სელმა ლაგერლოფი – წიგნი საშობაო საჩუქრად

Selma_Lagerlöf_1881

შვედურიდან თარგმნა მიხეილ ციხელაშვილმა

ვთარგმნე გვანცასთვის

მთარგმნელი

მორბაკაში შობის წინა ღამეა. ყველანი დიდ, გასაშლელ მაგიდას ვუსხედვართ – ერთ ბოლოში მამა ზის, მის მოპირდაპირედ – დედა. ძია ვახერფელდტიც აქაა, სუფრის თავში წამოჭიმულა, მამასგან მარჯვნივ. მამიდა ლუვისა, დანიელი, ანა და გერდაც გვერდს გვიმშვენებენ. მე და გერდა, როგორც ყოველთვის, დედას ვუსხედვართ აქეთ-იქით. პატარებს სულ ასე გვსხამენ, მერე რა, აქედან მაინც ყველაფერს კარგად ვხედავ.

საშობაო კერძები უკვე შევჭამეთ: ლუტეფისკი,[1] ბრინჯის ფაფა და ტკბილი ორცხობილები. დანა-ჩანგალი, თეფშები და კოვზები ჩავალაგეთ, მაგრამ სუფრა ჯერ ისევ გადაფარებულია. მაგიდის შუაგულში, სადგამებზე მდგარ ორ ხელნაკეთ შანდალზე სანთლები იწვის, მათ გარშემო უსკურაში[2] ჩაწყობილ სამარილესა და საშაქრის გვერდით საშობაო ელით გალიცლიცებული ვერცხლის დიდი სასმისი დგას.

რადგანაც ჭამას უკვე მოვრჩით, წესით უკვე უნდა ავდგეთ კიდეც, მაგრამ მაინც ვსხედვართ და ვუცდით, როდის დავიწყებთ საშობაო საჩუქრების გახსნას.

ჩვენს მხარეში სხვა ისეთ ადგილს ვერსად მონახავთ, საშობაო საჩუქრებს ასე, მაგიდასთან რომ ხსნიდნენ, ბრინჯის ფაფით დანაყრების მერე. მხოლოდ მორბაკაში შემოგვრჩა ეს ძველისძველი ადათი, რომელიც ძალიან მოგვწონს. აბა, რა შეედრება იმას, საათებს რომ ითვლი, მთელი დღე ელი მოსაღამოებას და რაც გინდა მოხდეს, იცი, რომ საუკეთესო ამბები ჯერ  წინ გელოდება?! დრო იწელება, უსაშველოდ იწელება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა ბავშვები, რომელთაც საჩუქრები უკვე საღამოს შვიდ თუ რვა საათზე ჩამოურიგეს, აღარ არიან მღელვარებითა და ბედნიერებით ისე ანთებულნი, ისე სავსენი, როგორც ახლა ჩვენ ვართ. და აი,თვალის ერთი დახამხამებაც და, უკვე ის ნანატრი წამი დგება, ასე რომ ელოდი! თვალები გვიციმციმებს, ლოყები გვიღაჟღაჟებს და ხელებს ვერ ვაჩერებთ, კარი იღება და დედას მხარდამხარ თხების ფორმებში გამოწყობილი შობის ორი ქალწული შემოდის, რომლებიც საჩუქრებით სავსე ორ დიდ ხურჯინს მოაჩოჩებენ.

დედა საჩუქრებს ხურჯინიდან ერთმანეთის მიყოლებით იღებს – ისე, რომ ღელვის ნასახიც არ ემჩნევა, – და ადრესატის სახელს კითხულობს. თუ რომელიმე საჩუქარს სახელი ბატიფეხურად აწერია, ბორძიკით წარმოთქვამს და საშობაო ძღვენს მფლობელს გადასცემს.

