლანეტას აღმოვაჩენთ იმ სამყაროს მიღმა, მტრულად რომ არის განწყობილი ალექსისა და მისი ხულიგან-ბიტნიკი დამქაშების მიმართ და მაინც, რაღაც დოზით იგი ხელს უწყობს მათ სისასტიკეს.
ენა, რომელზედაც ეს ჯეელი და მისი “დოსტები ღადაობენ”, კომუნიკაციის იშვიათი, არგაგონილი სახეობაა. ყოველი გვერდი დამუხტულია ამ ჟარგონის უჩვეულობით, მაგრამ საკმარისია წიგნის შუამდე მივაღწიოთ და ჩვენთვის უკვე აღარაფერი იქნება გაუგებარი. ამით მთხრობელის მიზანიც მიღწეულია: ჩვენ და ალექსი ერთსა და იმავე ენაზე ვამყარებთ ურთიერთობას, სტილისტური ხერხი, რომლითაც მისი ამბოხებული “ძმაკაცის” დასჯის ეპიზოდია გადმოცემული, ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოსაბეზრებლადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ბერჯესი აქაც ისეთი ოსტატობით ახერხებს ჩვენს მორჯულებას, რომ აღარაფერი გვაქვს საწუწუნო. მისი ნეოლოგიზმები თითქმის ყოველთვის გამომწვევია, ზოგჯერ კი, თავშესაქცევად ირონიული (სიგარეტს “კიბოს ჩხირად” მოიხსენიებს), და წიგნის ბოლომდე ჩაკითხვისას ჩვენ გვეჩვენება, რომ ახალი ენაც შევისწავლეთ და ალექსის “საძმოშიც გავწევრიანდით”.
ის დაუცხრომლად მიისწრაფვის “ყოვლადუმიზნომიზნისაკენ”, განსასჯელს კი მტაცებლური ალღოთი ირჩევს. ალექსი და მისი “ძმაბიჭები” უმოწყალოდ უბრაგუნებენ მოხუც მეცნიერს, ერკინებიან მეტოქე ბანდას, მშვიდი სინდისით დააქროლებენ სხვის მანქანას, ჟეჟავენ მწერალს და თვალწინ “უფორმებენ” ლამაზ მეუღლეს. მაგრამ ალექსის ფანტაზია ამოუწურავია: ათიოდე წლის ორ გოგონას სახლში იტყუებს და წარბშეუხრელად ასალმებს უმანკოებას. ბოლოს კი მთელი სიამოვნება ამოშხამდება: გაძარცვის მიზნით ბინაში შეჭრილს ხანდაზმული ქალი შემოაკვდება და “კოპების” მიერ დაუზოგავად ნაგვემს გისოსებს მიღმა უწევს ყურყუტი. უგრძნობლობითა და გულგრილობით იგი კამიუს უცხოსაც კი უკან იტოვებს, ასე ვთქვათ, ამ პერსონაჟის გროტესკული ვარიანტია.
და აი, რომანის მეორე ნაწილში (იგი რაღაცით სამმოქმედებიან პიესას აგონებს მკითხველს) ამ ყმაწვილს სანიმუშო პატიმრის როლი მოურგია, თავს ისე აჩვენებს ციხის კაპელანს და ადმინისტრაციას, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ ბიბლია აინტერესებს… და გამოსწორების გზაზე შემდგარი დამნაშავის მორჩილებით ელის ბედის წყალობას. მაგრამ ყველაფერი წყალში ეყრება: თანასაკნელებთან ერთად მოუსავლეთში გზავნის ამოჩემებულ “ახალწვეულს” და ცხადია, ყველაფერი ისევ მარტო მას ბრალდება; ამიტომაც აირჩევენ “ლუდოვიკოს მეთოდის” საცდელ ბაჭიად, ეს მეთოდი კი ის პროცესი გახლავთ, ბატონებო, ნებისმიერი ძალადობის დანახვაზე კუჭის წვენს რომ ამოაღებინებს ადამიანს. ალექსს ზედა ქუთუთოებს პაწაწკინტელა სარჭებით უმაგრებენ, რათა თვალი ვერ მოაშოროს ეკრანს, რომელზეც ძალადობას ძალადობა ეცილება. ამ გზით “გადარემონტებულ” ადამიანს უკვე ბიბლიაც აღარ სჭირდება, ისეთი უსაშველო სათნოებითაა აღჭურვილი. შემდეგ კი ალექსს ბედის ანაბარა მიატოვებენ, ვირთხასავით გამოამწყვდევენ რეფლექსების გალიაში და საბოლოოდ პოლიტიკურ პაიკადაც იყენებენ. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ავტორი საზოგადოების გასაფრთხილებლად და დასამოძღვრად აღწერს.
მთელი რომანი კი იმის შეგონებაა, რომ კეთილი ნებით არჩეული ბოროტება უნდა გვიჯობდეს თავსმოხვეულ სიქველესა და სათნოებას. აქ უნებურად ასეთი კითხვა გვებადება: გარდა საკუთარი არჩევნისა, საზოგადოების გულგრილობაც ხომ არ განაპირობებს ამ ყმაწვილის სისასტიკეს? საბედნიეროდ, მისტერ ბერჯესი ჩრდილს არ აყენებს ამ შესანიშნავ ნაწარმოებს და თავს არიდებს ასეთ ბანალურ კითხვაზე მზამზარეული პასუხის შემოთავაზებას. ის უბრალოდ გვიყვება “დამშოკავ” ამბებს, რომელიც ინდივიდის სოციალურ გადახრასა და ამავე ინდივიდის კეთილ ნებაზე კოლექტიური ოპერაციის ჩატარების პროცესს ასახავს. სხვათა შორის, მისი მიზანი, ცოტა არ იყოს, თავის თავს უსწრებს რომანის მეორე ნახევარში: იმის ნაცვლად, რომ ირონია აქ აღწერილი სიტუაციებიდან ამოიზარდოს, პირიქით ხდება, მწერალი თავად ამ ეპიზოდებს ახვევს თავს სარკაზმს, რითიც აბლაგვებს სამართებლივით მჭრელ პროზას. იმის დამატებაღა დაგვრჩენია, რომ “მექანიკური ფორთოხალი” არის ბოროტებისა და ძალადობის ჰიპერბოდა, უმოწყალობის დემონსტრაცია, სატირა ცალკეულ თუ კოლექტიურ ანომალიაზე.

The New York Times
მარტი 19, 1963

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box

2 Comments

  • fsiqe

    მართლაც საუკუნის წიგნია 😡

    “მექანიკური ფორთოხალი” არის პატარა გამაოგნებელი მოღალატე, ჩვენზე სასურველი ეფექტის მოსახდენად ტელესკოპური სიზუსტით რომ გვთავაზობენ.”

  • Salomeaa

    ძალიან საინტერესო პოსტია სიკეთეზე მომართულ მექანიკურ არსებაზე:))მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ მაინცდამაინც ფორთოხალი? იგივე წამატებით შეიძლებოდა ყოფილიყო ქლიავი, ვაშლი, ატამი და ა.შ.