სანამ პირველ საჩუქრებს შესაფუთი ქაღალდები და ბარათები ეცლება, გასუსულები ვართ, მაგრამ ნელ-ნელა მხიარულება გვემატება, ერთ წამოძახილს მეორე მოსდევს და ბოლოს დიდი ყიჟინა და ხმაურია. ვლაპარაკობთ, ვიცინით და საჩუქრებს ერთმანეთს რომ ვადარებთ, იმასაც ვარკვევთ, ვინ დააწერა ზედ ჩვენი სახელები. ისეთი მხიარულებაა, ისეთ ამბავში ვართ, ჭერს ვხდით სიხარულისგან.

ახლა რომ ვიხსენებ, იმ შობა ღამით ათი წელი ახალი შესრულებული მაქვს, ვზივარ მაგიდასთან ძალიან დაძაბული, დიდი მოლოდინით სავსე. ო, რომ იცოდეთ, რა  საჩუქარზე ვოცნებობ! – არც ლამაზი სარაფანი, არც არშიები, ბროში ან კანფეტებით სავსე ყუთი. ციგურებიც კი არ მინდა! სულ სხვა რამ მსურს. ნეტავ არავის მოუვა  თავში ჩემთვის ამ რაღაცის ჩუქება?!

აი, პირველი საჩუქარიც მერგო იმ დიდი ხურჯინიდან – საკერავი ნივთების შესანახი ზარდახშა – და ძალიან კარგად ვხვდები, ვისგანაა – დედასგან, რა თქმა უნდა! ზარდახშას პატარა დანაყოფები აქვს, რომლებშიც დედას ლამაზ ნაჭერში ჩარჭობილი ნემსები, ძაფის კოჭი, აბრეშუმის შავი ქსოვილი, ცვილი და ბაწარი ჩაუწყვია. სურს შემახსენოს, რომ ცოტა ხელსაქმეშიც უნდა ვიყოჩაღო, მეტი დრო დავუთმო ჭრა-კერვას და მარტო კითხვას არ გადავყვე.

მერე ანასგანაც მერგება საჩუქარი – საუცხოოდ ნაქარგი პატარა ბალიში ნემსების ჩასარჭობად, რომელიც ზუსტად ჩაეტია ზარდახშის ერთ-ერთ უჯრაში. მამიდა ლუვისა ვერცხლის სათითეს მისახსოვრებს, გერდა კი – საქარგ ტილოს, რათა აწი თავადვე შევძლო საკუთარი წინდებისა და ცხვირსახოცების მიხედვა.

არც ალინე და ემა ლორელებს დავვიწყებივარ, მიუხედავად იმისა, რომ კარლშტადში გაემგზავრნენ და ახლა ჩვენ გვერდით არ არიან. ალინესგან პატარა საქარგი მაკრატელი შემომემატა, რომელიც თავის ხელით დამზადებულ შალითაში ჩაუდვია. თავად შალითა კი აბრეშუმის ქსოვილისაა და ზედ ასთაკვის მარწუხია მიმაგრებული. ემასგან შალის წითელ ზღარბუნიას ვიღებ, რომელსაც ეკლების ნაცვლად ქინძისთავები აქვს დამაგრებული.

ყველაფერი მართლაც მშვენიერია, მაგრამ ცოტა არ იყოს, წყენა მეპარება. ზედმეტად ბევრი საკერავ-საქარგი ნივთი ხომ არ დამიგროვდა-მეთქი?! მგონი, რაც ყველაზე მეტად მინდა, იმას არავინ მჩუქნის!

 

ისე, მორბაკას კიდევ ერთ ჩვეულებაზეც მოგახსენებთ:  წესია, რომ შობა ღამეს საწოლთან პატარა მაგიდა უნდა მიიჩოჩო, ზედ ანთებული სანთელი დაიდგა და მხოლოდ ამ ღამით შეგიძლია წიგნი იმდენ ხანს იკითხო, რამდენ ხანსაც მოგესურვება. შობა დღეს ამაზე სასიამოვნო არაფერია! აბა, რა სჯობს, ღამით ახლად ნაჩუქარ, გემრიელ, აქამდე თვალით უნახავ წიგნთან ერთად რომ ჩაწვები ლოგინში, ოჯახის წევრებსაც რომ არ წაუკითხავთ, ისეთ წიგნთან ერთად. ფურცლავ და ფურცლავ, კითხულობ მანამდე, სადამდეც ფხიზლად გაძლებ. მაგრამ შობამ თუ ახალი  წიგნის გარეშე ჩაიარა, მაშინ რაღა უნდა ქნა?! ვზივარ და სანამ საკერავი ნივთებით სავსე სასაჩუქრე ფუთას ფუთაზე ვხსნი, ასეთ რაღაცებზე მეფიქრება. იმედგაცრუებისგან უკვე ალმური მედება, უეჭველია, რომ რაღაც შეთქმულებას აქვს ადგილი! საჩუქრად ვერანაირ  წიგნს ვერ მივიღებ!

დანიელი ძვლისგან დამზადებულ ძალიან ლამაზ ყაისნაღს მჩუქნის, იოანი პატარა საყვარელ საქარგ ქსოვილს და ძაფის გორგალს, ბოლოს კი მამა მოდის უშველებელი საჩუქრით, რომელიც ქარგა აღმოჩნდება – ასკერსბის საუკეთესო დურგლისთვის დაუკვეთავს. მეუბნება, ზუსტად ისეთია, როგორებზეც ჩემი დები ქარგავდნენ, როცა წამოიზარდნენო.

-         იმდენი საკერავი ნივთი მიიღე, ნამდვილად საუცხოო მკერავი გამოხვალ! – მეუბნება დედა, სანამ დანარჩენები ხარხარებენ, რადგან სახეზე მეტყობა, რა კმაყოფილიც ვარ ასეთი საჩუქრებით. ნამდვილად რაღაც ოინს მიწყობენ!

საჩუქრების დარიგება სადაცაა დასრულდება. რაც მისაღები იყო, მივიღე! აღარავისგან ველი საჩუქარს.

მამიდა ლუვისას რომანი და ორი კალენდარი – სვეადა ნორნანი[3] – აჩუქეს, მაგათ მეც წავიკითხავ, ოღონდ როცა მამიდა მორჩება, მერე.

ისე, როგორია ასეთ დროს მხიარული სახის შენარჩუნება?!

აი, დედამ ხურჯინიდან ბოლო საჩუქარიც ამოაძვრინა. ფორმით თუ ვიმსჯელებთ, ესეც წიგნი უნდა იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა,  ჩემთვის არაა განკუთვნილი! აქ ხომ ყველამ პირი შეკრა, რომ მე დღეს წიგნი არ უნდა მაჩუქონ!

თუმცა ზედ  ნამდვილად ჩემი სახელი აწერია და როგორც კი ხელში ვიღებ, მაშინვე ვგრძნობ – კი, ნამდვილად წიგნია! სიხარულისგან ვწითლდები და დიდი ამბით გავკივი, ჩქარა მაკრატელი მომეცით ბაწრის გასაჭრელად-მეთქი. მაშინვე ვფხრეწ შესაფუთ ქაღალდს და უმშვენიერეს პატარა წიგნს ვხედავ. ზღაპრების წიგნია -  გარეკანით ვხვდები!

ვგრძნობ, ყველა მე მიყურებს. რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ სწორედ ესაა ჩემი საუკეთესო საშობაო საჩუქარი, ერთადერთი, რომელმაც ბედნიერება მომანიჭა.

-          ეს რა წიგნია, რის შესახებაა? – მეკითხება დანიელი და ჩემკენ იხრება.

სატიტულო გვერდზე ვფურცლავ და ადგილზე ვშტერდები – ერთი სიტყვაც კი არ მესმის, რა წერია.

-         ერთი შემახედე! – მეუბნება და კითხულობს: – Nouveaux contes de fées pour les petits enfants par Mme la comtesse de Segur.[4]

მერე წიგნს ხურავს და უკან მიწვდის:

-         ზღაპრების წიგნია ფრანგულ ენაზე, ამით კარგად გაერთობი.

ერთი სემესტრი კი ვსწავლობდი ფრანგულ ენას ალინ ლორელთან, მაგრამ ახლა ვფურცლავ წიგნს და ერთი სიტყვასაც ვერ ვიგებ. თუმცა სულ უწიგნოდ დარჩენას ისევ ფრანგული წიგნის ჩუქება ჯობია.

ცრემლების ღვარღვარი აღარ გამოვა. ამიტომაც წიგნის ილუსტრაციას ვაშტერდები, რომელზეც პატარა მომხიბვლელი პრინცესაა დახატული – სირაქლემების კარეტაში. ერთ-ერთი სირაქლემის ზურგზე – ოქროს ჯაჭვებით მოკაზმულ უნაგირზე – მოქარგულ ჟილეტში გამოწყობილი, ქუდში ბუმბულგარჭობილი პატარა მეეტლე  ზის. თავად პრინცესას სამოსს განიერი, ფუშფუშა სახელოები და გაფუებული საყელო აქვს. სირაქლემებს წაგრძელებული მუზარადები ახურავთ, ამაზე ლამაზს კაცი ვერაფერს ნახავს.

ვფურცლავ და მომაჯადოებელი ნახატების ზღვაში ვიძირები: თავმომწონე პრინცესები, დიდებული მეფეები და კეთილშობილი რაინდები, ციმციმა ფერიები და შემზარავი ალქაჯები, გამაოგნებელი ზღაპრული სასახლე… არა, ეს ნამდვილად არაა ის წიგნი, რომლის გამოც ცრემლი უნდა ვღვარო! მერე რა, რომ ფრანგულადაა!

მთელი ღამე ვწევარ და ვათვალიერებ ამ სურათებს, განსაკუთრებით სირაქლემებიანს. რამდენიმე საათის განმავლობაში ვტკბები ილუსტრაციებით.

შობა დღეს, ალიონზევე ვიღებ პატარა ფრანგულ ლექსიკონს და კითხვას ვიწყებ. ძალიან რთულია: მე ხომ მხოლოდ გრონლუნდის მეთოდით ვსწავლობ ამ ენას. ამ ზღაპრებში რომ ეწეროს „დიდი კაცის პატარა ქუდი“ ან „ყოჩაღი დურგლის მწვანე ქოლგა“ და მსგავსი რამ, აუცილებლად გავიგებდი ყველაფერს, მაგრამ რა გავაწყო, როცა ამხელა წინადადებებია ერთმანეთზე გადაბმული?

წიგნი ასე იწყება: Il y avait un roi… ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? მთელი საათი მჭირდება იმის გასარკვევად, რომ თურმე აქ წერია „იყო ერთი მეფე“.

მაგრამ ილუსტრაციები აქვს ისეთი მაცდუნებელი! აუცილებლად უნდა გავიგო, რა ამბებს უკავშირდება ისინი, ამიტომაც წამდაუწუმ ვიჭყიტები ლექსიკონში და სტრიქონ-სტრიქონ ვკითხულობ.

და როცა საშობაო არდადეგები დასრულდება, ამ პატარა ლამაზი წიგნისგან უფრო მეტი ფრანგული მეცოდინება, ვიდრე წლების განმავლობაში ალინ ლორელთან გრონლუნდის მეთოდით ნასწავლისაგან.


[1]ტრადიციული სკანდინავიური კერძი, საშობაო მაგიდის უცვლელი ატრიბუტი; მზეზე გამომხმარი ქარიყლაპიისგან დამზადებული ჟელესმაგვარი საჭმელი.

[2]სუფრაზე მისატანი ჭურჭელი-სადგამი სამარილის, საშაქრის და მისთანების მოსათავსებლად.

[3]კალენდრების კრებულთა სერიები

[4]ახალი ზღაპრები პატარა ბავშვებისთვის სეგურის გრაფინიასგან.

© არილი